ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 237 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 613 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 965 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 36 733 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 629 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 288 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 435 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 118 679 ერთეული [+955]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 190 ერთეული [+88]
  • სპეცტექნიკა – 4 053 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 517 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 379 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 653 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 121 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით“ – თამთა მიქელაძე „ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ მორიგ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. იგი წერს, რომ ამ ცვლილებებით „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველოს დატოვება აიძულოს საზოგადოების დიდ ნაწილს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, საზოგადოებაზე (და უკვე არა ინსტიტუციებზე და სექტორებზე, რომელიც წინა წლის რეპრესიულმა კანონებმა პრაქტიკულად ისედაც გაანადგურა) სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს – ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა.

სტუდენტები, მკვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.

ანუ საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც “ქართული ოცნების” გავლენებისგან და ბიზნეს ინტერესებისგან ავტონომიური რჩება ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური გაგებით.

ამ კლასს დარჩება ერთადერთი არჩევანი – ან მათი როგორც მოქალაქის სიკვდილი და ცხოვრების სრული პრივატიზაცია, ან მიგრაცია.

ინსტიტუციური აქტორები ხომ გაანადგურეს, ახლა უნდა კრიტიკული მასებისგან პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრული ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე.

ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით.

თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ, მერწმუნეთ!

და მერე იქნება ძალიან გვიან… და მათ შორის იმათთვისაც ვინც დაიჯერა, ვინც შეშინდა, ვინც დახარბდა, ვინც დაიკიდა, ვინც დაბოლდა. ყველასთვის!“ – წერს თამთა მიქელაძე.

დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ:

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

ამავე თემაზე: 

„ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება

 

„ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება

დღეს, 28 იანვარს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. ცვლილებების შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ:

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი, ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.

მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ორგანიზაცია ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.

თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

„ლარნახევრად პურსაც ვერ იყიდი“ – გამოკითხვა ბათუმში 1,57 ლარით სოცდაუცველების კვებაზე

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ მთავრობაში ხელფასები ათასობით იზრდება, ბათუმის მერია სოციალურ სასადილოებში ერთი ადამიანის სადილში 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავს.

რამდენად სამართლიანია მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდა? მაგალითად, 2026 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1400-1400 ლარით გაიზარდა და უკვე 16 000 ლარია, მინისტრების ხელფასი 13 600 ლარი გახდა, დეპუტატებისა – 12 800.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასიც გაიზარდა 1190 ლარით და უკვე 13 600 ლარია. ანალოგიურია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასიც.

რას ამბობს ხალხი ბათუმში ამ თემაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა.

„ღმერთმა შეარგოსო, ვერ იტყვი“ - რას ამბობს ხალხი პრემიერის, პრეზიდენტის... 16-ათასლარიან ხელფასებზე

კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს

ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება.

მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში და ახალ ბულვარის მიმდებარედ აშენებულ ახალაშენებულ კორპუსებთან, რომლებიც არ არის დაერთებული ცენტრალური კანალიზაციის სისტემაზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დავითაძემ, რომელსაც შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მერიას რეკომენდაციით მიმართა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში აესახათ თანხა შამბოს ამოსატუმბი სპეცმანქანის შესაძენად, მუნიციპალური სერვისების სამსახურმა კი გასცეს სპეციალური ვაუჩერები, რომლებსაც შამბოს ამოსატუმბად გამოიყენებენ.

მერია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პასუხობს, რომ პრობლემის მოგვარებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში დაწყებული საქმის გაგრძელება და 60-70 მილიონი ევრო სჭირდება, თუმცა პროექტი „დროში გახანგრძლივებულია“, ამიტომაც შესაძლოა სამართლიანი იყოს მოთხოვნა ვაუჩერიზაციის სისტემის დანერგვაზე:

„2026 წლის ბიუჯეტის განხილვაზე საკრებულოს წევრების მიერ დადგა საკითხი, რომელიც შემდეგ ასახულია ბიუჯეტის შეფასების დასკვნით ნაწილში და რითაც მოთხოვნილია, რომ ბათუმის მერიამ გამოყოს საკმარისი დაფინანსება სპეციალური ტექნიკის შესაძენად და ვაუჩერების დასაფინანსელად, რომლითაც უფასოდ ისარგებლებს ის მოსახლეობა, რომელიც ვერ სარგებლობს ცენტრალიზებული წყალარინების სისტემებით“ – წერს მერია.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა 2026 წელია, მერიამ ქალაქის გარეუბნებში ე.წ. შამბოების პრობლემაზე საუბარი მაინც 2011-2012 წლების ქრონიკიდან დაიწყო და 2022 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრით გააგრძელა:

„2011-2012 წლებში ქალაქის საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა ხელვაჩაურისა და ჩაქვის დასახლებების მიმართულებით, სადაც არ არსებობს ხსენებული სისტემები, რის გამოც მომხმარებელთა დიდი ნაწილი ნარჩენი წყლის შეგროვებას ახორციელებს შამბოებისა და ინდივიდუალური სეპტიკური ავზების საშუალებით, რომელთა-მოვლა პატრონობა ვერ ხორციელდება სათანადოდ და იწვევს ამ ტერიტორიების დაბინძურებას.

საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება მე-5 ფაზის დაფინანსებაზე და 2022 წელს ხელი მოეწერა ახალ სასესხო ხელშეკრულებას 53 მილიონ ევროზე, სადაც 25 მილიონი ევრო არის ადგილობრივი თანამონაწილეობა. ამ დაფინანსების მიზანია წყალმომარაგების და წყალარინების ობიექტების სიმძლავრეების გაზრდა ქალაქისთვის და შემოერთებული ტერიტორიების ნაწილობრივი უზრუნველყოფა წყალარინების სისტემებით, კერძოდ აშენდება ცენტრალური კოლექტორი და სატუმბი სადგურები, რაც საშუალებას მისცემს ბათუმის წყალს განავითაროს დაქსელვა და განახორციელოს დამატებითი აბონენტების დაერთება ცენტრალიზებულ სისტემაზე.

ამ ღონისძიების შემდეგ საჭირო იქნება მე-6 ფაზა, რათა საკანალიზაციო სისტემები სრულად მოეწყოს ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის ტერიტორიებზე. რისთვისაც საჭირო იქნება დამატებით 60-70 მილიონი ევრო“ – წერს მერია ბათუმის საკრებულოს.

2011-2012 წლების შემდეგ 13 წელი გავიდა.

ამ 13 წლის განმავლობაში ბათუმის შემოერთებულ ნაწილში ასობით კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს, რომლებიც ე.წ. შამბოებსა და სეპტიკურ მოწყობილობებზეა მიმაგრებული. ამ შამბოებისა და სხვა მოწყობილობების მართვა, ისევ მერიას თუ დავეყრდნობით, „სათანადოდ ვერ ხერხდება და ტერიტორიების დაბინძურებას იწვევს.“

სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ მერიაში ვაუჩერიზაციის მოთხოვნას სამართლიანად, თუმცა პროექტს მიმდინარე წლის ბიუჯეტით ვერ დავაფინანსებთ, ჯერ მოკვლევა უნდა ჩაატაროთო, უპასუხეს საკრებულოს:

 „საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი მოკვლევა მომხმარებელთა რაოდენობის დასადგენად. გადამოწმდეს შამბოების/სეპტიკების ტექნიკური მდგომარეობა, მისაწვდომობა მძიმე ტექნიკის მიერ, ოპერირებისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობის განსაზღვრა, ფინანსური საჭიროებების განსაზღვრა“.

ამ დავალებების შესრულებისთვის კი, მერია ამბობს, რომ კვლევის მომსახურების შესყიდვა სჭირდება:

„რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეფასდეს მსგავსი უფასო მომსახურების რელევანტურობა, ეფექტურობა და მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“ – წერს მერია.

ეს პასუხი იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს ე.წ. შამბოების ეფექტურად სამართავად ბათუმში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

ამავე თემაზე: 

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

 

„ოცნებამ“ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია დაამტკიცა – რა წერია დოკუმენტში

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.

პარტია, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, განათლების რეფორმის კონცეფციაში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა; ვერ ააშენა საკმარისი სკოლები, ვერ გამართა ინფრასტრუქტურა, ვერ აღჭურვა სკოლები ტექნოლოგიებით და ვერ მისცა ახალ თაობას გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა.

„ოცნების“ განათლების კონცეფციას 9 ამოცანა აქვს, რის მიხედვითაც გეგმავს ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებებს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ჩამონათვალს, რის განხორციელებასაც „ოცნება“ გეგმავს.

„ოცნება“ მიიჩნევს, რომ „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას, სისტემური აზროვნების და ღრმა გაგების უნარს“. ამიტომ სკოლის სახელმძღვანელოებს „ძირეულად გადახედავენ“.

შესაბამისად, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს.

„სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს“ – წერია დოკუმენტში.

„ოცნების“ მთავრობა თავად გადაწყვეტს, რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს ეს სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, „რეფორმის“ ამ დოკუმენტის მიხედვით, სკოლებს აღარ უტოვებენ არჩევანის თავისუფლებას, თითო საგანში მხოლოდ თითო სახელმძღვანელო იქნება.

აქამდე არსებულ სახელმძღვანელოებს კი „ოცნება“ „სახელმწიფოებრივი ხედვის“ ნაკლებობას უწუნებს.

„ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 28 იანვარს კომენტარი გააკეთა ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, სადაც დააზუსტა, რომ ახალი სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე შემუშავდება.

„ყველა ფუნდამენტურ საგანში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება, ექსპერტული ჯგუფების მიერ და ეტაპობრივად მოხდება მათი პილოტირება სკოლებში. ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც ექნებათ ერთ დისციპლინაში, ერთი და იგივე სტანდარტული სახელმძღვანელო“ – თქვა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ დღეს, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რადგან, მიიჩნევენ, რომ „ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში“ მხოლოდ ეს მეცნიერებები მონაწილეობენ.

განათლების კონცეფციის ახალ დოკუმენტში, არაფერია ნათქვამი მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან საგანზე, როგორიცაა „მოქალაქეობა“ და „სამოქალაქო განათლება“. სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ „ოცნებას“ სურს ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან.

აქვე, საკვანძო მიმართულებად ასახელებენ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებას, მაშინ როცა, სკოლების ნაწილი ვირტუალურ ლაბორატორიებსაც კი არ ფლობს.

ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დღეს სკოლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა პირველ კლასში 6 წლამდე ბავშვის მიღებაა, ამიტომ პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები წავლენ, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.

ეს ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის და პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ დიდ ქალაქებს, მომდევნო პერიოდებიდან კი ყველა სკოლას მოიცავს.

ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე ახალი წესი გავრცელდება, რაც მათ სასკოლო ფორმის ტარებას ავალდებულებს. სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ექნებათ პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებს. 

არაერთ სკოლაში ორ-სამ ცვლაში მომუშავე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს „ოცნების“ ხელისუფლება არწმუნებს, რომ  „სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას“ და ეს აღმოფხვრის მოსწავლეებს შორის არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განსხვავებებს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, სკოლაში ბულინგის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და ეს საერთოდ არ უკავშირდებოდეს ტანისამოსს.

განათლების კონცეფციის დოკუმენტში ასევე ჩაიწერა, რომ საჯარო სკოლები გადავლენ 11-წლიან სწავლებაზე, მე-12 კლასი კი მოსწავლეების წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე გაიხსნება. მე-11 კლასი  ე.წ. რეპეტიტორიუმი იქნება – „ოცნების“ განმარტებით, ამ კლასის ფუნქცია აბიტურიენტების მომზადება იქნება ეროვნული გამოცდებისთვის.

11-წლიან სწავლებაზე გადასვლით ქართული განათლების სისტემა შორდება დასავლურ მოდელს, რაც ქართველ ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის და იზოლაციაში აქცევს ქართული განათლების სისტემას.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს  2027-28 სასწავლო წელს დაასრულებენ.  

„ქართული ოცნების“ განათლების კონცეფცია არეგულირებს სკოლებში მობილურების გამოყენებასაც. დოკუმენტში პირდაპირ არ წერია, რომ ტელეფონების გამოყენება იკრძალება, თუმცა ნათქვამია, რომ „შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი“, თუმცა არაა დაზუსტებული, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ წესში.

დოკუმენტში არსად წერია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სკოლამ მობილური ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად სასწავლო რესურსების დეფიციტის ფონზე და არა ის, რომ პირდაპირ აიკრძალოს მათი მოხმარება და ეს მაშინ, როცა, თავად „ოცნების“ ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო სკოლების თანამედროვედ აღჭურვა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.

კონცეფციაში ნათქვამია იმის შესახებაც, რომ ინკლუზიური განათლება გახდება მასწავლებლის სტანდარტის განუყოფელი ნაწილი, რისთვისაც სპეციალისტებს გადაამზადებენ. ასევე, „ოცნება“ სკოლასა და მშობელს შორის მეტი თანამშრომლობის მიზნით 2026 წლიდან პირდაპირ შეხვედრებს აანონსებს „გამჭვირვალე და მოქნილი მექანიზმების“ შესამუშავებლად. აქვე ვკითხულობთ, რომ სკოლაში გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობაც, თუმცა როდის – ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

კონცეფციაში ნახსენებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერაც – შეიქმნება ახალი მოდელი, რომელიც „ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას“.

„ქართული ოცნების“ განათლების ახალი კონცეფცია, რომელსაც სპეციალისტების ნაწილმა „განათლების დეფორმა“ უწოდა, 26 იანვარს დაამტკიცეს.

ამავე თემაზე: 

„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე

„აღარ იციან მასწავლებლებს ხელფასები როგორ მოუმატონ“ – სიმონ ჯანაშია ახალ სქემაზე

„უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან შემთხვევითია. მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს“, – ამბობს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია.

მას „ბათუმელები“ მასწავლებლის კარიერული განვითარების ახალ სქემაზე ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, გვინდა თქვენი, როგორც სპეციალისტის შეფასება მოვისმინოთ მასწავლებლის კარიერულ სქემასთან დაკავშირებით. თუ ხედავთ საკამათო ცვლილებებს?  

სქემა თავიდანვე შემოღებული იყო ერთი მიზნით – ხელფასის მომატებაზე პასუხისმგებლობა გადაეტანათ მასწავლებელზე და არა გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. მასწავლებელი ხდებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჰქონდა დაბალი ხელფასი და არა სამინისტრო ან პოლიტიკური ფიგურები.

შექმნეს სისტემა, რომლითაც შეეძლოთ დაერეგულირებინათ ხელფასების მომატების სისწრაფე. სინამდვილეში, ხელფასი გაყვეს ოთხ ჯგუფად, ანუ ოთხ სახელფასო კატეგორიად და ამ ოთხ სახელფასო კატეგორიაში მოძრაობა შეზღუდეს სხვადასხვა ბარიერით. მათ შორის გამოცდებით, სკოლის შიდა და სასკოლო შეფასებებით, სკოლის გარეთ ჩასატარებელი აქტივობებით და ასე შემდეგ.

მასწავლებლებს ეუბნები, რომ ყველას შეუძლია გადასვლა ერთი კატეგორიიდან მეორეში, მეორე მხრივ კი ხელოვნურად ქმნი ბარიერს, რომელიც ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში. ერთ-ერთი ასეთი ხელოვნური ბარიერი იყო დრო, ანუ რამდენ ხანში ერთხელ შეეძლოთ აქტივობების ჩატარება, კრედიტების აღება და ასე შემდეგ.

2024 წელს კი, არჩევნების წინ, პრაქტიკულად სქემა იმიტომ გააუქმეს, რომ ხელფასი მოუმატეს ძირითადად ქვედა კატეგორიების მასწავლებლებს, ხელფასებს შორის სხვაობა რომ გაეთანაბრებინათ.

  • რეალურად, დანამატები გაუუქმეს მაღალი სტატუსის მქონე პედაგოგებს, არა?

დიახ. და აქედან გამომდინარე უფრო მეტად მიაბეს საათებს. ამ ცვლილების შემდეგ სქემა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო ხელფასის მატებისთვის – დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ კატეგორიაში ხარ.

  • თუმცა, ამ სქემამ თავის დროზე ის მოტივაცია გაუჩინა მასწავლებლებს, რომ პროფესიულად გაზრდილიყვნენ და მაღალი ხელფასიც მიეღოთ. 1000 ლარზე მეტი ჰქონდათ დანამატის სახით. დღეს ეს დანამატი 117 ლარია.   

ახლა პრობლემა ისაა, რომ აღარ იციან, როგორ უნდა მოუმატონ ხელფასები მასწავლებლებს. ძველი სქემა აღარ მუშაობს, საათებზე მიბმული სისტემა კი იმას გულისხმობს, რომ მასწავლებლისთვის ხელფასის დასამატებლად, საათის ღირებულება უნდა გაიზარდოს.

ვფიქრობ, ამ პრობლემის გადასაჭრელად მოიფიქრეს ეს ახალი მექანიზმიც – სქემაში, შიგნით უნდა დაყონ კატეგორიები ორ ნაწილად და სხვადასხვა საქმიანობით გადაანაწილონ.

  • რა იგულისხმება ამაში, იქნებ განვმარტოთ?

ახალი სქემის მიხედვით ჩნდება ახალი პრინციპი – შენ შეიძლება იყო, მაგალითად, მენტორი სკოლის დონეზე ან მენტორი მუნიციპალიტეტის დონეზე.

ეს ახალ საფრთხეებსაც აჩენს. ერთი საფრთხეა ის, რომ ვისაც მენტორის სტატუსი უკვე აქვს სკოლის დონეზე, მაგრამ უნდა, რომ მოიპოვოს მუნიციპალიტეტის დონეზეც, ეს სხვა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. მუნიციპალიტეტების დონეზე უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ინტერესები. არც ის ჩანს, რა პროცედურით უნდა შეირჩეს ეს კომისია – იქნება დემოკრატიულად შერჩეული, თუ დააკომპლექტებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით.

  • როგორც ვიცით, სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს კომისიის შემადგენლობა, ასეა?

კი, მაგრამ პრინციპი არ ვიცით, რა პრინციპით განისაზღვრება. არც ის ვიცით, რამდენად განსხვავებული იქნება ხელფასი.

  • ეს კითხვები ჰქონდათ მასწავლებლებსაც, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ. ისინი ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს სკოლის დონეზე ვიქნები მენტორი თუ მუნიციპალიტეტის, თუ არ მექნება შესაბამისი ანაზღაურება. ფაქტია, რომ მასწავლებლებს განვითარების მოტივაცია დაუკარგა ახალმა სქემამ. რამდენად სწორი იყო ეს მიდგომა?

საქმე ისაა, რომ სქემაში საერთოდ არ ჩანს, რას უძღვება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი, რადგან თავის თავში არ მოიცავს საქმიანობის ელემენტს. მენტორობა კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უნდა გყავდეს შეგირდი, ან დამწყები მასწავლებელი, რომელსაც უწევ მენტორობას.

თუ მუნიციპალურ დონეზე არის უკვე ასეთი ფუნქციის მატარებელი ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ საკუთარი სკოლის შიგნით, არამედ სკოლის გარეთაც უნდა ეწეოდეს მსგავს საქმიანობას. აქ ჩნდება კითხვა, უფინანსებენ თუ არა ამ საქმიანობას მენტორ მასწავლებელს, თუ იგულისხმება, რომ სკოლის სტატუსის ფარგლებში უნდა იმუშაოს მუნიციპალური დონის მენტორმა?

მაგალითად, ევალება თუ არა მუნიციპალური დონის მენტორს, არსებული დანამატის ფარგლებში სხვა სკოლის დამწყებ მასწავლებლებსაც უხელმძღვანელოს?

  • თქვენი აზრით, რატომ არ გასცა ამ კითხვებს პასუხები „ოცნების“ განათლების მინისტრმა, მაგალითად სქემის პრეზენტაციის დროს, ხომ ამბობენ მასწავლებლებს ვხვდებითო. 

უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია და მისი კავშირი განათლების სისტემასთან არის შემთხვევითი. პოლიციის აკადემიაში მუშაობდა და ეს არის მისი ძირითადი საგანმანათლებლო გამოცდილება. პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკია. ანუ ჩვენ გვყავს ორი ძალოვანი ფიგურა და ისინი მართავენ განათლების სისტემას. მათ არ იციან განათლების სფეროში არსებული პრობლემები. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები ამ პრობლემიდან არ გამომდინარეობს.

არ შეუძლიათ ახსნან, ბიუროკრატების მიერ მოფიქრებული სისტემები როგორ მუშაობს. სისტემის მთავარი ინტერესია დაიმორჩილოს მასწავლებელი და საერთოდ, ყველა, ვინც განათლების სისტემაშია. მათ შორის მოსწავლეები და მშობლებიც.

აი, ამ ინტერესიდან გამომდინარე ცდილობენ, სქემაში რაღაც ელემენტები ჩართონ, მათ შორის მენტორების შერჩევის მექანიზმი მუნიციპალურ დონეზე.

  • სკოლის დონეზე ვერ შექმნიდნენ მორჩილების მექანიზმს?

ავტორიტარულ სისტემებში – და ჩვენი სისტემა ნამდვილად ავტორიტარულია, მმართველი ძალა ცდილობს დაიქვემდებაროს ყველა, ვისაც სურს კარიერულად დაწინაურდეს.

უსამართლობაა ის, რომ მაგალითად თუ მასწავლებლებს ერთი სტატუსი უკვე აქვს ერთ სკოლაში, იგივე სტატუსი ვეღარ ექნება სხვა სკოლაში. უნდა აირჩიო. შესაბამისად, სახელმწიფო იმ ერთი სკოლის ფარგლებში მიღწეულ წარმატებას გიღიარებს და მეორე სკოლის ფარგლებში მიღწეულს – არა.

  • სქემის მიხედვით, მასწავლებლებს ხომ ისედაც აღარ უტოვებენ სხვა სკოლაში მუშაობის უფლებას. ან ერთ სკოლაში დარჩით, ან მეორეშიო – ასე წერია დოკუმენტში.

ეს ცალკე ამბავია, რომ ნებართვა სჭირდებათ ორ სკოლაში მუშაობისთვის. ამითაც იქვემდებარებენ ზემდგომები. საკითხავია ამ უფლების მინიჭების დროს რა იქნება ძირითადი კრიტერიუმი – მათი პროფესიონალიზმი თუ პოლიტიკური ლოიალობა?

ჩვენ ისედაც ნაკლები მასწავლებლები გვყავს ცალკეულ საგნებში, თუ ასეთ პირობებში კიდევ უფრო დემოტივირებულები გახდნენ და წავიდნენ სისტემიდან, პრობლემა გვექნება სწავლის ხარისხთან დაკავშირებით. მაშინ მოუწევთ სკოლებში მიიღონ ახალბედები და ნაკლებად პროფესიონალები.

  • სქემაში წერია, რომ სკოლა ავტონომიურია. რას წყვეტს სკოლა ავტონომიურად, თუკი მასწავლებლის დასაქმების, სტატუსების მინიჭების საკითხს სამინისტროს დამტკიცებული კომისია წყვეტს. თუკი ფორმის, ტელეფონების, სახელმძღვანელოების საკითხს სამინისტრო წყვეტს. რაში გამოიხატება სკოლის ავტონომია მაშინ?

სახელმძღვანელოების არჩევის უფლება, ეს არ არის მხოლოდ წიგნის არჩევის თავისუფლება, ეს არის მეთოდის არჩევის თავისუფლებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ერევიან პედაგოგიურ მიდგომებშიც და განუსაზღვრავენ მხოლოდ ერთ, სამინისტროსთვის მისაღებ სახელმძღვანელოს – ეს მასწავლებელს შინაარსობრივ ავტონომიასაც უზღუდავს.

მაგალითად, ტელეფონის აკრძალვა ან არაკრძალვა, სკოლის დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა და ახლა ეს გადაწყვეტილებაც სკოლის გარეთ მიიღო სამინისტრომ.

სინამდვილეში ეს სისტემები ასე არ მუშაობს. გვინახავს საბჭოთა სკოლა, 90-იანების სკოლაც და ვიცით, რომ მასწავლებლები მაინც იმას აკეთებენ, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ. საბჭოთა კავშირის დროს, მაგალითად, ჩემი ისტორიის მასწავლებელი, პრინციპულად არ მასწავლიდა საბჭოთა კავშირის ისტორიას და მასწავლიდა მაგალითად როკის ისტორიას.

  • ეს მაინც ინდივიდუალიზმამდე დადის, მთლიანობაში კი შეზღუდვები აზიანებს განათლების სისტემას, არა?

სანქციებს თუ შემოიღებ და მასწავლებელს დასჯი იმის გამო, რომ მის გაკვეთილზე ბავშვი მობილურს იყენებს, მერე უკვე დაიწყება დაპირისპირება მასწავლებლების კორპუსსა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამიტომ, ძალიან ბევრ რისკს აჩენს.

აი, მაგალითად, თუ ბავშვები ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ პრობლემები შეუქმნან მასწავლებელს, შეუძლიათ ამოიღონ მობილურები გაკვეთილზე, გადაიღონ ვიდეოები და გაავრცელონ. ეს იქნება პრობლემების შექმნა სკოლისთვის, მასწავლებლისა და დირექტორისთვისაც. იმიტომ, რომ იქნება კანონის საწინააღმდეგო.

  • იგივე შეიძლება მოხდეს ფორმასთან დაკავშირებითაც?

ფორმასთან დაკავშირებით გაუგებარია რა იქნება. მაგალითად, თუ არ ჩაიცვამს მოსწავლე ფორმას, მაშინ რას ვუშვრებით ამ მოსწავლეს?

  • ალბათ არ დაუშვებენ გაკვეთილზე?

არ ვიცი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. ამ უფლებას ხომ არ ჩამოართმევენ იმის გამო, რომ არ ემორჩილება რაღაცას – რას ვაკეთებთ მაშინ, ვართმევთ მშობლის უფლებას?

  • ასეთი აკრძალვებით აღჭურვილი სქემა, შეიძლება იყოს მოტივაცია მასწავლებლისთვის?

ამ სქემაში არც ადრე იყო არანაირი მოტივაცია. მხოლოდ ფინანსური მოტივაციაც არ არის მთავარი, რომ მასწავლებელმა უკეთესად იმუშაოს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კოლეგების, სასკოლო საზოგადოების მიერ აღიარება. მასწავლებელი, რომელიც მადლობას იღებს მშობლისგან და მაგალითად, სკოლის დასრულების ცერემონიალზე აღიარებენ როგორც პატივსაცემ ადამიანს, ბევრად მეტი მოტივაციაა მასწავლებლისთვის, ვიდრე ის, რომ 200 ლარით მოუმატეს ხელფასი.

იყვნენ ისეთები, რომლებიც თავიანთ სტატუს-კვოს ამართლებდნენ ამით – ბევრი მშობელი თვლის, რომ სანდო და პროფესიონალი ხართ, თუ დამატებით სახლში ამეცადინებ მოსწავლეებს. ასეთ მასწავლებლებს საერთოდ არ სჭირდებათ სახელმწიფოს აღიარება.

  • მასწავლებლების დიდი ნაწილი ვერ აბარებდა საგნის გამოცდას და მაინც მოუწია სახელმწიფოს მათთვის სტატუსების მინიჭება მინიმალური ქულით. ახალი სქემაც ამბობს, რომ არ მოეთხოვება პროფესიული წინსვლა უფროს მასწავლებლებს, მაგრამ თუ წამყვანი ან მენტორი ვერ გააკეთებს რაღაცას სათანადოდ, მათ წაართმევენ სტატუსებს. ეს სამართლიანია?

როცა სახელმწიფოს უნდა, რომ შეაფერხოს ხელფასების ზრდა, მაშინ ქმნიან ბარიერებს კონკრეტული ჯგუფებისთვის. შემდეგ უყურებენ, თითოეულ კატეგორიაში რამდენი მასწავლებელია და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას.

ამას სკოლის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებას იღებენ იქიდან გამომდინარე, რამდენი ფული აქვთ და არა იქიდან, რა სჭირდება განათლების სისტემას.

  • თუ 100 ლარით უზრდი ხელფასს მასწავლებელს, რომელიც სხვაზე მეტს შრომობს, ვინ მოისურვებს ასეთ კარიერულ ზრდას. მით უფრო, თუ 200 ლარზე მეტს აიღებს რეპეტიტორობით?

საქმე ის არის, რომ ხელოვნურად ქმნიან რაღაც სტატუსებს, საფეხურებს და მიმართულებებს იმისთვის, რომ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არსებობს რაციონალური სისტემა, რომლის მიხედვითაც ისინი მართავენ მასწავლებლების განვითარებას. სინამდვილეში არანაირი განვითარება არ ხდება. ეს სქემა არ იწვევს განვითარებას.

რეალურად, ბევრი გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ სიმბოლური სტატუსები დაემატოს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია, მაგრამ რეალურად, ახლა აღარც ხელფასი აინტერესებთ ამ სქემასთან დაკავშირებით.

პრობლემაა ისიც, რომ მასწავლებლებს კონკურენციაში ყოფნა უწევთ საათების გამოც. დირექტორს სჭირდება ობიექტური საზომი იმისთვის, რომ ეს საათები გადაანაწილოს. შეიძლება მასწავლებლის პრესტიჟი და მისი ოფიციალური სტატუსი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და მაშინ ჩნდება პრობლემა. 

დირექტორები ითხოვენ ფორმალურ კრიტერიუმს და სახელმწიფოც ხანდახან ამ კრიტერიუმებს ქმნის ხელოვნურად, რომ დირექტორებს გაუადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება. ხელფასის დანამატი შესაძლოა არ იყოს ამ სქემაში ჩადებული, მაგრამ საათების განაწილებისთვის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი და ამიტომ მოუნდეთ მასწავლებლებს კარიერულ კიბეზე ზევით იმოძრაონ.

  • როცა მასწავლებელს სთხოვენ ხარისხს, უნდა მიაწოდოს სკოლამ ან სამინისტრომ რესურსებს, რაც საჭიროა ინოვაციური გაკვეთილების ჩასატარებლად. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა სტანდარტს ქმნის სახელმწიფო?

ორი შეზღუდვაა მასწავლებლისთვის: ერთია რესურსების შეზღუდვა – ინტერნეტი იქნება ეს თუ სხვა დამხმარე მასალები, დრო, ბავშვების რაოდენობა კლასებში და ა.შ. და მეორე, არის პოლიტიკური შეზღუდვები, მაგალითად ის, რომ „ამ სახელმძღვანელოთი უნდა ასწავლო“, თუ პროგრამაც ცუდია, მაინც არ გაძლევენ უფლებას, აირჩიო სხვა საშუალებები.

ხშირად მასწავლებლები სწორედ ამაზე ესაუბრებიან მშობლებს, როცა მათი შვილების რეპეტიტორობას სთავაზობენ, რომ „უფლება არ მაქვს ვასწავლო შენს შვილს უკეთესი სახელმძღვანელოთი“, მოვიდეს ჩემთან სახლში და იქ ვიმეცადინოთ. თუ ბევრი ბავშვია კლასში, ეუბნებიან, რომ ხელს უშლიან სხვა ბავშვები და ამიტომ „სახლში გამეცადინებ“.

ახლა ასეთი არგუმენტები კიდევ უფრო გაიზრდება, ჩემი აზრით. მასწავლებელს შეუძლია თქვას, რომ უფლება არ მაქვს გასწავლო კარგი მათემატიკის სახელმძღვანელოთი, რადგან ერთი სახელმძღვანელოა, ამიტომ ვერ გასწავლი კარგად.

  • გამოდის, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს კი არ შეასუსტებენ, პირიქით – გააძლიერებენ? მაშინ რა დატვირთვა ექნება „რეფორმის“ შედეგად გაჩენილ რეპეტიტორიუმს?

მათი რეპეტიტორიუმი რეალურად არაფერს შეცვლის – რეალურად, შეჯიბრი უმაღლესებში მოსახვედრად იზრდება, რადგან ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტებში მცირდება, უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა კი იგივე რჩება.

შესაბამისად, ერთადერთი საშუალება, რომ ეს შიში დაძლიო, არის შემდეგი – შვილი უნდა მოამზადო რაც შეიძლება ბევრ მასწავლებელთან. სკოლაში რაც არ უნდა მოსამზადებელი კურსი იყოს, ეს არ გამორიცხავს, რომ სკოლის მერე ისევ არ წავა ბავშვი მოსამზადებლად.

  • ხშირად მოუწესრიგებელია სკოლების ინფრასტრუქტურა, სკოლების ნაწილი 2 და 3 ცვლაშიც კი მუშაობს შენობის უქონლობის გამო, გადაღლილი არიან ბავშვები და მასწავლებლებიც, არ არსებობს ხელმისაწვდომობა სასწავლო რესურსებზე… რამდენად რეალურია განათლებაში იმ ხარისხის შექმნა, რის გამოც ანგრევენ დღეს არსებულ სისტემას?

მე ვიცნობ მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 500 მოსწავლეს ასწავლის ორ სხვადასხვა სკოლაში იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ხელფასია დაბალი, მეორეა ის, რომ კარგი მასწავლებელია და თანახმა არიან ეს სკოლები, რომ იმუშაოს ამ მასწავლებელმა. სასწავლო გეგმაც ისეა შემუშავებული, რომ ერთ მასწავლებელს შეიძლება ჰყავდეს 300, 400 და 500 მოსწავლე კვირის განმავლობაში.

ეს ხდება იმიტომ, რომ მცირესაათიანია საგნები და ასე შემდეგ. დაანონსებული ცვლილებები ამ პრობლემებს ვერ აგვარებს.

აი, მაგალითად, ფორმები ავიღოთ, რომელ პრობლემას აგვარებს? ეს არის ფასადი. დანგრეულ შენობას თუ შეუღებავ ფასადს, შეიძლება გეგონოს, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ საკმარისია შიგნით შეხვიდე და აღმოაჩენ ძველ სისტემას. ეს ფორმიანი ბავშვებიც ივლიან გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებელი მათ სახელებს და გვარებსაც ვერ იმახსოვრებს, რადგან 30 საათზე მეტს მუშაობს და გადატვირთულია კლასები.

პირიქითაც არის, გვაქვს სოფლის სკოლები, სადაც მასწავლებლები მუშაობენ 6-8 საათს და ამ ფულით ვერ ცხოვრობენ, იმდენად დაბალია მათი ხელფასები. მერე იძულებული არიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლები გახდნენ, მერე ეს სქემა წამოეწევათ და ეტყვიან, რომ არა მხოლოდ ერთ საგანში უნდა იყო წამყვანი, სხვა საგნებშიც.

იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლება, სკოლების ბიუჯეტი უნდა გაორმაგდეს. ახლა კი ვხედავთ, რომ კორუფციაა სისტემაში, სკოლის ასაშენებლად ქირაობს სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც საერთოდ არ აქვს სკოლის აშენების გამოცდილება და მერე ეს კომპანია მიაგდებს მშენებლობას შუა გზაზე.

ვიღებთ დაუმთავრებელ სკოლებს და დაჩაგრულ სასკოლო საზოგადოებას, რომელიც ცდილობს გაექცეს საჯარო განათლების სისტემას და გადავიდეს კერძო სკოლებში, სადაც შესაძლოა ნაკლები აქვს ხელფასი, მაგრამ შესაძლოა ყოველ წუთს უაზრო მოთხოვნებს არ უწესებდნენ.

რუსეთში ჯარისკაცმა სცემა 80 წლის ქალს, რომელმაც ალკოჰოლის საყიდლად ფული არ მისცა

რუსეთში, რუსული არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 80 წლის პენსიონერს კბილი მოტეხა, რადგან ქალმა ალკოჰოლის საყიდლად მას 250 რუბლი არ მისცა – ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ წერს.

„მედიაზონა“ ეყრდნობა ხაბაროვსკის მხარის სამხედრო სასამართლოს განაჩენს, რომელშიც ნათქვამია, რომ  სასამართლომ ყოფილი ჯარისკაცი, მაქსიმ კილდიუშკინი, 180 000 რუბლით დააჯარიმა ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

განაჩენში წერია, რომ კილდიუშკინი მთვრალი იყო, მას ალკოჰოლის ფული გაუთავდა და 1945 წელს დაბადებულ პენსიონერთან წავიდა ფულის სათხოვნელად.

როდესაც პენსიონერმა ჰკითხა ვინ იყო, კილდიუშკინმა უპასუხა – „ჩვენიანი“ და ქალს 250 რუბლის სესხება სთხოვა. პენსიონერმა მას უპასუხა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ ყოფილმა ჯარისკაცმა მას არ დაუჯერა და სახეში მუშტი დაარტყა, ორჯერ.

განაჩენის თანახმად, სასამართლოში კილდიუშკინმა დაადასტურა, რომ მან პენსიონერს „ფულის სესხებაზე უარის თქმის“ გამო სცემა.

სასამართლომ ქმედება ჯერ შეიარაღებულ ძარცვად შეაფასა, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდება ძალადობამდე შეამცირეს.

„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ ჯარისკაცი აქამდე სულ მცირე ოთხჯერ იყო ნასამართლევი,  მათ შორის ორჯერ – მკვლელობისთვის. იგი სწორედ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს ციხეში, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საომრად წავიდა, სადაც დაიჭრა და ფეხი დაკარგა. განაჩენში აღნიშნულია, რომ კილდიუშკინი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის სახელმწიფო ჯილდოზეც იყო წარდგენილი.

ეს ერთ-ერთია იმ დანაშაულებიდან, რასაც რუსეთში უკრაინაში ომის შემდეგ დაბრუნებული ის ყოფილი პატიმრები სჩადიან, რომლებიც ციხიდან უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იყო  ძარცვის, მკვლელობისა და თავდასხმის არაერთი შემთხვევა.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კრემლმა მასობრივად დაიწყო ციხეებიდან და კოლონიებიდან პატიმრების საომრად გაგზავნა. 2023 წლის გაზაფხულამდე ისინი ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ, შემდგომ კი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებთან აფორმებდნენ კონტრაქტებს.

თავდაპირველად „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში 6 თვით ბრძოლის სანაცვლოდ შეწყალებას იღებდნენ, თუმცა მოგვიანებით პირობები შეიცვალა და შეწყალების მსურველ პატიმრებს რუსეთის ჯარში საკონტრაქტო სამსახური ომის დასრულებამდე უწევთ.

„წლებია მიწას ვერ ვირეგისტრირებთ, არჩევნების წინ დაგვპირდნენ“ – გონიოში მცხოვრებები

გონიოში მცხოვრებები „ოცნებას“ არჩევნების წინ მიცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ.

მათ დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ამდენი წლის შემდეგ მიწის ნაკვეთებს ისევ ვერ ვირეგისტრერებთ და ისევ არ ვიცით, რატომ.

არჩევნების წინ გვპირდებიან, შემდეგ დავდივართ დოკუმენტებით, ხან რაღაც აკლია, ხან ნახაზი შეცვალეთო და ასე.

ნახაზის შეცვლა 300 ლარია, არაერთხელ შეგვაცვლევინეს“, – ამბობენ გონიოში მცხოვრებები, რომლებმაც მიწის ნაკვეთები ვერც თვითნებურად დაკავებული ფაქტობრივი საკუთრების წესის შესაბამისად დაირეგისტრირეს და ვერც სპორადული რეგისტრაციით.

აქციის ზოგიერთი მონაწილე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას გონიოს ციხესთან ახლოს ითხოვს.

ციხეს ძეგლის სტატუსი აქვს და მას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ციხის მიმდებარე ტერიტორიას კი ძეგლის დაცვის ზონის სტატუსი აქვს, სადაც კანონი კრძალავს იმგვარ მოქმედებებს, რამაც შეიძლება ძეგლს ზიანი მიაყენოს ან დაჩრდილოს.

კანონით, ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის -1000 მეტრის რადიუსით.

ეს შეზღუდვა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით კოპინაძემ უარის მიზეზად დაასახელა მოსახლეობასთან შეხვედრისას, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც საკუთრების დარეგისტრირებას ითხოვენ სხვა ტერიტორიაზე და არა ძეგლის დაცვის ზონაში.

ცნობილია, რომ გონიოს ციხესთან, დაცულ ტერიტორიაზე არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოსახლეობას საკუთრებაში 2016 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს.

ამას წინ უძღოდა 2010 წლის პროცესები, როცა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონიოელებს მის მიერვე 2008 წელს გადაცემული ეს მიწები ჩამოართვა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება ამ ოჯახებისთვის გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა.

„სააკაშვილის მიერ ერთ დღეში მიწების ჩამორთმევაზე“ ისაუბრა დღესაც ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა კაკაბაძემ „ბათუმელებთან“. ის ირწმუნება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გონიოში მესაკუთრეების 90 პროცენტს დაურეგისტრირა მიწის ნაკვეთები. პრობლემა 10 %-ს აქვს, რაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვაა. თუმცა მან ვერ დაასახელა რა შეზღუდვასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევებში, როცა მიწის ნაკვეთები ძეგლის დაცვის ზონაში არ არის.

ათეულობით ოჯახი გონიოში საკუთრების დასარეგისტრირებლად სასამართლოში წლები დავობდა, სადაც მათ ინტერესებს ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. 

რაც შეეხება ძეგლის დაცვის ზონას, ამ ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარის გამო მოსახლეობამ სასამართლოს 2016 წელს მიმართა.

იმედოვნებდნენ, რომ მათ სახლების აშენების უფლებას მისცემდნენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა.

თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, მათ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირეს სპეციალური პირობით, რომ ზონაში არ დაიწყებდნენ მშენებლობას.

დღეს აქციაზე შეკრებილებმა „ბათუმელებთან“ დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთების სამურნეო დანიშნულებით გამოყენების უფლება არ აქვთ და დარეგისტრირება მშენებლობისთვის სურთ.

ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა ბეტონის ქვეშ.

2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური მასალა.

„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი

ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კაპიტნის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვენესუელასთან დაკავშირებული ნედლი ნავთობის ტანკერის კაპიტანი, რომელიც ამ თვეში შეერთებულმა შტატებმა დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გადაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება,“ – წერს როიტერსი.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა დანაყოფებმა, სასამართლო ორდერის საფუძველზე, 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში, ისლანდიასთან ახლოს, დააკავეს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Marinera იგივე BELLA1.

ტანკერს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. ,,როიტერსი” წერს, რომ ვაშინგტონის მიზანი ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვა იყო.

დაკავების შემდეგ ტანკერი Marinera შოტლანდიის სანაპიროსთან ახლოს გადაიყვანეს.

დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველი ავთანდილ კალანდაძე იყო, ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე უკრაინელი, რუსი, ქართველი და ინდოელი მეზღვაურები.

სწორედ შოტლანდიაში, ედინბურგის სასამართლოში წამოიწყო სამართლებრივი დავა დაკავებული კაპიტნის მეუღლემ, ნათია ძაძამიამ.

მან შოტლანდიელი ადვოკატების დახმარებით სარჩელი შეიტანა ედინბურგის სასამართლოში და მოითხოვა „უკანონოდ დაკავებული მეუღლის გათავისუფლება“. ასევე ითხოვდნენ დაკავებული კაპიტანი არ გასულიყო შოტლანდიის იურისდიქციის ზონიდან.

27 იანვარს შოტლანდიურმა სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც კაპიტნის გადაყვანას კრძალავდა მისი დაკავების კანონიერებაზე სასამართლოს დასრულებამდე.

თუმცა, ავთანდილ კალანდაძის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა აამერ ანვარმა ,,როიტერსს” უთხრა, რომ „ეს განკარგულება 28 იანვარს, სამშაბათს დილით გაუქმდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მოისმინა, რომ კალანდაძე უკვე ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა“.

სასამართლოს განკარგულება გაუქმდა.

„მიუხედავად იურიდიული მცდელობებისა მათი გადაყვანის შესაჩერებლად, კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე, საქართველოს მოქალაქე და გემის პირველი ოფიცერი შოტლანდიის იურისდიქციიდან გადაიყვანეს აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე.

ჩვენი კლიენტის საქმის სასამართლო გადახედვა ვეღარ შედგა, რადგან მისი მეუღლე აშშ-ის მთავრობამ შოტლანდიისა და ბრიტანეთის ტერიტორიიდან მოიტაცა,“ – მისწერა წერილობითი კომენტარი ,,როიტერსს” კაპიტნის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა, აამერ ანვარმა.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა  „როიტერსს“ მიაწოდა ინფორმაცია ეკიპაჟის სხვა წევრების შესახებაც.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ეკიპაჟის წევრებს მიეცათ ნებართვა გემიდან ჩასულიყვნენ შემდგომი მგზავრობის მიზნით, ისინი გაივლიან შესაბამის საიმიგრაციო და სამართლებრივ პროცედურებს.

„რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეკავება, საქმიანობის შეფერხება და დასუსტება ამ მთავრობის პრიორიტეტია. მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს რეაგირებას ასეთ ჩრდილოვან გემებზე და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – უთხრა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა „როიტერსს“ იმ გემებზე საუბრისას, რომლებიც სანქციების პირობებში ნავთობს ეზიდებიან.

ადვოკატ აამერ ანვარის განცხადებით, Marinera-ს ეკიპაჟის დანარჩენი 26 წევრი (გემი ადრე Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი) ბრიტანეთის არმიის ცენტრში, ინვერნესში გამოკითხეს. ადვოკატის თქმით, ხუთმა მათგანმა შეერთებულ შტატებში გამგზავრება აირჩია, ხოლო დანარჩენმა სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული მგზავრობის ვარიანტები არჩია.

ამავე თემაზე:

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

ქალის გატაცების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2006 წელს დაბადებულ პირს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული პირებიც.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“ – წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოავლინეს ყველის არალეგალური საწარმოები – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

სააგენტოს ცნობით, ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში.

„ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“ – წერს სააგენტო.

ასევე, სააგენტოსავე ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს „რაგოშიც“ ტყიბულში, სოფელი სამტრედიაში.

„ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“ – იუწყება სააგენტო.

___________

ფოტო: სურსათის უვნებლობის სააგენტო

 

ბათუმში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი 60 წლამდე კაცია. ის ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ, 27 იანვარს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 236 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 609 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 958 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 36 713 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 629 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 286 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 117 724 ერთეული [+1 012]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 102 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 4 053 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 406 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 364 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 652 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 903 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 53 043 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის“ – ზელენსკი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ირაკლი კობახიძის რა ციტატები მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში – მზია ამაღლობელის საქმე

„უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა სასამართლო პროცესების დროს მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი განწყობის შემქმნელი, მიკერძოებული განცხადებებით,“ – აღნიშნულია კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა. სამართლის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ დარღვევად „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მიიჩნევს.

  • დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული არ მიიჩნევა დამნაშავედ, ვიდრე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას – ეს ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებით მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას და მის დამნაშავედ გამოცხადებას.

პროფესიით იურისტმა და „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არაერთხელ დაარღვია, ამის რამდენიმე მაგალითი და პირდაპირ ციტატა მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში, მაგალითად, ეს:

„მზია ამაღლობელმა კონკრეტული დაკვეთა შეასრულა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი უწყებები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა მან ზუსტად ის პასუხი მიიღო, რაც ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა გაეცეს. რა თქმა უნდა, ეს ხალხი ამით განაწყენებულია. ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკნინებას,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს.

2025 წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა:

„აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტულად კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, მაგრამ დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ერთ-ერთი მთავარი ქალაქის პოლიციის უფროსს, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი კომენტარი:

„[მზია] იქ პარტიული აქტივისტის როლს ასრულებდა და შესაბამისად, ამ ფაქტის მედიასთან დაკავშირება აბსოლუტური სპეკულაციაა… პოლიციელის ან სახელმწიფო წარმომადგენლის შეურაცხყოფა არ შეიძლება მიაყენო. თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი. შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის იმიჯი. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი…“

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონი გამოძიებამ მისი დაკავებისთანავე ამოიღო და 9 თვე ეძებდა იქ „დამკვეთს“, მაგრამ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, „ოცნებამ“ მზია ამაღლობელის ტელეფონში „დიპ სთეიტი“ ვერ იპოვა.

„კლუნების ფონდის“ ანგარიშში მოხვდა „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების კომენტარებიც, მაგალითად, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის. მან მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე განაცხადა:

„ვფიქრობ, კადრები ნათლად აჩვენებს, რომ ეს პოლიციელზე განზრახ თავდასხმაა, რაც სამწუხაროა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • რატომ მიიჩნია „კლუნების ფონდმა“ ირაკლი კობახიძის განცხადებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად? 

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(2) მუხლი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სასამართლო ორგანომ წინასწარ არ განსაზღვროს საქმის შედეგი.

წინასწარი განსაზღვრა შეიძლება გამომდინარეობდეს იმგვარი მსჯელობის არსებობიდან, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლო ან ოფიციალური პირი ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევს, მაშინაც კი, თუ ასეთის ოფიციალური დასკვნა არ არსებობს,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა საჯარო თანამდებობის პირის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ პირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, რომელიც ასახავს მოსაზრებას, რომ იგი დამნაშავეა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალეულობის დამტკიცებამდე“.

ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი (UNHRC) ცალსახად აღნიშნავს, რომ „ყველა საჯარო ოფიციალური პირის მოვალეობაა, თავი შეიკავოს სასამართლო პროცესის შედეგის წინასწარ შეფასებისგან, მაგალითად – ბრალდებულის დამნაშავეობის დამადასტურებელი საჯარო განცხადებების გაკეთებისგან“.

„უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება ასევე კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ზედმეტად მიანიშნებს, რომ ბრალდებული დამნაშავეა. მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ განაცხადა, რომ „ბრალდებულები, როგორც წესი, არ უნდა იყვნენ ბორკილებით შეკრულები ან გალიებში გამოკეტილები სასამართლო პროცესების დროს ან სხვაგვარად არ უნდა იყვნენ წარდგენილი სასამართლოს წინაშე ისე, რომ ისინი შეიძლება იყვნენ საშიში დამნაშავეები“, – ვკითხულობთ „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ შეისწავლა, მიიჩნევს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხს უკავშირდება მისი მინის კაბინაში გამოკეტვაც.

„მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაირღვა მის მიმართ სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელებული მოპყრობით. სასამართლომ მზია მოათავსა მინის გალიაში „აკვარიუმში“, სასჯელაღსრულების თანამშრომლების გარემოცვაში. იგი აკვარიუმში რჩებოდა საკუთარი ჩვენების მიცემის დროსაც.

მზია არის ფართოდ პატივსაცემი ჟურნალისტი, აქვს მხედველობის პრობლემები და არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. მისი აკვარიუმში მოთავსებით გამოწვეული სტიგმატიზაციის გამართლება უსაფრთხოების არანაირ გარემოებას არ ჰქონდა, რაც დასტურდება იმითაც, რომ სასამართლოს არ მიუთითებია არცერთი ობიექტური მტკიცებულებაზე, რომელიც ასეთ მიდგომას დაასაბუთებდა. ამასთანავე, სასამართლოს, როგორც ჩანს, არც განუხილავს, იყო თუ არა მზიას იზოლაცია, ანუ წინასწარი განწყობის შემქმნელი [მიკერძოებული] ეფექტი გამართლებული რაიმე ჰიპოთეზური საფრთხით, რომელსაც იგი [მზია ამაღლობელის მინის კაბინის გარეთ ყოფნა] შესაძლოა წარმოადგენდა,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით „კლუნების ფონდი“ ამ დასკვნამდე მივიდა:

„სასამართლო პროცესის დროს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების [მათ შორის პრემიერ-მინისტრის] მიერ იყო გაკეთებული უაღრესად მიკერძოებული წინასწარი საჯარო განცხადებები.

დოკუმენტირებული დარღვევები მზიას იმ უფლებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით („ECHR“) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით („ICCPR“), როგორც ეს ამ ანგარიშშია გაანალიზებული, ადასტურებს, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

2025 წელს ირაკლი კობახიძისგან მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას, თუმცა ეს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით იაკობაძემ არც კი განიხილა.

ამ მოსამართლემ 2025 წლის 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო „პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს. იმ დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას „ქართული მართლმსაჯულებისთვის საშიში პრეცედენტი” უწოდა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა.

———–

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ.

ამ თემაზე:

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთის ზღვაში დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის მეუღლე ნათია ძაძამია ედინბურგის სასამართლოში ჩივის და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ქმრის გასათავისუფლებლად.

ბრიტანული გამოცემა გარდიანის თანახმად, ედინბურგში შეტანილ სარჩელის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე უკანონოდ არის დაკავებული.

ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე BELLA 1-ის სახელით იყო ცნობილი, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში, მორეის ყურეშია გაჩერებული.

  • რა ვიცით ტანკერ Marinera-ზე?

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სამხედრო ხომალდებმა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავეს.

ნავთობტანკერი დააკავეს აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე.

ნავთობტანკერ Marinera-ს ადრე BELLA 1- ერქვა.

ნავთობტანკერი ეჭვმიტანილი იყო აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის ვენესუელაში ტრანსპორტირებაში.

2025 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცემდა ვენესუელაში შესულ და იქიდან გამოსული სანქცირებული ტანკერების ბლოკირების ბრძანებას.

ბიბისის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა 2025 წლის დეკემბერში კარიბის ზღვაში შეეცადა გაიანის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Bella 1-ზე ასვლას, რომელიც ვენესუელისკენ მიემართებოდა. მათ ჰქონდათ გემის დაკავების ორდერი აშშ-ის სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის ტრანსპორტირების ბრალდებით. თუმცა გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი, გადაირქვა სახელი, Bella 1-ის ნაცვლად გახდა Marinera და დარეგისტრირდა რუსული დროშის ქვეშ.

ამერიკულ სამხედრო ძალებს ნავთობტანკერის დაკავებაში სამხედრო დახმარება გაუწია დიდმა ბრიტანეთმა.

კერძოდ, გარდიანის თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-ის ავიაციას ბაზების გამოყენების ნებართვა მისცა ოპერაციის მოსამზადებლად და ჩასატარებლად, სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) დამატებითი სადაზვერვო მხარდაჭერა უზრუნველყვეს, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებმა საწვავით მოამარაგეს.

„ეს გემი, საეჭვო წარსულით, წარმოადგენს რუსეთ-ირანის სანქციებისგან თავის არიდების ღერძის ნაწილს, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე ტერორიზმს, კონფლიქტსა და ტანჯვას აღვივებს,“ – უთხრა გარდიანს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილმა.

ჯონ ჰილის თქმით, „ტანკერმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიცვალა სახელი და, როდესაც Bella 1-ის სახელით კარიბის ზღვაში შევიდა, გაიანას დროშა შეცდომაში შეყვანის მიზნით აღმართა“.

  •  ვინ არიან Marinera-ს ეკიპაჟის წევრები და რა ბედი ეწიათ მათ

დაზუსტებითაა ცნობილი, რომ Marinera-ს კაპიტანი ქართველი ავთანდილ კალანდაძეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემზე ასევე იმყოფებოდა 17 უკრაინელი, 6 ქართველი [კაპიტნის ჩათვლით], 3 ინდოელი და 2 რუსი მეზღვაური.

ამ ეტაპზე, საჯარო წყაროებით უცნობია Marinera-ზე მყოფი 5  ქართველი მეზღვაურის ვინაობა.

მიუხედავად იმისა, რომ Marinera აშშ-ის საზღვაო ძალებმა დააკავეს, გემი შოტლანდიაში დგას, შოტლანდიაში არიან დაკავებული ეკიპაჟის წევრებიც. შესაბამისად, სწორედ შოტლანდიის იურისდიქციაშია მოქცეული Marinera-ს ეკიპაჟის საქმე.

ამიტომაც მიმართა ქართველი კაპიტნის მეუღლემ ედინბურგის სასამართლოს ავთანდილ კალანდაძის გათავისუფლების მოთხოვნით.

გარდიანის თანახმად, ნათია ძაძამიას წარმომადგენელმა ადვოკატებმა, ედინბურგის სასამართლოში სარჩელი 26 იანვარს შეიტანეს. ადვოკატები Marinera-ს კაპიტნის დაკავების მართლზომიერებას ეჭვქვეშ აყენებენ და ედინბურგის სასამართლოს მის გათავისუფლებას სთხოვენ უკანონო პატიმრობიდან.

„დღეს ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა კაპიტან ავთანდილ კალანდაძის დაკავების კანონიერების სასამართლო გადახედვის შესახებ. ვაცხადებთ, რომ ნათია ძაძამიას ქმარი, ეროვნებით ქართველი, უკანონოდ იყო დაკავებული და დაკავებული აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ შოტლანდიაში 7 იანვრიდან, საზღვაო გემზე, რომელიც ცნობილია როგორც Marinera და ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1. კაპიტნის მეუღლე შეშფოთებულია ქმრის უსაფრთხოებით გემზე. ჩვენ ვითხოვთ შოტლანდიის სასამართლოს ჩარევას, რათა დავიცვათ მისი ქმრის კანონიერი უფლებები,“ – განუცხადა „გარდიანს“ ნათია ძაძამიას სახელით მოქმედმა ადვოკატმა, აამერ ანვარმა.

ადვოკატის თქმით, მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ ქართველი კაპიტანი „უკანონოდ იმყოფება სამართლებრივ გაურკვევლობაში“.

ადვოკატები მოითხოვენ საგანგებო ორდერს, რათა თავიდან იქნას აცილებული გემისა და ბორტზე მყოფი პირების შოტლანდიის სასამართლოს იურისდიქციიდან გაყვანა.

გარდიანის ცნობით, ორშაბათს, 26 იანვარს, გამართული სასამართლო მოსმენის დროს, სასამართლომ შეზღუდული ფორმით დროებითი აკრძალვა გასცა.

ადვოკატების თქმით, სასამართლოს მიერ გამოცემული აკრძალვა შოტლანდიის გენერალურ პროკურორს, შოტლანდიელ მინისტრებს – ან მათი სახელით მოქმედ ნებისმიერ პირს, უკრძალავს Marinera-ს კაპიტნისა და ეკიპაჟის სასამართლოს ტერიტორიული იურისდიქციიდან გაყვანას.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სრული სასამართლო მოსმენა უახლოეს დღეებში გაიმართება.

უფრო მეტი დეტალის გასაგებად „ბათუმელებმა“ სცადა ნათია ძაძამიასთან დაკავშირება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ შეძლო.

„პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე“ – ინტერვიუ მოზარდების ძალადობაზე

„იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი. მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი, როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში“- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მას „ბათუმელები“ მოზარდების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, ბავშვზე ძალადობა ან მოზარდების მხრიდან ძალადობაზე საუბარი ხშირად მაშინ გვიწევს, როცა უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ. სახელმწიფო კი, თითქმის არასდროს საუბრობს პრევენციაზე, იმაზე, თუ რა გააკეთა ძალადობის შესამცირებლად. რა უწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობის გამოვლინებას და როგორია ამაზე ზრდასრული საზოგადოების პასუხი?

ის, რომ მოზარდთა დანაშაული ქვეყანაში გაზრდილია; ის, რომ არის მოზარდთა რაღაც დაჯგუფებები, რომლებიც ზიანს აყენებენ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებს ან თავდასხმა ხდება მოქალაქეებზე და ასე შემდეგ,  ახალი არ არის.  ხშირად გვესმოდა ამის შესახებ და პირადად მეც გამიგია პროფესიონალებისგან, რომლებიც ძალიან წუხდნენ – „რა ვუყოთ ამ ბავშვებს?“

ბავშვი, რომელიც მაგალითად მიდის ბაზრობაზე, იპარავს კარაქს და მერე ამ კარაქს აბარებს სადღაც, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ – ასეთ არაერთ ფაქტზე მსმენია უშუალოდ სფეროს წარმომადგენლებისგან, მაგრამ ეს ფაქტები ყოველთვის განიხილებოდა კონტექსტში, რომ აი, კანონი არ გვივარგა, რადგან არ ითვალისწინებს მოზარდების დასჯას.

პოლიციელს უთქვამს ხოლმე, – „რა ვუყო ამ ბავშვს, სად წავიყვანო“ და ხშირად გულწრფელად წუხდა ამაზე. თუმცა ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთი – ასეთი მზარდი დანაშაული არანაირად არ არის კავშირში იმ ჰუმანურ კანონთან, რომელიც გვქონდა, რადგან უკვე აღარ გვაქვს.

ყოველთვის, მეც და ჩემი კოლეგებიც, როცა შეხება გვქონია რთული ან კრიმინალური ქცევის მქონე ბავშვებთან, ვამბობდით, რომ გამოსაძიებელია, ხომ არ არის ეს ორგანიზებული დანაშაული? ხომ არ სარგებლობს ამ კანონით კრიმინალური სუბკულტურა და იყენებს ბავშვების საწინააღმდეგოდ?!

  • მიგიღიათ პასუხი სახელმწიფოსგან როდისმე?

არასოდეს მომისმენია. ერთადერთი პასუხი, რაც მიმიღია, არის ის, რომ თვითონ არასრულწლოვანები, მაგალითად 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები ითრევენ 14 წლამდე ბავშვებს ამ ტიპის დანაშაულშიო. თუ ეს ასეა, ამასაც სჭირდება კვლევა და ზომების მიღება.

თუმცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გადავავსოთ ციხეები ბავშვებით. არასწორი იქნება ეს მიდგომა.

გასაგებია, რომ დაზარალებული ადამიანი ბრაზდება, რადგან მას არავინ უნაზღაურებს დანაკარგს და მერე ამბობს, რომ კანონი არ მუშაობს, მაგრამ ამ დროს, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ორგანიზებული დანაშაულისთვის სივრცე არ არსებობდეს ქვეყანაში.

დავუშვათ, პოლიცია ამჩნევს, რომ მოზარდი ჩართულია ასეთი ტიპის საქმიანობაში, ამ ბავშვს სჭირდება გამოკვლევა: სად ცხოვრობს, რა პირობებშია, რა გარემოში, რა რისკის ფაქტორები აქვს, რატომ არ არის, მაგალითად, ეს ბავშვი საღამოს საათებში სახლში, როცა მეორე დღის გაკვეთილებისთვის უნდა ემზადებოდეს…

ბევრი მიუსაფარი ბავშვია სხვათა შორის და ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რაზეც ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს. ამ დროს სახელმწიფომ უნდა გააჩინოს პრევენციული სივრცეები, ხომ?!

დანაშაულის პრევენციაში უზარმაზარი როლი აქვთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რადგან  პოლიცია ხომ აკვირდება გარკვეულ რეგიონებს, რომელიც მისი ზედამხედველობის ქვეშაა, ხომ იკვლევს ცხელ წერტილებს, იკვლევს ბავშვებს, რომლებიც ამ ცხელ წერტილებში ხვდებიან, ეს მონაცემები უნდა მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მაგალითად ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ მაგალითად განათლების, ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, კულტურის, სპორტის და ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები და ერთად დაგეგმავენ ისეთი გარემოს მოწყობას, რომელიც დაეხმარება ბავშვს.

ასე განაწილდება საქმე. მაგალითად, ზრუნვის სააგენტო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება შევიდეს ოჯახში, სწავლობს ოჯახს; სკოლა თავის საქმეს გააკეთებს, ოღონდ კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული და ეს არ უნდა გახდეს მთელი ქალაქის სალაპარაკო. ბავშვის უფლებების დაცვის ყველა მექანიზმები უნდა იყოს გათვალისწინებული.

ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელსაც ექნება უნარი შეაფასოს და გააკეთოს ბავშვის სრული, ბიოფსიქოსოციალური კვლევა. აჩვენოს, რომელი ფაქტორები ახდენენ ბავშვზე გავლენას, გამოკვეთოს რისკები და თითოეულ ბავშვზე შეადგინოს ღონისძიების გეგმა.

შეიძლება რომელიმე ბავშვის მშობელი ღამის ცვლაში მუშაობს ან მარტოხელა მშობელი იყოს და ბავშვი იმ საათებში იყოს მეთვალყურეს გარეშე; შესაძლოა ბავშვი სიღარიბეში იზრდება ან უგულებელყოფილია ოჯახისგან და ამიტომ ატარებს მეტ დროს ქუჩაში… ეს არის მთელი რიგი კომპლექსური საკითხები, რომელიც უნდა შეისწავლოს სახელმწიფომ და ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ბავშვზე მორგებული ინდივიდუალურად.

  • როგორც ვიცით, მანდატურის სამსახურთან არსებობს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რაზეც სახელმწიფო ხარჯავს ფინანსებს ბიუჯეტიდან და ადრე, როცა ჯერ კიდევ არ იყო სისტემა ბოლომდე ჩაკეტილი, გვქონდა ინფორმაცია, რომ 1000-2000 და მეტი ბავშვი გადიოდა ხოლმე წელიწადში ფსიქოლოგთან კონსულტაციას ამ ცენტრში. გამოდის, რომ ამ ინფორმაციასაც არ ამუშავებს სახელმწიფო დანაშაულის პრევენციისთვის?

ვერ გეტყვით. მანდატურის სამსახურთან, როგორც სუპერვაიზერს, არ მიმუშავია, თუმცა მაქვს ინფორმაცია მათი მუშაობის შესახებაც. იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი – მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი. როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში, ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში.

რატომ ხდებოდა ასე? იმიტომ, რომ არ იყო კოორდინირებული მუშაობა და ასეთი რთული შემთხვევის თავის თავზე აღება არავის არ უნდოდა.

  • პასუხისმგებლობებს იცილებდნენ თავიდან?

არიდება ხდებოდა, კი. ამიტომ ვამბობდი, რომ უნდა არსებობდეს ერთი პასუხისმგებელი ჯგუფი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელიც მოახდენს ბავშვის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას და განსაზღვრავს, დავუშვათ, ინტერვენციის ფორმებსაც.

ვიღაცას შეიძლება საერთოდ არ სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება; ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი; ვიღაცისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს სპორტულ აქტივობაში ჩართვა, ვიღაცას შესაძლოა სჭირდებოდეს თერაპია.

არსებობს ასეთი ფენომენიც, რომელიც ნაკვლევია კრიმინოლოგიაშიც და ფსიქოლოგიაშიც, რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ბავშვის გულისცემის რიტმი ძალიან დაბალია, რაც მძიმე აღსაქმელია ბავშვისთვის, ვერ ხვდება რაშია საქმე და ხშირად ბავშვები ამას აღწერენ როგორც სიცარიელის განცდას. ძალიან დისკომფორტულია ეს მდგომარეობა.

  • ამიტომ აქტიურობენ?

დიახ. მათ სჭირდებათ რაღაც სტიმულატორი, რომლითაც მათი გულისცემა ჩვეულებრივ ნორმას მიუახლოვდება. კვლევები გვეუბნება, რომ ცალსახად, ეს ბიოლოგიური ფაქტორი არ იწვევს კრიმინალურ ქცევას თუ ოჯახი, გარემო არის ბავშვზე ორიენტირებული, ზრუნავს ბავშვზე, ყურადღებას აქცევს და შესაბამის სპეციალისტთან მიჰყავს; როცა ოჯახი თამაშობს დამცავი ფაქტორის ფუნქციას, მიჰყავს ბავშვი ვთქვათ სპორტზე, სადაც დიდი ადრენალინია საჭირო და ეს ეხმარება ბავშვს ამ ბიოლოგიური პრობლემის დაძლევაში.

მაგრამ, თუ არ ჰყავს ბავშვს გარშემო არავინ, ვინც სწორად დაინახავს მის საჭიროებებს და ბავშვი ამ მდგომარეობის გამო გრძნობს დისკომფორტს, ვერ ხვდება რა სჭირს. დავუშვათ ბრაზობს, რაღაცას ამტვრევს, ასეთ დროს ადრენალინი თავისთავად იმატებს და გულისცემა ნორმას უახლოვდება, ბავშვი კი კარგად გრძნობს თავს. მშობელი და სკოლა კი ხშირად ამის გამო ბავშვს სჯის.

  • ესე იგი, ამ ფაქტორს არ იცნობს მშობელი და არც სკოლა? 

იმიტომ რომ ერთი სტანდარტი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენი სტანდარტია დასაჯო ბავშვი – „მკაცრი ხელი სჭირდება“, „რას ჰქვია ამას ბედავს“ და კიდევ სხვა მაგალითების მოყვანაც შემიძლია. იქ სადაც გულისცემის რიტმი დაბალია, შფოთვა, შიში არ არის. ამიტომ ეს ბავშვები ძალიან იოლად მიდიან სარისკო ქცევაზე.

ხოლო ბავშვისთვის, რომელსაც აქვს მაღალი შფოთვა და არ არის იმპულსური, მაღალი შფოთვა არის დამცავი ფაქტორი, რომ არ ჩაიდინოს კრიმინალური ქცევა. მას შედეგის ეშინია. მაგრამ ბავშვი, რომელსაც მაღალი იმპულსურობა აქვს და შფოთვა – დაბალი, იოლად მიდის რისკზე და რაც არ უნდა დასაჯო, არაფრის არ ეშინია.

აი, ამას, კვლევა უნდა, სპეციალისტი სჭირდება და ჩვენ გვყავს ამ ქვეყანაში სპეციალისტები, რომლებსაც თუკი სახელმწიფო მოინდომებს, შეუძლიათ ასეთი ტიპის ანალიზი გააკეთონ.

  • თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ნიადაგი მოამზადა არა ასეთი სისტემის ასამუშავებლად, არამედ შექმნა კანონები ბავშვების წინააღმდეგ, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკეტვას ითვალისწინებს 6 და მეტი თვით და არც ის ვიცით, რა სერვისს მიიღებენ აქ გამომწყვდეული ბავშვები. არის კი ეს გამოსავალი?

გამოკეტვა არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. გამოსავალია დღის ცენტრების შექმნა ისეთი ბავშვებისთვის, რომლებიც დღის მეტ ნაწილს ატარებენ ქუჩაში. ოღონდ ისეთი დღის ცენტრების არა, რომელიც დღეს გვაქვს. ისეთი დღის ცენტრების, სადაც ბავშვი რომ მივა სკოლის შემდგომ, ექნება კვება, სადაც იქნება შესაძლებლობა ვიღაცამ ამეცადინოს, სკოლისთვის მოამზადოს, თავისუფალ დროს  დაიტვირთოს სხვადასხვა აქტივობებით.

  • სისტემამ შესაძლოა თქვას, რომ ასეთ გარემოს შევქმნი მათთვის დახურული ტიპის შენობაში…   

ეს გამამართლებელი იქნება ისეთ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიუსაფარია ან აქვს ოჯახში ძალადობის, უგულებელყოფის რისკი და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ხარჯავდეს ენერგიას, რომ იმუშაოს მშობლებთან. ბავშვის ოჯახიდან მოწყვეტა, მითუმეტეს ამ ასაკში, არის იმდენად გამოუსწორებელი ტრავმა, რაც არ უნდა კარგი ცენტრი დავახვედროთ იქ, ეს შედეგს ვერ მოიტანს.

ხშირად მომყავს ხოლმე ამერიკის ერთ-ერთი შტატის მაგალითი, სადაც რისკების შემცირების მიზნით ერთ-ერთ უბანში, სადაც იმატა კრიმინალის მაჩვენებელმა ღამის საათებში, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შექმნეს მოზარდებისთვის.

პოლიციამ შეისწავლა იმ უბნის ბავშვების ისტორიები, გადასცა საკოორდინაციო ჯგუფს და აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების მშობლები ღამის ცვლაში მუშაობდნენ, ზოგს ჰყავდა მარტოხელა მშობელი ან ოჯახში ჰქონდა ძალიან კონფლიქტური სიტუაცია, რაც აიძულებს ბავშვს, რომ გარეთ გამოვიდეს ღამით. ამიტომ ამ ბავშვებისთვის მოაწყვეს კარგი სათამაშო მოედანი, მოუწყვეს ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი და ჩართეს ეს ბავშვები ამ აქტივობაში. დაახლოებით ერთ წელიწადში 30%-ით შემცირდა ამ უბანში მოზარდების დანაშაული.

აი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რა უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის.

დედაენის ბაღია ჩვენთან ერთ-ერთი დიდი თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისთვის და აქ შეუძლიათ თვითმმართველობის სამსახურებს შექმნან ისეთი გარემო, რაც მოახდენს დანაშაულის პრევენციას და არა ის, რომ ასეთი ადგილები იქცეს ნარკოტიკების გასაღების ან ჯგუფური დანაშაულის ადგილებად.

საქართველოში პირდაპირ ბავშვის სტიგმატიზება ხდება, ჭორაობენ მერე ამ ბავშვებზე და მშობლებიც ეუბნებიან მასწავლებელს, რომ „მოაშორეთ კლასიდან“. არც პედაგოგებმა იციან ხოლმე როგორ დაელაპარაკონ მშობლებს და ისინიც ავტომატურად, თავდაცვის პოზიციაში დგებიან. პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე.

  • არის შემთხვევები, როცა მოზარდი არც მიუსაფარია და არც კონფლიქტურ გარემოში ცხოვრობს ერთი შეხედვით, მაგრამ მაინც ექცევიან კრიმინალურ ისტორიებში. ამ ბოლო დროს 2 გახმაურებული შემთხვევა იყო, თუმცა მეორე ამბავს მინდა შევეხო, როდესაც მოზარდებს მასწავლებლის მკვლელობა ედებათ ბრალად. აქ რა ტიპის პრობლემას ვაწყდებით?   

რა თქმა უნდა, ეს უკვე ისეთი ქმედებაა, სადაც კანონმა მთელი სიმკაცრით უნდა იმოქმედოს და მერე შესთავაზოს უკვე პატიმრობაში მყოფებს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც მოზარდს მისცემს საშუალებას გაიაზროს, რა დააშავა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაიაზროს მოზარდმა ზიანი, რაც სხვა ადამიანს მიაყენა.

თუმცა, ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ. ფაქტობრივად, ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა საერთოდ მინიმალიზება მოახდინა ყველაფრის და თქვა, რომ „ეს უბრალოდ ჩხუბი იყო“. როგორ იყო უბრალოდ ჩხუბი, როდესაც ადამიანი არის გარდაცვლილი და ფაქტებიდან ჩანს, რომ მას სასტიკად გაუსწორდნენ.

  • ხშირად, საზოგადოებისგან ასეთი ფრაზებიც გვესმის, რომ „ბიჭმა ქუჩა უნდა იცოდეს“, „თავის დაცვა უნდა შეძლოს“, ამ ტიპის მიდგომის შედეგია ის, რომ მერე ბავშვები ვთქვათ დანაშაულის პირიპირ აღმოჩნდებიან?

ეს ბევრი რამის შედეგია და ამას მე კი არა, მეცნიერებაც ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რატომაც შეიძლება ბავშვი აღმოჩნდეს ასეთ ჯგუფში, არის ის, რომ მოზარდს აქვს მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. მოზარდობის ასაკში ჯგუფის წევრობა არის გადამწყვეტი, ასეთ დროს მოზარდი ეძებს საკუთარ ადგილს სამყაროში და თუ ვერ პოულობს, ეს ძალიან მატრავმირებელია მისთვის.

ბავშვი, რომელიც თავს გარიყულად გრძნობს ოჯახში ან სკოლაში და არ ჰყავს მხარდამჭერი, ბულინგის მსხვერპლია, ასეთი ბავშვი ეძებს ადგილს, სადაც მას მიიღებენ, დააფასებენ და აღიარებენ. როცა ასეთი ავთენტური გარემო მას არ გააჩნია, ის იძულებულია ეძებოს სხვაგან.

სხვა შემთხვევებში უფრო კულტურული ფაქტორები შემოდის. განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, როცა მშობლები მძიმე ტვირთს კიდებენ ხოლმე და ეუბნებიან, რომ „ყველაზე მაგარი უნდა იყო“, „არავინ დააჩაგვრინო თავი“, „დაგარტყამენ და დაარტყი“ – ეს არის პირდაპირი შეკვეთა.

მინახავს ბავშვი, რომელიც დაჩაგრეს თანატოლებმა და სახლში, მხარდაჭერის ნაცვლად მამა შესაძლოა ფიზიკურად გაუსწორდეს ან დასცინოს – „შენ რა კაცი ხარ“. ეს ხომ ძალიან გავრცელებული ფენომენია, როდესაც ე.წ „ვაჟკაცობად“ აღიქვამენ იმას, თუ კუნთი გიჭრის.

  • ამ კულტურულ ფაქტორებს ალბათ ემატება ის რეპრესიული გარემოც, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, როცა სახელმწიფო თავად ძალადობს ადამიანებს და ამას უყურებენ ბავშვები?

დიახ. ბავშვი ხედავს, რომ მაგალითად, გამეტებით ცემენ თავში ადამიანებს, ურტყამენ სახეში და ეს მოძალადე დაუსჯელია. როცა ე.წ. ტიტუშკები ლანძღავენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ქუჩაში, დაუსჯელები არიან. ბავშვი ხედავს რომ ე.წ „საქმის გარჩევები მოსულა“.

  • პირდაპირ ეთერში ვხედავდით, სპეცრაზმის ყოფილი უფროსი როგორ სცემდა ხელებშეკრულ ადამიანს. ასეთი მაგალითები ახალისებს ძალადობას მოზარდებში?

რა თქმა უნდა. კარს უხსნის ყველა ასეთ ქმედებას. ეს არის მესიჯი ბავშვისთვის, რომ ვინც შენგან განსხვავებულად აზროვნებს, შეგიძლია ასე მოექცე. როცა სამართლებრივი სახელმწიფო გაქვს და პოლიცია თავის ფუნქციას ასრულებს, ადამიანის უფლების ყველა დარღვევას მოჰყვება რეაგირება. მასზე მიმართვას აქვს შედეგი.

  • და როცა პოლიციის ნდობა იკარგება, ამას მოჰყვება ეს ჩრდილოვანი საქმის გარჩევები?

ბულინგის შემთხვევა იყო, როცა ბავშვმა, ნაცვლად იმისა, რომ მანდატურისთვის ან მშობლის ეთქვა, იცით ვის დაურეკა? კრიმინალურ ავტორიტეტს. ამას მოჰყვა მერე ორი გახმაურებული მკვლელობა. ჩვენ ხომ ამის შემთხვევები გვქონდა ამ ქვეყანაში.

ეს ხდება მაშინ, როცა მშობლის ნდობა არ აქვს ბავშვს და არც სახელმწიფოს ენდობა.

  • როცა მშობელი ეუბნება – „შენი პრობლემა შენ უნდა მოაგვარო“?

არა მარტო მშობელი, ზოგჯერ მასწავლებელიც ეუბნება, – „ჩემთან რას მოდიხარ, ხელი არ გაქვს?“, „რას ეჩაგვრინები იმათ“. იცით რამდენი მომისმენია ასეთი ბულინგის შემთხვევების დროს? რამხელა შრომაა ჩადებული იმაში, რომ ბულინგის ცნობადობა გაზრდილიყო, მაგრამ ვხედავთ ამის საპირისპიროს.

ხშირად ბავშვი მიტოვებულია სახელმწიფოსგანაც და ოჯახისგანაც ბედის ანაბარა. ამიტომ პოულობს ალტერნატიულ გზებს, რომ ამას გაუმკლავდეს. შედეგები კი გვაქვს სავალალო. ეს აზარალებს ბავშვსაც და მთლიანად სახელმწიფოს. როცა ასეთი მაგალითები ბევრი გროვდება, ეს უკვე სიმპტომებია, რომელიც ყვირის, რომ ბავშვებს სჭირდებათ შველა, მაგრამ არა იმ გზით, როგორსაც ამას აპირებს სახელმწიფო.

  • დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანებს ქუჩაში დგომის გამო იჭერენ. როცა თავად სახელმწიფოა რეპრესიული და მოძალადე, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ის იზრუნებს ბავშვებზე?

ასეთ სახელმწიფოს მხოლოდ ის შეუძლია, რომ მიიღოს რაც შეიძლება მკაცრი კანონები და ყველა პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადაიტანოს. რა თქმა უნდა, ეს სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი არ არის.

ჩვენ შეიძლება მალე აღმოვჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში, – როცა გარკვეული კატეგორიის ბავშვებს თავს უყრიდნენ ბავშვთა სახლებში, ან ციხეებში და მათი სრული კრიმინალიზება ხდებოდა.

ის „რეფორმებიც“, რაც განათლების სისტემაში აქვთ დაგეგმილი, ხელს უწყობს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე აღმოვჩნდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი არ არსებობს, სადაც განათლებას ფასი არა აქვს, სადაც ადამიანს ფასი არა აქვს.

და თუ ეხლა ის ადამიანები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ფიქრობენ, რომ აქ გამოსავალი არის „მკაცრ ხელში“, კანონების კიდევ უფრო გამკაცრებაში, ეს ფაქტობრივად ჩაკეტავს და დაღუპავს ამ საზოგადოებას და გაანადგურებს თაობებს, რადგან ყველა ბავშვი ხომ არ არის რაღაც დაჯგუფებაში, ყველა არ იყურება მუშტზე, ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც გააოცებენ საუკეთესო უნივერსიტეტებს, მაგრამ  ეს არ შედის, როგორც ჩანს, იმ ადამიანების პრიორიტეტებში, ვინც დღეს ამ ქვეყანას მართავს.

მათ უნდათ ჩაკეტილი, იოლად მართვადი, მონური საზოგადოება ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში.

რა სურდა „ოცნებას“ და რა შეძლო? – პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის, რაც ვერ „გააპრავეს“

„არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის… არაკონსტიტუციურს რომ თავი დავანებოთ, აბსურდულია ეს ყველაფერი,“ – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. მას ვესაუბრეთ საქმეებზე, სადაც სასამართლომ ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი, არც ნაკლები – დააპატიმრა.

რა ჩაწერა ამ დროს გადაწყვეტილებაში მოსამართლემ?

„ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა… მოსამართლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არც მას და არც სისტემას არ ვენდობოდი. არ ვენდობით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელიც სრული სერიოზულობით იხილავს ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს, ის ნდობას ვერ იმსახურებს,“ – გვიყვება ნიკა სიმონიშვილი.

„ბათუმელებმა“ იურისტ ნიკა სიმონიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა:

  • ბატონო ნიკა, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანები დააპატიმრეს. უკვე ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რატომაა ეს სამართლებრივად აბსურდი და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება? 

ნამდვილად არის არაკონსტიტუციური, როცა ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ფრაზები: „პროტესტის გამო“, „ტროტუარზე დგომის გამო“ ძალიან არ მოსწონს, ამბობს, რომ თითქოს ადამიანებს დაბრკოლება ექმნებოდათ ტროტუარზე გადაადგილების მომენტში და ამის გამო შეეფარდათ პატიმრობა. მაგრამ ეს სრული სიცრუეა. შსს-ს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე, სახდელი, რომელსაც სასამართლო იყენებს და რაც კანონშია გათვალისწინებული, სრულიად არაადეკვატურია.

აბსურდულია ეს ყველაფერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა, როდესაც ოქმების შედგენის შემდეგ სასამართლოში მოვიდა და ასაბუთებდა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ადმინისტრაციულ პატიმრობაში გასაშვები.

კანონი, რომელიც ბოლო ცვლილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ფაქტობრივად გზის გადაკეტვის კანონის ანაბეჭდია. ტროტუარის დაკავებაზე იგივე ანალოგიის გამოყენება, რაც გზის გადაკეტვაზეა, სრულიად ალოგიკური და არაგონივრულია: გზის გადაკეტვის, ანუ გზაზე პროტესტის გამოხატვის ლოგიკა არის იმაში, რომ თუ ტროტუარზე ადგილი აღარ არის, გადადიხარ გზაზე. თუ საკმარისი რაოდენობით არ ხარ იმისთვის, რომ ტროტუარი აითვისო და ისე გადადიხარ გზაზე, ეს არის უკვე სამართალდარღვევა, მაგრამ იგივე ლოგიკა ვერ იმუშავებს ტროტუარის შემთხვევაში: ტროტუარზე საკმარისი რაოდენობა უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იარსებებს.

ნიკა სიმონიშვილი

თუ ტროტუარზე დაეტევა პირობითად 1000 ადამიანი და დგას 500, გამოდის, რომ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია და თუ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია, ესე იგი, იმ ადგილას ადამიანი გაივლის, თუ ხელოვნური დაბრკოლება არ შეუქმენი ვინმეს – მაგალითად, ცოცხალი ჯაჭვით ან ბარიკადებით.

  • ანუ თუ ტროტუარზე ბევრია დემონსტრანტი და ამ დროს შეიქმნა გადაადგილების კუთხით შეფერხება, ეს „ოცნების“ კანონებით დასაშვებია? 

კი, ეგ შეიძლება, თუ ცოტა ხარ, მაშინ არ შეიძლება, მაგრამ აბსურდულობა იმაშია, რომ როცა ცოტა ხარ, დაბრკოლებასაც ვერ შეუქმნი ვერავის.

ახლა ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა იქ დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა. დემონსტრანტების შეჯგუფება კიდევ არაკანონიერმა მოწოდებამ და აქედან წამოსულმა პროვოცირებამ გაუკეთა რეალურად.

ამიტომაც, ფაქტობრივად, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრებას არავითარი სამართლებრივი ახსნა არ აქვს. ეს აბსურდია. პროტესტის გამოხატვისთვის სხვა ადგილი აღარ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, გარდა ტროტუარისა და აი, ამ სივრცის შეზღუდვა უნდათ, თორემ ვიღაცას თუ მოძრაობის უფლება აქვს, მე იქ პროტესტის გამოხატვის უფლება მაქვს.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პროტესტს თან მოჰყვება მცირეოდენი დისკომფორტი, როცა შეიძლება ადამიანებს გადაადგილება შეუფერხდეთ, ხელი შეეშალოთ. მეც შეიძლება მომიწიოს ისეთ ადგილას გავლა, სადაც ისეთი აქცია იმართება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და არც მომწონდეს, ამიტომ გვერდი უნდა ავუარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დამატებით 100 მეტრის გავლა მომიწია ფეხით. ამის გამო ვიღაც ციხეში უნდა გავუშვათ?

მე ფეისბუქგვერდზე მქონდა კადრები, როცა შსს მოუწოდებდა ტროტუარიდან გადადითო. კარგად ჩანს იმ კადრებში, რომ ადამიანები ჩვეულებრივად გადიან ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, მაგალითად, პარლამენტის ერთი დასაწყისიდან ბოლომდე, მათ არ ეშლებათ გადაადგილებაში ხელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ თავისი არგუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება – უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი წარადგინა სასამართლოში. მეორე აბსურდამდე მივდივართ: წლების განმავლობაში მოსამართლეებიც და შსს-ც პროცესებზე გვეუბნებოდნენ ხოლმე: ტროტუარზე გამოხატეთ პროტესტი, გზაზე ნუ გადადიხართო. „შეკრება-მანიფესტაციის“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტია, სადაც წერია, რომ განზრახ დაბრკოლების შექმნა ფეხით მოსიარულეებისთვის არ შეიძლება.

ამ ნორმაზე დაყრდნობით დაწერეს ახლა ოქმები, მაგრამ ეს ნორმა არსებობდა მაშინაც, როდესაც მოსამართლეები და შსს მიგვითითებდნენ იმაზე, რომ ტროტუარზე გამოგვეხატა პროტესტი. ახლა უცებ შეცვალეს მიდგომა და ამბობენ, რომ არა – აღარ შეიძლება.

17 დეკემბრის შემდეგ [როცა ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმები] უკვე ერთ თვეზე მეტია გასული და პროტესტი გრძელდება ისე, რომ ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან: გადიან, გამოდიან. გამოდის, რომ თუ დღეს აღარ არის ეს სამართალდარღვევა, მაშინ მხოლოდ 17 დეკემბერს რატომ იყო ეს სამართალდარღვევა? სხვა დღეებში რატომ აღარ არის?

  • თუმცა შსს-ს ახლაც შეუძლია შეადგინოს ოქმები. ჩვენ ხომ არ ვიცით ჯერ რა რეაგირება ექნება შსს-ს სხვა დღეებზე – შეიძლება ისევ დააპატიმრონ ადამიანები ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის.

დიახ, ექვსთვიანი ვადა აქვთ სახდელის დასაკისრებლად. ახლაც შეუძლიათ შეადგინონ ოქმები ყველაზე, ვინც ტროტუარზეა და პროტესტს გამოხატავს. მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ალოგიკურია ეს პრაქტიკა: არათანმიმდევრული და არასწორია მათი მიდგომა.

შსს პროცესებზე ასევე ამბობდა, გაფრთხილებაც არ იყო სათანადოდ შემოსულიო. ამდენ აბსურდში უკვე აღარ გაჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო და ამაზე არ დაეთანხმა პრინციპში: გაფრთხილება 17 დეკემბერზე და სხვა დღეებზეც იყო გაკეთებული სათანადო წესით. შსს ამბობდა, თითქოს ფორმალურად ხარვეზიანი იყო ეს გაფრთხილებები, მაგრამ ვერ ასახელებდნენ, რა ფორმალური ხარვეზი ჰქონდა ამ გაფრთხილებებს.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ გაფრთხილება არის ცალმხრივი აქტი და მას დადასტურება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უკვე ნებართვითი სისტემა, რაც არაკონსტიტუციურია. ანუ, ნებართვა არ უნდა მჭირდებოდეს მე შეკრებისთვის.

სასამართლო შსს-ს გაჰყვა ერთ საკითხში: დაინახეს, რომ მოქალაქეები ტროტუარზე ნაცვლად იმისა, რომ უკანა მხრიდან შემოევლოთ [პარლამენტის ფასადს, რასაც უწოდებენ], ან ზემოდან შემოევლოთ, გადავიდნენ ბასლაინზე და ბასლაინიდან გააგრძელეს სვლა და აი, აქ ჩანს, რომ შეაფერხეთ თქვენ მოძრაობაო. ამის გამო უნდა ჩაგსვათ ციხეშიო.

ისინი მიუთითებენ ერთ-ერთ ეპიზოდში ორი ადამიანის ბასლაინზე გავლაზე. მაგრამ რა გამოდის – სხვისი ქმედების გამო მაგებინებ პასუხს? ვიღაც შეიძლება უბრალოდ გადავიდეს ბასლაინზე, ან აქციის მონაწილეებში გავლა არ უნდოდეს, არ ეკომფორტულებოდეს, არ მოსწონდეს რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო და ამიტომ ბასლაინიდან მოუაროს, იქიდან გადავიდეს. ამის გამო მე პასუხისმგებლობა რატომ უნდა დამეკისროს?

მეორეც – იმ მომენტში, როდესაც იმ ადამიანებმა ბასლაინზე გაიარეს, კონკრეტული დემონსტრანტების ტროტუარზე დგომის ფაქტს შსს საერთოდ ვერ ადასტურებს. მაგალითად, თუ იყო მითითებული დრო, რომ მე დამაფიქსირეს აქციაზე პირობითად 20:35 საათზე, ის დემონსტრანტები ბასლაინზე გადადიან 20:30 საათზე და 20:35-ზე რომ მე იქ ვიდექი, ვიღაცას ხელს ვუშლიდი და ამის გამო ვიღაცამ ვერ გაიარა – ეს არ ჩანს. ჩანს, რომ სამოძრაო ტერიტორია იქ ძალიან ბევრი იყო დარჩენილი. ვიდეოკადრები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა აბსურდზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  • მოსამართლის არგუმენტი რა არის – ისე იდექით ტროტუარზე, რომ სხვები იძულებული გახდნენ, ბასლაინზე გადასულიყვნენო?

კი. მაგრამ აქ არის ორი ამბავი: ვიდეოში ჩანს, რომ იმ მომენტში, როცა ვიღაცები ბასლაინზე გადავიდნენ, სხვა ადამიანებმა მეორე მხრიდან შემოუარეს დემონსტრანტებს გვერდი, ანუ მოძრაობის საშუალება იყო. ადამიანები იქ რეალურად შეჯგუფდნენ იმიტომ, რომ პოლიციამ გააკეთა მოწოდება დაშლაზე, ტროტუარის დატოვებაზე. მერე მოიგონეს, ზემოთ ფასადი და ქვემოთ ტროტუარი იყოო… საპატრულო პოლიციის სამარშრუტო მიკროავტობუსი უფრო მეტ ადგილს იკავებდა, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისცეს.

მაშინ პოლიციაც პასუხისგებაში ყოფილა მისაცემი – სხვებს უშლიდნენ გადაადგილებაში ხელს.

პოლიცია აკეთებს მოწოდებას, რომ დატოვეთ ტროტუარიო და ამის შემდეგ ხდება შეჯგუფება. ფაქტობრივად, ადამიანების შეჯგუფებას პროვოცირება პოლიციამ გაუკეთა.

  • როგორ უნდა მოქმედებდეს ამ დროს პოლიცია? – კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვას იცავს, პოლიციელი ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და უკანონო დავალების საფუძველზე არ დასაჯოს ადამიანები ტროტუარზე დგომისთვის. 

ამ შემთხვევაში პოლიციელებს არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ: არავის განზრახ დაბრკოლება არავისთვის არ შეუქმნია. პოლიციელები უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც იქცევიან 17 დეკემბრის შემდეგ – პერიმეტრზე არიან განლაგებულები და აკონტროლებენ რამე კანონდარღვევა მოხდება თუ არა.

პოლიციელები ზუსტად ისევე უნდა მოქცეულიყვნენ 17 დეკემბერს, როგორც გუშინ იქცეოდნენ. აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, კანონში ჩაწერ თუ უბრალოდ დავალებას შეასრულებ, ფაქტია, რომ არასწორ რაღაცას აკეთებ. ამ არასწორი რაღაცის კეთება არის ის, რომ ტროტუარზეც პროტესტი ალაგმო. აქამდე მივდივართ საბოლოო ჯამში.

პოლიციელი თუ არასწორად მოქმედებს, ეს კანონით მოხდება თუ კანონის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როცა პოლიციას თუნდაც ნორმალური კანონის პირობებში სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები მიუღია.

არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის.

  • სამართლებრივად რა ბერკეტი რჩება მოქალაქეების – ვიცით, რომ პროტესტის გამოხატვა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა? 

მაგალითად, პროცესზე, სადაც ვიცავდი ერთ-ერთს, მოსამართლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არც მას და არც სისტემას არ ვენდობოდი. არ ვენდობით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელიც სრული სერიოზულობით იხილავს ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს, ის ნდობას ვერ იმსახურებს.

მოსამართლე, აი, ასეთ აბსურდულ ქეისზე რასაც უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ უნდა გზავნიდეს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის და ისიც პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს, გასაგებია, მაგრამ როგორც მინიმუმ ამ საქმეების საკონსტიტუციოში გადაგზავნა გამოიწვევდა იმას, რომ საქმეები შეჩერდებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა არ დაეკისრებოდათ.

სამწუხაროდ, ქართულ მართლმსაჯულებას სინდისი უკვე დაკარგული აქვს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს. საქართველოში სამართლის ძებნას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე აზრი აღარ აქვს. შეიძლება მოსამართლეები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ჩვენ მართალს ვამბობთ, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა სრულდება. პოლიტიკური დაკვეთის პირობებში სამართლებრივ ბერკეტებზე საუბარს ქვეყნის შიგნით აზრი არ აქვს.

მე ეჭვი არ მეპარება, რომ ტროტუარის საქმეები გაიგზავნება ევროსასამართლოში. ეს ამ დარღვევების სისტემურობაზე პირდაპირ მიუთითებს. დარღვევების სისტემურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სხვანაირ პოლიტიკურ გავლენას იქონიებს საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით.

  • თქვენი აზრით, 17 დეკემბრის შემდეგ რატომ აღარ ითხოვს შსს ადამიანების დაპატიმრებას? 

საზოგადოებამ მთლიანობაში მხარს არ უჭერდა და ვერც დაუჭერდა ტროტუარზე პროტესტის გამო ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, მით უმეტეს პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ვერ „გაპრავდა“.

  • მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილის დაჯგუფებას საქართველოს დიქტატურის დამყარება სურს. 

სურს ერთია და მეორეა – რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა. მე შეიძლება ბევრი რაღაც მინდა, მაგრამ მეორეა, ამის გაკეთების შესაძლებლობა მაქვს თუ არა, ანუ ამის ძალა უნდა გქონდეს. ძალა რომ გქონდეს, შესაბამისი მხარდაჭერაც უნდა გქონდეს.

ეს კანონი რომ მიიღეს, ფაქტია რომ უნდოდათ ამის გაკეთება – მაგრამ დავინახეთ, რომ შესაბამისი პოლიტიკური ძალა თურმე არ ჰქონიათ. რატომ არ ჰქონიათ, ეგ კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ფრთხილად ცდილობენ ჩაატარონ, გაიწელა ეს პროცესები, გადაიდო, ნელ-ნელა გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. უნდათ ნელ-ნელა მიამთავრონ ეს საქმეები, უხმაუროდ, რაღაცნაირად ჩუმად. მერე რას მოიმოქმედებენ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ ზამთარში რომ ვერ იმუშავა და ეს ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.

შსს-ს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა გაყინვის შედეგად გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ხელვაჩაურში და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები, გაყინვით გარდაიცვალნენ.

„პირველადი ინფორმაციით, და-ძმის გარდაცვალება გამოიწვია სხეულის გადაციებამ, მოყინვამ.

გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნებათ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდება ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,” – უთხრეს “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ორი გარდაცვლილი პირი გუშინ, 26 იანვარს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

მოაწყვეთ სახლი ზღვისპირას ამერიკული ავეჯით

ბათუმი ბოლო წლებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო ქართველ, უცხოელ ინვესტორებს შორისაც. ზღვისპირა ქალაქი, ცოცხალი, აქტიური გარემო, მზარდი ინფრასტრუქტურა და ახალი საცხოვრებელი პროექტები ბევრ ადამიანს უბიძგებს, შავიზღვისპირეთში ბინა შეიძინოს, საცხოვრებლად, დასასვენებლად ან გასაქირავებლად. თუმცა ბინის ყიდვა მხოლოდ დასაწყისია. ამას მოჰყვება არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი: ინტერიერის მოწყობა ისე, რომ სივრცე იყოს კომფორტული და ამავდროულად, ვიზუალურად დახვეწილი.

სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად ბათუმში გაიხსნა ამერიკული ავეჯის მაღაზია – ეშლი ჰოუმსთორი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ავეჯის მრავალფეროვან კოლექციას სხვადასხვა ოთახისთვის და სხვადასხვა სტილის ინტერიერისთვის.

ამერიკული ბრენდი, რომელსაც მსოფლიო იცნობს

ეშლი ჰოუმსთორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავეჯის ბრენდია. კომპანია 1945 წლიდან ფუნქციონირებს ბაზარზე და დღეს უკვე 170-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 1 100-ზე მეტი ფილიალი. ბრენდი წლებია ასოცირდება ხარისხთან, კომფორტთან და სანდოობასთან.

ქართველი მომხმარებლისთვის Ashley HomeStore-ის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე ლოკაციაზე. თბილისის გარდა, ახლა უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ ეწვიოთ შოურუმს და ადგილზე ნახოთ კოლექციები.

Ashley HomeStore ბათუმში

ბათუმის ფილიალი მდებარეობს პეტრე მელიქიშვილის 92-ში. ლოკაცია შერჩეულია ისე, რომ მომხმარებლისთვის იყოს მაქსიმალურად ადვილად მისადგომი. შეგიძლიათ მიხვიდეთ როგორც ავტომობილით, ასევე საჯარო ტრანსპორტით. ამ მიმართულებით ქალაქში ავტობუსის რამდენიმე ხაზი მოძრაობს, რაც შოურუმის მონახულებას უფრო კომფორტულს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ არჩევას ოჯახის წევრებთან ერთად გეგმავთ.

რა დაგხვდებათ შოურუმში

Ashley HomeStore-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის არჩევანის ფართო სპექტრი. ბათუმის შოურუმში შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე ეზოსთვის ან ბაღის მოსაწყობად. კოლექციაში წარმოდგენილია:

  • სხვადასხვა ზომისა და ფორმის დივნები და სავარძლები
  • მაგიდები და სკამები (მისაღებისთვის, სასადილოსთვის, სამუშაო სივრცისთვის)
  • საწოლები და მატრასები
  • ავეჯი, რომელიც იდეალურად ერგება როგორც კომპაქტურ ბინებს, ისე უფრო დიდ საცხოვრებელ სივრცეებს

აქ შეხვდებით სხვადასხვა ვიზუალისა და დიზაინის ავეჯს, იქნება ეს უფრო კლასიკური, თანამედროვე თუ მინიმალისტური სტილის. ასე რომ, თუ გაქვთ ბინა ზღვის ხედით ბათუმში და გინდათ ინტერიერი მსუბუქი, ნათელი და ჰაეროვანი იყოს, არჩევანი მარტივია. 

ხარისხი და კომფორტი, როგორც მთავარი პრიორიტეტი

ბრენდის მთავარი პრიორიტეტებია ხარისხი და კომფორტი. იდეა ისაა, რომ ავეჯი იყოს მომხმარებელზე მორგებული – მოსახერხებელი, ადვილად მოსავლელი და გამძლე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღვისპირა ქალაქში, სადაც მაღალი ტენიანობაა.

თუ გსურთ, რომ ავეჯის არჩევის პროცესი უფრო ორგანიზებული იყოს, Ashley HomeStore-ის პროდუქციის დათვალიერება საიტზეც შესაძლებელია. ეს გაძლევთ საშუალებას, წინასწარ შეარჩიოთ სასურველი მოდელები, შეადაროთ მათი სტილი და შემდეგ უკვე შოურუმში მიხვიდეთ კონკრეტული არჩევანით. ასეთი მიდგომით დროსაც დაზოგავთ და გადაწყვეტილებასაც უფრო მარტივად მიიღებთ. 

შეძენის პირობები 

Ashley HomeStore-ში პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან ადგილზე, შოურუმში. მაღაზიაში ფუნქციონირებს მიწოდების სერვისი:

  • 3 000₾-მდე შენაძენზე ბათუმში მიწოდება ღირს 30₾
  • 3 000₾-ზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება უფასოა

სურვილის შემთხვევაში, ავეჯის შეძენა განვადებითაც არის შესაძლებელი.

რატომ არის ეს საუკეთესო ვარიანტი, თუ ბინა შავიზღვისპირეთში იყიდეთ

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი სულ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. ახალი პროექტები, გაზრდილი მოთხოვნა და ბათუმის ტურისტული პოტენციალი ნიშნავს ერთ რამეს – კარგად მოწყობილი ბინა უფრო სწრაფად ქირავდება და უფრო ძვირად ფასდება. თუ ბინას არემონტებთ ბათუმში და ინტერიერის მოწყობას გეგმავთ, Ashley HomeStore გთავაზობთ არჩევანის მრავალფეროვნებას და კომფორტულ შეძენის პირობებს.

შეჯამება

Ashley HomeStore-ის შოურუმს უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ ეწვიოთ – პეტრე მელიქიშვილის 92-ში. აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი კოლექცია, ხარისხიანი მასალებითა და ქსოვილებით დამზადებული ავეჯი სხვადასხვა დიზაინით და შეძენის მოქნილი პირობები. დაათვალიერეთ მოდელები და მოაწყეთ თქვენი ზღვისპირა ბინა გემოვნებით და ამერიკული სტანდარტით.

ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი.

მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას  ამ ბინების გადაცემას სთხოვენ.

მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია ვინმე აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან, ან მერიიდან. ნინო ნიჟარაძე პირველი ოფიციალური პირია, რომელიც აქციაზე მივიდა.

ნინო ნიჟარაძემ მოქალაქეებთან, აქციაზე, დაადასტურა, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მოქალაქეებმა განცხადებით ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, „თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და ვინც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, აუცილებლად მიიღებს ბინას“.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს:

„საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში მოხერხდება ყველა იმ განცხადების განხილვა, რომელიც დღემდე არის მერიაში დარეგისტრირებული“ – თქვა მან.

ნინო ნიჟარაძეს არ დაუზუსტებია, დაახლოებით რა ვადა დასჭირდება კომისიას განცხადებების შესასწავლად. „არ ვიცი რამდენი განაცხადია უკვე მერიაში და რამდენი კიდევ შევა“ – აღნიშნა მან.

ამ თემაზე:

რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში

 

საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

„19 ტანკერი, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, აკმაყოფილებენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს,“ – გამოცემა „აი, ფაქტი“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. 

გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე აკვირდებოდა.

„ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით“, – წერს „აი, ფაქტი“.

  • რა არის „ჩრდილოვანი ფლოტი“ და როგორ მუშაობს ის?

„ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, როგორც წესი, საერთაშორისო ნაოსნობის ინდუსტრიის სტანდარტული მარეგულირებელი ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ. მათ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევთ:

  • მოძველებული და სტანდარტებთან შეუსაბამო ხომალდები: ამ გემების უმეტესობა 15+ ასაკისაა; მათ ხშირად არ აქვთ გავლილი ინსპექტირება და სათანადო ტექნიკური მომსახურება.
  • გაუმჭვირვალე მფლობელები: მათ ხშირად ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ფლობენ, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში საბოლოო მესაკუთრის დასამალად.
  • დასავლური დაზღვევის არქონა: ეს გემები ჩვეულებრივ მოქმედებენ სტანდარტული ინდუსტრიული დაზღვევის (P&I კლუბები) გარეშე; ისინი ეყრდნობიან მცირე, არასაიმედო მომწოდებლებს ან საერთოდ დაუზღვევლად ცურავენ.
  • დროშებით მანიპულირება (Flag Hopping): ოპერატორები გემებს ხშირად უცვლიან დროშებს და ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სუსტი ზედამხედველობაა (მაგ. გაბონი, ესვატინი ან პანამა), ან იყენებენ ყალბ დროშებს.

რაზე დაყრდნობით წერს „აი, ფაქტი“ რომ ქართულ პორტებში ისეთი გემები შემოვიდნენ, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ?

“აი, ფაქტი“ განმარტავს:

„ჩვენ საქართველოს პორტებს (ბათუმი, ყულევი და ფოთი) და იქ შემოსულ Oil/Chemical Tanker ან Oil Products Tanker-ებს 2025 წლის 27 ნოემბრიდან www.marinetraffic.com-ისა და globalfishingwatch.org-ის დახმარებით რეგულარულ რეჟიმში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით.

პარალელურად, ვიკვლევდით პორტების ძველ მონაცემებსაც, თუ რომელი ტანკერები შემოდიოდნენ საქართველოს წყლებში. საეჭვოდ მივიჩნევდით და ვინიშნავდით იმ გემებს/ტანკერებს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვიდნენ. ვაკვირდებოდით რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ საეჭვო გემები, სად იყვნენ რეგისტრირებულები, ხომ არ ჰქონდათ სახელი შეცვლილი, ხომ არ თიშავდნენ სანავიგაციო სისტემას, ჰქონდათ თუ არა საერთაშორისო დაზღვევა, რა იყო მათი წინა ისტორია და რომელ პორტებს სტუმრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციის ვაგროვებდით www.equasis.org-სა და www.vesselfinder.com-ზეც. თუ ხომალდი აკმაყოფილებდა „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამახასიათებელი, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ნახევარს მაინც, მას მივიჩნევდით, როგორც ფლოტის ნაწილს”.

განახლება:

ჟურნალისტური გამოძიება „ჩრდილოვანი ფლოტი: როგორ მოედინება რუსული ნავთობი საქართველოს პორტებში“ – „აი, ფაქტმა“ 27 იანვარს გამოაქვეყნა.

“აი, ფაქტის” მიერ განახლებული ინფორმაციით, მათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან 29 იანვარს მიიღეს წერილი, სადაც სააგენტო წერდა, რომ ქართული პორტები სანქციებისგან თავის ასარიდებლად არ გამოიყენება.

30 იანვარს, გამოცემა „აი, ფაქტის“ საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

სააგენტო ამტკიცებს, რომ ყველა გემს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და რომელი გემებიც „აი, ფაქტის“ გამოძიებაშია მოხსენიებული, ჰქონდა დაზღვევა.

„საქართველოში შემოსული გემები Waler (IMO 9393668), Dumbledore (IMO 9325611), Jan (IMO 9259915), Nostos (IMO 9258014) და GABDULLA TUKAY (IMO 9752498) უზრუნველყოფილი იყვნენ მოქმედი P&I დაზღვევით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგის, ბერმუდის, იტალიისა და თურქეთის სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი საერთაშორისო კლუბების მიერ და ფლობდნენ მოქმედ კლასს RINA-ს, Lloyd’s Register-ისა და Bureau Veritas-ისგან.

  • გემი KUPAVA (IMO 9749154) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 27 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი ტრანზიტული ტვირთით და აღნიშნულ დროს სანქცირებული არ იყო. გემი გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირდა 2025 წლის 21 ივლისს, ანუ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
  • გემი Bavly (IMO 9621560) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 8 ივლისს სომხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი ტრანზიტული ტვირთით და შემოსვლის მომენტში სანქცირებული არ იყო. გემი დასანქცირდა 2025 წლის 19 სექტემბერს.
  • გემი KARAKUZ (IMO 9621558) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 31 იანვარს და აღნიშნულ პერიოდში სანქცირებული არ იყო. გემი დასანქცირდა 2025 წლის 19 სექტემბერს.

მითითებული ონლაინ პლატფორმები (globalfishingwatch.org, marinetraffic.com, vesselfinder.com) არ წარმოადგენს გემების მონიტორინგის ოფიციალურ ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად არ გამოიყენება. გემების მოძრაობის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით (Radar, ECDIS, LRIT, AIS) და საერთაშორისო პროფესიული პლატფორმებით.

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული ყველა გემი გადის მრავალდონიან შემოწმებას, მათ შორის მარშრუტის ანალიზს, ბოლო ნავსადგურებისა და გასვლის ნებართვის გადამოწმებას და AIS მონაცემების შედარებას პროფესიულ სისტემებთან.

AIS სისტემაში ანომალიების დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია აღირიცხება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ტექნიკურ პლატფორმებს, მათ შორის SeaVision-ის ტექნიკურ ჯგუფს (აშშ),“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

“აი, ფაქტის” მიერ მომზადებული გამოძიება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს.

სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი სახლიდან მეორე პირის მოსაძებნად გავიდა. ადგილზეა ძმის ტელეფონი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, და-ძმა დაახლოებით 30-დან 40 წლის ასაკის იყვნენ.

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში-დაიბრუნე 30% Extra-ზე

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ანებივრებს მათზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

თიბისის მომხმარებლებს მორიგი შეთავაზება 30 იანვარს, Extra-ზე დახვდებათ, სადაც  ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 30 %-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, მაქსიმუმ 200 ლარს.

თიბისი ბარათების მომხმარებლებს ქეშბექი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად უბრუნდებათ, რაც უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევთ.  ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით.

Extra-ზე 30 იანვრის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი ონლაინ  რამდენიმე წამში- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის  გარეშე. გაიმარტივე ცხოვრება  და ისარგებლე შენზე მორგებული შეთავაზებებით.

რა მუხლით დააკავეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს.

ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვაზე.

ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით.

მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.

2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,“ – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს.

მინისტრის მოადგილეობამდე ილია ღუდუშაური საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო, 2018 წელს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2025 წელს დააკავეს ილია ღუდუშაურის ძმა ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრობის დროს.

ვლადიმერ ღუდუშაური წინასწარი პატიმრობიდან 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია, რის საფუძველზე შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს.

ილია ღუდუშაური 26 იანვრის საღამოს დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

მთავარია, გჯეროდეს – შენი მიზნების, საკუთარი შესაძლებლობების და იმისა, რომ განათლება სურვილებს რეალობად აქცევს. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული თიბისი კამპუსი, რომელიც 2026 წლიდან, სტუდენტებს განახლებული – უფრო მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო ფორმატით უბრუნდება.

ახალი სეზონიდან, რედიზაინის შედეგად, კამპუსი ოთხ დამოუკიდებელ მოდულად დაიყო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წლის განმავლობაში თავად ააწყონ სასურველი სასწავლო პორტფოლიო და აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულებები.

თიბისი კამპუსის 2026 წლის სეზონი მარკეტინგის მოდულზე მიღებით იწყება და რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლითაა შესაძლებელი. სასწავლო პროცესი კი 16 თებერვალს დაიწყება და 31 მარტამდე გაგრძელდება.

მარკეტინგის მოდული სამი ცალკეული კურსისგან შედგება:

  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • ციფრული მარკეტინგი
  • SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.

კურსები პარალელურად ჩატარდება. მათი დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა სხვა მოდულებზეც გააგრძელონ.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, კამპუსში სწავლება, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და სრულიად უფასოა.

განვლილი სემესტრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამპუსის კურსებზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს ეხმარება, როგორც კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში, ისე საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვაში.

კამპუსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-24 წლის ახალგაზრდების, რომლებიც ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავენ მიზნად. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისის განათლების პროგრამები გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ, და სიახლეების მუდმივ ძიებაში კიდევ უფრო გაიღრმაო ცოდნა და ინტერესები. ყველაფერი გამოვა – მთავარი, გჯეროდეს!

ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში 

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა.

  • ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი;
  • 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში;
  • კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული;
  • ამბასადორის პირველი თაუერი -დაწყებულია პირველი ულტრათანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მოწყობილია 158-ივე ხიმინჯი.

2025 წელს „ამბასადორი აილენდმა“ მნიშვნელოვნად გააღრმავა საერთაშორისო კავშირები:

  • გაიხსნა კომპანიის ოფისი დუბაიში;
  • პროექტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამოფენა IPS Dubai 2025-ზე წარდგა;
  • გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა პოლონურ, სლოვაკურ და ჩეხურ მხარეებთან. პოლონეთში პარტნიორებთან ერთად 4 მასშტაბური ღონისძიება გაიმართა;
  • საქართველოში პროექტმა უმასპინძლა GCC-ის (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ოფიციალურ დელეგაციას.

კომპანიამ 2025 წელს უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-შეთანხმებები გააფორმა, მათ შორისაა – IG development-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლიც კუნძულზე 120 000 კვ/მ-ზე ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მოიაზრებს.

„მობილური წაართვეს და ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ“ – ბათუმში 3 პირი დააკავეს

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ბრალდებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დაკავებულები დაზარალებულს ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 27 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში +19 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 იანვრის 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5– 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 29 და 30 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან

„პურის შემოტანის უფლება არ მოგვცეს, არც წამლის,“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმელებს“ დღეს, 27 იანვარს, დილით დაუკავშირდა. ის დაახლოებით 12 დღის წინ შევიდა თვითნებურად გოგოლის ქუჩაზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ერთ-ერთ კორპუსში.

ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებთან  მესამე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ.

მარინა ღოღობერიძე შენობაში შვილთან და რძალთან ერთადაა. მათ შენობის დატოვების უფლება აქვთ, უკან დაბრუნების – არა. მარინა ღოღობერიძე ამბობს, რომ უკვე სამი დღე საკვების გარეშეა. ამ კორპუსში კიდევ რამდენიმე ოჯახმა შეიტანა ნივთები, თუმცა ამ დროისთვის ისინი ადგილზე არ არიან.

„აქედან არსად წავალ, არ მაქვს არსად წასასვლელი… წყალიც გამორთულია და შუქიც გაგვითიშეს, რომ ჩვენ წავიდეთ. გათბობა ისეც არ მღირსებია არასოდეს. ასე შეიძლება, წამლის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს?“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე.

„გუშინ მივედი საღამოს 11 საათზე და წამალიც კი არ მიმაწოდებინეს. დავრეკე 112-ში და მოვიდა პოლიციის მე-5 განყოფილება, გვითხრეს, რომ მერიის ზედამხედველობიდან არის შეზღუდვა. ვითხოვთ დახმარებას,“ – ამბობს ია ბერიძე, ის მარინა მსხალაძის კიდევ ერთი რძალია.

მარინა მხალაძეს 6 შვილი ჰყავს, აქედან სამს სახელმწიფომ მისცა ბინა. ამ კორპუსში აქვს ასევე ოფისი მერაბ ღოღობერიძეს, იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მერაბ ღოღობერიძეც ბინას ითხოვს. ამბობს, რომ 6 შვილის მამაა და უძრავი ქონება არ აქვს. მერაბ ღოღობერიძემაც ამ კორპუსში გახსნა ოფისი, ვიდრე ოზთურქის კორპუსები სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა.

კორპუსების დიდი ნაწილი გამოკეტილია და წლებია უფუნქციოდაა დატოვებული.

24 იანვრიდან გოგოლის ქუჩაზე გამოკეტილ კორპუსებთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. უსახლკაროებმა აქციების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია ვინმე აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან, ან მერიიდან.

გუშინ, 26 იანვარს აქციის მონაწილეებს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობა არაა წინააღმდეგი, ეს ბინები აქციის მონაწილეებს გადაეცეთ.

თამაზ ბაკურიძის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ არის რეალურად უსახლკარო და მიიღებს ბინას. მისივე თქმით, აჭარის მთავრობამ ინფორმაცია უსახლკაროებს დღეს უნდა მიაწოდოს.

გოგოლის ქუჩაზე ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ბინებთან საპროტესტო აქცია დაანონსებულია დღესაც, 3 საათზე.

ამ თემაზე:

როგორ დააღწია თავი პატიმრობას და სად წავიდა ოზთურქი? – „1 მილიონი ლარი ბიუჯეტში ჯარიმის სახით“

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 235 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 609 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 954 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 36 691 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 626 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 286 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 116 712 ერთეული [+899]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 205 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 76 025 ერთეული [+119]
  • სპეცტექნიკა – 4 051 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 111 231 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 349 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 651 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 32 877 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 52 956 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/602947/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მარკეტებში სიძვირეაო და ამ დროს ბათუმში აორმაგებენ ავტობუსით მგზავრობის ფასს – საკრებულოს ოპოზიცია

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური ტრანსპორტის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით გადაწყვეტილების აუცილებლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და გარდა ამისა, ზრდა უკვე არსებულ ფასზე მეტით არის დაგეგმილი და „ამას ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამართლებს“.

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.

„ამ ფორმით არასდროს არცერთი ტარიფი არ გაზრდილა, ორნახევარჯერ მეტით იზრდება. სხვა გამოცდილება რომ ავიღოთ, ტარიფები იზრდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ასე“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ვაჟა დარჩია. მისივე თქმით, ის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას მხარს არ დაუჭერს.

ვაჟა დარჩია ამბობს, რომ თავადაც მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდება. ის მიიჩნევს, რომ მგზავრობის ფასის ორნახევარჯერ გაზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება:

„წლების განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა იყო, რომ ფასი უნდა ყოფილიყო ყველასთვის მისაწვდომი. საწვავის ფასზე და მარშრუტებზე საუბრობენ. იგივე მარშრუტებია, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. #13 ელექტრონულია, მაგალითად, არ შევცვალოთ მაშინ ამ ნომრით მგზავრობის ფასი…

ერთი მხრივ, სუპერმარკეტებში ძალიან ძვირია ფასებიო და ამ დროს ყველაზე ხელმისაწვდომი და საჭირო რაც არის მოქალაქისთვის – ორნახევარჯერ რეალურად ზრდიდე ფასს, მგონი ეს არ არის სწორი მიდგომა“. 

ვაჟა დარჩია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილება არანაირ ანალიზს არ ეყრდნობა:

არანაირი კვლევა არ არსებობს, თუ რატომ უნდა გაძვირდეს ფასი. მე ვაპირებ სხდომაზე დავაყენო ეს საკითხი, რომ ჯერ მოხდეს შესწავლა, მარშრუტების ანალიზი, დათვლა. არანაირი მსგავსი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა. ვთქვათ, 50 თეთრი თუ გახდებოდა მგზავრობა, შესაძლებელია მისაღები ყოფილიყო მოქალაქეებისთვის, მაგრამ როცა ორნახევარჯერ იზრდება, არ არის მისაღები“. 

ავტობუსით მგზავრობის ფასის გაზრდას ეწინააღმდეგება საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, სულიკო გოგოლიშვილი. ის საკრებულოში გახარიას პარტიას წარმოადგენს.

„არ უნდა გაძვირდეს. გადაწყვეტილება სათანადო კვლევას და დასაბუთებას უნდა ეყრდნობოდეს“ – გვითხრა მან. 

საკითხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს გიორგი მასალკინსაც, რომელიც საკრებულოში „გირჩს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ჯერ საკითხი კომისიებში არ განუხილავთ და გადაწყვეტილებას მხოლოდ განხილვის შემდეგ მიიღებს, თუმცა ფასების გაზრდა მისთვის მისაღები არ არის:

„როცა მოსახლეობას უჭირს, ფასების მომატება არ არის კარგი. მით უმეტეს, რომ ბათუმის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მეორე ბიუჯეტია საქართველოს მასშტაბით – 570 მილიონია. არის ქალაქები, სადაც საერთოდ დოტაციურია ტრანსპორტი, თავიდან ბოლომდე. საჯარო ტრანსპორტი არასდროს არ იქნება მომგებიანი, მოგეხსენებათ“ – გვითხრა მან. 

ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს, როცა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, ბათუმის მერია მუნიციპალური ავტობუსის ფასი გაზრდას არ გეგმავდა: „თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური“ – წერდა მერია პროექტში. ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი სწორედ ამ ჩანაწერით დაამტკიცა.

ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებიდან ერთ თვეში კი მერიამ საკრებულოს მგზავრობის ტარიფის მოთხოვნით მიმართა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ წლის განმავლობაში საშუალოდ 25 500 000 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, შესაბამისად, თვის განმავლობაში კომპანიას დაახლოებით 2 მილიონ 125 000 მგზავრი გადაჰყავს.

2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარება 36 მილიონ 900 000 ლარით დააფინანსეს, მათ შორის 24 მილიონ 315 200 ლარი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებას მოხმარდება, 12 მილიონ 584 800 ლარით კი მერიამ ავტობუსები უნდა შეიძინოს. დაგეგმილია სულ 18 ერთეულის შეძენა, თითოეულის საშუალო ფასი 699 156 ლარია.

ევროსასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად – ინტერვიუ საიას ხელმძღვანელთან

„მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად,“ – ამბობს საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი „ბათუმელებთან“ მზია ამაღლობელის ერთ-ერთ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოშია.

ვიდრე ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, „კლუნების ფონდმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა და ქართული სასამართლო სისტემა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დარღვევაში ამხილა.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ფონდის ექსპერტი ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც შეისწავლა „მზია ამაღლობელის საქმე“, ანგარიშში წერს: „მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია, როგორც მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“.

„ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება საქმეში არსებული მთელი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს… თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას,“ – ამბობს თამარ ონიანი, საიას ხელმძღვანელი. საია  ევროსასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.

რამდენად დიდია მზია ამაღლობელის საქმის მოგების შანსი სტრასბურგის სასამართლოში? – „ბათუმელებმა“ საიას თავმჯდომარესთან, თამარ ონიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თამარ, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

მზია ამაღლობელის ორი საჩივარი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი. პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას და აქედან გამომდინარე სხვა დარღვევებს.

მეორე საქმე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიგზავნა, ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა. პირველი საქმე უკვე კომუნიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე არის გადასული და სასამართლოსგან შეკითხვები უკვე გამოეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელზეც მან გასცა პასუხები და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხეთ, ხუთ იანვარს გავაგზავნეთ შეპასუხება.

როცა სტრასბურგი იღებს საქმეს არსებითად განსახილველად, მიმართავს მეორე მხარეს, ანუ სახელმწიფოს შეკითხვებით. როდესაც სახელმწიფო ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს, მომჩივანს აქვს უფლება, უპასუხოს იუსტიციის სამინისტროს, ანუ, ასე ვთქვათ, შეპასუხების შეპასუხება გააკეთოს. საერთო ჯამში არის ორი რაუნდი: საჩივარი – იუსტიციის სამინისტროს პასუხი, შემდეგ ჩვენი პასუხი იუსტიციის სამინისტროს შეპასუხებაზე და საბოლოოდ, იუსტიციის სამინისტროს პასუხი.

თამარ ონიანი
  • იუსტიციას ჯერ არ გაუგზავნია თქვენს შეპასუხებაზე პოზიცია?

არა, 5 იანვარს გავგზავნეთ ჩვენი შეპასუხება. იუსტიციას კვლავ ექნება უფლება, გვიპასუხოს. სასამართლოს მხრიდან გარკვეული კვირების განსაზღვრა ხდება, თუ სახელმწიფო არ მოითხოვს ასევე ვადის გახანგრძლივებას, რასაც ითხოვს ხოლმე და სასამართლო გარკვეულ შემთხვევებში ამას კმაყოფილებს, თუმცა კოლოსალურად არ წელავს ამ პროცესს.

სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

მეორე საქმეს [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე] საკმაოდ სწრაფად მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი, იმიტომ, რომ ეს საქმე 2025 წლის 14 ნოემბერს გავაგზავნეთ და 12 იანვარს მივიღეთ ფოსტით გზავნილი, რომ რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა. რეგისტრაციის ნომრის მინიჭების უკვე შემდეგი ეტაპი არის საქმის კომუნიცირება, ანუ საქმის არსებითი განხილვის დაწყება და შეკითხვების გამოგზავნა იუსტიციის სამინისტროსთვის.

  • დაახლოებით რა დროს დასჭირდება სტრასბურგის სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ გადაწყვეტილების მისაღებად? 

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი ვადები არ აქვს და გამიჭირდება, რაიმე წინასწარი ვადა განვსაზღვრო, თუმცა ის, რომ ეს პროცედურები საკმაოდ მჭიდრო დროში მიდის, ეს უკვე კარგია და ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.

  • თქვენი აზრით, როგორია ამ საქმის წარმატებით დასრულების შანსი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა „კლუნების ფონდის“ დასკვნაში წერს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დარღვევებმა „სერიოზულად შეარყია, როგორც მზია ამაღლობელის დაკავების და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა“. 

თავიდან ბოლომდე ამ საქმეს რაც გასდევს, არის ის, რომ მართლმსაჯულების ნაცვლად, მთელი სამართალწარმოება ემსახურება ადამიანის – მზია ამაღლობელის დასჯას. ამ სამართალწარმოების მიღმა არსებობს ფარული განზრახვა, რომელზეც ჩვენ, სხვათა შორის, სტრასბურგშიც ვდაობთ და ეს ფარული განზრახვა, საბოლოო ჯამში, შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც, მაგალითად, მართლმსაჯულებას სხვადასხვა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს. ინდივიდუალურ საქმეებშიც შეიძლება დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ ამ საქმეში გარდა იმისა, რომ ირღვევა ინდივიდუალური ელემენტები სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ, ამავდროულად, ამ დარღვევების პარალელურად მთელი სამართალწარმოება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს არის ჩვენი საჩივრების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტაციის ხაზი სტრასბურგის სასამართლოში.

„კლუნების ფონდის“ შეფასებაც ქალბატონი მზიას საქმესთან დაკავშირებით ამას მოწმობს და, მათ შორის, ექსპერტი, რომელიც ამ შეფასებაში იყო ჩართული – სერ ნიკოლას ბრატცა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი ექსპერტი, ამავდროულად ის იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე და არის ძალიან ავტორიტეტული ადამიანი, რომელმაც ეს საქმე ასე შეაფასა.

  • პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს იგივე „ოცნების“ მაღალჩინოსნების, ირაკლი კობახიძის, თუ შალვა პაპუაშვილის განცხადებები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ? „კლუნების ფონდის“ ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზეც კი.

ეს იყო ის დამაზიანებელი განცხადებები, რომელიც „კლუნების ფონდის“ ანგარიშშიც არის ასახული და არა მხოლოდ ამ ანგარიშში, პირველ საჩივარშიც ვდაობთ. „კლუნებს ფონდის“ ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს უფლების ქვეშ შეიძლება დაირღვეს არა მარტო მოსამართლის, სასამართლოს მიერ, არამედ, მათ შორის, მაღალი რანგის სახელისუფლებო პირების მიერ, როდესაც ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ბრალდებული პირის რეალურ დამნაშავედ წარმოჩენას საზოგადოების წინაშე.

ქალბატონი მზიას საქმეში ასეთი არაერთი განცხადება ვნახეთ ჩვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან, რასთან დაკავშირებითაც იურისტების მხრიდან დაყენებული იყო სხვადასხვა არგუმენტაცია, როგორც სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.

  • სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხუთი კატეგორიიდან A B C D E „მზია ამაღლობელის საქმეს“ მიანიჭა D კატეგორია. რას ნიშნავს ეს?

ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სასამართლო მონიტორინგი [ჩვენც ვაკეთებთ სასამართლო პროცესის მონიტორინგს] მათ აქვთ თავიანთი კატეგორიები და მეთოდოლოგია. „კლუნების ფონდის“ ამ საქმისთვის D კატეგორიის მინიჭების ქვეშ ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეს კატეგორია საქმეს მიენიჭა იმის გამო, რომ საქმეში გამოიკვეთა სხვადასხვა ტიპის დარღვევა.

პირველ რიგში, ეს შეეხებოდა, მათ შორის, ეფექტურ მონაწილეობას პროცესზე, როდესაც, მაგალითად, ქალბატონი მზია მოთავსებული იყო შუშის კაბინაში, სადაც რეალურად ნაკლებად ჰქონდა ჯეროვანი შესაძლებლობა, საკუთარ ადვოკატებთან კონფიდენციალურად და ეფექტურად ჰქონოდა კომუნიკაცია. სამართლიანი სასამართლოს უფლებისთვის არის განუყოფლად მნიშვნელოვანი, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებობდეს ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ადამიანი სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში მონაწილეობას იღებს, მათ შორის, ადვოკატების დახმარებით. თუ კლიენტს და ადვოკატს შორის არ არის შესაძლებლობა პროცესზე, რომ ჯეროვანი და ადეკვატური კომუნიკაცია ჰქონდეთ – თუნდაც ლოჯისტიკურმა საკითხმა მოახდინოს გავლენა ამაზე – ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ასეთი ლოჯისტიკური საკითხი იყო ზუსტად კაბინა, რომელმაც საბოლოო ჯამში მარტო ლოჯისტიკაზე კი არა, მზია ამაღლობელის ძირითად უფლებაზე მოახდინა გავლენა და ეს ეხებოდა ადეკვატურ კომუნიკაციას მის ადვოკატებთან.

სხვათა შორის, ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები არა მარტო ქალბატონი მზიას საქმეში შეინიშნება, არამედ სხვა პატიმრების საქმეებშიც ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როცა სასამართლოს არ ჰქონდა უზრუნველყოფილი ისეთი დარბაზის შერჩევა, სადაც ყველა ადვოკატს ყველა ბრალდებულთან, ან მინიმუმ ერთ ადვოკატს საკუთარ დასაცავ პირთან ექნებოდა ჯეროვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამაზე ჩვენ, საიას, არაერთი გამოხმაურება გვქონია.

განსაკუთრებით დამახასიათებელია ასეთი ლოჯისტიკური დაბრკოლებები, ან რაღაც სპეციალურად შექმნილი დაბრკოლებები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებებისთვის.

  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ ასეთი მიდგომა, ანუ მინის კაბინაში გამოკეტვა აქვს სასამართლოს ყველა ბრალდებულის მიმართ. ეს მიდგომა რომ უსამართლოა, დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში? აქ მზია ამაღლობელს მისცეს საშუალება, ადვოკატების გვერდით დაეკავებინა ადგილი. 

ის, რომ რაღაც წესი ყველაზე ვრცელდება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს წესი დასაშვებია, ან თავსებადია ადამიანის უფლებათა სამართალთან. რაღაც არადისკრიმინაციული პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ბრალდებული შეიძლება შუშის კაბინაში იყოს მოთავსებული – არ გამორიცხავს იმას, რომ შუშის კაბინაში ადამიანის მოთავსება შეიძლება იყოს შეუსაბამო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

შუშის კაბინის შეუსაბამობის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადვოკატს და დასაცავ პირს შორის კომუნიკაცია რამდენად ადეკვატურია ასეთ დროს? – ეს არის აქ მთავარი შეკითხვა.

  • კლუნების ანგარიშში საუბარია მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობის პრობლემაზეც: „განაჩენში არ იყო მოყვანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისა და საპატიმრო სასჯელის სათანადო დასაბუთება, რაც საერთაშორისო სამართლის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს,“ „განაჩენი არ განმარტავს, როგორ გაუწია „წინააღმდეგობა“ მზიას ამაღლობელის სილამ ირაკლი დგებუაძეს“, „გადაწყვეტილება ვერ ხსნის, თუ როგორ წარმოადგენდა დარტყმა „ძალადობას“, – ვკითხულობთ ანგარიშში. ეს ნიშნავს იმას, რომ მზია ამაღლობელმა ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით?

ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ადგილობრივ დონეზე თუ სამართალი ნაპოვნი არ იქნება, ბოლო სიტყვას იტყვის ევროპული სასამართლო.

საბოლოო სიტყვას იტყვის საერთაშორისო მექანიზმები და „კლუნების ფონდის“ ეს შეფასება უკვე წინსწრებით, ფაქტობრივად, საცნობად ხდის, თუ რა შეიძლება დაინახონ ამ საქმეში, როგორც პრობლემა.

  • რას აჩვენებს ასეთი მკაფიო შეფასება ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტისგან და „კლუნების ფონდისგან“? რამდენად დიდია შანსი, მზია ამაღლობელმა მოიგოს საქმე სტრასბურგის სასამართლოში?

„კლუნების ფონდის“ ანგარიში და ეს შეფასება არის ფაქტობრივად დადასტურება იმისა, რასაც ქალბატონი მზიას ადვოკატები, მათ შორის საია, ქალბატონი მაია მწარიაშვილი, ყველა ჩართული პირი ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა. გარე, ობიექტურმა დამკვირვებელმა – „კლუნების ფონდის“ წარმომადგენლები სასამართლო პროცესებსაც ესწრებოდნენ – დაინახა ეს, როგორც პრობლემა. ეს არის ფაქტობრივად გამოაშკარავება ამ საქმეში არსებული მთელი რიგი იმ დარღვევებისა, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობს.

„კლუნების ფონდი“ ასევე საუბრობს საქმის გადაკვალიფიცირებაზე, რაც ბოლო ეტაპზე მოხდა. რეალურად სასამართლოს არ მიუცია შესაძლებლობა დაცვის მხარისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები წარედგინა უშუალოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე: მანამდე სხვა მუხლით მიდიოდა სასამართლო წარმოება და მოსამართლემ კვალიფიკაცია მოგვიანებით შეცვალა უკვე გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

მთელი პროცესების განმავლობაში არ ჰქონია დაცვის მხარეს შესაძლებლობა, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით, ესეც ბუნებრივია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მნიშვნელოვან გამოწვევას.

ფაქტობრივად, გადაკვალიფიცირება ბოლო ეტაპზე შესაძლებლობას ართმევს დაცვის მხარეს, იყოს სრულყოფილად ჩართული საქმის პროცესში. სისხლის სამართალშიც ჩვენ გვაქვს შეჯიბრებითი პროცესი პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს წარუდგინონ, რა არის სიმართლე, შეაპირისპირონ ეს არგუმენტები. როდესაც ეს შეპირისპირება მიდის სხვა მუხლის საფუძველზე და შემდეგ უკვე პროცესის ბოლოს მოსამართლე ამ საფუძველს ცვლის, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რამდენად მოხდა დაცვის მხარის პოზიციების მოსმენა, იმიტომ, რომ დაცვის მხარეს რეალურად არ ჰქონდა შესაძლებლობა იმ მუხლთან დაკავშირებით წარედგინა საკუთარი არგუმენტები.

  • მზია ამაღლობელის საქმე ახლა უკვე უზენაეს სასამართლოშია. დავუშვათ, რომ უზენაესმა სასამართლომ გაამართლა მზია ამაღლობელი, ეს ამცირებს საქმის მოგების შანსს სტრასბურგის სასამართლოში?

უკვე წარდგენილი რა საჩივრებიც არის სტრასბურგის სასამართლოში, ისინი ეხება საქმის წარმოების სხვა ეტაპებს. ამიტომაც, ამ საჩივრებს არაფერი არ ემუქრებათ. როცა საჩივარი შეეხებაა აღკვეთ ღონისძიებას, იქ უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. სტრასბურგი იწყებს საქმის განხილვას მაშინ, როცა ეროვნულ დონეზე უკვე ამოწურულია უფლების დაცვის საშუალებები. აღკვეთთან დაკავშირებით ეს საშუალებები უკვე კარგა ხანია ამოწურულია. ადმინისტრაციული საქმეებიც უკვე დასრულებულია. ამ საქმეებს არაფერი არ ემუქრებათ. სტრასბურგის სასამართლო განაგრძობს მათ განხილვას.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდების საქმეს, აქ, ასე ვთქვათ, უფლების დაცვის საშუალება ბოლო ეტაპი უკვე არის უზენაესი სასამართლო და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ, წავიღებთ თუ არა ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში.

ჩვენ ქალბატონი მზიას ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. თუ ეროვნულ დონეზე ქალბატონი მზია ამაღლობელი სამართალს ვერ იპოვის, ჩვენ აუცილებლად მისი თანხმობით და მისი ნების გათვალისწინებით, ყველა საერთაშორისო მექანიზმს მივმართავთ.

მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.

სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან.

რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს.

პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე დაგეგმილია არსებული დაბალი ბაქნის დემონტაჟი და ახალი, ისევ დაბალი ბაქნის მოწყობა ასფალტბეტონის საფარით.

„ლიანდაგის მხარეს ბაქნის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს ბეტონის კედელი, რომელზეც შეინიშნება ბზარები და დაზიანების კერები. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ადგილებზე კედლის რეკონსტრუქციას.

არსებული ბაქნის შუა ნაწილში განთავსებულია ლიანდაგზე გადასასვლელი ფეხითმოსიარულეთათვის.

პროექტის მიხედვით ახალი ბაქანი ეწყობა გადასასვლელიდან თბილისის მხარეს გვირაბამდე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია არსებული გადასასვლელის შეცვლა ახლით,“ – ვკითხულობთ პროექტში, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ კომპანია „კვადრატმა“ მოუმზადა.

ტენდერი საქართველოს რკინიგზამ 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 12 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ ბაქანს, ბაქნის კედელიც დაზიანებულია. ასევე დაზიანებულია სავალი ნაწილი. პროექტით გათვალისწინებულია როგორც ბაქნის კედლის, ისე მოსაცდელი შენობის რეაბილიტაცია.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული მოსაცდელი პავილიონის უკან 2 მეტრში განთავსებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. კაბელის სიახლოვეს სამუშაოების წარმოებისას აუცილებელია სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ სამტრედიის კვანძის ხელმძღვანელის გაფრთხილება,მეთვალყურეობის გასაწევად,“ – ვკითხულობთ პროექტში.

ასე გამოიყურება სამგზავრო ბაქანი ბოტანიკურ ბაღთან, რომლის რეაბილიტაციაზეც რკინიგზა 400 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

ბოტანიკური ბაღის წინ მდებარე სამგზავრო ბაქნის მოსაწყობად ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

ორივე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შესრულებულ სამუშაოზე გარანტია 10 წლის განმავლობაში უნდა აიღონ.

კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და გამოყენებულ მასალას არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში დეფექტ(ებ)ის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯებისა და აღნიშნული დეფექტ(ებ)ის მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება,“ – ნათქვამია სატენდერო პირობებში.

რენდერის მიხედვით ასეთი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქანი

ბათუმში №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს

27 იანვრიდან, ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძისა და ზღვისპირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულებამდე, №2ა სამარშრუტო ხაზი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.

დროებითი მარშრუტია: კაჩინსკების ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კოტე აფხაზის ქუჩა → ადლიის ქუჩა → ელიავას ქუჩა → ლორთქიფანიძის ქუჩა → კაჩინსკების ქუჩა.

ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს.

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია.

წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.

ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. „Winter Jazz Bakuriani 2026”-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, ასევე ბრას ბენდებს, ელექტრო მუსიკისა და ჯაზის ელემენტების სინთეზსა და სხვა.

14 თებერვალი:

Sweet Life Society

Smoove and Turrell

Kraak and Smaak

Dennis Rollins

15 თებერვალი:

Kraak and Smaak

Bass Monkeys

Swingrowers

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 26 იანვრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

„Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს სასტუმრო „კოხტა-ბაკურიანის” ტერასა უმასპინძლებს.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული „Winter Jazz Bakuriani 2026“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მუდმივ ჩართულობას კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში და თანამედროვე მუსიკის მხარდაჭერაში.

Exit mobile version