ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას.
ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც.
მომსახურებას მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2026 წლის 24 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.
კონცეფცია და ხარჯთაღრიცხვა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს.
ტექნიკური დავალების მიხედვით ტენდერში გამარჯვებულს ევალება:
- „შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ქალაქ ბათუმის გაფორმების კონცეფციის შემუშავება [ახალი საშობაო-საახალწლო აქსესუარების შეძენით და არსებულის გამოყენებით], რომელიც შექმნის წინასადღესასწაულო ბათუმის საერთო ატმოსფეროში დადებით განწყობასა და კეთილსასურველ პირობებს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისათვის;
- შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც საშუალებას მისცემს შემსყიდველ ორგანიზაციას, ოპტიმალურად განსაზღვროს, გაითვალისწინოს და დაგეგმოს მოსალოდნელი სავარაუდო ხარჯები;
- საშობაო-საახალწლო გაფორმების ფარგლებში ქალაქში არსებული ზოგიერთი შენობის და ნაგებობის ფასადის, გზაგამყოფი ზოლის, ქუჩის, სკვერის [ან პრეტენდენტის შეხედულებისამებრ რომელიმე სხვა ელემენტის] დიზაინის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება დეკორაციული და ილუმინაციის სისტემის ახალი განათებით გაფორმება;
- საახალწლო სკულპტურების და მათი განთავსების ადგილების შერჩევა; საახალწლო გაფორმება უბნების მიხედვით;
- ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული საახალწლო აქსესუარების ჩართვა საერთო კონცეფციაში და გამოყენება საშობაო-საახალწლო გაფორმებისას“.
ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაითვალისწინოს ბათუმის მერიის შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციები.
მერიის გადაწყვეტილებით არ იგეგმება არსებული მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შეცვლა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2022 წელს 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდეს.
„ყველა საშობაო-საახალწლო აქსესუარი, ეფექტური კონსტრუქცია, ილუმინაცია, სკულპტურა უნდა ქმნიდეს სადღესასწაულო ატმოსფეროს და სტილიზირებული უნდა იყოს დღესასწაულის თემატიკაში.
არსებული საშობაო-საახალწლო აქსესუარის ნახვა შესაძლებელია, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N257-ში, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ სატენდერო განცხადებაში“ – წერია ტექნიკურ დავალებაში
2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან 1.3 მილიონზე მეტი ლარი – ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის [მათ შორის 976 ათასი ლარი საახალწლო ნაძვის ხის და განათებების აწყობა-დაშლაში]. 428 ათასი ლარი კი – ჰონორარებში:
ამ თემაზე: ვინ რა ჰონორარი მიიღო 428 ათასი ლარიდან
ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 3 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი. აქედან
- 300 ათასი ლარი – საახალწლო დიზაინის/კონცეფციის შეძენა;
- 999 ათას 200 ლარი – ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვა;
- 941 ათას 294 ლარი – ქალაქ ბათუმში, საშობაო-საახალწლო დღეებში [2026-2027 წელს] ქალაქის გაფორმების სამუშაოები;
- 790 ათას 100 ლარი – ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებები [ორგანიზება/ჰონორარები].
მთავარი ფოტო: ევროპის მოედანი, ბათუმი, 2025 წლის დეკემბერი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან






