საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში – 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტია – „ლელო“ და „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა.
ცესკომ ორივე პარტიას უკვე განუსაზღვრა საარჩევნო ნომრები: №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“ და №41 – „ქართული ოცნება“.
შუალედური არჩევნებისთვის შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში ამომრჩევლები საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ამ უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2201-ია.
არჩევნები ტარდება შემდეგ საარჩევნო უბნებზე: სოფელი კასრისწყალი (ახმეტის №18 ოლქი), სოფლები ველისპირი და განახლება (დმანისის №24 ოლქი), სოფლები იმერა, ბარეთი, საბეჭისი და ლივადი (წალკის №25 ოლქი) და სოფელი ფერეთა (ვანის №53 ოლქი).
- რატომ ტარდება შუალედური არჩევნები
ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების აუცილებლობა გამოიწვია საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამ.
კერძოდ, უფლებამოსილება შეუწყდათ ბექა ლაჭყეპიანს (ვანი) და ადამე მოზაიძეს (ახმეტა), ხოლო ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – რამაზ ხინიკაძე (წალკა) და ილია სარსევანიძე (დმანისი) – გარდაიცვალა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ამ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება.
შუალედური არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება.


