„ჯერჯერობით ბირთვული შეკავება მუშაობს და ამ ზღვარზე რაღაცნაირად არ ვართ მისული… მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული. რა წამში შეიძლება გამწვავდეს და ესკალაცია მოხდეს ამ პროცესების, ეს ძნელი სათქმელია,“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, იგი ბირთვული გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტია.
რა იცვლება ბირთვული სახელმწიფოების ბირთვულ არსენალში და რამდენად იცავს რუსეთი ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა შორენა ლორთქიფანიძესთან, იგი არის ქსელის „შავი ზღვის რეგიონის ქალები ბირთვულ უსაფრთხოებაში“ [Black Sea Women in Nuclear] დამფუძნებელი, „თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრი.
- ქალბატონო შორენა, რა ინფორმაცია არსებობს რუსეთის ბირთვული არსენალის ტექნიკურ მდგომარეობაზე? არსებობს სხვადასხვა ვერსია, რომ რუსები არ ხარჯავენ სათანადო რესურსს ბირთვული ქობინების განახლებასა და შენახვაზე. Arms Control Association-ის ბოლო მონაცემებით, რუსეთში 5400-დან 1020 ქობინი დემონტაჟს ელოდება.
არამხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ბირთვულ სახელმწიფოებსაც აქვს მოძველებული ბირთვული იარაღის მარაგები. ბირთვულ არსენალს სჭირდება მუდმივი განახლება. მოძველებულის განახლებაში ინვესტირება, როგორც წესი, ნაკლებად ხდება.
მოგეხსნებათ, რუსებს და ამერიკელებს მსოფლიოს ბირთვული იარაღის არსენალის 86% აქვთ განკარგულებაში. თუ რუსეთი, ვითარებიდან გამომდინარე, დააპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, გამოყენებული იარაღის რაოდენობას აღარ აქვს მნიშვნელობა. ის დამანგრეველი ძალა, შიში, უბედურება, რაც მას მოჰყვება, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი.

შორენა ლორთქიფანიძე
რუსეთს საკმაოდ დიდი ბირთვული არსენალი აქვს, უკვე მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი. ამ იარაღის შემთხვევაში პრობლემა მარტო მოძველება არ არის, როგორც წესი, თანამედროვე იარაღის მზიდი ტექნოლოგიები შეუთავსებელია ძველ ტექნოლოგიებთან.
ძველებური, ან გამოუსადეგარი ბირთვული არსენალის მართვა და ლიკვიდაცია რთული, მკაცრად კონტროლირებადი პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ექსპლუატაციიდან მოხსნა და ტრანსპორტირება. ქობინების გამოთიშვა საბრძოლო სისტემებიდან და მათი უსაფრთხო გადატანა სპეციალიზებულ, დაცულ ობიექტებში; დაშლა – მექანიკური ნაწილებისა და ქიმიური ასაფეთქებელი ნივთიერებების უსაფრთხო მოხსნა ინჟინრების მიერ; მასალების განკარგვა – პლუტონიუმის გულების სპეციალურ ბუნკერებში შენახვა, ხოლო მაღალგამდიდრებული ურანის (HEU) გადამუშავება [მაგალითად, მისგან დაბალგამდიდრებული ურანის მიღება ატომური ელექტროსადგურების საწვავისთვის]; საერთაშორისო კონტროლი – აქ ვგულისხმობთ, ორმხრივ შეთანხმებებს და ვერიფიკაციის მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის გამჭვირვალობასა და იარაღის რეალურ განადგურებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ეხება ყველა ბირთვულ სახელმწიფოს. რუსეთის და ამერიკის გარდა ესენია: ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ბოლო პერიოდში შეინიშნება ჩინეთში ბირთვული იარაღის ძალიან სწრაფი განვითარება და ბირთვული არსენალის გამრავლება.
- 620 ბირთვული ქობინი აქვს უკვე ჩინეთს. ეს რა დატვირთვას იძენს დღევანდელ კონფლიქტებში?
რომ ნახოთ მონაცემები, ორი–სამი წლის წინ ჩინეთში 200, 250, 300 ერთეული ბირთვული ქობინი იყო რეგისტრირებული. ჩინეთი ერთ–ერთ შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში. ჩინეთი ბირთვული ესკალაციის წინააღმდეგია, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩინეთის ლიდერის განცხადებებში.
დღეს გაზრდილია ბირთვული ესკალაციის საფრთხეები, თუმცა ამ დრომდე ბირთვული სახელმწიფოები იცავენ შეთანხმების მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაფერია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია ბირთვული საფრთხე გააქტიურდეს.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების გარდა, ზოგიერთი წყაროს მონაცემებით, ისრაელი ფლობს ბირთვული იარაღს, ისრაელი არაფერს ადასტურებს. ამას ბირთვული ბუნდოვანების პოლიტიკა ეწოდება.
ბირთვული იარაღი აქვს ასევე პაკისტანს, ინდოეთს და ჩრდილოეთ კორეას, ეს ქვეყნები არ არიან ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების წევრები ამჟამად. რასაკვირველია, ვიცით, რომ ირანს ეს ამბიცია ჰქონდა და ახლა მისი გეგმები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აშშ სამხედრო ოპერაციების შედეგად ირანში, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის დაიწყო ბირთვული ობიექტებზე სამხედრო იერიშის მიტანით.
მნიშვნელოვანი გარემოებაა რუსეთის ბირთვული დოქტრინა, რომელიც, სხვათა შორის, 2024 წელს განაახლეს. ე.წ. ზღვარი, თუ როდის შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება თავდაცვის მიზნებისთვის, ოდნავ დაწეულია. ახალი დოქტრინის მიხედვით, რუსეთს შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საფრთხე ექმნება სახელმწიფო სუვერენიტეტს და თუ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელდა აგრესია ჩვეულებრივი [კონვენციური] იარაღის გამოყენებით, რომელიც საფრთხეს უქმნის თვით სახელმწიფოს არსებობას.
დოქტრინაში ასევე საუბარია ბირთვულ დარტყმასთან გათანაბრებულ სცენარებზე. ბირთვული იარაღის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ მიღებულია სანდო ინფორმაცია რუსეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ. წითელი ხაზია კრიტიკულ ობიექტებზე თავდასხმა, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების ან მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოყვანის მცდელობა.
დოქტრინა საუბრობს ე.წ. მხარდაჭერილ აგრესიაზე. აგრესია ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც მხარს უჭერს ან ეთანამშრომლება ბირთვული არსენალის მქონე რომელიმე სახელმწიფო. ეს პუნქტი განსაკუთრებით გაფართოვდა დასავლური შეიარაღებით კონფლიქტების ფონზე.
რომ შევაჯამოთ: კონვენციური ომი და არა ბირთვული თავდასხმა – რომელიც დაემუქრება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს, ესეც შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენების „ალარმი“, ანუ განგაშის ჩართვის საფუძველი გახდეს.
- მაგალითად, უკრაინა რომ რუსეთის ტერიტორიაზე ახერხებს წერტილოვან დარტყმებს, ამ დოქტრინის მიხედვით და რუსეთის ლოგიკით შეიძლება გახდეს ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძველი?
რუსეთი არ აღიარებს, რომ ისეთ რამეს აზიანებს უკრაინა, რომელიც მისი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ან რუსეთის სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს. დოქტრინაში ასეთი ჩანაწერია, რომ სახელმწიფოს უნდა უქმნიდეს საფრთხეს, მის სასიცოცხლო ინტერესებს, მის არსებობას.
თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც ძალიან სუბიექტურია: რა მომენტში შეიძლება გააქტიურდეს ბირთვული იარაღის საკითხი, არაპროგნოზირებადია.
სხვათა შორის, ბირთვული იარაღის და დაპირისპირების მკვლევრები პარიზის „Sciences Po“ უნივერსიტეტიდან აღნიშნავენ, რომ თუ აქამდე ავირიდეთ ბირთვული იარაღის გამოყენება, ეს მხოლოდ გამართლება იყო. სტრატეგიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბირთვულ იარაღი ჯერ კიდევ წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს.
უკრაინელი ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ „ბირთვული შეკავება“ ჯერჯერობით მუშაობს.
- ანუ მუშაობს ის, რომ რუსეთმა კარგად იცის მის ხელში არსებული ბირთვული არსენალის საპირწონე ძალის არსებობა?
რასაკვირველია. გაშვებულ რაკეტას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო რეაქცია, ანუ საპასუხო გაშვება.
დოქტრინაში რუსებმა ჩაწერეს, ასე ვთქვათ, წითელ ხაზად ერთობლივი აგრესია რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი საუბრობს იმაზე, რომ მას დასავლეთი ებრძვის. ეს ბოლო დროსაც ერთ–ერთ გამოსვლაში ახსენა პუტინმა, მაგრამ იმ ზღვარს არ არის ჯერ მიღწეული, რასაც რუსეთის დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს.
გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი დასავლეთის ლიდერები ჩავიდნენ უკრაინაში. უკრაინამ ბრიტანეთისგან და სხვა დასავლელი ლიდერებისაგან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების დაპირებები მიიღო. რუსეთისთვის ესეც შესაძლოა გახდეს „განგაშის“ საფუძველი.
- ის, რომ უკრაინას დასავლეთი აწვდის თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, ეს ზრდის ბირთვული ესკალაციის საფრთხეს?
დასავლეთის ეს ერთიანობა, უკრაინის დახმარების კონტექსტში არის მანევრირების პოლიტიკის ნაწილი. ეს გარკვეული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს გარკვეულ ნაბიჯებს გადაადგმევინებს. შეიძლება ეს იყოს დათმობა, სტრატეგიის ცვლა და ასე შემდეგ.
- რუსეთი სისტემატურად და დემონსტრაციულად არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს და სამართალს. ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ შეთანხმებებს რუსეთი იცავს?
ეს ის სფეროა, სადაც რუსეთი მონაწილეობს და ამბობს, რომ წესებს იცავს, თუმცა, რაც გააკეთა ჩერნობილის ექსკლუზიურ ზონაში, როგორ დატოვეს იქაურობა რუსეთის ძალებმა ოკუპაციის შემდეგ, ეს ყველამ ვნახეთ.
შემდეგ იყო ზაპოროჟიეს ბირთვული ენერგეტიკული ობიექტი, რომლის ოკუპირება რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე მოხდა. დღეს ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურს აკონტროლებს რუსეთი, თუმცა იქ უკრაინელებიც მუშაობენ. 12 000 თანამშრომლიდან დღეს 2000-მდე უკრაინელი ჯერ კიდევ ემსახურება ობიექტს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), რომელიც გაეროს ერთ–ერთი სააგენტოა, ცდილობს, აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესრულებას მსოფლიოში, ასევე, ბირთვული უსაფრთხოების და ბირთვული ობიექტების დაცულობის საკითხებს.
ეს ორგანიზაცია და მისი ლიდერი – რაფაელ გროსი, რომელიც სხვათა შორის, ახლა წარდგენილია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციაზე, რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან ჩართულია ობიექტებზე რადიაციული უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები და ინსპექტორები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან პროცესს, რასაკვირველია, უკრაინული და რუსული მხარეების თანხმობით.
სწორედ ამ მისიის დამსახურებაა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ზაპოროჟიეს სადგურზე.

რუსეთის ბირთვული ობიექტების ომის იარაღად გამოყენების ქმედება შეფასებულია, როგორც ბირთვული შანტაჟი. ეს ტერმინი სწორედ, რუსეთის აგრესიული ქმედებებს აღწერს, რომელიც არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის რადიაციულ უსაფრთხოებას უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ჩერნობილის ატომური კატასტროფა, სისტემის კრახი, რომელმაც უდიდესი ზიანი მოიტანა და ბირთვული დიდი ინციდენტის შედეგებს დღესაც ვიმკით. უკრაინის ოკუპირებული ბირთვული ელექტროსადგურის ოკუპაცია და სამხედრო მოქმედებები მის გარშემო, ზრდის რადიაციული ინციდენტის ალბათობას.
- დღეს რა ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, რა არის ცნობილი?
ატომური ელექტროსადგური, რომელიც თავის დროზე ექვს ბლოკს ამუშავებდა, დღეს შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს. სადგურის გარშემო ომი მიმდინარეობს ფაქტობრივად. სერიოზული პრობლემებია, მაგრამ როგორც გითხარით, ჩართულია და მოქმედებს საერთაშორისო მონიტორინგის და ინსპექტირების მექანიზმი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება, თუმცა ეს ძალიან რთული და დაძაბული პროცესია.
მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული და რა წამში შეიძლება გამწვავდეს ვითარება, ეს ძნელი სათქმელია. იგივე კახოვკის წყალსაცავის აფეთქება სერიოზული საფრთხე იყო, რადგან ატომური სადგურისთვის უმნიშვნელოვანესია წყლის მარაგი და გაგრილების სისტემების გამართული მუშაობა. რუსეთი ფაქტობრივად ბირთვულ შანტაჟს ეწევა, ატომური ობიექტების ინსტრუმენტალიზაციით და დაშინებით.
- არსებობს დღეს კონკრეტული მოლოდინი რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?
ბირთვული სფეროში რუსეთთან თანამშრომლობენ წამყვანი ქვეყნები, რომლებიც ბირთვულ ენერგიას აწარმოებენ. ჩვენს მეზობელს თურქეთშიც „აქუიუს“ ატომური ელექტროსადგური რუსების როსატომის მიერ სრულიად კონტროლირებადი ობიექტია. რუსულ ურანზე და სხვა მასალებზე ბევრი ქვეყანა ისევ არის დამოკიდებული.
რაც შეეხება კონკრეტულად ბირთვულ შეკავებას – ჯერჯერობით შეკავება მუშაობს, მიუხედავად, როგორც თავად რუსები მიიჩნევენ, ბევრჯერ გადალახული წითელი ხაზებისა.
რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსების აზრით, რამდენჯერმე გადაილახა წითელი ხაზი რუსეთთან მიმართებაში. 2022 წელს მუდმივად იყო საუბარი, რომ რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა ტაქტიკური ბირთვულია იარაღი, რადგან უკრაინამ მიიღო ახალი და ძალიან ძლიერი შეიარაღება ომის საწარმოებად. შემდეგ იყო უკრაინელების მიერ დრონების ძალიან სერიოზული ათვისება. გუშინ ვნახეთ კიდეც კიევში ათასობით უპილოტო დრონის და რობოტის დემონსტრირება.
ამას გარდა, უკრაინამ უგულებელყო მოსკოვის გაფრთხილება და სერიოზულად დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ–მესამედზე მეტი. 2024 წლის კურსკის წარმატებული ოპერაციაც რუსეთმა პროვოკაციად შეაფასა – ეს ფაქტები შეიძლება ყოფილი რუსეთისთვის ე.წ. წითელი ხაზი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ბირთვული იარაღის გამოყენება განიხილება მართლაც, როგორც უკიდურესი ზომა.
რუსეთ–უკრაინის ომმა სამხედრო მრეწველობის განვითარება და მოდერნიზაცია გამოიწვია, ომმა ძალიან დიდი სტიმული მისცა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ახალი იარაღის განვითარებას. ამ შეიარაღებას უკვე კონვენციური ომის ფარგლებში შეუძლია მასშტაბური ზარალი გამოიწვიოს.
კონვენციური შეიარაღების ტექნოლოგიური პროგრესიც არის იმის შემაკავებელი ფაქტორი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ცოტა გვერდზე გადაწიონ.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ, მაგალითად, ჩინეთი, რომელიც რუსეთის მოკავშირედ განიხილება, არ მიესალმება ბირთვულ ესკალაციას და აფრთხილებს კიდეც მხარეებს და რუსეთს, განსაკუთრებით, ამის შესახებ.
თანამედროვე სამხედრო და ომის წარმოების ტექნოლოგიებმა სრულიად სხვა დონეზე აიყვანა კონვენციური ომი. ამ ტექნოლოგიური ნახტომის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აახლებენ სისტემებს, ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა მეორეხარისხოვანი გახადა.
კონვენციური ტექნოლოგური ომი გრძელდება – უკრაინა სერიოზულ წარმატებებს აღწევს ამ ბრძოლაში, თუმცა რუსეთის მხრიდანაც ვხედავთ საპასუხო ქმედებებს. ამიტომაც, დღეს, ამ მომენტში ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე არ დგას, თუმცა რადიოლოგიური უსაფრთხოება კონვენციური ომის პირობებში სერიოზული გამოწვევის წინაშეა.






