სიახლეები

რუსული მმართველობის განმტკიცება ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვით – რას წერს მოსამართლე ცეკვავა

26.08.2026
რუსული მმართველობის განმტკიცება ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვით – რას წერს მოსამართლე ცეკვავა

„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“ – უთხრა ბათუმელებს ვახო სანაია. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო. „ოცნების“ ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად „სქროლვა სრქინვის სააგენტოც“ შექმნა.

„სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ წარმომადგენელს პროცესზე უთქვამს: სანაიამ კი მოუწოდა ხალხს არ დაწეროთ შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ „პოსტების განთავსების მიზანს შეურაცხყოფა წარმოადგენდაო…“ სანაიამ პოსტი დაწერა ფეისბუქში – ლადო ბოჟაძეს და შალვა პაპუაშვილს ყ…ებს ნუ ეძახითო. ამის გამო პოსტის ავტორი დააპატიმრეს.

მოსამართლეს რუსული მოდელის განსამტკიცებლად მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები მიმოუხილავს ისე, რომ ვახო სანაია ამბობს: გისოსებში მომაწოდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, დიდხანს ვკითხულობდი და მეცინებოდა, ვერ გავიგე, რის გამო დამაპატიმრესო.

ციხიდან გამოსულა თუ არა ვახო სანაია, ისევ დაუწერია: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ…ებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ…ებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო“

ვახო სანაია ამბობს, რომ „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“ ჯერ არ გამოჩენილა ახალი ოქმებით.

რა ჩაწერა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილებაში, როცა ფეისბუქპოსტის გამო ადამიანი ციხეში გაუშვა?

„სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამოხატვის შეფასება ვერ დაეფუძნება მხოლოდ კონკრეტული სიტყვის, ან ცალკეული ფრაზის იზოლირებულ ანალიზს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია თითოეული გამოხატვა შეაფასოს მისი სრული კონტექსტის, გამოყენებული ფორმის, განცხადების მიზნის, ადრესატის, გამოქვეყნების გარემოებებისა და იმ ობიექტური შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, რომელსაც იგი ახდენს საშუალო, გონივრულ მკითხველზე.

კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ შეზღუდვებს…“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსამართლეს ასეთი გამოსავალი უნახავს: ვახო სანაიას პოსტი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში არ იყო დაწერილიო.

„პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გამოყენებული მკვეთრი, ემოციური, ან ირონიული გამონათქვამები თავისთავად არ წარმოშობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მაშინ, როდესაც ასეთი გამოხატვა, რომლის ძირითადი შინაარსი და ფუნქცია კონკრეტული პირის ღირსების შელახვაა და რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი საინფორმაციო, ან საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობის ღირებულება, სცდება გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენელს დაუდასტურებია, რომ ვახო სანაია პოსტში მოუწოდებდა ხალხს არ გამოეყენებინათ შეურაცხმყოფელი სიტყვები პაპუაშვილის და ბოჟაძის მიმართ.

„თუმცა აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ქმედებისგან დისტანცირებას, ვინაიდან პოსტები, თავისი კონტექსტითა და გამოხატვის ფორმის გათვალისწინებით, არის შეურაცხმყოფელი და მათი განთავსების მიზანს სწორედ შეურაცხყოფის მიყენება წარმოადგენს,“ – უთქვამს შსს-ს წარმომადგენელს სასამართლოში.

სხდომას ვახო სანაია არ დასწრებია.

„სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ შალვა პაპუაშვილი ამასობაში ამ სიტყვის პირდაპირ სინონიმი გამხდარა…“ – გვიყვება ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო დაპატიმრების შესახებ.

რა შედეგს აღწევს ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში მოსამართლეების დახმარებით? – ვკითხეთ სიტყვის თავისუფლების სარგებლობის გამო დაპატიმრებულ ჟურნალისტს.

„ცხადია, მოსამართლის ფუნქცია არის, უბრალოდ, ბეჭედი დაარტყას იმას, რასაც მიუტანენ ამ ე.წ. საგამოძიებო ორგანოებიდან. სასამართლო არის რეჟიმის დანამატი. მოსამართლეები ჭანჭიკების როლს თამაშობენ. ივანიშვილს ჰყავს იქ ხალხი, ვინც იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიყვანოს.

რომელი მოსამართლის სახელი და გვარი იწერება ფურცელზე – ეგ ივანიშვილს დიდად არ აინტერესებს. კლანმა იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რადგან ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. კლანი არ იღებს გადაწყვეტილებას – ამას იღებს ივანიშვილი,“ – აღნიშნა ვახო სანაიამ „ბათუმელებთან“.

რა ადასტურებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დამოუკიდებელი არ არის? – ჟურნალისტის კითხვის პასუხად მხოლოდ ერთ საქმეს ასახელებს:

„მზიას საქმე არ კმარა ამის დასანახავად? – ამიტომაც, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა.

გიორგი ახობაძე რისთვის დაიჭირეს? თავის ჩამდებ პოლიციელებს დაუწერა პოსტი. ასეთ აბსურდამდე მიდის საქმე.

მიზანია ის, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ და არა მართლაც ის, რომ ვინმე სიძულვილის ენას ებრძვის.

სიძულვილის ენა, თუკი ვინმეს აინტერესებს, ძალიან ადვილად ნახავს, რაც არის. სიძულვილის ენა უნდა აღვივებდეს შუღლს ამა თუ იმ ნიადაგზე… დღეს თუ რაღაც კონკრეტულ სიტყვაზე გაიარა სიტყვის თავისუფლების ხაზმა – ეს სიმბოლურია ამ რეჟიმის პირობებში, რომ ამ სიტყვაზე გაიარა – ნათელია, რომ აქ სიტყვაში არ არის საქმე.

მაგალითად, 2025 წელს დამაჯარიმეს იმის გამო, რომ წულუკიანზე მეწერა „რუსის მონა“. ეს შემთხვევა აჩვენებს იმას, რომ ნებისმიერი სიტყვა გამოცხადდება სიძულვილის ენად, რომელიც არ მოეწონება ივანიშვილს და ამ პროცესს, ცხადია, არანაირი შეხება არ აქვს სინამდვილეში სიძულვილთან.

ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამით გააჩუმებს საზოგადოებას. ახლა მას აქვს რეალობა: დიდმა კრიზისებმა ის ძალიან დააზარალა და ელოდება, რომ კიდევ ექნება დიდი კრიზისები, რომელიც შეიძლება ვეღარ გადაიტანოს. ამიტომაც, ახლა ცდილობს, წინააღმდეგობის კერები სადაც არის, ყველაფერი ჩაახშოს, რომ აი, რაღაც ტალღა დიდ პროტესტში არ გადაიზარდოს.

ცდილობს, რომ გააძევოს ქვეყნიდან ვიღაცები, ვინც აქტიურია და არ ეგუებიან, ვიღაც დაიჭიროს და ამით დააშინოს თავისი ჭკუით ვითომ, დააჯარიმოს, გააკოტროს ადამიანები, ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქციოს. ვიღაც ფიზიკური თავდასხმით გააჩუმოს. ვიღაც პროპაგანდით გააჩუმოს, მაგრამ არ გამოსდის ეს,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი ვახო სანაია.

  • რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… იქ არ შევსულვარ იმისთვის, რომ გამოვიდოდი და არაფერი დამეწერა. იქ მოვხვდი იმიტომ, რომ ვწერ და მომავალშიც აუცილებლად დავწერ. რამდენი მომდევნო პატიმრობაც არ უნდა იყოს, ეს არის ჩემთვის სულერთი იმიტომ, რომ მე ჩემი პოზიცია გამოვხატე ძალიან დიდი ხნის წინ აი ამ საკითხზე, როდესაც ჯერ ეს ე.წ. სამმართველო შექმნილიც არ იყო. მაშინ დამაჯარიმეს 4000 ლარით.

სამმართველოს შექმნის შემდეგ ჯერ 6000 ლარით დამაჯარიმეს და შემდეგ დამიჭირეს საერთოდ.

ერთადერთი გამოსავალი არის, არ დაემორჩილო ბოროტებას. მასთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. აი, ეს დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა დაამარცხებს მას საბოლოოდ,“ – გვითხრა ვახო სანაიამ.

__

სრულად:

როგორ მოქმედებენ მოსამართლეები, როცა საქმე ივანიშვილის ინტერესს ეხება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: