ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

17.01.2021 • 4760
ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება.

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია.

ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ბათუმში განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა მოიცავს:

  • „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – 270 ერთეული IP კამერა [Pelco IXE31, გარე გამოყენების ჰაუსინგით], 195 ერთეული ჩართვის წერტილი [უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემა].
  • „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის მოვლა-პატრონობა.
  • სასერვერო ინფრასტრუქტურის, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განუყოფელი ნაწილის მოვლა-პატრონობა.

ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში პრეტენდენტმა საკუთარი სახსრებით უნდა შეაკეთოს დაზიანებული [ელძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა] კამერები ან შეცვალოს იმავე მწარმოებლის პროდუქტით [ახალი მოდელით. ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო კამერებზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები];

დაზიანებული კამერების რაოდენობა:

  • Pelco IXE31 – 1 ცალი;
  • „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი – მოიცავს Avigilon-ის წარმოების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასა და AETEK-ის გარე გამოყენების კორპუსს, წყლის მიწოდების სისტემასა და ინფრაწითელ განათებას, როგორც ერთიანი 5 კომპლექტი.

ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში ბათუმში ყველა კამერა უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში და ხდებოდეს ვიდეო-ნაკადის ჩაწერა.

2020 წლისთვის მერიამ 320 012 ლარი დახარჯა ვიდეოკამერების მოვლა-პატრონობაზე. ხელშეკრულება შპს „დელტა კონსალტინგთან“ იყო გაფორმებული. 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდისთვის კი, მერიას ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან 399 124 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

მიმდინარე ტენდერთან დაკავშირებით, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ერთ-ერთი მიმწოდებელი სატენდერო კომისიას მიმართავს, რომ პერსონალის გამოცდილების შესახებ „არსებული მოთხოვნით ფაქტობრივად ტენდერში გამოდის მხოლოდ ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ და სხვა კომპანიებს ეზღუდებათ ტენდერში მონაწილეობა. შესაძლებელია არ ქონდეს [კომპანიის ინჟინერს] პელკო ენდუროს სერტიფიკატი და ჰქონდეს სხვა მრავალი ბრენდის სერტიფიკატი, ამ შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი რომ დაკორექტირდეს სატენდერო დოკუმენტაცია“.

„პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიზნად ისახავს კვალიფიცირებული მომსახურე პირის/ორგანიზაციის შერჩევას. ინჟინრებს უნდა გააჩნდეთ იმ ტექნიკის მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც შემსყიდველს გააჩნია და რომელსაც კომპანია უნდა მოემსახუროს, აღნიშნულიდან გამომდინარე პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამის მუხლში მოცემული მოთხოვნებით“, – უპასუხეს მერიის სატენდერო კომისიიდან.

ტენდერის მიხედვით, ერთ-ერთი მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ, არის ის, რომ „პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს მინიმუმ 2 სერტიფიცირებული ინჟინერი VMS სისტემების (Pelco Endura) სპეციალიზაციით“.

ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა ბათუმში / მემედ აბაშიძის გამზირი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: