აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო.
დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული.
ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა.
დაჭრილ რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა – გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს ბინის გაყიდვა და დამატებით სესხების აღება მოუხდა იმისთვის, რომ თურქეთში მკურნალობის ხარჯები დაეფარა.
ოჯახის თანახმად, მას მკურნალობა თურქეთიდან წასვლის შემდეგაც დასჭირდა.
თორნიკე რიჟვაძის სამედიცინო მკურნალობისთვის გაწეული ხარჯი 157 000 დოლარზე მეტია.
ასევე, რიჟვაძის საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო ავიატრანსპორტირების ხარჯი 17 500 დოლარი დამჯდარა, რაც რიჟვაძის დედას, მადონა ბოლქვაძეს აქვს გადახდილი.
დეკლარაციის მიხედვით, გარკვეული ხარჯები გაღებულია თურქულ ლირაშიც. მაგალითად, 75 146 ლირაა გადახდილი ოფთალმოლოგის და კიდევ სხვა სამედიცინო მომსახურებაში.
ამჟამად, თორნიკე რიჟვაძე, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში უნდა იმყოფებოდეს, რადგან მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძის დედას ავანსის სახით აქვს გადახდილი 37 270 ფუნტი სტერლინგი.
დეკლარაციის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში უნდა სწავლობდნენ თორნიკე რიჟვაძის შვილებიც, რადგან ამ დროისთვის მათი სწავლის საფასური – 25 395 ფუნტი, ასევე რიჟვაძის დედას აქვს გადახდილი.
მასვე აქვს გადახდილი დღგ-ც 11 933 ფუნტის ოდენობით. თუმცა დეკლარაციაში არ არის ნათლად განმარტებული, რისი დღგ გადაიხადა მადონა ბოლქვაძემ ფუნტებში. შეიძინა/გაყიდა თუ არა რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება, დეკლარაციიდან ნათლად არ ჩანს.
2026 წელს შევსებული დეკლარაციით, საქართველოში თორნიკე რიჟვაძის სახელზე მხოლოდ ერთი ქონება – 50 კვ.მეტრი კომერციული ფართობი ფიქსირდება ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.
თბილისში არსებული ბინა, რომელიც 2025 წლის დეკლარაციაში ჰქონდა აღნიშნული, წელს აღარ ფიქსირდება.
მამის, დავით რიჟვაძის სახელზეა სამი მიწის ნაკვეთი ლანჩხუთში, მთლიანობაში 7 000 კვ.მეტრი მიწა, რომელიც საჩუქრის სახით მიუღია 2011 წელს. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე კი 67.47 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს.
დედის, მადონა ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებულია 20 კვ.მეტრი კომერციული ფართობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2025 წელს უყიდია.
მისი მეუღლის, მაგდა მამულაძის სახელზე რეგისტრირებულია ორი მიწის ნაკვეთი ხულოში – 400 კვ. მეტრი მემკვიდრეობით მიღებული და 2825 კვ.მეტრი სოფელ ხიხაძირში. ასევე 71,3 კვ.მეტრი ბინა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეს – დეტალები კვლავაც ბუნდოვანია: თავდაპირველი განცხადებების შემდეგ, არც ერთ უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სახელმწიფომ, ხომ არ გამოიკვეთა დანაშაულში მონაწილე სხვა პირები, რა ჩვენება მისცა თუნდაც თავად თორნიკე რიჟვაძემ გამოძიებას.
რიჟვაძის დაჭრის შემთხვევა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის დედის სახლში მოხდა. გამოძიების ვერსიით, მან თვითმკვლელობა სწორედ ალექსი ახვლედიანის იარაღით სცადა. ახვლედიანს, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალი ჰქონდა წაყენებული, თუმცა შემდეგ ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმეზე საზოგადოებას ოფიციალური უწყებებიდან არაფერი სმენია.
_________________
ამ თემაზე:
დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე






