მთავარი,სიახლეები

„გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს ხმა მიაწვდინეს“ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

12.03.2021 • 1698
„გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს ხმა მიაწვდინეს“ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა ისინი ხევში არიან და მათ გამოსაყვანად მაშველები მუშაობენ.

„ხმა მიაწვდინეს, სადაც არიან ჩავარდნილი. როგორც ჩანს, გაუჭირდათ, ამ დილას გადაწყვიტეს მობრუნება და მოკლე გზით უნდოდათ წამოსვლა.

კლდეებთან, „ვახტანგის წყაროს ეძახიან, იქ ხდება ეს ამბავი.

ისეთ ადგილას არიან ჩასული, ვერც მაღლიდან ჩადიან და ვერც ქვევიდან უახლოვდებიან. ხმა მიწვდინეს, გზიდან 300-400 მეტრში არიან დაახლოებით, ხევში, რა ინფორმაციაც მაქვს. მითხრეს, რომ ამ წუთებში მიდის სამაშველო ოპერაცია მათ გამოსაყვანად.

20 წუთის წინ დამატებით ორი ბურანი წავიდა დასახმარებლად. ადგილზეა გუბერნატორი და პოლიციაც“ – გვითხრა თემურ ჯახვამ, კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორმა. ეს კომპანია გომის მთის გზის მოვლა-შენახვაზე მუშაობს.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ უპასუხეს.

გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ ბოხვაურიდან სანადიროდ წავიდა. დღეს დილით სამაშველო სამსახურს ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და შველა ითხოვა. დილითვე გახდა ცნობილი, რომ ოთხიდან ერთი ახალგაზრდა გაიყინა.

მაშველთა ათკაციანი ჯგუფი ახალგაზრდებს ათი საათის განმავლობაში ეძებდა. 2 მეტრი სიმაღლის თოვლის გამო მაშველები ავტომობილით ვერ გადაადგილდებოდნენ, ძლიერი ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ვერ ჩაერთო ვეტმფრენი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: