მთავარი,სიახლეები

მშენებლობა გონიოს პლაჟთან – სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]

06.05.2021 • 3914
მშენებლობა გონიოს პლაჟთან –  სადაც გინდა და როგორც გინდა [ფოტო]

არავის აქვს პასუხი კითხვაზე – განაშენიანების რა სტანდარტია დაცული გონიოს პლაჟის გასწვრივ ნებართვების გაცემისას.

კვარიათის ზღვის სანაპიროს სასეირნო ბილიკის ბოლოდან ბათუმის მიმართულებით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ შენობები თანდათან ზღვისკენ მოიწევს და არა ერთ, სწორ ხაზს, არამედ დახრილ რკალს ქმნის, რომელიც ზღვის მიმართულებით ვიწროვდება.

გონიო-კვარიათის სანაპირო

ამას ემატება ისიც, რომ ბევრ მშენებელს შენობის ეზოდ და პარკინგის ადგილად პლაჟის ტერიტორია ან სასეირნო ბილიკი აქვს მოაზრებული და ისიც, რომ მშენებლები ცდილობენ, ზღვასთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე თითოეული კვადრატული მეტრი მშენებლობისთვის აითვისონ.

შენობები შენდება შენობების უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, დაბლობსა და  ფერდობებზე… მაღალი და დაბალი შენობები ისე ქაოსურადაა, რომ ზოგჯერ, ვიდრე უშუალოდ შენობასთან არ მიხვალ, იმის გაგებაც კი ჭირს, საიდან ექნება კონკრეტულ ნაგებობას შესასვლელი.

ასე შეიქმნა გონიო-კვარიათის ზღვის პირველ ზოლში შენობების რამდენიმე უსწორმასწორო ზოლი და ეს პროცესი გრძელდება.

გონიო-კვარიათის სანაპირო

კითხვაზე, რატომ შენდება სანაპირო ზოლზე ასე ქაოსურად შენობები, გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად გვპასუხობენ, რომ ნებართვები სამშენებლო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული, ხოლო დანარჩენი გემოვნების საკითხია.

თუმცა მათ, ვისაც მშენებლობის ასეთი სტანდარტი არ მოსწონთ, უჩნდებათ კითხვები:

  • არ შეიძლება აშენდეს ისე, რომ კანონმდებლობაც დაცული იყოს და ქალაქმა იერსახე არ დაკარგოს?
  • რისთვის გვჭირდება მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური – კანონმდებლობის მიხედვით ნებართვის გაცემას ხომ იურისტიც მოახერხებდა?

კითხვები უპასუხოდ რჩება.

ძველი და ახალი მშენებლობები კი სანაპიროს გასწვრივ  გრძელდება.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობა, აპარტოტელი „პანორამა კვარიათი“ ფაქტობრივად პლაჟზე დგას. იქვე პლაჟის მხრიდან აქვს შენობას მცირე ზომის, დაახლოებით 10 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი.

არავინ იცის, როგორ აპირებს კომპანია შენობის სრული დატვირთვით ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პარკინგის პრობლემის მოგვარებას.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობის გვერდით მერიამ კიდევ ერთ კომპანიას მისცა შედარებით მცირე მასშტაბის შენობის მშენებლობის ნებართვა. პარკინგის და ეზოს პრობლემა ამ შენობასაც ექნება, თუმცა ნებართვის გაცემისას ეს არავის გაუთვალისწინებია.

ფოტო იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახლოსაა შენობა ზღვასთან. ფაქტობრივად, პლაჟია შენობის ეზო და პარკინგის ადგილიც.

კიდევ ერთ მასშტაბურ მშენებლობას გონიოს პლაჟზე შპს „ნექსთ გონიო“ იწყებს. კომპანია ზღვის პირველ ზოლში 4176 კვ.მ. ფართობს ფლობს, ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებიც არის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აქ 25-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა იგეგმება. „ხეებს შევინარჩუნებთ,“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ეს ნაკვეთი „გონიო 2020“-ს საკუთრება იყო, ახლა „ნექსთ ჯგუფს“ ეკუთვნის.

საინფორმაციო დაფა ჯერ არა, თუმცა მშენებლობის ადგილზე დაგეგმილი პროექტის რენდერია გამოფენილი. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა ისიც, რომ საინფორმაციო დაფა უკვე აქვთ და მას უახლოეს მომავალში გამოფენენ. იმ  ბანერის მიხედვით კი, რომელიც ადგილზე გვაჩვენეს, შპს „გონიო 2020“-ს, ნაკვეთის ყოფილ მფლობელ კომპანიას, მშენებლობის ნებართვა ამ ადგილზე 2010 წელს მიუღია.

შეიცვალა თუ არა პროექტი ან განახლდა მისი მოქმედების ვადა, ჯერ არ ვიცით, რადგან მერიის შესაბამისი სამსახური მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად 12 მაისის ჩათვლით ისვენებს,  იმ საინფორმაციო ბანერზე კი, რომელიც კომპანიამ ადგილზე გვაჩვენა, რიცხვები ხელით იყო გადასწორებული.

გონიოს სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს, თავისსავე სასტუმროს წინ ახალ აპარტოტელს – „ლაბაუ გონიოს“  აშენებს შპს „მგზავრები“.  ეს კომპანიის რიგით მეოთხე პროექტია გონიოში.

მარცხნივ მოქმედი სასტუმრო „მგზავრებია“ , ხოლო მარჯვნივ – მშენებარე პროექტის კარკასი

პროექტის რენდერი – შენობა შავი ფასადით, ასევე მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე კარკასები სასტუმრო „ლაბაუ გონიოს“ რენდერია – პროექტი სამ კარკასს აერთიანებს. მარცხნივ კი მოქმედი სასტუმრო „მგზავრები“მდებარეობს. ფოტო: კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან.

კვარიათის ზღვის სანაპიროზე ახალ პროექტს იწყებს ასვე კომპანია „გუმბათი ჯგუფი“. კომპანია აქ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

გუმბათი ჯგუფის რენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: