მთავარი,სიახლეები

„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან

27.01.2026
„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან

„პურის შემოტანის უფლება არ მოგვცეს, არც წამლის,“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმელებს“ დღეს, 27 იანვარს, დილით დაუკავშირდა. ის დაახლოებით 12 დღის წინ შევიდა თვითნებურად გოგოლის ქუჩაზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ერთ-ერთ კორპუსში.

ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებთან  მესამე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ.

მარინა ღოღობერიძე შენობაში შვილთან და რძალთან ერთადაა. მათ შენობის დატოვების უფლება აქვთ, უკან დაბრუნების – არა. მარინა ღოღობერიძე ამბობს, რომ უკვე სამი დღე საკვების გარეშეა. ამ კორპუსში კიდევ რამდენიმე ოჯახმა შეიტანა ნივთები, თუმცა ამ დროისთვის ისინი ადგილზე არ არიან.

„აქედან არსად წავალ, არ მაქვს არსად წასასვლელი… წყალიც გამორთულია და შუქიც გაგვითიშეს, რომ ჩვენ წავიდეთ. გათბობა ისეც არ მღირსებია არასოდეს. ასე შეიძლება, წამლის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს?“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე.

„გუშინ მივედი საღამოს 11 საათზე და წამალიც კი არ მიმაწოდებინეს. დავრეკე 112-ში და მოვიდა პოლიციის მე-5 განყოფილება, გვითხრეს, რომ მერიის ზედამხედველობიდან არის შეზღუდვა. ვითხოვთ დახმარებას,“ – ამბობს ია ბერიძე, ის მარინა მსხალაძის კიდევ ერთი რძალია.

მარინა მხალაძეს 6 შვილი ჰყავს, აქედან სამს სახელმწიფომ მისცა ბინა. ამ კორპუსში აქვს ასევე ოფისი მერაბ ღოღობერიძეს, იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მერაბ ღოღობერიძეც ბინას ითხოვს. ამბობს, რომ 6 შვილის მამაა და უძრავი ქონება არ აქვს. მერაბ ღოღობერიძემაც ამ კორპუსში გახსნა ოფისი, ვიდრე ოზთურქის კორპუსები სახელმწიფოს ხელში გადავიდოდა.

კორპუსების დიდი ნაწილი გამოკეტილია და წლებია უფუნქციოდაა დატოვებული.

24 იანვრიდან გოგოლის ქუჩაზე გამოკეტილ კორპუსებთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. უსახლკაროებმა აქციების მოწყობა მას შემდეგ დაიწყო, როცა ცნობილი გახდა ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია ვინმე აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან, ან მერიიდან.

გუშინ, 26 იანვარს აქციის მონაწილეებს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობა არაა წინააღმდეგი, ეს ბინები აქციის მონაწილეებს გადაეცეთ.

თამაზ ბაკურიძის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ არის რეალურად უსახლკარო და მიიღებს ბინას. მისივე თქმით, აჭარის მთავრობამ ინფორმაცია უსახლკაროებს დღეს უნდა მიაწოდოს.

გოგოლის ქუჩაზე ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ბინებთან საპროტესტო აქცია დაანონსებულია დღესაც, 3 საათზე.

ამ თემაზე:

„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: