მთავარი,სიახლეები

„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი

28.01.2026
„Marinera-ს ქართველი კაპიტანი აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს“ – ადვოკატი

ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ კაპიტნის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვენესუელასთან დაკავშირებული ნედლი ნავთობის ტანკერის კაპიტანი, რომელიც ამ თვეში შეერთებულმა შტატებმა დააკავა, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გადაიყვანეს და ამჟამად აშშ-ის სანაპირო დაცვის გემზე იმყოფება,“ – წერს როიტერსი.

აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა დანაყოფებმა, სასამართლო ორდერის საფუძველზე, 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში, ისლანდიასთან ახლოს, დააკავეს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Marinera იგივე BELLA1.

ტანკერს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. ,,როიტერსი” წერს, რომ ვაშინგტონის მიზანი ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვა იყო.

დაკავების შემდეგ ტანკერი Marinera შოტლანდიის სანაპიროსთან ახლოს გადაიყვანეს.

დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველი ავთანდილ კალანდაძე იყო, ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე უკრაინელი, რუსი, ქართველი და ინდოელი მეზღვაურები.

სწორედ შოტლანდიაში, ედინბურგის სასამართლოში წამოიწყო სამართლებრივი დავა დაკავებული კაპიტნის მეუღლემ, ნათია ძაძამიამ.

მან შოტლანდიელი ადვოკატების დახმარებით სარჩელი შეიტანა ედინბურგის სასამართლოში და მოითხოვა „უკანონოდ დაკავებული მეუღლის გათავისუფლება“. ასევე ითხოვდნენ დაკავებული კაპიტანი არ გასულიყო შოტლანდიის იურისდიქციის ზონიდან.

27 იანვარს შოტლანდიურმა სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც კაპიტნის გადაყვანას კრძალავდა მისი დაკავების კანონიერებაზე სასამართლოს დასრულებამდე.

თუმცა, ავთანდილ კალანდაძის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა აამერ ანვარმა ,,როიტერსს” უთხრა, რომ „ეს განკარგულება 28 იანვარს, სამშაბათს დილით გაუქმდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მოისმინა, რომ კალანდაძე უკვე ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა“.

სასამართლოს განკარგულება გაუქმდა.

„მიუხედავად იურიდიული მცდელობებისა მათი გადაყვანის შესაჩერებლად, კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე, საქართველოს მოქალაქე და გემის პირველი ოფიცერი შოტლანდიის იურისდიქციიდან გადაიყვანეს აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე.

ჩვენი კლიენტის საქმის სასამართლო გადახედვა ვეღარ შედგა, რადგან მისი მეუღლე აშშ-ის მთავრობამ შოტლანდიისა და ბრიტანეთის ტერიტორიიდან მოიტაცა,“ – მისწერა წერილობითი კომენტარი ,,როიტერსს” კაპიტნის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა, აამერ ანვარმა.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა  „როიტერსს“ მიაწოდა ინფორმაცია ეკიპაჟის სხვა წევრების შესახებაც.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ეკიპაჟის წევრებს მიეცათ ნებართვა გემიდან ჩასულიყვნენ შემდგომი მგზავრობის მიზნით, ისინი გაივლიან შესაბამის საიმიგრაციო და სამართლებრივ პროცედურებს.

„რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეკავება, საქმიანობის შეფერხება და დასუსტება ამ მთავრობის პრიორიტეტია. მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს რეაგირებას ასეთ ჩრდილოვან გემებზე და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – უთხრა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა „როიტერსს“ იმ გემებზე საუბრისას, რომლებიც სანქციების პირობებში ნავთობს ეზიდებიან.

ადვოკატ აამერ ანვარის განცხადებით, Marinera-ს ეკიპაჟის დანარჩენი 26 წევრი (გემი ადრე Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი) ბრიტანეთის არმიის ცენტრში, ინვერნესში გამოკითხეს. ადვოკატის თქმით, ხუთმა მათგანმა შეერთებულ შტატებში გამგზავრება აირჩია, ხოლო დანარჩენმა სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული მგზავრობის ვარიანტები არჩია.

ამავე თემაზე:

აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნის მეუღლე ედინბურგის სასამართლოში ჩივის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: