მთავარი,სიახლეები

საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

27.01.2026
საქართველოში შემოსული 19 ტანკერი შესაძლოა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან იყოს კავშირში – „აი, ფაქტი“

„19 ტანკერი, რომლებიც საქართველოში 2024-2026 წლებში იმყოფებოდნენ, აკმაყოფილებენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს,“ – გამოცემა „აი, ფაქტი“ ახალ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. 

გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველოს პორტებში  – ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში, 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 9 იანვრამდე აკვირდებოდა.

„ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით“, – წერს „აი, ფაქტი“.

  • რა არის „ჩრდილოვანი ფლოტი“ და როგორ მუშაობს ის?

„ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, როგორც წესი, საერთაშორისო ნაოსნობის ინდუსტრიის სტანდარტული მარეგულირებელი ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ. მათ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევთ:

  • მოძველებული და სტანდარტებთან შეუსაბამო ხომალდები: ამ გემების უმეტესობა 15+ ასაკისაა; მათ ხშირად არ აქვთ გავლილი ინსპექტირება და სათანადო ტექნიკური მომსახურება.
  • გაუმჭვირვალე მფლობელები: მათ ხშირად ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ფლობენ, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში საბოლოო მესაკუთრის დასამალად.
  • დასავლური დაზღვევის არქონა: ეს გემები ჩვეულებრივ მოქმედებენ სტანდარტული ინდუსტრიული დაზღვევის (P&I კლუბები) გარეშე; ისინი ეყრდნობიან მცირე, არასაიმედო მომწოდებლებს ან საერთოდ დაუზღვევლად ცურავენ.
  • დროშებით მანიპულირება (Flag Hopping): ოპერატორები გემებს ხშირად უცვლიან დროშებს და ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სუსტი ზედამხედველობაა (მაგ. გაბონი, ესვატინი ან პანამა), ან იყენებენ ყალბ დროშებს.

რაზე დაყრდნობით წერს „აი, ფაქტი“ რომ ქართულ პორტებში ისეთი გემები შემოვიდნენ, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ?

“აი, ფაქტი“ განმარტავს:

„ჩვენ საქართველოს პორტებს (ბათუმი, ყულევი და ფოთი) და იქ შემოსულ Oil/Chemical Tanker ან Oil Products Tanker-ებს 2025 წლის 27 ნოემბრიდან www.marinetraffic.com-ისა და globalfishingwatch.org-ის დახმარებით რეგულარულ რეჟიმში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით.

პარალელურად, ვიკვლევდით პორტების ძველ მონაცემებსაც, თუ რომელი ტანკერები შემოდიოდნენ საქართველოს წყლებში. საეჭვოდ მივიჩნევდით და ვინიშნავდით იმ გემებს/ტანკერებს, რომელიც საქართველოში რუსეთიდან ან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოვიდნენ. ვაკვირდებოდით რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ საეჭვო გემები, სად იყვნენ რეგისტრირებულები, ხომ არ ჰქონდათ სახელი შეცვლილი, ხომ არ თიშავდნენ სანავიგაციო სისტემას, ჰქონდათ თუ არა საერთაშორისო დაზღვევა, რა იყო მათი წინა ისტორია და რომელ პორტებს სტუმრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციის ვაგროვებდით www.equasis.org-სა და www.vesselfinder.com-ზეც. თუ ხომალდი აკმაყოფილებდა „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ დამახასიათებელი, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ნახევარს მაინც, მას მივიჩნევდით, როგორც ფლოტის ნაწილს”.

განახლება:

ჟურნალისტური გამოძიება „ჩრდილოვანი ფლოტი: როგორ მოედინება რუსული ნავთობი საქართველოს პორტებში“ – „აი, ფაქტმა“ 27 იანვარს გამოაქვეყნა.

“აი, ფაქტის” მიერ განახლებული ინფორმაციით, მათ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან 29 იანვარს მიიღეს წერილი, სადაც სააგენტო წერდა, რომ ქართული პორტები სანქციებისგან თავის ასარიდებლად არ გამოიყენება.

30 იანვარს, გამოცემა „აი, ფაქტის“ საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

სააგენტო ამტკიცებს, რომ ყველა გემს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და რომელი გემებიც „აი, ფაქტის“ გამოძიებაშია მოხსენიებული, ჰქონდა დაზღვევა.

„საქართველოში შემოსული გემები Waler (IMO 9393668), Dumbledore (IMO 9325611), Jan (IMO 9259915), Nostos (IMO 9258014) და GABDULLA TUKAY (IMO 9752498) უზრუნველყოფილი იყვნენ მოქმედი P&I დაზღვევით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგის, ბერმუდის, იტალიისა და თურქეთის სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი საერთაშორისო კლუბების მიერ და ფლობდნენ მოქმედ კლასს RINA-ს, Lloyd’s Register-ისა და Bureau Veritas-ისგან.

  • გემი KUPAVA (IMO 9749154) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 27 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი ტრანზიტული ტვირთით და აღნიშნულ დროს სანქცირებული არ იყო. გემი გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირდა 2025 წლის 21 ივლისს, ანუ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.
  • გემი Bavly (IMO 9621560) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 8 ივლისს სომხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი ტრანზიტული ტვირთით და შემოსვლის მომენტში სანქცირებული არ იყო. გემი დასანქცირდა 2025 წლის 19 სექტემბერს.
  • გემი KARAKUZ (IMO 9621558) საქართველოში შემოვიდა 2025 წლის 31 იანვარს და აღნიშნულ პერიოდში სანქცირებული არ იყო. გემი დასანქცირდა 2025 წლის 19 სექტემბერს.

მითითებული ონლაინ პლატფორმები (globalfishingwatch.org, marinetraffic.com, vesselfinder.com) არ წარმოადგენს გემების მონიტორინგის ოფიციალურ ინსტრუმენტებს და მათი მონაცემები ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად არ გამოიყენება. გემების მოძრაობის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური სანავიგაციო და საკონტროლო სისტემებით (Radar, ECDIS, LRIT, AIS) და საერთაშორისო პროფესიული პლატფორმებით.

საქართველოს ნავსადგურებში შემოსული ყველა გემი გადის მრავალდონიან შემოწმებას, მათ შორის მარშრუტის ანალიზს, ბოლო ნავსადგურებისა და გასვლის ნებართვის გადამოწმებას და AIS მონაცემების შედარებას პროფესიულ სისტემებთან.

AIS სისტემაში ანომალიების დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია აღირიცხება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ტექნიკურ პლატფორმებს, მათ შორის SeaVision-ის ტექნიკურ ჯგუფს (აშშ),“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

“აი, ფაქტის” მიერ მომზადებული გამოძიება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: