მთავარი,სიახლეები

რატომ არ აჰყავთ მოზარდებს ადვოკატი დამოუკიდებლად – 1 შემთხვევა ბათუმში

12.03.2021 • 1036
რატომ არ აჰყავთ მოზარდებს ადვოკატი დამოუკიდებლად – 1 შემთხვევა ბათუმში

იმის მიუხედავად, რომ 18 წლამდე მოზარდებს ადვოკატის დამოუკიდებლად აყვანის უფლება აქვთ, ისინი ამ უფლებას არ იყენებენ. მოზარდს თავადაც შეუძლია საჩივარი მოამზადოს და უჩივლოს მშობელს, მასწავლებელს, ექიმს ან ნებისმიერს, ვისზეც ფიქრობს, რომ მის უფლებას არღვევს. ეს გაწერილია ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო. ჩანაწერი, რომლითაც ბავშვს ადვოკატის აყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, 2020 წლის სექტემბერში ამოქმედდა.

„ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს,“ – წერია ბავშვთა უფლებების კოდექსის 74-ე მუხლში. მანამდე მხოლოდ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ არსებობდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებს ეხება.

რადგანაც დამოუკიდებელი ადვოკატის მომსახურება ფასიანია, ხოლო ბავშვის საჩივარი შესაძლოა მშობელს არ მოსწონდეს, მოზარდი ლოგიკურად იურიდიული დახმარების სამსახურს ან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიმართავდეს, სადაც უფასო იურიდიული მომსახურების მიღება შეიძლება.

„მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა არასრულწლოვანმა მოგვმართა და მას დავეხმარეთ,“ – გვითხრეს იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროში.

„უფლებები დაიწერა ფურცელზე, მაგრამ მისი აღსრულებისთვის არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები. შესრულდა ფორმალურად ვალდებულება, თუმცა არსად გვიწერია, რა როგორ უნდა შესრულდეს, არსებობს არაერთი ბარიერი,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი, ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

რა იყო ბათუმის შემთხვევა, როცა მოზარდმა ადვოკატს მიმართა? 

აღმოჩნდა, რომ არაერთი პრობლემის მიუხედავად, ერთადერთი შემთხვევაც ბათუმში წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა უკვე ბავშვთა კოდექსი მოქმედებს, უკავშირდება არა რომელიმე უფლების დარღვევას ან მოზარდის პრობლემას, არამედ ტექნიკურ საკითხს.

„ქონების განკარგვა სურდა და დოკუმენტი მოვუმზადეთ,“ – გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელმა, იამზე ზანდარაძემ. დეტალების გასაგებად მან პირის თანხმობა მიიღო და მოზარდის მშობელს დაგვაკავშირა.

„ჩემს შვილს ავტომანქანის გაყიდვა სურდა, მანქანა მის სახელზე იყო გაფორმებული და 17 წლისაა. კანონის მიხედვით, 18 წლის ასაკამდე ქონებას პირი ვერ განკარგავს. ეს იყო მოსაწესრიგებელი, რომ მე მომცემოდა ავტომანქანის გაყიდვის უფლება,“ – გვითხრა ჯემალ ბოლქვაძემ, ის 17 წლის მოზარდის – გიორგი ბოლქვაძის მამაა.

რა მოცემულობაა ქვეყნის მასშტაბით? – კითხვით მივმართეთ იურიდიული დახმარების სამსახურის პრესცენტრს, სადაც გვიპასუხეს, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე სულ 651 საქმეზე განხორციელდა ამ უწყების იურისტების წარმომადგენლობა. აქ იგულისხმება ნებისმიერი დავა, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, ქონების გაყოფა, განქორწინება და ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია ბავშვთან.

რამდენია ისეთი შემთხვევა, როცა კონკრეტულად ბავშვმა გამოხატა სურვილი ვინმეს წინააღმდეგ ედავა და მიიჩნია, რომ მისი უფლება ირღვევა? – იურიდიული დახმარების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ მონაცემების გასაგებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო. პრაქტიკოსი იურისტების და უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით კი, მოზარდები კანონის არსებობის მიუხედავად, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტების უფასო მომსახურებით დამოუკიდებლად არ სარგებლობენ.

„პანდემიამ შეგვიშალა ხელი, საჭიროა სკოლებში გასვლითი ღონისძიებები და ბავშვებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება,“ – გვითხრა იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელმა, იამზე ზანდარაძემ.

რატომ არ მიდიან მოზარდები ადვოკატებთან, ან არ წერენ დამოუკიდებლად საჩივრებს? 

„პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის მისი უფლებები, რომ გაიაზროს, რა არის უფლებების დარღვევა,“ – გვიყვება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა არგანაშვილი. პრობლემის საილუსტრაციოდ იურისტი ასახელებს ექიმთან ვიზიტს და, მაგალითად, იმ უფლების ცოდნას, რომ 14 წლიდან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მას მშობლის გარეშე შეუძლია შეხვდეს ექიმს.

„უნდა იცოდეს ეს, რომ მოზარდმა გააცნობიეროს, უფლება რომ დაირღვა, ისევე, როგორც ექიმთან ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა,“ – დასძინა ანა არგანაშვილმა.

კანონი არ ადგენს ქვედა ზღვარს, როცა ბავშვს შეუძლია ადვოკატს მიმართოს, ან დამოუკიდებლად სარჩელით მიმართოს სასამართლოს. მოზარდებისთვის სპეციალური ადაპტირებული სარჩელების ფორმა ამ დროისთვის სასამართლოს უკვე აქვს, რაც ევროსაბჭოს ოფისის დახმარებით შემუშავდა.

„ჩვენ დავტესტეთ, როგორ მუშაობდა ადაპტირებული სარჩელის ფორმა და სამმა ბავშვმა შეიტანა სარჩელი, მათ შორის, ყველაზე მცირე 7 წლის ასაკის იყო. სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში ეს სარჩელები, მუხლი არასწორად არის  მითითებულიო, ანუ ადაპტირებული ფორმა კი მიიღეს, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობაში აღარ ჩაწერეს, რომ ბავშვის მიერ შევსებული სარჩელი შესაძლოა სრულყოფილი არ იყოს. ამ თემაზე საპროცესო კანონმდებლობის ჰარმონიზება არ მომხდარა ბავშვის უფლებების კოდექსთან, ამიტომ, დღეს ბავშვების მიერ სასამართლოსათვის მიმართვა ფასდება ფაქტობრივად იმავე კრიტერიუმებით, რითაც ადვოკატების სარჩელები,“ – აღნიშნა ანა არგანაშვილმა „ბათუმელებთან“.

უფლებადამცველების თქმით, ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხი ავტომატურად გაუმჯობესდეს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დასავლურ პრაქტიკაზე, როცა სკოლა, სამედიცინო დაწესებულება ან სოციალური დაცვის სამსახური ქმნიან შიდა მექანიზმებს იმისთვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს მათი უფლებების დაცვასა და ადვოკატებთან დაკავშირებაში.

„ჩვენთან პირიქით ხდება,“ – ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს იურისტი ანა არგანაშვილი, როცა 2 დღის წინ ზრუნვის სააგენტოს უზენაეს სასამართლოში, ორგანიზაციის სახელით, დავა მოუგო, -„12 წლის მოზარდი იყო მინდობით აღზრდაში, გადაჰყავდათ სხვა ოჯახში და ამ დროს ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. ბავშვმა მოგვმართა იურიდიული დახმარების მისაღებად, მაგრამ ზრუნვის სააგენტომ, რომელიც იყო ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, აგვიკრძალა ბავშვთან ურთიერთობა“.

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე მოზარდი გააშვილეს, შესაბამისად, მასთან კომუნიკაცია ზრუნვის სააგენტოს აღარ აქვს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სოცმუშაკი ხედავს, რომ კონკრეტულ ადვოკატთან მოზარდის ურთიერთობა ბავშვისთვის საზიანოა?

იურისტის, ანა არგანაშვილის აზრით, ნებისმიერ პირს, მათ შორის სოციალურ მუშაკს შეუძლია ადვოკატის წინააღმდეგ მიმართოს ადვოკატთა ეთიკის კომისიას, თუმცა ადვოკატები, რომლებიც ბავშვებს იცავენ, როგორც წესი, არიან გადამზადებულები ბავშვთა უფლებებში და მოქმედებენ კანონმდებლობისა და ადვოკატთა ეთიკის ფარგლებში.

„თუმცა  პრობლემა ესეცაა, რომ ადვოკატები ერთხელ აბარებენ ბავშვთა უფლებებში გამოცდას და იღებენ ლიცენზიას. პერიოდულად უნდა ხდებოდეს გადამზადება, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია, მაგალითად, შემდეგ საკითხებზე: როგორ ელაპარაკო ბავშვს, ბავშვის ტრავმაზე ინფორმირებული კომუნიკაციიის წესი, ან მოდული ფსიქიკურ ჯანმთელობაზე… ჩვენთან ადვოკატებისგანაც მოისმენთ, ისე დავიცავ, როგორც ჩემი შვილისთვის მენდომებოდაო. არაა ეს სწორი სტანდარტი, რადგან ფაქტია, რომ ის შენი შვილი არ არის, უნდა მიიღო და აღიარო ბავშვის განსხვავებული გამოცდილება და ინდივიდუალური სიტუაციიდან დაინახო, რა არის მისი საუკეთესო ინტერესი.

ადვოკატებს ხშირად გვიწევს იმის გააზრება, რომ ბავშვი არის ჩვეულებრივი კლიენტი და მის ინფორმირებულ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო და არ შეგიძლია მას მოახვიო შენი შეხედულებები, მისი საუკეთესო ინტერესების შესახებ, იმიტომ, რომ პატარაა,“ – გვითხრა ანა არგანაშვილმა. მას ამ დროისთვის 20-მდე საქმე აქვს, სადაც  ბავშვების უფლებებს იცავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: