გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
„შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.
მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს სააგენტო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ცნობით, ჰაერის ტემპერატურა ხვალ, 16 მარტს, ბათუმში +24 გრადუსამდე გათბება. ღამით მოსალოდნელია წვიმა.
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა ეპიდემიის გამო ქვეყანაში კვლავ არაერთი შეზღუდვა მოქმედებს.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდოს. მაგალითად, იმიტომ, რომ მრეწველობა იზრდება, ფაბრიკა-ქარხნები შენდება, მზარდია ტურიზმის სექტორი. თუმცა 2020 წელს, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად, ხოლო ტურიზმი აბსოლუტურად გაჩერდა, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის იგივე იყო, რაც 2019 წელს. ამასთან საჭირო გახდა დენის ყიდვა/იმპორტიც, დენი კი გაძვირდა.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა მოსახლეობამ [მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა] ბოლო ორ წელში. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ქსელში მთლიანად მიწოდებული ელექტროენერგიის საშუალოდ 20 პროცენტს მოიხმარს.
„ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 2,4 მილიარდი კილოვატსაათი დენი მოიხმარა, 2020 წელს კი – 2,56 მილიარდი. მთლიანობაში კი ქვეყანაში 12.1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიხარჯა.
იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა საწარმო და კომერციული ობიექტის უმეტესობა გაჩერებული იყო, ქვეყანამ 1,6 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეისყიდა საზღვარგარეთ, ანუ 2020 წელს იმპორტი 1,5 მილიარდი კვტსთ-ით მეტი იყო დენის იმ ოდენობაზე, რაც მოსახლეობამ დამატებით მოიხმარა ამავე წელს. დენის იმპორტი კი მაშინ ხორციელდება, როცა ქვეყანაში მისი დეფიციტი იქმნება.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დროში იმ პერიოდს ემთხვევა, რაც ქვეყანაში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყო. ვირტუალური ვალუტის წარმოება ბევრ ენერგიას მოითხოვს, მწარმოებლები კი სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით და დენში გაცილებით დაბალ ფასს იხდიან. კრიპტოვალუტის მწარმოებლები არც გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში.
კრიპტოვალუტის წარმოება არალეგარულადაც ხდება, რაც დენის მოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. იზრდება დენის იმპორტიც, „გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ კი, ხელისუფლების სტრატეგია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.
საქართველოში 2019 წელს მომხმარებლებს მთლიანობაში 12.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა, 2020 წელს კი, თითქმის ამდენივე – 12.1 მილიარდი კვტ/სთ. ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ საწარმო დაწესებულებების გაჩერების მიუხედავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა. ასევე უტყუარი მონაცემებით, 2014 წლამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არავინ არაფერი იცოდა ბიტკოინებზე, საქართველო სტაბილურად მოიხმარდა მაქსიმუმ 9.6 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას.
მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, საქართველო კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ერთი ბიტკოინის ფასი კი [რომელიც საკმაოდ ცვალებადია] დღეს, 15 მარტს, coinmarketcap-ის მონაცემებით, 58,5 ათასი აშშ დოლარია.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] მონაცემები – როგორ იზრდება ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა:
მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგია საქართველოში / წყარო: ესკო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდწილად კამპანიის გამო – „არა ჰესებს“. მისივე თქმით, „2020 წლის მონაცემებით, მთელი ჩვენი მოხმარების 2% არის მაინინგით [კრიპტოვალუტის წარმოებით] დაკავებული კომპანიების მოხმარება“.
ეს მინისტრმა 9 მარტს საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, კრიპტოვალუტის წილი მთლიან მოხმარებაში 2018 წელს 8.5%, ხოლო 2019 წელს 8.6 პროცენტი იყო. შესაბამისად, ნარმანიას მონაცემებით, კრიპტოვალუტის წარმოებაში თითოეულ ამ წელს საქართველოში 1.069 და 1.097 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია დაიხარჯა.
თავის მხრივ დავით ნარმანიასგან განსხვავებული მონაცემები აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც ენერგოდეფიციტს არა უშუალოდ ეკონომიკის ზრდას, არამედ მაინინგს უკავშირებს. 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, „კრიპტოვალუტის მოპოვებამ [წარმოებამ] დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე, რის გამოც ქვეყანა გადაიქცა წმინდა ექსპორტიორიდან ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორად. საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის წილი, რაც კრიპტოვალუტის მაინინგს [წარმოებას] სჭირდება, 10%-დან 15%-მდე მერყეობს“.
გამოდის, რომ 2018 წელს საქართველოში არა 1.069, არამედ 1.887 მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგია იხარჯებოდა კრიპტოვალუტის წარმოებაზე [ანუ 378 მილიონი კვტ/სთ-ით მეტი დენი, ვიდრე ქვეყანამ იმავე წელს „დეფიციტის შესავსებად“ იყიდა].
კონკრეტულად რამდენი ელექტროენერგია იხარჯება კრიპტოვალუტის საწარმოებლად, ამის ზუსტად ციფრს ვერავინ გეტყვით, რადგან ქვეყანაში ამ მონაცემებს ოფიციალურად არავინ ითვლის. რამდენი პირი ეწევა მაინინგს ქვეყანაში, ოფიციალურად აღრიცხული არ არის. ზოგადად კი, კრიპტოვალუტას აწარმოებს სხვადასხვა საწარმოო, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიც, ასევე, აწარმოებენ ფიზიკური პირები.
მაინინგის არალეგალურად მოპოვების ფაქტები გამოვლინდა სვანეთში, სადაც მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. შესაბამისად, დენის საფასურს იქ არც კრიპტოვალუტის მწარმოებლები იხდიან. ამიტომაც მიიჩნევა, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ზონაა ამ ბიზნესისთვის.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“, – განაცხადა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2 თვის წინ.
სემეკშიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ბიტკოინს ბევრი აწარმოებს, თუმცა ამ სფეროს თავად არ არეგულირებენ.
„ბიტკოინის მწარმოებელი არის სპეციფიკური მომხმარებელი. იყო საუბარი, რომ მათ მიეღოთ უფრო ძვირადღირებული ენერგია, მაგრამ არ არსებობს განსაკუთრებული მიდგომა – რომ ბიტკოინმა ძვირიანი ელექტროენერგია მოიხმაროს და გადაიხადოს, ხოლო სხვამ უფრო ნაკლებფასიანი. მოქმედი კანონმდებლობა რაიმე მსგავსი რეგულაციების დაწესებას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება სვანეთს, იქ მოსახლეობა დენის ფულს არ იხდის. ამიტომ დაიწყეს ბიტკოინის წარმოებაც. ამასთან, 5-6-ჯერ გაიზარდა მოხმარება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს იყო. ქსელმა ვერ გაუძლო დატვირთვას, დაზიანდა ტრანსფორმატორები და ასეთი მომხმარებლები „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ჩახსნა ქსელიდან. თუმცა, ვინც იხდის გადასახადს, მას დენის მიწოდებას კანონით ვერ შეუწყვეტ… დღეს ბიტკოინის ბევრი მწარმოებელია, რომლებიც სახლებში არიან და მაგათი აღრიცხვა ცოტა რთულია“, – ამბობს გოჩა შონია, სემეკის წევრი.
„რამდენით გაიზარდა მოხმარება კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით, ამის ზუსტად დათვლა შეუძლებელია, რადგან ეს ერთ-ერთი გაუმჭვირვალე ბიზნესია… ფაქტია, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველო იყო დენის ექსპორტიორი, დღეს კი ვართ სერიოზული დეფიციტის წინაშე. ვინაიდან ოფიციალური მონაცემებითაც ეკონომიკის ზრდა არ ყოფილა, მოხმარების გაზრდას მე ვუკავშირებ ტურიზმს და მეორე ფაქტორი არის ბიტკოინის წარმოება. თუმცა შარშან ეკონომიკა გაჩერდა, ბოლო 9 თვეს ტურიზმი საერთოდ არ გვქონია და რატომ უნდა ყოფილიყო საჭირო იმპორტი, შედეგად კი, დეფიციტური ჩვენი ენერგობალანსი, თუ არა ბიტკოინის წარმოება? ტურიზმისა და ბიტკოინის გარდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ესკოს მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს იმპორტირებული იყო 1,62 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია, 2020 წელს კი, პანდემიის პირობებშიც, თითქმის ამდენივე – 1,61 მილიარდი:
ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში / წყარო: ესკო
საქართველოში კრიპტოვალუტის მხსხვილი მწარმოებლები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქმიანობენ და ასევე იმ მუნიციპალტეტებში, სადაც მოსახლეობა გათავისუფლებულია დენის გადასახადისგან, ან შეღავათებია დაწესებული, მაგალითად ქვეყნის მთის რეგიონებში. მთიან რეგიონებში კი ელექტროენერგიის გადახდაზე შეღავათები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოში 1797 დასახლებულ პუნქტს აქვს მაღალმთიანის სტატუსი. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის მოხმარებულ დენზეც, ასეთ ადგილებში გაცილებით ნაკლებს იხდიან.
ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ], არც მოგებისა და ქონების გადასახადებს. დღგ-ს გარეშე ელექტროენერგის შეძენისას კი, დენის ფასი ამ კომპანიებს 18%-ით უმცირდებათ.
ბიტკოინის [ციფრული ვალუტის] ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა „ბიტფური“, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან 2014 წელს 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა.
2015 წლის ზაფხულში ამ კომპანიას საქართველოს მთავრობამ თბილისში 18 ჰექტარი მიწა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიჰყიდა; 2015 წლის ოქტომბერში კი, ამავე ტერიტორიას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა და „ბიტფურიმ“ იქ მეორე მონაცემთა ცენტრი განათავსა.
გარდა იმისა, რომ კომპანიები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში შეღავათებით სარგებლობენ, საქართველოში ზოგადად კრიპტოვალუტის გაყიდვა გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო გაყიდვით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
„კრიპტოაქტივის მიწოდება [კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე] გათავისუფლებულია დღგ-სგან;
ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის [სიმძლავრის] მიწოდება: – არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება. – ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები არის საქართველოში რეგისტრირებული პირი ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება“.
[/checklist]
[/toggle]
„ბიტფურიმ“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], ესკოს მონაცემებით 2019 წელს 534.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წელს კი გაცილებით ნაკლები – 131.7 მილიონი კვტ/სთ.
საქართველოში ბიტკოინს აწარმოებს ასევე უკრაინელ მილიარდერ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანია „ბლოქფაუერი“, რომელმაც, ესკოს მონაცემებით, 2019 წელს 122 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა 2020 წელს ამ კომპანიას ელექტროენერგია საერთოდ არ შეუძენია.
[toggle title=”კოლომოისკისა და დენის პირდაპირი მომხმარებლების შესახებ ვრცლად ნახეთ აქ: “]
აშშ-ის ადმინისტრაციამ იგორ კოლომოისკის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. კოლომოისკი საქართველოში წილებს ფლობს „ვარციხეჰესში“ და „ჯორჯიან მანგანეზშიც“, რომელმაც მაგალითად, 2020 წელს, 1 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა.
„ბი ეფ დი სი ჯორჯია“ და „ბლოქფაუერი“ ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან, რომლებიც დენს პირდაპირი ბაზრიდან ყიდულობენ და არა ვთქვათ „თელასისგან“ ან „ენერგო-პრო ჯორჯასგან“.
ასეთი პირდაპირი მომხმარებელი 2020 წელს ესკოს მონაცემებით საქართველოში იყო 16, თუმცა ბუნებრივია, ყველა მათგანი ბიტკოინებს არ აწარმოებს.
2019 წელს ამ პირდაპირმა მომხმარებლებმა საქართველოში 2,8 მილიარდი, ხოლო 2020 წელს – 2,4 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარეს.
საქართველო ელექტროენერგიას აწვდის აფხაზეთსაც, სადაც ასევე აწარმოებენ კრიპტოვალუტას. ამასთან, აფხაზეთში დენის მოხმარება იზრდება. მაგალითად, 2019 წელს აფხაზეთმა 2 მილიარდი, 2020 წელს კი – 2,5 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა.
მომხმარებლებზე მთლიანად მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობას რომ გამოვაკლოთ მოსახლეობაზე, პირდაპირ მომხმარებლებზე და აფხაზეთზე მიწოდებული დენის ოდენობა, გამოდის რომ 2020, ანუ პანდემიის წელს, სხვა დანარჩენმა მომხმარებლებმა საქართველოში 4,6 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარეს. ეს მაჩვენებელი კი 2019 წელს 5,3 მილიარდი იყო.
ანუ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ამ დანარჩენ მომხმარებლებზე დენის მიწოდება [მოხმარება] შემცირდა 781 მილიონი კვტ/სთ-ით, იმპორტი კი, მხოლოდ 16,4 მილიონი კვტ/სთ-ით.
[/toggle]
ბიტკოინი ვირტუალური გადახდის საშუალებაა და რეალიზაცია ხდება საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმებზე, ამიტომ ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, მთავარი საკითხი ისაა – ბიტკოინის გაყიდვით ფული საქართველოში შემოდის, თუ რჩება საზღვარგარეთ, რაღაც ოფშორულ ანგარიშებზე.
„მე ვეჭვობ, რომ არ შემოდის საქართველოში. თუ ჩვენ ვართ მესამე მწარმოებელი ქვეყანა ბიტკოინების [2018 წელს მესამე ადგილზე ვიყავით], მაშინ საუბარია დიდი ოდენობით თანხაზე… ბიტკოინი შეიძლება იყოს ჩვენი, როგორც ნომერი პირველი საექსპორტო პროდუქტი – ღვინოზე და მარგანეცზე უფრო მეტად და ჩვენ ეს თანხა რომ შემოგვდიოდეს ქვეყანაში – მაშინ ჩვენი ეკონომიკური სისტემა იქნებოდა გაცილებით მდგრადი, არ მოხდებოდა ლარის კურსის ვარდნა, საგადასახადო ბალანსი იქნებოდა გაცილებით უფრო მყარი, აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით“, – ამბობს ჩეჩელაშვილი.
მისივე თქმით, სახელმწიფოს შეღავათების ხარჯზე რაღაცის წარმოება და შემდეგ ასეულობით მილიონის გადატანა ჩრდილში არ უნდა ხდებოდეს: „ექსპორტ-იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაში ბიტკოინების ექსპორტს ვერ ნახავ. გამოდის, რომ მთელი შემოსავალი აქვთ ჩრდილში. მაქვს კითხვა – რამდენად სამართლიანი ვითარებაა ეს, როცა ასეულობით მილიონი დოლარის ბიტკოინები სახელმწიფოს ხარჯზე მიღებული შეღავათებითაა ნაწარმოები? შეღავათების დაწესება ხდება სხვადასხვა ქვეყანაშიც ბიზნესისთვის, მაგრამ უკუკავშირი სარგებელი ხომ უნდა იყოს?“
„სად არის ეს ბიტკოინები? – საზღვარგარეთ თუ გავიდა, რატომ არ შემოვიდა ფული? მოგების გადასახადი სად არის? და თუ ვცდები, მაშინ ყველაზე კარგი გზაა – ამ ბიზნესმა გამოაქვეყნოს თავისი წლიური ანგარიშები – რომ აი, გადაიხადა გადასახადები… მხოლოდ მაშინ მეცოდინება თუ გვიღირს, რომ ამ ბიზნესისთვის გავხდეთ ენერგოდეფიციტური ქვეყანა, ვაწარმოოთ გაუთავებლად დენის იმპორტი და ასევე, ამის გამო ავაშენოთ ეს უზარმაზარი ჰესები, რაც, თავის მხრივ, ცალკე ქმნის პრობლემებს. ანუ კომპლექსურად არის შესახედი და გადასაწყობი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.
რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.
[toggle title=”ნამახვანი ჰესის შესახებ ვრცლად ნახეთ აქ:“]
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC-მ კი 10 თებერვალს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 5 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ სანამ მოლაპარაკებები გაიმართება, ნამახვანი ჰესის სამუშაოები შეჩერდება.
უზრუნველყოფს თუ არა ჰესი უკეთეს ენერგოტარიფს? – ამ თემაზე ნახეთ:
სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ „ბათუმელებთან“ დაახლოებით 2 თვის წინ განაცხადა, რომ ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია გაცილებით ძვირია: „აქ ფასი დგინდება ხელშეკრულებით, რომელსაც დებს ინვესტორი – ვინც ააშენა ჰესი, მთავრობა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი [ესკო]. ამ ჰესიდან ენერგიის შესყიდვა შემდგომში ხდება იმ ფასად, რაზეც შეთანხმდებიან. ამ პირობით აშენებს ინვესტორი ჰესს. ეს არის შეთანხმებული ფასი და არ არის სემეკის დადგენილი. ინვესტორი კი არ შემოდის, თუ ინტერესი არ აქვს“.
გოჩა შონიას თქმით, ქვეყანაში მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე გამომუშავება, ამიტომ მოხმარებულ ენერგიაში იზრდება ძვირადღირებული დენის წილი [იმპორტი/ახალი ჰესები], პარალელურად, პროცენტულად იკლებს იაფიანი დენი [ენგური და სხვა რეგულირებადი ჰესები], რაც თავის მხრივ, უშუალოდ პროდუქტის ანუ დენის გაძვირებას იწვევს.
[/toggle]
ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/263943/
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
ბათუმის დრამატული თეატრი პანდემიის შეზღუდვებისას დადგმულ სპექტაკლებს აპრილიდან წარუდგენს მაყურებელს.
„შეზღუდვების პერიოდი ჩვენ ყველა რეგულაციის დაცვით გამოვიყენეთ რეპეტიციებისთვის. აპრილის თვიდან მაყურებელი ნახავს ზაზა სიხარულიძის დადგმულ სპექტაკლს ,,სჯანი“, გაგა კოშაძის ნამუშევარს ,,ბოლო გაჩერება“, ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსს“ და გურამ მაცხონაშვილის ,,ელექტრას ომს“, რომელიც გასულ წელს ღია ცის ქვეშ ვაჩვენეთ მაყურებელს კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ახლა თეატრში ორ პრემიერას დგამენ – ჩეხოვის ,,თოლიას“ და დენი დიდროს რომანის ინსცენირებას ,,ჟაკი და მისი ბატონი“.
თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სპექტაკლების ჩვენების თარიღები აპრილის თვეში ჯერ ცნობილი არ არის. წარმოდგენებისას დარბაზში ხელმისაწვდომი იქნება სადეზინფექციო საშუალებები და დაცული იქნება სოციალური დისტანცია, მაყურებლები დარბაზში დასხდებიან თითო სავარძლის გამოტოვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 102 მაყურებელს შეეძლება სპექტაკლებზე დასწრება. ბათუმის დრამატული თეატრი ჯამში 400-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი.
„წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება,“ – ეს ფრაზა ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ ახსენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის სექტორის გამოსაცოცხლებლად და რამდენად შესაძლებელია ეს იმ ფონზე, როცა უცნობია, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი. „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე პასუხობს.
სტატისტიკით დავიწყოთ, რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა 2021 წლის პირველ ორ თვეში აჭარაში?
2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში დაახლოებით 86 %-ით შემცირდა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკას რომ შევხედოთ, დაახლოებით 75-85 %-მდე დაიკლო მოგზაურთა ვიზიტებმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ ფორმატში ჯდება.
ამ ეტაპზე მსოფლიოში ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას ტურიზმი. შესაბამისად, მოგზაურობა მაქსიმალურად შეზღუდულია.
ჯერჯერობით ტურისტული სერვისები არაა აღდგენილი და ქვეყნები არ მოუწოდებენ ტურისტებს მოგზაურობისკენ. იგივე ევროზონის ქვეყნებს თავიანთი პროტოკოლი აქვთ, პირდაპირ უწერიათ, რომ არააუცილებელი მოგზაურობა ჯერ კიდევ შეზღუდვებს ექვემდებარება. ძირითადად სამუშაო და ბიზნესთან დაკავშირებული მიზეზებით გადაადგილდებიან ადამიანები.
ამ ფონზე რა მოლოდინი აქვს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, წელს როგორი იქნება ტურისტული სეზონი?
2020 წლის მსგავსად, ძალიან რთული წელი ექნება ტურიზმის სექტორს – პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და პარალელურად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკური აქტივობებისა და ტურიზმის აღდგენაზე, იმის ფარგლებში, რასაც პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მოგვცემს.
დღეს ტურიზმი პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასა და პანდემიის სტატისტიკასთან. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ გვექნება ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობის მაღალი მაჩვენებელი, რეალურად არ გვექნება ტურიზმი. მსოფლიოში ტურიზმი გადის უსაფრთხოებაზე და ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა ისევ არის შიდა პანდემიის მართვა. შესაბამისად, ყველა უსაფრთხოების ნორმის დანერგვა აუცილებელია ჩვენთვის, როგორც შიდა ვიზიტორების, ასევე შემოსული ვიზიტორების დაცვისთვის.
ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ პროტოკოლებზე. ამაში ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ისე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. სექტორთან კომუნიკაციის შედეგად ვამუშავებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს – სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, კაზინოებისთვის, ფიტნესცენტრებისთვის. ეს მათ გაუადვილებს სტანდარტების დაცვას და ჩვენ მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება.
აქტიური სარეკლამო კამპანია გქონდათ საზღვარგარეთ წინა წლებში. წელს რომელ ქვეყანაში გეგმავთ კამპანიის წარმოებას და რომელი ქვეყნიდან ელოდებით ტურისტებს?
დღეს მთელ მსოფლიოში კონკურენცია ძალიან გაზრდილია ტურისტული თვალსაზრისით, ამიტომაც ჩვენ იმ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ბიუჯეტის ფარგლებში, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ვეცდებით პულსზე გვედოს ხელი. მარკეტინგულ აქტივობებს ვგულისხმობ. იმ მიმართულებებზე, საიდანაც ფრენები იქნება ჩვენს ქვეყანაში, გვინდა აჭარის რეგიონის მაქსიმალური პოპულარიზაცია და მარკეტინგი.
მარკეტინგული კამპანია იქნება პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით: შეიძლება ორი კვირის შემდეგ რომელიმე ქვეყანასთან გახსნილი ან დაანონსებული ფრენა საერთოდ გაუქმდეს. შესაბამისად, შეიცვალოს სიტუაცია. სტაბილური გარემო რადგან არაა, ძალიან ჭირს მასშტაბური მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა. ვფიქრობთ, უნდა ვიყოთ მობილიზებული ისეთ მიმართულებებზე, რომელიც იქნება მწვანე ზონები და ძირითადად ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებაზე გვექნება აქცენტი. აქ იგულისხმება როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე ევროპის სამიზნე ქვეყნები, საიდანაც უკვე დაანონსდა ფრენები – მივყვებით იმ პროტოკოლს, რაც ქვეყანას ექნება.
ისრაელი ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარია ჩვენთვის, სადაც უკვე ვმუშაობთ. ვადევნებთ თვალყურს იმ პროტოკოლებს, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს და ამის მიხედვით დაიგეგმება აქტივობები.
მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტი შემცირებულია. ამ ეტაპზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტივობებისთვის დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარია მობილიზებული.
ანუ ჯერ გამოკვეთილი არ გაქვთ სამიზნე ქვეყნები?
ვერ გვექნება. მაგალითად, ამ წუთას ისრაელში შეზღუდულია როგორც შესვლა, ისე გამოსვლა. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ იმ ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე, რომელიც ჩვენს სტრუქტურას აქვს. თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ეფექტურად.
კამპანიები ყველა ქვეყნის მიმართულებით მომზადებული გვაქვს. ველოდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ტურიზმის გახსნის კუთხით ქვეყნები მიიღებენ.
მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული ტურისტული ნაკადების მიმოსვლა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია საქართველოს რომელიღაც ქვეყანასთან ჰქონდეს საზღვარი გახსნილი, თუმცა იმ ქვეყანას ჰქონდეს თავისი მოქალაქეებისთვის რეგულაციები. ძალიან ბევრი დეტალია, რომლებიც გასათვალისწინებელია.
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია არ არის ჯერ კიდევ დაწყებული. როგორ ფიქრობთ, ვინ ჩამოვა საქართველოში ტურისტად?
იმ რუკაზე, რომელზეც აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია დაიწყო, ყვითლად ვართ მონიშნული. ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის ზონის პროტოკოლს თუ გახსნით, რომლითაც ისინი თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებს რთავენ უფლებას იმოგზაურონ, საქართველო მწვანე ზონად არის მიჩნეული და, შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პრივილეგიას გვაძლევს. რაც შეეხება ვიზიტორთა შემოსვლას, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან რთული სათქმელია, მასშტაბურად ტურიზმის აღდგენა.
როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პროგნოზით, 2021 წელი ტურიზმის კუთხით ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯერ კიდევ ახალი შტამები ჩნდება. წლევანდელი პრიორიტეტია – ტურიზმის ფუნქციონირება რეგულაციებით. ტურისტების მიღება დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან და მას სჭირდება როგორც სექტორის, ასევე სახელმწიფოს ჩართულობა, რომ დაკმაყოფილდეს ტურისტების მიღებისთვის ყველა აუცილებელი სტანდარტი.
უსაფრთხოების ნორმების გარეშე ტურიზმი ცალკე არ მოიხსენიება. რაც შეეხება აღდგენის გეგმას, 2022-2023 წლებისთვის ისევ პანდემიის ვითარებაზე დაყრდნობით კეთდება პრიორიტეტები. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ტურიზმი ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და აღდგეს ყველა იმ მიმართულებით ფრენები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე.
პანდემიის ფონზე ტურიზმის დეპარტამენტის ამ წლის პრიორიტეტები რა არის?
პირველი პრიორიტეტია მაქსიმალური მობილიზება პანდემიის კუთხით. კოვიდის მართვის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.
მეორე პრიორიტეტია სერვისის განვითარება. ეს წელი უნდა გამოვიყენოთ ყველა იმ გამოწვევაზე სამუშაოდ, რაც რეგიონს აქვს ტურიზმის კუთხით. ეს გახლავს სერვისი და ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს სერვისების განვითარების კუთხით ისეთ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს ტურისტულად აქტიურ სოფლებში მიიტანოს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აუცილებელია სერვისის დასახვეწად.
გამოწვევაა ტრენინგების ჩატარება დასწრების კუთხით, ამიტომ ყველა ელექტრონულად ერთვება ტრენინგში. უკვე შევქმენით ონლაინპლატფორმა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში ჩაეშვება. მომზადდება სპეციალური ვიდეოგაკვეთილები, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს, სასურველ დროს ნახოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
მესამე პრიორიტეტია ტურისტული პროდუქტის და ინფრასტრუქტურის განვითარება. პანდემიის გამო წინა პლანზე წამოვიდა ეკოტურიზმი და ღია ცის ქვეშ მოგზაურობებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ვფიქრობ, აჭარას და საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. აჭარის რეგიონში დაახლოებით 13 % უკავია დაცულ ტერიტორიებს, 67 % ტყე გვაქვს, უამრავი ბილიკი და ლოკაციაა სოფლად, რომელთას ათვისებაც შეგვიძლია.
ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს მარკირებული მარშრუტები. 15-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტია აჭარაში და ამის განვითარებაზეც ვიმუშავებთ.
ასევე ვფიქრობთ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას, როგორც გიდების, ისე ტურისტული სააგენტოებისთვის, რადგან პანდემიამ ეს სექტორი განსაკუთრებით დააზარალა.
მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთი პროექტები გავაკეთოთ, რაც, პირველ რიგში, ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის გაცნობითი ექსპედიციების გამართვას გიდებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის. ეს მათ საშუალებას მისცემს, ყველა ის ტურისტული პროდუქტი გაიცნონ, რაც მთაში გვაქვს და უფრო მეტი იცოდნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ.
მეოთხე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბათუმისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია.
შიდა ტურიზმის კუთხით რას გეგმავთ?
აჭარის რეგიონი საქართველოში შიდა ვიზიტების გადანაწილების კუთხით მესამე ადგილზეა თბილისის და იმერეთის შემდეგ. აჭარის რეგიონს წლიურად 1 მილიონ 980 ათასი ტურისტი ესტუმრა 2019 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარაში შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია: ჩვენ წელს ვეცდებით ბათუმსა და ზღვასთან ერთად ის უნიკალური ტურისტული პროდუქტები, რომლებზეც ვმუშაობთ მთიან აჭარაში, განსხვავებულად შევთავაზოთ შიდა ვიზიტორებს.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს და შემოსავლებს ვერ გაათანაბრებს შიდა ტურიზმი, თუმცა ვფიქრობთ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება არის მყარი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ჩვენს რეგიონს წელს მისცემს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. რამდენად რეალისტური გეჩვენებათ რეგიონში ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება?
ტურიზმის სექტორში ყველა კითხულობს, ტურიზმი როგორ იმუშავებს, როდესაც კომენდანტის საათი და შეზღუდვებია. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ – წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება. უნდა ვაკონტროლოთ ინფიცირებულთა რიცხვი, რომ შევძლოთ თუნდაც რეგულაციებით ვიზიტორების მიღება. ევროპულ მიმართულებებს თუ ავიღებთ, ბევრ ქვეყანას აქვს ათდღიანი სავალდებულო კარანტინი. კომენდანტის საათი არის დაბრკოლება და ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა აქცენტი უნდა გავაკეთოთ ტურისტების უსაფრთხო მიღებაზე.
ასევე შესაძლებელია კომენდანტის საათი ან მოიხსნას, ან გადაიწიოს. ამაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.
წელს ტურიზმის სეზონს უნდა შევხედოთ, როგორც ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის საშუალებას. ოღონდ მთავარი მიზანი მაინც პანდემიის მართვაა – ჩვენი მოქალაქეების და იმ ტურისტების უსაფრთხოება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვლენ.
მინდა გკითხოთ გიდებზე, რომლებიც სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ტურსააგენტოებზე და სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. ეს ადამიანები თუ არიან რაიმე ფორმით ტურიზმის დეპარტამენტის ფოკუსში?
ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დადგნენ. ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობთ და მუდმივად გვაქვს კავშირი მათთან. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ამ არააქტიურ პერიოდს მათთვის სასარგებლოს გახდის.
მთელი წელი კარანტინის მართვის პროექტში ჩართული იყო 60-მდე სასტუმრო. აჭარის რეგიონში 70 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა სავალდებულო კარანტინი.
