ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან.

პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ ქართველი ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი.

8 თებერვალს, ბორჯღალოსნები ივერდონში, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან; 15 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ.

რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 17-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 8 – ზედიზედ.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის ერთგული მხარდამჭერია. ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რაგბის ღირებულებები. ქართული რაგბი ერთ, მთავარ იდეაზე დგას – გჯეროდეს მაშინაც კი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენება. სწორედ, ამ სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით დავიმკვიდრეთ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ადგილი.

საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, თიბისი მხარს უჭერს ადამიანებს, ვისაც სირთულეები არ აბრკოლებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად მიდის. ვინც იცის, რომ ნამდვილი გამარჯვება რწმენით იწყება.

ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს.

რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა

რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის გ.პ.-ს ექსტრადაცია განხორციელდა. ბრალდებულს თბილისში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან დამამძიმებელ გარემოებებში.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ექსტრადირებულ პირს პროკურატურა სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით ედავება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ბრალის დადასრურების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

 

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას თავისუფლების იძულებით აღკვეთას, მუქარას და თაღლითობას ედავებიან.

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა დღეს, 4 თებერვალს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. დაწყებულია საექსტრადაციო პროცედურები.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 243 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 637 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 992 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 36 915 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 634 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 293 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 123 743 ერთეული [+1 355]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 245 ერთეული [+40]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 949 ერთეული [+211]
  • სპეცტექნიკა – 4 062 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 215 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 484 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 658 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 050 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 641 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქობულეთის საკრებულომ კ2 კოეფიციენტის გადასახადი დააწესა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების მაკომპენსირებელი ღონისძიება განსაზღვრა.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მშენებელი კომპანია ზონაში დადგენილი პარამეტრების შეცვლას მოითხოვს, მაგალითად, სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდას ან ფუნქციურ ზონაში დადგენილი სახეობის ცვლილებას, კომპანიას მოუწევს თანხის გადახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. თანხის ოდენობას კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის ღირებულების მიხედვით გამოთვლიან.

მაკომპენსირებელ მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით ქობულეთის საკრებულოს მიმართა მერიამ. საკრებულომ საკითხს მხარი დაუჭირა.

დამტკიცებული დებულების მიხედვით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის, კ2-ის გადამეტების შემთხვევაში, საკრებულომ მაკომპენსირებელ ღონისძიებად განსაზღვრა მუნიციპალიტეტისთვის საცხოვრებელი ბინების ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში არსებული ფართობის ოდენობის შესაბამისი თვითღირებულების გადახდა.

ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინების ფართობი განისაზღვრება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] ნამატი საანგარიშო ფართობის 2%-ით. საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართ­ვის აღებამდეა გადასახდელი.

გადასაცემი ფართობის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს იმ აუდიტორული ფირმის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს აუდიტის უფლებამოსილება ან „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

მაკომპენსირებელი ღონისძიებები, ასევე გამოიყენება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში, ნამატი საცხოვრებელი ფუნქციის საანგარიშო ფართობის გათვალისწინებით.

მშენებელ კომპანიას ან ფიზიკურ პირს, კოეფიციენტის გადამეტების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური განუსაზღვრავს მაკომპენსირებელ ღონისძიებას.

___

როგორ გაინაწილეს მშენებლებმა ქობულეთის სანაპირო ამაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ვინ გაინაწილა ქობულეთის სანაპირო და პლაჟები – დიდი ფულის ძალა, ამჯერად ქობულეთში

 

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს საქართველოს ასობით მოქალაქეს, ვისაც საფრანგეთსა თუ გერმანიაში მკურნალობას უფინანსებენ.

იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ საქართველოში გადმოურიცხავენ პაციენტს ფულს ქართველი ემიგრანტები სამკურნალოდ?

„რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის… საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას,“ – ამბობს იურისტი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] თავმჯდომარესთან, იურისტ ედუარდ მარიკაშვილთან.

  • ბატონო ედუარდ, შეიძლება თუ არა „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონი გრანტების შესახებ შეეხოს საფრანგეთში ან გერმანიაში მყოფ ქართველ პაციენტებსაც, რომლებსაც მკურნალობას უფინანსებს უცხო ქვეყნის მთავრობა? ასევე, ქართველ პაციენტებს, რომლებსაც, ქართველი ემიგრანტები უგროვებენ ფულს?

როცა ემიგრანტებს ეხება საქმე და ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებს, რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს მსჯელობა: ერთი არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ე.წ. FARA. ამ შემთხვევაში „ფარა“ საუბრობს იმაზე, რომ უცხოურ პრინციპალად უნდა მივიჩნიოთ პირი, რომლისგანაც მიღებული თანხა შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კონტროლს „ფარას“ ფარგლებში და ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის უცხოეთში.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს უცხო ქვეყანაში, როცა რიცხავს თანხას საქართველოში საქართველოს მოქალაქისთვის და შემდეგ უკვე ეს პირი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მაშინ ეს თანხა ექვემდებარება „ფარას“ ფარგლებში კონტროლს და წარმოშობს ვალდებულებებს.

რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს: „გრანტების შესახებ“ კანონი საუბრობს უცხოეთის მოქალაქის მიერ გადმორიცხულ თანხაზე და არა პირდაპირ, ხელაღებით ყველა ემიგრანტის მიერ გადმორიცხულ თანხაზე. „გრანტების შესახებ“ კანონი შეეხება იმ გადმორიცხვას საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლის ინიციატორი, ანუ გადმომრიცხველი არის უცხოეთის მოქალაქე.

შეიძლება, ემიგრანტს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. თუკი მის მიერ გადმორიცხული თანხა გამიზნულია იმისთვის, რომ პირი, ვინც არის ამ თანხის მიმღები, ჩაერთოს, ან ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში – კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც მიემართება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, ან და საზოგადოების რომელიმე ფენაზე გავლენის მოხდენას – ამ შემთხვევაში ასეთი თანხა ჩაითვლება გრანტად და მისი შეთანხმება მოუწევთ ამ პირებს მთავრობასთან, სანამ გადმორიცხავენ.

გადმომრიცხველს მოუწევს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, ვიდრე გადმორიცხავს ამ თანხას საქართველოს მოქალაქესთან.

ედუარდ მარიკაშვილი საპროტესტო აქციაზე

პრობლემა არის „პოლიტიკური საქმიანობის“ განსაზღვრების საკითხში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არ უარყოფენ, რომ იმ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, შეიძლება დაექვემდებაროს „გრანტების შესახებ“ კანონით რეგულირებას. მათივე განმარტებით, თუკი ემიგრანტი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის რიცხავს ამ თანხას, მაშინ ეს ფული არ ექცევა „გრანტების შესახებ“კანონში.

რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება, ასე ვთქვათ, მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებისთვის.

  • განსაკუთრებით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის და პრაქტიკის გათვალისწინებით? 

დიახ.

ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო იქნება განმსაზღვრელი: რა საქმიანობა ჩაითვლება საქმიანობად, რომელიც „გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ ჯგუფებზე“. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის.

  • მაგალითად, აქციებზე დადის ან ფეისბუქპოსტებით „ოცნებას“ აკრიტიკებს? 

კი, საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას. ასეთი შემთხვევა, სწორედ, რომ შესაძლოა ჩაითვალოს „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევად და დაექვემდებაროს სახელმწიფოსგან, მთავრობისგან თანხმობას.

  • ეს თანხმობა თუ არ იქნება, გამოიწვევს პირდაპირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – 6 წლით ციხეს? 

კი, ასეა. თვითონაც არ უარყოფენ, რომ ზოგ შემთხვევებში, შესაძლოა, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები ჩაითვალოს გრანტად, თუ ის უცხოეთის მოქალაქეც არის.

ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, როდის ჩათვლიან, რომ საქართველოში თანხის მიმღები პირი არის აქტიურად პოლიტიკაში ჩართული.

  • კანონი მოიაზრებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს ხდება იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს შიში, ხმა რომ ამოვიღო, ციხეში არ აღმოვჩნდეო? 

რა თქმა უნდა. ნორმის განუჭვრეტელობა არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა.

ზოგადად, რეპრესიულ კანონმდებლობას და ავტორიტარულ კანონმდებლობას ახასიათებს განუჭვრეტელობა სწორედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი შემთხვევა მოიაზროს ისეთი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოვა. ეს საბჭოთა კანონმდებლობას ახასიათებდა და ავტორიტარულ ქვეყნებს ახასიათებს: რაც შეიძლება მეტი შემთხვევა უნდა არსებობდეს, რაც ჩაითვლება კანონთან კონფლიქტად.

ამას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ ფართოდ ეხსნება გზა რეჟიმს, რომ ბევრი შემთხვევა მოაქციოს ამ კანონში; მეორე – შერჩევითად მიუდგეს, ისეთი შემთხვევები ამოარჩიოს, რომელიც მისთვის არის ყველაზე პრობლემური და იმ ადამიანების მიმართ გაატაროს რეპრესია.

რაც მთავარია: ბუნდოვანმა და განუჭვრეტელმა კანონმა უნდა შექმნას განცდა საზოგადოებაში, რომ ყველაფერი შეიძლება ამ კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ შიში იმისა, რამე არ გააკეთონ ისე, რომ კანონი დაარღვიონ. რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება, უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ შეიძლება კანონთან კონფლიქტში მოვიდეს.

ამიტომაც, ურჩევნია, საერთოდ არ ისაუბროს კონკრეტულ პრობლემაზე, ან არ მიიღოს ფული, არ ჩაერთოს რაიმე შრომით, საქმიან ურთიერთობაში რომელიმე ორგანიზაციასთან, რომ შემდეგ პრობლემები არ ჰქონდეს.

  • კონკრეტულად რომ გვითხრათ: მაგალითად, საფრანგეთსა თუ გერმანიაში, სადაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩიეს ამ ქვეყნების მთავრობის დაფინანსებით, დღეს რა უნდა იფიქროს ქართველმა პაციენტმა? შეიძლება, მოედავონ იმის გამო, რომ, მაგალითად, ფეისბუქში გააკრიტიკოს ქართული ჯანდაცვის სისტემა? 

პირზე, რომელიც ელოდება ან მიღებული აქვს ჯანმრთელობის საკითხზე რაიმე დაფინანსება უცხოური მთავრობისგან, შესაძლოა, გავრცელდეს „გრანტების შესახებ“ კანონი, თუ თანხის მიმღები პირი ამავდროულად რაიმე ფორმით ჩართული იქნება საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესებში.

კანონში არ არის გამონაკლისი, მაგალითად, ჩარიცხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა.

ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული კანონია, ჩემი აზრით, რომელიც სიტყვის თავისუფლების და ზოგადად აქტიური მოქალაქეობას, პოზიციის დაფიქსირების კრიმინალიზებას ახდენს. ფაქტობრივად, დანაშაულად აცხადებს ყველა სახის საჯარო აქტივობას იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება აქვს უცხოურ ორგანიზაციასთან, უცხოურ მთავრობასთან, ან უცხოეთში მყოფ ქართველთან, რომელიც არის ამავე დროს უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ძალიან დიდ წრეზეა საუბარი, ვისი საჯარო პოზიციაც დანაშაულად ცხადდება.

  • შესაძლებელია იმის თქმა, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის, ქართველი პაციენტები ევროპაში? 

რა თქმა უნდა, ისინი უკვე ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: ეს არის უცხოური მთავრობისგან მიღებული თანხა. რჩება მეორე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. თუკი ისინი რაიმე ფორმით აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, რომ მოუწევთ საჯარო პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკურ, ან საზოგადოებრივ საკითხზე, მათთვის ესღა იქნება დარჩენილი, რომ ამ კანონის ფარგლებში მოექცნენ.

სხვები შეიძლება უფრო კარგ მდგომარეობაში არიან, ვისაც ჯერ უცხოური დაფინანსება რაიმე ფორმით არ მიუღიათ და არ ჰქონიათ ამასთან შეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, სხვადასხვა დროს ამ ადამიანებსაც მოუწიოთ რაიმე შეხება უცხოურ ორგანიზაციებთან და მათ მიერ საჯარო პოზიციის დაფიქსირება უკვე ავტომატურად გამოიწვევს მათთვისაც პრობლემას.

„ფარას“ კანონი მათზე ვრცელდება. დასაწყისშივე წერია, რომ ნახო, რომ პრინციპალად ითვლება მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყანაში.

„გრანტების შესახებ“ კანონში გადმოიტანეს „ფარა“. „ფარაშიც“ იგივე წერია, რომ პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ, ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს საზოგადოების რომელიმე ნაწილზე, მაგალითად, ქალთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ბევრი სოციალური ფენა არსებობს. რომ გააკრიტიკო განათლების სისტემა, რომელიც ბავშვებზე ახდენს გავლენას, ან გააკრიტიკო უმაღლესი განათლების რეფორმა – ესეც ხომ ახდენს გავლენას?

თუნდაც პენსიის გაზრდა რომ მოითხოვო და ამ დროს მიღებული გაქვს რაღაც დაფინანსება უცხოეთიდან, ან ერთი კანონი შეიძლება შეგეხოს, ან მეორე.

ცალსახად, ხელაღებით თქმა იმისა, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს ეხება – „ფარა“, ან „გრანტების კანონი“ – არ არის სწორი, თუმცა არაფერი გამორიცხავს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ემიგრანტებისგან ან/და უცხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან გადმორიცხული თანხა მოექცეს ან ერთ ან მეორე კანონში.

  • მათ შორის, მკურნალობის დაფინანსება უცხო ქვეყნის მთავრობისგან ან უცხოური ორგანიზაციებისგან? 

დიახ, შეიძლება, თუკი მეორე კრიტერიუმსაც დააკმაყოფილებს – თუკი ამ დაფინანსების მიმღები ჩართული იქნება რაიმე ფორმით პოლიტიკურ საქმიანობაში.

  • ამ კანონის აღსრულება როგორ წარმოგიდგენიათ? 

მათ უკვე მონიშნული ჰყავთ ის წრე ადამიანებისა და ორგანიზაციების, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ ეს კანონი. პირველი ტალღა ეს იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი სხვებისთვის პრობლემა არ არის და მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

ამ ტალღის შემდეგ ყველა ადამიანს შეუქმნის ეს კანონი პრობლემას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე რაიმე ფორმით განაწყენდება ხელისუფლებაზე, ექნება მიღებული უცხოური დაფინანსება და დააფიქსირებს ამავე დროს საჯარო პოზიციას. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გახმაურებულ პოლიტიკურ საკითხებზე იყოს ეს საჯარო კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული. შეიძლება ეს იყოს ჯანდაცვის პოლიტიკაზე, საპენსიო პოლიტიკაზე, გარემოს დაცვის პოლიტიკაზე…

საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია ნიშნავს პოზიციას, რომელსაც აქვს რესურსი – გავლენა მოახდინოს გარკვეულ წრეზე. მაგალითად, სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიცია ასეთად აუცილებლად ჩაითვლება. ასევე, აქციაზე დაფიქსირებული პოზიცია, ან რაიმე შეკრებაზე…

  • ოცნების“ რეჟიმმა რამდენიმე რეპრესიული კანონი აამოქმედა. რა არის მთავარი საფრთხე ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით? 

ახალი ტალღა დაიწყება. ეს არის ახალ მოცემულობაში გადასვლა. დაიწყება რეპრესიის ახალი ტალღა.

ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ამ კანონს აქვს დამაშინებელი ეფექტი, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუმცა მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ამ კანონის აღსრულებას, განსაკუთრებით მისთვის მიუღებელი პირების მიმართ.

მათ უკვე აქვთ გარკვეული წრე მონიშნული იმისა, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ, ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი რეპრესიული მნიშვნელოვანი ტალღის დასაწყისი.

________________________

მთავარ ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ფრანკფურტში. 2025 წლის 4 ოქტომბერი

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში? 

  • „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას.
  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი სტუდენტები ვეღარ მოახერხებენ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას, აკადემიურ წელში არსებითი სხვაობის გამო პრობლემა იქნება უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაც. ამით „ოცნების“ ხელისუფლება რეალურად იზოლაციაში აქცევს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და უდიდესი შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება ევროპის, ამერიკის ან სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში.
  • უმაღლესი განათლების „რეფორმა“ სრულად უგულებელყოფს  უნივერსიტეტების ავტონომიას, რადგან მთლიანად სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამა უნდა განხორციელდეს. ამით არჩევანის შესაძლებლობას ართმევს როგორც უნივერსიტეტებს, ასევე სტუდენტებს.
  • გრანტების შესახებ კანონის მიღებით, უნივერსიტეტებს და, შესაბამისად, მეცნიერ-თანამშრომლებს შესაძლებლობა ეკარგებათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის, რეპრესიული კანონი მეცნიერს უზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას ხელისუფლების ნებართვის გარეშე.
  • იზოლაციაში აქცევს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
  • „რეფორმის“ ფარგლებში, აკადემიურ პერსონალთან შეთანხმების გარეშე, „ოცნების“ ხელისუფლებამ გააერთიანა ორი დიდი უნივერსიტეტი, რამაც პროტესტი გამოიწვია.
  • „რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონების (სავარაუდო) გასხვისება.
  • „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, დედაქალაქში სტუდენტების ჭარბი რაოდენობაა თავმოყრილი, ამიტომ, მისი აზრით, სტუდენტების 60% რეგიონებში უნდა გადანაწილდეს. გადაწყვეტილება მიღებულია განათლების სპეციალისტებთან, სტუდენტებთან და უნივერსიტეტებთან შეთანხმების გარეშე.

რა ხდებოდა „ოცნების“ რეფორმამდე? 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებს, ქვეყანაში საყოველთაო მღელვარება დაიწყო. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებდნენ.

ამ პროცესში აქტიურობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

არაერთმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა გაავრცელა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი პეტიციები, სადაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მიუღებელია „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკა.

პეტიციის ტექსტში, რომელიც 2024 წლის 1-ელ დეკემბერს გავრცელდა და 3 ათასამდე მასწავლებელი აწერდა ხელს, ეწერა – „დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ დუმილი დანაშაულია“.

საპროტესტო აქციები „ოცნების“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, ცემა და დაასახიჩრა ასობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები.

სპეცრაზმების მიერ მოქალაქეების უმოწყალოდ ცემასა და დასახიჩრებას მასწავლებლები და მოსწავლეებიც აპროტესტებდნენ.

პროტესტის ნიშნად თსუ-ში, ილიაუნსა და ბსუ-ში სტუდენტებმა უწყვეტი აქციები დაიწყეს.

ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ პეტიციებზე ხელს აწერდნენ საჯარო მოხელეები, ლექტორ-მასწავლებლები, პროფესორები და ამ პროცესმა აჩვენა წინააღმდეგობის საყოველთაობა.

პარტიული წმენდა შეეხო თითქმის ყველა სფეროს, ყველა საჯარო სამსახურს.

რეპრესიული კანონების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა უნივერსიტეტებს. ის აანონსებდა უნივერსიტეტების წმენდას. განსაკუთრებული სიძულვილის ენით საუბრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესურაზე და მათ „ნაცებს“ ეძახდა.

სტუდენტური პროტესტის ჩახშობის და საგანმანათლებლო სივრცეებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ „რეფორმა“ დაიწყო, რომელიც უნივერსიტეტების გაერთიანებას, ნაწილის გაუქმებას და დედაქალაქიდან გადატანას ითვალისწინებს.

კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ „რეფორმის“ მიზანი სტუდენტებისგან თბილისის „განტვირთვაა“. მისი თქმით, სტუდენტების 80% თბილისშია თავმოყრილი, ამიტომ ეს წილი ,,40%-ზე უნდა ჩამოვიყვანოთ”.

არც ამ საკითხზე გაუმართავს „ოცნებას“ დისკუსია, მსჯელობა, არ მოუსმენია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზრებები, რამაც უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია უნივერსიტეტებში.

  • „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმას“, სპეციალისტებმა „განათლების დეფორმა“ უწოდეს

„ოცნებამ“ განათლების ახალი კონცეფცია 2026 წლის 28 იანვარს დაამტკიცა.

„რეფორმა“ საჯარო სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებით დაიწყო. 

  • კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე

„რეფორმამ“ პირველი დარტყმა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს მიაყენა – „ოცნებამ“ მათი გაერთიანება ისე გამოაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ არც უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და არც სტუდენტებმა.

ამ ფაქტმა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. უნდა დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, მიიჩნევს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე.

მისი აზრით, ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების მიზანი უნივერსიტეტების ქონების ხელში ჩაგდება და გასხვისებაა. „ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385 კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს“, – ამბობს თეონა მატარაძე.

ის, რომ უნივერსიტეტების შენობები შესაძლოა გაიყიდოს, არც „ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაუმალავს.

მისი თქმით, უნივერსიტეტების რეგიონებში გადატანით, „ქალაქი განიტვირთება“. თბილისიდან გადატანილი უნივერსიტეტებისთვის კი ახალი კორპუსები რუსთავსა და ქუთაისში აშენდება.

თუმცა როდის და რა თანხით, ამაზე კობახიძეს არ უსაუბრია.

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება, რომელმაც სკოლები და საბავშვო ბაღები ვერ ააშენა და მილიონობით ლარის მითვისების ბრალდებით  კომპანიის წარმომადგენლები დააკავა, ორ წელიწადში ვერ შეძლებს საუნივერსიტეტო ცენტრების შექმნას და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას.

მათი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საგანმანათლებლო ცენტრების დანგრევა-განადგურება სურს, იზოლაციაში მოქცევა, რომ კავშირი აღარ ჰქონდეს დასავლურ სამყაროსთან და მორჩილებაში ჰყავდეს როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები.

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“.

სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იმავე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე.

„ქართული ოცნების“ შემდეგი სამიზნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

  • უნივერსიტეტები გრანტების გარეშე და მხოლოდ ბიუჯეტზე დამოკიდებული

უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევების უდიდესი წილი სწორედ დასავლურ გრანტებზე მოდის. სახელმწიფო მეცნიერებას ყველაზე ნაკლებად აფინანსებს. „ოცნების რეფორმა“ უნივერსიტეტებს უკრძალავს როგორც უცხოელი სტუდენტების, ისე გრანტების მიღებას. 

„ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა სტუდენტების დაფინანსებაც, ანუ გააუქმა სახელმწიფო გრანტი და განაცხადა, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან დააფინანსებს მხოლოდ იმ პროგრამებს, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს დაუტოვებს.

„რეფორმა“ ითვალისწინებს „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მსგავს პროგრამებს ვეღარ განახორციელებენ, რაც გამოიწვევს ლექტორ-მასწავლებლების შემცირებას, უმუშევრობის გაზრდას.

კობახიძის თქმით, ერთ ფაკულტეტს ერთი პროფესორი ეყოლება, რომლის ანაზღაურებაც 10 000 ლარი იქნება. სხვა აკადემიურ პერსონალს კი მხოლოდ ასისტენტად შეუძლია მუშაობის გაგრძელება.

„რეფორმა“ უნივერსიტეტებს არ აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ რა პროგრამები დანერგონ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პროგრამები და ვისთან ითანამშრომლონ.

„საბჭოთა უნივერსიტეტებში იყო ასე, რომ არ არსებობდა არჩევანი. აი, ეს – არჩევანის თავისუფლება იყო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ურთიერთობის და მასთან შერწყმის ძირითადი უპირატესობა და ამას უტევს ხელისუფლება. მას სურს წაართვას აბიტურიენტს და სტუდენტს არჩევანი და აქციოს მარიონეტად, რომელიც იმოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების მითითებების შესაბამისად“, – ამბობს თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ილიაუნის პროფესორის, მანანა რატიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნივერსიტეტების მოგუდვას აპირებს.

„ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს. დაასახელეს 7 პრიორიტეტი, რომლებიც არანაირ კვლევას არ ეფუძნება. ჩვენი სტუდენტები მიჩვეული არიან დემოკრატიულ მმართველობას, გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღებას და ისინი ასე მარტივად სამართავები არ არიან. ისევე როგორც ჩვენი პროფესურა, ასე მარტივად არ ემორჩილება სისტემას.

ფინანსურად დამოკიდებულს ხდიან სახელმწიფოზე უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ, რომ ვერ გაბედონ ზედმეტი ხმის ამოღება.

ფაქტობრივად აქეთ მივექანებით, რადგან შეგვიჩერეს ყველანაირი გრანტი და დახმარებები დასავლეთის ქვეყნებმა. პროექტებიც მინიმუმზეა დაყვანილი და მხოლოდ მიმდინარე პროექტები თუ სრულდება საქართველოში. ერთადერთი, რა შესაძლებლობაც იყო აკადემიურ ნაწილში, ეს იყო ერასმუსის პროგრამები, რომელზეც უარი არ თქმულა და თითქოს მწვანე შუქი აენთო, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ თუკი ჩვენი დიპლომი არ იქნება აღიარებული, ერასმუსშიც როგორ ჩაერთვებიან სტუდენტები?“ – ამბობს მანანა რატიანი.

განათლების ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეფორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.

არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან. საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.

იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება.

განათლების ექსპრერტი სიმონ ჯანაშიაც მიიჩნევს, რომ „რეფორმის“ მიზანია ხელისუფლებამ ტოტალური კონტროლი დაამყაროს უნივერსიტეტებზე.

„რეალური რისკი კი ის არის, რომ „ოცნება“ ცდილობს დაიმორჩილოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ შემდეგ ეს სისტემა ემსახუროს ამ პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და სულ უფრო და უფრო ჩამოშორდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს და ევროპულ განათლებას.

ამაზეც თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ თავი უნდა დავიცვათ თურმე „მავნე ზეგავლენებისგან, რაც მოდის დასავლეთიდან“.

ევროპაში უნივერსიტეტები ემსახურებიან საზოგადოებას და არა პარტიებს. პარტიები ასრულებენ აკადემიური სივრცის ფარგლებში შემუშავებულ კონცეფციებს და აკადემიური სივრცის მოთხოვნებს და არა პირიქით, როცა აკადემიური სივრცე ემსახურება პარტიების შემუშავებული კონცეფციების აღსრულებას“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ცვლილებები შეეხო ზოგად განათლებასაც:

  • გააუქმა 12-წლიანი სასკოლო განათლება და ამით სკოლა გამოთიშა ბოლონიის პროცესს.
  • 12-წლიანი სწავლების უფლება დაუტოვა მხოლოდ კერძო სკოლებს, საჯაროებს, ცალკეულ შემთხვევაში.
  • შეზღუდა მასწავლებლების უფლებები კარიერული განვითარების სქემით, მასწავლებლებს აღარ აქვთ უფლება, დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, დამატებით დასაქმდნენ სხვა სამსახურში, დირექტორის წერილობითი ნებართვის გარეშე.
  • შეუზღუდა კერძო რეპეტიტორობა და კერძო ცენტრებში მასწავლებლად მუშაობა.
  • საბაზო საფეხური გახდა 10-წლიანი, მე-11 კლასი გამოცხადდა მოსამზადებელ კლასად.

Georgian Dream Passes Another Package of Repressive Amendments at First Reading

The “Georgian Dream” parliament has passed another set of repressive legislative amendments at first reading.

Under the amendments, the definition of a “grant” is further defined and significantly expanded, placing virtually any form of political self-expression by an individual under state control and criminalizing it if the individual receives resources from a citizen or a legal entity of another state. In particular:

  • Amendments to the Law “On Grants” specify the definition of a grant and establish that a grant also includes funds transferred in monetary or in-kind form by a foreign citizen, or a foreign legal entity to a citizen of Georgia, a person holding a residence permit in Georgia, or a legal entity whose activities are substantially related to issues concerning Georgia, where such funds are intended or may be intended to influence the Georgian authorities, state institutions, or any part of society, with the belief or intent to shape, implement, or change Georgia’s domestic or foreign policy, or where the activity derives from the political or public interests, approaches, or relations of a foreign state or foreign political party. Receipt of such a grant will be permitted only with prior approval of the Government of Georgia.
  • The law introduces a definition of a legal entity of another state whose activities substantially involve engagement with issues related to Georgia. Such a legal entity will be permitted to receive a grant only after obtaining prior consent from the Government of Georgia. For example, an organization registered abroad but whose activities are substantially carried out in Georgia will be required to apply to the Georgian government in order to receive funding. Failure to do so will result in criminal liability.
  • The definition of a grant is further clarified to include funds transferred in monetary or in-kind form in exchange for technical assistance, including the transfer of technologies, specialized knowledge, skills, expertise, services, or other forms of assistance. Accordingly, if a “foreign power” hires experts in Georgia in exchange for payment, such funds will be considered a grant and will require the prior consent of the Government of Georgia.
  • If a representative office, branch, or subdivision of a non-resident legal entity receives a grant (including from its parent organization), it must obtain prior government consent. The draft law stipulates that receipt of a grant by such a branch without consent will result in administrative liability, in the form of a fine amounting to double the value of the unlawfully received grant

According to the proposed amendments to the Criminal Code:

  • Violation of the rules established under the Law “On Grants” will give rise to criminal liability. Such a violation will be punishable by a fine, community service of 300 to 500 hours, or imprisonment for up to six years. 
  • Article 194 (money laundering) is supplemented with an aggravating circumstance: laundering money for the purpose of political activity related to Georgia will be punishable by 9 to 12 years’ imprisonment
  • Criminal liability is introduced for senior officials of political parties who violate the Organic Law “On Political Unions of Citizens” by accepting foreign funding, punishable by a fine, community service (300–500 hours), or imprisonment for up to 6 years;
  • External lobbying becomes a criminal offense: providing money, securities, property, material benefit, or any advantage (directly or indirectly) to a foreign citizen or legal entity in exchange for political activity related to Georgia will be punishable by a fine, community service (300–500 hours), or imprisonment for up to 6 years. 

Amendments to the Organic Law “On Political Unions of Citizens”: 

  • A person employed under a labor contract by an organization that receives more than 20% of its annual income from a foreign power is prohibited from being a member of a political party for 8 years;
  • The term “entity with a declared electoral objective” is replaced by “entity with a declared party-political objective,” clarifying and expanding the scope of regulation;
  • Financial monitoring of entities with declared party-political objectives will be conducted by the State Audit Office; Restrictions applicable to political parties will also apply to such entities. The legal package also envisages the amendments to the Code of Administrative Offences: a new administrative offense is introduced for entrepreneurial entities engaging in public political activity unrelated to their core business activities. Financial monitoring of entities with declared party-political objectives will be conducted by the State Audit Office; Restrictions applicable to political parties will also apply to such entities.

The legal package also envisages the amendments to the Code of Administrative Offences: a new administrative offense is introduced for entrepreneurial entities engaging in public political activity unrelated to their core business activities. The penalties envisaged for the hereof administrative offense to be imposed by the State Audit Office on the entrepreneurs are: 20,000 GEL for a first violation, and 40,000 GEL for repeated or subsequent violations.

 

 

ორმაგი ან სამმაგი ფასი – როგორ გაძვირდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა

სანამ „ოცნება“ სურსათის მაღალ ფასებზე წუხს და სუს-ი ფასების ზრდის მიზეზებს სწავლობს, საქართველოში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა გაძვირდა.

სახელმწიფო სერვისები ბოლო რამდენიმე წელი ძვირდება.

მაგალითად, თუ 2022 წელს, პირადობის მოწმობა, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის აუცილებელი დოკუმენტია, 30 ლარი ღირდა, დღეს, 2026 წელს, მისი ფასი 60 ლარია.

გაძვირდა ბიომეტრიული პასპორტიც.

გაძვირდა ქონების რეგისტრაცია.

გაძვირდა ქონების იპოთეკით დატვირთვა.

გაძვირდა ბიზნესის რეგისტრაცია.

გაძვირდა ავტომობილის რეგისტრაცია.

გთავაზობთ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ღირებულებას, რომელიც ბოლო წლებში ან გაორმაგდა, ან 20-30 %-ით გაძვირდა.

პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისების საფასური გაორმაგდა.

პირადობის მოწმობის აღება მიმართვიდან 10 დღის ვადაში 30 ლარი ღირდა. 2025 წელს ფასი გაორმაგდა და ახლა 60 ლარი ღირს.

იმ შემთხვევაში, თუკი დაჩქარებულად გსურთ პირადობის მოწმობის მიღება, ფასები ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი; იმავე დღეს – 150 ლარი.

100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის.

ეს იმ შემთხვევაში, თუკი მე-10 სამუშაო დღეს აიღებთ.  დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში მომსახურების საფასური ასეთია: მე-5 სამუშაო დღეს – 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი, 24 საათში- 300 ლარი, ხოლო იმავე დღეს     350 ლარი.

გაძვირდა ქორწინების მოწმობაც.  

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში არის უფასო, ხოლო სპეციალური სარიტუალო მომსახურების საფასური გაიზარდა.

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა.

ქორწინების რეგისტრაცია ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით სამუშაო დღეებში 135 ლარი ღირს, ხოლო  იგივე სერვისი შაბათ-კვირას – 225 ლარი. შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 255 ლარი ღირს,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ადგილზე) ქორწინების რიტუალის ჩატარება კი – 255 ლარი.

გაიზარდა განქორწინების საფასურიც.

განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური ღირდა 45 ლარი, ახლა ღირს 60 ლარი.

ქონების იპოთეკით დატვირთვა გაძვირდა.

2022 წელს იპოთეკის მოწმობის გაცემა, მასში ცვლილება, ან ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა.

2026 წლის მონაცემებით, 4 სამუშაო დღეში იპოთეკის რეგისტრაცია 150 ლარი ღირს, 1 სამუშაო დღეში – 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება, დამატებით გადასახდელია ხელმოწერის დამოწმების საფასური – 7 ლარი.

ქონების და მიწის რეგისტრაციის საფასური – სქრინი საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან 3 თებერვალი, 2026

თითქმის გაორმაგდა და გასამმაგდა ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია.

ქონების რეგისტრაცია – ღირდა 55 ლარი, გახდა – 150 ლარი.

ბიზნესის რეგისტრაცია 110 ლარის ნაცვლად ახლა 200 ლარი ღირს – ვადა 1 სამუშაო დღე. თუ განცხადების შეტანის დღესვე გსურთ რეგისტრაცია, ღირებულება 400 ლარია.

სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი, ხოლო ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება დამატებით 26 ლარი ღირს.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე  რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 2021 წელს 2 სამუშაო დღის ვადაში 30 ლარი ღირდა.

იგივე მომსახურება დღეს 2 სამუშაო დღის ვადაში 39 ლარი ღირს.

გაძვირდა მართვის მოწმობაც. 

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია 2022 წელს 100 ლარი ღირდა, 2026 წელს ეს მომსახურება 200 ლარი ღირს.

მართვის მოწმობის აღება კი მოქალაქეს დაახლოებით 155 ლარი უჯდება.

თეორიული გამოცდის ჩაბარების საფასური 40 ლარია, ამაში შედის მოედანზე გეგმიური გასვლაც, ხოლო მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა 90 ლარი ღირს. ამას ემატება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV 100/ა) საფასური, რომელიც დაახლოებით 20 ლარის ფარგლებშია.

2023 წლამდე მართვის მოწმობის აღება 55 ლარამდე ღირდა. 2023 წლის სექტემბერში მართვის მოწმობის მიღება ორეტაპიანი გახდა, სწორედ ამ დროს დაემატა 90 ლარი, რაც ქუჩაში გამოცდის საფასურია.

ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა, ყაველაშვილის -1400 ლარით

2026 წელს ქართველი ჯარისკაცის ხელფასი 195 ლარით გაიზარდა 2025 წელთან შედარებით, „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის კი – 1400 ლარით.

რიგითი ჯარისკაცის ხელფასი [წოდებრივი სარგო] საქართველოში 2025 წელს 1947 ლარი იყო და 2026 წელს გახდა – 2142 ლარი.

არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ჯამაგირი კი თვეში უკვე 16 ათასია.

1400-1400 ლარით გაიზარდა წელს ასევე არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები. ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის ხელფასი თვეში 16 – 16 ათასი ლარია.

რამდენით გაიზარდა ამ დროს საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი?

„ბათუმელებმა“ გადახედა თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბერს მიღებულ ბრძანებას, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს „ყოველთვიური წოდებრივი სარგო“ მოემატათ, მაგალითად:

  • პირველი კლასის რიგითის თვიური წოდებრივი სარგო 2026 წელს 2185 ლარია [ზრდა 199 ლარი]
  • სერჟანტის თვიური სარგო გახდა 2481 ლარი [ზრდა 226 ლარი]
  • უფროსი სერჟანტის სარგოა თვეში 2638 ლარი [ზრდა 240 ლარი]
  • მთავარი სერჟანტის სარგო 3141 ლარი [ზრდა 286 ლარი]
  • პოლკოვნიკის – 3879 [ზრდა 353 ლარი]
  • გენერალ-მაიორის – 6522 [ზრდა 593 ლარი]
  • გენერლის – 9717 [ზრდა 884 ლარი]

ყოველთვიური სარგოს გარდა სამხედრო მოსამსახურეები ასევე იღებენ სხვადასხვა სახის დანამატს.

სამხედრო მოსამსახურეებს შორის გენერლის ხელფასი ყველაზე მაღალია და მისი სარგო ყველაზე მეტად გაიზარდა – 884 ლარით, თუმცა ეს მატებაც ბევრად ჩამორჩება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდის ტემპს, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატების ხელფასი წელს 1120 ლარით გაიზარდა. დეპუტატის ჯამაგირი თვეში უკვე 12 800 ლარია.

მინისტრების ხელფასი 1190 ლარით გაიზარდა და 13 600 ლარია. ამ რაოდენობის ხელფასს აიღებენ წელს ყოველთვიურად ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი.

ამ თემაზე:

„ღმერთმა შეარგოსო, ვერ იტყვი“ – რას ამბობს ხალხი პრემიერის, პრეზიდენტის და სხვების მაღალ ხელფასებზე

 

„ოცნება“ სახელმძღვანელოების გრიფირების წესს აუქმებს

დღეს, 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს არა გამომცემლობები შეარჩევენ, არამედ განათლების სამინისტრო.

სკოლებში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილურის გამოყენების პირობებსაც სამინისტრო დაადგენს.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე დაამტკიცებს სამინისტრო.

ასევე, ცვლილებების თანახმად, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ​

4 თებერვლიდან ბათუმში 70 თეთრი ეღირება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა

4 თებერვლიდან იცვლება ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი – მგზავრობა ძვირდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით,  ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი 70 თეთრი იქნება. ამ დრომდე ბათუმში მგზავრობის ფასი 30 თეთრი იყო.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტით კვლავ უფასოდ იმგზავრებენ: მასწავლებლები და მოსწავლეები, სტუდენტები (უმაღლესი და პროფესიული), პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები, ვეტერანები, დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები (0–70 000), მარტოხელა მშობლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები.

რატომ შეცვალეს დანიშვნიდან ორ კვირაში აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანი დანიშნეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან კვანტალიანი პროფესიით ფინანსისტია და ამ დრომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ყოფილი დირექტორი გოჩა გაბრუშიძე კი პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.

ინფორმაცია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, იქვე წერენ, რომ გოჩა გაბრუშიძე, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრმა 2026 წლის 21 იანვრის ბრძანებით დირექტორად დანიშნა, დირექტორი არ იყო და მოვალეობას ასრულებდა, თუმცა დოკუმენტების მიხედვით ასე არ არის.

სქრინი სამინისტროს ფეისბუქის გვერდიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ 2026 წლის 21 იანვარს კომპანიის იურისტი გოჩა გაბრუშიძე აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად დაინიშნა, ყოფილი ხელმძღვანელი, ბაქარ ჩიტაია კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამონარიდი მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის ბრძანებიდან

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორად ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ ბრძანებაში, რომელიც 2026 წლის 3 თებერვლით თარიღდება, ასევე ვკითხულობთ, რომ ორი კვირის წინ იმავე თანამდებობაზე დანიშნული გოჩა გაბრუშიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

საინტერესოა, რატომ წერს სამინისტრო, რომ ის თითქოს მოვალეობის შემსრულებელი იყო, იმიტომ ხომ არა, რომ ლევან კვანტალიანის დანიშვნის შესახებ დირექტივა თბილისიდან მოვიდა?

აჭარის პროექტების მართვის კომპანია აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და მაღალბიუჯეტიანი საპროექტო-სამშენებლო პროექტების შესყიდვა- განხორციელებაზე მუშაობს.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბაქარ ჩიტაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა – ის ბათუმის მერიაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ დირექტორად გოჩა გაბრუშიძე დანიშნეს, რომელიც 14 დღეში ასევე პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს და ლევან კვანტალიანი დანიშნეს. ფოტო: აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრო.

აჭარის პროექტების მართვის ხელმძღვანელის ხელფასი 8 000 ლარია.

ნინო დობორჯგინიძე ილიას უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩია.

ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, სხდომა 2026 წლის 2 თებერვალს გაიმართა.

ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს.

კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.

ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ნინო დობორჯგინიძე არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმას უმაღლესი განათლების შესახებ. მისი შეფასებით, ეს რეფორმა „კატასტროფული შედეგების მომტანი“ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.

მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა ახალი სასწავლო – ტექნოლოგიები სკოლისთვის, რომელიც უახლესი ლაბორატორიებითაა აღჭურვილი (მილენიუმის პროგრამის ფარგლებში).

„გვაქვს ამერიკული აკრედიტაციის პროგრამა, სამი პროგრამა  ახლა გადის აკრედიტაციის პროცესს. უზარმაზარი რესურსი ჩაიდო თანამედროვე სტანდარტების მონაცემთა ცენტრის შექმნაში, უძლიერესი პროფესურა გვყავს ამ მიმართულებით და ახლა სახელმწიფომ უნდა ამიკრძალოს ტექნოლოგიის პროგრამები  და დამავალდებულოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში რა პროგრამებიც იყო, ისაა შენი ტრადიციაო? აბსურდია!“- ამბობდა ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გასული, 2025 წლის ბოლოს.

________________

ამავე თემაზე:

აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია

რძე, კვერცხი, ზეთი – რა გაძვირდა და გაიაფდა საქსტატის მონაცემებით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5 პროცენტი)
  • ხილი და ყურძენი (5.9 პროცენტი)
  • რძე, ყველი და კვერცხი (3.5 პროცენტი)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8 პროცენტი)
  • ყავა, ჩაი და კაკაო (2.6 პროცენტი),
  • თევზეული (1.8 პროცენტი)
  • ზეთი და ცხიმი (1.5 პროცენტი)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი)
  • პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი).

ამავე დროს, საქსტატის ცნობით, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (-0.5 პროცენტი).

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ფასები მომატებულია 2.4 პროცენტით.

ასევე, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (2.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.3 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატი წერს, რომ წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

თევზეული (20.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი); პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2 პროცენტი); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი); ყავა, ჩაი და კაკაო (9.4 პროცენტი); ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8 პროცენტი); ზეთი და ცხიმი (8.7 პროცენტი); რძე, ყველი და კვერცხი (8.6 პროცენტი); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების
მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:
პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით
მომსახურებაზე (10.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6 პროცენტი).

რუსეთმა მასშტაბური შეტევა განახორციელა უკრაინაში -20, -24 გრადუსი ყინვის ფონზე

სამშაბათს, 3 თებერვალს, ღამით, რუსეთმა მასშტაბური, კომბინირებული დარტყმები მიაყენა უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევსა და ხარკოვს. მედიის ცნობით, რუსეთის შეტევის ფონზე კიევში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსი იყო, ხოლო ხარკოვში – მინუს 24 გრადუსი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმების დროს რუსეთმა სულ 450 დრონი და 60-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა და ძირითადი სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევის, დნეპრის, ხარკოვის, სუმის, ოდესისა და სხვა რეგიონებში.

მისი თქმით, პუტინი უკრაინის ენერგოსისტემაზე დარტყმამდე ტემპერატურის დაცემას დაელოდა.

„პუტინი დაელოდა ტემპერატურის დაცემას, რათა გაეგრძელებინა გენოციდური თავდასხმა უკრაინელ ხალხზე.

არც აბუ-დაბიში ამ კვირაში მოსალოდნელმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ და არც შეერთებული შტატებისთვის მიცემულმა დაპირებებმა არ შეუშალა ხელი მას ყველაზე მკაცრ ზამთარში ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ ტერორის გაგრძელებაში.

ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა აიძულონ, შეწყვიტონ ძალადობა“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინაში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, ჩრდილოეთ უკრაინაში ტემპერატურა შესაძლოა -30°C-მდე დაეცეს.

___________________

ფოტოზე: ოდესა, 2026 წლის იანვარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 თებერვლის 21 საათიდან 4 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოსალოდნელია თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით გაძლიერდება 17-22 მეტრი წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 5 და 6 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს – შსს

თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.

შსს-ს მიერ დღეს, 3 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე [თვალჭრელიძე] მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.

„ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 242 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 633 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 985 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 855 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 633 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 292 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 122 388 ერთეული [+1 171]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 738 ერთეული [+153]
  • სპეცტექნიკა – 4 058 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 112 076 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 459 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 657 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 021 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 553 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა“ – რომან გოცირიძე

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ყოფილ პარლამენტარს რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია.

ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მისი ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ … 

  • ბატონო რომან, ორჯერ მართავდა ქვეყანას პრემიერი, რომელსაც დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან, მეორეს კი ბრალად ედება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დაკავებებით თუ ვიმსჯელებთ, „ოცნება“ თავადვე აღიარებს, რომ წლებია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია? 

„ოცნება“ მასშტაბური რეპრესიები იგრძნობოდა აბსოლუტურად ნეიტრალური თემებით, ვითომ ამ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ჩვენებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შედარებით.

ერთი შეხედვით მასშტაბური კორუფცია იკვეთებოდა იმ განცხადებებში, რასაც კობახიძე აკეთებდა, მაგრამ მეორე მხრივ აღქმული იყო, როგორც ტრაბახი, აი ჩვენ დავიწყებთ წინამორბედი პრემიერის და მთავრობის შეცდომების გამოსწორებას… ამას დაჭერების სერია რომ მოჰყვებოდა, არც კი წარმოედგინა ვინმეს.

მაგალითად, აბსურდული იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ერთი ჯიხური საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ დოლარს ორ წელიწადში, თურმე ვიღაცას მანქანით შემოჰქონდა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დოლარები, ამ ჯიხურმა გაატარა და შეიტანა ბანკში. ჯიხურის მფლობელი დააკავეს, ოღონდ ბანკში, სადაც მიჰქონდათ, არაფერი გაუკეთებიათ. 

ჩვენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ლარის, დოლარის, ევროს მთლიანი კონვერტაცია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი ლარისაა, ეს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. წარმოგიდგენიათ, რომ 700 მილიონს ორ წელიწადში ათეთრებდეს ჯიხური? – მინიშნებები იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრებაზე.

მომავალში გამოჩნდა, რომ ლილუაშვილის ბოსტანში ისროდნენ კენჭებს

ასევე პასუხისმგებელია გომელაური, ვინაიდან საზღვრის დაცვა პირდაპირ შსს-ს დაქვემდებარებაშია, თუმცა ის ჯერჯერობით ასცდა რეპრესიებს. როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს ივანიშვილისთვის საფრთხეს.

ამას მოჰყვა განცხადება, რომ 700 მილიონი ლარი დაზოგეს სახელმწიფო საწარმოებში. ჩვენთან მთავრობა დაახლოებით 400-მდე საწარმოში მონაწილეობს, როგორც აქციონერი ან პარტნიორი. საოცრებას ამბობდნენ, რომ თურმე 348 მილიონი ლარი დაზოგეს მხოლოდ ტენდერებში, ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვიღაცები ან იპარავდნენ ამ ფულს, ან არაეფექტიანად იყენებდნენ.

ძირითადად ვის ეხება ეს? – სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზისა და ნავთობის კომპანია, ენერგეტიკული ობიექტები, როგორიც არის გარდაბნის თბოსადგურები, ენგურჰესი და ა.შ. უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, სადაც თურმე იფლანგებოდა ფული.

  • როცა ამბობ, რომ ფულს იპარავდნენ შენი მთავრობის მაღალი რანგის მოხელეები, ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერი, სხვადასხვა დროს შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეს რას ნიშნავს?

ნელ-ნელა უთხრიდნენ ორმოს ღარიბაშვილს და ამას მოჰყვა ეს დაკავებები – ღარიბაშვილის დაკავება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება. თავდაცვის მინისტრი დაიჭირეს იმის გამო, რომ მან იყიდა ისეთი ჯანდაცვის აპარატურა, რომელიც ღირდა 2 მილიონ ნახევარი და გადაიხადა 3 მილიონ ნახევარი, ანუ ტენდერების გაბერვის თემაა. აგერ გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე…

ეს ყველაფერი შეზავებულია შიდა პოლიტიკური ბრძოლის მოტივებით, ივანიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, შიშებით ვაითუ ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ამერიკელებთან კუდი გააქიცინონ ან მიღალატონ. ვინაიდან გომელაური დაასანქცირეს და მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ამან გადაარჩინა დაჭერას.

ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში სწავლობს, არც გამოუშვიათ. ლილუაშვილი გადაყენების შემდეგ ამერიკაში წავიდა და დაბრუნდა – ეჭვები, შიდაპარტიული ინტრიგები, რა თქმა უნდა იყო.

მთავარი ლოზუნგი იყო – მე შეგქმენით, ყველანი ქუჩიდან მოგიყვანეთ, რიგითი თანამშრომლები „ქართუდან“: გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ ვისაც იჭერს, ყველანი მისი გამოზრდილია – ფული გაშოვნინეთ და ახლა, როდესაც სანქციები დამიწესეს, გინდათ მშრალად გამოხვიდეთ? – მე გაგაძღეთ, გაპარვინეთ ფული ბიუჯეტიდან, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. 

მოინდომებთ დისტანცირებას, წახვალთ ციხეში – შიშის ზარი დასცა ყველას. ეს შიდა პარტიული შიშის კოშმარის დათესვაა. ეს ყველაფერი ხდება ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად.

  • ფასების დარეგულირების ამბავი როგორ შეიძლება გაგრძელდეს, აქაც ხომ დიდი ბიზნესი და დიდი ფულია.

ფასების წინააღმდეგ ბრძოლას ორი მიზანი აქვს, ერთი, რომ ფასები თითქმის გაორმაგდა „ოცნების“ პირობებში, ხოლო სურსათზე და ჯანდაცვის სფეროში გაცილებით მეტით, ოღონდ საქსტატი იტყუება.

საოცრებას ვხედავთ – პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც საქსტატის ხელმძღვანელის თანამდებობა 8 წლის განმავლობაში შეიძლება ამ ადამიანს ეკავოს. 

საქსტატის ხელმძღვანელი, რომელიც აყალბებს სტატისტიკას – ქვეყნის ეკონომიკას ყალბად ზრდის, ანუ მშპ-ს მაჩვენებელს აყალბებს და უმატებს, ხოლო ფასების ზრდის მაჩვენებელს აკლებს – იმდენად კომფორტულია მათთვის, რომ უნდათ ისევ ეს ადამიანი დასვან მანდ.

მერე დაწევს ინფლაციას და იტყვის – აი, მთავრობის ძალისხმევით ფასი დაიწია. 

  • ბიზნესში უკმაყოფილების გზარდა „ოცნებისთვის“ არანაირი რისკი არ არის?

დაერივნენ იმ ბიზნესს, სადაც მართლაც თაღლითობენ.

ყველა ეს ფარმაცევტული დიდი სავაჭრო ქსელი და ნავთობკომპანიები „ოცნების“ კლანის ნაწილია. ეს არის „ოცნების“ ბიზნესი, რომელიც ასაზრდოებს პარტიას, ჩემოდნებით მიაქვთ ფული საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ ივანიშვილმა გაწირა უახლოესი გარემოცვის წევრები, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი… უკვე ბიზნესშიც ტერორის დათესვის კამპანია წამოიწყეს.

პარალელურად გაანადგურეს, თითქმის ნულზე დასვეს ათასობით ადამიანი. საქართველოში დარეგისტრირებულია 36 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 3500 მოქმედია, მათ შორის პოლიტიკურად საშიში ხელისუფლებისთვის იყო სულ ათამდე – სამართლებრივ საკითხებს იკვლევენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდევ სამი-ოთხი.

ახლა შემოდის უსაშინელესი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვებს, ზღუდავს რაიმე ფულის გადაცემას ისეთი პირისა ან ორგანიზაციისთვის, რომელსაც ძალიან ირიბად პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, აწყობენ საპროტესტო აქციას ფასების მომატების წინააღმდეგ და კერძო პირმა თუ ადგილობრივმა შპს-მ უყიდა დროშები – ეს ითვლება აქტივობის დაფინანსებად.

ეს სოციალური აქტივობაა, მაგრამ თუ ფასების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას „ებრძვი“, რადგან პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე არის მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ ხელისუფლება. ნებისმიერი გამოსვლა – მაგალითად, გარემოსთან დაკავშირებით რომ გამოხვიდე, ან ეკოლოგიურ საკითხზე, ადრესატი ყოველთვის არის ხელისუფლება. ამიტომ ყველაფერი იკრძალება ამ კანონით.

  • ადამიანებს სოლიდარობის გამოხატვისაც უნდა ეშინოდეთ?

დაჭერები, ბიზნესზე ზეწოლა, რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება და ფინანსური დახრჩობა… მედიის განადგურება და ფინანსურად განულება. პარტიები დაფინანსების გარეშე – ოფისებს ხურავენ და პარტიის ლიდერები უცხოეთში გარბიან სამუშაოს საშოვნელად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ათასამდე ოპოზიციური გარბის უცხოეთში, რადგან შიმშილის ზღვარზეა.

ასეთი მდგომარეობაა და პლუს რეპრესიები პარტიული ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე ციხეში არიან. ზოგიერთს, სამწუხაროდ, აიძულეს, რომ წასულიყო, გახარიას მსგავსად და ეს მალე გამოჩნდება. მართლა კი არ უნდოდა გახარიას წასვლა, მაგრამ წავიდა. უთხრეს, რომ დაბრუნდები დაგიჭერთო. ასევეა ზოგიერთი პარტიის სხვა ლიდერი, რომელიც პირად საქმეზე წავიდა უცხოეთში და ეუბნებიან – თუ დაბრუნდები დაგიჭერ. მე არ დავასახელებ, მაგრამ ეს გამოჩნდება.

ანუ ყველა მიმართულებით ტოტალური რეპრესიებია, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში სწრაფად დაამკვიდრონ ავტორიტარული რეჟიმი. კანონი, რომელსაც ახლა იღებენ, ასეთი კანონი არ არსებობს რუსეთში. არც რუსეთში და არც ბელარუსი არ მისულა აქამდე. უცხოეთიდან რომ გადმოუგზავნოს ფული დედამ შვილს და ამ შვილმა აქციებისათვის დროშები იყიდოს ან ლაბადა, ეს ფულიც კი ჩაითვლება კრიმინალად და შეიძლება 6 წლამდე ციხეში ჩასვან.

  • მისი აღსრულება მარტივი არ უნდა იყოს.

შეუძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ტროტუარზე მსვლელობის აღკვეთაც შეუძლებელია. აგერ უნივერსიტეტიდან ტექნიკურ უნივერსიტეტამდე მსვლელობა იყო, მაგრამ ტროტუარის კანონი მათ წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. რაღაც საშინელებას აკეთებენ, უნივერსიტეტებს ანგრევდნენ და კორპუსების გასაკეთებლად ამზადებდნენ.

არის რაღაცები, რასაც ვერ აღასრულებ, მაგრამ ამას ვიღაცების დაპატიმრება მოჰყვება. რომელიღაც შპს-ს ან სხვა ორგანიზაციებს გააკოტრებენ, ვიღაცებს დაიჭერენ, ანუ სელექციურად რაღაც ბოროტებებს ჩაიდენენ.

  •  უნდათ, რომ მეტი შიში გაჩნდეს და ხალხი ქვეყნიდან წავიდეს?

პუტინმა 20 წელი რასაც მოანდომა რუსეთში, ორ წელიწადში უნდა მიაღწიოს ამას ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ამიტომ ვითარება ძალიან საშიშია.

ჩვენ ბელარუსები არა ვართ და ქართველი არ მოითმენს ამას არის არასერიოზული მსჯელობა. ჩვენ ქართველები 30 წელია ვართ დამოუკიდებლები, მანამდე რუსეთის მონობაში ვიყავით და კიდევ დაახლოებით ათი საუკუნე ხან სპარსელების და ხან ოსმალების. ასე რომ ჩვენი იმუნიტეტი არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ესპანელის ან გერმანელის.

ჩვენ საქმე გვაქვს არა ვიღაც ახირებულ მილიარდერთან, არამედ პირდაპირ რუსეთთან. ასე რომ, ვითარება ძალიან-ძალიან მძიმეა. სხვანაირი გამოსავლის მოძიებაა საჭირო, მით უმეტეს, როცა ლიდერები ციხეში არიან და თუკი ვინმე წინ წამოიწევს, იმასაც დააპატიმრებენ…

რა თქმა უნდა, პარტიები ვერ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან. რა სტატუსით უნდა ჩავიდეს ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ კომისიებში იქნებოდა ევროსაბჭოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და უამრავ სხვა სტრუქტურაში – კონგრესში.

ბევრი ტექნიკურ-პოლიტიკური და ფინანსური პრობლემაა, რომელიც უკიდურესად ასუსტებს საპროტესტო მოძრაობას. დღეს მთელი საპროტესტო მოძრაობა იმ გმირების მხრებზეა, რომლებიც დაპატიმრების, დაჯარიმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფასად დგანან რუსთაველზე. ამიტომ სხვა გეგმაა შესამუშავებელი.

  •  ვინ უნდა შეიმუშაოს ეს სხვა გეგმა?

ბრძოლაში სიმბოლური ხატია, როდესაც დროშით მიდიხარ წინ და ტყვია მოხვდება, დროშა დაეცემა, ვინც შენს უკან არის ის აიღებს და ის მიდის. იმ ადამიანებმა, რომლებიც ლიდერების ცოტა ქვემოთ არიან, იმათ უნდა აიღონ ეს დროშა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ, პარტიებმა.

ახლა პროცესი არის არაორგანიზებული და ლიდერების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უცნაურიც კი – წელიწადზე მეტია ჰორიზონტალური და არა ცენტრალიზებული პროტესტია. ეს ძალიან დიდი შიდა უკმაყოფილების გამოხატულებაა, მაშინ, როცა ქუჩაში გამოსვლა სახიფათოა.

ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერები ციხეში არიან. პარლამენტში ოპოზიცია არ არის…

დელეგიტიმაციის მიღწევა შესაძლებელი იყო თუნდაც პარლამენტიდან… სისულელეა, რომ ამბობენ, გახარია კრემლის აგენტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისი დაჭერა უნდაო. ყველა ოპოზიციაა, ვინც გადალახა ბარიერი, გახარიას პარტიაც, ნაციონალური მოძრაობაც, ლელოც და ვინც ვერ გადალახა, ყველა ოპოზიციაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთს ჭამენ.

ამიტომ უცხოეთთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, შიდა პროტესტი და გარე პოლიტიკური მოვლენა, თუნდაც იგივე, რაც ხდება ირანში, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მუშაობენ თუნდაც ამერიკის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან. უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი, მას შემდეგ რაც ივანიშვილი პერსონალურად დასანქცირდა, არაფერი აღარ ხდება. ამიტომ მრავალვექტორული მუშაობაა საჭირო საშინაო, საგარეო, სოციალურ ქსელებში.

ტელევიზიები დასუსტდა, ამიტომ სოციალური ქსელი დიდი რეზერვია, რომელსაც პარტიები ჯერჯერობით ვერ იყენებენ.

  •  მაინც ჩაგეკითხებით – ვინ უნდა იმუშაოს?

ქვეყნის გადარჩენის მთავარი ორგანიზატორი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად განადგურებული არიან და ადამიანები, რომლებიც თუნდაც პარლამენტიდან ხელფასს იღებდნენ ან საკრებულოებში იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ, დღეს არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოჯახის სარჩენი ფული არ აქვთ. რეგიონებში ოფისები დახურეს და უხელფასოდ მუშაობენ. ამიტომ არის სერიოზული ფინანსური კრიზისი, მათ შორის ოჯახებში ფინანსური კრიზისი.

ლიდერები ციხეში არიან და მეორე ნომრებმა ხელში აიღონ ყველაფერი, ეს არაა ადვილი საქმე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, ამიტომ ყველამ თავისი აგური უნდა დადოს. დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს.

დღეს ამ ცეცხლს ინახავს საპროტესტო აქციები – პარლამენტის წინ ცეცხლის დამცველები დგანან. ეს პროცესი უნდა გაიშალოს მრავალ მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით.

„ოცნება“ საქსტატის დირექტორის არჩევის წესს ცვლის

„ოცნებას“ საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ცვლილება შეაქვს. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით იქნება შესაძლებელი.

კანონში ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა.

პროექტის ავტორების განმარტებით, კანონში ცვლილება „უზრუნველყოფს ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.

ცვლილების პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“ – ვკითხულობთ ცვლილების პროექტში.

საქსტატის მოქმედი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობს, 2026 წლის მაისში მას მეორე ვადა უმთავრდება, მანამდე, სავარაუდოდ, „ოცნება“ კანონში ცვლილებას დაამტკიცებს, რაც მას თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თოდრაძის ხელფასი 2024 წელს 8746 ლარი იყო, 2025 წელს კი კიდევ უფრო გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] არის სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად. ეს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა, რომელიც კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიციატორები არიან შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.

____________

ფოტოზე: გოგიტა თოდრაძე

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაში საკუთარ მხარდამჭერებსაც შეეხო, ამიტომაც, არაა გამორიცხული, საპროტესტო მოძრაობა „სამზარეულოებიდან ქუჩაში გადმოვიდეს“.

კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ივანიშვილის მიზანია 2028 წლამდე სრულად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მანამდე კი, ის ტრამპის ყურადღების ქვეშ არ უნდა მოხვდეს:

„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

  • ბატონო კორნელი, რა გამოჩნდა თქვენთვის რეაქციით, რაც უნივერსიტეტების გაერთიანებაზეოცნებისგადაწყვეტილებას მოჰყვა

გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია არამხოლოდ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, არამედ ზოგადად, არც „ოცნების“ მომხრეებიც არიან აღფრთოვანებულები, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რეალურად „ქართული ოცნება“, საზოგადოების გამყოფი ამ პოლიტიკის წარმოებით ნელ-ნელა დაპირისპირების რეჟიმში შედის უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფებთან. თუ აქამდე, გადაიკიდეს დათხოვნილი საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პარტიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო საზოგადოებასაც მიადგნენ.

ეს უკვე ახალი ეტაპია.

თუ გადავხედავთ ავტორიტარული ხელისუფლებების ლოგიკას მსოფლიოში, ასე ხდება: იწყებენ პოლიტიკური ოპონენტებით, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებით, შემდეგ აკადემიური წრეებით, ბოლოს უკვე შემდგომი ფაზა ეხება ყველას: მხატვრებს, პოეტებს, ბიზნესს და თითოეულ მოქალაქემდე მიდის.

აი, ამ პროცესს გავდივართ ახლა. როგორც ვხედავთ, რეპრესიებისგან დაცული არც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან.

კორნელი კაკაჩია

ფაქტობრივად, „ოცნებას“ უნდა, ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მორჩილი პოლიტიკური დიქტატის, ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია: არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და ადამიანები. დღეს აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ შეეხება პროფესორებს და ამ უნივერსიტეტების თანამშრომლებს, რაც თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ პროცესს აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი.

ამასთანავე, სურთ ამ ხელოვნური გაერთიანებით და შემდგომში საშტატო შემცირებებით უზარმაზარი თანხა გამოათავისუფლონ, ისევე, როგორც შენობები. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ მთავარი ამბავია – როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – აკადემიური სივრციდან განიდევნოს თავისუფალი აზრი.

  • გამოსდის ეს ივანიშვილს? გამოჩნდა, რომ არაერთი რეპრესიული კანონის ამოქმედების მიუხედავად, მაინც ვერ ჩაახშვეს პროტესტი, მათ შორის, ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვით და ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებით. დღეს იწყებაგრანტების შესახებკანონპროექტის საკომიტეტო განხილვა… 

ისინი ყველანაირად ცდილობენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება უწევს ამას წინააღმდეგობას. იმის ნაცვლად, რომ შეწყდეს პროტესტი ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს რეალურად საპროტესტო მოძრაობის გადმოტანა სამზარეულოებიდან ქუჩაში.

ისეთი ტემპებით მოძრაობენ ამ რეპრესიული კანონების შემუშავებაში, არ არის გამორიცხული, ეს დღეც დადგეს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ინტერესთა ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი ერჩიან, ოჯახები და ათასობით მოქალაქე დგას. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ეტყობა, „ოცნება“ ფიქრობს, არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას.

თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა.

  • დღეს კიდევ ერთი წერილით გააკრიტიკა ტრამპი ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. რა ლოგიკით აწყობს ივანიშვილს ტრამპის კრიტიკა

წესით არ აწყობს. თუმცა ამ ჟანრის პოლიტიკური პამფლეტების არსებობა უკვე დიაგნოზია. სამწუხაროა, რომ ასეთ იაფფასიან პროპაგანდაზე ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა მედეგობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოწყვლადია.

თვითონ ამ წერილს თუ გადავხედავთ, იკითხება, ფაქტობრივად, უიმედობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას, როგორც ისინი ჰპირდებოდნენ ამას საზოგადოებას. ეს რეალურად არ ხდება და ახლა უკვე ცდილობენ რაღაცნაირად გამოძვრნენ საკუთარი ნარატივებიდან, რომელიც უკვე წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც მანამდე აჟღერებდნენ. ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ-თვის საქართველო ამ ეტაპზე სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა.

ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავია „ოცნებისთვის“, მაგრამ ევროკავშირის კრიტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი არ თვლიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტორად, ბოლო ხანებში ოდნავ შეამცირეს ანტიამერიკული პროპაგანდა – ეტყობა, მაინც ცოტათი ეშინიათ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის, არ უნდათ, რომ ზედმეტად მიიქციონ მისი ყურადღება, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე ვენესუელაში და ირანის გარშემო.

  • რის იმედი აქვს ასეთ მოცემულობაში ივანიშვილს, თქვენი დაკვირვებით

მთლიანობაში ამ პოლიტიკის მიზანია, რომ 2028 წლამდე – ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ასე ჩანს – მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. ამან უნდა უზრუნველყოს ის ფაქტი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი დარჩეს განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში. ასევე, არაა გამორიცხული, ანტი-ევროპული რიტორიკით 2028 წლისთვის ქვეყანა მიიყვანონ იმ კონდიციებამდე, რომ უკვე თავად ევროკავშირს დაჰბრალდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან ჩამოშორება.

ამასთანავე, ამ ეტაპისთვის ქვეყნის შიგნითაც არ უნდა არსებობდეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ალტერნატივა.

  • რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების გათვალისწინებით? თებერვალში სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ ვიცეპრეზიდენტი ეწვევა. თქვენი აზრით, ტრამპი ვერ ხედავს საქართველოს

ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ჩვენი რეგიონი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემთხვევითია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური არხებით რამდენჯერმე სცადა წერილი გამოეგზავნა თბილისისთვის, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილი იყო მოთხოვნები, რის შესრულებასაც ელოდება შეერთებული შტატები საქართველოსგან. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის.“ ბუნებრივია არც შეერთებული შტატებიდან უნდა მოველოდეთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, რაც ართულებს „ქართული ოცნების“ მიზანს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

ამასთანავე, „ოცნება“ ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფონზე, დასავლეთი თანდათანობით შეაგუოს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ფონზე არსებულ „ადგილობრივ რეალიებს“. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლოს.

მინიმუმ ევროკავშირის მხრიდან გამორიცხულია, რომ ეს რეალობა მიიღოს – საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ არის კანდიდატი ქვეყანა და ის საკუთარ რეპუტაციას ეჭვქვეშ არ დააყენებს. ამ პროცესს აკვირდებიან ასევე სხვა კანდიდატი ქვეყნებიც.

ამ ეტაპზე საქართველო ფაქტობრივად ჩაკარგულია – ქვეყანას თითქოს დაკარგული აქვს სტრატეგიული კომპასი. ამას აქვს საკუთარი ფასი: თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველო თანდათანობით გახდეს ე.წ „გარიყული სახელმწიფო“. თუ მოვლენები ამ სცენარით წარიმართება, ეს ასევე აისახება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

ცნობილი აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ, სავარაუდოდ, მაშინ მენიუში მოიაზრები. საქართველოს დასალეთისგან იზოლაციის ფონზე საქართველოსთვის, როგორც სუსტი სახელმწიფოსთვის ეს ყურადსაღები ფაქტორია.

თუ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდა, ბუნებრივია, საქართველო დაკარგავს უკვე იმ ბენეფიტს, რომლითაც ის ომის პერიოდში სარგებლობდა.

საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი შეერთებულ შტატებს შესაძლოა დღეს არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეგიონის მიმართ მთლიანად დაკარგული აქვს ინტერესი – იგივე სამხრეთ კავკასიაში ეს ჩანს. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან. იგივე ანაკლიის პორტი და სხვა პროექტები არ უნდა ივანიშვილს, რომ  მოხვდეს ტრამპის ადმინისტრაციის გადამეტებული ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე, რომელიც შეერთებული შტატებისთვის დღეს-დღეობით წარმოადგენს სისტემური მეტოქეს.

ამიტომაც, ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრ რაღაცას შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს საქართველოში, მაგრამ თუ ის დარწმუნდება, რომ საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობაში შედის მის სისტემურ მოწინააღმდეგესთან, ეს იქნება ჩინეთი, ირანი და სხვები, ბუნებრივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი ყურადღების მიქცევა საქართველოსკენ.

„ოცნებაში“ ეს, მგონი, კარგად ესმით.

  • არსებობს მოლოდინი რუსეთუკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტაზე. რამდენად შეიძლება ამ ომის დასრულებამ შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი

ამ ეტაპზე უმადურია საქმეა ვიმარჩიელოთ, როდის დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა შედეგებით. თუმცა ამ ომის დამთავრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის.

დღეს ვხედავთ „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის” ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს „დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას”. საერთაშორისო წესრიგი, როგორც ჩვენ ვიცნობდით, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა უკვე ღიად განაცხადა, რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგში, თუ უწესრიგობაში, სადაც უკვე დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ბევრ საკითხს.

არსებული ტენდენცია ძალიან ასუსტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სამართლის ეროზიას იწვევს, რაც ხელს არ უწყობს განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომაც კანადის პრემიერმა განაცხადა თავის ცნობილ სიტყვაში: პატარა და საშუალო სახელმწიფოების ალიანსი უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებსო.

  • ამ მოცემულობას სათავისოდ იყენებს ივანიშვილი. რა გამოჩნდა ამ დროს მოლდოვას თამამი ნაბიჯებით ევროინტეგრაციისკენ

რაც შეეხება მოლდოვას: ფაქტობრივად, ტრიო [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უკვე დიდი ხანია დაშლილია და დუო გახდა – მოლდოვა-უკრაინა. ჯერჯერობით უცნობია, უკრაინის მიღების საკითხი როგორ გადაწყდება ევროკავშირში.

მოლდოვაში არსებობს მოსაზრება: ხომ არ აჯობებს, მოლდოვის ინტეგრაცია ევროკავშირში მოხდეს უფრო ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთის გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშაა და ამავე დროს მის საკითხს არ ბლოკავს უნგრეთი უკრაინისგან განსხვავებით. ამ ეტაპზე უცნობია რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში, მაგრამ თუ ეს უახლოეს ხანში მოხდება, ეს იქნება ასევე იქნება ძლიერი სიგნალი მთელი რეგიონისთვის.

  • წინა ინტერვიუში აღნიშნეთ წინააღმდეგობის პროცესზე საქართველოში: თივასთან ღვივის ნაპერწკალიო. ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ შეიცვალა რამე

ჩვენ ზუსტად აი, ამ პროცესში ვართ. ალბათ უახლოესი რამდენიმე კვირა და მიმდინარე პროცესებზე ქართული საზოგადოების რეაქციები გვაჩვენებს, რეალურად სად ვდგავართ.

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართარომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესებმა, საქართველოს ბანკისა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ეკონომიკური ტენდენციებ და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმალაშა ქავთარაძემწარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმათათია მამრიკიშვილმამონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები დაპერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობითექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობითსხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.

Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ.

თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

თებერვლის შეხვედრების განრიგი:

  • 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე გაიმართება. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი ასევე ონლაინ ფორმატში, 12 თებერვალს ჩატარდება, თემაზე – შრომის სამართალი და მას იურიდიული კომპანიის, GLCC-ის უფროსი იურისტი, ენვერი აბულაძე გაუძღვება. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესებს ექნებათ ცოდნა, იმ სამართლებრივი პრინციპებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოში, შრომითი ურთიერთობის სფეროში მოქმედებს.
  • მესამე ტრენინგი, 19 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში  გაიმართება, თემაზე – მომავლის ორგანიზაციის დიზაინი. ანტრეპრენერი და მეწარმე, თორნიკე ჩხაიძე და ეჯაილ ქოუჩი, ვატო დოლიძე მონაწილეებს პრაქტიკულ ხედვას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ორგანიზაცია ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან იყოს თანხვედრაში.
  • მე-4 ფიზიკურ შეხვედრას, 25 თებერვალს, NC Solutions-ის დამფუძნებელი და დირექტორი,ზურა ფიჩხაია ჩაატარებს და ის  შემდეგ თემატიკას დაეთმობა: ავტომატიზაცია, რომელიც ზრდის ბიზნესს. ტრენინგი ფოკუსირებულია არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოს CEO/CFO/COO-მ უკეთესი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მეწარმეებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

რეანიმაციაში იმყოფება კაცი, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა

სტაბილურად მძიმეა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ბათუმში თავის დაწვა სცადა.

დღეს, 2 თებერვალს, „ბათუმელებს“ თბილისის დამწვრობის ცენტრში უთხრეს, რომ ბადრი აბაშიძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილება იმყოფება.

„რეანიმაციის განყოფილებაში წევს. სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღო დაზიანებები, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური“- გვითხრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შემთხვევა 31 იანვარს მოხდა ბათუმში. ბადრი აბაშიძემ თავის დაწვა სცადა, რა დროსაც მას ფეისბუქის პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

უკრაინაში 12 მაღაროელი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნივკაში, რუსული დრონის მაღაროელების ავტობუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

მაღაროელების ავტობუსს რუსული დრონი 1-ელ თებერვალს, 22 საათზე დაესხა თავს.

ავტობუსს, რომელიც რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა, მაღაროელები გადაჰყავდა სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნა,რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა.

„არანაირი სამხედრო სამიზნე – მხოლოდ შრომისმოყვარე კაცები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებს უბრუნდებოდნენ“ – დაწერა სიბიგამ.

დასავლეთ საქართველოში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 -ბალიანი შტორმული ღელვა.

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

ბათუმსა და თბილისში წითელი  ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი  ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს ბათუმსა და თბილისში.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები  თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდნენ.

„დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

______________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 241 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 627ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 981 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 36 802 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 633 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 291 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 121 217 ერთეული [+1 083]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 585 ერთეული [+146]
  • სპეცტექნიკა – 4 057 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 977 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 649 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 445 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 657 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 006 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 475 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა“ – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, გაერთიანებულ თსუ და სტუ-ში რეორგანიზაცია დაიწყება. ამ პროცესს კი, როგორც მიქანაძე ამბობს, დროებითი მმართველი ორგანო „საბჭო“ განახორციელებს.

„საბჭოში პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“- ამბობს გივი მიქანაძე.

პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, ასევე ნათქვამია, რომ „მოხდება პროგრამების დადარება“ და მსგავსი პროგრამების „ერთ კომპონენტად შეჯერება“, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამების ნაწილის გააუქმებენ.

მიქანაძის თქმით, გაჩნდება ახალი, – წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა, „რომელიც არ ჩაანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.

„აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“ – ამბობს მიქანაძე.

განათლების „რეფორმის“ დაანონსებისას, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობდა, რომ რეფორმა პროფესორების შემცირებასაც ითვალისწინებდა, ანუ „ერთი უნივერსიტეტი-ერთი ფაკულტეტი“, გულისხმობდა „ერთი ფაკულტეტი-ერთი პროფესორი“, რომელსაც ხელფასის სახით 10 000 ლარს დაუნიშნავდნენ.

ამავე რელიზში არ არის საუბარი მაგალითად იმაზე, რამდენი იქნება სხვა პროფესორების ხელფასი და რამდენ პროფესორს ექნება სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.

თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მათთან შეუთანხმებლად წარიმართა, რაც უნივერსიტეტების ავტონომიის სრული ნიველირებაა.

უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია სტუდენტთა ნაწილიც. „გადაარჩინე განათლება“- ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.

_______________

ამ თემაზე:

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმაზე“ ესაუბრა, რომელიც სპეციალისტების აზრით, ზიანს აყენებს უმაღლეს განათლებას.

  • ქალბატონო თეონა, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება ის ზიანი, რაც შეიძლება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას მოჰყვეს?   

განათლების სისტემა იყო ბოლო რგოლი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა დიქტატურისკენ მიმავალ პროცესებს, რადგან პირველი დარტყმა მიაყენეს არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ბოლოს დარჩა განათლება.

ჩემი აზრით, თუ ამ სამ რგოლს გააჩუმებენ, მერე უკვე ხმის ამომღები აღარავინ დარჩება – ბიზნესი ისედაც შეშინებული და დამორჩილებულია, რადგან ეკონომიკურ ზიანს ერიდება, ამიტომ ახლა განათლებაა სამიზნე, რომ გაგვაჩუმონ ამ ე.წ. „რეფორმით“.

წინა გაზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ მზადდებოდა თავდასხმა განათლების სისტემაზე და ყურმოკვრით ვიცოდით, რომ აპირებდნენ სამი უნივერსიტეტის – სტუ-ს, თსუ-ს და ილიაუნის გაერთიანებას. თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ილიას უნივერსიტეტს სამართლებრივად ვერ შეუერთებდნენ დანარჩენ ორ უნივერსიტეტს, რადგან წესდებაში აქვთ მუხლი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ვერ გამოაცხადებ შიდა საბჭოების თანხმობის გარეშე.

ამიტომ ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტი გადაარჩინა თავისმა წესდებამ, რაც არ იყო თსუ-ს და სტუ-ს შემთხვევაში.

  • თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ილიას უნივერსიტეტს ვერ მიაყენებენ ზიანს. სიძულვილის ენით, ყველაზე ხშირად მათი მისამართით საუბრობდა კობახიძე.

რაღაც გზას აუცილებლად იპოვიან, თუნდაც ამ „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ჭრილში.

როდესაც დაიწყო „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ მიმართულებით „რეფორმის“ გატარება, მომლაპარაკებლების ძალიან დიდი რიგი დადგა განათლების და მთავრობის ზედა ეშელონებთან, რომლებიც პირადი და სოციალური კავშირებით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავიანთი პროგრამები და ფაკულტეტები.

  • „მოდი მე გადავრჩები“ და სხვას არ ბედი ეწევა არ მადარდებს – ეს პრინციპი ამუშავდა?

რა თქმა უნდა.

თუმცა, ჩვენმა წარმომადგენელმა აკადემიურ საბჭოში დაგვიდასტურა, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. როგორც მიქანაძემ გააჟღერა, რექტორმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით.

საერთოდ ჰკითხეს თუ არა რამე რექტორებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ რექტორს, რადგან ის არის ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. მისი სახელით გაკეთდა განცხადება, რომ რექტორი თანახმაა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. რატომ მიიღო ერთპიროვნულად ეს გადაწყვეტილება? – ამაზე უნდა გაგვცეს მან პასუხი.

  • თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

მაშინ უნდა გამოვიდეს რექტორი, რომელიც ჩვენი არჩეულია და თქვას, „მეგობრებო, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და თანხმობა არ გამომიცხადებია“. თუ ამას რექტორი ღიად დააფიქსირებს, მაშინ ყველა პროფესორი გამოვა და ეტყვის მთავრობას – „რატომ არაფერი გვკითხეთ“.

ასე უფრო კარგად გაშიშვლდება ის ფაქტი, თუ რამდენად ერევიან უნივერსიტეტის ავტონომიაში. ახლა გამოდის, რომ ყველაფერს რექტორი იღებს თავის მხრებზე, თითქოს მართლა მან მიიღო გადაწყვეტილება.

  • სტუ-ს რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა ივანიშვილს მიმართა წერილით, იმედია მოგვისმენთ, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რადგან თქვენი მხარდამჭერები ვართო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, როცა წინააღმდეგობის ნაცვლად ავტორიტართან მორიგებას ამ ფორმით ცდილობენ?

ეს წერილი ძალიან სამარცხვინო ლოიალობის კიდევ ერთხელ დადასტურებაა, თუმცა მსგავსი წერილით ეს ადამიანები იტოვებენ უკან დასაბრუნებელ გზას.

  • არსებობს კი უკან დასაბრუნებელი გზა დღეს?

ინდივიდუალურ დონეზე არსებობს თავის გადარჩენის გზა. როდესაც დაიწყება ფაკულტეტების გაერთიანება, პროფესორები დაკარგავენ პოზიციებს. კი გვეუბნებიან, რომ პროფესორებს არ შევეხებითო, მაგრამ ეს გამორიცხულია. მაგალითად, თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თუ არის 67 პროფესორი და სტუ-ს ჰყავს 131 აკადემიური პერსონალი, 210 ადამიანს აკადემიურ პერსონალად არავინ არ დატოვებს.

  • თვითონ თქვეს, ერთ ფაკულტეტზე 1 პროფესორი იქნებაო და რატომ აქვთ მოლოდინი, რომ არავის გაუშვებენ?

ფიქრობენ, რომ თუ ლოიალობას გამოიჩენენ, ან იმ ერთ ადგილს დაიკავებენ, ან უფრო დაბალ პოზიციებზე მაინც შეინარჩუნებენ ადგილს.

  • უნდათ კი უფლებაწართმეულ უნივერსიტეტში პროფესორობა?  

ავტონომიურობით არც სტუ გამოირჩეოდა აქამდე და არც თსუ მაინცდამაინც, ძალიან ხშირი იყო გარედან ჩარევა. თუმცა ამ „რეფორმის“ პროცესში გარედან ჩარევამ პიკს მიაღწია, რადგან როცა ითქვა, რომ განათლების მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი ფაკულტეტი დარჩება და გაუქმდება, რომელ პროგრამაზე რამდენ სტუდენტს მიიღებენ, რომელი პროგრამა რამდენ კრედიტიანი იქნება, უნივერსიტეტებს ამ ცვლილებებზე მასშტაბურად ხმა არ ამოუღიათ.

ანუ მინისტრმა უნდა გვიკარნახოს სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის თუ ეკონომიკის პროგრამა რა მოცულობის იყოს, რამდენი სტუდენტი მიიღოს ან საერთოდ მიიღოს თუ არა? ეს აკადემიური თავისუფლების და ავტონომიის სრული ნიველირებაა, მაგრამ ამაზეც არავინ არ იღებდა ხმას.

  • როცა თანამდებობის გამო ასეთ კომპრომისზე მიდის პროფესურა, ამის ბრალია, რომ ხელისუფლების გავლენებს ვერასდროს დააღწია თავი საგანმანათლებლო სფერომ და თუ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან?

გამოსავალზე საუბარი ძალიან რთულია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ ვამბობდით, რამდენი ხანი გვეყოფა ფეხზე დასადგომად – 10 წელი, 30 წელი? მაგრამ, 36 წელი გავიდა – დრო სოციალიზმის გადასალახად და ჰომო სოვიეტიკუსი ისევ სახეზეა. განსაკუთრებით უნივერსიტეტებში და, შესაბამისად, მათ მიერ განცდილი ავტორიტარიზმის შიში, ისევ უკან ბრუნდება.

თუმცა, ეს მხოლოდ ასაკიც არ არის ალბათ, რადგან ბევრი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას აჟღერებენ. ეს უფრო სითამამის და საკუთარი თავის რწმენის არქონის პრობლემაა, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წელიწად-ნახევარია რეჟიმს ვაპროტესტებთ და ვაქტიურობთ, ზუსტად ვიცით, რომ ამ „რეფორმის“ პირობებში უნივერსიტეტში არავინ დაგვტოვებს.

„მოდი, დამტოვე“, ამის გამო არ ვჩუმდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი უნივერსიტეტებში ყოფნა. მით უფრო, თუ ეს უნივერსიტეტები რეჟიმის მორჩილები იქნებიან. 

  • უკომპრომისო ადამიანების დეფიციტი გვაქვს?

რა თქმა უნდა. დღეს ბევრი ადამიანი დაკავებულია იმით, რომ ლოიალობით და ამ სიჩუმით გადაარჩინოს საკუთარი პოზიცია. ზოგი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს პროგრამა, გადაარჩინოს კოლეგები – თუ მე პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ჩუმად ვარ, ამით „ჩემს ხალხსაც“ ვშველი.

  • თუ ვერ გადაარჩინა მერე რა აკეთებენ?

სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას პირველი „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს ეს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები.

ჩემი აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ორი უნივერსიტეტის ძალიან დიდი უძრავი ქონების ხელში ჩაგდებაა. ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს.  

ქეთევან წამებულის გამზირზეა ეს შენობა, რომელზეც თქვეს, რომ ამორტიზებულია და დათმეს. პანდემიამდე ამ კორპუსში 4+1-ი პროგრამა მიმდინარეობდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა.

  • გაერთიანების შემთხვევაშიც სჭირდება რესურსები უნივერსიტეტს. ხომ თქვეს ხარისხის მიზნით ვაკეთებთო. გექნებათ ახალი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები ან თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, ხედავთ ამის ნიშნებს?

იმ შვიდპუნქტიან ზედაპირულ კონცეფციაში არსად გვინახავს, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ინოვაციებს გვპირდებიან, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვით რაიმეს გაგვიუმჯობესებენ,.არსად ეს მკაფიოდ არ ჩანს. რეალურად, 1 ლარითაც კი არ გაზრდილა განათლების დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტში.

თუ ბიუჯეტი არ ემატება, ტექნოლოგიებს ვერ განავითარებ, აუდიტორიას ვერ შექმნი. რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კორპუს-კორპუს, დაიწყება უნივერსიტეტის ქონების დათმობა, ზემოდან დანიშნული მმართველი საბჭო, რა თქმა უნდა, გამოაცხადებს თანხმობას და არავინ წავა ამ პროცესის წინააღმდეგ.

  • გუშინ, განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიისას, ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა იმაზე, რომ აუცილებელია სტუდენტებთან საუბარი, უკეთ რომ ესმოდეთ რა საფრთხის წინაშე დგას მათი და ქვეყნის მომავალი. სად არიან სტუდენტები?

დღეს უკვე, ნაკლები სტუდენტი აპროტესტებს მიმდინარე პროცესებს – სამწუხაროდ, ის ერთობა, რაც აქამდე ჰქონდათ, ბევრი მიზეზის გამო დაიკარგა. სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი გაედინება. სტუდენტების ნახევარი ტოტალურად ავსებს აპლიკაციებს, რომ საქართველოდან წავიდნენ.

მაგალითად, სასკოლო რეფორმაზე რომ გვინდოდა მშობლებთან საუბარი, პირველი კითხვა იცით რა იყო მათი მხრიდან? – „ჩემ შვილს შეეხება“? თუ მის შვილს არ შეეხება, მაშინ არ აინტერესებს. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ვერ შევდექით სამოქალაქო საზოგადოებად და საკუთარი, კერძო ინტერესების წინ ვეღარაფერს ვხედავთ. მთავარია, ჩემი შვილი არ დაზიანდეს, მთავარია ჩემ სამსახურს არ შეექმნას პრობლემა, მთავარია შემოსავალი არ მომაკლდეს და შეიძლება თურმე ყველაფერზე დახუჭო თვალი.

  • რუსეთი ამ ქვეყანასთან ბრძოლას ყოველთვის იწყებდა კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული საზოგადოების განადგურებით. ასე იყო წინა საუკუნეში, ასეა დღესაც. რატომ ვერ ისწავლა ჩვენმა საზოგადოებამ მტერთან სწორი მეთოდებით ბრძოლა და რა ელოდება ჩვენს ქვეყანას, თუ ეს ბრძოლაც წავაგეთ?

თუ რეჟიმი მოიგებს ამ ბრძოლას, თუ განათლების სექტორიც მათ კონტროლს დაემორჩილება, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ათწლეული მაინც მომავალი აღარ ექნება, რადგან ბევრი წავა ემიგრაციაში, ბევრი შეიცვლის სექტორს, ბევრი გაჩუმდება და ბევრიც დადებს გარიგებას რეჟიმთან – ეს იქნება დიდხნიანი სტაგნაცია.

არ ვიცი, XXI-ე საუკუნეში ეს პროცესი 70 წელი გაგრძელდება თუ არა, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ერთ და ორ წელიწადში მდგომარეობა არ გამოსწორდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7– 12 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში3 და 4 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

ბათუმში ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში რუსეთი მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის  საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 240 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 625 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 980 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 777 ერთეული [+9]
  • MLRS – 1 632 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 290 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 120 134 ერთეული [+206]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 439 ერთეული [+62]
  • სპეცტექნიკა – 4 055 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 775 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 437 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 653 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 985 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 405 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახალი ცვლილებები ყველას ეხება და განსხვავებული აზრის მოგუდვის ახალი ფაზაა“ – ლევან ავალიშვილი

„ახალი რეპრესიული შეზღუდვები ყველას და ყველაფერს ეხება. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს“- ამბობს ლევან ავალიშვილი, ორგანიზაცია IDFI-ის თანადამფუძნებელი.

„ბათუმელები“ ლევან ავალიშვილს გრანტების კანონში შესატან ახალ, რეპრესიულ ცვლილებებზე ესაუბრა.

  •  ბატონო ლევან, „გრანტების შესახებ“ კანონში ახალი, ბევრად რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“. აქამდე იყო განცდა, რომ ვერ იმუშავა რეპრესიებმა და პროტესტი მაინც გაგრძელდა. რა შედეგებს მოიტანს ეს ბოლო ჩანაწერი, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება და, ფაქტობრივად, ყველას დასჯას ითვალისწინებს?

მე ვერ დავეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ ამ რეპრესიულმა კანონებმა არ იმუშავა. განსაკუთრებით „გრანტების კანონმა“ იმუშავა, რადგან რეალურად ახლა ვინც მუშაობს, „გრანტების კანონის“ მიღებამდე არსებული სახსრებით მუშაობს. უფრო რუსულმა კანონმა არ იმუშავა, რადგან არ დაემორჩილა საზოგადოება და არ დარეგისტრირდნენ რეესტრში.

მაგრამ „გრანტების კანონი“ უკვე დონორებს ეხებოდა და საერთაშორისო საზოგადოებას ჩაუკეტეს გზა, რომ ვეღარ მიიღო გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე. ამიტომ, არ ვიტყოდი, რომ სამოქალაქო სექტორი ძალიან მყარ მდგომარეობაშია. ჩემი ორგანიზაციაც დააყადაღეს, ბევრი სხვაც და გააჩერეს. აღარ არის ისეთი აქტივობა, როგორც ადრე იყო. იურიდიულ მომსახურებასაც კი ვეღარ უწევენ მოქალაქეებს რომ დაეხმარონ.

ეს ახალი ცვლილებები ნაკლებად უკავშირდება არასამთავრობო სექტორს და უკვე ყველა მოქალაქეს ეხება.

თუ წინა კანონები ორგანიზაციებზე იყო გათვლილი, ახალი ცვლილებები თითქმის მთელ საზოგადოებას ფარავს. ნებისმიერ ინდივიდუალურ პირს. იმიტომ, რომ ბევრი აქტივისტი მუშაობს კერძო სექტორში, ან თავისი ბიზნესი აქვს, ან სწავლობს – მათზე უნდათ უკვე ამის გავრცელება. დრაკონული კანონია, შეიძლება რუსეთშიც კი არ იყოს ასეთი კანონი მიღებული, არ ვიცი.

  • მცირე, მაგრამ ბიზნესის რაღაც ნაწილი მაინც დგას პროტესტში. ეხმარებოდნენ უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს ჯარიმების გადახდაში და აი, ამის შეჩერება უნდათ, რომ საერთოდ აღარ არსებობდეს სამოქალაქო სოლიდარობა და მხარდაჭერის ეს მექანიზმიც უნდა მოსპონ?

კი, ამას ვგულისხმობ, რომ ეს ახალი ფაზაა, განსხვავებული აზრის შებოჭვის და მოგუდვის. ინდივიდუალურ პირებს, მეწარმეებს და, ზოგადად, ყველას ეხება.

პირველ რიგში აქტიურ მოქალაქეს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც უკავშირდება პოლიტიკას, პოლიტიკის კეთებას, საზოგადოებრივ საკითხებზე დებატებს, მსჯელობას, უკანონოდ აცხადებს.

და არა მარტო უცხოური დაფინანსებით განხორციელებულ აქტივობას აცხადებს უკანონოდ, არამედ ქვეყნის შიგნით დაფინანსებულსაც. ვგულისხმობ იმას, რომ ბიზნესებს ფაქტობრივად აუკრძალეს აზრის გამოთქმა. იქ დასაქმებულებსაც აუკრძალეს აზრის გამოთქმა და დაემუქრნენ ჯარიმებით.

ჩემი აზრით, ასეთი განვითარება მოსალოდნელი იყო. როცა „რუსული კანონი“ შემოიღეს, მაშინაც ვამბობდით, რომ აუცილებლად მივიდოდნენ აქამდე, რადგან ეს ძალაუფლების კონსოლიდაციის ლოგიკაა. ეს უნდა მომხდარიყო, სხვანაირად ვერ იქნებოდა. თუმცა ბევრს ეგონა, რომ ეს რეპრესიები მათ არ შეეხებოდა, მაგრამ ავტორიტარიზმის ლოგიკაა, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

  • ახალი ცვლილების მიხედვით, „ნებისმიერ პირს, ნებისმიერი პირისგან“ ეკრძალება დაფინანსების მიღება, თუ მიზანი არის პოლიტიკური. თუ ადამიანებს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრი დაეხმარება, ესეც იქნება დასჯადი, თუ ეს პირი პოლიტიკურად აქტიურია? – იქნებ ესეც განვუმარტოთ ადამიანებს.

კი, უცხოეთიდან ჩამორიცხულ თანხებს ეხება. ლოგიკა აქეთკენ მიდის, იმიტომ, რომ უცხოური დაფინანსება ისედაც შეზღუდულია და მეორე მხრივ, არამატერიალურიც შეზღუდეს, ხომ? ცოდნის გავრცელებაც იზღუდება. საერთო ჯამში ყველაფერს ზღუდავენ.

ნებისმიერი პირის მიმართ შეიძლება დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ან არ მოსწონს მისი კურსი.

  • პოლიტიკური კრიტიკა არის აკრძალული ნებისმიერი პირის მხრიდან, ნებისმიერი ფორმით?

დიახ, აქეთკენ მიდის, რომ ყველა ფინანსური წყარო დახურონ, თავისუფალი აზრი შეზღუდონ.

  • ბოლო ცვლილებებში წერია – „გავლენის მოხდენა“. ანუ შეზღუდვა შეეხება ყველას, ვინც საზოგადოებრივ აზრზე ახდენს გავლენასო. გამოდის, ამ მუხლით ნებისმიერს შეიძლება შეედავონ, მათ შორის ინფლუენსერებსაც?

კი, ნამდვილად ყველას და ყველაფერს ეხება. რეალურად, თუ რაიმე შემოსავლის წყარო გაქვს უცხოეთიდან და არ მოეწონებათ ის, რომ რაღაცას აპროტესტებ, დაიწყება შენი დევნა. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს.

  • ივანიშვილმა ამ ფორმით გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობაში მყოფი ყველა ადამიანი დატოვოს საარსებო წყაროს გარეშე და ასე აიძულოს ქვეყნიდან გაიქცნენ ან იყვნენ მორჩილებაში?

ყველაფერი ერთადაა. წინააღმდეგობის გატეხის გზაა რეალურად. ბევრი ალბათ მორჩილებას აირჩევს, ბევრი ემიგრაციაში წავა, მაგრამ მე მაინც არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ამან იმუშაოს, რადგან შეუძლებელია ამხელა პროტესტის და უკმაყოფილების გაჩერება რაღაც კანონებით. ფიზიკურად შეუძლებელი მგონია, ვერ მიაღწევს ჩემი აზრით.

  • მაგრამ პუტინმა ხომ მიაღწია და ქვეყნიდან გააძევა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება. „ქართული ოცნებაც“ კრემლის ნაბიჯებს იმეორებს. ალბათ ივანიშვილსაც აქვს იგივე მოლოდინი? 

კი, მაგას აპირებს, რა თქმა უნდა, რომ კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ან გაჩუმდეს, ან ქვეყნიდან წავიდეს და წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ აღარ არსებობდეს, ან მინიმალური იყოს. ნებისმიერი ავტოკრატიული მმართველობა აუცილებლად აქამდე მივიდოდა და ეს თავიდანვე ცხადი იყო. თუ რეჟიმი უკან არ იხევს, შესაბამისად მან კონსოლიდაცია უნდა გააგრძელოს, უფრო და უფრო მოუჭიროს რეპრესიულ მექანიზმებს.

  • თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოში, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების განადგურებას. ნაწილი დახვრიტა, ნაწილი გადაასახლა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. ფაქტობრივად, იგივე მეთოდებით გვებრძვის ახლაც – უნდათ დაიცალოს საქართველო მოაზროვნე საზოგადოებისგან. თუ ეს ასე მოხდა, რამდენად დიდი იქნება ზიანი, შევძლებთ კი რეაბილიტაციას?

ზოგადად, საქართველო ძალიან დიდ სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, ჩემი შეფასებით – მიგრაცია, ახალგაზრდების და ტვინების გადინება მხოლოდ იმიტომ არ მოხდება, რომ ასეთი რეპრესიული კანონებია ქვეყანაში. ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აღარ ჩანს. ასეთ პირობებში მიგრაცია, რომელიც აქამდეც იყო, კიდევ უფრო გაიზრდება, ეს გარდაუვალია, თუ ეს პროცესები არ შემობრუნდა და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი არ გასცა და უკან არ დაახევინა რეჟიმს.

რა არის დღევანდელი საქართველოს განვითარების პერსპექტივა? – ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც ადამიანებზე არ აისახება? სად ხედავენ ადამიანები თავიანთი შვილების მომავალს 5-10 წლის შემდეგ, ასეთი ფორმის სახელმწიფოში? სადაც არა მარტო კრიტიკა იკრძალება, უბრალოდ, განვითარება შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ცივილიზაციურად ჩამოგვაშოროს დასავლეთს.

  • პრინციპში იმ მომავალს გვთავაზობს, რაც არსებობდა საბჭოთა კავშირში – რკინის ფარდა დასავლურ სამყაროსთან. გრანტების აკრძალვის მიზანიც ხომ ეს არის რეალურად?

თუ არ არის განმავითარებელი პროექტები, არც განვითარებაა და ეს აუცილებლად აისახება განათლების სფეროზეც. შემცირდება აკადემიური მხარდაჭერა და საერთო ჯამში, ადამიანი თავის მომავალს, თავისი შვილების მომავალს განვითარების პერსპექტივაში უყურებს, ხომ? როცა ვერ დაინახავს ამ პერსპექტივას, თურქმენეთის მსგავსი ქვეყნის პერსპექტივა თუ ჩნდება, რომელსაც არ ჰყავს მოკავშირეები, არ აქვს განვითარების იდეა და ჩაკეტილი, იზოლირებული სივრცეა, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნიდან მიგრაცია გაიზრდება. ეს გარდაუვალია.

თუ აქამდე სოციალური სიდუხჭირის გამო მიდიოდნენ ადამიანები ქვეყნიდან, ამას საშუალო კლასიც დაემატება, რომელიც დღეს შრომობს ამ ქვეყანაში და სურს ამ ქვეყნის განვითარება. თუ მომავალს ვეღარ დაინახავენ ადამიანები, წავლენ.

არც ის არის გამორიცხულო, რომ შემდეგი ნაბიჯი არჩევნების მონაწილეობის შეზღუდვა იყოს. საარჩევნო უფლების შეზღუდვა იმდენად არაკონსტიტუციურია და იმდენად ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის სამართლიან წესებთან, რომ მხოლოდ დიქტატორულ რეჟიმებში არსებობს ასეთი შეზღუდვები.

ამიტომ, საერთოდ ახალი დონეა რეპრესიების, რაც ახლა უნდათ, რომ შემოიღონ, ეს 8-წლიანი შეზღუდვა, რომ პოლიტიკაში ვეღარ მოვა ადამიანი, თუ არასამთავრობო სექტორში მუშაობდა.

რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება საარჩევნო ხმის უფლებების ჩამორთმევით, ფინანსური სანქციებით ოჯახის წევრებზე, როგორც მაგალითად ბელარუსშია. ამიტომ მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია და საქართველოს გადაქცევა იზოლირებულ ავტოკრატიულ ქვეყნად, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო თამაშის წესებს, არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და, შესაბამისად, ისეთ წესებს ამკვიდრებს ქვეყანაში, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის.

  • ისევე როგორც რუსეთშია, არა? ფაქტობრივად არც ისინი ცნობენ საერთაშორისო სამართალს და ყველა შეთანხმებას არღვევენ.

უკვე აღარ ითვალისწინებენ არანაირ საერთაშორისო ნორმას, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და რომლისკენაც ვესწრაფოდით დეკლარირებულად.

  • როგორც ვიცით, საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ეუთომ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, რაზეც პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ეს უბრალოდ რეკომენდაციაა და ბევრს არაფერს ნიშნავს. გამოდის, ბოლომდე რუსეთის გზას დაადგნენ?

სუვერენული დემოკრატია“, რაც აქვთ ხოლმე ამოჩემებული, ზოგადად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება იყო და ყველა დიქტატორული რეჟიმის მაშველი რგოლია ახლაც, როცა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საბაბით ყველაფერს ზღუდავენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც კი არ გაითვალისწინონ და იგივე გაიმეორონ, რასაც რუსეთი ამბობს ხოლმე, რომ „ჩვენ უფლებებს არ ვარღვევთ“.

ამათი სურვილია საქართველო იყოს იზოლაციაში და არანაირ მოლაპარაკებას, უკან დახევას და რაიმე ცვლილებას ამ ეტაპზე აშკარად არ აპირებენ.

  • როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანის და სომხეთის აქტიურობის ფონზე, მაინც მოახერხებენ, რომ საქართველო სრულ იზოლაციაში მოაქციონ. ფიქრობთ, რომ დასავლეთის ყველა ინტერესი შეიძლება გაქრეს საქართველოს მიმართ?

ეს რომ ვერ შეძლონ, მხოლოდ საქართველოს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ძალიან დაზიანდება საქართველოს მომავალიც, საქართველოს პერსპექტივაც და ამ ყველაფრის აღდგენის ფაქტორიც. მაგრამ საბოლოო ჯამში შეუძლებელი მგონია მაინც ისეთ დონეზე შეინარჩუნონ ხელისუფლება, როგორც მაგალითად ლუკაშენკოს აქვს ამდენი წელი.

  • 2036-წლიან გეგმებს წერენ, გამოდის არ ფიქრობენ, რომ მათი დრო წავიდა?

არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევენ, მაგრამ ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელიც ამ ცვლილებას ჩემი აზრით მოიტანს.

შეუძლებელია ლეგიტიმაციის, საერთაშორისო აღიარების გარეშე ქვეყნის მართვა. ერთ წელიწადში იქნება, ორში თუ რამდენში, მაინც მოუწევთ საუბარი დასავლეთთან იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს. სხვანაირად, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება.

  • ყველა მხრივ შებოჭილ საზოგადოებას რა დარჩა მოტივაციისთვის. გაუძლებს, შემოსავლების გარეშე დარჩენილი ხალხი ამდენ რეპრესიას?

მოტივაცია საქართველოს კონსტიტუციის დაცვაა, იმ 35-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის და იმ პროგრესის შენარჩუნება, რასაც აქამდე მივაღწიეთ. ეს ხომ ჩვენი შვილების მომავალს ეხება. როგორ საქართველოში იცხოვრებენ – იზოლირებულ, ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს, თუ ქვეყანაში, რომელიც ვითარდება. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს?

ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ სხვა არჩევანს და სხვა გზას, გარდა წინააღმდეგობისა, რომელიც გამოიხატება ღია, აქტიური პროტესტით. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ სხვა რეალობაში ვართ და მხოლოდ აქტიური პროტესტით არის შესაძლებელი ცვლილებების მიღწევა. სხვა ყველა გზა, ფაქტობრივად  ამოქოლეს.

„გაუნათლებელი საზოგადოება, მონების საზოგადოებაა“- სალომე ზურაბიშვილი „ოცნების რეფორმაზე“

დღეს, 31 იანვარს, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე დისკუსია გაიმართა სლოგანით – „დაიცავი განათლება“, სადაც განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რასაც „ქართული ოცნება“ ე.წ რეფორმით უქმნის უნივერსიტეტებს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული „რეფორმა“ რუსეთში დაიწერა და ის მიმართული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

„ყველამ ვიცით სად და როგორ დაიწერა ეს „რეფორმა“ და როგორ მიაღებინეს პარლამენტს ერთი ხელის აწევით. ძველი საბჭოთა პრაქტიკაა, როცა დებატები არ არის არც კომისიებში, არც კომიტეტებში და არც პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი „რეფორმა“ მიიღეს რუსეთში 2022 წელს და ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ სად დაიწერა ეს ფსევდო რეფორმა. საიდან მოდის ეს უდიდესი დარტყმა ქართულ განათლებაზე, კულტურაზე და იდენტობაზე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, განათლება საზოგადოების ხერხემალია, ამიტომ განათლების გარეშე დარჩენილი საზოგადოება ვერ განვითარდება. „საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული, არის მონების საზოგადოება. „საზოგადოებაც“ არ ჰქვია, მონების შეკრებაა, თუ არ არის განათლება. და ის, რომ დღეს ეს რეჟიმი ეხება სწორედ განათლებას, არის ძალიან ნიშანდობლივი.

თუ რეჟიმი აქამდე ეხებოდა ადამიანებს, პიროვნებებს ფიზიკურად – რეპრესიული კანონები, დაჭერები, ციხე, მოწამვლა, ძალადობა – ეს ყველაფერი არის ფიზიკური მცდელობა იმისი, რომ ადამიანები შეზღუდოს, მათი ქმედებები შეზღუდოს, მათი ფიქრებიც და მათი თავისუფლებაც, მაგრამ ამ კუთხით ვერაფერს მიაღწია რეჟიმმა, რომ დაემონებინა საზოგადოება და ის პროტესტი, რომელიც არა მხოლოდ ქუჩაში არსებობს, არსებობს სწორედ საზოგადოებაში – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს რეჟიმს.

ამიტომ გადავიდა შემდეგ ეტაპზე, ეს არის პირდაპირი ომი, გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის სულიერი შეტევა იმის მიმართ, რაც არის ჩვენთვის არსებითი“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო უდიდეს რესურსებს ხარჯავს მოსახლეობის განათლებაზე, ავტორიტარული ხელისუფლებები კი პირიქით.

„ჩვენი ისტორიაც განათლებაზე დგას. დაწყებული წმინდა ნინოდან, რომელმაც გაანათლა საქართველო, შემდეგ ასურელი მამები ავრცელებდნენ იმ დროისთვის სულიერ ცოდნასა და განათლებას. დავით აღმაშენებელი არ იქნებოდა აღმაშენებელი, თუ არ ეყოლებოდა გვერდში ჭყონდიდელი. ამიტომ, შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ქართველობაზე.

ჩვენთვის განათლება არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული დამოუკიდებლობასთან. არ არის შემთხვევითი ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს და ამას ამზადებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

სწორედ ამ უნივერსიტეტში იცავდნენ განათლებას და დამოუკიდებელ აზრს. თუმცა ივანე ჯავახიშვილმა გაუშვა სტუდენტები იუნკერებთან ერთად საბრძოლველად და უთხრა, რომ „ახლა არის ის დრო, როცა სწავლა უნივერსიტეტში კი არა, ქვეყნისთვის ბრძოლა არის საჭირო“. იმიტომ, რომ ჩვენთვის განათლება არის დამოკიდებული და შერწყმული თავისუფლებასთან.

თუ არა თავისუფალი აზროვნება, თუ არა კრიტიკული აზროვნება, რამდენიც გინდათ გქონდეთ უნივერსიტეტები, სკოლები. ჩაკეტილი განათლება ვერ იარსებებს დიდხანს და დღეს ეს გვემუქრება ჩვენც. როცა გამოვდივართ იმ საერთაშორისო სისტემიდან, რომელიც აძლევს ჩვენს ახალგაზრდობას საშუალებას სწავლა გააგრძელოს ევროპულ ქვეყნებში და იქიდან ჩამოიტანოს მეტი ცოდნა და განვითარება. ახლა კი ცდილობენ ჩამოგვაშორონ გარე სამყაროს, დავრჩეთ ჩაკეტილები.

რამდენი უნივერსიტეტი შეერწყმება ერთმანეთს ჯერ არ ვიცით, თუმცა წარმოუდგენელია მათი („ქართული ოცნების“ ხელისუფლება) დაცინვის ტონიც, რეალურად აბუჩად იგდებენ უნივერსიტეტებს.

„მე რაც მინდა, იმას ვაკეთებ“, – „მინდა გავაერთიანებ, მინდა დავაშორებ, მინდა გავხსნი, მინდა ჩავკეტავ, მინდა დავხურავ. მასწავლებლებს მე დავნიშნავ“ – ეს არის ჩადებული მათ ტექსტებში.

განათლებას მოაქვს პირველ რიგში განვითარება. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, თუ განათლება არ არის განვითარებული. როცა ხელოვნური ინტელექტი შემოდის ასეთი სისწრაფით, ის ქვეყნები, რომლებიც ამის გარეთ დარჩებიან, არიან განწირული.

ჩვენც ვიქნებით განწირული, ჩრდილოელი მეზობლის კოლონია, თუკი არ გვექნება ჩვენი განათლება და არ გვეყოლება განათლებული საზოგადოება, რაც ქმნის საქართველოს იდენტობას და კულტურას.

თუ ეს „რეფორმა„ ამოქმედდა, შეუძლებელი გახდება ჩვენი შემდეგი თაობისთვის ევროპული განათლების მიღება, რადგანაც არც ერაზმუსი იქნება ხელმისაწვდომი და ვკარგავთ ყველა იმ პრივილეგიას, რომელიც თან ახლდა ბოლონიის პროცესს.“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ოცნება“ ცალ-ცალკე მიადგა სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა დარგს გასანადგურებლად, ამიტომ აუცილებელია საზოგადოება გამოფხიზლდეს და დადგეს ერთად, ამ პროცესის შესაჩერებლად.

„დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიადგნენ, ხვალ სახელოვნებო ინსტიტუტებს, ზეგ კერძო სექტორს, კერძო უნივერსიტეტებს მიადგენიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გადარჩნენ, მაგრამ ვერ გადარჩებიან“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

Exit mobile version