„არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის… არაკონსტიტუციურს რომ თავი დავანებოთ, აბსურდულია ეს ყველაფერი,“ – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. მას ვესაუბრეთ საქმეებზე, სადაც სასამართლომ ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი, არც ნაკლები – დააპატიმრა.
რა ჩაწერა ამ დროს გადაწყვეტილებაში მოსამართლემ?
„ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა… მოსამართლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არც მას და არც სისტემას არ ვენდობოდი. არ ვენდობით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელიც სრული სერიოზულობით იხილავს ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს, ის ნდობას ვერ იმსახურებს,“ – გვიყვება ნიკა სიმონიშვილი.
„ბათუმელებმა“ იურისტ ნიკა სიმონიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარეა:
- ბატონო ნიკა, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანები დააპატიმრეს. უკვე ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რატომაა ეს სამართლებრივად აბსურდი და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება?
ნამდვილად არის არაკონსტიტუციური, როცა ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ფრაზები: „პროტესტის გამო“, „ტროტუარზე დგომის გამო“ ძალიან არ მოსწონს, ამბობს, რომ თითქოს ადამიანებს დაბრკოლება ექმნებოდათ ტროტუარზე გადაადგილების მომენტში და ამის გამო შეეფარდათ პატიმრობა. მაგრამ ეს სრული სიცრუეა. შსს-ს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე, სახდელი, რომელსაც სასამართლო იყენებს და რაც კანონშია გათვალისწინებული, სრულიად არაადეკვატურია.
აბსურდულია ეს ყველაფერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა, როდესაც ოქმების შედგენის შემდეგ სასამართლოში მოვიდა და ასაბუთებდა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ადმინისტრაციულ პატიმრობაში გასაშვები.
კანონი, რომელიც ბოლო ცვლილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ფაქტობრივად გზის გადაკეტვის კანონის ანაბეჭდია. ტროტუარის დაკავებაზე იგივე ანალოგიის გამოყენება, რაც გზის გადაკეტვაზეა, სრულიად ალოგიკური და არაგონივრულია: გზის გადაკეტვის, ანუ გზაზე პროტესტის გამოხატვის ლოგიკა არის იმაში, რომ თუ ტროტუარზე ადგილი აღარ არის, გადადიხარ გზაზე. თუ საკმარისი რაოდენობით არ ხარ იმისთვის, რომ ტროტუარი აითვისო და ისე გადადიხარ გზაზე, ეს არის უკვე სამართალდარღვევა, მაგრამ იგივე ლოგიკა ვერ იმუშავებს ტროტუარის შემთხვევაში: ტროტუარზე საკმარისი რაოდენობა უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იარსებებს.

ნიკა სიმონიშვილი
თუ ტროტუარზე დაეტევა პირობითად 1000 ადამიანი და დგას 500, გამოდის, რომ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია და თუ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია, ესე იგი, იმ ადგილას ადამიანი გაივლის, თუ ხელოვნური დაბრკოლება არ შეუქმენი ვინმეს – მაგალითად, ცოცხალი ჯაჭვით ან ბარიკადებით.
- ანუ თუ ტროტუარზე ბევრია დემონსტრანტი და ამ დროს შეიქმნა გადაადგილების კუთხით შეფერხება, ეს „ოცნების“ კანონებით დასაშვებია?
კი, ეგ შეიძლება, თუ ცოტა ხარ, მაშინ არ შეიძლება, მაგრამ აბსურდულობა იმაშია, რომ როცა ცოტა ხარ, დაბრკოლებასაც ვერ შეუქმნი ვერავის.
ახლა ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა იქ დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა. დემონსტრანტების შეჯგუფება კიდევ არაკანონიერმა მოწოდებამ და აქედან წამოსულმა პროვოცირებამ გაუკეთა რეალურად.
ამიტომაც, ფაქტობრივად, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრებას არავითარი სამართლებრივი ახსნა არ აქვს. ეს აბსურდია. პროტესტის გამოხატვისთვის სხვა ადგილი აღარ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, გარდა ტროტუარისა და აი, ამ სივრცის შეზღუდვა უნდათ, თორემ ვიღაცას თუ მოძრაობის უფლება აქვს, მე იქ პროტესტის გამოხატვის უფლება მაქვს.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პროტესტს თან მოჰყვება მცირეოდენი დისკომფორტი, როცა შეიძლება ადამიანებს გადაადგილება შეუფერხდეთ, ხელი შეეშალოთ. მეც შეიძლება მომიწიოს ისეთ ადგილას გავლა, სადაც ისეთი აქცია იმართება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და არც მომწონდეს, ამიტომ გვერდი უნდა ავუარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დამატებით 100 მეტრის გავლა მომიწია ფეხით. ამის გამო ვიღაც ციხეში უნდა გავუშვათ?
მე ფეისბუქგვერდზე მქონდა კადრები, როცა შსს მოუწოდებდა ტროტუარიდან გადადითო. კარგად ჩანს იმ კადრებში, რომ ადამიანები ჩვეულებრივად გადიან ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, მაგალითად, პარლამენტის ერთი დასაწყისიდან ბოლომდე, მათ არ ეშლებათ გადაადგილებაში ხელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ თავისი არგუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება – უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი წარადგინა სასამართლოში. მეორე აბსურდამდე მივდივართ: წლების განმავლობაში მოსამართლეებიც და შსს-ც პროცესებზე გვეუბნებოდნენ ხოლმე: ტროტუარზე გამოხატეთ პროტესტი, გზაზე ნუ გადადიხართო. „შეკრება-მანიფესტაციის“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტია, სადაც წერია, რომ განზრახ დაბრკოლების შექმნა ფეხით მოსიარულეებისთვის არ შეიძლება.
ამ ნორმაზე დაყრდნობით დაწერეს ახლა ოქმები, მაგრამ ეს ნორმა არსებობდა მაშინაც, როდესაც მოსამართლეები და შსს მიგვითითებდნენ იმაზე, რომ ტროტუარზე გამოგვეხატა პროტესტი. ახლა უცებ შეცვალეს მიდგომა და ამბობენ, რომ არა – აღარ შეიძლება.
17 დეკემბრის შემდეგ [როცა ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმები] უკვე ერთ თვეზე მეტია გასული და პროტესტი გრძელდება ისე, რომ ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან: გადიან, გამოდიან. გამოდის, რომ თუ დღეს აღარ არის ეს სამართალდარღვევა, მაშინ მხოლოდ 17 დეკემბერს რატომ იყო ეს სამართალდარღვევა? სხვა დღეებში რატომ აღარ არის?
- თუმცა შსს-ს ახლაც შეუძლია შეადგინოს ოქმები. ჩვენ ხომ არ ვიცით ჯერ რა რეაგირება ექნება შსს-ს სხვა დღეებზე – შეიძლება ისევ დააპატიმრონ ადამიანები ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის.
დიახ, ექვსთვიანი ვადა აქვთ სახდელის დასაკისრებლად. ახლაც შეუძლიათ შეადგინონ ოქმები ყველაზე, ვინც ტროტუარზეა და პროტესტს გამოხატავს. მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ალოგიკურია ეს პრაქტიკა: არათანმიმდევრული და არასწორია მათი მიდგომა.
შსს პროცესებზე ასევე ამბობდა, გაფრთხილებაც არ იყო სათანადოდ შემოსულიო. ამდენ აბსურდში უკვე აღარ გაჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო და ამაზე არ დაეთანხმა პრინციპში: გაფრთხილება 17 დეკემბერზე და სხვა დღეებზეც იყო გაკეთებული სათანადო წესით. შსს ამბობდა, თითქოს ფორმალურად ხარვეზიანი იყო ეს გაფრთხილებები, მაგრამ ვერ ასახელებდნენ, რა ფორმალური ხარვეზი ჰქონდა ამ გაფრთხილებებს.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ გაფრთხილება არის ცალმხრივი აქტი და მას დადასტურება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უკვე ნებართვითი სისტემა, რაც არაკონსტიტუციურია. ანუ, ნებართვა არ უნდა მჭირდებოდეს მე შეკრებისთვის.
სასამართლო შსს-ს გაჰყვა ერთ საკითხში: დაინახეს, რომ მოქალაქეები ტროტუარზე ნაცვლად იმისა, რომ უკანა მხრიდან შემოევლოთ [პარლამენტის ფასადს, რასაც უწოდებენ], ან ზემოდან შემოევლოთ, გადავიდნენ ბასლაინზე და ბასლაინიდან გააგრძელეს სვლა და აი, აქ ჩანს, რომ შეაფერხეთ თქვენ მოძრაობაო. ამის გამო უნდა ჩაგსვათ ციხეშიო.
ისინი მიუთითებენ ერთ-ერთ ეპიზოდში ორი ადამიანის ბასლაინზე გავლაზე. მაგრამ რა გამოდის – სხვისი ქმედების გამო მაგებინებ პასუხს? ვიღაც შეიძლება უბრალოდ გადავიდეს ბასლაინზე, ან აქციის მონაწილეებში გავლა არ უნდოდეს, არ ეკომფორტულებოდეს, არ მოსწონდეს რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო და ამიტომ ბასლაინიდან მოუაროს, იქიდან გადავიდეს. ამის გამო მე პასუხისმგებლობა რატომ უნდა დამეკისროს?
მეორეც – იმ მომენტში, როდესაც იმ ადამიანებმა ბასლაინზე გაიარეს, კონკრეტული დემონსტრანტების ტროტუარზე დგომის ფაქტს შსს საერთოდ ვერ ადასტურებს. მაგალითად, თუ იყო მითითებული დრო, რომ მე დამაფიქსირეს აქციაზე პირობითად 20:35 საათზე, ის დემონსტრანტები ბასლაინზე გადადიან 20:30 საათზე და 20:35-ზე რომ მე იქ ვიდექი, ვიღაცას ხელს ვუშლიდი და ამის გამო ვიღაცამ ვერ გაიარა – ეს არ ჩანს. ჩანს, რომ სამოძრაო ტერიტორია იქ ძალიან ბევრი იყო დარჩენილი. ვიდეოკადრები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა აბსურდზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
- მოსამართლის არგუმენტი რა არის – ისე იდექით ტროტუარზე, რომ სხვები იძულებული გახდნენ, ბასლაინზე გადასულიყვნენო?
კი. მაგრამ აქ არის ორი ამბავი: ვიდეოში ჩანს, რომ იმ მომენტში, როცა ვიღაცები ბასლაინზე გადავიდნენ, სხვა ადამიანებმა მეორე მხრიდან შემოუარეს დემონსტრანტებს გვერდი, ანუ მოძრაობის საშუალება იყო. ადამიანები იქ რეალურად შეჯგუფდნენ იმიტომ, რომ პოლიციამ გააკეთა მოწოდება დაშლაზე, ტროტუარის დატოვებაზე. მერე მოიგონეს, ზემოთ ფასადი და ქვემოთ ტროტუარი იყოო… საპატრულო პოლიციის სამარშრუტო მიკროავტობუსი უფრო მეტ ადგილს იკავებდა, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისცეს.
მაშინ პოლიციაც პასუხისგებაში ყოფილა მისაცემი – სხვებს უშლიდნენ გადაადგილებაში ხელს.
პოლიცია აკეთებს მოწოდებას, რომ დატოვეთ ტროტუარიო და ამის შემდეგ ხდება შეჯგუფება. ფაქტობრივად, ადამიანების შეჯგუფებას პროვოცირება პოლიციამ გაუკეთა.
- როგორ უნდა მოქმედებდეს ამ დროს პოლიცია? – კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვას იცავს, პოლიციელი ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და უკანონო დავალების საფუძველზე არ დასაჯოს ადამიანები ტროტუარზე დგომისთვის.
ამ შემთხვევაში პოლიციელებს არაფერი არ უნდა გაეკეთებინათ: არავის განზრახ დაბრკოლება არავისთვის არ შეუქმნია. პოლიციელები უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც იქცევიან 17 დეკემბრის შემდეგ – პერიმეტრზე არიან განლაგებულები და აკონტროლებენ რამე კანონდარღვევა მოხდება თუ არა.
პოლიციელები ზუსტად ისევე უნდა მოქცეულიყვნენ 17 დეკემბერს, როგორც გუშინ იქცეოდნენ. აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა, კანონში ჩაწერ თუ უბრალოდ დავალებას შეასრულებ, ფაქტია, რომ არასწორ რაღაცას აკეთებ. ამ არასწორი რაღაცის კეთება არის ის, რომ ტროტუარზეც პროტესტი ალაგმო. აქამდე მივდივართ საბოლოო ჯამში.
პოლიციელი თუ არასწორად მოქმედებს, ეს კანონით მოხდება თუ კანონის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როცა პოლიციას თუნდაც ნორმალური კანონის პირობებში სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები მიუღია.
არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის.
- სამართლებრივად რა ბერკეტი რჩება მოქალაქეების – ვიცით, რომ პროტესტის გამოხატვა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა?
მაგალითად, პროცესზე, სადაც ვიცავდი ერთ-ერთს, მოსამართლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არც მას და არც სისტემას არ ვენდობოდი. არ ვენდობით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელიც სრული სერიოზულობით იხილავს ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს, ის ნდობას ვერ იმსახურებს.
მოსამართლე, აი, ასეთ აბსურდულ ქეისზე რასაც უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ უნდა გზავნიდეს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის და ისიც პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს, გასაგებია, მაგრამ როგორც მინიმუმ ამ საქმეების საკონსტიტუციოში გადაგზავნა გამოიწვევდა იმას, რომ საქმეები შეჩერდებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა არ დაეკისრებოდათ.
სამწუხაროდ, ქართულ მართლმსაჯულებას სინდისი უკვე დაკარგული აქვს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს. საქართველოში სამართლის ძებნას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე აზრი აღარ აქვს. შეიძლება მოსამართლეები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ჩვენ მართალს ვამბობთ, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა სრულდება. პოლიტიკური დაკვეთის პირობებში სამართლებრივ ბერკეტებზე საუბარს ქვეყნის შიგნით აზრი არ აქვს.
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ტროტუარის საქმეები გაიგზავნება ევროსასამართლოში. ეს ამ დარღვევების სისტემურობაზე პირდაპირ მიუთითებს. დარღვევების სისტემურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სხვანაირ პოლიტიკურ გავლენას იქონიებს საერთაშორისო წნეხის თვალსაზრისით.
- თქვენი აზრით, 17 დეკემბრის შემდეგ რატომ აღარ ითხოვს შსს ადამიანების დაპატიმრებას?
საზოგადოებამ მთლიანობაში მხარს არ უჭერდა და ვერც დაუჭერდა ტროტუარზე პროტესტის გამო ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, მით უმეტეს პატიმრობის გამოყენებას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ვერ „გაპრავდა“.
- მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილის დაჯგუფებას საქართველოს დიქტატურის დამყარება სურს.
სურს ერთია და მეორეა – რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა. მე შეიძლება ბევრი რაღაც მინდა, მაგრამ მეორეა, ამის გაკეთების შესაძლებლობა მაქვს თუ არა, ანუ ამის ძალა უნდა გქონდეს. ძალა რომ გქონდეს, შესაბამისი მხარდაჭერაც უნდა გქონდეს.
ეს კანონი რომ მიიღეს, ფაქტია რომ უნდოდათ ამის გაკეთება – მაგრამ დავინახეთ, რომ შესაბამისი პოლიტიკური ძალა თურმე არ ჰქონიათ. რატომ არ ჰქონიათ, ეგ კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ფრთხილად ცდილობენ ჩაატარონ, გაიწელა ეს პროცესები, გადაიდო, ნელ-ნელა გამოაქვთ ეს გადაწყვეტილებები. უნდათ ნელ-ნელა მიამთავრონ ეს საქმეები, უხმაუროდ, რაღაცნაირად ჩუმად. მერე რას მოიმოქმედებენ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ ზამთარში რომ ვერ იმუშავა და ეს ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.






