Batumelebi | რა იგეგმება წელს აჭარაში ტურიზმის კუთხით – ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან რა იგეგმება წელს აჭარაში ტურიზმის კუთხით – ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან – Batumelebi
RU | GE  

რა იგეგმება წელს აჭარაში ტურიზმის კუთხით – ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან

„წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება,“ – ეს ფრაზა ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ ახსენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის სექტორის გამოსაცოცხლებლად და რამდენად შესაძლებელია ეს იმ ფონზე, როცა უცნობია, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი. „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე პასუხობს.

  • სტატისტიკით დავიწყოთ, რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა 2021 წლის პირველ ორ თვეში აჭარაში?

2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში დაახლოებით 86 %-ით შემცირდა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკას რომ შევხედოთ, დაახლოებით 75-85 %-მდე დაიკლო მოგზაურთა ვიზიტებმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოც ამ ფორმატში ჯდება.

ამ ეტაპზე მსოფლიოში ისევ დიდი გამოწვევის წინაშე დგას ტურიზმი. შესაბამისად, მოგზაურობა მაქსიმალურად შეზღუდულია.

ჯერჯერობით ტურისტული სერვისები არაა აღდგენილი და ქვეყნები არ მოუწოდებენ ტურისტებს მოგზაურობისკენ. იგივე ევროზონის ქვეყნებს თავიანთი პროტოკოლი აქვთ, პირდაპირ უწერიათ, რომ არააუცილებელი მოგზაურობა ჯერ კიდევ შეზღუდვებს ექვემდებარება. ძირითადად სამუშაო და ბიზნესთან დაკავშირებული მიზეზებით გადაადგილდებიან ადამიანები.

  • ამ ფონზე რა მოლოდინი აქვს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, წელს როგორი იქნება ტურისტული სეზონი?

2020 წლის მსგავსად, ძალიან რთული წელი ექნება ტურიზმის სექტორს – პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პანდემიასთან. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და პარალელურად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკური აქტივობებისა და ტურიზმის აღდგენაზე, იმის ფარგლებში, რასაც პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მოგვცემს.

დღეს ტურიზმი პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასა და პანდემიის სტატისტიკასთან. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ გვექნება ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობის მაღალი მაჩვენებელი, რეალურად არ გვექნება ტურიზმი. მსოფლიოში ტურიზმი გადის უსაფრთხოებაზე და ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა ისევ არის შიდა პანდემიის მართვა. შესაბამისად, ყველა უსაფრთხოების ნორმის დანერგვა აუცილებელია ჩვენთვის, როგორც შიდა ვიზიტორების, ასევე შემოსული ვიზიტორების დაცვისთვის.

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ პროტოკოლებზე. ამაში ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ისე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. სექტორთან კომუნიკაციის შედეგად ვამუშავებთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს – სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, კაზინოებისთვის, ფიტნესცენტრებისთვის. ეს მათ გაუადვილებს სტანდარტების დაცვას და ჩვენ  მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება.

  • აქტიური სარეკლამო კამპანია გქონდათ საზღვარგარეთ წინა წლებში. წელს რომელ ქვეყანაში გეგმავთ კამპანიის წარმოებას და რომელი ქვეყნიდან ელოდებით ტურისტებს?

დღეს მთელ მსოფლიოში კონკურენცია ძალიან გაზრდილია ტურისტული თვალსაზრისით, ამიტომაც ჩვენ იმ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ბიუჯეტის ფარგლებში, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ვეცდებით პულსზე გვედოს ხელი. მარკეტინგულ აქტივობებს ვგულისხმობ. იმ მიმართულებებზე, საიდანაც ფრენები იქნება ჩვენს ქვეყანაში, გვინდა აჭარის რეგიონის მაქსიმალური პოპულარიზაცია და მარკეტინგი.

მარკეტინგული კამპანია იქნება პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით: შეიძლება ორი კვირის შემდეგ რომელიმე ქვეყანასთან გახსნილი ან დაანონსებული ფრენა საერთოდ გაუქმდეს. შესაბამისად, შეიცვალოს სიტუაცია. სტაბილური გარემო რადგან არაა, ძალიან ჭირს მასშტაბური მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა. ვფიქრობთ, უნდა ვიყოთ მობილიზებული ისეთ მიმართულებებზე, რომელიც იქნება მწვანე ზონები და ძირითადად ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებაზე გვექნება აქცენტი. აქ იგულისხმება როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე ევროპის სამიზნე ქვეყნები, საიდანაც უკვე დაანონსდა ფრენები – მივყვებით იმ პროტოკოლს, რაც ქვეყანას ექნება.

ისრაელი ერთ-ერთი მიზნობრივი ბაზარია ჩვენთვის, სადაც უკვე ვმუშაობთ. ვადევნებთ თვალყურს იმ პროტოკოლებს, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს და ამის მიხედვით დაიგეგმება აქტივობები.

მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტი შემცირებულია. ამ ეტაპზე როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტივობებისთვის დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარია მობილიზებული.

  • ანუ ჯერ გამოკვეთილი არ გაქვთ სამიზნე ქვეყნები?

ვერ გვექნება. მაგალითად, ამ წუთას ისრაელში შეზღუდულია როგორც შესვლა, ისე გამოსვლა. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ იმ ფინანსების ეფექტურ ხარჯვაზე, რომელიც ჩვენს სტრუქტურას აქვს. თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ეფექტურად.

კამპანიები ყველა ქვეყნის მიმართულებით მომზადებული გვაქვს. ველოდებით გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ტურიზმის გახსნის კუთხით ქვეყნები მიიღებენ.

მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული ტურისტული ნაკადების მიმოსვლა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია საქართველოს რომელიღაც ქვეყანასთან ჰქონდეს საზღვარი გახსნილი, თუმცა იმ ქვეყანას ჰქონდეს თავისი მოქალაქეებისთვის რეგულაციები. ძალიან ბევრი დეტალია, რომლებიც გასათვალისწინებელია.

  • საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მასობრივი ვაქცინაცია არ არის ჯერ კიდევ დაწყებული. როგორ ფიქრობთ, ვინ ჩამოვა საქართველოში ტურისტად?

იმ რუკაზე, რომელზეც აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია დაიწყო, ყვითლად ვართ მონიშნული. ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის ზონის პროტოკოლს თუ გახსნით, რომლითაც ისინი თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებს რთავენ უფლებას იმოგზაურონ, საქართველო მწვანე ზონად არის მიჩნეული და, შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პრივილეგიას გვაძლევს. რაც შეეხება ვიზიტორთა შემოსვლას, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან რთული სათქმელია, მასშტაბურად ტურიზმის აღდგენა.

როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პროგნოზით, 2021 წელი ტურიზმის კუთხით ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯერ კიდევ ახალი შტამები ჩნდება. წლევანდელი პრიორიტეტია – ტურიზმის ფუნქციონირება რეგულაციებით. ტურისტების მიღება დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან და მას სჭირდება როგორც სექტორის, ასევე სახელმწიფოს ჩართულობა, რომ დაკმაყოფილდეს ტურისტების მიღებისთვის ყველა აუცილებელი სტანდარტი.

უსაფრთხოების ნორმების გარეშე ტურიზმი ცალკე არ მოიხსენიება. რაც შეეხება აღდგენის გეგმას, 2022-2023 წლებისთვის ისევ პანდემიის ვითარებაზე დაყრდნობით კეთდება პრიორიტეტები. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ტურიზმი ისევ დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და აღდგეს  ყველა იმ მიმართულებით ფრენები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე.

  • პანდემიის ფონზე ტურიზმის დეპარტამენტის ამ წლის პრიორიტეტები რა არის?

პირველი პრიორიტეტია მაქსიმალური მობილიზება პანდემიის კუთხით. კოვიდის მართვის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

მეორე პრიორიტეტია სერვისის განვითარება. ეს წელი უნდა გამოვიყენოთ ყველა იმ გამოწვევაზე სამუშაოდ, რაც რეგიონს აქვს ტურიზმის კუთხით. ეს გახლავს სერვისი და ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს სერვისების განვითარების კუთხით ისეთ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს ტურისტულად აქტიურ სოფლებში მიიტანოს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აუცილებელია სერვისის დასახვეწად.

გამოწვევაა ტრენინგების ჩატარება დასწრების კუთხით, ამიტომ ყველა ელექტრონულად ერთვება ტრენინგში. უკვე შევქმენით ონლაინპლატფორმა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში ჩაეშვება. მომზადდება სპეციალური ვიდეოგაკვეთილები, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს, სასურველ დროს ნახოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

მესამე პრიორიტეტია ტურისტული პროდუქტის და ინფრასტრუქტურის განვითარება. პანდემიის გამო წინა პლანზე წამოვიდა ეკოტურიზმი და ღია ცის ქვეშ მოგზაურობებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ვფიქრობ, აჭარას და საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. აჭარის რეგიონში დაახლოებით 13 % უკავია დაცულ ტერიტორიებს, 67 % ტყე გვაქვს, უამრავი ბილიკი და  ლოკაციაა სოფლად, რომელთას ათვისებაც შეგვიძლია.

ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს მარკირებული მარშრუტები. 15-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტია აჭარაში და ამის განვითარებაზეც ვიმუშავებთ.

ასევე ვფიქრობთ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას, როგორც გიდების, ისე ტურისტული სააგენტოებისთვის, რადგან პანდემიამ ეს სექტორი განსაკუთრებით დააზარალა.

მაქსიმალურად ვეცდებით, ისეთი პროექტები გავაკეთოთ, რაც, პირველ რიგში, ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა საინფორმაციო ტიპის გაცნობითი ექსპედიციების გამართვას გიდებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის. ეს მათ საშუალებას მისცემს, ყველა ის ტურისტული პროდუქტი გაიცნონ, რაც მთაში გვაქვს და უფრო მეტი იცოდნენ აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

მეოთხე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბათუმისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია.

  • შიდა ტურიზმის კუთხით რას გეგმავთ?

აჭარის რეგიონი საქართველოში შიდა ვიზიტების გადანაწილების კუთხით მესამე ადგილზეა თბილისის და იმერეთის შემდეგ. აჭარის რეგიონს წლიურად 1 მილიონ 980 ათასი ტურისტი ესტუმრა 2019 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარაში შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია: ჩვენ წელს ვეცდებით ბათუმსა და ზღვასთან ერთად ის უნიკალური ტურისტული პროდუქტები, რომლებზეც ვმუშაობთ მთიან აჭარაში, განსხვავებულად შევთავაზოთ შიდა ვიზიტორებს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საერთაშორისო მოგზაურების  რიცხვს და შემოსავლებს ვერ გაათანაბრებს შიდა ტურიზმი, თუმცა ვფიქრობთ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება არის მყარი ტურისტული პროდუქტი, რომელიც ჩვენს რეგიონს წელს მისცემს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

  • ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. რამდენად რეალისტური გეჩვენებათ რეგიონში ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება?

ტურიზმის სექტორში ყველა კითხულობს, ტურიზმი როგორ იმუშავებს, როდესაც კომენდანტის საათი და შეზღუდვებია. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ – წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება. უნდა ვაკონტროლოთ ინფიცირებულთა რიცხვი, რომ შევძლოთ თუნდაც რეგულაციებით ვიზიტორების მიღება. ევროპულ მიმართულებებს თუ ავიღებთ, ბევრ ქვეყანას აქვს ათდღიანი სავალდებულო კარანტინი. კომენდანტის საათი არის დაბრკოლება და ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა აქცენტი უნდა გავაკეთოთ ტურისტების უსაფრთხო მიღებაზე.

ასევე შესაძლებელია კომენდანტის საათი ან მოიხსნას, ან გადაიწიოს. ამაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად.

წელს ტურიზმის სეზონს უნდა შევხედოთ, როგორც ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის საშუალებას. ოღონდ მთავარი მიზანი მაინც პანდემიის მართვაა – ჩვენი მოქალაქეების და იმ ტურისტების უსაფრთხოება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვლენ.

  • მინდა გკითხოთ გიდებზე, რომლებიც სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ტურსააგენტოებზე და სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. ეს ადამიანები თუ არიან რაიმე ფორმით ტურიზმის დეპარტამენტის ფოკუსში?

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები ძალიან დიდი სირთულეების წინაშე დადგნენ. ჩვენ ამ ინფორმაციას ვფლობთ და მუდმივად გვაქვს კავშირი მათთან. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ამ არააქტიურ პერიოდს მათთვის სასარგებლოს გახდის.

მთელი წელი კარანტინის მართვის პროექტში ჩართული იყო 60-მდე სასტუმრო. აჭარის რეგიონში 70 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა სავალდებულო კარანტინი.

გიდებისთვის და ტურსააგენტოებისთვის გასულ წელს დავგეგმეთ ისეთი პროექტები, რომლებიც მათ შეუმცირებდა იმ ხარჯებს, რომელიც შემოსულ ტურისტებზე მომსახურებას გულისხმობდა. ამ კუთხით ჩვენ საგრანტო პროექტებზე ვიმუშავეთ, რომლის ფარგლებში დაახლოებით ოცამდე გიდი დასაქმდა. ასევე გიდები ჩაერთვნენ 400-მდე ობიექტის ინფორმირებაში მთიან აჭარასა და ბათუმში. ასამდე გიდს გადაეცა ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები. 50-მდე გიდს გადაეცა აუდიომოწყობილობა, რომელიც ქუჩაში ტურის ჩატარების საშუალებას მისცემდა.

ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისთვის წელსაც ვგეგმავთ პროექტებს. შევეცდებით, მოვიცვათ ის საკითხები, რომლებსაც გიდები აყენებდნენ – ტურებისთვის სახელმძღვანელოების მომზადება, ქალაქის ტურების გამრავალფეროვნება… განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რაც გულისხმობს პროექტებში ჩართვას. რა თქმა უნდა, მეორე რიგის ამოცანაა მომზადება მომავალი წლებისთვის და იმ სერვისების გაუმჯობესება, რაც მათ სჭირდებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი