მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

12.01.2022 • 1797
ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, ხოლო მოვლა-ექსპლოატაცია – 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებულ LED სანათზე, ან სანათში შეცვლილ ნაწილ(ებ)ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 10 წწლი, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან.

„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან/და მექანიკური ზემოქმედებით“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

გამართულად უნდა იმუშაოს განათების მართვის ჭკვიანმა [სმარტ] სისტემამ. ეს სისტემა არ უნდა იყოს ავტონომიური და უნდა იქნას ღია სხვა
სისტემებთან ინტეგრაციისთვის მომავალში.

მერიის სამმართველომ ტენდერი 2-21 წლის 11 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

ტენდერში მონაწილეობისთვის, სხვა პირობებთან ერთად, პრეტენდენტს „2018 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის მომსახურება: გარე განათების წერტების მოვლა- ექსპლუატაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით და გარე განათების მოწყობის სამონტაჟო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით“.

ბათუმში გარეგანათების მოვლა-ექსპლოატაციაზე ტენდერებს შპს „აჭარგანათება“ უკონკურენტოდ იგებს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრა. ამასთან, „არსებული ინფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები“, – აღნიშნულია ოქმში.

სატენდერო კომისიის 2022 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმიდან

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ცალკე ტენდერი – 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე – 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდა.

„აჭარგანათება“ ამჯერადაც უკონკურენტო იყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა 29-მილიონიანი ტენდერის დასრულების შემდეგ ეს ხელშეკრულება შეწყდება.

მერიის სამმართველოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლების მოთხოვნით გამოცხადებულ ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/383593/?fbclid=IwAR3I4wzzbEP6EdsW00SGZPhRci33BBcpYxQqhPTkNn84uF2pVH4_fhXaiQk

გადაბეჭდვის წესი


ასევე: