„ის, რომ რიჟვაძეს ამზადებდნენ თურმე უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ, ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი“, – ამბობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე.
მას „ბათუმელები“ ამ დღეებში თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ესაუბრა, სადაც ითქვა, რომ „ოცნების“ ლიდერებს რიჟვაძესთან პრობლემა არ ჰქონდათ და პირიქით, ახალი თანამდებობისთვის ამზადებდნენ.
თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შეიყვანეს კლინიკაში.
- ბატონო მურმან, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ფოკუსის შეცვლას ცდილობს. მათ თქვეს, რომ რიჟვაძეს ბრიტანეთში ელჩად უპირებდნენ გაგზავნას. თქვენი აზრით, რის გადაფუთვას ცდილობენ და რა უნდათ ამით თქვან?
რიჟვაძის ამბავი, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის თითქმის ფატალური შემთხვევაა, რადგან ბევრ ადამიანს ვიცნობ „ქართული ოცნების“ წევრებიდან, რომლებიც ახლაც მაღალ თანამდებობაზე არიან და უნდა გითხრათ, რომ ძალიან დამწუხრებული და ძალიან შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რაც რიჟვაძის ირგვლივ ტრიალებს.
ადამიანი, რომელსაც თურმე ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ (ეს ძალიან მაღალი თანამდებობაა, რადგან ძალიან სერიოზული სახელმწიფოა დიდი ბრიტანეთი), ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი.
მთავრობის თავმჯდომარეებზე მე, ზოგადად, აუგის თქმა არ მიჭირს, იყო ასლან აბაშიძე, ვარშალომიძე და ხორცის მანქანაში ვატარებდი თითოეულ მათგანს, მათ შორის ხაბაძეს და პატარაძესაც, მაგრამ იშვიათად გამიკეთებია კომენტარი რიჟვაძის შესახებ, რადგან რიჟვაძე თანამდებობაზე სრულიად შემთხვევით მოხვდა. არაფრისგან შეიქმნა ეს ადამიანი.
- მაშინ რამ მოუტანა ეს გავლენები „არაფრისგან შემდგარ კაცს“ და როგორ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რაშიც აღმოჩნდა?
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ნიშნავს იმას, რომ რაღაც პოლიტიკური გზა უნდა გაიარო. პოლიტიკური თანამდებობა არის კონკურენციული და როცა კონკურენციული არ არის ამ თანამდებობაზე მოხვედრა, მაშინ გარდაუვლად მიიღებ იმ შედეგს, რა შედეგიც დაუდგა რიჟვაძეს.
- ფიქრობთ, რომ რიჟვაძემ არ იცოდა პოლიტიკური ბრძოლა?
გამორიცხულია. მან არ იცის არც ის, რა არის პოლიტიკური ბრძოლა, პარტიულ სისტემაში ბრძოლა, მან ისიც არ იცის, რომ გუშინ სხვა იყო ამ თანამდებობაზე, დღეს თვითონ არის და ხვალ იქნება სხვა, ეს მას გააზრებული არ აქვს.
უბრალოდ, მას უთხრეს, რომ ამ თანამდებობაზე უნდა მიხვიდე და მიიღო ხელფასი, მაგრამ ხელფასის მიღებასთან ერთად, დავალებებსაც მისცემდნენ, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისთ ბათუმი ერთ-ერთი მძლავრი რეგიონია ქვეყანაში, ამიტომ ამ თანამდებობას ბევრი საცდური ახლავს.
ჩვენ ვიცით ბიზნესის ბუნება, მაღალი თანამდებობა მეც მქონია, მეც გამომიცდია გარკვეული დროით როგორ იხვეწება ბიზნესი შუამავლობას, როგორ გთხოვს, რომ შენ მასთან ერთად დალიო ყავა და ასე შემდეგ.
ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო მიშას დროსაც და ასე იქნება ხვალაც. ეს რომ ასე არ მოხდეს, თანამდებობის პირი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს და მას უნდა ესმოდეს, რომ დღეს არის და ხვალ არ იქნება. რიჟვაძემ ეს ვერ გაიაზრა. ამიტომ მის გარემოცვაში ის ადამიანები მოხვდნენ, ვინც ხვდებიან ხოლმე ასეთ ადამიანებთან და დაიბნა.
ნებისმიერი ადამიანი ამ სატყუარაში მოჰყვება, თუ მას განსაკუთრებული სკოლა არ აქვს გავლილი. სწორედ ამის გამო შემოიკრიბა ის გარემოცვა, რომელიც მას რეკომენდაციას უწევდა, მეურვეობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლების ისეთ შტოებში გადადის მათი მეურვეობა, რომ იძულებულია აკეთოს ის, რასაც დაავალებენ.
ამიტომ ეს კაცი, რომელიც არაფრისგან შეიქმნა, გახდა ერთ-ერთი ლიდერთა შორის, 30 წლის კაცისთვის იქნებოდა თავბრუდამხვევი, რადგან მას დღეში მიუვიდოდა იმხელა თანხა, რისი დათვლაც კი გაუჭირდებოდა.
- რიჟვაძის ელჩობის თემით რის გადაფარვას ცდილობს „ოცნება“, რომ ჩვენთან, გუნდში, საფრთხე არავის ემუქრება? თუ ასეა, მაშინ რისი შედეგი იყო რიჟვაძის ამბავი?
ვერსია იმის, რომ ბიძინა ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, რომ სხვა მართავს და ის კულისებშია, ნაკლებად დასაჯერებელია. თუ ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ ვინმე იცნობს, იმ სამეულ-ხუთეულში მეც შევდივარ, ძალიან ახლოს ვიცნობ, რადგან 1-ელ ოქტომბრამდე მას არ მიუღია ჩემ გარეშე რაიმე გადაწყვეტილება, განსაკუთრებით აჭარასთან მიმართებით.
- რადგან ამბობთ, რომ კარგად იცნობთ ივანიშვილს, რიჟვაძის ამბავში რა წვლილი მიუძღვის მას?
ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს კაცი თანამდებობას არ დათმობდა, გამორიცხულია, რადგან თანამდებობაზე ვინ უნდა დაინიშნოს, საბოლოოდ ამას წყვეტს ივანიშვილი, უშუალოდ ერევა ამ საქმეში.
გათავისუფლებაშიც ერევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რიჟვაძის გათავისუფლებაც უშუალოდ მისი ზარით მოხდებოდა და ვინმე თუ რაიმეს სთხოვს, ვერც მის გარეშე მოსთხოვს, რადგან ივანიშვილია აქ მთავარი „სკრიპკა“.
- გაათავისუფლეს, გავიდა სადღაც 3 თვე და რიჟვაძე ცდილობს თვითმკვლელობას. რა მოხდა?
გათავისუფლება იქნებოდა მისთვის შოკი, ხომ?! რადგან იქნებოდა მკაცრი ლაპარაკი მასთან. თანაც ასე ადვილი არ არის ამხელა თანამდებობიდან წასვლა ფეისბუქით – გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან მიდიხარ, იქ უამრავი ვალდებულებაა ბიზნესის წინაშე, რადგან გათავისუფლებამდე, მაგალითად, რომელიმე ბიზნესმენთან ექნებოდა მოლაპარაკება, რომ მას ექნებოდა ტენდერი და ამაში აიღებდა „ატკატს“. იცით, რა რთული საკითხია ეს?
ამიტომ 3 თვის განმავლობაში მას ძილი არ ექნებოდა. ის იქნებოდა შოკში. კლინიკური სიკვდილია რა, პირდაპირ გეტყვით. ამ სამი თვის განმავლობაში მასზე მიდიოდა ზეწოლა იმის გამო, რის გამოც მოიხსნა. და მოიხსნა იმის გამო, რომ მას მუხრუჭები აღარ აღმოაჩნდა.
ახლა ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს, რადგან ისრები მისი მიმართულებით არის გადატანილი. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის, რომ ის არის პუტინის მოკავშირე, რომ რუსულ ორბიტაზე ივანიშვილმა შესვა საქართველო, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დასანქცირებული ჰყავს და ბარათსაც კი ვეღარ გამოიყენებს, ეწურება რესურსები. ამიტომ ივანიშვილმა ეს ამბები უნდა გადააბრალოს სხვებსაც. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, მიქაუტაძე, აგერ რიჟვაძე…
თუმცა, როცა რიჟვაძე გამოჯანმრთელდება და გამოჩნდება, პირველი რასაც იტყვის, მადლობას გადაუხდის ბიძინა ივანიშვილს, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა იქნება ხელისუფლებაში.
და მეორე, იმ წერილზე, რომელიც გამოქვეყნდა, იტყვის, რომ მისი დაწერილი არაა. ამ წერილის შინაარსს გადააბრალებს ვინმე „ნაციონალს“, რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ასე შემდეგ.
- მაშინ რისთვის ვიკლავდი თავსო, ამაზე რას იტყვის?
ცხადია, ვერ უარყოფს დაჭრას, რადგან ფაქტია, რომ ტყვია მოხვდა, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება. იტყვის, რომ დარჩა მის მეგობარ ახვლედიანს იარაღი, რომ ზოგადად იარაღი უყვარს, რომ ცოტა ნასვამი იყო, იარაღი შეათვალიერა და ამ დროს უეცრად მოხდა დაჭრის ამბავი, მერე კი აღარ ახსოვს.
წერილზე იტყვის, რომ ეს მისი მტრების დაწერილია, რომ „ნაცები“ ჩაბუდებულნი არიან ყველგან და მათ შეუცურეს ჯიბეში. ექსპერტიზაც იტყვის, რომ წერილი დაწერილია მესამე პირის მიერ და ასე შემდეგ.
- ფიქრობთ, რომ შესაძლოა ის მართლა გაუშვან სადმე ელჩად, ეს ვერსია რომ გაამართლონ?
გამორიცხულია. ჯერ ერთი, მას ძალიან მძიმე ტრავმა აქვს და დრო დასჭირდება გამოჯანმრთელებას. ვფიქრობ, ის შეეცდება აღარ დაბრუნდეს, თუკი ისევ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, რადგან მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. თუმცა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ხელისუფლების დროს არ დადგება.
როცა გვექნება თავისუფალი სასამართლო, რიჟვაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
- როგორ ფიქრობთ, რატომ გაუშვეს ქვეყნიდან?
ის, რომ საქართველოდან გავიდა, ეს არის ივანიშვილის ხელშეწყობით, რადგან რას წამოაყრანტალებდა და რას იტყოდა ნარკოზიდან გამოსული ადამიანი, კაციშვილმა არ იცის. ჟურნალისტების ინტერესი ძალიან დიდი იყო ამ საქმის მიმართ და წვდომა მის მიმართ, ასე თუ ისე გაიოლებული იყო საქართველოში. სხვა ქვეყანაში ეს რისკები მოხსნილია.
ივანიშვილის ინტერესი იყო ეს კაცი გასულიყო. მე მაგის მშობელსაც ვიცნობ, აბაშიძის „აღორძინების“ დროიდან, ცნობილი მარბიელია მამამისი, უსასტიკესი მარბიელი, რომელიც სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებებს იძლევა, ამიტომ მისი გაყვანა მშობლების ინიციატივა ვერანაირად ვერ იქნებოდა.
უნდა ჩათვალოთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს მშობლები ამ ეტაპზე განეიტრალებული ჰყავს. ეს არის ივანიშვილის ინიციატივა, რომ გაეყვანათ უცხოეთში და გაიყვანეს კიდეც.
დაბრუნდება თუ არა, ესეც დამოკიდებულია ივანიშვილზე.
- წერილში ეწერა, „მაბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას“. თქვენ თქვით, რომ პირველი შოკი გათავისუფლების შემდეგ ის იქნებოდა, რომ ატკატებიდან მიღებული თანხების უკან დაბრუნებას მოსთხოვდა ვინმე. თუკი რიჟვაძეს რაიმე შეხება ჰქონდა კორუფციასთან ან ნარკოდანაშაულთან, ეს ხალხი ამას აპატიებს რიჟვაძეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმკვლელობა სცადა?
ამიტომაც ვამბობ, რომ მას ვიღაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობები დარჩა, რომ მისი სახელისუფლებო კარიერა ისედაც დამთავრებული იყო, მაგრამ ახლა მისი სამომავლო ცხოვრებისეული ბიოგრაფიაც არის დასრულებული, რადგან უზარმაზარი ვალდებულებები აქვს წაღებული. ამხელა ფული ვალდებულებების გარეშე არ კეთდება. ამ დაპირებების შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთადერთი გზით – თუ ის იქნებოდა იმ სკამზე, რომელზეც იჯდა.
ამიტომ, მისი გამოჯანმრთელების შემდეგ, თუკი ხელისუფლება შეიცვლება, ბუნებრივია ეს ადამიანები მას პასუხს მოსთხოვენ.
ხომ გვესმოდა, რომ „ვიღაცამ საათი შეხსნა“, „ვიღაცამ საფულე წაართვა“, ამაში ხომ მართლა ივანიშვილი არ მონაწილეობდა უშუალოდ, მაგრამ ივანიშვილი ამ კრიმინალური ბანდის სათავეშია. ის ამოძრავებს, ის ათამაშებს, ის კვებავს ამ სისტემას.
ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც შავი სამყაროდან მასთან მივიდნენ და ასე ვთქვათ, „აკაჩავებდნენ“, ბუნებრივია ეს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. მის გარეშე ეს ვერ მოხდება, გამორიცხულია.
- იმ ვერსიას თუ უშვებთ, რომ რიჟვაძე შესაძლოა ისე გარეულიყო რაიმე კრიმინალში, ეს არ სცოდნოდა, მაგალითად, ივანიშვილს ან „ქართული ოცნების“ ლიდერშიფს? და თუ დავუშვებთ ამ ვერსიას, ივანიშვილთან არ მიესვლებოდა, რომ ეს პრობლემა ჩაეფარცხა?
რაც საგარეჯოში მოხდა, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის დედამიწაზე, ამ სისტემის შედეგია საგარეჯო. ეს აუცილებლად მოხდებოდა, რადგან სისტემა ამით იკვებება – კლანებს შორის ბრძოლით, კლანებს შორის წინააღმდეგობით, რომელი კლანიც უფრო ძლიერია, ის იმარჯვებს. სუსტები მოკვდებიან, ასე ხდება ბუნებაში.
ის, რომ ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან ურთიერთობა დაძაბული აქვს, ესეც ხომ სახეზეა, ხომ აშკარაა, ეს ხომ ღიაა. ვფიქრობ, რომ რიჟვაძეც რომელიღაც კლანის წევრი იყო, შესაძლოა კალაძის ან ღარიბაშვილის.
- მაგრამ კალაძის ან ღარიბაშვილის შემთხვევაში ხომ არ დამდგარა იგივე შედეგი. მხოლოდ რიჟვაძე დაზარალდა?
ეს ჩვენ გვეჩვენება, რომ არ დაზარალებულა. ჯერჯერობით. შესაძლოა კალაძის შემთხვევაშიც მიდიოდა საქმის განხილვა. საგარეჯოში გასროლა რომ არ მომხდარიყო, ვერაფერს გავიგებდით, მათ შორის ვერც ჟურნალისტები გაიგებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კვალიფიკაციის ხალხი ხართ, რა ხდება რიჟვაძის ირგვლივ.
მაგალითად, მიქაუტაძე, ნამდვილად ეგრევე შეაყუდეს ციხეში, თუ მანამდე იყო ე.წ. „რაზბორკები?“ვფიქრობ, რომ „რაზბორკები“ იყო.
და ღარიბაშვილი ასე ადვილად წავიდა პარტიის თავმჯდომარეობიდან ან პოლიტიკიდან?
მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ ბუნებას. 2013 წლის თებერვალში, მორიგი ჩხუბის შემდეგ, როცა მე და ბიძინა ერთმანეთს ვეჩხუბეთ, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში დამირეკა და მეუბნება – „მურმან, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“. პრემიერ-მინისტრია მაშინ ივანიშვილი.
„ქუჩაში არაფერი მოგივიდეს“ რას ნიშნავს? პრემიერი რომ ამას ამბობს, ესე იგი, სიკვდილით დასრულდება ხომ? ავარიაში მოყვები, ან ტყვია მოგხვდება, ან საგარეჯოში წაგიყვან და ეს 2013-ში აქვს ნათქვამი, ეს კრიმინალური ბუნების კაცი მართავს ქვეყანას.
მოქმედებენ კრიმინალები, მაგრამ დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი.
- კობახიძემ დაგვიანებით, მაგრამ პირველ კომენტარში თქვა, რომ მე, პირადად, და ჩემს გუნდს რიჟვაძესთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვსო. გუშინ კი თქვა ასეთი რამ – „არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მათ მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები“. ამაში რიჟვაძე იგულისხმა?
ბუნებრივია. და შეიძლება იგულისხმა კალაძეც. პირველი განცხადება რომ გავარჩიოთ – „მე პირადად არავითარი პრობლემა არ მაქვს რიჟვაძესთან“, ეს ნიშნავს, რომ მას პრობლემა აქვს.
მე არასდროს ვლაპარაკობ იმ ადამიანზე, ვისთანაც პრობლემა არ მაქვს.
მას ჰგონია, რომ ამ ნათქვამით რაღაც გადაფარა, სინამდვილეში პირიქით, დაადასტურა.
მეორე ვარიანტით ის ამბობს, რომ საქართველოში კორუფციაა და ამით ისიც დაადასტურა, რომ საგარეჯოსნაირი გარჩევები კვლავ მიმდინარეობს. იმდენად შემზარავი ამბავი მოხდა საგარეჯოში, რომ შეუძლებელია ამას გაგრძელება არ ჰქონდეს.
იქ მარტო რიჟვაძე, მისი სიძე და მამა იქნებოდა? ეს ხალხი კიდევ იქნება დაბარებული კობახიძესთან. ამას გაგრძელება მოჰყვება. ახლა მიდის იმაზე საუბარი, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ბუნებრივია, ივანიშვილი არ უარყოფს იმას, რომ ფული არის დასაბრუნებელი. რატომ უნდა დაზარალდეს მარტო ივანიშვილი და არ უნდა დაზარალდნენ სხვებიც.
- გაჟღერდა, რომ საგარეჯოში შესაძლოა ყოფილიყვნენ მდინარაძე და გეკა გელაძეც. მათ როლს როგორ ხედავთ ამ გარჩევებში?
რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება. ერთი-ორი დღეა გამოჩნდა ეს კაცი და მისი ლაპარაკიც ვფიქრობ, წინააღმდეგობრივია. ამ ყველაფრის დაბრალება ტელევიზიებზე, ბულინგზე და იმის განცხადება, რომ ჩვენ მას ვამზადებდით უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში.
ფაქტი დადასტურებულია, რომ ეს იყო კრიმინალური გარჩევა, რიჟვაძე იყო კრიმინალური ბანდის წევრი, მართალია, მაღალი კლასის არა, მაგრამ მაინც წევრი. დადასტურებულია, რომ მას ქონების გადანაწილებას ედავებოდნენ, რადგან ფულის დაბრუნება ქონების გადანაწილებაა. დადასტურებულია ისიც, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო არის მორღვეული. სახელმწიფო აღარ არსებობს. ეს არის დაახლოებით ისეთივე ტიპის ქეყანა, როგორიცაა კადიროვის ჩეჩნეთი, პუტინის რუსეთი.
- დასანქცირებული ხალხიდან ძალიან ბევრი მოიშორა ივანიშვილმა, მათ შორის ყოფილი მაღაჩინოსნები და შესაძლოა ეს სია იყოს გრძელი. მაშინ ვის ეყრდნობა ივანიშვილი, თუკი ასეთი მყიფე გარემოცვა ჰყავს, რაზე დგას ამ კაცის ძალაუფლება?
ამ ეტაპზე ჩანს, რომ მასთან ყველაზე უფრო კომფორტულად თავს კობახიძე გრძნობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ კობახიძე არ შეიძლება გახდეს ღარიბაშვილი, თუკი მას უფრო მეტი საფრთხე დაემქურება.
SWIFT-იდან გაუთიშავენ საკუთარ ბანკს და არსებული ფული გაუხდება ქაღალდი. ავტორიტარიზმის ბოლო სტადიაა ეს. ივანიშვილზე მდიდარი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერები დასრულებულან, კადაფი დაასრულეს, რომელსაც 200 მლრდ ჰქონდა და ჩაუშესკუ რუმინეთში, რომელიც 32 წელი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპას.
ამის წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია, მაგრამ მე გამოცდილებას და ისტორიას ვეყრდნობი. ისტორია ამბობს, რომ კრიმინალური ბანდა, როცა ხელისუფლების სათავეში ექცევა, იმარჯვებს, დიდ თანხას შოულობს, მაგრამ გარკვეული ხნით და არა უსაზღვროდ.
ასე იქნება ივანიშვილის შემთხვევაშიც. ყველაზე გაჭირვებული ქართველი დღეს, მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილია. ის არის სანქცირების ქვეშ, რესურსები ეწურება, შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, არავინ არ ცნობს, გარე მოკავშირე აღარ ჰყავს და აშშ-ს ელჩიც კი აღარ ზის თბილისში, ეს კატასტროფაა მისთვის.
- რატომ არ იხევს მაშინ უკან? მით უმეტეს, დღეს ევროპარლამენტმა პირობები წამოუყენა და თუ არ შეასრულებენ, უვიზო რეჟიმიც შეუჩერდება ქვეყანას.
ახლა თუ გამოვა და იტყვის, რომ ბოდიში მე უნდა გადავდგე, ვადამდელ არჩევნებს ვნიშნავ და ასე შემდეგ, ნუ ფიქრობთ, რომ მისი კლანი ძალიან შესუსტებულია. უამრავი ადამიანი ტრიალებს მის ირგვლივ, რომლებსაც დიდი ფული აქვთ ნაშოვნი და არის რუსეთის ფაქტორიც.
ხომ აშკარაა, რომ ეს კაცი ანტიდასავლური გზით წავიდა, პუტინის იმედის გზით და ეს გზა ხომ არის დამღუპველი. გლობალური პოლიტიკის დიდ სურათს თუ დავაკვირდებით, რა ხდება უკრაინაში, რუსეთში და აგერ სომხეთ-აზერბაიჯანში, თურქეთში, ნახეთ როგორი წრეები იკვრება და საქართველო ერთ-ერთი ჩამორჩენილი რეგიონი გახდა, მას დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ აქედან გამოძვრომა ასე ადვილი არ არის.
- ანუ ჩეჩნეთის მსგავს ქვეყანად ვყალიბდებით?
ჩვენ ხომ ვამბობდით ადრე, რომ პატარა ქვეყნებში დიქტატურის დამყარება არ მოხერხდება, მაგრამ ჩეჩნეთის მაგალითმაც გვაჩვენა, რომ ეს მოსაზრება არის მცდარი. მართალია, კადიროვი რუსეთით არის გამაგრებული, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენმა ხალხმაც კი ვერაფერი გააწყო.
თუმცა საბოლოოდ, ასე ფატალურად მაინც არ ვუყურებ საქართველოს მომავალს, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი კრიტიკული მასა, რომ არის შესაძლებელი გამოძვრეს საქართველო ამ სიტუაციიდან და „ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას.
ასე მგონია, დიდხანს ვეღარ გაძლებს ივანიშვილი, ეს თვეების ამბავია და არა წლების. 60 კაცზე მეტი გვყავს დაჭერილი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი რამ გინახავთ, რომ ქალი ჟურნალისტი დაეჭირათ? ამიტომ არა მგონია, რომ რუსის ჯარმა აქ შემოსვლა მოასწროს და რუსული ბაზები გაიხსნას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები დგანან.






