დღეს, 13 მარტს, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა.
სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.
„ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს“ – იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
აცრა ნებაყოფლობითია.





