სიახლეები

„წლებია მიწას ვერ ვირეგისტრირებთ, არჩევნების წინ დაგვპირდნენ“ – გონიოში მცხოვრებები

28.01.2026
„წლებია მიწას ვერ ვირეგისტრირებთ, არჩევნების წინ დაგვპირდნენ“ – გონიოში მცხოვრებები

გონიოში მცხოვრებები „ოცნებას“ არჩევნების წინ მიცემული დაპირების შესრულებას სთხოვენ.

მათ დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ამდენი წლის შემდეგ მიწის ნაკვეთებს ისევ ვერ ვირეგისტრერებთ და ისევ არ ვიცით, რატომ.

არჩევნების წინ გვპირდებიან, შემდეგ დავდივართ დოკუმენტებით, ხან რაღაც აკლია, ხან ნახაზი შეცვალეთო და ასე.

ნახაზის შეცვლა 300 ლარია, არაერთხელ შეგვაცვლევინეს“, – ამბობენ გონიოში მცხოვრებები, რომლებმაც მიწის ნაკვეთები ვერც თვითნებურად დაკავებული ფაქტობრივი საკუთრების წესის შესაბამისად დაირეგისტრირეს და ვერც სპორადული რეგისტრაციით.

აქციის ზოგიერთი მონაწილე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას გონიოს ციხესთან ახლოს ითხოვს.

ციხეს ძეგლის სტატუსი აქვს და მას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ციხის მიმდებარე ტერიტორიას კი ძეგლის დაცვის ზონის სტატუსი აქვს, სადაც კანონი კრძალავს იმგვარ მოქმედებებს, რამაც შეიძლება ძეგლს ზიანი მიაყენოს ან დაჩრდილოს.

კანონით, ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის -1000 მეტრის რადიუსით.

ეს შეზღუდვა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით კოპინაძემ უარის მიზეზად დაასახელა მოსახლეობასთან შეხვედრისას, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც საკუთრების დარეგისტრირებას ითხოვენ სხვა ტერიტორიაზე და არა ძეგლის დაცვის ზონაში.

ცნობილია, რომ გონიოს ციხესთან, დაცულ ტერიტორიაზე არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოსახლეობას საკუთრებაში 2016 წელს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასცეს.

ამას წინ უძღოდა 2010 წლის პროცესები, როცა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონიოელებს მის მიერვე 2008 წელს გადაცემული ეს მიწები ჩამოართვა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება ამ ოჯახებისთვის გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა.

„სააკაშვილის მიერ ერთ დღეში მიწების ჩამორთმევაზე“ ისაუბრა დღესაც ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა კაკაბაძემ „ბათუმელებთან“. ის ირწმუნება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გონიოში მესაკუთრეების 90 პროცენტს დაურეგისტრირა მიწის ნაკვეთები. პრობლემა 10 %-ს აქვს, რაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვაა. თუმცა მან ვერ დაასახელა რა შეზღუდვასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევებში, როცა მიწის ნაკვეთები ძეგლის დაცვის ზონაში არ არის.

ათეულობით ოჯახი გონიოში საკუთრების დასარეგისტრირებლად სასამართლოში წლები დავობდა, სადაც მათ ინტერესებს ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. 

რაც შეეხება ძეგლის დაცვის ზონას, ამ ნაკვეთების დარეგისტრირებაზე უარის გამო მოსახლეობამ სასამართლოს 2016 წელს მიმართა.

იმედოვნებდნენ, რომ მათ სახლების აშენების უფლებას მისცემდნენ, რადგან ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა.

თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, მათ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირეს სპეციალური პირობით, რომ ზონაში არ დაიწყებდნენ მშენებლობას.

დღეს აქციაზე შეკრებილებმა „ბათუმელებთან“ დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთების სამურნეო დანიშნულებით გამოყენების უფლება არ აქვთ და დარეგისტრირება მშენებლობისთვის სურთ.

ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ გონიოს ციხის მიმდებარედ არსებული არქეოლოგიური ზონა სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა ბეტონის ქვეშ.

2004 წლიდან დღემდე ამ ზონაში ჯერ საცხოვრებელი სახლები, შემდეგ კი დამხმარე ნაგებობები გაჩნდა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, როგორც საკვლევი არქეოლოგიური ზონა, შესაძლოა სრულად აღმოჩნდეს ბეტონის ქვეშ და დაიკარგოს უნიკალური არქეოლოგიური მასალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: