ბათუმში, მამია კომახიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტრო: ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღარ დაგხვდებათ. ადმინისტრაციულ შენობას სამივე სამინისტროს თანამშრომლები ცლიან. ისინი სხვადასხვა შენობაში ნაწილდებიან.
„ეს შენობა ავარიულია, შენობის დაცლა დაწყებულია… განიხილება ალტერნატივები,“ – უთხრეს დღეს, 25 აგვისტოს „ბათუმელებს“ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრში. აქ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ სამინისტროები სხვადასხვა მისამართზე განაგრძობენ მუშაობას დროებით.
აჭარის მთავრობაში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე შენობას დაუბრუნდებიან თუ არა სამინისტროები. პრესცენტრის განმარტებით, ეს „ექსპერტიზის კონკრეტულ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული“.
პირველი სექტემბრიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რუსთაველის ქუჩაზე, სამშობიაროს შენობაში გადავა. ეს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და 2013 წლიდან იჯარით იყო გადაცემული „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“.
2026 წელს ამ ორგანიზაციას იჯარა აღარ გაუფორმეს და უთხრეს, რომ სამშობიარო სახლის შენობას აუქციონზე გაასხვისებენ. ამ დრომდე არც ისტორიული სამშობიაროს სახლი გაუტანიათ აუქციონზე და არც იჯარა გაუფორმებიათ შპს „სამშობიარო სახლთან“, სადაც სამშობიაროს ყოფილი 110 თანამშრომელია გაერთიანებული.
დღეისთვის სამშობიაროს შენობის მხოლოდ ნაწილს იყენებს შპს „სამშობიარო სახლი“ ამბულატორიული და საკონსულტაციო განყოფილებებისთვის.
აჭარის მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე სამსახური – სამშობიაროს შენობის გარდა – დროებით გადავა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე დასაქმების სააგენტოს შენობებში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დროებით თავის საქვეუწყებო დაწესებულებებში გადაიბარგებს: გარემოს დაცვის სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ადმინისტრაციულ შენობებში.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, დროებით ისევ მამია კომახიძის ქუჩაზე რჩება – მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვა შენობაში, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის ეკონომიკის სამინისტრო „ბათუმის სტადიონის“ ადმინისტრაციულ შენობაშიც განაგრძობს მუშაობას.
აჭარის მთავრობაში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა შენობაში გადანაწილების პროცესის დასრულებამდე თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
- მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე მთავრობის შენობის ავარიულობაზე ექსპერტიზამ დასკვნა 2026 წლის ივლისში მოამზადა.
სამშენებლო დგარებით შენობის დროებით გამაგრებაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 17 874 ლარს გადაიხადა უტენდეროდ – გადაუდებელი აუცილებლობით. ხელშეკრულება კომპანია „ანაგთან“ გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ამ შენობის გამაგრებითი სამუშაოები 2026 წლის პირველი აგვისტოდან უკვე დაწყებული უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის მომზადებაში 542 800 ლარი დახარჯა სამინისტრომ, თუმცა, უკვე მერვე წელია მთავრობა მის განხორციელებას არ გეგმავს.






