განათლება,მთავარი,სიახლეები

„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

07.05.2021
„ფლექსის“ გამარჯვებული მოსწავლე ბათუმიდან

ბათუმელი თაკო შანთაძე ახალ სასწავლო წელს ამერიკაში დაიწყებს. ის მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) შეარჩიეს.

თაკო წელს მეათე კლასს ამთავრებს, ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში სწავლობს და ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა ამერიკაში მოგზაურობა.

პიროვნული სიძლიერე, თავდაჯერებულობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი – ამ თვისებებს აქცევენ  ყურადღებას პროგრამაში შერჩევისას.

„ოჯახის გარეშე შორს დიდი ხნით არ მიცხოვრია და ბუნებრივია, აშშ-ში ერთი წლით ცხოვრება ერთგვარი გამოწვევა იქნება ჩემთვის, თუმცა იმდენად მაინტერესებს როგორია ამერიკული განათლების სისტემა, ყოფა, ცხოვრება, კულტურა, ოჯახური, ადამიანური ურთიერთობები, რომ ვფიქრობ, შორს ყოფნასაც შევეგუები.

ჩემს წარმოდგენებში ამერიკა ისეთია, როგორსაც ფილმებში ვუყურებ. თუ ეს წარმოდგენები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ესეც სიახლე იქნება ჩემთვის,“ – ამბობს თაკო.

თაკო ამბობს, რომ მისთვის თავისუფლება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობაა, „ამიტომ დამოუკიდებელი ცხოვრება სწორედ ამაში გვეხმარება.“

თაკო ამბობს, რომ მოსწონს აქტიური ცხოვრება, სწორედ ამიტომ იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში:

„ამერიკულ კუთხესთან ვთანამშრომლობდი და ნებისმიერი აქტივობა, იქნება ეს სადისკუსიო კლუბი, ფილმების განხილვა თუ სხვა, მეხმარებოდა პიროვნულ განვითარებაში. ასევე ჩართული ვარ ამერიკულ სასტიპენდიო პროგრამაში „ექსესი“, რომელიც ინგლისური ენის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება ბავშვებს და კულტურული მრავალფეროვნების შესწავლაშიც.“

პანდემიის პერიოდი მისთვისაც საკმაოდ რთული იყო, რადგან იზოლაციისა და დისტანციური სწავლების პერიოდში დაშორდა მეგობრებს, თანატოლებს, „თუმცა ამ პერიოდში ჩემი ახალი ნიჭი აღმოვაჩინე და ხატვა და ქარგვა დავიწყე,“ – გვეუბნება თაკო. ამ ეტაპზე მის მთავარ ინტერესს ხელოვნება და მათემატიკა წარმოადგენს.

კითხვაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გოგონების, ქალების დამოუკიდებლობა და რა წინააღმდეგობები ხვდებათ დღეს მოზარდებს ცხოვრებაში, თაკო ამბობს, რომ დამოუკიდებლობა გაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დაიცვა შენი უფლებები, ამაში კი სწორედ განათლება გეხმარება:

„დამოუკიდებლობა – იქნება ეს ფინანსური თუ მენტალური, ქალისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ სტერეოტიპების  გავლენების გარეშე ვიცხოვროთ.

მე, შესაძლოა, არ მიგრძნია თავისუფლების შეზღუდვა ჩემს გარემოცვაში, მაგრამ თანატოლებისგან მესმის ხოლმე მსგავს პრობლემებზე. დღესაც არის შემთხვევები, როცა ოჯახშიც კი იჩაგრებიან გოგონები მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოები არიან  და მეტ უფლებებს ანიჭებენ ბიჭებს, ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს,“ – ამბობს თაკო.

ყველაზე მეტად რასიზმი, ჰომოფობია და ქსენოფობია აღიზიანებს და ცდილობს დაეხმაროს თანატოლებსაც მსგავს შეხედულებებთან გამკლავებაში.

„მე პირადად ამაში ძალიან დამეხმარა არაფორმალური განათლება, მედიაწიგნიერება და ვფიქრობ, უფრო ხშირად უნდა მიდიოდეს მსგავს თემებზე დისკუსია, რომ ბავშვებმა, მოზარდებმა შეძლონ ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა,“ – გვეუბნება თაკო.

თაკო შანთაძის გარდა სექტემბერში საქართველოდან აშშ-ში კიდევ რამდენიმე ბავშვი გაემგზავრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: