მთავარი,სიახლეები

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

27.01.2026 •
აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

აშშ-ის მიერ ჩრდილოეთის ზღვაში დაკავებულ ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის მეუღლე ნათია ძაძამია ედინბურგის სასამართლოში ჩივის და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ქმრის გასათავისუფლებლად.

ბრიტანული გამოცემა გარდიანის თანახმად, ედინბურგში შეტანილ სარჩელის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემის Marinera-ს კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე უკანონოდ არის დაკავებული.

ნავთობტანკერი Marinera, რომელიც ადრე BELLA 1-ის სახელით იყო ცნობილი, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში, მორეის ყურეშია გაჩერებული.

  • რა ვიცით ტანკერ Marinera-ზე?

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს სამხედრო ხომალდებმა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავეს.

ნავთობტანკერი დააკავეს აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე.

ნავთობტანკერ Marinera-ს ადრე BELLA 1- ერქვა.

ნავთობტანკერი ეჭვმიტანილი იყო აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის ვენესუელაში ტრანსპორტირებაში.

2025 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასცემდა ვენესუელაში შესულ და იქიდან გამოსული სანქცირებული ტანკერების ბლოკირების ბრძანებას.

ბიბისის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა 2025 წლის დეკემბერში კარიბის ზღვაში შეეცადა გაიანის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Bella 1-ზე ასვლას, რომელიც ვენესუელისკენ მიემართებოდა. მათ ჰქონდათ გემის დაკავების ორდერი აშშ-ის სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის ტრანსპორტირების ბრალდებით. თუმცა გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი, გადაირქვა სახელი, Bella 1-ის ნაცვლად გახდა Marinera და დარეგისტრირდა რუსული დროშის ქვეშ.

ამერიკულ სამხედრო ძალებს ნავთობტანკერის დაკავებაში სამხედრო დახმარება გაუწია დიდმა ბრიტანეთმა.

კერძოდ, გარდიანის თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ აშშ-ის ავიაციას ბაზების გამოყენების ნებართვა მისცა ოპერაციის მოსამზადებლად და ჩასატარებლად, სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) დამატებითი სადაზვერვო მხარდაჭერა უზრუნველყვეს, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებმა საწვავით მოამარაგეს.

„ეს გემი, საეჭვო წარსულით, წარმოადგენს რუსეთ-ირანის სანქციებისგან თავის არიდების ღერძის ნაწილს, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე ტერორიზმს, კონფლიქტსა და ტანჯვას აღვივებს,“ – უთხრა გარდიანს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილმა.

ჯონ ჰილის თქმით, „ტანკერმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიცვალა სახელი და, როდესაც Bella 1-ის სახელით კარიბის ზღვაში შევიდა, გაიანას დროშა შეცდომაში შეყვანის მიზნით აღმართა“.

  •  ვინ არიან Marinera-ს ეკიპაჟის წევრები და რა ბედი ეწიათ მათ

დაზუსტებითაა ცნობილი, რომ Marinera-ს კაპიტანი ქართველი ავთანდილ კალანდაძეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემზე ასევე იმყოფებოდა 17 უკრაინელი, 6 ქართველი [კაპიტნის ჩათვლით], 3 ინდოელი და 2 რუსი მეზღვაური.

ამ ეტაპზე, საჯარო წყაროებით უცნობია Marinera-ზე მყოფი 5  ქართველი მეზღვაურის ვინაობა.

მიუხედავად იმისა, რომ Marinera აშშ-ის საზღვაო ძალებმა დააკავეს, გემი შოტლანდიაში დგას, შოტლანდიაში არიან დაკავებული ეკიპაჟის წევრებიც. შესაბამისად, სწორედ შოტლანდიის იურისდიქციაშია მოქცეული Marinera-ს ეკიპაჟის საქმე.

ამიტომაც მიმართა ქართველი კაპიტნის მეუღლემ ედინბურგის სასამართლოს ავთანდილ კალანდაძის გათავისუფლების მოთხოვნით.

გარდიანის თანახმად, ნათია ძაძამიას წარმომადგენელმა ადვოკატებმა, ედინბურგის სასამართლოში სარჩელი 26 იანვარს შეიტანეს. ადვოკატები Marinera-ს კაპიტნის დაკავების მართლზომიერებას ეჭვქვეშ აყენებენ და ედინბურგის სასამართლოს მის გათავისუფლებას სთხოვენ უკანონო პატიმრობიდან.

„დღეს ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა კაპიტან ავთანდილ კალანდაძის დაკავების კანონიერების სასამართლო გადახედვის შესახებ. ვაცხადებთ, რომ ნათია ძაძამიას ქმარი, ეროვნებით ქართველი, უკანონოდ იყო დაკავებული და დაკავებული აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ შოტლანდიაში 7 იანვრიდან, საზღვაო გემზე, რომელიც ცნობილია როგორც Marinera და ადრე ცნობილი იყო როგორც Bella 1. კაპიტნის მეუღლე შეშფოთებულია ქმრის უსაფრთხოებით გემზე. ჩვენ ვითხოვთ შოტლანდიის სასამართლოს ჩარევას, რათა დავიცვათ მისი ქმრის კანონიერი უფლებები,“ – განუცხადა „გარდიანს“ ნათია ძაძამიას სახელით მოქმედმა ადვოკატმა, აამერ ანვარმა.

ადვოკატის თქმით, მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ ქართველი კაპიტანი „უკანონოდ იმყოფება სამართლებრივ გაურკვევლობაში“.

ადვოკატები მოითხოვენ საგანგებო ორდერს, რათა თავიდან იქნას აცილებული გემისა და ბორტზე მყოფი პირების შოტლანდიის სასამართლოს იურისდიქციიდან გაყვანა.

გარდიანის ცნობით, ორშაბათს, 26 იანვარს, გამართული სასამართლო მოსმენის დროს, სასამართლომ შეზღუდული ფორმით დროებითი აკრძალვა გასცა.

ადვოკატების თქმით, სასამართლოს მიერ გამოცემული აკრძალვა შოტლანდიის გენერალურ პროკურორს, შოტლანდიელ მინისტრებს – ან მათი სახელით მოქმედ ნებისმიერ პირს, უკრძალავს Marinera-ს კაპიტნისა და ეკიპაჟის სასამართლოს ტერიტორიული იურისდიქციიდან გაყვანას.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სრული სასამართლო მოსმენა უახლოეს დღეებში გაიმართება.

უფრო მეტი დეტალის გასაგებად „ბათუმელებმა“ სცადა ნათია ძაძამიასთან დაკავშირება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ შეძლო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: