„ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან. ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ.
ირანი კი, ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ვესაუბრეთ: რა იცვლება ამით?
„დროებითი ნაბიჯი მგონია. 20 აპრილს პაკისტანში, ისლამაბადში, იმართება ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აი, ამ რაუნდის წინ ირანმა თითქოს კეთილი ნების ჟესტი აჩვენა, რაღაც კოზირივით გაიჩინა ხელში, რომ 20 აპრილის მოლაპარაკებებზე ხელცარიელი არ მისულიყო,“ – გვითხრა ვასილ ღლონტმა.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტია.
- ბატონო ვასილ, რა იცვლება არსებითად ჰორმუზის სრუტის გახსნით ირანის ომში? ნიშნავს ეს იმას, რომ საომარი მოქმედებები სრულდება?
ჩემთვის ჰორმუზის სრუტის გასასვლელის ამჟამინდელი გახსნა დროებითი მოვლენაა. ამ ნაბიჯით ირანმა ამერიკას და მსოფლიოს კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ ხელში უჭირავს მსოფლიოს ექსპორტირებული ნავთობის 20%-ის გამტარებელი სრუტე. ამით ირანმა დააფიქსირა თავისი მნიშვნელობა მსოფლიოში, რომ როცა უნდა ამ ადგილს გადაკეტავს, როცა უნდა – გახსნის.
რაშია იცით საქმე? მე ეს დროებითი ნაბიჯი მგონია და რატომ: 20 აპრილს პაკისტანში, ისლამაბადში, იმართება ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. აი, ამ რაუნდის წინ ირანმა თითქოს კეთილი ნების ჟესტი აჩვენა, რაღაც კოზირივით გაიჩინა ხელში, რომ 20 აპრილის მოლაპარაკებებზე ხელცარიელი არ მისულიყო.
13 აპრილს, ტრამპმა დაუწესა ირანის პორტებს ემბარგო – ფაქტობრივად, გააჩერა ირანული პორტები. ირანელებისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ირანმა მანამდე გადაკეტა ჰორმუზის გასასვლელი და ფულს ითხოვდა, ეს ტარიფი მექნება, რომელი გემიც გაივლისო. სამაგიეროდ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეგრეა, მაშინ მე დავაჯარიმებ ყველა იმ უცხოურ გემსო, რომელიც ირანს გადაუხდის ტარიფსო. ამით ირანი მიხვდა, რომ ამერიკასთან ასეთი კაპიტულანტური ენით საუბარი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნახევარი მთავრობა ამოგიწყვიტეს, არ გამოვა.

ვასილ ღლონტი
ახლა ირანი ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას. რაღაც კოზირი გაიჩინა, ვითომ დათმობაზე წავიდა და განაცხადა, ჰორმუზის გასასვლელს არ გავხსნიდით, ისრაელს რომ არ შეეწყვიტა ლიბანის დაბომბვაო. ირანმა ჰორმუზის სრუტის გასასვლელის თემა მიაბა ისრაელ-ჰეზბოლას, ირანის, ისრაელსა და ლიბანის ჰეზბოლას შორის დროებითი ზავის ხელშეკრულებას. ამ დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს მე ვაიძულე, მე ვუთხარი შეეჩერებინაო.
როგორც ჩანს, 20 აპრილისთვის მოლაპარაკებაზე ორივე მხარე ცდილობს, რაღაც კოზირებით მივიდეს.
- გაჩნდა შეთანხმების მიღწევის წინაპირობები?
წინა შეხვედრა ისლამაბადში დასრულდა კატასტროფულად – თითქმის ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ახლა ტრამპმა განაცხადა, რომ რაღაც-რაღაც პუნქტებზე, მაგალითად, სანქციების შესუსტებაზე, ასევე გაყინული ფული რომ აქვს ირანს სხვადასხვა ბანკში, მაგაზეც შეთანხმება გვქონდაო, თუმცა ვერ მოხერხდა კარდინალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. კარდინალურია, რა თქმა უნდა, ურანის გამდიდრება და ბირთვული პროგრამის განვითარება. ეს ქვაკუთხედია.
თუ ირანმა ურანის გამდიდრებაზე უარი არ თქვა, ეს უქმნის ისრაელს ეგზისტენციალურ პრობლემას. ისრაელმა თუ დაინახა, რომ ირანი ისევ ბირთვულ პროგრამას ავითარებს და ურანს ამდიდრებს – ამ თემასთან აქტიურად არის მიბმული ბალისტიკური რაკეტების განვითარების საკითხიც, შორსმავალი მოქმედების რაკეტები, რომელიც 2000 კილომეტრზე და მეტზე ისვრის – ეს თუ არ მოგვარდა, არ არის გამორიცხული, ისრაელმა მიიღოს გადაწყვეტილება და ირანს ტაქტიკური ბირთვული დარტყმა მიაყენოს.
ტრამპი ცდილობს, რომ ეს აირიდოს: არავის არ უნდა ბირთვული ომი. 21-ე საუკუნეა და დაიწყოს ასეთი მოვლენები, ეს ძალიან არ უნდა ტრამპს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს საფრთხე რამენაირად გაანეიტრალოს.
ჩემი აზრით, ტრამპი ნელ-ნელა მიხვდა, რომ ძალიან რთულ საკითხში შეყო ფეხი, ძალიან რთული საკითხის მოგვარება სცადა და ვერ გაითვალისწინა, რომ ირანთან ომი ასე გაჭიანურდებოდა. როგორც ჩანს, ტრამპს ეგონა, რომ უფრო მარტივად მოგვარდებოდა საქმე, როცა ირანი დაინახავდა, რომ მთელი ზედა ფენა ამოუხოცეს, აიათოლები, „გუშაგთა კორპუსის“ გენერლები და იფიქრა, კაპიტულაციას გამოაცხადებენო, მაგრამ ირანელებს სხვა მენტალობა აქვთ.
არსებობს გამოთქმა „აღმოსავლური დიპლომატია“, მაგრამ ეს არ ეხება არაბულ ქვეყნებს. როცა საუბრობენ ცბიერ, აღმოსავლურ პოლიტიკაზე, ეს ძირითადად ირანელებზეა. ირანელებზე ცბიერი ხალხი ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს. მე ირანში დიდხანს ვსწავლობდი, მერე ვცხოვრობდი და ირანელებს კარგად ვიცნობ. ახლაც, ფაქტობრივად, ირანმა ტრამპი აიძულა, რაღაც ნაბიჯები გადაედგა. მაგალითად, ტრამპმა განცხადებაც კი გააკეთა: ჰორმუზის გასასვლელს მე ირანის გასასვლელს ვეძახიო, ანუ ერთგვარი რევერანსი გაუკეთა ირანს.
ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, სახმელეთო ოპერაციამდე არ მივიდეს საქმე, რადგან იცის, რაც მოჰყვება ამას.
- ტრამპი ამბობს, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანიდან ბირთვული მასალასაც გამოიტანს. ეს შესაძლებელია?
ამ ეტაპზე მე ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან.
ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ.
ირანის ამოცანაა, დრო როგორმე გაწელოს. ბირთვული პროგრამა ამ პრობლემის მთავარი პრობლემაა, ჯერჯერობით კი, მე ამის მოგვარებას ვერ ვხედავ. მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკა დაბომბავს. ირანი აშკარად დროს აჭიანურებს: ჰორმუზის გასასვლელს გავხსნი – დავკეტავ, გავხსნი – დავკეტავ.
- რატომ აწყობს ირანს დროის გაჭიანურება, ამით რას მოიგებს?
ირანში ხელისუფლების ზედა ფენის დიდი ნაწილი ამოუხოცეს. აი, ყალიბაფი რომ მიდის მოლაპარაკებაზე ირანის წარმომადგენელი, გენერალია „გუშაგთა კორპუსიდან“, პარალელურად პარლამენტის სპიკერია [პარლამენტი დღეს „გუშაგთა კორპუსის“ მართვის ქვეშაა]. ყალიბაფიღა დარჩა ძველი ფიგურებიდან, ვინც ირანს მართავდა. ყალიბაფი არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე თვითონ, მაგრამ აღარავინ არ დარჩა.
ირანის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რამენაირად რეჟიმი გადარჩეს. ამავდროულად, ცდილობენ გაჭიანურებულ დროში შეავსონ საშუალო რგოლებიც, სადაც ასევე ბევრი დაეხოცათ. ირანელები ხვდებიან, რომ სერიოზულ დარტყმას უპირებენ. მათი ამოცანაა, რეჟიმი გადარჩეს და ბირთვული პროგრამა რამენაირად გააგრძელონ.
ირანელები ისევ ტრადიციულად მოტყუებასა და თაღლითობაზე არიან, მაგრამ ტრამპი სხვა ტიპია. ტრამპი როცა მოზარდი იყო, დაამთავრა ნიუ-იორკის სამხედრო კოლეჯი. ტრამპს ძალიან უნდოდა, რომ გაეკეთებინა სამხედრო კარიერა და მერე მშობლებმა იმოქმედეს, ეტყობა… ტრამპი ბიზნესმენია, მაგრამ ლავირების უნარი აქვს გასაოცარი და სამხედრო ხასიათი.
გარდა ამისა, ტრამპის გუნდს თუ გადავხედავთ, ბევრი ებრაელია: სიძე ჯარედ კუშნერი – ბელორუსი ებრაელია წარმოშობით, სტივ უიტკოფი – ესეც საბჭოთა იმპერიიდან თავის დროზე ამერიკაში გადასული ებრაელების შთამომავალია…
იმდენად რთული მდგომარეობაა, პროგნოზირება რთულია. ბოლო ხანებში ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში, ირანთან ახლოს, სამი ავიამზიდის დაჯგუფება გაგზავნა. ასეთ რაღაცებს ამერიკელები მარტივად არ აკეთებენ. სახმელეთო ოპერაციის საკითხი რთული თემაა. ამიტომაც, გამოკვეთილად ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკა მაგას გააკეთებს, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ისეთი დაბომბვები იქნება ირანისა, ქვას ქვაზე არ დატოვებენ.
- ბოლოს ასევე მინდა გკითხოთ: როგორ აისახება ჰორმუზის სრუტის გახსნა საწვავის ფასზე?
ნავთობი და გაზი ძალიან რეაგირებს ასეთ საკითხებზე. ჰორმუზის გასასვლელიდან მსოფლიო ნავთობის 20% გამოდის, ანუ ექსპორტი არის 20%. როგორც კი იკეტება ჰორმუზის გასასვლელი, ნავთობზე ფასი მაღლა ადის. როგორც კი იხსნება, ეგრევე ჩამოდის ფასი დაბლა, რაც ახლა ხდება – საწვავის ფასმა 12.5%-ზე დაბლა ჩამოიწია უკვე.
სანამ ჰორმუზის გასასვლელი გახსნილია, ხოლო ისლამაბადში მოლაპარაკების ახალი რაუნდი გაიმართება, ნავთობის ფასი იქნება დაბალი, მნიშვნელოვნად დაიწევს. თუ ამ მოლაპარაკებების დროს ისრაელმა და ამერიკამ შეატყვეს, რომ ირანი არ მოდის კომპრომისზე და დაბომბეს, ისევ მყისიერად აიწევს ფასი.
_____________
მთავარ ფოტოზე: ფოტოკოლაჟი – დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი და ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ყალიბაფი.






