მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ოფლიანობა და ანტიპერსპირანტი – რა უნდა ვიცოდეთ

07.05.2021 • 10377
ოფლიანობა და ანტიპერსპირანტი –  რა უნდა ვიცოდეთ

ჰიპერჰიდროზი ჰქვია ჭარბოფლიანობას, რომელიც არ უკავშირდება სიცხეს ან ფიზიკურ აქტივობას.

ყოველდღიური დისკომფორტის მიღმა, ამ ტიპის მძიმე ოფლიანობა შესაძლოა მუდმივი შფოთვისა და უხერხულობის მიზეზიც გახდეს, თუმცა ადამიანები ამ პრობლემით იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს და ჰიპერჰიდროზის უსიამო სიმპტომებთან გამკლავებას თვითნებურად შეძენილი სამკურნალო ანტიპერსპერანტებით ცდილობენ. ექიმ ენდოკრინოლოგ ნინო ბერიძის განმარტებით, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც გამოდგეს.

  • როდის და რატომ გამოიყოფა ოფლი ჩვეულებრივ?

ფიზიოლოგიურად (ბუნებრივად), დღის განმავლობაში ადამიანი 500 მლ. ოფლს გამოყოფს. გარკვეულ პირობებში ოფლს დამცავი ფუნქციაც აკისრია, მაგალითად, გვიცავს გადახურებისგან გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს, ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური დაძაბულობისას.

ამ დროს ხდება საოფლე ჯირკვლების აქტივაცია, ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, სითხე აქტიურად ორთქლდება, რაც ამცირებს სხეულის ტემპერატურას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაგრილებას, ამის შემდეგ საოფლე ჯირკვლები იხურება და ოფლის გამოყოფა წყდება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ უკონტროლოდ (განსაკუთრებით სხეულის დიდ ფართობზე) ოფლის საწინააღმდეგო ისეთი სამკურნალო ანტიპერსპერანტები, რომლებიც ოფლის ფიზიოლოგიურ გამოყოფას უშლიან ხელს. ეს არ ეხება ჰიპერჰიდროზს, ანუ საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას, რომლის რეგულაციასაც ვერ ახდენს ორგანიზმი, რომლის მკურნალობის საკითხიც ინდივიდიალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ.

როდესაც არის გარკვეული ფიზიოლოგიური პირობები, რა დროსაც ოფლი უნდა გამოიყოს და ამ დროს ოფლი არ გამოიყოფა – ეს შესაძლოა გაცილებით უფრო მავნე იყოს ორგანიზმისთვის. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საქმე ეხება იმ ანტიპერსპერანტების ან დეოდორანტების გამოყენებას, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია და თვითნებურად იყენებენ ხოლმე პაციენტები ოფლიანობის შესამცირებლად.

  • რა დეოდორანტები და ანტიპერსპერანტებია ეს?

დეოდორანტები და ანტიპერსპერანტები განსხვავებულად მოქმედებენ.

დეოდორანტი ოფლის გამოყოფას არ უშლის ხელს, ის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას უშლის ხელს.

ოფლი თვითონ უსუნოა, მაგრამ კანის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ ის სპეციფიკურ სუნს იძენს, დეოდორანტებში შემავალი ნივთირებები მოქმედებენ ბაქტერიებზე, შესაბამისად მათი გამოყენებისას უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზაცია ხდება.

ანტიპერსპირანტები, რომლებიც ძირითადად შეიცავენ ალუმინის ქლორიდს, საოფლე სადინრების დახშობას განაპირობებენ.

დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების უსაფრთხოება ჯერ კიდევ საკამათო თემაა, ბევრი დეოდორანტი შეიცავს ნივთირებებს, რომლებიც ორგანიზმისთვის არც ისე უსაფრთხოა.

აღსანიშნავია, რომ სპრეის გამოყენების შემთხვევაში დეოდორანტში შემავალი ნივთირებები ნაკლებად შეიწოვება, შესაბამისად შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება სპრეის სახით მისი გამოყენება.

ანტიპერსპირანტებში შემავალი ალუმინის ქლორიდზე გამოთქმული მოსაზრებები თითქოს ის მკერდის კიბოს ან ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს, კვლევებით არ დასტურდება, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ოფლის გამოყოფას თერმორეგულაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ანტიპერსპერანტები გამოიყენება ძირითადად ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ და მათ თავიანთი გამოყენების ჩვენება და წესი აქვთ.

მაგალითად, ასეთი ანტიპერსპირანტის გამოყენება ძირითადად ღამის საათებში შეიძლება, აუცილებლად კარგად გასუფთავებულ და მშრალ კანზე, მეორე დღეს აუცილებელია მისი მოშორება სხეულიდან, უნდა ჩამოვიბანოთ. ანტიპერსპირანტების გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰიპერჰიდროზის ხარისხზე, სწორედ ამიტომ უმჯობესია ექიმთან კონსულტაციით გადაწყდეს, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი ანტიპერსპირანტის და რა ინტერვალებით გამოყენება სჯობს.

  • შესაძლოა ჭარბი ოფლიანობა სხვა დაავადების სიმპტომი იყოს?

გამოყოფენ ჰიპერჰიდროზის ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზებულ სახეებს. ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის დროს ადგილი აქვს ოფლის ჭარბ გამოყოფას ძირითადად: ხელის ან ფეხის გულების, იღლიის ან სახის მიდამოში, ხოლო გენერალიზებული ფორმის დროს ჭარბი ოფლი გამოიყოფა მთელ სხეულზე.

გარდა ამისა, გამოყოფენ იდოპათიურ ანუ პირველად ჰიპერჰიდროზს, რომლის დროსაც ძნელია გამომწვევი მიზეზის დადგენა, ის შეიძლება მემკვიდრეობით ხასიათს ატარებდეს. უპირატესად ლოკალური ხასიათი აქვს და ძირითადად დღის საათებში გამოიხატება.

რაც შეეხება მეორად ჰიპერჰიდროზს, ის როგორც წესი გარკვეული დაავადებების სიმპტომია და ძირითადად გენერალიზებული სახ აქვს.

  • კონკრეტულად რა დაავადებებს ახასიათებთ ჰიპერჰიდროზი?

ეს უპირველესად შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები – სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოგლიკემია, კლიმაქტერული პერიოდი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, D-ვიტამინის,კალციუმის თუთიის დეფიციტი.

რაც შეეხება არაენდოკრინულ დაავადებებს, ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის დაავადებები, ინფექციები, მაგალითად, ტუბერკულოზის დროს ძალიან ხშირი სიმპტომია ჭარბოფლიანობა, ავთვისებიანი სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები.

ჰიპერჰიდროზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკა, საიდან მოდის სიმპტომი და შესაბამისად წარიმართოს მკურნალობა.

  • როდის მივმართოთ ექიმს, რა ნიშნების დროს?

ფიზიოლოგიურად ოფლის გამოყოფა მატულობს გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ფიზიკური დატვირთვისას, ემოციური დაძაბულობის დროს, ტკივილის დროს, ცხარე და ცხელი საკვების მიღებისას, სინთეტიკური მასალისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარებისას, ასევე არაკომფორტული და არახარისხიანი ფეხსაცმელის ტარების დროსაც.

შესაბამისად, თუ ოფლის გამოყოფა არ უკავშირდება ზემოაღნიშნულ მიზეზებს, თუ უეცრად შესამჩნევად იმატა ოფლის გამოყოფამ, თუ ოფლიანობა გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან შეიცვალა სუნი, ოფლიანობა შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიურად და საჭირო გახდეს სპეციალისტის ჩართულობა.

ოფლის ჭარბი გამოყოფა მხოლოდ ესთეტიკური პრობლმა არ არის. იგი იწვევს მორალურ ზიანს, ქმნის უხერხულობას ურთიერთობებში, იწვევს დეპრესიას და ნევროზს და საგრძნობლად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა,  ჭარბი ოფლის გამოყოფის ფონზე იზრდება კანის ინფექციების განვითარების რისკი.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ჭარბი ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად?

ჰიგიენის ნორმების გაძლიერება, ხშირი შხაპი. ნატურალური, რაც შეიძლება ბუნებრივი ნაჭრებისგან შექმნილი თვისუფალი ტანსაცმელი გვეხმარება ოფლის გამოყოფის შემცირებაში, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ არ ჩაიცვათ სინთეტიკური ტანსაცმელი, არამედ იყოს მაქსიმალურად ნატურალური.

იგივე ეხება ფეხსაცმელს.

ძალიან მნიშვნელოვანია წინდები, რომელიც ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული.

ოფლის გამოყოფის შემცირებაში დაგვეხმარება ასევე კვებითი ჩვევების კორექტირება, ცხარე, მჟავე საკვების და ალკოჰოლის ამოღება მენიუდან, ასევე სტრესული სიტუაციების შემცირება.

ოფლის გამოყოფის შესამცირებლად ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა არ არის რეკომენდებული, თუმცა მნიშვნელოვანია დაკარგული სითხის ანაზღაურება, ანუ სითხის მიღება. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, წონაზე, ფიზიკურ აქტივობასა და თანხმლებ დაავადებებზე.

  • როგორ მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს?

მეორადი და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული დაავადების სიმპტომია, მკურნალობა მოიცავს იმ დაავადების მკურნალობას, რომელმაც გამოიწვა ჰიპერჰიდროზი.

იდიოპათიური ჰიპერჰიდროზის დროს პირველია ჰიგიენური ნორმების დაცვა, სპეციალური სამკურნალო ანტიპერსპერანტების გამოყენება, რომლებიც ალუმინის ქლორიდს შეიცავს, გარკვეული მედიკამენტების მიღება, რომლებიც ამცირებენ ოფლის გამოყოფას.

გარდა ამისა, გამოიყენება მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომლებიც შედარებით გრძელვადიან და მყარ ეფექტს იძლევიან, ეს არის იონტოფორეზი, რაც ელექტროფორეზის ერთ-ერთი სახეა. ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოიყენება ხელისა და ფეხის გულების ოფლიანობის დროს. კვირაში 2-3 პროცედურა, რამენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ოფლის გამოყოფას გარკვეული პერიოდის მანძილზე.

ასევე არსებობს ბოტულინოტოქსინის ინექციები კონკრეტულ ზონებში, რომლებიც ახდენენ საოფლე ჯირკვლის მაინერვირებელი ნერვების ბლოკირებას.

გარდა ამისა, არსებობს ქირურგიული მკურნალობის მეთოდებიც: კიურეტაჟი – რა დროსაც ხდება საოფლე ჯირკვლის ამოღება, სიმპატექტომია – ამ დროს ხდება იმ ნერვის გადაკვანძვა, რომელიც საოფლე ჯირკვალს აინერვირებს.

  • როგორი ანტიპერსპერანტების გამოყენებაა რეკომენდებული ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დეოდორანტების და ანტიპერსპირანტების გამოყენების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ საჭიროების მიხედვით შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო და უსაფრთხო საშუალება.

როგორც წესი, ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური ოფლიანობის დროს დეოდორანტის გამოყენება საკმარისიც არის და უსაფრთხოც. ასევე მინდა აღნიშნო, რომ დეოდორანტი სპრეის გამოყენების შემთხვევაში მასში შემავალი ნივთირებები უფრო ნაკლებად შეიწოვება და შესაბამისად უფრო უსაფრთხოც არის, ვიდრე ბურთულიანი დეოდორანტის გამოყენება.

დეოდორანტების გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე, ანტიპერსპირანტების – 24 საათში ერთხელ. ასევე ყოველთვის ჯობია, რომ ორივე გამოვიყენოთ გასუფთავებულ კანზე. 

________________________________________

MayoClinic-ის რჩევები ჰიპერჰიდროზის დროს:

  • დაიბანეთ ყოველდღიურად – რეგულარული დაბანა ხელს უწყობს თქვენს კანზე ბაქტერიების რაოდენობის კონტროლს. კარგად გაიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შუა და იღლიებში.
  • გამოიცვალეთ წინდები ხშირად – წინდები/კოლგოტი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, ყოველ ჯერზე კარგად გაიმშრალეთ ფეხი. გამოიყენეთ ფეხის პუდრა, რომლებიც შეიწოვს ოფლს.
  • გაანიავეთ ფეხები. იარეთ ფეხშიშველმა, როცა ამის საშუალება გექნებათ, ან პერიოდულად გაიხადეთ ფეხსაცმელი.
  • შეარჩიეთ თქვენი საქმიანობის შესაბამისი ტანსაცმელი. საერთოდ, ატარეთ ბუნებრივი ქსოვილები, როგორიცაა: ბამბა, აბრეშუმი, ისინი კანს სუნთქვის საშუალებას აძლევენ.
    ვარჯიშისას შეარჩიეთ ტენიანობის შემწოვი ქსოვილის ტანისამოსი.

გადაბეჭდვის წესი