მთავარი,სიახლეები

სოფელ ხინოს სახელი შეეცვალა – პრემიერ-მინისტრის დადგენილება

08.02.2018 • 7591
სოფელ ხინოს სახელი შეეცვალა – პრემიერ-მინისტრის დადგენილება

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს ხინოწმინდა“ – დადგენილება, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აწერს,  2018 წლის წლის 2 თებერვლითაა დათარიღებული. ხინოწმინდა სოფელ ხინოს ძველი დასახელებაა, რომელიც სოფელში მდებარე ეკლესიას უკავშირდებოდა.

ამავე დადგენილებით, სახელი შეეცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს და მას ალერტკარი ეწოდა.

სოფელი ხინოწმინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში მდებარეობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, სოფელში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს.

ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია სავარაუდოდ,  IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება.

არსებობდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოც. მისი დაარსების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას მოსაზრების თანახმად, მე-9 საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ, როდესაც აფხაზეთის სამეფო გაძლიერდა და ბიზანტიური გავლენა შესუსტდა, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არ არის. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე წყაროებში აქ მოღვაწე მღვდელმთავართა სახელებიც კი არ არის შემორჩენილი. პირველი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის მაქსიმე I.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის შემდგომ უნდა დანგრეულიყო, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრაც დაემატა. ასეთ მდგომარეობაში მოვიდა ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.

გასულ წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

გადაბეჭდვის წესი