მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რისი ნიშანია გახშირებული შებერილობა და ყაბზობა – ექიმი გირჩევთ

07.05.2021 • 25344
რისი ნიშანია გახშირებული შებერილობა და ყაბზობა – ექიმი გირჩევთ

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მოიცავს იმ სიმპტომების ერთობლიობას, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავის ფუნქციონალური დარღვევით, მაგალითად, ტკივილით მუცლის არეში, მეტეორიზმით, ყაბზობით ან ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით. გარდა ტკივილისა და დისკომფორტისა, დაავადებას უყურადღებოდ თუ დავტოვებთ, შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, თუნდაც ბუასილის სახით, რომელიც ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის შედეგად ვითარდება.

გასტროენტეროლოგი ნანა ბოლქვაძე ამბობს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკში იჩენს თავს და მისი განმაპირობებილი არასწორი კვების რაციონის გარდა ხშირად სტრესული გარემოც ხდება.

  • რა ფაქტორები განაპირობებს ამ სინდრომის განვითარებას?

სამწუხაროდ, დღემდე გამომწვევი ფაქტორი სრულად შესწავლილი არ არის. მისი გამწვავება უფრო კვებასთან და ფსიქოგენურ ფაქტორთანაა დაკავშირებული, ანუ სიმპტომების გამწვავების მიზეზი შესაძლოა იყოს კვების რეჟიმის დარღვევა. ასევე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირად განიხილება როგორც ფსიქოსომატური დაავადება. ეს ნიშნავს, რომ სტრესის ფონზე აქვს რეციდივი, ანუ ახასიათებს ხელახალი გამწვავება. დაძაბულობისგან, სტრესის ფონზე, სიმპტომებსაც უფრო ემოციურად აღიქვამს ადამიანი. ასეთ დროს ჩვენც (თერაპევტების გარდა), გასტროენტეროლოგებიც ვნიშნავთ სედატიურ პრეპარატებს. ცხადია, სიმპტომური მკურნალობის პარალელურად.

MayoClinic: ადამიანების უმრავლესობას სტრესის მატების პერიოდში უუარესდება და უხშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები. 

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი შესაძლოა ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი გართულებით გამოვლინდეს?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია პათოგენეზში ერთდროულად სამივე წამყვანი ფაქტორი მოქმედებდეს, ასევე დამოუკიდებლად თითოეული მათგანი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ეს დიაგნოზი შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ თუ, რა თქმა უნდა, არ გამოვლინდა ორგანული პათოლოგია და ასევე სახეზე გვაქვს ამ სიმპტომთაგან/ნიშანთაგან ხუთი მაინც:

  • 20-დან 40 წლამდე ასაკი
  • შებერილობა ანუ მეტეორიზმი
  • ტკივილი მუცლის არეში, ნებისმიერი ხანგრძლივობის და ლოკალიზაციის
  • დეფეკაციის ცვლილება ანუ ყაბზობა, ფაღარათი ან მათი მონაცვლეობა
  • ასევე დაავადების მიმდინარეობა 6 თვეზე მეტი ხნით
  • ფეკალური მასის ცვლილება შესაძლოა არ იყოს ყაბზობა და არ იყოს ფაღარათი, მაგრამ პაციენტი აღნიშნავს, რომ შეცვლილია ფორმა
  • წონისმატებისკენ მიდრეკილება (მიუხედავად კვების რაციონში ცვლილებისა)
  • ობიექტური მონაცემის ცვლილება, ანუ მუცლის ნახვის დროს პერკუსის დროს შებერილი და მტკივნეული მუცელი
  • ფეკალურ მასაში ლორწოს არსებობა
  • ხშირი შარდვაც, რადგან გადაბერილი ნაწლავი ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე. გულისრევა, ქოშინი, კარდიალურ შეტევებსაც კი იწვევს გადაბერილი ნაწლავი, როცა დიაფრაგმას აწვება
  • ასევე ცრუ შეგრძნება, თითქოს უნდათ მოსაქმება, მაგრამ არ არის მოქმედება
  • დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დეფეკაციის შემდეგ

კუჭის მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ ნორმალურად მიიჩნევა კუჭის მოქმედება ყოველდღიურიდან სამ დღეში ერთხელ, ტკივილის გარეშე. სამ დღეზე მეტი თუა, უკვე ყაბზობაა.

დისკომფორტისა და გართულებების თავიდან აცილების გარდა, მნიშვნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ეს სიმპტომები, თუნდაც იმიტომ, რომ გამოირიცხოს სხვა, მსგავსი სიმპტომატიკით მიმდინარე დაავადებები, თუნდაც ლაქტოზის აუტანლობა.

  • რა საკვების მიღება შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისას?

გააჩნია რითი მიმდინარეობს, ახლა, სეზონურობიდან გამომდინარე, დამახასიათებელია შებერილობით ანუ მეტეორიზმი. შებერილობით მიმდინარეობისას აუცილებელია კვების რაციონიდან ამოვიღოთ რძე, კიტრი, ლობიო, ფხალი, კომბოსტო, ახალი პური, გაზიანი სასმელი.

ყაბზობისა და ფაღარათის დროს პირიქით, სასურველია კვების რაციონი გავამდიდროთ კონკრეტული პროდუქტებით. მაგალითად, მაწონი, იოგურთი – ესენი შეიცავენ ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს, რომლებიც განავლის ანალიზში ყოველთვის დაქვეითებულია ამ დაავადების მიმდინარეობისას.

ყაბზობის დროს რაციონიდან უნდა ამოვიღოთ კარტოფილი ანუ კრახმალი, ბრინჯი. წვნიანში ცოტა რაოდენობით არაუშავს, საუბარია შემწვარ და მოხარშულ კარტოფილზე. ან ბრინჯი ფლავის სახით; ფაღარათის დროს კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცხიმიანი (ცხოველური) პროდუქტები; რძის პროდუქტებიდან შესაძლებელია მხოლოდ უცხიმო ხაჭო და უცხიმო ყველი.

სითხის მიღება რეკომენდებულია როგორც ყაბზობის, ისე ფაღარათის დროს. განსაკუთრებით უზმოზე ერთი დიდი ჭიქა წყალი, ოთახის ტემპერატურაზე ან ამ სეზონზე ონკანიდან მოშვებული. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.

  • როგორ მკურნალობენ აღნიშნულ დაავადებას?

პირველი არის ექიმის მიერ სწორად, ინდივიდუალურად შერჩეული დიეტა და პლუს მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს ორი მეთოდი ერთად ეფექტურია.

გადაბეჭდვის წესი