ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, “სახელმწიფო პოლიტიკური პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე” დააკავეს.
ეს ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობის პარალელურად, სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
გამოძიებით დადგინდა რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესყიდვაზე.
ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი, 8 525 876 ლარი შესთავაზა.
აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით.
მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.
2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები,“ – განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.
მისივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს.
მინისტრის მოადგილეობამდე ილია ღუდუშაური საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო, 2018 წელს კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
2025 წელს დააკავეს ილია ღუდუშაურის ძმა ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრობის დროს.
ვლადიმერ ღუდუშაური წინასწარი პატიმრობიდან 18 ოქტომბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია, რის საფუძველზე შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს.
ილია ღუდუშაური 26 იანვრის საღამოს დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.






