მთავარი,სიახლეები

გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

09.02.2021 • 2167
გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება, სანებართვო პირობების მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე.

11 მარტიდან 19 ივნისამდე, როგორც მინიმუმ სამ თვეზე მეტი, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო. შესაბამისად, ტაძარში წყალი ისევ ჩადიოდა.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში 2020 წლის 10 აგვისტოთია დათარიღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის დაზიანებულ მონაკვეთებზე ლურჯი ტენტია გადაფარებული.

ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

რამდენად მასშტაბურია დაზიანება, რისი გადარჩენა შეიძლება და რა არის საჭირო ამისთვის – სტატიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცადეთ.

გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესაფასებლად სააგენტომ პირველი მისია 2020 წლის 22 მაისს განახორციელა. სააგენტოს მიერ გაგზავნილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს მხატვრობის მდგომარეობა. მათ იმავე დღეს განაცხადეს, რომ მდგომარეობა 2017 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული კედლის მხატვრობის ფოტომასალას შეადარეს. „მნიშვნელოვნად გაუარესებულია მდგომარეობა“, – წერია ორწლიანი შუალედით ჩატარებული კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასების მონიტორინგის ანგარიშში.

მასალები ჩამოცვივდა საკურთხეველში საფეხურებზე განთავსებული ხატებიდან და ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ქვეშ არსებული მხატვრობიდან.

მასალები ასევე ჩამოცვენილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრების ქვეშ არსებული მხატვრობიდან. მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა ტაძრის დასავლეთი მკლავის კამარის და დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის ქვეშაც.

გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის  კედლის მხატვრობა.  დაკარგული აქვს ფერი, დაწყებულია გამომარილება და სახეცვლილია.  ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

„2017 წელსა და 2020 წლის მაისის მდგომარეობის ვიზუალური დაკვირვებით თვალით ხილული ძლიერი განსხვავება შეიმჩნევა. 22 მაისის მერე მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება. 2020 წლის 18 ივნისის მდგომარეობით დაზიანება სტაბილურია, თუმცა 10 აგვისტოს მონიტორინგმა მარილის სავარაუდო ჩამოვარდნა დააფიქსირა,“ –  ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ამ მონაკვეთში ტაძრის სამხრეთ მკლავში არსებულ დაზიანებაზე წერს.

გელათის კედლის მხატვრობას სერიოზულ ზიანს აყენებს ე.წ. გამომარილება. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარში წყალი ჩავიდა. გადახურვის შემდეგ გამოშრობა დაიწყო. ფრესკების გამოშრობის თანმხლები პროცესი არის გამომარილება, რომელიც მხატვრობას დიდ ზიანს აყენებს. ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

დაზიანებულია, გამომარილება აქვს დაწყებული ტაძრის  კამარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მხატვრობას. 2020 წლის 11 აგვისტოს მონაცემებით, მარილის კრისტალები კამარიდან ყოველდღიურად ცვიოდა.

 რას ამბობენ სპეციალისტები

 

ნანა კუპრაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის ცენტრის დირექტორია. მას გაკეთებული აქვს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობის რესტავრაცია. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით განხორციელდა ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქვის კონსერვაცია.

მას ვთხოვეთ შეეფასებინა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი როგორც მთავარი ტაძრის, ისე წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის  მდგომარეობა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე მიდის გამოშრობის პროცესი ღვთისმშობლის ტაძარში და ეს გაშრობის პროცესი არის ძალიან მტკივნეული მხატვრობისთვის. მხატვრობა ამ დროს უარესდება. როცა არის დაზიანებული ნესტისგან და შრება, ეს პროცესი იწვევს მის უფრო მეტად დაზიანებას.  შრობის ეტაპზე გამოიტანა ძალიან ბევრი მარილი, რომელიც დაკრისტალდა. მარილი სპობს მთლიანად ნალესობასაც და ფერწერულ ფენასაც. დაკრისტალებულის მოშორება საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება. უფრო სწორად, შეიძლება ვერც მოსცილდეს. საუბარია ღვთისმშობლის მთავარ ტაძარზე, დასავლეთით, იმ ადგილებში, სადაც აქტიურად ჩადიოდა წყალი.

წმინდა გიორგი ასე დეტალურად არ გვაქვს შესწავლილი, მხატვრობა ქვემოდან მაქვს ნანახი. ახლოდან არ არის მონიტორინგი ჩატარებული, მაგრამ იქაც ჩანს, რომ მხატვრობის ნაწილები დაზიანებულია. ვიზუალურად ჩანს, რომ იქ არის კერები, სადაც ეტყობა, რომ იმ ადგილას წყლის ჩაჟანგვა ხდებოდა. ჩანს წყლის ინფილტაციის კვალი სხვადასხვა ადგილას. ისე არა, როგორც ღვთისმშობლის ტაძარში, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ჩანს. 2010-2011 წელს ვიმუშავეთ მანდ და გავაკეთეთ მხატვრობის კონსერვაცია. დღეის მდგომარეობით, ვიზუალურად ეტყობა ცვლილება. მაგრამ ხომ გეუბნებით, სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით გესაუბრებით და სანამ ხარაჩო არ იქნება და ახლოდან არ ვნახავ, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა კუპრაშვილმა.

დაზიანებული მხატვრობა ღვთისმშობლის ტაძრის კამარის ცენტრალურ ნაწილში  27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აუცილებელია დამაზიანებლის ფაქტორის მოსპობა – მხატვრობა აღარ უნდა დასველდეს.

9 თებერვლის მდგომარეობით მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვაა მოწყობილი და წესით, ინტერიერში წყალი აღარ უნდა ჩავიდეს. მას შემდეგ, რაც გამოშრობის პროცესი დასრულდება, უნდა დაიწყოს კვლევა.

„უნდა გამოიკვლიოს როგორც ნალესობა, ასევე ფერწერული ფენა. ეს დაზიანება უნდა იყოს აღნუსხული და შემდგომში შეირჩეს სარესტავრაციო სტრატეგია და შემდეგ უკვე მოხდეს კონსერვაცია,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.

როდესაც საქმე ისეთი მნიშვნელობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციას ეხება, როგორიც  გელათია, სპეციალისტები ყოველთვის მიუთითებენ ვენეციის ქარტიაზე. ვენეციის ქარტია არის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციისა და რესტავრაციის მეთოდები. ვენეციის ქარტიის მიხედვით, თუ ვიხელმძღვანელებთ და დარგის სპეციალისტების აზრსაც გავითვალისწინებთ, ის ფრაგმენტები, რომელიც გელათში კედლის მხატვრობიდან ჩამოვარდა, ვეღარ აღდგება.

ნანა კუპრაშვილს ვკითხეთ, რისი გადარჩენა არის შესაძლებელი გელათში.

„როდესაც არის დაკარგული მხატვრობა, ან რაღაც ფრაგმენტი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ერთი სანტიმეტრი თუ  ხუთი სანტიმეტრი ფრაგმენტი, ის დაიკარგა, მორჩა. შესაბამისად, გვიანია იმის აღდგენა. დღეს რომ ვიღაცამ ის მიახატოს, ჯერ ერთი, მას ფასი არ აქვს და მეორეც, თვითონ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსაც უკარგავს ფასს.

ჩვენთან, კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პრაქტიკაში, ასე არ არის, საბედნიეროდ. ამიტომაც მე ხშირად ვხმარობ თქვენთან საუბარში სიტყვას – კონსერვაცია.

გელათის შემთხვევაში ნებისმიერი სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი. პატარა ფრაგმენტის ჩამოცვენაც კი არის ძალიან დიდი ზიანი.

ახლა პრობლემაა, რაც არის დარჩენილი, იმის კონსერვაცია, რომელიც, ცხადია, თავდაპირველი სახით ვერ განხორციელდება. როგორც გითხარით, იქ არის მხატვრობისთვის ძალიან ცუდი მარილის გამოკრისტალება, რომელმაც შეიძლება ფერი ბევრ ადგილას მთლიანად გააფუჭოს.

ეს შემდგომი კვლევის საგანია. იმ ადგილებში, სადაც წყალი  ჩამოვიდა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მე ვენეციის ქარტიას რაღაც შემთხვევაში ვეყრდნობი, რაღაც შემთხვევაში შეიძლება არ დავეყრდნო, იმიტომ, რომ ვენეციის ქარტია კიდევ უშვებს ჩარევას. მე პირადად, გელათის შემთხვევაში კედლის მხატვრობას რაც შეეხება, რეკონსტრუქცია-რესტავრაციას მაგასაც არ ვემხრობი. მოაღწია ჩვენამდე? შევუნარჩუნოთ სიცოცხლე,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.

ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმ ადგილებს, სადაც მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკულია, სჭირდება სრულმასშტაბიანი კვლევა.

„სრული  კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მცოდნე ადამიანები, ისეთი, ვისაც აქვთ კვლევის ჩატარების გამოცდილება. ტექნიკურად – ხარაჩო ყველგან, მთელს სივრცეში და სხვადასხვა ტექნოლოგია, რომლის საშუალებაც გვაქვს საქართველოში. ეს იქნება მულტისპექტრული გადაღებები, მიკროსკოპული კვლევა, ლაბორატორიული ანალიზები თუ სხვა,“ – ამბობს ის.

რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ  სააგენტოში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ გელათში სრული ხარაჩოს მოწყობა მიმდინარე თვიდან დაიწყება. სამონასტრო კომპლექსის ინტერიერში სრული ხარაჩოს მოწყობის რეკომენდაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და  კულტურის კომიტეტმა გასცა.

„სააგენტოს განესაზღვრა სამოქმედო გეგმად ის, რომ მან მიმდინარე თვის განმავლობაში უზრუნველყოს ორივე ტაძრის ინტერიერში, როგორც წმინდა გიორგის, ისე ღვთისმშობლის შობის ტაძრის, მხატვარ-რესტავრატორების მიერ განსაზღვრულ არეალებში (პრაქტიკულად მთელ სივრცეს მოვიცავთ ამით) ხარაჩოს მოწყობა.

ხარაჩო მოეწყობა მთავარ ტაძარში, როგორც საკურთხევლის, ისე მის სამ დანარჩენ მკლავში და ასევე წმინდა გიორგის ტაძარში გუმბათქვეშა სრულ სივრცეში. ჩვენ რესტავრატორებს ვაძლევთ საკმარის არეალს საიმისოდ, რომ წვდომა მხატვრობის ფენებზე იყოს აბსოლუტური და ყოვლისმომცველი,“ –  გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/326929/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: