მთავარი,სიახლეები

34 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება – გაერო

06.05.2021 • 2243
34 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ 34 მლნ ადამიანს უკვე დღეს ემუქრება შიმშილით სიკვდილი.

ორგანიზაცია ეყრდნობა უახლეს ანგარიშს, რომელიც მომზადებულია გლობალური ქსელის ექსპერტების მიერ. ამ ქსელში შედიან: გაერო, ევროკავშირი და, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ, 2020 წელს, მინიმუმ 155 მლნ ადამიანს მსოფლიოს 55 ქვეყანაში არ ჰქონდა საკმარისი საკვები. ეს 20 მილიონით მეტია ორი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაკარგების გამოც.

გაერო იუწყება, რომ შიმშილსა და არასაკმარის საკვებზე საგანგაშო ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება 2017 წლიდან, როცა პირველად მომზადდა მსგავსი ანგარიში.

გაერო ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ ცნობილი საზომით, რომელიც აჩვენებს კრიზისის მასშტაბებს. გასულ წელს 133 ათასი ადამიანი აღმოჩნდა „კატასტროფულ პირობებში“ – ეს არის საკვების დეფიციტის მეხუთე, ბოლო სტადია. ეს ადამიანები ცხოვრობენ ბურკინა ფასოში, იემენსა და სამხრეთ სუდანში.

„კატასტროფული დონე“ ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში, სადღაც ჩვენ გვერდით ადამიანები მასობრივად მოკვდებიან შიმშილით,“ – წერს გაერო.

28 მლნ ადამიანს 38 ქვეყანაში ერთი ნაბიჯი აშორებს „კატასტროფისგან“ – ეს არიან კრიზისის მეოთხე სტადიაში მყოფნი. მათ ასევე სჭირდებათ სწრაფად დახმარება. ამავე ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი საკვების მწვავე უკმარისობას განიცდის, მაგრამ მათი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მესამე ხარისხის კრიზისი და ხუთი წლის განმავლობაში ამ ადამიანების რიცხვი 94 მილიონიდან 147 მილიონამდე გაიზარდა.

კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია – 55 ქვეყანაში ხუთ წლამდე 90 მილიონ ბავშვს განვითარების შეფერხება აღენიშნება, რაც კვების დეფიციტითაა გამოწვეული.

იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც შიმშილითა და საკვების უკმარისობით იტანჯებიან, აფრიკაში ცხოვრობს. ამ ქვეყნების რიცხვშია, ასევე, იემენი, ავღანეთი, სირია და ჰაიტი.

გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საკვების დეფიციტის მთავარი მიზეზი ომები და შეიარაღებული კონფლიქტები იყო. მეორე მიზეზი – ეკონომიკის ვარდნა, რომელიც ძირითადად პანდემიას უკავშირდებოდა. გასულ წლებში მეორე ადგილზე კლიმატის ცვლილები იყო, რომელიც ახლა უკვე საკვების დეფიციტის მესამე მიზეზია.

________________

ფოტოზე: იემენელი ბავშვი ჰუმანიტარული საკვების რიგის წინ მიწაზე ზის. იემენში ექვსწლიანი ომის პარალელურად უამრავი ადამიანი შიმშილობს. სოფელში, სადაც ეს ბიჭუნა ცხოვრობს, შიმშილით სიკვდილს რომ გადაურჩნენ ადამიანები, ხის ფოთლებს ჭამენ. ფოტო გადაღებულია 2021 წლის თებერვალში.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YAHYA ARHAB

გადაბეჭდვის წესი


ასევე: