მთავარი,სიახლეები

არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან – გოლეთიანი

08.05.2021 • 4526
არ ვაპირებთ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებას რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან. გოლეთიანმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რიონის ხეობის მცველები აპირებენ შეურთდნენ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას 16 მაისს.

„არაერთგზის გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით განცხადება და გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ გავერთიანდეთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

ზოგადად, არ მივიჩნევთ, რომ პარტიულ დღის წესრიგს შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რა პრობლემის ირგვლივაც ვართ აქ შეკრებილი და 182-2 ღამეს ვათევთ კონკრეტულად მოცემულ მომენტში სოფელ გუმათში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტს ჩვენი სიმრავლე და ჩვენი დამოკიდებულება, სულისკვეთება რომელიც გვაქვს და ამით მივიდეთ ბოლომდე და საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ – ესაა მნიშვნელოვანი.

პარტიული დღის წესრიგით, ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული წელია საქმე არ კეთდება ამ ქვეყანაში და ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ ყველა ერთად“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა პირდაპირ ჩართვაში ფეისბუქგვერდზე – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

მისივე თქმით, მათ არა აქვთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან პრობლემა, მაგრამ ჰესის მოწინააღმდეგეების ერთობა არის სახალხო მოძრაობა.

„ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებით, ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის გარეშე შევძლოთ გადაწყვეტა და იძულება დაქირავებული ხელისუფლების, რომ იყოს გამტარი და აღმსრულებელი ხალხის ნების. ეს არის ჩვენი სურვილი.

რაც შეეხება იმ ფეისბუქგვერდებს, რომელიც იქმნება ისტერიულად და თან სპონსორდებიან ასეთი გვერდები, ვინ დგას ამის უკან ეს ჩვენ არ ვიცით და სიმართლე გითხრათ არც გვაინტერესებს, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს 16 მაისის აქციასთან ვერთიანდებით, რომ ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

რაღაც ხედვებში შეიძლება არსებობდეს თანხვედრა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღის წესრიგის და მესიჯბოსქების მიხედვით გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი აცდენები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიურად და საფუძველშივე გამოვრიცხავთ რაიმე პარტიული გზებით მოქმედებას“ – განაცხადა გოლეთიანმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და 16 მაისს თბილისში, 9 აპრილის ბაღში დემონსტრაციას გამართავს. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ 23 მაისს ის რიგით მონაწილედ შეუერთდება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: