Batumelebi | ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს – Batumelebi
RU | GE  

ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს

ავტორი: ესმა გუმბერიძე

შემოსავლების სამსახური წლებია, შშმ დასაქმებულებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ჩემსავით წელიწადში რამდენიმე დროებითი სამსახური აქვთ, პრობლემებს გვიქმნის კანონით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებით სარგებლობასა და საშემოსავლო გადასახადის სახით დაკავებული თანხის დაბრუნებაში. უკვე ისეთი განცდა მაქვს, რომ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს შეგნებულად გვიწესებენ, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღალოთ ყოველწლიურად თანხის დაბრუნების მცდელობებით და შევეშვათ.

საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად არსებობს ორი გზა: 1. შეგიძლია, დამსაქმებელს შემოსავლების სამსახურიდან მიუტანო ცნობა, რომ არ დაგბეგროს. 2. წლის დასაწყისში შეავსო დეკლარაცია და განცხადებით მოითხოვო გასულ წელს უკვე დაკავებული თანხის დაბრუნება.

პირველი ვარიანტი კარგია მუდმივად დასაქმებული შშმ პირებისთვის: ცნობას ერთხელ მიიტანენ და წლების განმავლობაში დამსაქმებელი ავტომატურად არ ბეგრავს. მაგრამ წელიწადში 5 სამუშაო ადგილს რომ იცვლი, გამოდის, რომ ყოველ ჯერზე წინა დამსაქმებელს უნდა გამოართვა ცნობა, რომ მისგან ანაზღაურებას აღარ იღებ, მიიტანო ეს შემოსავლების სამსახურში, მათ გამოაწერინო ცნობა შემდეგი დამსაქმებლისთვის, რომ ე.წ „საგადასახადო შეღავათით“ სხვაგან აღარ სარგებლობ და მიიტანო ეს ამ ახალ დამსაქმებელთან.

მე, პირადად, წლის გასვლის შემდეგ, წინა წლისას ვიბრუნებ ხოლმე, რადგან ძალიან რთულია, ერთჯერადად სადმე ლექციისთვის რომ გიხდიან ფულს ამხელა ბიუროკრატია გაიარო ყოველ ჯერზე. ეს დაბრუნება ყოველწლიურად რამდენიმეთვიან ომად მიჯდება. ყოველთვის სხვადასხვა პრობლემას მიქმნიან. წლების წინ ჩემგან მოითხოვდნენ დეკლარაციის შესავსებად ყველა დამსაქმებლისგან ცნობების შეგროვებას – თუ რა თანხა გადამიხადეს და რამდენი დამიკავეს გადასახადის სახით. არადა ეს ინფორმაცია ისედაც ჰქონდათ. დამსაქმებლები გიჟდებოდნენ, ეს ხომ ისედაც მივაწოდეთ შემოსავლების სამსახურს და ერთი და იგივე რატომ უნდა ვუკოპიროთო. ამ თემაზე საჯარო პოსტებისა და განცხადებების წერის, ასევე ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსთან გასაუბრების შემდეგ ამას აღარ მთხოვდნენ. შემდეგ მოიგონეს, რომ დეკლარაციისა და განცხადების შევსებაში ვეღარ დამეხმარებიან.

შარშან მითხრეს გადაჭრით, რომ ოპერატორები ამ უფლებამოსილებით აღარ არიან აღჭურვილნი და რომ, თურმე, „ბუღალტერი უნდა დავიხმარო“. დიახ, არც მეტი და არც- ნაკლები. მე, კერძო პირმა, რამდენიმე ასეული ლარი რომ დავიბრუნო, ჩემი ხარჯით უნდა ავიყვანო ბუღალტერი. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალი უსინათლოსთვის არაა მისაწვდომი. უფრო მეტიც, წლების წინ დამსაქმებლების ბუღალტრებს რომ ვთხოვდი იმ სხვადასხვა ცნობებს, ისინი ვერ ერკვეოდნენ, სად და რა უნდა აეტვირთათ. შარშან ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ცივი უარით რომ გამისტუმრა შემოსავლების სამსახურის ორთაჭალის ფილიალმა, ჩემით რომ ვერ გავაკეთებდი დეკლარაციას, ჩემს მეგობარს ვთხოვე: მივეცი ჩემი პაროლი, კოდი, საერთოდ თუ რამე მქონდა, ყველაფერი იმ პლატფორმის. ის ადამიანი ტენდერების კუთხით მუშაობს და მაინც ვერ გაერკვა ბოლომდე. განცხადება რამდენჯერმე დაგვიხარვეზეს. ბოლოს ვიპოვე ერთი ბუღალტერი, რომელიც დამეხმარა და დამაბრუნებინა თანხა შარშან. ამასობაში მივმართე სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია. ისინი წერილით შეჰპირდნენ, რომ მართალია, ოპერატორები ზედმეტად დაბეგრილი თანხის დაბრუნების პროცესში მოქალაქეებს დახმარებას აღარ უწევენ, მაგრამ შშმ პირი თუ მიმართავს, გამონაკლისის სახით დაეხმარებიან.

დეკლარაცია წელსაც იმ ღვთისნიერ ბუღალტერს შევავსებინე. განცხადება კი უკვე შემოსავლების სამსახურის საბურთალოს ფილიალში დამაწერინეს ამა წლის პირველ აპრილს. თანხას განცხადების შეტანიდან 30 დღეში რიცხავენ ბანკის ანგარიშზე, როგორც წესი. გუშინ, რომ არ დამხვდა ანგარიშზე ის თანხა ჩარიცხული, ერთ  თვეზე მეტი ხნის მერე, დავრეკე შემოსავლების სამსახურში. განცხადების ნომერი და შტრიხკოდი ვუთხარი – მითხრეს, რომ ჩემს განცხადებაზე 12 აპრილს უარი მეთქვა. რის საფუძველზე და განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის შევსებულიო! არადა ჩემი სახელით იყო. რომ დაველაპარაკე იურისტს, უარესი მითხრა: „თქვენ დამოუკიდებლად თუ ვერ იყენებთ იმ პორტალს, მინდობილი პირი უნდა გყოლოდათ და მას მინდობილობა უნდა აეტვირთა“.

ჯერ ერთი მტკიცებულების გარეშე რა უფლება აქვთ, ავტომატურად ჩათვალონ, რომ ჩემი სახელით სხვა მოქმედებდა! მეორე – ამ განცხადების გასაჩივრების ვადა არის 30 კალენდარული დღე. 13 მაისამდე კი არც ერთ სერვისცენტრში მოქალაქეებს პირისპირ არ იღებენ. ელექტრონულად კიდევ მე ვერ გავასაჩივრებ, რადგან პორტალი არ არის ჩემთვის მისაწვდომი. ამასობაში გასაჩივრების ვადას ვუშვებ.

და ბოლოს: განცხადება დამიწერეს შემოსავლების სამსახურის საბურთალოს ფილიალში და ბალანსი ვერ დამისვეს სწორად! დეკლარაციით სხვა თანხის დაბრუნება მეკუთვნის, მათ კი განცხადებაში სხვა ჩამიწერეს. მაგრამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ამ უზუსტობის საფუძვლით კი არა, არაუფლებამოსილი პირის მიერ შევსების გამო მეთქვა. 2015 წლიდან ვიბრუნებ ამ თანხებს. მთელი ეს პერიოდი მიქმნიან პრობლემებს. ვეხვეწებოდი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსაც, გაეროს განვითარების პროგრამასაც, მთავრობის ადმინისტრაციასაც, რომ როგორმე იმუშავონ ფინანსთა სამინისტროსთან ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. ეს ხომ არ მოითხოვს ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხების გამოყოფასაც კი.

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით ყველა უწყებას, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს, აქვს ინკლუზიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება. ამ პროცესში მაინც რატომ არ გვრთავენ? რატომ არის ასე ძნელი ადამიანების მოსმენა და უმარტივესი პრობლემების გადაჭრა?! ამის შემდეგ კიდევ ვინმე გაბედავს იმის თქმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს? სახელმწიფო, გარემო და საზოგადოება ყოველ ნაბიჯზე გვიზღუდავს შესაძლებლობებს.

ეს ცუდი ტენდენციაა მსოფლიოში, რაზეც დავსვი ახლა აქცენტი. ჩვენთან თუ ჯერ საგადასახადოს ეხება, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში გაექცათ ეს პროცესები. ახლა მიხვდნენ, რამხელა ტვირთად აწვებათ შშმ პირებს ის, რომ თვითონ უწევთ ციფრულ ლაბირინთებში გზის გარკვევა და ფაქტობრივად მარტო რჩებიან ისევ სახელმწიფო მანქანის წინაშე. შეიცვალა საშუალება მხოლოდ და არსი დარჩა იგივე. საყურადღებო თემაა ნამდვილად და სამსჯელო რომ იგივე არ მოხდეს ჩვენთანაც და როცა გადავალთ მთლიანად ციფრულ თვითმომსახურებაზე არ დაგვავიწყდეს რისკების გათვლა.

ესმა გუმბერიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.