რუსეთში, რუსული არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 80 წლის პენსიონერს კბილი მოტეხა, რადგან ქალმა ალკოჰოლის საყიდლად მას 250 რუბლი არ მისცა – ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“ წერს.
„მედიაზონა“ ეყრდნობა ხაბაროვსკის მხარის სამხედრო სასამართლოს განაჩენს, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ ყოფილი ჯარისკაცი, მაქსიმ კილდიუშკინი, 180 000 რუბლით დააჯარიმა ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.
განაჩენში წერია, რომ კილდიუშკინი მთვრალი იყო, მას ალკოჰოლის ფული გაუთავდა და 1945 წელს დაბადებულ პენსიონერთან წავიდა ფულის სათხოვნელად.
როდესაც პენსიონერმა ჰკითხა ვინ იყო, კილდიუშკინმა უპასუხა – „ჩვენიანი“ და ქალს 250 რუბლის სესხება სთხოვა. პენსიონერმა მას უპასუხა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ ყოფილმა ჯარისკაცმა მას არ დაუჯერა და სახეში მუშტი დაარტყა, ორჯერ.
განაჩენის თანახმად, სასამართლოში კილდიუშკინმა დაადასტურა, რომ მან პენსიონერს „ფულის სესხებაზე უარის თქმის“ გამო სცემა.
სასამართლომ ქმედება ჯერ შეიარაღებულ ძარცვად შეაფასა, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდება ძალადობამდე შეამცირეს.
„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ ჯარისკაცი აქამდე სულ მცირე ოთხჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის ორჯერ – მკვლელობისთვის. იგი სწორედ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს ციხეში, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში საომრად წავიდა, სადაც დაიჭრა და ფეხი დაკარგა. განაჩენში აღნიშნულია, რომ კილდიუშკინი სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის სახელმწიფო ჯილდოზეც იყო წარდგენილი.
ეს ერთ-ერთია იმ დანაშაულებიდან, რასაც რუსეთში უკრაინაში ომის შემდეგ დაბრუნებული ის ყოფილი პატიმრები სჩადიან, რომლებიც ციხიდან უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იყო ძარცვის, მკვლელობისა და თავდასხმის არაერთი შემთხვევა.
უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კრემლმა მასობრივად დაიწყო ციხეებიდან და კოლონიებიდან პატიმრების საომრად გაგზავნა. 2023 წლის გაზაფხულამდე ისინი ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერის“ დაჯგუფებაში ირიცხებოდნენ, შემდგომ კი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებთან აფორმებდნენ კონტრაქტებს.
თავდაპირველად „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში 6 თვით ბრძოლის სანაცვლოდ შეწყალებას იღებდნენ, თუმცა მოგვიანებით პირობები შეიცვალა და შეწყალების მსურველ პატიმრებს რუსეთის ჯარში საკონტრაქტო სამსახური ომის დასრულებამდე უწევთ.






