მთავარი,სიახლეები

მისწერე წერილი ოჯახის წევრს პანდემიაზე – კონკურსი ბავშვებისთვის

12.03.2021 • 2743
მისწერე წერილი ოჯახის წევრს პანდემიაზე – კონკურსი ბავშვებისთვის

„საერთაშორისო საფოსტო კავშირმა“ (Universal Postal Union) ბავშვებისთვის წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.  2021 წლის საკონკურსო თემააა – „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ19 პანდემიასთან დაკავშირებით”.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაციაა ახალგაზრდა თაობაში, „ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება“.

ჟიური დააჯილდოვებს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და საჩუქარი.

საკონკურსო პირობები და წესები:

[checklist]

  • 2021  წლის  წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის თემაა „მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით“ (“Write a letter to a family member about your experience with COVID-19)
  • ნამუშევარი უნდა იწყებოდეს მისალმებით
  • მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე,  მიმღების (ადრესატის) მონაცემები
  • წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით
  • ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას
  • კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,  გამოქვეყნებული   ან ტირაჟირებული
  • ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს
  • ნაშრომში უნდა იყოს შენარჩუნებული წერილის ფორმა
  • წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე.

[/checklist]

„იმ შემთხვევაში, თუ წერილი არ იქნება თანხვედრაში კონკურსის სავალდებულო წესებსა და პირობებთან, ნამუშევარი არ განიხილება,“ – ამბობს „საქართველოს ფოსტა“.

აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი,  ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამართზე: letter@gpost.ge

„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომ დარეგისტრირდება კონკურსანტი მონაწილედ.  „წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა  უნდა  წარმოადგინოთ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება  კონკურსიდან,“- განმარტავენ „საქართველოს ფოსტაში“.

მონაწილემ საკონკურსო ნამუშევარი 2021 წლის  2 აპრილამდე უნდა წარადგინოს.

ფოსტის ინფორმაციით, წელს „წერის საერთაშორისო კონკურსის“ 50 წლის იუბილე აღინიშნება. „კონკურსში ყოველწლიურად 1,2 მილიონი ბავშვი იღებს მონაწილეობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყნიდან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: