მთავარი,სიახლეები

„უკვე ტანსაცმელს წვავდნენ გასათბობად“ – გომის მთაზე დაკარგულები იპოვეს

12.03.2021
„უკვე ტანსაცმელს წვავდნენ გასათბობად“ – გომის მთაზე დაკარგულები იპოვეს

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, სამივე მათგანი ცოცხალია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორმა, თემურ ჯახვამ მიაწოდა, რომლის კომპანია გომის მთის გზის მოვლა-შენახვაზე მუშაობს.

ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.

„სამი გადარჩა, მითხრეს, რომ მივიდა უკვე მაშველთა ჯგუფი ადგილზე, უკვე ტანსაცმელს და „ვალინკებს“ წვავდნენ, რომ არ გაყინულიყვნენო. ახლა მიმდინარეობს გამოყვანის ოპერაცია. ერთი გარდაცვლილია, რომელზეც დილითვე ითქვა“ – გვითხრა თემურ ჯახვამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს აღენიშნებათ ჰიპოთერმია.

„მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ ბოხვაურიდან სანადიროდ წავიდა. დღეს დილით სამაშველო სამსახურს ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და შველა ითხოვა. დილითვე გახდა ცნობილი, რომ ოთხიდან ერთი ახალგაზრდა გაიყინა.

მაშველთა ათკაციანი ჯგუფი ახალგაზრდებს ათი საათის განმავლობაში ეძებდა. 2 მეტრი სიმაღლის თოვლის გამო მაშველები ავტომობილით ვერ გადაადგილდებოდნენ, ძლიერი ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ვერ ჩაერთო ვეტმფრენი.

________________

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: