უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 405 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 069 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 24 861 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 45 168 ერთეული [+57]
MLRS – 1 910 ერთეული [+7]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 459 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 385 190 ერთეული [+2 123]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 791 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 114 852 ერთეული [+353]
სპეცტექნიკა – 4 376 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 798 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ უფრო იკლებს:
„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი…
ამ დროს, სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება… ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.
ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან არის მაინც ცეცხლის შეწყვეტა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს. ეს რაღაც მანევრის საშუალებას კიდევ უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა,“ – გვიყვება ვალერი ჩეჩელაშვილი.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში, პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:
ბატონო ვალერი, რას ნიშნავს ბენზინის დეფიციტი რუსეთისთვის, რომელსაც „დიდ ნავთობგასამართ სადგურს“ ეძახდნენ? დღეს როიტერსი წერდა, რომ ინდოეთიდან დაიწყო რუსეთმა ბენზინის შესყიდვა.
ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი, ნავთობს საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებად ყიდის ინდოეთსა და ჩინეთში და იქიდან ძვირად უნდა შემოიტანოს ბენზინი. ეს ხდება იმიტომ, რომ შეიქმნა ბენზინის დეფიციტი უკრაინელების დარტყმების შედეგად.
უნდა ითქვას, რომ ამ დარტყმებამდე რუსეთის ფედერაცია 10 %-იანი მარაგით, ანუ 10 %-ით მეტ ბენზინს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა ქვეყანაში. ბენზინის ექსპორტს რუსეთი, როგორც იცით, არ აწარმოებდა. ახლა კი, დაახლოებით ნახევარი წარმოება დაზიანებულია. შესაბამისად, შეიქმნა ძალიან სერიოზული დეფიციტი, პირველ რიგში, ყირიმში და არა მხოლოდ ყირიმში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, რადგან, ბუნებრივია, უკრაინელები ურტყამენ ევროპულ ნაწილს.
ვალერი ჩეჩელაშვილი
ეს რით მძაფრდება კიდევ? – იმით, რომ ეს ბენზინი ესაჭიროებათ სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის.
კილომეტრიანი რიგების გარდა, სერიოზული კომპონენტი ემატება ამას: ახლა არის მოსავლის აღების დრო. რუსები წუწუნებენ იმაზე, რომ არ აქვთ საწვავი და შეიძლება, ვერ აიღონ მოსავალი. ეს თავისთავად უქადის რუსეთს სერიოზულ პრობლემებს მომავალში სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი მხოლოდ ეკონომიკური პრობლემებია რუსეთისთვის, თუ თავისთავად აისახება პუტინის რეჟიმზე?
თითქოსდა ეკონომიკური პრობლემებია, მაგრამ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის საზოგადოების განწყობებზე. პირველად გამოჩნდა გასაკვირი ციფრი: ბოლო კვლევებით, რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის 81 % არ იქნებოდა წინააღმდეგი, შეწყდეს სამხედრო სპეციალური ოპერაცია, მხოლოდ 14 % უჭერს მხარს მის გაგრძელებას.
ამ კრიზისს ჯერჯერობით არბილებს რუსეთში დიზელის წარმოება – დიზელის წარმოება არის 100 %-იანი მარაგით. რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების შემდეგ, რუსეთი დიზელის წარმოებით დღესაც კი აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს. ეს მეტ-ნაკლებად არბილებს საწვავის კრიზისს და სიმძაფრეს არ აძლევს მას, მაგრამ უკრაინელები ხომ არ გაჩერდებიან? უკრაინელები განაგრძობენ წარმოებების დაზიანებას, როგორც ბენზინის, ისე დიზელის.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი-ორი დარტყმა იყო ფრთოსანი რაკეტებით – „ფლამინგოებით“. დრონებით უტევენ ჯერ. აი, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რომ მივა რიგი, ამას ექნება ყველაზე დიდი ეფექტი.
ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა, როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში.
რუსეთის ეკონომიკა დაახლოებით ორნახევარი ტრილიონი დოლარია, ანუ შიდა ეროვნული პროდუქტი. ბენზინი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ეკონომიკური ეფექტი? შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ისე, რომ რუსეთში პენსია ვეღარ დარიგდეს?
საწვავის დეფიციტი ურტყამს ბიზნესს და ბიზნესი თუ ვერ ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ის გადასახადებს ვერ გადაიხდის. თუ გადასახადები ვერ გადაიხადა ბიზნესმა, შესაბამისად, საპენსიო ფონდი ვერ შეივსება და შეიძლება, პენსიების გაცემის პრობლემები შეიქმნას.
სხვათა შორის, რუსებმა ასწიეს დღგ, მოგების გადასახადი, მაგრამ გადასახადების დავალიანება აღწევს უკვე ხუთ ტრილიონ დოლარს. გადასახადების გაზრდამ ვერ უზრუნველყო ის, რომ ამოიღონ გადასახადები იმდენი მაინც, რამდენიც თუნდაც გაზრდამდე იყო.
ამას ერთვის, მაგალითად, ინტერნეტის პრობლემები. დღევანდელ პირობებში ინტერნეტის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ბიზნესის განვითარება? ბიზნესის კონკრეტული დარგების ფუნქციონირება შეუძლებელიცაა ინტერნეტის გარეშე.
მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზარდეს დღეს ბაჟის გადასახადი. ამ გზითაც ცდილობენ რუსები დანაკლისის კომპენსირებას?
ბაჟის გადასახადი თუ გაზარდეს, ესე იგი ელოდებიან ამის დეფიციტს და ამ დეფიციტის აღმოფხვრის მცდელობაა ბაჟის გაზრდა. ბენზინის და დიზელის ექსპორტი საერთოდ აკრძალეს პრინციპულად.
თქვენ აღნიშნეთ, ამ ეკონომიკური კრიზისით იცვლება რუსეთში საზოგადოების განწყობაო, მაგრამ რუსეთში ხომ დემოკრატია არ არის? რამდენად ანგარიშგასაწევი შეიძლება გახდეს ეს უკმაყოფილება პუტინის დიქტატურისთვის?
საზოგადოების განწყობები ჯერ გადამწყვეტი არაა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დინამიკაზე. გახსოვთ, ადრე როგორი იყო განწყობა, მაგალითად, რუსეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში? – ეს ომი არის სადღაც შორს, ჩვენ არ შეგვეხება, არაფერ შუაში ვართ. ახლა ირკვევა, რომ ასე არაა – ომი მოვიდა ჩვენთან, ომი მოვიდა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში მოვიდა. ეს არ იყო იმ სოციალური კონტრაქტის ნაწილი, რომელიც პუტინმა დადო რუსეთის მოსახლეობასთან და ბიზნესთან: თქვენ არ ჩაერიოთ პოლიტიკაში და მე თქვენ შეგიქმნით კომფორტს.
შესაბამისად, ეს სოციალური კონტრაქტი დაირღვა და ამით უკმაყოფილება იზრდება. მე არ მახსოვს, რომ ასე ღიად „Z-ბლოგერები“ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ „პუტინი შეცდომებს უშვებს“, „ის უნდა წავიდეს“. ძალიან აგრესიული ბლოგები იწერება რუსების მხრიდან იმ პირობებში, როდესაც ასეთი მკაცრი კონტროლია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ФСБ-ს, ФСО-ს მხრიდან.
უშვებთ, რომ პროტესტი რუსეთში შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ ამას ვეღარ მოერიოს პუტინის რეჟიმი, ვეღარ გააჩუმოს?
სოციალური პროტესტის სერიოზულ, მზარდ ნიშნებს ვხედავთ რუსეთში.
სოციალური პროტესტის ზრდა რომ აღმოიფხვრას და ამის შეკავება მოახერხოს პუტინმა, მან მინიმუმ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემები. როგორ გადაწყვეტს, როდესაც ბენზინის წარმოება დანგრეულია? იმპორტით შემოტანა ძალიან ძვირია და ეს იქნება მხოლოდ შეზღუდული ხასიათის. პრინციპში, ერთადერთი საშუალება ამ პრობლემებს რომ მოევლოს, არის ცეცხლის შეწყვეტა.
მაგრამ ეს პოლიტიკურად წამგებიანია პუტინისთვის, შეიძლება დამღუპველიც კი იყოსო – პოლიტოლოგები ამბობენ.
კი ბატონო, მაგრამ მაშინ პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ.
ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას.
პუტინმა საკუთარი თავი თვითონ ჩააყენა ამ მდგომარეობაში. დაახლოებით 6-7 თვის წინ ტრამპი ამბობდა, რომ დიახ, მშვიდობაა საჭირო, მაგრამ ყველა უნდა წავიდეს დათმობებზე, მათ შორის, უკრაინასაც მოუწევს დათმობა, ტერიტორიების დათმობაც და სხვაგვარად არ გამოვაო. დაახლოებით ამას ამბობდა ტრამპი. დღეს კი, ტრამპმა მოაწერა ხელი „დიდი შვიდეულის“ დოკუმენტს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხელმომწერი ქვეყნები – 7 უძლიერესი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასე რომ, პუტინმა ხელიდან გაუშვა ყველაზე კარგი მომენტი საიმისოდ, რომ ეს ბარბაროსული ომი დაემთავრებინა.
ტრამპი ისე იყო განწყობილი, რომ მოახდენდა სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე. ტრამპის ზეწოლის პირობებში და იმ პირობებში, რომ, მაგალითად, აღარ მიაწვდიდა იარაღს თუნდაც ევროპელების ნაყიდს და ასე შემდეგ, აი, ეს შანსი ჰქონდა პუტინს, რაც მან არ გამოიყენა. იფიქრა, რომ არა, მე ახლა უფრო მეტის გაკეთება შემეძლება, მაგრამ მან ვერ გათვალა ზელენსკის და უკრაინის მედეგობა, ვერც ის, რომ ახალ ტექნოლოგიებში უკრაინა აჯობებდა რუსეთს და შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს.
დასავლეთი ასევე ერთსულოვანია რუსეთის დასანქცირების პოლიტიკის მიმართ. რუსეთის იზოლირების გარდა, ესეც აძლიერებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს რუსეთში?
რა თქმა უნდა, სანქციები არავის არ გაუუქმებია. ევროპა ყოველი ექვსი თვით აგრძელებდა სანქციებს პუტინის მიმართ, ამჯერად პირველად გააგრძელა ერთი წლის ვადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს გაცილებით მეტად სჯერათ უკრაინის წარმატების ამ ომში და, შესაბამისად, უფრო მკაცრ პოზიციას იკავებენ რუსეთის მიმართ. მე აღარ ვამბობ ამ მილიარდების დამატებაზე და დახმარებაზე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიდან. ნატოს სამიტი იქნება რამდენიმე დღეში და იქაც არის ლაპარაკი, სავარაუდოდ, უკრაინისთვის ათეულობით მილიარდის დამატებაზე.
სხვათა შორის, ახლა მოხდა ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი: უკრაინამ პირველად ამ ომის მიმდინარეობისას ჯავშანტექნიკის რაღაც მანქანებზე, რომელსაც აწვდიდა დანია, უარი თქვა იმიტომ, რომ აღარ ესაჭიროება ეს მანქანები ფრონტის ხაზზე. შეიძლება, უკრაინას უკვე სხვა უკეთესი შესაძლებლობები აქვს და ჩათვალა რომ არ ესაჭიროება. წარმოიდგინეთ, ეს როგორი თვისებრივი მაჩვენებელია? უკრაინას ასარჩევად აქვს უკვე საქმე.
ამ დროს სად აქვს რესურსი რუსეთს? რუსეთის რესურსი იწურება იმიტომ, რომ ომს უნდა დაფინანსება, დაფინანსებას უნდა ახალი ვალები, ამ დროს არის საბიუჯეტო კრიზისი, გადასახადების აკრეფაში პრობლემებია, საბანკო კრიზისია – აღებულ კრედიტებს ვერ აბრუნებენ იურიდიული პირები. შესაბამისად, ბანკებს ექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემა.
ახალი სესხები რუსეთმა შეიძლება აიღოს მხოლოდ შიდა ბაზარზე, მაგრამ მისი შიდა ვალი უკვე აღწევს იმ დონეს, როდესაც მოზიდული სახსრები ძლივს ჰყოფნის ძველი ვალის მომსახურებას, ანუ ცოცხალ ფულს პრაქტიკულად რუსეთი ვეღარ იღებს შიდა ბაზარზე. გარეთ რუსეთს რომ არავინ კაპიკს არ მისცემს – არც დოლარს, არც ევროს და არც იუანს, ეს ძალიან კარგად ვიცით.
ეს ყოველივე ემატება ცუგცვანგის მდგომარეობას – ყოველი შემდეგი ნაბიჯი არის შექმნილი ვითარების გაუარესება. პუტინის თავში როგორ ჩაიხედავ, მაგრამ პრინციპში ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ცუდი გამოსავლებიდან მაინც ცეცხლის შეწყვეტაა. პუტინის გადასახედიდან რომ შევხედოთ, ამ გზით დე ფაქტო მაინც დარჩება რუსეთის კონტროლქვეშ უკვე დაკავებული ტერიტორიები და ეს შეიძლება პუტინმა ძალიან სერიოზულად გაყიდოს.
ეს კიდევ რაღაც მანევრის საშუალებას უტოვებს პუტინს, მაგრამ თუ მან ეს უაზრო, ბარბაროსული ომი გააგრძელა, რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა იქნება გაცილებით უფრო მძიმე, თუ კატასტროფული არა.
„სად არის სინდისი, რომ იმის პატიმრები იყვნენ. მებრძოლი ადამიანები მიყვარს, მაგრამ, რომ ვხედავ ეს მებრძოლი ადამიანი ტირის, მოთქვამს, ზმუის, სახსარი მტკივა, თირკმელში კენჭი მაქვს… თან „რევოლუციონერობა“ უნდათ, თან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდათ.
რევოლუცია თუ გინდა, ამდენი მოთქმა-ტირილი, ზმუილი, ვაება… კაცო, რევოლუცია ნიშნავს ციხეზეც უნდა წახვიდე, ნარებზეც უნდა დაწვე, იქიდანაც უნდა იბრძოლო,“ – ეს განცხადება კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ გააკეთა სატელევიზიო ეთერში, როცა გაიგო, რომ პოლიტიკური პატიმარი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, სამკურნალოდ მის კლინიკაში გადაჰყავდათ.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ვივამედი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა, ყველაზე დიდ დაკვეთებს იღებს სახელმწიფოსგან პატიმრების სამედიცინო მომსახურებაზე და იშვიათი გამონაკლისის გარდა, პატიმრებს სხვა კლინიკებში გადაყვანის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.
რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის სიძულვილის ენა და რამდენად სახიფათოა [ჯდება ის საერთაშორისო სტანდარტში], რომ პოლიტიკური პატიმარი სამკურნალოდ გადაიყვანო იმ კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელიც პატიმრის მიმართ მტრულად არის განწყობილი.
იქნება ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ უსაფრთხოდ? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ფსიქოთერაპევტს და სამოქალაქო კამპანია – „ერთი ხალხი, ერთი საქართველოს“ წარმომადგენელს, დავით ჯინჭარაძეს.
დავით ჯინჭარაძე
ბატონო დავით, რაზე მეტყველებს ნინო ნადირაძის განცხადებები, რა რისკებს ხედავთ ამაში?
პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი ყველა პატიმარი, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს „ვივამედის“ მომსახურებით. არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ყველა პატიმრის ოჯახის წევრი უნდა იყოს შეშფოთებული ნადირაძის ამ განცხადებით. თუმცა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ პატიმარზე აკეთებს განცხადებას.
როცა ადამიანს ვალდებულება აქვს აღებული პენიტენციურ სამსახურთან მუშაობის, მას აქვს ვალდებულება ყველა პატიმრის უფლება დაიცვას და უმკურნალოს. არავის ეგონოს, რომ ამ განცხადებით მარტო ელენე ხოშტარიას ან მხოლოდ სინდისის პატიმრებს ეხება ნინო ნადირაძე, ყველა პატიმრისთვის საგანგაშოა.
ქალმა თქვა, რომ თუ „რაღაცას აწყობ“, კენჭის გავლა არ უნდა გქონდესო. მისი თვალთახედვით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს კენჭის გავლა არ აქვთ? მხოლოდ ოპოზიციონერს ეკრძალება, რომ ავად გახდეს?
ყველა პატიმრის ოჯახის წევრმა უნდა დაუსვას კითხვა პენიტენციურ სისტემას, რომ პატიმართან უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ დაავადება პოლიტიკასთან არის კავშირში?
ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკას და სპორტს ერთმანეთში ნუ ვრევთო და ჯანმრთელობაში პოლიტიკის გარევა რა საჭიროა. თუ ადამიანი ავადაა, რა მნიშვნელობა აქვს ელენე ხოშტარიაა თუ სხვა პატიმარი, თუ რაღაცაში პოლიტიკა არ უნდა გავრიოთ, ეს არის ჯანდაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის საკითხები თავისთავად არის პოლიტიკა.
მაგალითად, როცა კახა კალაძეს ჰქონდა რაღაც პრობლემა, ელენე ხოშტარიამ მას უსურვა გამოჯანმრთელება. როცა „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ან პარტიის წევრზე იგებენ ადამიანები, რომ რაღაც ავადმყოფობა აქვთ, წყდება ხოლმე მის მიმართ კრიტიკული რიტორიკა, რიგით ადამიანებს უფრო მეტი ემპათია და კაცთმოყვარეობა აქვთ და რატომ არის რთული, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებიც შეთანხმდნენ საბაზისო ადამიანურ ღირებულებებზე.
არავინ სთხოვს ნინო ნადირაძეს, რომ ელენე ხოშტარია აღიაროს პოლიტპატიმრად და არც იმას, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი დაიჭიროს ხელში.
მედიცინაში არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი, რაც ექიმს ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს პაციენტის გადასარჩენად, იმის მიუხედავად, მოსწონს პიროვნულად ეს პაციენტი თუ არა. ნადირაძის განცხადებები თუ მოდის წინააღმდეგობაში ამ ვალდებულებასთან?
ჩვენ გვსმენია არაერთი ისტორია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ან აგვისტოს ომშიც კი, ქართველები როცა დაინახავდნენ, რომ ადამიანი დაჭრილი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის მხარეს იბრძოდა, მაინც ცდილობდნენ მის გადარჩენას და გამოყვანას ბრძოლის ველიდან.
ომის ეთიკაც კი ამას გულისხმობს, რომ უკვე დაჭრილ და განიარაღებულ ადამიანს, შეიძლება უმკურნალო. ტერორისტსაც კი, რადგან ექიმის მოვალეობაა ადამიანის მკურნალობა. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და მათ შორის საქართველოში.
მით უმეტეს ელენე ხოშტარიას, რომელსაც არაფერი დაუშავებია, კალაძის საარჩევნო ბანერს რაღაც წააწერა ფლომასტერით.
იმ კლინიკის დირექტორი, სადაც პატიმარს უნდა უმკურნალონ, მტრულად ან ცინიკურად არის განწყობილი, პაციენტს ესმის სიძულვილი ენა, ქილიკი მის მიმართ, ხედავს გულგრილობას, რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთ კლინიკაში დაცული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. რა გარანტია არსებობს, რომ მას არ დააზიანებენ მკურნალობის ნაცვლად?
როგორც ვიცი, „ვივამედს“ აქვს მონოპოლია და მხოლოდ ის ემსახურება პენიტენციურ სისტემას. ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მიმწოდებელი ეს კლინიკაა და პატიმრის არჩევანია, რომ ან ციხეში გაუარესდეს მისი მდგომარეობა, ან იმკურნალოს ისეთ ადგილას, სადაც ის სძულთ.
საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერი რომ იყოს, პენიტენციურ სისტემას და სახალხო დამცველს უნდა ჰქონოდათ ნადირაძის განცხადებებზე რეაგირება – უნდა ეთქვათ, რომ ამ ადამიანს არ აქვს უფლება დაიკავოს ასეთი მაღალი სამედიცინო თანამდებობა. ასე მოხდებოდა ნებისმიერ დასავლურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებს უყვართ ხოლმე სიარული, მათ შორის თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. ასეთი განცხადებები იქნებოდა ნინო ნადირაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობა.
ამ შემთხვევაში ნინო ნადირაძე პირად შეხედულებებზე არ საუბრობდა, პოლიტიკური იყო მისი განცხადებები, რადგან პირადი შეხედულება არის, რომ „არ მომწონს ელენე ხოშტარია“, ან „დამნაშავეა ხოშტარია“ ვთქვათ, მაგრამ მას არ აქვს უფლება თქვას, „ელენე ჩემთან გადმოიყვანეს კლინიკაში და მას უფლება არ აქვს კენჭის გავლა ჰქონდეს და ზმუოდეს სახსარი მტკივა“ – ეს პროფესიული შეხედულებაა და ეს არ არის აზრის თავისუფლება.
ექიმი ამბობს ამას, ფსიქოლოგი თუ თერაპევტი, იქ მთავრდება უკვე გამოხატვის თავისუფლება და ცხადია, ირღვევა ექიმის ეთიკაც.
დირექტორის განცხადებები შეიძლება ერთგვარ მესიჯადაც აღიქვას მედპერსონალმა? გავლენას თუ მოახდენს მათზე?
ცხადია მოახდენს. მით უმეტეს საქართველოში, ყველამ იცის, როგორ მუშაობს სამედიცინო სისტემა. კოვიდის დროიდან გვახსოვს, თუ როგორი აგრესიულია ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში პაციენტის მიმართ პერსონალის დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები ამის ხელშემწყობია.
დასუსტებულ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა და ეს შეიძლება დაემართოს ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერსაც.
როცა ექიმი ამას ვერ ხვდება, ის ექიმი არ არის. გვსმენია, რომ ნაცისტურ გერმანიაში, ფაშისტურ რეჟიმებში, იმპერიალისტური პერიოდის იაპონიაში, მსგავს რამეებს ამბობდნენ ადამიანებზე და ვიცით შემდეგ რა გამოიწვია ამან, ხომ?
ზოგადად, როცა ადამიანი სწავლობს მედიცინაზე, ან გადის სამედიცინო კურსს სამედიცინო სპეციალობაზე, მთელი კლასი ეთმობა ეთიკას, სადაც ადამიანები ზუსტად ნაციზმის მაგალითზე დაყრდნობით სწავლობენ, როგორი არ უნდა იყოს ექიმი. ნინო ნადირაძეს ეტყობა არ გაუვლია ეს კურსი – დღეს მისი რიტორიკა გერმანელი ნაცისტი ექიმების რიტორიკას ერთი-ერთში ემთხვევა.
ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ელენე ხოშტარიას არ ჰქონდეს ამ კლინიკის მიმართ ნდობა?
ელენეს შემთხვევაში, მას საერთოდ არ აქვს არანაირი მოთხოვნა და სწორი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ პატიმრის, თუნდაც სინდისის პატიმრის ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ნორმალურ ქვეყანაში ნინო ნადირაძეს მოხსნიდნენ, ელენეს კი სხვა უკეთეს კლინიკაში გადაიყვანდნენ. ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ აეკრძალებოდა ასეთ ექიმს პოლიტიკური კომენტარების გაკეთება.
მით უმეტეს, პროპაგანდისტულ „იმედზე“ ყოფნა და რაღაც სიუჟეტებში ჭორაობის პოზიციიდან რაღაცების მოყოლა. სამწუხაროდ, ამ ადამიანს აქვს სამედიცინო განათლება და უამრავ პაციენტზე წვდომა. აქ მთავარი მესიჯი ის კი არ არის, რაც ელენე ხოშტარიაზე თქვა, მთავარი მესიჯია ის, რომ ადამიანი, რომელიც ერთ პაციენტს ექცევა ასე, ყველა პაციენტისთვის საფრთხეა.
„ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები უკრაინის დრონების წარმატებასა და რუსეთის სუსტ წერტილებზე
ვაშინგტონში, „ატლანტიკურმა საბჭომ“ (Atlantic Council) 18 ივნისს უმასპინძლა პანელურ დისკუსიას, რომელზეც განიხილეს ომის დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ ცვლილება, რაც დრონების ტექნოლოგიამ და რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა ღრმა დარტყმებმა გამოიწვია.
მომხსენებლებმა დასავლეთი თვითკმაყოფილების წინააღმდეგ გააფრთხილეს და ხაზი გაუსვეს ხანგრძლივ გეოპოლიტიკურ ბრძოლასა და აშშ-ისა და ნატოს სტრატეგიულ ხარვეზებს.
გენერალი (თად.) ბენ ჰოჯესი
ჰოჯესმა გამოხატა ძლიერი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნებოდა უკრაინის მკაფიო სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად და კრიტიკული რეგიონების იზოლაციისთვის:
„უკრაინელებმა მიაგნეს იმას, რაც, ჩემი აზრით, მათი გამარჯვების თეორიაა – ეს არის რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა რუსეთმა ვერ მოიპოვოს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსური რესურსები“.
მან აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების დაბალმა მორალმა და ზურგში ლოგისტიკურმა შეფერხებებმა შესაძლოა ქვედანაყოფების რღვევა გამოიწვიოს:
„ნაპოლეონმა თქვა, რომ მორალური ფაქტორი ფიზიკურთან შედარებით სამი ერთთან პროპორციით ფასობს. ასე რომ, ვფიქრობ… აქ არის სუსტი წერტილი…“
ჰოჯესმა კატეგორიულად უარყო უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ უკეთესი მომლაპარაკებლის პოზიციის მოსაპოვებლად:
„საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ყველაფრის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ რუსეთის საკუთარ საზღვრებში დასაბრუნებლად. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომა“.
თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი
გენერალი (თად.) ვესლი კლარკი
კლარკმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური უპირატესობები ბრძოლის ველზე სწრაფად იცვლებოდა და მუდმივ მდგრადობას მოითხოვდა:
„ტექნოლოგიური მიღწევები ამ ომში წარმავალია… ეს არის ტექნოლოგიური რბოლა“.
მან გააფრთხილა აუდიტორია, რომ ვლადიმერ პუტინი ძალებს ნატოს ჩრდილოეთ ფლანგის წინააღმდეგ აგროვებდა, უკრაინას კი ძალების ეკონომიის ჭრილში განიხილავდა:
„ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. დასასრულამდე კიდევ შორია. ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ყოველი კარგი ნაბიჯი, რომელსაც უკრაინა დგამს და უნდა გავაგრძელოთ მათი გაძლიერება“.
კლარკმა განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ამახინჯებდა სამხედრო იერარქია, სადაც ხელქვეითებს დამარცხების აღიარების ეშინოდათ:
„თუ პრობლემის შესახებ მოახსენებ, ეს შენი პრობლემა ხდება და შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიგცენ“.
თადარიგის გენერალი ვესლი კლარკი
ელჩი (თად.) დუგლას ლიუტი
ლიუტმა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია ნატოზე რუსეთის მხრიდან ტრადიციული სახმელეთო თავდასხმის შესაძლებლობა და ამის ნაცვლად ჰიბრიდული კამპანიის ესკალაცია იწინასწარმეტყველა:
„…ეს არის ოქროს შესაძლებლობები, რომლებსაც პუტინს ვუქმნით, რათა გააღრმავოს ეს განხეთქილება და მიაღწიოს იმას, რაც რუსეთის მიზანია – ტრანსატლანტიკური კავშირის გაწყვეტა“.
ლიუტმა გააკრიტიკა აშშ-ის ადმინისტრაციები იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს სპეციალიზებული ოპერატორების ინტეგრირება უკრაინულ ძალებთან, რათა პირდაპირ ფრონტის ხაზის „ომის ლაბორატორიიდან“ მიეღოთ გამოცდილება:
„ამის ნაცვლად, აშშ-ის არმია ცდილობს უკრაინის ბრძოლის ველის გამეორებას… ძალიან მოკრძალებული და არაზუსტი გზით… მაგრამ ეს სიგიჟეა“.
დუგლას ლიუტი
დებრა კაგანი (ყოფილი დიპლომატი და თავდაცვის ექსპერტი)
კაგანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სისწრაფეს მიწოდების ჯაჭვის ზეწოლასთან ადაპტაციაში და მისი მოქნილი თავდაცვითი ინოვაციები რუსეთის მოუქნელ ბიუროკრატიას შეადარა:
„თქვენ გაქვთ ეს მოუქნელი ბიუროკრატია უკრაინის ამ მართლაც ძალიან მოხერხებული, მოქნილი და დინამიური სისტემის წინააღმდეგ“.
მან აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ს გაუსწრეს დრონების ინტეგრაციასა და წარმოების სწრაფ უკუკავშირში:
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია… რომელსაც შეუძლია მივიდეს ფრონტის ხაზზე, განათავსოს იარაღი და სამ დღეში სრულად შეცვალოს მისი კონფიგურაცია…“
კაგანმა რუსეთის ბირთვულ მუქარებს უწოდა ფუჭი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად დასავლური ხელმძღვანელობის მანიპულირებისთვის იყო შექმნილი:
„…ეს არის ფუჭი მუქარა მათთვის, ვინც მეზობლად ცხოვრობს და მნიშვნელოვანი მუქარა იმ გავლენის გამო, რაც მას აქვს ტრამპსა და მის გარემოცვაზე“.
დებრა კაგანი, ყოფილი დიპლომატი და თავდაცვის ექსპერტი
ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურ ობიექტში, წელიწადში 130 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს ანადგურებენ, რისთვისაც 23 ტონა დიზელის საწვავი იხარჯება.
სახიფათო ნარჩენების განადგურება, გარემოს ზედამხედველობის დასკვნით, კანონშეუსაბამოდ მიმდინარეობს, რის გამოც ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ მიმართ სამართალდარღვევის ოქმიც შეადგინეს.
თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, რა ზიანი ადგება გარემოს სახიფათო ნარჩენების განადგურებით.
ობიექტს [სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებლების საწარმოს], სადაც სახიფათო ნარჩენებს ანადგურებენ, ექსპლუატაციას სწორედ შპს „სანდასუფთავება“ უწევს.
ობიექტი, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2025 წლის ოქტომბერში შეამოწმა. მაშინ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმიც, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.
ამ ოქმის მიხედვით, სახიფათო ნარჩენების განადგურების კუთხით „სანდასუფთავება“ სამართალდამრღვევად მიიჩნიეს საქმიანობისთვის, „რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება“, „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის“ და ასევე „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შეუმუშავებლობისთვის“.
პარალელურად, 2024 წლიდან, „სანდასუფთავებას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს სკრინინგის განცხადება – საჭიროებს თუ არა სახიფათო ნარჩენების განადგურების პროცესი [წარმადობის გაზრდა] გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ანუ გშს-ს ანგარიშის მომზადებას.
სკრინინგის განცხადების მიხედვით, ობიექტზე საკმაოდ გაიზარდა ნარჩენების რაოდენობა: 21,4 ტონიდან 132 ტონამდე წლის განმავლობაში. ამ რაოდენობის სახიფათო ნარჩენების განადგურებისთვის კი ობიექტი ჯამში 23,1 ტონა დიზელის საწვავს ხარჯავს.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება სკრინინგის განცხადებაზე, მისი სააგენტოში წარდგენიდან 2 წლის შემდეგ, 2026 წლის 29 ივნისს მიიღო და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმიანობა საჭიროებს გზშ-ს ანგარიშის მომზადებას.
„ბათუმში შპს „სანდასუფთავება“-ს სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება [წარმადობის გაზრდა] გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გზშ-ის ანგარიშის წარდგენას საჭიროებს“, – წერია სააგენტოს უფროსის ბრძანებაში.
ამ ობიექტზე „ხდება აჭარის ტერიტორიაზე არსებული 200-ზე მეტ სამედიცინო და კვლევით დაწესებულებაში წარმოქმნილი პათოგენური და სხვა [სხვადასხვა მავნეობის და სახიფათოობის] ნარჩენების თერმული გაუნებელყოფა [დაწვა] და წარმოქმნილი მცირე რაოდენობის ფერფლის დროებითი, აბსოლუტურად იზოლირებული დასაწყობება, სანამ საქართველოში აიგება და შევა ექსპლუატაციაში ასეთი ტიპის ცენტრალიზებული საცავი.“
სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი ობიექტის ტერიტორია ბათუმში 2022 და 2026 წელს
სკრინინგის განცხადებაში წერია, რომ ობიექტზე „გარანტირებულია ნარჩენების დამუშავების აბსოლუტური იზოლირებულობა და უსაფრთხოება“, თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტო „სანდასუფთავებას“ მიუთითებს, რომ აუცილებელია შეფასდეს ამ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების ხარისხი.
სააგენტოს უფროსის ბრძანებაში აღნიშნულია:
„სახიფათო ნარჩენების გასანადგურებლად ინგლისური ფირმის „Insiner 8 LTD-s Model P-16 Series OIL“ დანადგარს [ინსინერატორს] იყენებენ, რომლის მაქსიმალური წარმადობა 10 საათში 400 კილოგრამს შეადგენს და დიზელის საწვავზე მუშაობს.
ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის 500-მეტრიან რადიუსში სხვადასხვა შენობა-ნაგებობები ფიქსირდება, რომელთა ფუნქციური დანიშნულების შესახებ ინფორმაცია სკრინინგის განცხადებაში მოცემული არ არის.
სკრინინგის განცხადებაში წყალმომარაგებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურისა და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის, რაც სათანადო შესწავლას და შეფასებას საჭიროებს.
ვინაიდან ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საწვავის რაოდენობის გაზრდასთანაც, ეს მოითხოვს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას.
მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ძირითადად განხილულია ადლიის ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ხოლო უშუალოდ კუმულაციური [მათ შორის ობიექტის მიერ] ზემოქმედების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია მოცემული არ არის.
შესაბამისად, ობიექტის ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედება დეტალურ შესწავლას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პრევენციული/შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას მოითხოვს.
ვინაიდან ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების რიგი დარღვევები, რაც გარემოსდაცვითი რისკების არასათანადო მართვაზე მიუთითებს, ხოლო სკრინინგის განცხადება არ შეიცავს საკმარის და სრულყოფილ ინფორმაციას საქმიანობის მასშტაბის ზრდით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებისთვის, ამიტომ შეუძლებელია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების სათანადო იდენტიფიცირება, აგრეთვე ეფექტიანი პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა.
აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პირობებში, როდესაც ინსინერატორის წარმადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, არსებითად ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების, კუმულაციური ზემოქმედების, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რისკებს.“
რამდენიმე დეტალი უშუალოდ სკრინინგის განცხადებიდან:
„ბათუმის მერიის სამედიცინო-ბიოლოგიური მავნე ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმო განთავსებულია უშუალოდ ბათუმის, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელ პოლიგონზე.
მოქმედი ნაგავსაყრელი პოლიგონის ფართობი შეადგენს 25 ჰა-ს, რომელიც გადავსებულია.
ნაგავსაყრელიდან გაბატონებული ქარების ზემოქმედებით ემისიების გაბნევა ხდება ზღვისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით, სადაც დამსვენებლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ექმნებათ დისკომფორტი დასვენებისა და ცხოვრების ნორმალური პირობების უზრუნველყოფისათვის…
ნაგავსაყრელს არა აქვს წყალგაუმტარი ფენის დამცავი სისტემა, ასევე არ გააჩნია ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გამწმენდი ნაგებობა. არ გააჩნია აირგამყვანი სისტემები. განთავსებული ნარჩენების სიმაღლე ცალკეულ ადგილზე 12-15 მეტრზე მეტს აღწევს.
ვიზუალური შეფასებით 1965 წლიდან 2022 წლამდე ნაგავსაყრელ პოლიგონზე ტრანსპორტირებული ნარჩენების რაოდენობა დაახლოებით 4-4,5 მილიონ ტონაზე მეტია…“
სკრინინგის განცხადებაში „სანდასუფთავება“ აქცენტს აკეთებს ბათუმის ნაგავსაყარზე იმ კუთხით, რომ ის კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და გადაწყვეტილია მისი დახურვა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ იგეგმება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე საერთაშორისო სტანდარტების თერმული დამუშავების ობიექტის [დანადგარ-მოწყობილობის შეძენა] მოწყობა“.
სახიფათო ნარჩენების განადგურება / ფოტო გადაღებულია 2022 წელს
„სანდასუფთავება“ მართალია, „კანონმდებლობასთან შეუსაბამო“ ნაგავსაყარ პოლიგონზე წერს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სახიფათო ნარჩენების განადგურების ობიექტს თავადაც „კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ“ ამუშავებს. თუმცა, ამ ობიექტის ფუნქციონირებას შემდეგი არგუმენტით ამართლებს:
„ალტერნატიული სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის ობიექტი, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, ხოლო ცალკეული დაწესებულებების საქმიანობების შედეგად, წარმოქმნილი, დაგროვილი სამედიცინო [სახიფათო] ნარჩენები საკმაოდ დიდი მოცულობით გროვდება და დიდი რისკია მისი არსებულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე გატანის, თუ არსებული ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერება მოხდება.
გამომდინარე აქედან საჭიროა მისი ოპერირება მანამ, ვიდრე არ მოხდება ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონის მიმდებარედ, სამედიცინო-ბიოლოგიური ნარჩენების თერმული გაუვნებელყოფის საწარმოს მოწყობა.“ – წერს „სანდასუფთავება“.
აღსანიშნავია, რომ ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომდეარ ამუშავებულა. ბათუმის [ადლიის] მოქმედი ნაგავსაყარის დახურვა კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებასთან. კონკრეტულად როდის ამუშავდება ნაგავსაყარი ცეცხლაურში – ამ დრომდე უცნობია.
ისევ ინსინერატორს რომ დავუბრუნდეთ, გარემოს ეროვნული სააგენტო სკრინინგის გადაწყვეტილებაში წერს, რომ „ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია მოქცეულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტის [GE0000054 – „ჭოროხის დელტა“] საზღვრებში, საჭიროა ბიომრავალფეროვნება და მასზე მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდეს არამხოლოდ ინსინერატორისა და მისი ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ საქმიანობის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების გავრცელების არეალშიც, მათ შორის, ზურმუხტის ქსელის დამტკიცებულ საიტზე, კუმულაციური ზემოქმედების გათვალისწინებით“.
„გარდა ამისა, ზურმუხტის ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების ანგარიშში ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის სტანდარტულ მონაცემთა ფორმაში მოცემული მონაცემები ბიომრავალფეროვნების კომპონენტების ზემოქმედებისადმი სენსიტიურობასთან, ამ ზემოქმედების ალბათობასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით დასაბუთებას საჭიროებს.
ამასთან, დგინდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და შესაბამისი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმების საჭიროება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ცხოველებზე და მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე, აგრეთვე, ფრინველთა გადაფრენის მარშრუტებზე, მათ საბუდარ, საკვებ და დასასვენებელ ადგილებზე ზემოქმედებაზე.“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2026 წლის 29 ივნისის ბრძანებაში.
მწვანე ფერით მონიშნულია ზურმუხტის ქსელის დამტკიცებული საიტი – GE0000054 – „ჭოროხის დელტა“ / ინსინერატორი, ნაგავსაყარი და გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია მთლიანად ამ ზურმუხტის ქსელის საზღვრებშია მოქცეული
ვიდრე გზშ მომზადდება, ბათუმში, თანაც ზურმუხტის ქსელის საზღვრებში მუშაობას აგრძელებს ინსინერატორი, რომლის შედეგად რა ზიანი ადგება გარემოს, არავინ იცის.
„ზურმუხტის ქსელთან“ დაკავშირებით კი ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ „ოცნების“ მხარდამჭერები [შემწირველები] ან დეპუტატები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები.
გონიოში არაერთი მშენებელი უცხოეთის მოქალაქეა, მაგალითად ოკუპანტი რუსეთის, ან უკრაინის თუ ისრაელის.
მაგალითად, გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს.
კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მის 45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები – დმიტრი სოლოვიხი და ოლეგ ემელიანოვი ფლობენ.
კომპანიის 55 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, როინ ზოიძეს ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის 2026 წლის 30 მარტის ამონაწერით, აქ ვილებს უკვე ყიდიან, მყიდველები კი უმეტესად რუსეთი მოქალაქეები არიან.
მიწის ნაკვეთი კომპანიამ, სავარაუდოდ, კერძო პირებისგან შეისყიდა.
ქუთაისის მერიის წინ, ამ წუთებში [1-ელი ივლისი, 15:00 საათი] სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მოკლული ირანელების სახელებს კითხულობს.
სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუქ ლაივი აქვს ჩართული და ამ ფორმით აპროტესტებს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, წავიდეს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე.
„მე მწამს, რომ მტერიც უნდა გვიყვარდეს, ეს არ ნიშნავს მტერს მეგობარი დავარქვათ. საქართველოს პრეზიდენტი ირანის ყოფილი დიქტატორის ალი ხამენეის დაკრძალვას დაესწრება, მისი გადაწყვეტილებით მოკლულია სულ მცირე 12,881 უდანაშაულო ირანელი. მინდა ხმამაღლა ვთქვა ეს სახელები, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ. მომდევნო 5 საათი წავიკითხავ მოკლული ირანელის სახელებსა და გვარებს ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების შენობის წინ უწყვეტი Facebook Live-ით.
თუ გაავრცელებთ აქციას, გთხოვთ გამოიყენოთ ჰაშთაგი #FiveHoursForTheVictims #FreedomForIran #FreedomForGeorgia“, – დაწერა ლაივში გასვლამდე აკაკი საღინაძემ.
ფეისბუქ ლაივისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ აქ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 ივნისს დაადასტურა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 2026 წლის 28 თებერვალს დაიღუპა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს. ის 86 წლის იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთში, პენზის რეგიონში მდებარე „ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტზე“, საწარმოზე, რომელიც რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციაში [„როსკოსმოსი“] შედის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს სტრატეგიული, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტია, რომელიც დაკავებულია უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული რაკეტების კომპონენტების შემუშავებითა და წარმოებით.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამზე გავრცელებულ ფოტო/ვიდეომასალაში ჩანს, რომ ქალაქში საწარმოს თავზე დაკვამლიანებაა.
ზარალის მასშტაბები დგინდება.
თავდასხმა დაადასტურა რუსულმა მხარემ.
კერძოდ, პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ პენზაზე დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა და ტელეგრამზე დაწერა, რომ დაზიანებულ ობიექტზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მისი თქმით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევებმა „დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დაუმთავრებელ შენობაზე დაეცა“.
პირველ ივლისს, ღამით, პენზის ოლქში განგაშის რეჟიმი გამოცხადდა, ხოლო საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
გარდა ამისა, უკრაინულმა დრონებმა კვლავ დაბომბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ უფაში. ზელენსკიმ დაადასტურა თავდასხმა და დასძინა, რომ ეს ქარხანა ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
თუჯერკიდევარდაგიგეგმავსTbilisi Open Air 2026–ზეწასვლა, ახლასაუკეთესოდროაგადაწყვეტილებისმისაღებად. 4 და 5 ივლისსრეგიონშიყველაზემასშტაბურმუსიკალურფესტივალზეთიბისისტუმრებს, ტრადიციულად, ინტერაქციულსივრცეშიგანსაკუთრებულიაქტივობებითუმასპინძლებს.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე „ეროვნული სიმბოლოები“ იქნება გამოსახული.
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს“, – ამბობს მიქანაძე.
მისი თქმით, „პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე -10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.
მიქანაძის თქმით, 2028 წლის 15 სექტემბრამდე „ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები იქნება“.
ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება.
კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზება დაუკვეთეს, რაც ორმხრივი ავიაბილეთების, ტრანსფერის, სასტუმროში განთავსების, სამოგზაურო დაზღვევის, ბარგის და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების უზრუნველყოფას მოიცავდა.
ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს მითითებული მომსახურების განხორციელება და მოტყუებით დაეუფლნენ 200-მდე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით, ჯამში – 1 008 013 ლარს“ – წერს პროკურატურა.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) ჰქონდათ წარდგენილი.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და კომპანიის დირექტორს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და Wimbledon-ის ძირითადი ბადის პირველი წრე წარმატებით გაიარა.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 94-ე ნომერი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ანგარიშით – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითადი ბადის მეორე წრეში გავიდა.
მარიამ ბოლქვაძე ბათუმელია. ჩოგბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი ამჟამად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ვარჯიშობს.
2 ივლისს მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონზე ამერიკელ ეშლინ კრიუგერს შეხვდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 404 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 069 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 856 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 45 111 ერთეული [+71]
MLRS – 1 903 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 459 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 383 067 ერთეული [+1 891]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 782 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 114 499 ერთეული [+395]
სპეცტექნიკა – 4 369 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 797 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ჩვენს დაშინებას ცდილობენ… მაგრამ ამან არ უნდა გამოიღოს შედეგი“ – გვითხრეს ბათუმის ქუჩებში, სადაც მოქალაქეებს ვკითხეთ მოსაზრება წყევლის გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმებაზე.
ბათუმის ღამის კლუბებიდან ხშირად ისმის რუსული ხმები. tkt.ge-სა და biletebi.ge-ს თუ გადახედავთ, ნათლად დაინახავთ, რომ მთელი ტურისტული სეზონი გასართობ ცენტრებს, ფაქტობრივად, რუს მომღერლებზე აქვთ აგებული.
მათ შორის არიან პუტინის მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მაგალითად, ანი ლორაკი, რომლის კონცერტიც ბათუმის კორტებზე 14 აგვისტოს არის დაგეგმილი. რუსი მომღერლების კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს.
კონცერტების დიდი ნაწილი იმართება TEATRO NIGHT CLUB-ში და ბათუმის კორტებზე, რომლის მფლობელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეცაა.
კორტების მფლობელის წარმომადგენელს, დიმიტრი ბლიაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, ვინ არის რუსი მომღერლების ბათუმში ჩამოყვანის ორგანიზატორი.
მისი თქმით, კორტებს ამ ეტაპზე ორი მოიჯარე ჰყავს.
„ერთი ჯაზ-ფესტივალი იმართება და მათთან გვაქვს ხელშეკრულება და მეორე მოიჯარე „რითმი 2018“-ია. თბილისური კომპანიაა“, – გვეუბნება დიმიტრი ბლიაძე.
რეესტრში ორი ეს კომპანია იძებნება. ერთ-ერთს წარმოადგენს მარი ბუბაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, არიან თუ არა რუსული კონცერტების ორგანიზატორები და რატომ ჩამოჰყავთ მომღერლები ოკუპანტი ქვეყნიდან.
მარი ბუბაშვილი ამბობს, რომ რუსულ კონცერტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. „არ ვარ ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – გვითხრა მან, თუმცა მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ არ იცის, ზუსტად რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან შემსრულებლები.
„ზოგი საიდან ჩამოდის და ზოგი საიდან, მაგრამ ძირითადად არიან DJ-ები. ვერ მივხვდი, რატომ მკითხეთ რუსებზე. ეს რა შუაშია“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, 3 DJ-ი ეწვევა ბათუმს აგვისტოს თვეში და აქედან რუსი არცერთი არ არის.
biletebi.ge-ზე, კორტებზე დაგეგმილი კონცერტების ერთ-ერთ ორგანიზატორად, Batumi Live-ი მითითებულია. სწორედ მათ ჩამოჰყავთ რუსი შემსრულებელი ანი ლორაკი და კიდევ ერთი რუსული ჯგუფი – t.A.t.u. ივენთის ორგანიზატორად მითითებულია Batumi Live-ი, რომლის მფლობელიც რეესტრის თანახმად მამუკა მამულაძეა. მასთან არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ამ ნომერზე არც ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხეს.
„ბათუმელების“ ზარებს არც TEATRO-ში პასუხობენ, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაშია კონცერტებია ჩანიშნული. მათ ივნისის თვეშიც გამართეს არაერთი რუსი შემსრულებლის კონცერტი. მაგალითად, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის Воровайки-ს კონცერტი, რომელიც მოქალაქეების პროტესტის ფონზე წარიმართა. ეს ჯგუფი პირველად წელს ჩამოიყვანეს ბათუმში.
ასევე დაგეგმილია ძარაკოვის, „განვესტის“ და UncleFlexxx-ის კონცერტები ივლისსა და აგვისტოში. დაანონსებულია სხვა მომღერლების ჩამოყვანაც.
თაკო სურმანიძე საქართველოს იმ მოქალაქეებს შორისაა, რომლებმაც ბათუმში, პუტინის მხარდამჭერი მომღერლების კონცერტი გააპროტესტეს.
მისი თქმით, საგანგებო სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში, რადგან ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზეც კი, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც აქვთ რუსული კულტურის მიმღებლობა.
„დოზებსაც გააჩნია, ხომ? მინიმალურად რომ იყვნენ წარმოდგენილი კიდევ მესმის, მაგრამ იმდენად დიდია უკვე რუსული ბიზნესის წილი ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩემი აზრით, საგანგაშოა. აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ მოსახლეობა.
წინა ხელისუფლების დროს მეტ-ნაკლებად შემუშავებული ჰქონდა სახელმწიფოს პოლიტიკა – ოკუპანტს ერქვა თავისი სახელი და მეგობარს – მეგობარი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა: მოგვიწოდებენ კიდეც, რომ ოკუპანტი არ ჩავთვალოთ მტრად და რუსეთი მეგობარ ქვეყნად შემოგვაპარონ.
წლების წინ ასეთი განგაშის მომენტი არ მქონდა, მაგრამ ახლა ვცდილობ, რუსებს არ დაველაპარაკო მათ ენაზე საქართველოში. თუ ასე გაგრძელდება, ეს მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. გარუსდება ქვეყანა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.
ასე გააპროტესტეს მოქალაქეებმა ბათუმში რუსი მომღერლების კონცერტი 27 ივნისს.
მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ ღვინის გასაყიდად ან რომელიმე სხვა ბიზნესისთვის მტერს მისსავე ენაზე ელაპარაკო.
„გამოსავალი არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები თუ სხვა რამ. დასაწყისშივე უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსების შემოსვლას ქვეყანაში, თუნდაც სამომხმარებლო სექტორში რუსული ენის ამ დოზით გამოყენებას.
მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეს საკითხი არ აქვს დღის წესრიგში დაყენებული.
როცა ჩვენ ვიდექით კლუბის წინ და რუსების კონცერტს ვაპროტესტებდით, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ირონიული ღიმილი ჰქონდათ ამ ყველაფერზე. ამის უკან იკითხება ის პროპაგანდისტული მესიჯები, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება ავრცელებს.
ზუსტად იგივე ფრაზები გვესმოდა: „დაფინანსებულები“, „ვინ დაგავალათ“, „ვისგან ხართ გამოგზავნილები“. იმის გააზრება, რომ მტერს არ უნდა უმღერო და უცეკვო, ნაკლებად ხდება.
ზოგიერთის პოზიციაა: „კონცერტი და პოლიტიკა რა შუაშია“, „სად არის პუტინი, ხედავთ აქ სადმე“ და ა.შ., მაგრამ პირდაპირ კავშირშია კონცერტი და პოლიტიკა ხშირად.
ისედაც დიდი რაოდენობით არიან შემოსული და ცდილობენ აქ დამკვიდრებას.
მე, ერთ რიგით მოქალაქეს შემტკივა ამ ქვეყნის მომავალზე გული, ამიტომ მიმაჩნია, რომ სპორტიც, ხელოვნებაც და კონცერტიც, ყველაფერი პოლიტიკაა და ერთმანეთთან კავშირშია.
ნებისმიერ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ გართობის ნაწილს იყენებენ პროპაგანდისთვის და ეს არ არის პოლიტიკისგან განყენებული თემა“, – ამბობს თაკო სურმანიძე.
„მათ გადამირჩინეს შვილი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ კიდევ სჭირდება სანდროს მკურნალობა. რამდენიმე თვის წინ ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე. საჭიროა ანალიზები, გადაღება და კვლევები, რაც არ გვიფინანსდება“, – გვიყვება 4 წლის სანდროს დედა, მაკა ზარანდია.
როცა ამბობს „სანდრო მათ გადამირჩინესო“ – გულისხმობს მოქალაქეების დახმარებას, მაკა ორ შვილს მარტო ზრდის, რადგან ბავშვების მამა პატიმარია.
სანდროს შეიძლება „ბათუმელების“ მკითხველის ბენეფიციარიც ვუწოდოთ. სხვადასხვა დროს, როცა სანდროსთვის სამედიცინო დახმარების საჭიროება დღის წესრიგში მწვავედ დადგა, სანდროს დედა გვწერდა, რომ რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და ისევ ხალხისთვის უნდა ეთხოვა დახმარება.
სანდროს საჭიროებებზე პირველად 2022 წელს, შემდეგ 2024 წელს გამოვაქვეყნეთ, მის ამბავს ყოველ ჯერზე გულისხმიერად ეკიდებოდა „ბათუმელების“ მკითხველი.
„ახლა ისევ ვწვალობთ. რამდენიმე თვის უკან ვიყავით კონსულტაციებზე. ანალიზები, გადაღება, ბევრი რამე გავაკეთეთ. ახლა კიდევ გვიწევს ნეიროქირურგთან, ნევროლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია, პედიატრი გვჭირდება – ეს ყველაფერი ფასიანია. სანდრო შშმ პირია, მაგრამ ამერიკულ ჰოსპიტალში სჭირდება თავზე გადაღება. აქვს ეპილეფსია, წამლებზე არ ვართ, ჯერ კონტროლირებადია და პერიოდულად უღებენ ელექტროენცეფალოგრამას“, – გვიყვება მაკა.
დედის ნაამბობით, სანდრო უკვე დადის და ლაპარაკსაც ცდილობს: „მართალია გამართულად ვერა, მაგრამ გვახვედრებს“.
მაკა გვიყვება, რომ ამ წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ფასები გაიზარდა:
„რაც წინა წელს 90 ლარი ღირდა, ახლა 100 ლარია, პედიატრის კონსულტაცია 130 ლარი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი – 150, უროლოგიც დაგვჭირდა ოპერაცია გავუკეთეთ შარდის ბუშტზე, ყოველ მეხუთე თვეს ამოწმებს, როგორ მიდის პროცესი. 570 ლარი გვიჯდება ელექტროენცეფალოგრამა დაძინებით.
მაკას უფროსი შვილიც ჰყავს, გოგონა 11 წლის არის, ჯანმრთელია, თუმცა მოსწავლეა და მასაც აქვს მთელი რიგი საჭიროებები.
სანდროს სახელმწიფოსგან დახმარების სახით, თვეში, მხოლოდ 470 ლარი აქვს, სხვა დახმარებას ოჯახი ვერ იღებს.
მაკას მშობლები ეხმარებოდნენ, როცა ბავშვი კარგად იყო მშობლებს უტოვებდა და მუშაობდა. ის სტილისტია და როგორც თავად გვიყვება, სამსახურის ძებნა არ სჭირდება, როგორც კი შეძლებს ნებისმიერ დროს ელოდებიან მეგობრები სამსახურში.
მაკა ვერ მუშაობს, რადგან სანდროს ვერ ტოვებს, გასულ წელს მამა გარდაეცვალა, დედა ავადმყოფობს, ბავშვის მოვლა არ შეუძლია.
მაკას კიდევ რამდენიმე გამოწვევა აქვს, რომლებიც უნდა დაძლიოს, რომ სანდრო კარგად იყოს. ის თბილისში ქირით ცხოვრობს, მისი სახლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია, სადაც ვერ იცხოვრებს, რადგან სანდროსთვის აუცილებელია ამერიკულ კლინიკასთან ახლოს იყოს: „მისი მდგომარეობის გამო, ეს აუცილებელია.“
გარდა ამისა, სანდროს სპეციფიკური კვება სჭირდება, ბავშვს ყველაფერს ვერ აჭმევენ, რადგან საავადმყოფოში ყოფნის დროს მას ზონდით აწვდიან საკვებს, რაც დღეში 30 ლარი ღირს. გარდა ამისა, სანდროს ექიმმა ვიტამინები გამოუწერა დანამატის სახით, ესეც აუცილებლად სჭირდება.
„ყველა ხელფასზე დაგერიცხება. მცირედია, მაგრამ გულით მოძღვნილი შეიწირების“, – ეს მესიჯი დამოუკიდებელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ქალს, თეონა ჭალიძეს მოქალაქემ მისწერა.
„მცირედი“, რომელიც მოქალაქემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის გაიღო, 5 ლარია.
პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე 6 თვეა, რაც საკუთარი საქმიანობის დაფინანსებას ხალხს სთხოვს. ამ დროის განმავლობაში მან 50-55 სტაბილური მხარდამჭერის გაჩენა შეძლო.
ყველაზე მცირე შენატანი, რაც მოქალაქეებმა მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაიღეს, 2 ლარია, ყველაზე დიდი თანხა კი – 250 ლარი.
ჯამურად თვეში 1500 ლარი უგროვდება – ეს საკმარისი არ არის, ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც თვის მანძილზე სწევს, მაგრამ ამბობს, რომ ცდილობს, „ბიუჯეტს ეყოს“.
ის ყოველი თვის ბოლოს, საკუთარ აუდიტორიას, მხარდამჭერებს და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს დეტალურ ანგარიშს წარუდგენს ხოლმე, სადაც აღწერს რა გააკეთა თვის განმავლობაში და რაში დახარჯა თანხა, რომელიც მას მოქალაქეებმა შესწირეს.
38 წლის თეონა ჭალიძეს ორი შვილი ჰყავს, ბაღის და სკოლის მოსწავლეები. ორივე საჯარო ბაღსა და სკოლაში დაჰყავს.
17 წლიდან აქტივიზმშია. თითქმის 10 წელი ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში. იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.
ყველა საფეხური მაქვს გავლილი პარტიულ პოლიტიკაშიო – ამბობს თეონა ჭალიძე.
„ვიყავი რიგითი კოორდინატორი, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელიც ვყოფილვარ. 2021 წელს ისანში ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი. 2 778 ადამიანმა, რომელიც არჩევნებზე მივიდა იმ წელს, თავის მაჟორიტარად თეონა ჭელიძე შემოხაზა.
ჩემი საქმიანობის განმავლობაში არასოდეს პოლიტიკური ნიშნით არ გამირჩევია რიგითი მოქალაქეები – ვისაც აქვს ამბიცია, რომ ქვეყანაში რაიმე საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავოს, ან რომელიმე უწყებას ხელმძღვანელობდეს, უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ამიტომ ხელისუფალი უნდა იყოს ყველას ხელისუფალი,“ – ასეთია ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალის ხედვა.
თეონა ჭალიძე პარტიულ პოლიტიკას წელიწად-ნახევრის წინ ჩამოშორდა და დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო. ბევრი იფიქრა, როგორ დაეფინანსებინა საკუთარი საქმიანობა, რადგან არც იძულებით ემიგრაციაში უნდოდა წასვლა და არც პოლიტიკისგან სრულიად განსხვავებული საქმის კეთება თავის სარჩენად.
თვლის, რომ პოლიტიკის კეთების პარალელურად სხვა საქმის კეთება არ გამოდის, რადგან რომელიმე ერთს აკლდება.
„თუკი პოლიტიკოსი დილიდან საღამომდე სხვა საქმეზეა ორიენტირებული, სხვა საქმეს აკეთებს, მას ფიზიკურად დრო აღარ რჩება, რომ პოლიტიკა აკეთოს, ადამიანების გვერდში იდგეს, რეგიონებში წავიდეს, ციხესთან აქცია მოაწყოს, პატიმრების მშობლებთან ერთად იაროს აქეთ-იქით და ამგვარი აქტივიზმითაც იყოს დაკავებული.
ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ 24/7-ზე მთელი ჩემი დრო, ენერგია, რესურსი, გამოცდილება მომეხმარებინა იმ საქმისთვის, რომელიც ჩემთვის ორგანულია, რომელიც მიყვარს და სადაც მგონია, რომ ძალიან ღირებულ საქმეს ვაკეთებ. ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რამ – საქართველოში ნაკლებ პოპულარული, სხვათა შორის, ევროპაში ბევრად აპრობირებული და დავიწყე შემოწირულებების შეგროვება, ეგრეთ წოდებული ფანდრაიზინგი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძე პოზიციონირებს როგორც დამოუკიდებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ პრობლემებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
„ჩემი მხარდამჭერები, ძირითადად, არიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეები, პენსიონერები, საშუალო და უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. ვმუშაობ მათთან, ვისი ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის.
ყველაზე მეტად ვინც იჩაგრება ამ ქვეყანაში, მათ პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობ. ვცდილობ, ჩემი რესურსი სწორედ ამ ადამიანების პრობლემების გაჟღერებას მოვახმარო,“ – ამბობს თეონა.
დამოუკიდებელ პოლიტიკოსს არ აქვს ოფისი. მუშაობს იქ, სადაც სამუშაო სივრცეს იპოვის. არ უყვარს მეტროთი მგზავრობა, რადგან ამ დროს ტელეფონი არ იჭერს.
„მირჩევნია სულ ავტობუსით ვიმგზავრო, რადგან ავტობუსიდანაც ვმუშაობ ხოლმე. ლეპტოპი სულ მაქვს, გზაში ვმუშაობ, ვპასუხობ შეტყობინებებს, ვწერ სხვადასხვა ტექსტს, ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობას და ამ აქტივობებისთვის საჭირო ბროშურებსაც თავად ვამზადებ,“ – ამბობს თეონა.
თეონა ჭალიძემ პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად ბოლო ერთ წელში 40-მდე ქალაქი მოიარა: იყვნენ ამ ქალაქების ბაზრებში, ავტოსადგურებში, ქუჩებში – არიგებდნენ სპეციალურ გაზეთებს, სადაც პოლიტპატიმრების ისტორიები იყო მოთხრობილი და ამ გზით მოქალაქეებს აგებინებდნენ იმ უსამართლობის შესახებ, რაც ამ პოლიტპატიმართა თავს დატრიალდა.
„ჩვენი ამ სიარულით სულ მცირე 100 000-მდე ადამიანს მისწვდა პოლიტპატიმრების ხმა. ვარიგებდით გაზეთს „თავისუფლების ხმა ციხიდან“, რომელიც ოთხმა ქალმა პოლიტიკოსმა ერთად გავაკეთეთ: მე, თეა მეტრეველმა, ბარბარე ჯიმელი-სულაშვილმა და ანა გოგოლაძემ.
რეგიონებში გასვლების ორგანიზება ჩემზე იყო. მასშტაბური კამპანია გამოვიდა. ისევ ვაპირებთ გავაგრძელოთ“, – ამბობთ თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძის თქმით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს 40 ქალაქი მოიარა
თეონა ჭალიძე თავის საქმიანობაში ძირითად აქცენტს სოციალურ თემებსა და სოციალურ პოლიტიკაზე აკეთებს.
მისი თქმით, ახლა არანაირი სივრცე აღარ არის დარჩენილი ე.წ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის.
„სიღარიბეს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს მოქალაქეები ან ვისაც წასასვლელი აქვს, გააქციოს ამ ქვეყნიდან. ვინც დარჩება იმდენად მოწყვლადი, იმდენად დამოკიდებული უნდა იყოს სოციალურ გასაცემელზე, რომ მათზე ზეგავლენა მარტივად მოახდინოს.
ერთადერთ გამოსავლია, რაც შეიძლება მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ ადამიანთან. ამ ნიჰილიზმის და უიმედობის მიუხედავად, უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ სწორედ მათი ერთი ხმა არის გადამწყვეტი.
მათ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ვიღაცას უნდა, რომ მათ ერთ ხმას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მათთვის მაინც არავინ არ არის, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში… აი, ეს განწყობები თუ შევცვალეთ, მომდევნო არჩევნებზე სწორედ ამ ადამიანების ხმა იქნება გადამწყვეტი.
დაკარგული ნდობა, რომელიც არის პოლიტიკოსებს, პოლიტიკასა და უბრალო ადამიანებს შორის, ხელახლა არის ასაშენებელი. ამ პროცესში ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი. ამ ცვლილებებს ვუყურებ, როგორც ერთ დიდ ფაზლს და ამ ფაზლის ერთი ნაწილი შეიძლება ვიყოთ ყველა ჩვენგანი,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას და სოციალური საკითხების მოგვარებას აყენებს.
ის თვლის სამ საკითხს, რომელსაც დაუყოვნებლივ მოაგვარებდა, მანდატი და შესაბამისი ძალაუფლება რომ ჰქონდეს:
„ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა იმ დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, ვინც წლებია რიგში დგას. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს სირცხვილია, როცა ამდენი წლის მერეც დევნილები სახლებს ელოდებიან.
მეორე ეხება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებს. ხარვეზები, რომელიც ამ პროგრამაშია, უნდა აღმოიფხვრას – სანამ მოქალაქეებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა უნდა მიიღონ.
რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში სიღარიბე დავამარცხოთ, ეკონომიკური ზრდა იყოს, ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ სანამ მოქალაქეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მყისიერი საჭიროება აქვს, მას უნდა ეგულებოდეს ზურგად სწორედ სახელმწიფო.
მესამე საკითხი, რასაც სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დავნერგავდი, არის უფასო კვება სკოლაში,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
მაშინ, როცა ქართველ ამომრჩეველს ძალიან ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი, როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, როგორ უნდა დაიბრუნონ პოლიტიკოსებმა ხალხის ნდობა? – ვკითხეთ მას.
„მოქალაქეებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ ამომრჩეველი, მოქალაქე იქნება უფრო მომთხოვნი, უფრო მეტი პრეტენზია ექნება პოლიტიკოსის მიმართ, მეტად მოითხოვს მისგან ანგარიშს – რას აკეთებს, როგორ აკეთებს, მერე იმის კულტურაც ჩამოყალიბდება, რომ მხარში დაუდგეს იმ პოლიტიკოსს, რომლის საქმიანობაც უფრო მეტად მოსწონს.
ეს გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას და ის პოლიტიკოსები უფრო მეტად წარმოჩინდებიან, ვინც მეტად არის საქმეზე ორიენტირებული და არა მხოლოდ სკანდალურ განცხადებებზე. აი, ასე ვხედავ მე ორმაგ როლს მოქალაქისას,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
თეონა ჭალიძის აზრით, პოლიტიკოსებმა უნდა გაითავისონ, რომ ისინი არიან ანგარიშვალდებული ხალხთა და ამასთან, უნდა შეეძლოთ დაშვებული შეცდომის აღიარება.
„ვფიქრობ, ძალიან ღირებულია, როდესაც პოლიტიკოსს შეუძლია თავისი შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა საჯაროდ, მყისიერად და ამისთვის არ სჭირდება დღეები და თვეები ფიქრი.
პოლიტიკოსმა შეიძლება შეცდომებიც დაუშვას. სასურველია, რომ არ დაუშვას, მაგრამ უშეცდომო რადგან არავინ არ არის, შეიძლება რაღაც კარგის თქმა გინდოდეს, მაგრამ ისეთი რაღაც გამოვიდეს, ან ვინმემ ისე აღიქვას შენი ნათქვამი, სიტყვა ან ტერმინი, რაიმე ჟესტი, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენო. თუ ესე მოხდება, დაინახავ, რომ შენი ერთი სიტყვით ვიღაცას გული ატკინე, ან აწყენინე, უნდა მოიხადო ბოდიში.
ბოდიშის მოხდის უნარი – ჩემთვის იმის ნიშანია, ამა თუ იმ პოლიტიკოსისგან გამოვა თუ არა სახალხო პოლიტიკოსი.
საბედნიეროდ, ჩემი საჯარო განცხადებებიდან, აქამდე რაც გამიკეთებია, არასოდეს მქონია მსგავსი პრეცედენტი, რომ დამჭირვებოდა ბოდიშის მოხდა. მომავალში თუ დავუშვებ ასეთ შეცდომას, აუცილებლად მყისიერად ვაღიარებ და მოვიხდი ბოდიშს,“ – ამბობს თეონა ჭალიძე.
პენზის ოლქი რუსეთის მესამე რეგიონია, სადაც საწვავის დეფიციტის გამო საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადეს.
პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ სამშაბათს, 30 ივნისს, გადაწყვეტილება აუცილებლობად ახსნა „საწვავისა და ენერგეტიკის შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის“.
23 ივნისიდან პენზაში უკვე მოქმედებს საწვავის გაყიდვის შეზღუდვები – ერთ ავტომობილზე 30 ლიტრამდე ბენზინი, ფიზიკურ პირებზე.
რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვა მოქმედებს ზაბაიკალკის მხარეში, სადაც, 25 ივლისიდან ერთ ავტომობილზე 15 ლიტრი ბენზინის ლიმიტია დაწესებული.
„მედუზა“ ასევე წერს, რომ საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, ხმის მიცემის გადადების საშუალებას იძლევა და გამოცემის წყაროების თანახმად, უსაფრთხოების ძალები ცდილობენ პუტინი დაარწმუნონ, გადადოს სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთში.
რუსეთში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში, საწვავის კრიზისი გამოიწვია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე სისტემატურმა დარტყმებმა. კრიზისი მკვეთრად გამწვავდა მაისის ბოლოს, როცა მოსკოვის კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დედაქალაქის საწვავის დაახლოებით 40%-ს ამარაგებს, ერთ კვირაში ორი დარტყმის შედეგად დაზიანდა და 2026 წლის ბოლომდე ან 2027 წლის დასაწყისამდე არ იმუშავებს.
ბენზინის დეფიციტის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ევრო-2, ევრო-3 და ევრო-4 ბენზინისა და დიზელის საწვავის შიდა ბაზარზე წარმოებისა და გაყიდვის დაშვების შესაძლებლობას 2027 წლის ივლისამდე.
„ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არის ოცდათვრამეტი ბაღი. 2025 წელს სწავლა არ მიმდინარეობდა და დღემდე არ ფუნქციონირებს ოცდათვრამეტიდან თორმეტი ბაღი. ფაქტობრივად, ბაღების მესამედი ბათუმელებისთვის და მათი შვილებისთვის არის ხელმიუწვდომელი.
როცა ბავშვების კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ, ბათუმის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
დღეს, 30 ივნისს გამართული ბათუმის საკრებულოს სხდომის არცერთი საკითხი არ ეხებოდა ბაღების მშენებლობას.
დეპუტატმა საკითხის წამოსაჭრელად კომენტარისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენა.
ვაჟა დარჩიამ საკუთარ სიტყვაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქალაქში 38-ვე ბაღი მუშაობდა, თუმცა ადგილი მაინც არ იყო საკმარისი ბავშვებისთვის.
„როცა ოცდათვრამეტივე მუშაობდა, ასობით ბავშვი ისე ხდებოდა 6 წლის, რომ ბაღში მისვლას ვერ ახერხებდა, სკოლის ასაკი უწევდა.
ასობით ბავშვია ახლა რიგში და თორმეტი ბაღი ვერ გავხსენით ორი წლის განმავლობაში.
კორუფცია აღმოვფხვერითო, რომ ამბობთ, კორუფციაა ამ ბაღების ვერ გარემონტების და ვერ გაკეთების მთავარი სიმბოლო.
იმიტომ რომ, მაგალითად 24-ე ბაღი ბენზეში, რომელიც 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით ჩვენმა თავმჯდომარემ და ყოფილმა მერმა გახსნეს, დღეს არის ავარიულ მდგომარეობაში. მაშინ როცა ნახევარი ბათუმი მართლა ხრუშჩოვკებში, საბჭოთა დროინდელ სახლებში ცხოვრობს.
ბავშვებისთვის აშენებული უახლესი ბაღი ხუთ წელში რანაირად უნდა დანგრეულიყო?
სამი წელია გონიოში 29-ე ბაღთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ მოახერხეთ. მოსახლეობამ ამასწინათ დამიძახა და მითხრა – რა ხდება ამ ბაღთან ერთი გაგვირკვიეო,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.
მანვე იკითხა, სად იყვნენ ის კომპანიები, ან მათი წარმომადგენლები, ვინც ის ახალი ბაღები ააშენა, რომელიც ახლა ავარიულია.
დადგა თუ არა ამ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი და რა რეაგირება აქვს ამაზე ქალაქის ხელისუფლებას.
„ეს კომპანიები სად არიან? პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ვინმე დავიჭირეთ?
ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, იმაზე რომ ქალაქში ბაგა-ბაღები არ არის და რა ბაღებიც არის იქიდან თორმეტი მიუწვდომელია ბავშვებისთვის,“ – თქვა ვაჟა დარჩიამ.
ვაჟა დარჩიას მიერ წამოჭრილ საკითხს გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.
„ჩვენს წევრთან ერთად დავდივართ, მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების მოსანახულებლად. ერთ-ერთი [გასვლის დროს] ასეთი ბაღები მოვინახულეთ.
მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მუსხელიშვილის, მესხის და ხალვაშის ქუჩაზეა ახალი [ბაღი]. ბევრი [ბაღი] რეაბილიტაციის პროცესშია. ძალიან მალე გვექნება თანამედროვე სტანდარტების ბაღები.
გეთანხმებით, აუცილებელია და მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. ძალიან მალე გვექნება კარგი, მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების ბაღები და ჩვენი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვები მიიღებენ ამ სერვისს აუცილებლად მაღალი დონით,“ – დადო პირობა საკრებულოს სხდომაზე ივანე მაისურაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.
გონიოში მშენებარე ბაღთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მამუკა კაკაბაძემ.
მისი თქმით, გონიოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია როცა დაიწყო, შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ბაღი რემონტს აღარ ექვემდებარებოდა.
„გონიოს ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ მიმდინარეობს, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
რეაბილიტაციის პროცესში სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შენობას ძალიან დაძველებული კედლები ჰქონდა და შესაბამისად, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა. სასურველია არსებულის დემონტაჟი და ახალი ბაღის მშენებლობა.
ამჟამად მუნიციპალიტეტი ეძებს ახალ ლოკაციას, რადგან აღნიშნულ ადგილზე ფართომასშტაბიანი ბაღი ვერ აშენდება. ახალ ლოკაციასთან დაკავშირებით გაგზავნილია წერილები აჭარის მთავრობასთან, ელოდება მუნიციპალიტეტი პასუხს. შესაბამისად, ძალიან მალე ამ საკითხს ჩვენ უკვე ქალაქის ბიუჯეტში ვიხილავთ.
რაც შეეხება ზოგადად ბაღების თემას, ახალი 9 ბაღი აშენდა. ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება 11 საბავშვო ბაღს,“ – თქვა მამუკა კაკაბაძემ.
კონკრეტულად რა მისამართზე შენდება ახალი 9 ბაღი, მამუკა კაკაბაძეს არ დაუსახელებია.
კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დღეს, 30 ივნისს ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ფოთის მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
„ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე შემთხვევაში კი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა ქრთამის სახით აიღო 600 ლარი:
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 403 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 067 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 24 851 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 45 040 ერთეული [+71]
MLRS – 1 901 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 455 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 381 176 ერთეული [+1 952]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 777 ერთეული [+13]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 114 104 ერთეული [+492]
სპეცტექნიკა – 4 368 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 797 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს.
მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ.
სარფი-გონიოს მთაზე, ისევე როგორც სანაპიროზე, ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს ირეგისტრირებენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, „ოცნების“ მხარდამჭერები ან დეპუტატები, მათ შორის არის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიაც.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის შვილების კომპანია გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობს – ამ კომპანიას ეკუთვნის ე.წ. გონიოს წვერი – „დაკვირვების წერტილი“, ბათუმისა და მისი შემოგარენის ხედით, როგორც მას ახასიათებენ ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი საქართველოში.
ეს ადგილი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის საკუთრებაშია
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილების – მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების კომპანია, შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ გონიოს მთაზე 24,4 ჰექტრამდე ფართობს ფლობს. სამივე ნაკვეთს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი აქვს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
სამი საკადასტრო ერთეული – ჯამში 244 991 კვადრატული მეტრი კომპანიას 2022 წელს დაურეგისტრირებია, ერთი ნაკვეთი გონიოშია დარეგისტრირებული, ორი კი ამ ნაკვეთის გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ჭარნალის მთაზე გადადის. ამ მიწის ნაკვეთებს სამანქანე გზა ყოფს.
წითელი ფერით მონიშნულია ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთები, ხოლო მწვანე ფერით მონიშნული 8 ჰექტარი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოში დარეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის. მფლობელის გარკვევა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვანო ჩხარტიშვილთან იყოს დაკავშირებული ეს კომპანიაც.
ადგილი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას ეკუთვნის, გონიოს მთიდან იწყება და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გადადის. ამ ადგილიდან ერთ მხარეს მთისა და ზღვის პანორამული ხედები იშლება, მეორე მხარეს კი მთისა და მწვანეში ჩაფლული ხეობის ხედები. აქედან კარგად ჩანს ქალაქი ბათუმი, სარფის მთა, გონიოს სანაპირო და ჭოროხის დელტა.
ჭოროხის დელტისა და ქალაქის ხედი
მათი დახასიათებით, ვინც ამ ადგილს ხშირად სტუმრობს, გამწვანებული მთებით გარშემორტყმულ სივრცეს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ზაფხულში გრილი ჰაერი და ირგვლივ გაშენებული ციტრუსის სურნელი. აქ არ აღწევს ქალაქის ხმაური. შეიძლება ითქვას, რომ ვანო ჩხარტიშვილის შვილების საკუთრებაშია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილი გონიოს მთაზე.
ორივე მიწის ნაკვეთი 2022 წელს შპს „აჭარა რეალ ისთეითმა“ იყიდა, ამ კომპანიის ასივე პროცენტი ვანო ჩხარტიშვილის შვილების კომპანიას „სმარტ კაპიტალ გრუპს“ ეკუთვნის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ დირექტორია თინათინ ზოიძე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროსი იყო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიაში კონკრეტული პროექტი შესული არ არის. თუმცა შესულია განაცხადი, რომლის მიხედვითაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანაზე შეთანხმებას ცდილობენ, კონკრეტული პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ჯერ სამშენებლო ღობეც კი არ არის, თუმცა ერთ-ერთ მისადგომთან რკინის ჭიშკარია მინიშნებით, რომ ტერიტორია ვიდეოთვალით კონტროლდება.
„აჭარა რეალ ისთეითის“ საკუთრება
ამ ორი ნაკვეთის მომიჯნავედ, ძალიან ახლოს 8 ჰექტარს [81 722 კვ.მეტრი] ფლობს შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“ – ეს კომპანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოშია დარეგისტრირებული.მისი მფლობელის დადგენა ვერ ხერხდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს კომპანიაც ვანო ჩხარტიშვილთან იყოს კავშირში. ყველასთვის ცნობილია, რომ ვანო ჩხარტიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გამჭვირვალე არ არის და ობშორებშია დამალული.
ამ შემთხვევაში, მისი შვილების კომპანიას ექნება არა 24, არამედ 32 ჰექტრის განკარგვის შესაძლებლობა.
შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ინფორმაცია 2008 წლიდან იძებნება. ამ წელს იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა კომპანიამ, რომელიც არაბთა საამიროებშია დაფუძნებული – შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“. – ამ კომპანიის მფლობელები აფრიკის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.
მიწის ნაკვეთის ამ კომპანიაზე დარეგისტრირების მოთხოვნით რეესტრს მიმართა შალვა ელიზბაღაშვილმა.
რეესტრის ჩანაწერის მიხედვით, მოთხოვნილი იყო „საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ განკარგულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე. დოკუმენტებში არ ჩანს, ეყრდნობოდა თუ არა გადაწყვეტილება მაშინ ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2017 წელს, იგივე მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირა შპს „პრომეტკო ჯორჯიამ“, ამჯერად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ეს კომპანია ეკუთვნის შპს „სონატა ალიანს ჯორჯიას“, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.
შპს „აჭარა რეალ ისთეითი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის ასივე პროცენტს შპს „სმარტ კაპიტალ გრუპი“ ფლობს. შპს „სმარტ კაპირალ გრუპი“ 2013 წელს ვანო ჩხარტიშვილის შვილმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა დააფუძნა და ერთპიროვნულად ფლობდა, კომპანიას მაშინ შპს „სმარტ კაპიტალ ჯორჯია“ ერქვა.
2020 წელს კომპანიის მეწილეები გახდნენ ივანე ჩხარტიშვილი – 51%, ნათია ჩხარტიშვილი 24.5%, მიხეილ ჩხარტიშვილს დარჩა 24.5%, 2022 წლიდან კი კომპანიის წილებს მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები თანაბრად ინაწილებენ.
ვანო ჩხარტიშვილის შვილების მიწის ნაკვეთზე ამ დროსთვის რაიმე სამშენებლო პროექტი შეთანხმებული არ არის. 2021 წელს ამ ადგილზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხის მშენებლობის ნებართვა მოუთხოვიათ, თუმცა დაიწყეს თუ არა სამუშაოები ადგილზე ვერ გავარკვიეთ.
შპს „აჭარა რეალ ისთეითის“ მიწის ნაკვეთი გონიოს მთაზე ბათუმიდან 9 კილომეტრშია – ამ ნაკვეთთან მისვლამდე გაივლით სოფელ ავგიას, გზა სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის.
გონიოს სანაპიროს ხედი ჩხარტიშვილის შვილების კომპანიის მიწის ნაკვეთიდან
„ოცნების“ დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ გონიოს მთაზე, სოფელ ავგიას ტერიტორიაზე, 2 ჰექტარზე მეტ [25 773 კვ.მეტრი] ტერიტორიას ფლობს. აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასაწყებად ტერიტორია უკვე მომზადებული აქვს.
შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ საპროექტო ტერიტორია ახალსოფლის დასახლებაში, შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება
პირველი პროექტის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას შეათანხმა, კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებდა. ის ამ ფართობზე ტერასულად უნდა განლაგებულიყო. მისი დამტკიცებიდან მოკლე ხანში კომპანიამ ცვლილება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კოტეჯებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით ჩაანაცვლებენ – მაქსიმალური სიმაღლე 56,4 მეტრი. ამ პროექტზე ბათუმელები ადრეც წერდა.
რენდერირენდერი
საჯარო რეესტრის მიხედვით, „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ 2023 წელს დააფუძნა დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ და 2025 წლის სექტემბრამდე ერთპიროვნულად ფლობდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მან გასულ წელს კომპანიის 100 პროცენტიანი წილი გაასხვისა, მყიდველი ბიზნესმენი ზურაბ ნასყიდაშვილია.
რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, საჯარო რეესტრში ატვირთული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ასი პროცენტი, რომელიც გონიოს მთაზე ზღვისა და მთის ხედებით 2 ჰექტარ ფართობს და ამ ფართობზე მშენებარე კომპლექსს ფლობს, „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ 100 000 ლარად გაყიდა.
ახალმა მყიდველმა გადაიბარა ის ვალდებულებები, რაც დეპუტატის კომპანიას მიწის ნაკვეთების მფლობელებთან აქვს აღებული. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ კომპანიის მფლობელობაშია, თიბისი ბანკშია იპოთეკით დატვირთული და ვალის გადახდის ვალდებულება უკვე ახალ მფლობელს აქვს.
შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ – საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია
ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია შპს „გონიო სანრაიზ ვილა“ 2500 კვ.მეტრზე კარგად გამწვანებულ მომაღლო ადგილზე სანაპიროს ხედითვილებს აშენებს.
შპს „ბათუმი ინვესტმენტ“ – რუსეთის მოქალაქეების კომპანია
გონიოში, მომაღლო ადგილზე, აფსაროსის პირველ შესახვევში, საიდანაც ზღვისა და ჭოროხის შესართავის, ასევე ქალაქის ხედები იშლება, 4000 კვ.მეტრზე შპს „ბათუმი ინვესტმენტი“ ვილებს აშენებს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მის 45 პროცენტს რუსეთის მოქალაქეები – დმიტრი სოლოვიხი და ოლეგ ემელიანოვი ფლობენ. კომპანიის 55 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, როინ ზოიძეს ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის 2026 წლის 30 მარტის ამონაწერით, აქ ვილებს უკვე ყიდიან, მყიდველები კი უმეტესად რუსეთი მოქალაქეები არიან.
მშენებარე პროექტიმშენებლობის ადგილი
ამ პროექტთან ახლოს – 4 590 კვ მეტრზე ვილებს აშენებს შპს „ჯეო პანორამაც“. პროექტი გათვალისწინებულია სამსართულიანი შენობის აშენება, სადაც განთავსდება 29 იდენტური და ინდივიდუალური საცხოვრებელი ერთეული.
რენდერი
„ევროპიან ვილაჯი“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „გონიოს წვერზე“ გეგმავს
„ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანია, შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ გონიოში 8 397 კვ.მეტრზე სასტუმრო კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლოდ კერძო ტერიტორია და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მცირე ზომის მიწის ნაკვეთი გამოისყიდა. სამშენებლო მიწის ნაკვეთები გონიოს სანაპიროსთან ახლოს მაღლობზეა, მთას ვერ ვუწოდებთ.
პროექტი მოიწონა და დაამტკიცა ბათუმის საკრებულომ.
მონიშნულია სამშენებლო ადგილი – მარცხნივ პროექტის რენდერიმშენებლობის ადგილი, მარჯვნივ რენდერი.
პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოს ცენტრიდან წმინდა ნინოს პირველი ჩიხით, უკავშირდება ქალაქის სატრანსპორტო ქსელს.
ამავე გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის ხარჯზე დაგეგმილია ახალი გზის გაყვანა 6 მეტრი სავალი ნაწილით და 2,6 მ სიგანის ტროტუარებით, რომელსაც შეუერთდება კომპლექსის შიდა სატრანსპორტო გზები.
გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა სასტუმრო კომპლექსის მიწისქვეშა სივრცეში, სადაც განთავსდება 101 ერთეული ავტომობილი და მოეწყობა 14 მიწისზედა ავტოსადგომი. ჯამში 115 საპარკინგე ადგილი. ავტოსადგომების რაოდენობა დაზუსტდება სასტუმრო კომპლექსის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების შედეგად.
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, პროექტი 16-სართულიანი იქნება.
შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ შპს „ევროპიან ვილაჯის“ შვილობილი კომპანიაა, ისევე როგორც შპს „აჭარა ლენდ ინვესტი“, „ეუროპიან ვილაჯი-აქვა“, შპს ეუროპიან ვილაჯი რივიერა“ და სხვა კომპანია გონიოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის აპარტოტელის ტიპის სასტუმრო, ვილები.
შპს „ეუროპიან ვილაჯი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 49 პროცენტს ისრაელში დაფუძნებული კომპანია „კარმელ ჯგუფი“ ფლობს, 51 პროცენტი კი უკრაინის მოქალაქეებს – ანდრიი მოზოლევსკის [25%] და ჰალინა დიმაროვსკას [26%] ეკუთვნით.
3 დღე გავიდა, რაც „ოცნების“ დეპუტატები – ლაშა ტალახაძე [ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი], არჩილ გორდულაძე, გენო პეტრიაშვილი [მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი], ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე ჯგუფურად თავს დაესხნენ მათსავე კოლეგას და სცემეს, მათ შორის მუშტები ურტყეს თავში.
ამ დრომდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. არც ისაა ცნობილი, საერთოდ თუ აპირებს გამოძიებას. მაშინ, როცა მზია ამაღლობელი სილის გაწნის გამო იმავე ღამეს დააპატიმრეს [2025 წლის 12 იანვარი], შემდეგ კი ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლომ 2 წლით გაუშვა ციხეში.
„როდესაც უკვე დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება ძალიან რთულია.
ქართველები ვართ ახლა, მართლაც, ის ხომ არ არის… ხომ არ გადავჯიშდით, არა?“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა, „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა თავისი კოლეგების გამართლებისთვის.
თუმცა, თენგიზ შარმანაშვილი არ შეწუხებულა „ქართველობის გადაჯიშებით“, როდესაც ახალგაზრდა კაცმა, პოლიციელმა ირაკლი დგებუაძემ, ზურგზეხელებგაკრულ 50 წლის ქალს, მზია ამაღლობელს დედაც აგინა და სხვა ყველაფერიც, სახეშიც შეაფურთხა და ფიზიკურ ძალადობასაც აპირებდა, მისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.
დეპუტატზე ჯგუფური თავდასხმის კადრებში კი, რომელიც 26 ივნისს პარლამენტიდან გავრცელდა, ჩანს შემდეგი:
პარლამენტში ჩხუბი „ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ გიგა ფარულავას შორის ჯერ სიტყვიერი შეკამათებით დაიწყო, შემდეგ ირაკლი ხელაძემ გაიწია ფარულავასკენ და პირიქით. ამ დროს გამოჩნდა ლაშა ტალახაძე და გიგა ფარულავას მუშტი ჩაარტყა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მუშტებს ურტყამდა გიგა ფარულავას, რომლის დარბაზიდან გაყვანას კოლეგები ცდილობდნენ. იმისთვის, რომ გიგა ფარულავას მისწვდომოდა, არჩილ გორდულაძე შემაღლებულ ადგილას, საპატრიარქო ლოჟაში შევიდა და იქიდან უშენდა მუშტებს.
მაშინ, როცა გორდულაძე შემაღლებული ადგილიდან ურტყამდა, დარბაზში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია გვერდიდან ურტყამდა გიგა ფარულავას.
„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე გასასვლელი კეტავდა და შემდეგ ხელით უბიძგებდა დეპუტატებს.
როდესაც პარლამენტის მანდატურმა მოახერხა გიგა ფარულავას სხდომათა დარბაზის გასასვლელამდე მიყვანა, იქ მას „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი და ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი დახვდნენ, რომლებმაც ასევე მუშტები ურტყეს გიგა ფარულავას.
„ბათუმელებმა“ კითხვით მიმართა საქართველოს პროკურატურას – დაიწყო თუ არა გამოძიება ადამიანის მიმართ ჯგუფური თავდასხმის ფაქტზე და თუ არ დაიწყო, რატომ?
პროკურატურამ კითხვებს არ უპასუხა.
ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, სულხან თამაზაშვილი და „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები უყურებენ, როგორ სცემენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჯგუფურად ოპოზიციონერ დეპუტატს. 26 ივნისი, 2026 წელი
„ოცნების“ მოძალადე დეპუტატები, რომლებიც მონაწილეობდნენ 26 ივნისის ჩხუბში, თითქმის ყველა მათგანს და ასევე მათივე მთავრობის წევრებს, რომლებიც ამ ძალადობას პარლამენტის უყურებდნენ, აქტიურად არწმუნებდნენ თავიანთ მომხრეებს, რომ მზია ამაღლობელი მოძალადეა, მან პოლიციელს სილა გააწნა, რომელსაც ყური და ლოყა გაუწითლდა, ამიტომ ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.
დღეს, 29 ივნისს, ჩატარებულ ბრიფინგზე ეს მოთხოვნა ბერდია სიჭინავამ გააჟღერა.
„მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში, ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს.
როდესაც ახალგაზრდები, ციხეში წლობით სხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის, ამ პირობებში ეს ჩვენთვის არამხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ“, – თქვა ბერდია სიჭინავამ.
ბათუმში, მწვანე კონცხის პლაჟთან არსებული პირსი, რომელიც ვიზიტორთათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია და რომლის რეაბილიტაციაში რამდენიმე წლის წინ 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დღეს ჩაკეტილია.
მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
ხიდზე შესასვლელი სპეციალური ბარიერითაა გადაკეტილი და განთავსებულია წარწერები – STOP, „შესვლა აკრძალულია!“.
ხიდის შუა ნაწილში კიდევ ერთი ბარიერი და წარწერაა – „ვიზიტორთა შესვლა დროებით შეზღუდულია!“.
„ხიდი რამდენიმე თვეა რაც გადაკეტილია და ეს წარწერებიც გააკეთეს, ამბობენ ავარიულიაო, თუმცა უმეტესობა მაინც გადის ხიდზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში.
ბათუმი, მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
პირსზე კიდევ ერთი წარწერაა: „ხიდიდან გადახტომა აკრძალულია!“, თუმცა ასეთი წარწერა აქ ადრეც იყო.
საქმე იმაშია, რომ მწვანე კონცხის პლაჟის გასწვრივ ზღვაში/წყალქვეშ აგებულია ქვის დამბა – ტალღმტვრევი ნაგებობა. ამ წყალქვეშა ნაგებობის [რომელიც პირსის ქვემოთ გადის] სიგრძე 790 მეტრია და ის კონცხთან ნაპირდამცავ ფუნქციას ასრულებს.
პლაჟთან ახლოს მდებარე წყალქვეშა ნაგებობა კი ბანაობისთვის სახიფათოა.
წითელი ხაზით მონიშნულია წყალქვეშა დამბა [ტალღმტვრევი ნაგებობა] მწვანე კონცხის სანაპიროსთან
რატომ აიკრძალა პირსზე გასვლა? კონკრეტულად რა დაზიანება აქვს და რას უპირებენ ნაგებობას? – ამ კითხვებით ბათუმის მერიას მივმართეთ. მერიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
ბათუმი, მწვანე კონცხის პირსი / 28.06.2026
ბათუმში კიდევ ერთი პირსი, ახალი ბულვარის მიმდებარედ, დაახლოებით 5 წლის წინ შტორმმა დაანგრია. მის აღსადგენად ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.
ახალი ბულვარის პირსი და მიმდებარე ტერიტორია კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და რეესტრის ამონაწერით ის იჯარითაა გაცემული.
ბათუმი, მწვანე კონცხი / პლაჟზე ჩასასვლელი / 28.06.2026
აჭარის საკუთრებაშია ასევე მწვანე კონცხზე პირსის მიმდებარე ტერიტორიაც პლაჟის გასწვრივ.
ამ ტერიტორიას თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტსი“ ითხოვდა, თუმცა, აღარ გადასცეს და ამ კომპანიას მხოლოდ მიმდებარე ნაკვეთები მიჰყიდეს.
ბათუმი, მწვანე კონცხი / პირსი და მიმდებარე ტერიტორია [მონიშნულია მომწვანო ფერით], რომელიც ბოტანიკური ბაღის სარგებლობაშია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ტერიტორია [მოწითალო ფერით] და შპს „ბიზნეს დეველოპმენტსის“ საკუთრება [მონიშნულია ყვითელი ფერით]ამ თემაზე:
რუსეთში ბენზინის შავ ბაზარზე გაყიდვისთვის მინიმუმ 4 ადამიანია დაკავებული.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების გამო, საწვავის კრიზისია, სწორედ ამან გამოიწვია შავი ბაზრის გაჩენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ირკუტსკის რეგიონის დეპარტამენტი დღეს, 29 ივნისს, ტელეგრამზე წერს, რომ 4 პირი დააკავეს ბენზინის გაყიდვისთვის შავ ბაზარზე. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკანონო ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ და ბენზინს ძალიან მაღალ ფასებში ყიდდნენ.
ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეგიონის გუბერნატორის მოთხოვნების გვერდის ავლისა და საწვავის ავზით შევსების მცდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.6.1 პუნქტის შესაბამისად, რომელიც „ქცევის წესების შეუსრულებლობას მაღალი მზადყოფნის რეჟიმის შემოღებისას“ ითვალისწინებს.
„მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ 27 ივნისს ირკუტსკის რეგიონის გუბერნატორმა იგორ კობზევმა გამოაცხადა. „როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურებზე ფიზიკური პირებისთვის საწვავის მიწოდების ლიმიტს 50 ლიტრს შეადგენს დღეში ერთ ავტომობილზე, ერთი შევსებისას. საწვავის გაყიდვა ნებისმიერ კონტეინერში, გარდა ავტომობილის საწვავის ავზისა, აკრძალულია.
რუსეთში საწვავის კრიზისი სულ უფრო მწვავდება. მთავარი მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სისტემატური დარტყმებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.
შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება.
„საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, “მდმა“, „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „დიაზეპამი“, „კოდეინი“, „მეთადონი“ და „კანაფი“.
ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“ – იუწყება შსს.
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის, 4 ივლისს, 14:00 საათზე, ბათუმში განათლების პოლიტიკის შესახებ ფორუმს მართავს.
მოძრაობა ფორუმზე დასასწრებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს – პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, მშობლებს, აკადემიური სფეროსა და მეცნიერების წარმომადგენლებს.
„ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა,“ – ნათქვამია მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის მიერ გავრცელებულ ანონსში.
მოძრაობა წერს, რომ დღეს საქართველოში განათლების სისტემა უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას, საერთაშორისო კვლევები კი აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან თანატოლებს სხვა ქვეყნებში.
„რაც კიდევ უფრო საგანგაშოა – ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება. საცხოვრებელი ადგილი, სკოლის სტატუსი, ოჯახის შემოსავალი თუ ეთნიკური კუთვნილება ხშირად გადამწყვეტი ხდება იმისთვის, მიიღებს თუ არა ბავშვი ხარისხიან განათლებას. სისტემა ვერ უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.
ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები კი არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: განათლება ხდება უფრო ელიტური და ხარისხიანი სწავლება მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგიად იქცევა. დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილებს უმაღლესი განათლების გზაზე ახალი, ხელოვნური ბარიერები უჩნდებათ, უნივერსიტეტებს ეზღუდებათ ავტონომია, ხოლო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო იზოლაციის საფრთხის წინაშე დგება,“ – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
4 ივლისს საჯარო ფორუმზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მისამართი: სასტუმრო მონარქი, მელაშვილის 37.
განათლების ფორუმზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ფორუმის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე, იმავე დარბაზში, მოძრაობა ღია კარის დღეს უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღია კარის დღეზე ვუპასუხებთ სტუმრების შეკითხვებს, გავუზიარებთ მათ ცნობებს მოძრაობის მიერ განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ავიაკომპანიამ Flyone-მ მოლდოვის დედაქალაქ კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით 28 ივნისს პირველი ფრენა შეასრულა.
პირველ მგზავრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.
„Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს,“ – ნათქვამია ტავ ჯორჯიას განცხადებაში.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს სწორედ ტავ ჯორჯია მართავს.
კომპანიის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.
14 ივლისამდე ფრენები კვირაში ორ დღეს, ორშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება, 14 ივლისიდან კი ოთხშაბათიც დაემატება.
28 ივნისს ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა სომხების გენოციდის აღიარებას ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. გენოციდის აღიარების საკითხი ახლა ისრაელის პარლამენტმა, ქსენეთმა უნდა განიხილოს კენჭისყრაზე.
„ისრაელის მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მე წარვუდგინე სომხების გენოციდის აღიარების შესახებ. არასდროს არის გვიან სწორი ნაბიჯის გადადგმა“,- ციტირებს ისრაელელი მედია, „იერუსალიმი პოსტი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, გედეონ საარს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ამ გენოციდის აღიარება ისრაელის მორალური ვალდებულებაა.
გაეროს 32 წევრი ქვეყანა ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915-16 წლებში, რომლის დროსაც ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები მასობრივი ხოცვა-ჟლეტის, დაპატიმრებისა და დეპორტაციის მსხვერპლნი გახდნენ.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სომეხთა გენოციდს აღიარებენ, არიან: საფრანგეთი, კანადა, აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. ბოლო დრომდე ისრაელი თავს იკავებდა გენოციდის აღიარებისგან.
თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეა, გენოციდს უარყოფს.
თურქეთის მთავრობა 28 ივნისს, იმავე დღეს გამოეხმაურა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას და მას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ამ აღიარებით ისრაელის მთავრობა ცდილობს „დაფაროს საკუთარი დანაშაულები“ ღაზას სექტორში.
_____________
ფოტოზე: გედეონ საარი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 402 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 066 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 845 ერთეული [+1]
საარტილერიო სისტემა – 44 969 ერთეული [+49]
MLRS – 1 901 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 454 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 379 224 ერთეული [+1 724]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 764 ერთეული [+10]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 113 612 ერთეული [+477]
სპეცტექნიკა – 4 366 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 797 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
2026 წლის წვიმიანი და ცივი 23 ივნისია ნიუ იორკში. როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, ჩემი დღე სოციალურ ქსელებში ქართული რეალობის დაზუსტებით იწყება. ნეტავ რა მოხდა ამ დროში – ვისი პროცესი შედგა, ელენე ხოშტარიამ თუ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი, ან მარიამ მეყანწიშვილის პატარა შვილი როგორ უმკლავდება დედის კიდევ ერთ სასამართლოს, ექიმებმა თუ გააპროტესტეს პედიატრის დაპატიმრება…
ვხსნი ფეისბუქს. დილის ექვს საათზე ნიუსფიდში სულ სხვა მთავარი ამბავი ამოხტა. რუსების მიერ მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტოა წარწერით – „საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო“.
თურმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეებზე (Malachini and Others v. Russia, nos. 9184/09 and 22580/10, 23.06.2026) დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა.
ზუსტად ამ დღიდან, ზუსტად ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება; გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.
ევროპულმა სასამართლომ ოკუპანტ ქვეყანას ჯამურად ყველა მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 395 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ამ განაცხადებით გამახსენდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში 53 საჩივარი წარადგინა. ასე გამოდის, რომ ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს უკვე 18 წელია ერთგულად იცავს სტრასბურგის სასამართლოში. უდიდესი საქმეა – 400-მდე ადამიანის და მათი ოჯახების ტრაგედიებით სავსე.
ახლა სამოქალაქო სექტორი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონებით უკვე ჩამოშლილია ქვეყანაში. საია ყოველთვის მიზანშია ამოღებული. თუმცა განცხადებაში მითითებულია, რომ გუნდი მომავალშიც გააგრძელებს რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას.
ზუსტად ვიცი, რომ გააგრძელებს.
დღეს ყველაზე მეტად მჯერა, რომ მოიგებს.
18 წლის წინანდელი საია გამახსენდა.
კერძო უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2002 წლიდან. როცა კორუფციისგან ყარდა განათლების სისტემა, საია იყო რაღაც ახალი, რაღაც თანამედროვე. არსად ისეთი საოცნებო არ იყო ყოფნა, როგორც საიას გუნდში. ცხოვრების ტემპიც სხვანაირი ჩანდა საიას კედლებში.
იმ დროს კი, აგვისტოს ომის დროს, საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწე ვიყავი და პარალელურად, საიას იურიდიულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი.
ომის შემდეგ თითქოს დადუმდა ორგანიზაცია. პროექტები საგანგებო რეჟიმში გადავიდა. ყველაზე მეტად ე.წ. „სტრასბურგების ოთახის“ ხალხი დამაკლდა.
მათ ოთახში სულ სინათლე ენთო, თუმცა თავად იშვიათად ჩნდებოდნენ სხვა სივრცეებში. სხვადასხვა წყაროზე სამუშაოდ თუ შემოდიოდნენ ბიბლიოთეკაში. მე, ერთადერთი, რაც შემეძლო, 13 000 ეგზემპლარში უფრო სწრაფად მეპოვა მათთვის სასარგებლო მასალა. ეგ იყო და ეგ.
ის მცირე მონაწილეობაც კი მაბედნიერებდა. ზუსტად ვიცოდი, ჩემ გვერდით ადამიანები ისტორიას წერდნენ. წერდნენ ომზე და გადარჩენაზე. აგროვებდნენ ფაქტებს და მტკიცებულებებს. ყველაზე მაღალი კვალიფიკაციით აღწერდნენ ჟამს, ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს არსებობისთვის საშიშ ჟამს.
„სტრასბურგის ხალხი“ მძღოლების ოთახშიც აღარ ჩანდა ხშირად. საიას მოვლენების ეპიცენტრი არა თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის კაბინეტი, არამედ მძღოლების ოთახი იყო. ამ ოთახში ვუყურებდით მნიშვნელოვან დებატებს, თანამშრომლების სატელევიზიო გამოსვლებს, ფეხბურთის მატჩებსაც კი.
საია
აქედან ვაცილებდით თანამშრომლებს და აუცილებლად აქ ვსვამდით გუნდის ახალი წევრის სადღეგრძელოს. ამ ოთახში იჭრებოდა თანამშრომელთა დაბადების დღეების ტორტები ისე ოსტატურად, რომ რამდენი თანამშრომელიც არ უნდა ყოფილიყო და რამხელა ტორტიც არ უნდა გვქონოდა, მაინც ყველას ჰყოფნიდა.
ასეთ სამუშაო სივრცეში ზუსტად იცი, როდის აქვს თანამშრომლის ბავშვს სიცხე, როგორ აცდენს დედა ან მამა ბაღის ან სკოლის ზეიმს, როდის ვერ მიდის დაბადების დღეებზე… არ ეცალა, ამ საქმეებზე მომუშავე არცერთ ადამიანს არ ეცალა.
საზღვრისპირა სოფლებში მტკიცებულებებსაც ეს იურისტები აგროვებდნენ.
– „ჰე, წევედით ახლა. რას იტყვით, საღამოს 8 საათამდე დავბრუნდებით?“ – აზუსტებდა ხოლმე ერთი მძღოლი. თითქოს იურისტებისგან ითხოვდა გარანტიას, რომ ნამდვილად დაბრუნდებოდნენ, რომ რუსები საზღვარს არ გადმოწევდნენ მოულოდნელად, ან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას, საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა.
ეს გარანტია არც იურისტებს ჰქონდათ, არც აღმასრულებელ დირექტორს და არც ქვეყანას. არ გვქონდა ჩვენც, დანარჩენ თანამშრომლებს, ყოველ საღამოს ველზე გასული ჯგუფის დაბრუნებას რომ ველოდით.
– „აბა, დავეშვით, მტრებს დედა ვუტიროთ“ – იტყოდა ხოლმე მეორე მძღოლი. თავისი ამ მონაწილეობით, ზუსტად იცოდა, რა რისკზეც მიდიოდა, რა დიდ როლს ასრულებდა და რა შედეგს მოუტანდა ერთ დღესაც ქვეყანას.
როდესაც ერთ მხარეს ბირთვული სახელმწიფოა თავისი მონსტრი აპარატით, შავბნელი ისტორიით და იმპერიალისტური ჩანაფიქრებით, ხოლო მეორე მხარეს – თბილისის ერთ პატარა ოფისში მომუშავე გუნდი, გამარჯვების შანსი ნულს ჰგავს. მაგრამ ბრძოლა უფლებებისთვის უმცირესობების სიმამაცით იქმნება.
ესეც საიაში ვისწავლე. რაც იქ ვნახე, რაც იმ კედლებში განვიცადე სხვებთან ერთად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვინმე „უსამშობლოებიო“ იტყოდა. წლები ყველაფერს არქმევს ხოლმე სახელს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გახდება ცხადი, რა დიდი როლი აქვს ქვეყნის ისტორიაში სამოქალაქო სექტორს, დამოუკიდებელ მედიას და განათლებულ ადამიანებს.
ვხურავ ნიუსფიდს. თუმცა არა – რომელიღაც გასართობ გვერდს მოკლე ვიდეო უდევს, როგორ იწმენდს ცრემლებს საიას თავმჯდომარე პრესკონფერენციაზე. ის ტირის. ტირის საიას ყველა თაობის ნაცვლად და ალბათ, ახლა ყველა ტირის. ყველა, ვინც რუსული კოშმარი გადაიტანა, სახლები დაენგრა, ახლობლები დაკარგა, ვინც ეს ისტორია გადაარჩინა.
მეც ვტირი და დროა ნიუიორკულ გამოწვევებს დავუბრუნდე.
სულ ვცდილობ დავარქვა სახელი ემიგრაციას: ხან ციხეს ჰგავს, არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი პაემნები რომ არ აქვს შენი საყვარელი ადამიანების სანახავად. ხან გალიაა, მოძრაობ და დაგყვება, მაგრამ ყველგან ვერ მიდიხარ. ყველაზე მეტად, ნანგრევების ქვეშ ცხოვრებას ჰგავს ჩემთვის ემიგრაცია. რამდენადაც მეტად გიყვარს სამშობლო, მით უფრო მეტი ნანგრევია ირგვლივ. და ამ ნაშალ რეალობაში შენ სადღაც ქვემოთ გვირაბებში დადიხარ.
ამ გვირაბებში მეტი შანსებიც კია: შეიძლება გამოიმუშაო მეტი ჰონორარი, შეხვდე ბოტიჩელის ან რაფაელის ნახატებს, შესაძლოა 20 დოლარად იყიდო რომელიმე ბრენდის კაბა, ხელი მიგიწვდებოდეს საქართველოში უკვე ცეცხლწაკიდებულ საკვებ პროდუქტებზე, ამ ნანგრევების ქვეშ იპოვი უკეთეს სამედიცინო სერვისებს, შეხვდები ბევრ საინტერესო ახალ ადამიანს, ცათამბჯენებს, სანაპიროებს, ჩანჩქერებს, კანიონებს…
მაგრამ
ამ საკვებს ვერ გაიყოფ შესვენებაზე შენ საყვარელ თანამშრომლებთან, ამ კაბით ვერ მოხვდები შენი უახლოესი მეგობრის ქორწილში, ვერ გაუზიარებ ემოციას შენი ოჯახის წევრებს, მსოფლიო შედევრებით დამუნჯება როცა გაგივლის, ვერ… ახალი წრე? კი ბატონო, მაგრამ ეს შენი სამშობლო არ არის, უცხო ხარ, შენი ცა არ არის, მზე სხვანაირია.
დღესვე საიამ სტრასბურგში მოიგო საქმე ბათუმში კარვის გაშლისთვის ახალგაზრდა კაცი რომ დასაჯეს. იცით რას ითხოვდა ეს კაცი – ბავშვებისთვის უფასო კვებას. რა სახელმწიფო ხარ, როცა შენ მომავალ თაობას შია? და ვინც ამას გთხოვს, ვინც გაუმჯობესებისკენ გიბიძგებს, ასე სჯი?
კიდევ უფრო მეტად მინდა აი აქედან, „ნანგრევების ქვემოდან“ სკოლებში ბავშვთა სრულფასოვანი კვების და სასკოლო განათლების წესები საქართველოში გადმოვიტანო. ერთ დღესაც გადმოვიტანო. აი, ამ გვირაბის ბოლოს სინათლე რომ გამოჩნდება და „ემიგრანტოლოგის“ დიპლომით დავბრუნდები.
ისევ გამახსენდა „წავედით მტრებს დედა უნდა ვუტიროთ“. და ვფიქრობ, მართლა როგორ ვამარცხებთ მტერს ათასწლეულების განმავლობაში? ვამარცხებთ ნელ-ნელა, ჯიუტად და უეჭველად. საუკუნეების მანძილზე გენში ჩაშენებული ინსტინქტითა და კარნახით.
რა დასამალია, ყველაზე სევდიან მომენტებში, მეც მიფიქრია, ნეტავ რა იქნება საუკუნეების შემდეგ? სხვები ჩვენსავით რომ ისწავლიან ისტორიას, სახელებს, ბიოგრაფიებს. დაინტერესდებიან რატომ ქრებოდა სინათლე, შეაფასებენ სამოქალაქო საზოგადოების როლს, გაუსაძლის კრიზისს. ალბათ, ბევრსაც იღადავებენ კარვის გაშლისთვის თუ სიმართლის დაცვისთვის ჩვენთვის მოსჯილ სასჯელებზე, წყლის ჭავლზე, ჟურნალისტების პარლამენტიდან გამოყრაზე.
სილის გაწვნის თუ ბანერის დაჩხაპნის გამო ქალების დაპატიმრებაც გააოცებთ. გაუკვირდებათ სკოლებში მშიერი ბავშვები რატომ ჰყავდა ქვეყანას.
კიდევ ვინ მოსთვლის?
ისტორია მოსთვლის. ისტორია ყველაფერს მოსთვლის. მომავალი თაობები შორიდან, ძალიან, ძალიან შორიდან მიხვდებიან, ამ დიდ და უთანასწორო ბრძოლაში როგორ მოუგო საიამ რუსეთს.
დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანა შესაძლოა შევიდეს უკრაინაში ომის დასრულებისა და ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მიზნით მოსალოდნელ სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში – კიშინიოვი რეგულარულად აყენებს ამ საკითხს ევროკავშირთან პარტნიორების ფარგლებში მოლაპარაკებების დროს.
ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ახლახან ეროვნული ტელევიზიის ეთერშიც განაცხადა, რაზე დაყრდნობით ინფორმაციას მოლდვური სააგენტოებიც ავრცელებენ.
მედია ამ საკითხის მიმოხილვისას წერს, რომ რუსული ჯარების უკანონოდ ყოფნა დნესტრისპირეთში, რეგიონში კონფლიქტის მოგვარების ძირითად საკითხებს შორის რჩება.
„უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა გაითვალისწინოს დნესტრისპირეთის საკითხიც. კერძოდ, რუსული ჯარების რეგიონიდან მშვიდობიანი გზით გაყვანა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
მოლდოვას პრეზიდენტი ასევე შეეხო დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაკავებულ მოლდოვის მოქალაქეთა საკითხს. ზოგიერთი მათგანი სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა დაკავებული და კიშინიოვი, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოსთან ერთად, მუშაობს მათ გათავისუფლებაზე.
დნესტრისპირეთის რეგიონი მოლდოვას ნაწილია და აქედან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ყველა დისკუსიაში განიხილება.
____
ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსეთმა თავისი სამხედრო ნაწილები საბოლოოდ 2007 წლის ნოემბერში გაიყვანა. თუმცა, რუსეთს ჯარები არასდროს გაუყვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მკითხველებმა უკვე იციან, რომ 30 ათასი ლარი შემოგვწირეს და ამ თანხით „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები გათავისუფლდა – ინკასო მოეხსნა.
მკითხველმა არაერთი მხარდამჭერი და გამამხნევებელი მესიჯიც მოგვწერა, რამაც კიდევ უფრო გაგვიზარდა მოტივაცია, ვიყოთ თქვენი ხმა.
გთავაზობთ ზოგიერთი მკითხველის გამამხნევებელ შეტყობინებას, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს ასახავს.
„სწორედ ასეთი ზე-სტანდარტის მედიის შემქმნელი ჩასვეს ციხეში. რატომ? – ისეთი ნაძირალები არიან, რომ ქვეცნობიერად საკუთარი თავი ასეთი ობიექტურობის ღირსად არ მიაჩნიათ? ალბათ არც უმაგისობაა“ – გვწერს ნათია.„დავუშვათ თუ მეტად მინდა დავეხმარო ბათუმელები/ნეტგაზეთს… როგორ შემიძლია“ – გვწერს დავითი. დავითისა და კიდევ სხვებისთვის, ვისაც სურს ჩვენი მხარდაჭერა, აქვე ვაქვეყნებთ ბანკის ანგარიშებს
„ცეცხლი ავტოკრატიას“ – ევროპული ბრძოლის სლოგანით გვამხნევებს გურამი.„საჯარო მოხელე ვარ და სწორედ ასე შემიძლია მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“ – გვწერს კიდევ ერთი მხარდამჭერი, რომელმაც გარკვეული თანხა გაიღო იმისთვის, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთმა იარსებოს თქვენით და თქვენთვის.„იმედი მაქვს თანადგომით გადავიტანთ ამ მორიგ დუხჭირ პერიოდს, ჩვენი სამშობლოს ისტორიაში“ – გვწერს მკითხველი.
დღეს, 28 ივნისს, თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტია “ჯერ საქართველო” დაფუძნდა.
„ჯერ საქართველოს თანამესაკუთრეობა უნდა დავიბრუნოთ, შემდეგ ლიდერის როლი რეგიონში. საქართველოს ჯერია!“ – ასეთია ახალი პოლიტიკური პარტიის გზავნილი.
სადამფუძნებლო ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია.
ვიქტორ ყიფიანი არის ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე. ის ასევე იყო მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
ახალი პარტიის, “ჯერ საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი ანთაძე და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
პარტიაში ასევე იქნებიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი გიორგი ტუმასიანი. ორივე მათგანი პარტიის თანადამფუძნებელი და მრჩეველია.
“ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი შალამბერიძე აირჩისე, ხოლო წევრები იქნებიან ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე იქნება. ასევე სამდივნოს შემადგენლობაში იქნებიან ნინო სტურუა, გიორგი მსხილაძე და სანდრო სამადბეგიშვილი.
“ჯერ საქართველო” მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 400 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 063 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 24 844 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 44 920 ერთეული [+63]
MLRS – 1 901 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 454 ერთეული [+7]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 377 500 ერთეული [+1 889]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 754 ერთეული [+14]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 113 135 ერთეული [+501]
სპეცტექნიკა – 4 360 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 790 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.