გიდებისთვის და ტურსააგენტოებისთვის გასულ წელს დავგეგმეთ ისეთი პროექტები, რომლებიც მათ შეუმცირებდა იმ ხარჯებს, რომელიც შემოსულ ტურისტებზე მომსახურებას გულისხმობდა. ამ კუთხით ჩვენ საგრანტო პროექტებზე ვიმუშავეთ, რომლის ფარგლებში დაახლოებით ოცამდე გიდი დასაქმდა. ასევე გიდები ჩაერთვნენ 400-მდე ობიექტის ინფორმირებაში მთიან აჭარასა და ბათუმში. ასამდე გიდს გადაეცა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები. 50-მდე გიდს გადაეცა აუდიომოწყობილობა, რომელიც ქუჩაში ტურის ჩატარების საშუალებას მისცემდა.
ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისთვის წელსაც ვგეგმავთ პროექტებს. შევეცდებით, მოვიცვათ ის საკითხები, რომლებსაც გიდები აყენებდნენ – ტურებისთვის სახელმძღვანელოების მომზადება, ქალაქის ტურების გამრავალფეროვნება… განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რაც გულისხმობს პროექტებში ჩართვას. რა თქმა უნდა, მეორე რიგის ამოცანაა მომზადება მომავალი წლებისთვის და იმ სერვისების გაუმჯობესება, რაც მათ სჭირდებათ.
სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს 23 თებერვალს მოსთხოვა. ინფორმაცია დღეს, 15 მარტს, მოგვაწოდეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 1.7 პროცენტი ანუ 10 404 ბავშვი არასდროს ყოფილა სკოლის მოსწავლე.
სამინისტრომ აღნიშნული მონაცემების შეგროვება მხოლოდ შვიდი თვის წინ დაიწყო, რადგან მონაცემები, რაც „ბათუმელებს“ მოგვაწოდეს, „პირველადი სტატისტიკური ინფორმაციაა“ და შესაძლოა ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს.
კვლევა , რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ჩაატარა 2016 წელს, აჩვენებს, რომ 5-17 წლის 11 200 ბავშვი არ დადიოდა სკოლაში.
თუმცა განათლების სამინისტრომ მოგვწერა, რომ „ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.“
მათივე განმარტებით, სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად 2020 წლის 10 სექტემბერს დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რაც შესაძლებელს გახდის ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გამოვლინდნენ 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები, დადგინდეს მათი საგანმანათლებლო საჭიროებები და მიიღონ ასაკისთვის შესაბამისი განათლება.
„აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას,“-გვწერს სამინისტრო.
„ბათუმელებმა“ სამინისტროს ასევე ჰკითხა, აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ სკოლის გარეთ მყოფი ბავშვების სასწავლო სივრცეში დაბრუნებას, რაზეც სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიების დონეზე საუბრობს. სამინისტროს განმარტებით, აუცილებელი იქნება ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება.
„სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა. სკოლაში დაგვიანებით ჩარიცხულ მოსწავლეთა ინტეგრაციისა და აკადემიური განვითარებისთვის გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდოლოგია თითოეული ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე.
განსაკუთრებით ღრმა აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეთათვის გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შექმნილი დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამა: სასწავლო რესურსები, სკოლის ადმინისტრატორთა და მასწავლებელთა ტრენინგმოდულები, შეფასებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტები,“- გვწერს სამინისტრო და აქვე დასძენს, რომ:
„სკოლის მიღმა დარჩენილი პირების მოძიება და სკოლაში ინტეგრაცია რთული და კომპლექსური საკითხია. მისი გადაჭრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (სოცმუშაკები, განათლების სპეციალისტები, პოლიცია, მუნიციპალიტეტი და ა.შ.) კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს, ამიტომ პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს განათლების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მანდატურის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“.
ბათუმში ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟისთვის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 1 199 160 ათასი ლარით გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში, ხოლო მონტაჟი-ინსტალაცია უნდა დასრულდეს 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
ამჯერად მერია სხვადასხვა ტიპის 210 სამეთვალყურეო კამერას იყიდის, რომლებსაც 81 ადგილზე დაამონტაჟებს [მერია ასევე შეისყიდის კამერის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებად პროგრამულ უზრუნველყოფას და ლიცენზიას, ასევე გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემას].
ტენდერში გამარჯვებულმა [მიმწოდებელმა] ასევე უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურება ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ:
ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუმში მდებარე სასერვერომდე (ანგისა) და თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში.
შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება (ადგილზე). მიმწოდებელმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეონაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა.
გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტროქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგოდისტრიბუტორ კომპანიასთან (სს ენერგო-პრო ჯორჯია) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ელექტროენერგიის ხარჯს კი მერია გადაიხდის.
მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეოკამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე, თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელძაბვა, მეხის დაცემა, შეუსაბამო საწმენდი სითხის გაყინვა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).
—
ბათუმში დღეს 420 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაა ჩართული, რომელთაგან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ამ კამერების [სისტემების] მოვლაზე ქალაქის მერიას 2021 წლისთვის 437 400 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, ხელშეკრულება კი ტენდერში გამარჯვებულ შპს „დელტა კონსალტინგისთან“ 396 330 ლარზე გააფორმა.
15 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით.
14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 650 პირი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, მათგან 1358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი.
ამ ეტაპზე საქართველოში 1 418 პირი ვირუსს მკურნალობს სახლში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544, აჭარაში – 477, იმერეთში – 647.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს.
სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.
ბ.წ.-მ და მ.წ.-მ აღნიშნული პირები მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში.
გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით.
სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 15 მარტს, აჭარაში კორონავირუსზე მედპერსონალის აცრა დაიწყო. ვაქცინაცია აჭარაში პირველად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, იმუნიზაციის მენეჯერმა ნანა ჯინჭარაძემ გაიკეთა.
კოვიდზე აიცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძეც.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სახელმწიფო აფინანსებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე კოვიდზე აიცრა.
მედპერსონალის ვაქცინაცია დილით, 10:00 საათზე დაიწყო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროცესი ახლაც მიმდინარეობს.
ექიმები მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია და კორონავირუსზე აიცრან. პირველ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ამ დროისთვის მხოლოდ 100 ექიმია რეგისტრირებული ვაქცინაციაზე. აჭარის რეგიონისთვის ვაქცინის 3 980 დოზაა გამოყოფილი.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოიტანეს. ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაუშვეს 2020 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 2021 წლის 4 იანვარს დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ადამიანი, 82 წლის ბრაიან პინკერი აცრესჩერჩილის ჰოსპიტალში, ოქსფორდში.
რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ და როგორ უნდა მოვიქცეთ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ამის შესახებ დეტალები იხილეთ აქ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.
„მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები ძირითადად სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირულნი. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი ველურ ბუნებაშია.
რაც შეეხება დათვის ბელებს, რომელთა ტყიდან გამოყვანის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია, საქართველოში გავრცელებული მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მისი მოკვლა ან დატყვევება კანონით ისჯება,“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
„ზოოლოგიურ ცენტრში“, მურა დათვების თავშესაფარში, სადაც ამ დროისათვის 17 მურა დათვია, აცხადებენ, რომ დათვები ზამთრის პერიოდში შობენ 2-3 ბელს, გაზაფხულამდე თბილ ბუნაგში ჰყავთ გამოსაზრდელად, გაზაფხულის დადგომისთანავე დედას ბუნაგიდან გამოჰყავს თავისი ბელები.
„სამწუხაროდ ეს ბრაკონიერებისათვის ხელსაყრელი დროა დათვზე ნადირობისთვის, რადგან დათვი არ გაურბის საფრთხეს, ბელებს არ ტოვებს უპატრონოდ. ამიტომ ბრაკონიერები მარტივად კლავენ დათვებს, ხოლო დაობლებული, შეშინებული ბელები კი მოჰყავთ სახლებში, ძირითადად გასართობად.
გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია. გადავსებულია ჩვენი ცენტრი დაობლებული დათვებით!“ – ეს განცხადება „ზოოლოგიურმა ცენტრმა“ 17 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირ-ფრინველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
15 მარტს საქართველოში დაიწყება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე მედპერსონალი უნდა აცრან. ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოში ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იწყება. რა ვიცით ამ ვაქცინაზე? „ბათუმელები“ გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.
ვინ შექმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახელწოდებით – AZD1222 – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის, „ასტრაზენეკას“ პროდუქტია. ვაქცინა დაშვებული იქნა 2020 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 2021 წლის 4 იანვარს დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ადამიანი, 82 წლის ბრაიან პინკერი აცრესჩერჩილის ჰოსპიტალში, ოქსფორდში.
რამდენად ეფექტურია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?
ჯანმოს ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა SARS-CoV-2-სგან 63,09 პროცენტით იცავს, თუმცა თებერვალში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა COVID19-ის სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ მეორე დოზით აცრის შემდეგ 82%-მდე იზრდება.
რამდენად უსაფრთხოა ასტრაზენეკას ვაქცინა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის.
როგორ მოქმედებს ვაქცინა?
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა შექმნილია ე.წ. „გაციების“, უფრო ზუსტად – ადენოვირუსის დასუსტებული ვერსიისგან, მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა.
ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინა ეხმარება ორგანიზმს ვირუსისგან დამცავი მექანიზმის, ანტისხეულების წარმოქმნაში, რაც ვაქცინირებულ პირს საჭიროების შემთხვევაში ეხმარება COVID-19-ისგან დაცვაში. ვაქცინის არცერთ ინგრედიენტს არ შეუძლია გამოიწვიოს COVID-19.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა კეთდება 18 წლის ასაკიდან.
რამდეჯერ კეთდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა?
აღნიშნული ვაქცინა კეთდება ორჯერ, კუნთში, ჩვეულებრივ – მკლავზე.
მეორე ინექციის გაკეთება შესაძლებელია პირველი ინექციიდან 4-12 კვირის პერიოდში. მეორე ინექცია ასევე უნდა ჩატარდეს იმავე და არა სხვა კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინით.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, გვერდითი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური კვლევების დროს, შემდეგი იყო:
ძალიან ხშირი [შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანზე მეტს] – ნანემსარ ადგილას ტკივილის, სითბოს ან ქავილის შეგრძნება; ზოგადი სისუსტე; დაღლილობის შეგრძნება; შემცივნება ან სიცხე; თავის ტკივილი; გულისრევის შეგრძნება; სახსრების ან კუნთების ტკივილი.
ხშირი [შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს] – შეშუპება ან სიწითლე ინექციის დროს; ცხელება.
ასეთივე გვერდითი მოვლენები აქვს არაერთ ვაქცინას, რომლებიც წლებია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოში.
რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინის გაკეთებამდე?
ჯანმოს ცნობით, უნდა უთხრათ ექიმს ან ექთანს ვაქცინაციის დაწყებამდე, თუ თქვენ როდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) სხვა ვაქცინის ინექციის შემდეგ; თუ თქვენი იმუნური სისტემა შესუსტებულია (იმუნოდეფიციტი), ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (მაგალითად, მაღალდოზიანი კორტიკოსტეროიდები, იმუნოდეპრესანტები ან კიბოს სამკურნალო საშუალებები); თუ ვაქცინაციის მომენტისთვის გაქვთ მწვავე ინფექცია მაღალი ტემპერატურით (38 ° C- ზე მეტი); თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, ან იღებთ სისხლის გასათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტებს).
რამდენ ხანს იცავს ვაქცინა?
ამჟამად არ არის ცნობილი, რამდენ ხანს შეძლებს COVID19-ისგან დაცვას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. კვლევები გრძელდება.
ჯანმოს ცნობით, როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, AstraZeneca-ს ვაქცინამ შეიძლება ყველა არ დაიცვას, ვინც COVID-19-ისგან დაცვის მიზნით ვაქცინაცია ჩაიტარა.
შეიძლება თუ არა ორსულების აცრა?
ცხოველებზე წინასწარი კვლევები არ აჩვენებს მავნე ზემოქმედებას ორსულობაზე, თუმცა ორსული ქალების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ჯანდაცვის სპეციალისტები, სარგებლისა და რისკის გათვალისწინებით.
რომელ ქვეყნებში იყენებენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას?
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, მექსიკაში, ნიგერიაში და ა.შ.
რატომ შეაჩერეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ზოგიერთ ქვეყანაში?
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირველად დანიამ შეაჩერა 14 დღით, რადგან ქვეყანაში რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, 1 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. მოგვიანებით მსგავსი გადაწყვეტილება ნორვეგიამ და ისლანდიამაც მიიღეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა“ და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს შორის. მისივე თქმით, ჯანმოს ამ დრომდე არ გამოუვლენია გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იყო დაკავშირებული.
სახელმწიფოებს „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერებას არც „ევროპის მედიკამენტების სააგენტო“ (EMA) ურჩევს. ორგანიზაცია დასძენს, რომ არ გამოვლენილა ნიშანი, რომელიც ვაქცინასა და მისი გამოყენებით აცრილ ადამიანთა შორის თრომბის განვითარებას ერთმანეთთან დააკავშირებს.
„ფრაიზერის“ ვაქცინისგან გასხვავებით, რომელიც ინახება -70 გრადუსზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივარშიც, რაც აადვილებს მის შენახვას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
„2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართონ პირდაპირი ეთერი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტის ბოლოს საქართველოში კომპანია „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 14 500 ადამიანისთვის საკმარისი დოზა, რომელიც ასევე მოხმარდება სამედიცინო სფეროს პერსონალის აცრას კორონავირუსზე.
„43 200 ასტრაზენეკას ვაქცინას დაემატება „ფაიზერის“ ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, მარტის ბოლომდე.
14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი, ორჯერადი აცრისთვის.
აპრილში ჩვენ ველოდებით „ასტრაზენეკას“ მეორე აცრისთვის საჭირო დოზებს, 86 ათასი დოზა გარანტირებულად ჩამოვა.
ასე რომ გვაქვს საკმარისი რაოდენობა, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინით. „ფაიზერის“ დოზები გაიყოფა, 29 ათასი დოზა და მოხდება მისი შენახვა, რომ 14 500 ადამიანი მეორე დოზითაც აიცრას „ფაიზერით“.
ხვალიდან უკვე ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-თან.
13 მარტს საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ეს არის „ასტრაზენეკას“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა. საქართველოში სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციის პროცესი ხვალ, 15 მარტს იწყება.
დღეს, 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. დღეს გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც – თანამდებობა დატოვოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.
„ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია ქუთაისში 2 კვირის წინაც გაიმართა.
მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, დატოვოს რიონის ხეობა.
„არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი„არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი„არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 14 მარტის 21 საათიდან 15 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
მთიან აჭარაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 16 მარტს ბათუმში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 17 მარტს – ღამით და 18 მარტს, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა.
15 მარტიდან საქართველოში იხსენება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ:
მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები, რეგულაციების დაცვით;
უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აღდგება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში;
ასევე განახლდება სასკოლო წრეები;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები შეძლებენ რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას.
თეატრები, სპორტული კლუბები და ანსამბლები საქმიანობის სრულად აღდგენას – თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით – შეძლებენ პირველი აპრილიდან.
ძალაში რჩება შეზღუდვა ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე კოლეგებს, ვაქცინაციაზე ეპატიჟება, მინისტრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც აჭარაში ექიმების აცრა ორშაბათ, 15 მარტიდან დაიწყება.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ჩატარდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში – თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება“.
___
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში დღეს შემოიტანეს.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფინეს ნამუშევრები, რომლებიც პანდემიის დროის ტრანს თემის ცხოვრებას ეხმიანება. გამოფენა დამთვალიერებელს იმ რეალობას აღუწერს, რასაც ტრანს თემი ყოველდღიურად გადის.
გამოფენის ავტორს სურს საზოგადოებას დაანახოს როგორ დამძიმდა მათი ცხოვრება პანდემიის დროს, როცა თემის წევრების დიდი ნაწილი მინიმალური შემოსავლის გარეშე დარჩა, მათ შორის ბევრს სახლიც კი არ ჰქონდა, რომელშიც რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების დროს გამოიკეტებოდა.
ავტორის თქმით ეს ინსტალაცია ჩამონგრეული სახლის სიმბოლოა – „პირველი გამოფენის დროს, რომელიც თბილისში გაიმართა, ამ ეს მაგიდა დახრილი არ იყო, რადგან მაშინ არ იყო პანდემია, ახლა ვიტარება უფრო დამძიმდა“
გამოფენის ავტორი არტისტი: უტა ბექაიაა.
„ გვინდოდა დადმოგვეტანა ის გრძნობა, რაც შეიძლება მათმა არსებობამ დატოვოს. ეს ადამიანები არიან უხილავები,თითქოს არ არსებობენ. ვიდეოც, რომ გადავუღოთ ქუჩაში, თითქოს არ ჩანან ამ ვიდეოზე, გვინდა ხილვადები გავხადოთ ისინი.“ – ამბობს გამოფენის ავტორი.
„გრადაციის“ ინიციატორია ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფი [WISG]. პროექტის მხარდამჭერია Propaganda.network, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.
„გრადაცია“ პირველად 2019 წლის 28 ნოემბერს მოეწყო თბილისში, ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს. წელიწადნახევრის შემდეგ კი, ის ბათუმშია წარმოდგენილი, გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ბათუმში დღეს, 13 მარტს, „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც დღეს მუსიკოსებიც შეუერთდნენ.
აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა.
ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ცაგო კახაბერიძის ფოტო
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo.
ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ცაგო კახაბერიძის ფოტობათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ცაგო კახაბერიძის ფოტო
„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.
ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ცაგო კახაბერიძის ფოტო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 14 მარტს დაიწყება და 18 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სასადილოების ბენეფიციარები მათთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტების ერთი თვის მარაგს მიიღებენ – მერიაში ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ როდის დაიწყებენ მუნიციპალური სასადილოები მუშაობას.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო მუშაობს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდულია.
მერიის ინფორმაციით 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით პროდუქტი 6258 ბენეფიციარმა უნდა მიიღოს, პანდემიამდე ისინი მუნიციპალურ სასადილოში სადილობდნენ ან საკვები მიჰქონდათ.
კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
სააგენტოს განცხადების თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გაიტანეს აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო.
კანონმდებლობით, ძეგლის დაცვაზე მთავარი პასუხიმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც ამ პროექტის დამკვეთი და მთავარი მაკონტროლებელია. ძეგლების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს სწორედ ამ სტრუქტურისთვის აქვს ჩაბარებული.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში რეაბილიტაცია-კონსერვაცია შვიდი წლის წინ დაიწყო. ზუსტად ერთი წლის წინ კი საზოგადოებას აცნობეს, რომ არასწორად მოწყობილი სახურავიდან ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ეს ფაქტი 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
2020 წლის 11 მარტს, სააგენტომ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“, მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე არსებული პრობლემების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ რამდენიმე თვე, დაახლოებით ოქტომბრამდე, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო და წყალი ისევ ჩადიოდა.
გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტი ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მოამზადა. სამუშაოებს კი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ ასრულებდა. მას, თავის მხრივ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ – შპს „იკორთა 2007“-თან. 2021 წელს ამ საქმეში კიდევ ერთი კომპანია – „ბაგინეთი +“ გამოჩნდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ორჯერ გაფუჭებული საქმის – გადახურვის გადახურვის მოწყობა“ დაუკვეთა.
გელათის რესტავრაციის პროცესში მონაწილე კომპანიები და მათი კავშირები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეკონსტრუქციაში მონაწილე პირების შესწავლა ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობით“ უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ კომპანიამ მოამზადა პროექტი, რომლის მიხედვითაც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ თავის ქვეკონტრაქტორთან ერთად ძეგლის რესტავრაცია დაიწყო.
კომპანიის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა – ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ მან მეგობრებთან ერთად 2007 წელს დააფუძნა. სწორედ ამ წელს დაიწყეს მუშაობა გელათის რესტავრაცია- კონსერვაციის პროექტის მომზადებაზეც.
2003 -2004 წლებში კახა ტრაპაიძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორი, ასევე საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტში.
ააიპ-ში გამგეობის წევრია მაია ხაჩიძე. ის და კახა ტრაპაიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები. მაია ხაჩიძე 2002-2011 წლებში საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა: 2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში, 2004-2005 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2005- 2006 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციულ სამსახურში განვითარების მენეჯერად, ხოლო 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების მენეჯერი იყო.
„საქართველოს მემკვიდრეობის“ პროექტის თანაავტორები სააგენტოს თანამშრომლები არიან
სააგენტოს ჯერჯერობით ეჭვქვეშ არ დაუყენებია პროექტი, რომელიც ამ სააგენტოს ძეგლების საბჭომ განიხილა და დაამტკიცა. გელათში სწორედ მის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით იმუშავა „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“. ცენტრის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შესაძლოა პროექტი შეიცვალოს.
თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ შესაძლოა პასუხისმგებლობის გაზიარება, სამუშაოების შემსრულებელთან ერთად მოუწიოს პროექტის ავტორს – „საქართველოს მემკვიდრეობასაც“.
სათანადო დოკუმენტაციის შესწავლის გზით ირკვევა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის თანაავტორები სააგენტოს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები არიან:
„საქართველოს მემკვიდრეობის“ დამფუძნებლებთან ერთად, პროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ არქიტექტორ-რესტავრატორი გიორგი სოსანიძე [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი] და ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე [სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი]. გიგლა ჭანუყვაძე კი, რომელმაც პროექტის ტექნიკურ-ვიზუალურ კვლევაზე იმუშავა, 2013-2014 წლებში ნებართვების და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი კოორდინატორი იყო.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
„ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გელათის სარეაბილიტაციო პროექტში 2013 წლიდან ჩაერთო. მას თხოვნით მიმართა ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ დახმარებოდა საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური სახსრების მოძიებაში.
2013 წელს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან 600 ათასი აშშ დოლარის გრანტი მიიღო პროექტისთვის – „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“. საგრანტო დაფინანსება მოიცავდა გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას.
2014-2015 წლებში ცენტრმა დამატებით 200 000 აშშ დოლარამდე დაფინანსება მოიპოვა. 2017 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 349 075 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერიც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ მოიგო.
ააიპი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ 2001 წელს არის დაფუძნებული. ცენტრის ხელმძღვანელია მარიამ დვალიშვილი, გამგეობის წევრები კი ნანა კუპრაშვილი და თამარ კიკნაძე არიან. ორგანიზაციის თავდაპირველი სახელწოდება იყო – „ისტორიალი“.
იკორთა 2007
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „გელათის რეაბილიტაციის საქმეზე“ პროექტში ჩართული ორი კომპანია – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „იკორთა 2007“ დააჯარიმეს. თუმცა ჯერჯერობით სასამართლო პროცესი არ გამართულა და უცნობია, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ კომპანიებს ან საერთოდ დაეკისრებათ თუ არა.
გია ხურცილავა, „იკორთა 2007“-ის მენეჯერი ამბობს, რომ უხარვეზო იყო სამუშაოები, რომელიც მან შეასრულა. გულისხმობს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის წითელი მოჭიქული კრამიტით გადახურვას. ხურცილავა ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემდეგ ის გელათში აღარ მუშაობდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსზე დროებითი გადახურვის ხელახლა მოწყობა სახელმწიფოს 238 093 ლარი დაუჯდა.
გია ხურცილავა „იკორთა 2007“-ის 33,3 % – ის მფლობელი და ხელმძღვანელია. კომპანიის წილებს ფლობენ ასევე ბესიკ ჭკუასელი და ტარიელ კერვალიშვილი.
„იკორთა 2007 “-ს 2011 წლიდან აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობის გამოცდილება – კომპანიას სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ბევრჯერ აქვს მოგებული. გაცილებით მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვს კომპანიას გაფორმებული თბილისის განვითარების ფონდთან.
ბაგინეთი +
შპს “ბაგინეთი +” გელათის ამბავში 2021 წლის იანვრიდან, ანუ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გაირკვა, რომ ტაძარში წყალი დროებითი გადახურვის შემდეგაც ისევ ჩავიდა. ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე მეორე დროებითი გადახურვის მოსაწყობად კომპანია „ბაგინეთი +“ დაიქირავა.
საინტერესოა, რომ საქმის გამოსასწორებლად, ანუ გადახურვის გადახურვის მოსაწყობად სააგენტომ პროექტის ავტორთან – „ააიპ საქართველოს მემკვიდრეობასთან“ დაკავშირებული კომპანია შეარჩია. „ბაგინეთი +“-ში ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სწორედ კახა ტრაპაიძეა. მასთან ერთად „ბაგინეთი +“ – ის დამფუძნებლები არიან გივი ყიფიანი [ის „საქართველოს მემკვიდრეობაშიც“ ფიგურირებს] და გურამ იაკობაშვილი.
„ბაგინეთი +“ – ი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მიმწოდებელია.
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.
13 მარტის დილის მონაცემებით, ბათუმში კლინიკა დატოვა 2-მა პაციენტმა, კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) ასევე 2 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 92 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -29, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 78.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულია სულ 35 819 პაციენტი.
13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.
—
13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.
შესაძლოა საქართველოში კომერციული ვაქცინაც შემოვიდეს.
13 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 32090 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21945, PCR ტესტით – 10145
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ არის – 274721
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 268004 , ბოლო 24 საათში – 240
მათ შორის გარდაცვლილი სულ – 3643
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო 7 დღის – 1,55%
კარანტინის რეჟიმშია – 241
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1316
კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 131
—
13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.
დღეს, 13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.
სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.
„ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს“ – იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, სამივე მათგანი ცოცხალია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორმა, თემურ ჯახვამ მიაწოდა, რომლის კომპანია გომის მთის გზის მოვლა-შენახვაზე მუშაობს.
ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.
„სამი გადარჩა, მითხრეს, რომ მივიდა უკვე მაშველთა ჯგუფი ადგილზე, უკვე ტანსაცმელს და „ვალინკებს“ წვავდნენ, რომ არ გაყინულიყვნენო. ახლა მიმდინარეობს გამოყვანის ოპერაცია. ერთი გარდაცვლილია, რომელზეც დილითვე ითქვა“ – გვითხრა თემურ ჯახვამ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს აღენიშნებათ ჰიპოთერმია.
„მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ ბოხვაურიდან სანადიროდ წავიდა. დღეს დილით სამაშველო სამსახურს ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და შველა ითხოვა. დილითვე გახდა ცნობილი, რომ ოთხიდან ერთი ახალგაზრდა გაიყინა.
მაშველთა ათკაციანი ჯგუფი ახალგაზრდებს ათი საათის განმავლობაში ეძებდა. 2 მეტრი სიმაღლის თოვლის გამო მაშველები ავტომობილით ვერ გადაადგილდებოდნენ, ძლიერი ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ვერ ჩაერთო ვეტმფრენი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა ისინი ხევში არიან და მათ გამოსაყვანად მაშველები მუშაობენ.
„ხმა მიაწვდინეს, სადაც არიან ჩავარდნილი. როგორც ჩანს, გაუჭირდათ, ამ დილას გადაწყვიტეს მობრუნება და მოკლე გზით უნდოდათ წამოსვლა.
კლდეებთან, „ვახტანგის წყაროს ეძახიან, იქ ხდება ეს ამბავი.
ისეთ ადგილას არიან ჩასული, ვერც მაღლიდან ჩადიან და ვერც ქვევიდან უახლოვდებიან. ხმა მიწვდინეს, გზიდან 300-400 მეტრში არიან დაახლოებით, ხევში, რა ინფორმაციაც მაქვს. მითხრეს, რომ ამ წუთებში მიდის სამაშველო ოპერაცია მათ გამოსაყვანად.
20 წუთის წინ დამატებით ორი ბურანი წავიდა დასახმარებლად. ადგილზეა გუბერნატორი და პოლიციაც“ – გვითხრა თემურ ჯახვამ, კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორმა. ეს კომპანია გომის მთის გზის მოვლა-შენახვაზე მუშაობს.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ უპასუხეს.
გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ ბოხვაურიდან სანადიროდ წავიდა. დღეს დილით სამაშველო სამსახურს ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და შველა ითხოვა. დილითვე გახდა ცნობილი, რომ ოთხიდან ერთი ახალგაზრდა გაიყინა.
მაშველთა ათკაციანი ჯგუფი ახალგაზრდებს ათი საათის განმავლობაში ეძებდა. 2 მეტრი სიმაღლის თოვლის გამო მაშველები ავტომობილით ვერ გადაადგილდებოდნენ, ძლიერი ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ვერ ჩაერთო ვეტმფრენი.
„საერთაშორისო საფოსტო კავშირმა“ (Universal Postal Union) ბავშვებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. 2021 წლის საკონკურსო თემააა – „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ19 პანდემიასთან დაკავშირებით”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა ახალგაზრდა თაობაში, „ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება“.
ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და საჩუქარი.
საკონკურსო პირობები და წესები:
[checklist]
2021 წლის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“ (“Write a letter to a family member about your experience with COVID-19)
ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით
მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების (ადრესატის) მონაცემები
წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით
ნამუშევრის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას
კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული
ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ერთეულს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს
ნაშრომში უნდა იყოს შენარჩუნებული წერილის ფორმა
წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე.
[/checklist]
„იმ შემთხვევაში, თუ წერილი არ იქნება თანხვედრაში კონკურსის სავალდებულო წესებსა და პირობებთან, ნამუშევარი არ განიხილება,“ – ამბობს „საქართველოს ფოსტა“.
აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამართზე: letter@gpost.ge
„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ დარეგისტრირდება კონკურსანტი მონაწილედ. „წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოთ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან,“- განმარტავენ „საქართველოს ფოსტაში“.
მონაწილემ საკონკურსო ნამუშევარი 2021 წლის 2 აპრილამდე უნდა წარადგინოს.
ფოსტის ინფორმაციით, წელს „წერის საერთაშორისო კონკურსის“ 50 წლის იუბილე აღინიშნება. „კონკურსში ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყნიდან“.
იმის მიუხედავად, რომ 18 წლამდე მოზარდებს ადვოკატის დამოუკიდებლად აყვანის უფლება აქვთ, ისინი ამ უფლებას არ იყენებენ. მოზარდს თავადაც შეუძლია საჩივარი მოამზადოს და უჩივლოს მშობელს, მასწავლებელს, ექიმს ან ნებისმიერს, ვისზეც ფიქრობს, რომ მის უფლებას არღვევს. ეს გაწერილია ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო. ჩანაწერი, რომლითაც ბავშვს ადვოკატის აყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, 2020 წლის სექტემბერში ამოქმედდა.
„ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს,“ – წერია ბავშვთა უფლებების კოდექსის 74-ე მუხლში. მანამდე მხოლოდ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ არსებობდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს ეხება.
რადგანაც დამოუკიდებელი ადვოკატის მომსახურება ფასიანია, ხოლო ბავშვის საჩივარი შესაძლოა მშობელს არ მოსწონდეს, მოზარდი ლოგიკურად იურიდიული დახმარების სამსახურს ან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიმართავდეს, სადაც უფასო იურიდიული მომსახურების მიღება შეიძლება.
„მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა არასრულწლოვანმა მოგვმართა და მას დავეხმარეთ,“ – გვითხრეს იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროში.
„უფლებები დაიწერა ფურცელზე, მაგრამ მისი აღსრულებისთვის არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები. შესრულდა ფორმალურად ვალდებულება, თუმცა არსად გვიწერია, რა როგორ უნდა შესრულდეს, არსებობს არაერთი ბარიერი,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი, ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
რა იყო ბათუმის შემთხვევა, როცა მოზარდმა ადვოკატს მიმართა?
აღმოჩნდა, რომ არაერთი პრობლემის მიუხედავად, ერთადერთი შემთხვევაც ბათუმში წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა უკვე ბავშვთა კოდექსი მოქმედებს, უკავშირდება არა რომელიმე უფლების დარღვევას ან მოზარდის პრობლემას, არამედ ტექნიკურ საკითხს.
„ქონების განკარგვა სურდა და დოკუმენტი მოვუმზადეთ,“ – გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელმა, იამზე ზანდარაძემ. დეტალების გასაგებად მან პირის თანხმობა მიიღო და მოზარდის მშობელს დაგვაკავშირა.
„ჩემს შვილს ავტომანქანის გაყიდვა სურდა, მანქანა მის სახელზე იყო გაფორმებული და 17 წლისაა. კანონის მიხედვით, 18 წლის ასაკამდე ქონებას პირი ვერ განკარგავს. ეს იყო მოსაწესრიგებელი, რომ მე მომცემოდა ავტომანქანის გაყიდვის უფლება,“ – გვითხრა ჯემალ ბოლქვაძემ, ის 17 წლის მოზარდის – გიორგი ბოლქვაძის მამაა.
რა მოცემულობაა ქვეყნის მასშტაბით? – კითხვით მივმართეთ იურიდიული დახმარების სამსახურის პრესცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე სულ 651 საქმეზე განხორციელდა ამ უწყების იურისტების წარმომადგენლობა. აქ იგულისხმება ნებისმიერი დავა, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, ქონების გაყოფა, განქორწინება და ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია ბავშვთან.
რამდენია ისეთი შემთხვევა, როცა კონკრეტულად ბავშვმა გამოხატა სურვილი ვინმეს წინააღმდეგ ედავა და მიიჩნია, რომ მისი უფლება ირღვევა? – იურიდიული დახმარების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ მონაცემების გასაგებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო. პრაქტიკოსი იურისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით კი, მოზარდები კანონის არსებობის მიუხედავად, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების უფასო მომსახურებით დამოუკიდებლად არ სარგებლობენ.
„პანდემიამ შეგვიშალა ხელი, საჭიროა სკოლებში გასვლითი ღონისძიებები და ბავშვებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება,“ – გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელმა, იამზე ზანდარაძემ.
რატომ არ მიდიან მოზარდები ადვოკატებთან, ან არ წერენ დამოუკიდებლად საჩივრებს?
„პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის მისი უფლებები, რომ გაიაზროს, რა არის უფლებების დარღვევა,“ – გვიყვება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა არგანაშვილი. პრობლემის საილუსტრაციოდ იურისტი ასახელებს ექიმთან ვიზიტს და, მაგალითად, იმ უფლების ცოდნას, რომ 14 წლიდან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მას მშობლის გარეშე შეუძლია შეხვდეს ექიმს.
„უნდა იცოდეს ეს, რომ მოზარდმა გააცნობიეროს, უფლება რომ დაირღვა, ისევე, როგორც ექიმთან ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა,“ – დასძინა ანა არგანაშვილმა.
კანონი არ ადგენს ქვედა ზღვარს, როცა ბავშვს შეუძლია ადვოკატს მიმართოს, ან დამოუკიდებლად სარჩელით მიმართოს სასამართლოს. მოზარდებისთვის სპეციალური ადაპტირებული სარჩელების ფორმა ამ დროისთვის სასამართლოს უკვე აქვს, რაც ევროსაბჭოს ოფისის დახმარებით შემუშავდა.
„ჩვენ დავტესტეთ, როგორ მუშაობდა ადაპტირებული სარჩელის ფორმა და სამმა ბავშვმა შეიტანა სარჩელი, მათ შორის, ყველაზე მცირე 7 წლის ასაკის იყო. სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში ეს სარჩელები, მუხლი არასწორად არის მითითებულიო, ანუ ადაპტირებული ფორმა კი მიიღეს, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობაში აღარ ჩაწერეს, რომ ბავშვის მიერ შევსებული სარჩელი შესაძლოა სრულყოფილი არ იყოს. ამ თემაზე საპროცესო კანონმდებლობის ჰარმონიზება არ მომხდარა ბავშვის უფლებების კოდექსთან, ამიტომ, დღეს ბავშვების მიერ სასამართლოსათვის მიმართვა ფასდება ფაქტობრივად იმავე კრიტერიუმებით, რითაც ადვოკატების სარჩელები,“ – აღნიშნა ანა არგანაშვილმა „ბათუმელებთან“.
უფლებადამცველების თქმით, ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი ავტომატურად გაუმჯობესდეს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დასავლურ პრაქტიკაზე, როცა სკოლა, სამედიცინო დაწესებულება ან სოციალური დაცვის სამსახური ქმნიან შიდა მექანიზმებს იმისთვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს მათი უფლებების დაცვასა და ადვოკატებთან დაკავშირებაში.
„ჩვენთან პირიქით ხდება,“ – ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს იურისტი ანა არგანაშვილი, როცა 2 დღის წინ ზრუნვის სააგენტოს უზენაეს სასამართლოში, ორგანიზაციის სახელით, დავა მოუგო, -„12 წლის მოზარდი იყო მინდობით აღზრდაში, გადაჰყავდათ სხვა ოჯახში და ამ დროს ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. ბავშვმა მოგვმართა იურიდიული დახმარების მისაღებად, მაგრამ ზრუნვის სააგენტომ, რომელიც იყო ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, აგვიკრძალა ბავშვთან ურთიერთობა“.
უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე მოზარდი გააშვილეს, შესაბამისად, მასთან კომუნიკაცია ზრუნვის სააგენტოს აღარ აქვს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სოცმუშაკი ხედავს, რომ კონკრეტულ ადვოკატთან მოზარდის ურთიერთობა ბავშვისთვის საზიანოა?
იურისტის, ანა არგანაშვილის აზრით, ნებისმიერ პირს, მათ შორის სოციალურ მუშაკს შეუძლია ადვოკატის წინააღმდეგ მიმართოს ადვოკატთა ეთიკის კომისიას, თუმცა ადვოკატები, რომლებიც ბავშვებს იცავენ, როგორც წესი, არიან გადამზადებულები ბავშვთა უფლებებში და მოქმედებენ კანონმდებლობისა და ადვოკატთა ეთიკის ფარგლებში.
„თუმცა პრობლემა ესეცაა, რომ ადვოკატები ერთხელ აბარებენ ბავშვთა უფლებებში გამოცდას და იღებენ ლიცენზიას. პერიოდულად უნდა ხდებოდეს გადამზადება, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია, მაგალითად, შემდეგ საკითხებზე: როგორ ელაპარაკო ბავშვს, ბავშვის ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციიის წესი, ან მოდული ფსიქიკურ ჯანმთელობაზე… ჩვენთან ადვოკატებისგანაც მოისმენთ, ისე დავიცავ, როგორც ჩემი შვილისთვის მენდომებოდაო. არაა ეს სწორი სტანდარტი, რადგან ფაქტია, რომ ის შენი შვილი არ არის, უნდა მიიღო და აღიარო ბავშვის განსხვავებული გამოცდილება და ინდივიდუალური სიტუაციიდან დაინახო, რა არის მისი საუკეთესო ინტერესი.
ადვოკატებს ხშირად გვიწევს იმის გააზრება, რომ ბავშვი არის ჩვეულებრივი კლიენტი და მის ინფორმირებულ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო და არ შეგიძლია მას მოახვიო შენი შეხედულებები, მისი საუკეთესო ინტერესების შესახებ, იმიტომ, რომ პატარაა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა. მას ამ დროისთვის 20-მდე საქმე აქვს, სადაც ბავშვების უფლებებს იცავს.
კურორტ გომის მთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების პოვნა და გამოყვანა ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო ამ დრომდე [ 16:00 სთ] ვერ ხერხდება.
ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ჯერჯერობით ვერ ერთვება ვერტმფრენი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იპოვეს ახალგაზრდების ზურგჩანთები, რომლებიც მათ სავარაუდოდ გზაზე დატოვეს.
ამ დროისთვის კურორტ გომის მთაზე დიდთოვლობაა.
გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ ბოხვაურიდან სანადიროდ წავიდა. დღეს დილით სამაშველო სამსახურს ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და შველა ითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხიდან ერთი ახალგაზრდა გაიყინა.
სამაშველო სამუშაოები გომის მთაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, მდინარე ჭოროხისპირას, ამჯერად მიწის ორ ნაკვეთს ყიდის. ნაკვეთებზე ცალ-ცალკე აუქციონია გამოცხადებული.
ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ 8 491 კვ.მ მიწის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონი ლარია, ხოლო მეორე ნაკვეთი, რომელიც იქვე ახლოს, კახაბრის დასახლებაში მდებარეობს, 4 409 კვ.მ-ია და 470 ათას ლარად იყიდება. ვაჭრობის ბიჯი შესაბამისად, 25 ათასი და 10 ათასი ლარია.
პირველ ნაკვეთზე მომავალმა მესაკუთრემ ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს [წარმოების ხაზი, დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა] მშენებლობის ნებართვა უნდა მიიღოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეში, ხოლო 42 თვის ვადაში, ნაგებობა ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას. ამ ყველაფერში კი, არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.
რაც შეეხება მეორე ნაკვეთს – მომავალ მესაკუთრეს იგივე ვალდებულება ექნება, ოღონდ ნებართვა 9 თვეში უნდა მიიღოს, შენობა ექსპლუატაციაში 36 თვეში გაუშვას და არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს.
ქონების შემსყიდველებს ასევე ევალებათ, სამომავლოდ საწარმოებში დასაქმებულთა არანაკლებ 90% იყოს საქართველოს მოქალაქე; დასაქმებულთა თანაფარდობისა და საწარმოს პროფილის შენარჩუნება კი ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთები [აღნიშნულია ყვითელი ფერით]ამ ტერიტორიაზე, სადაც ეს ნაკვეთები იყიდება, გზებს ბათუმის მერია მოაწყობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გზების მოწყობის მიზანი სამრეწველო ზონის განვითარებაა.
გზების მშენებლობაზე ტენდერი მერიას 18 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. სამუშაოების შესრულებას კი, შპს New Road 13 588 888 ლარად სთავაზობს. მერიის ეს ტენდერი 12 მარტის მდგომარეობით, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ელენე მჟავანაძე ტაქსის მძღოლია ბათუმიდან. ცხრა წელია რაც ამ საქმიანობას ეწევა და პანდემიის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას. ელენე ტაქსის მძღოლობაზე ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდა, როცა საბერძნეთში, ემიგრაციაში იყო. „ვხედავდი ტაქსის მძღოლ ქალებს და მომწონდა. ვფიქრობდი, როცა ბათუმში დავბრუნდებოდი, სხვა თუ ვერაფერს ვიშოვიდი სამუშაოს, აუცილებლად ტაქსის მძღოლი გავხდებოდი“ – გვეუბნება ელენე. გვიყვება, როგორია მარტოხელა დედის ცხოვრება, როგორ მიატოვებინებს მისი საყვარელი საქმე – ცეკვა და როგორ უწევდა მძიმე შრომა საკუთარი თავის და შვილების გადარჩენისთვის.
ელენეს ცხოვრება პანდემიაში
„პანდემიამ თითქოს ცხოვრება გააჩერა. ყველა ჩუმადაა, თითქოს არავინ არაფერზე საუბრობს, მაგრამ პრობლემები აღარ ილევა. იმედს არ ვკარგავ, რომ ძველი ცხოვრება დაბრუნდება,“ – ამბობს ელენე.
პანდემიამდე ელენე ძირითადად ღამის ცვლაში მუშაობდა. ამბობს, რომ ეს მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან დილით სახლის საქმეებს ასწრებდა, შუადღით თავს წაძინების უფლებას აძლევდა, საღამოს კი ისევ სამუშაოდ გადიოდა.
„როცა შეზღუდვები მოიხსნება, აუცილებლად გადავალ ღამის ცვლაზე,“ – ამბობს ის.
სანამ ყველაფერი ჩაიკეტებოდა, ელენეს შეთავაზება ჰქონდა მუნიციპალური ავტობუსის მძღოლობაზე. თუ შეთავაზება კიდევ მექნება, უარს არ ვიტყვი და ავტობუსის მძღოლადაც ვიმუშავებო, – ამბობს.
9 წელი ტაქსიში
ღამით მუშაობა ხშირად უწევს, თუმცა როგორც გვეუბნება, სექსუალური შევიწროების ან გენდერული ნიშნით ჩაგვრის შემთხვევები არ ჰქონია. მხოლოდ იმას იხსენებს – „ერთი-ორჯერ ფული არ გადამიხადეს, „გადამაგდესო“. „სხვა მძიმე შემთხვევები არ მქონია. უფრო მეტად მაქებენ ხოლმე – ყოჩაღ ქალო, რა კარგ საქმეს აკეთებთო, უთქვამთ ახალგაზრდებს და ხანდაზმულებსაც“, – გვეუბნება ელენე.
მისი თქმით, ტაქსის მძღოლს მარტო მგზავრების გადაყვანა არ უწევს, ხშირად ტვირთიც გადააქვს, ამიტომ ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო, რომ ტვირთი ჩადო მანქანაში ან ჩამოიღო. „მანქანა ტექნიკურად გამართული უნდა გქონდეს, ძრავა, ელექტროობა, ყველაფერს მე ვაკეთებ. მანქანასაც მე ვრეცხავ,“ – გვეუბნება ელენე.
საკუთარი მანქანა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა. ჯერ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი კერძო კომპანიაშიც დასაქმდა.
„ქალის შრომა ყოველთვის რთული იყო და ასე იქნება მომავალშიც, რადგან გარეთ შრომაც გიწევს და სახლშიც. ისეთი დღეებიც მაქვს, სადილობასაც ვერ ვასწრებ. საჭმელს დავდგამ, დამირეკავს მგზავრი, გავდივარ, მოვალ გავაგრძელებ, ისევ დამირეკავენ, ისევ გავდივარ და შეიძლება ისე დაღამდეს, ვერც კი დავასრულო კერძის მომზადება“.
ელენე: „ისეთი დღეებიც მაქვს, როცა სადილობასაც კი ვერ ვასწრებ“.
პროფესია, რომელიც ძალიან უყვარდა, მიატოვებინეს
ელენე მჟავანაძე
სკოლის დასრულების შემდეგ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა და მოცეკვავე გახდა. მუშაობდა კიდეც 6 წელი ცეკვის მასწავლებლად, თუმცა დაქორწინების შემდეგ, როგორც ელენე გვიყვება, ქმარმა მუშაობის უფლება აღარ მისცა. „ფიქრობდა, რომ ქალის ადგილი სახლშია. თუ ქალი სახლში დაჯდება, მაშინ ქმარმა უნდა უზრუნველყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი პატარა შვილი გყავს. არც მუშაობის უფლებას მაძლევდა, არც გვარჩენდა, ამიტომ დავშორდით,“ – ამბობს ელენე.
მძიმე წლები გამოიარა. 90-იან წლებში, როცა პური, შაქარი და სხვა სურსათი ტალონებით იყიდებოდა, ოჯახს საკმარისი პურიც კი არ ხვდებოდა. „ჩემი შვილები როცა თვალს გაახელდნენ, მაშინვე იტყოდნენ – „მშია“. ხშირად მშიერიც კი ვყოფილვარ: მე როგორ შევჭამდი, როცა შვილებს არ ჰყოფნიდა,“ – გვეუბნება ელენე.
გვეუბნება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ დამოუკიდებლობა და რეალიზება ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. „ცხოვრებაში არასდროს უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული, შენს საქმეს სხვა არასდროს გააკეთებს. ამიტომაც დავიწყე ბრძოლა, ჯერ ჭურჭლის მრეცხავად ვიმუშავე ორი წელი, შემდეგ ინგლისური ვისწავლე და პორტში დავიწყე მუშაობა“.
საყვარელ საქმეზე მეორედ მოუწია უარის თქმა, რადგან ამბობს, რომ ორ შვილს ცეკვის მასწავლებლის მაშინდელი ხელფასით ვეღარ გაზრდიდა. „მიზერული ანაზღაურება გვქონდა მაშინ მასწავლებლებს, თანაც კუპონებში“.
13 წელი ემიგრაციაში – შვილებისგან შორს
„ნაქირავებში ვცხოვრობდი, სახლიდან სახლში გადასვლა მიწევდა პატარა ბავშვებით, ეს უნდა დამესრულებინა, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. რთული იყო შვილების მიტოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ბავშვები ჩემს დასთან დავტოვე და საბერძნეთში წავედი. ახლა ბევრად მარტივია, რადგან ინტერნეტია და ეს მეტ-ნაკლებად გიმსუბუქებს სიშორეს, შეგიძლია დაურეკო ბავშვებს, მაშინ კი არც ინტერნეტი იყო, არც ტელეფონი, თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებდი დარეკვას.
ყველგან ვმუშაობდი, – მომვლელად, მრეცხავად, კიბეებსაც ვასუფთავებდი… ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ჩემს შვილებს ბინა ჰქონოდათ. შემდეგ ბათუმში დავბრუნდი, საკუთარი სახლი ვიყიდე, შვილებიც წამოიზარდნენ ,“ – ამბობს ელენე.
შვილის ცარიელი საფლავი – მაინც ველოდები
„მე ისევ ველოდები“ – ელენეს ჯარისკაცი შვილი წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგა.
მძიმე, დუხჭირი წლების გადალახვის შემდეგ ელენეს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. სამხედრო წვრთნების დროს დაიკარგა მისი შვილი იაგო შარაძე, მასთან ერთად კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიკარგა ზღვაში. რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად, მაშველებმა ზღვაში დაკარგული სპეცრაზმელები ვერ იპოვეს.
„შემძულდა ზღვა“ – ამბობს ელენე, თუმცა როცა მგზავრი არ ჰყავს, მაინც სულ ზღვის ნაპირისკენ მიიჩქარის. „იქ სადაც ჩემი შვილი გაუჩინარდა, არ შემიძლია მშვიდად ავუარო გვერდი. შვილის ცარიელი საფლავი მაქვს, რადგან იქ არ არის, ასე მგონია, რომ დაბრუნდება… მე მაინც ველოდები,“ – ამბობს ელენე.
იაგოსგან ორი შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც ბებიას ხშირი სტუმრები არიან. „ჩემი რძალი ცხინვალიდანაა, დევნილია. წეროვანში ცხოვრობდა და როცა იაგო დაიღუპა, ისევ წეროვანში დაბრუნდა მშობლებთან. ზოგჯერ მე ჩავდივარ მათთან, ზოგჯერ ბავშვები ჩამოდიან. მინდა, რომ იაგოს ოჯახი მყარად მყავდეს და ვცდილობ, მათზე ვიზრუნო.“ – ამბობს ელენე.
მისი თქმით, ქალს ორმაგად უწევს ბრძოლა, რადგან ცხოვრება აიძულებს ორმაგად ძლიერი იყოს. „ჩემს თავს უფლებას არ მივცემ უკან დავიხიო და დავეცე,“ – გვეუბნება ელენე.