მთავარი,სიახლეები

5 ბინა საჩუქრად – კიდევ რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ოჯახი

16.04.2026
5 ბინა საჩუქრად – კიდევ რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ოჯახი

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მახარაძის ოჯახის შემოსავალი 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 700 000-ზე მეტი ლარი იყო. ეს 2024 წლის მონაცემია. 

წელს მას დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, თუმცა ბოლო წლებში დაფიქსირებულ მზარდ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრები შემოსავლების გრაფაში კიდევ გაიზრდება.

ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით მახარაძეს, როგორც შპს „ეკოსადილის“ მფლობელს, 2024 წელს, შემოსავლის სახით, 145 416 ლარი მიუღია. მის მეუღლეს, ნინო ახვლედიანს კი, რომელიც „ეკოსადილის“ დირექტორია – 16 164 ლარი.

ნინო ახვლედიანს, როგორც ინდმეწარმეს, 2024 წელს ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდა – 487 900 ლარი. დავით მახარაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ამ შემთხვევაში კონკრეტულად რას საქმიანობს მისი მეუღლე – „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, მას აქვს კაფე ძველ ბათუმში. 

დავით მახარაძეს კიდევ ერთი შემოსავალი – 8334 ლარი მიუღია, როგორც სააქციო საზოგადოება „ვაჭრობტრანსის“ აქციონერს.

რაც შეეხება საჯარო სამსახურს – დავით მახარაძე წინა მოწვევის საკრებულოში იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა და ხელფასის სახით 41 061 ლარი აქვს მიღებული. ახლა მისი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 5600 ლარია. 

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მეუღლე, ნინო ახვლედიანიც ბიზნესის პარალელურად საჯარო დაწესებულებაში მუშაობს – როგორც სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სპეციალისტს 23 760 ლარი აქვს ხელფასის სახით მიღებული. 

საერთო ჯამში ეს თანხები 722 636  ლარია. 

2024 წელს გაიზარდა დავით მახარაძის და მისი ოჯახის უძრავი ქონების ჩამონათვალიც.

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს შეუსყიდია ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 1217 კვ.მეტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. ერთ შემთხვევაში მისი ქონების თანამესაკუთრეები არიან ლევან კობალაძე და გიორგი აბაშიძე, ასლან აბაშიძის შვილი. ორივე ქონებაში ჯამში 11 770 დოლარი გადაუხდია.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამ ნაკვეთების გაგრძელებაზე კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს – 1000 კვ.მეტრს ფლობს დავით მახარაძის მეუღლე ნინო ახვლედიანი.

ვიწრო და მოგრძო მიწის ნაკვეთი გზიდან შესასვლელის სახით, დავით მახარაძის, ლევან კობალაძის და გიორგი აბაშიძის საერთო საკუთრებაა

2024 წელს დავით მახარაძემ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაირეგისტრირა კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი სოფელ აჭის ტერიტორიაზე, ქობულეთში. ეს ადგილი ტურისტული თვალსაზრისით საინტერესოა – ცნობილია, როგორც საკალმახეებით, ასევე სოფელთან ახლოს მდებარე ტყით მდიდარი ტერიტორია.

რეესტრში მითითებულია, რომ მან ეს ნაკვეთი დაირეგისტრირა როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთის ერთ მხარეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებია.

მონიშნულია დავით მახარაძის მიწის ნაკვეთი – სოფელი აჭი

  • ბინები საჩუქრად

დავით მახარაძის მეუღლეს, ნინო ახვლედიანს ბათუმის ცენტრში არაერთი ძვირადღირებული უძრავი ქონება საჩუქრად აქვს მიღებული.

  • 2020 წელს დავით მახარაძის მეუღლისთვის უჩუქებიათ ბინა გორგილაძის ქუჩაზე – 86, 4 კვ.მეტრი.
  • 2021 წელს საჩუქრად მიუღია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე – 51,14 კვ.მეტრი.
  • 2022 წელს საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მეუღლეს საჩუქრად მიუღია კომერციული ფართობი ძველ ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე – 54 კვ.მეტრი. ამ წელს მისთვის უჩუქებიათ ასევე ავტომანქანა LAND ROVER – RANGE ROVER EVOQUE
  • უფრო ადრე 2011 წელს მისთვის უჩუქებიათ ასევე ბინა ძველ ბათუმში: ქუთაისისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე – 109 კვ.მეტრი.
  • იმავე მისამართზე მას 117,38 კვ.მეტრი სხვენი ამხანაგობის ოქმის საფუძველზე დაურეგისტრირებია.

გარდა ამისა, ნინო ახვლედიანი ფლობს 1100 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს თბილისთან ახლოს, წავკისში. ეს ქონება საჩუქარი არ არის და მას 2007 წელს 10 000 დოლარად შეუსყიდია.

მონიშნულია ნინო ახვლედიანის მიწის ნაკვეთი წავკისში

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით მახარაძე ფლობს ბინას ბათუმში – 64,59 კვ.მეტრს ლუკა ასათიანის ქუჩაზე. ეს ქონება მას 2013 წელს 30 000 დოლარად შეუძენია.

რაც შეეხება გასავლებს, ბოლო დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს მახარაძეების ოჯახს 43 485 ლარი სესხის მომსახურებაში გადაუხდია.

დავით მახარაძე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც ქალაქის ბიუჯეტის ფულს ხარჯავს ბათუმის მერია – ადგენს ხარისხიან ან უხარისხო ასფალტს, სწორ და სტანდარტულ ან ოღროჩოღრო ტროტუარს და ასე შემდეგ. ამ მოწვევის საკრებულოში მას „ოცნების“ უმრავლესობის ფრაქცია ჩააბარეს. სწორედ საკრებულოს უმრავლესობა უჭერს მხარს მერიის ინიციატივებს, ამტკიცებს ბიუჯეტს და განაშენიანების დეტალურ გეგმებს, რომლის მიხედვითაც ანგრევენ ისტორიულ განაშენიანებას და კორპუსებს აშენებენ.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით მახარაძე ამ მოწვევის საკრებულოში გაცილებით აქტიურია, ვიდრე წინა, ან იმის წინა მოწვევის საკრებულოში. აქტიურობს უფრო გამოსვლებით და არა ინიციატივებით – აქტიურობს რეპლიკებით ძირითადად ვაჟა დარჩიას საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენს საკრებულოში. მონდომებით ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ „სასაცილოდ არ ჰყოფნის“ ოპოზიციის კრიტიკა.

  • რაც დეკლარაციაში არ წერია

2026 წლის თებერვალში ნინო ახვლედიანმა შპს „ლიმონი 2026“  დააფუძნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: