მთავარი,სიახლეები

რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე

07.05.2021 • 2021
რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე

„სინამდვილეში მათ ჩვენი გაყრა უნდათ ბულვარიდან, რომ შემდეგ პლაჟები და სხვა ადგილები დიდ სასტუმროებს დაუკანონონ. ასე არ გამოვა. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით“, – ამ განწყობით მივიდნენ ბულვარის განაშენიანების გეგმის პრეზენტაციაზე მოიჯარეები, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში კომერციულ საქმიანობას  ეწევიან.

მათ უმეტესობას ბულვარში ძირითადად სეზონური ბიზნესი აქვს. ბევრს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა ან მოკლევადიანი შეთანხმება აქვს, ზოგ შემთხვევაში კი იჯარით აღებულ ნაკვეთებზე, მოიჯარეები ფლობენ კაპიტალურ შენობებს. ეს შენობები თავად იმ პირობით ააშენეს, რომ მომავალში [საიჯარო ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ], თუ მათ ამ ტერიტორიების დატოვება მოუწევდათ, სახელმწიფო შენობებს გამოისყიდდა.

წლების შემდეგ, ეს საკითხი მერიასა და მოიჯარეებს შორის გრძელვადიანი დავის საგნად იქცა.

ათავისუფლებს თუ არა მერია ადგილს ბულვარში მცირე ბიზნესებისგან მსხვილი ინვესტორებისთვის

დღეს მოიჯარეების დიდი ნაწილი ბულვარის განაშენიანების გეგმას ეჭვის თვალით უყურებს. ზოგიც თანახმაა დააკმაყოფილოს ბულვარის ახალი კონცეფციის მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ მას ბულვარში მუშაობაში ხელს არ შეუშლიან.

მოიჯარეები უკმაყოფილოები არიან ასევე მთავრობის შეთავაზებით, რაც ხელშეკრულებების ერთი წლით  გაგრძელებას გულისხმობს. მოიჯარეები მინიმუმ სამწლიან ხელშეკრულებებს ითხოვენ.

ამ ჯგუფს შორის განსაკუთრებით უკმაყოფილოები ის მოიჯარეები არიან, რომლებმაც იციან, რომ გენგეგმა ბულვარის პირველ ზოლში სანაპიროს მხრიდან შენობებს არ მოიაზრებს, მათი შენობები კი სწორედ ამ ზოლშია.

სამწლიანი ხელშეკრულებების მოთხოვნით ბულვარის მოიჯარეები დღეს, 7 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათგან უმრავლესობამ გვითხრა, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმას არ იცნობს და ზუსტად არც ის იცის, რა წერია დოკუმენტში. ზოგს კი მასზე ზედაპირული წარმოდგენა შეექმნა პრეზენტაციაზე, რომელიც გენგეგმის ავტორმა კომპანიამ მოაწყო.

„იყო საჯარო განხილვა, მაგრამ ჩვენს შორის, ვინც ბულვარში ვმუშაობთ, ბევრი ვერ მოხვდა ამ შეხვედრაზე. ვინც ესწრებოდა მათაც, ბევრმა ვერ გაიგო ყველაფერი. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ შემოგვთავაზეს ერთწლიანი ხელშეკრულებები. ჩვენ ბულვარში ვმუშაობთ წლების განმავლობაში, მაშინაც არ გამოვსულვართ პრეტენზიებით, როცა ტურისტი არ შემოდიოდა ქალაქში. 2020 წელს ჩვენ გავაგრძელეთ სეზონი, რადგან ფრენებს და დამსვენებელს ელოდნენ. გვიან დავიწყეთ და აგვისტოს ბოლოს პანდემიის გამო ისევ შეფერხდა ჩვენი მუშაობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვქონდა თხოვნა, რომ 3 წლით გაეგრძელებინათ ხელშეკრულებები“, – გვითხრა ბექა გუგუნავამ.

მოიჯარეები აჭარის მთავრობის სახლთან

ბექას ბათუმის ბულვარის პლაჟზე, იჯარის წესით ათვისებულ ტერიტორიაზე შეზლონგების გაქირავების ბიზნესი აქვს. ის ამბობს, რომ ამ დრომდეც ითვალისწინებდა ბულვარის ადმინისტრაციის მითითებებს: „თეთრი იყოს შეზლონგიო, თეთრი შემოვიტანეთ, ცვეთის შემთხვევაში ვანახლებდით. ტერიტორიას ვასუფთავებდით. ვფიქრობთ, ბულვარის გენგეგმის მოთხოვნებსაც დავაკმაყოფილებთ“.

ბულვარში მუშაობს ჯაბა გოხიძეც, ისიც ერთ-ერთი მოიჯარეა მათ შორის, ვინც დღეს საჯარო ხელშეკრულებების ვადის სამი წლით გაგრძელების მოთხოვნით თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მისივე მოსაზრებით მთავრობამ უნდა გამონახოს დრო და ბულვარის გენგეგმა მოიჯარეებს გააცნოს:

„პანდემიაა, მაგრამ ისეთი ლამაზი ბულვარი გვაქვს, შეიძლება იქ მოვაწყოთ შეხვედრა.“

მოიჯარეების ერთ ნაწილს, ვინც ღიად საუბარს ერიდება [ითხოვეს, რომ ნუ დავწერთ მათ ვინაობას], ეჭვი აქვს, რომ ერთწლიანი იჯარა მთავრობის სტრატეგიაა: „ჩვენს ნაწვალებ ადგილებს დიდ სასტუმროებს მისცემენ, მათთვის ამზადებენ. ახლა ცდილობენ, რომ ამას ნელ-ნელა შეგვაგუონ.“

მოიჯარეებს თავიანთი ინტერესის სფეროები აქვთ გენგეგმასთან მიმართებაში იმის მიხედვით, ვინ რით არის დაკავებული ბულვარში – კაფე აქვს, სანაყინე, შეზლონგების გაქირავება თუ სხვა. არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გენგეგმა შენიშვნების გათვალისწინებისა და დაკორექტირების შემდეგ ყველასთვის მისაღებ სახეს მიიღებს:

„მე როგორც ვიცი, გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მიდის მოლაპარაკებები ასევე მოიჯარეებთან, ეცნობიან როგორია მათი აზრი ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ყველა ბიზნესს თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენც გვაქვს რაღაც შენიშვნები, არ არის ამაში არაფერი განსაკუთრებული. ჩვენც გვინდა, რომ უკეთესობისკენ წავიდეს ბულვარში ყველაფერი. იყოს გარევაჭრობის ობიექტები ერთგვარი, როგორც ამას გენგეგმა ითხოვს – მე ვარ თანახმა, რომ ამ საკითხებზე შევთანხმდეთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექვსი წელია ბულვარში ვმუშაობთ და არასდროს გვქონია ჩვენ პრობლემა ბულვარის ადმინისტრაციასთან, ყოველთვის შეთანხმებით ვმუშაობდით“, – ამბობს ალეკო ბუკია. მას კაფეტერიების ქსელი აქვს ბულვარში.

პაატა ბაკურიძე მათ შორისაა, ვინც ხელშეკრულების ვადის გაგრძელებით [1 წლით] კმაყოფილია. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრსა და ბათუმის მერთან ერთობლივ შეხვედრაზე იმყოფებოდა და სჯერა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ გენგეგის დამტკიცების შემდეგ მოიჯარეები გულნატკენები რომ არ დარჩნენ.

გენგეგმის მომზადებისას მოიჯარეების ჩართულობის პრობლემაზე აკეთებს აქცენტს გიორგი დოლიძე. მისი თქმით, საკმარისი არ არის მხოლოდ 300-მდე პირის გამოკითხვა იმის დასადგენად, საზოგადოებას რა მოლოდინები აქვს ბულვართან მიმართებაში.

„გასაგებია, რომ ბულვარი ძველი იერ-სახით უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რას დავახვედრებთ ბულვარში სხვადასხვა ინტერესების მქონე ტურისტს, რადგან კარგად ვიცით, რომ დღეს ბულვარი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ადგილია.“

ბულვარის განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად სახელმწიფომ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. ბულვარის ადმინისტრაციამ დოკუმენტის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტი კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა. კონკურსის პირობების თანახმად კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა მოეწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: