მთავარი,სიახლეები

არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს? – სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები

07.05.2021 • 1520
არჩევნები ისევ თამარ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს? – სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიციები

„თამარ ჟვანიაც უნდა წავიდეს, მაგრამ მხოლოდ მისი წასვლა არაა საკმარისი,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. მას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: საჭიროა თუ არა ცესკოს თავმჯდომარემ დატოვოს პოსტი იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენის შანსი გაჩნდეს?

მესამე სექტორში ამ კუთხით ოპტიმისტური განწყობაა. მიიჩნევენ, რომ ცესკოს შემადგენლობა რომც არ შეიცვალოს, თუკი „შეთანხმების დოკუმენტის“ ჩანაწერი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე აღსრულდება, არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თამარ ჟვანია იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ ვინმე სხვა.

„იმისთვის, რომ ნდობა გაიზარდოს, ლოგიკური იქნება, ახალი წესის შესაბამისად დაკომპლექტდეს ცესკო“, – გვითხრა ლევან ნატროშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა. ლევან ნატროშვილი არ არის დარწმუნებული, საბოლოო ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში შეუწყობს თუ არა ხელს ნდობის გაზრდას საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს მიმართ, მაგრამ თუ საარჩევნო კოდექსში ის ჩაიწერა, რაც „შეთანხმების დოკუმენტში“ წერია, მაშინ „დომინანტური პოზიცია“ აღარ ექნება მმართველ პარტიას“.

რამდენად შესაძლებელია აღდგეს ნდობა, თუკი ისევ თამარ ჟვანია იქნება ცესკოს თავმჯდომარე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნების გამო არ შედიოდა ოპოზიცია პარლამენტში?

„როდესაც არ გენდობიან, სასურველია არ იყო ამ თანამდებობაზე, თან როცა ასეთი საყოველთაო პროტესტი მოჰყვა ამ პროცესს,“ – გვიპასუხა ლევან ნატროშვილმა.

„სასურველია ეს თუ საჭირო?“ – დაკონკრეტება ვთხოვეთ „გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელს.

„ნდობის ასამაღლებლად სასურველია და საჭირო, რომ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართ ნდობა, პირველ რიგში, ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს,“ – აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

„რადგან ნდობა ცესკოს მიმართ არის დაბალი, ცესკოს ცვლილება აუცილებელია,“ – კატეგორიულია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. ის ყურადღებას ამახვილებს „შეთანხმების დოკუმენტზე“, რომელიც დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა და სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი იმ საკითხების ჩამონათვალშია, რაც უნდა მოგვარდეს.

„ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა ვიხილეთ არჩევნების შედეგების შეჯამების დროს და თუნდაც საჩივრების განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დაეცა, განსაკუთრებით კი ცესკოს მიმართ. ცესკო არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს არის კოლეგიალური ორგანო. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალეულობა არ არის ეს… ეს იყო არამხოლოდ თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა, ბრალეულობა გადადის მათზე, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ნინო დოლიძე.

„ორმაგ უმრავლესობაზე“ აკეთებს აქცენტს ნიკა სიმონიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ორმაგი უმრავლესობა გულისხმობს იმას, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის თანხმობის მიღწევაა საჭირო იმისთვის, რომ ცესკოს წევრები აირჩიო. ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირმაც დაგვიწერეს და ამ ეტაპზე უცნობია, აისახება თუ არა ის  საბოლოოდ კანონმდებლობაში.

ნიკა სიმონიშვილი ჰყვება, რომ „ორმაგ უმრავლესობაზე“ შეთავაზება საია-საც ჰქონდა, როცა დანიელსონის ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო. შეთანხმების დოკუმენტში „ორმაგი უმრავლესობა“ ნახსენები არ არის, მაგრამ წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომლექტებას პარლამენტში 2/3-ის თანხმობა სჭირდება, ანუ „ქართული ოცნება“ მხოლოდ მარტივი უმრავლესობით ვეღარ აირჩევს მისთვის სასურველ პირებს არჩევნების ჩამტარებლებად.

მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ წელს ცესკოს არც ერთ წევრს და არც თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა არ ეწურება და დიდი ალბათობით საარჩევნო კოდექსის ახალი ჩანაწერით ცესკოს ახალ წევრებს [დამატებით პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი] შეარჩევენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ნდობის შესაქმნელად საჭიროა 2021 წლის არჩევნები ახალი წესით დაკომლექტებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.

„ჩვენი აზრით, მისაღები იქნებოდა გადანიშვნა. თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება, ცესკოს რომელიმე წევრი ან თავმჯდომარე ვერ დაინიშნება. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ცესკოს და ზოგადად საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა არის ნაკლები და ცესკოს ამ შემადგენლობით არჩევნების ჩატარებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა,“ – ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ცესკომ თავისი გადაწყვეტილებებით თავად შეუწყო ხელი უნდობლობას.

„ყველაზე თვალშისაცემი იყო დისბალანსი ოქმებში და შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება, როცა უბნების გადათვლაზე უარს გვეუბნებოდნენ… არაფერი ახალი ამ არჩევნებზე არ ყოფილა, მაგრამ რაოდენობრივად ეს დისბალანსი იყო ძალიან ბევრი. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვენ გაურკვეველი დასაბუთებით გვეუბნებოდა უარს საჩივრების განხილვაზე. ამ პროცესმა გააჩინა კითხვები და სანდოობა დაუკარგა პროცესს,“ – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

რას ფიქრობს თავად თამარ ჟვანია პოსტის დატოვებაზე ან იმ რეკომენდაციებზე, რაც ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირის აქვს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაზე – კითხვებით ცესკოს პრესცენტრს მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე თამარ ჟვანია პოზიციას არ დააფიქსირებს და ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: