ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი

ნათია გუმბერიძე აგვისტოს ომის ვეტერანია. უფროსი ლეიტენანტი, ახლა სახლში უმუშევრად ზის და იმ ტკივილზე გვიყვება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის გამო გადაიტანა. „ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, როცა ფორმის გახდა მომიწია,“ – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ომში დაღუპული გმირების მსხვერპლს ფასს უკარგავს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან, ანუ რუსეთის არმიის საქართველოში ბოლო შემოჭრის შემდეგ, უკვე 14 წელი გავიდა. ამ ომმა ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.

  • ქალბატონო ნათია, რატომ აღარ ხართ დღეს ქართულ შეიარაღებულ ძალებში და რას საქმიანობთ?

ვარ უმუშევარი, დაუცველი, მიუხედავად იმისა, რომ ომის ვეტერანი ვარ – ათი წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმუშავე. ჩემთვის ტრავმა იყო სამხედრო ფორმის გახდა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურებოდი. ვიბრძოლე 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ აგვისტოს ომის დღეები, სად იყავით ბოლოს, სად იბრძოდით?

ბოლოს ცხინვალის შესასვლელთან ვიბრძოდი. დაბომბვის დროს კონტუზია მივიღე და საარტილერიო მეთაურმა კაჭარავამ და მისმა მძღოლმა გამომიყვანეს. რამდენიმე წუთში კი ჩვენს ბატალიონს თავს დაესხნენ რუსები და თითქმის მთელი ბატალიონი დაიღუპა, მათ  შორის, ჩვენი მეთაური შალვა დოლიძეც.

საშინელი მდგომარეობა იყო იმ 5-6 დღის განმავლობაში, როცა ომი მიდიოდა… მე ამაყი ვარ იმით, რომ იმ ადამიანების გვერდით ვიყავი და მათთან ერთად მომიწია ბრძოლა ჩემი ქვეყნის დასაცავად.

ენით ვერ აღვწერ რამდენად ძლიერი, პატრიოტული სულისკვეთებით იყვნენ სამხედროები, ჯარისკაცები და ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ, შეურაცხყოფა იქნება მათი მსხვერპლის. ეს ალბათ ჩვენი დასასრული იქნება, ყველაფერს ჩალის ფასი ექნება, რაც დღემდე მოვიტანეთ, ხაზის გადასმა იმ ყველაფერზე, რაც აქამდე მოვიტანეთ. სირცხვილია, რომ ამ ყველაფერს ჩვენ პატივი არ ვცეთ და არ დავიცვათ.

  • არსებობს ამის საფრთხე, რომ ომის გმირების მსხვერპლი დავივიწყოთ?

თავიდანვე მივხვდი, რომ ჯარს დიდი პრობლემები შეექმნებოდა და ვხედავთ კიდეც ხომ რა მდგომარეობაშია ჯარი. ფაქტობრივად, აღარც გვყავს ჯარი, ხალხი გამოქცევაზეა, ვერ უძლებენ რეპრესიებს, რადგან ხმას ვინც იღებს, ვინც მართლა სამხედროა, იმათ პრობლემებს უქმნიან. ჰყავთ მხოლოდ ისინი, ვინც ჩუმადაა და ვინც აწყობთ. ანაზღაურებაც დაბალია, მარტო გზაში არ გეყოფა  ხელფასი.

90-იანებში რომ ჯარი გვყავდა, ის მახსენდება, ცოცხების ჯარს ვეძახდით, რადგან ეზოების დაგვისა და ბალახების თიბვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. იგივე ხდება ახლაც. რუსულ „პაიოკზე“ არიან ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ვეღარ უძლებენ ამ ყველაფერს.

ეს იცის ხელისუფლებამაც, ამიტომაც ამბობენ, რუსები ორ საათში აგვიღებენო. იციან, რა მდგომარეობაშიც ჰყავთ. ძლიერი, მომზადებული ჯარი გვყავდა მებრძოლი სულისკვეთებით, ისეთი, ვისაც მართლა შესტკიოდა ქვეყანაზე გული, ყველა გაუშვეს ან გააქციეს ჯარიდან, ახლა კი ასეთი განცხადებებით უკეთებენ დემორალიზებას.

  • თქვენს თანამებრძოლებს თუ ხვდებით, მათ, ვინც გადარჩა, ან იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა ომში?

ძალიან მიმძიმს მათთან საუბარი. იმდენად მიმძიმს, რომ თვალებში შეხედვაც მერიდება. ჩემთვის ძალიან ტრაგიკული მომენტი იყო, როცა მათთან იმის თქმა მიწევდა, რომ მათი ძმა, მამა ან ოჯახის რომელიმე წევრი დაიღუპა.

ძალიან უჭირთ ამ ოჯახებსაც, თუმცა მათი შვილები პატრიოტებად იზრდებიან და იციან, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ ჩვენი გმირების საქმეს.

  • როგორია ომგამოვლილი ადამიანების თვალით დანახული დღევანდელი საქართველო, პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?

როცა „ქართული ოცნების“ წევრები ჩვენი გმირების საფლავებზე მიდიან, მრცხვენია, რომ ისინი იქ დგანან. ისინი არ არიან ჩვენი გმირების ღირსების დამცველი მთავრობა – მაშინაც კი, რუსეთს უსვამენ თავზე ხელს, არ აღიარებენ, რომ რუსეთი მტერია და დღემდე გვიქმნის პრობლემას, დღემდე გვებრძვის.

არც ერთხელ არ ჩასულან საოკუპაციო ხაზთან, დღემდე გატაცებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, რუსების ტყვეობაში არიან და იმათი დახსნის საკითხს ვერ აგვარებენ, არ აგვარებენ, ამიტომ ამათი იქ დგომაც სამარცხვინოა. სამარცხვინოა ისიც, რომ უკრაინიდან ჩამოსვენებულ ჩვენს გმირებს არ ხვდებოდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების მოქმედება უპატიებელია, ის რიტორიკა, – „აბა, ომი გინდათ?“, შერბილებული ტონი რუსეთთან მიმართებაში არის რუსული პოლიტიკა, რომ თითქოს ქვეყანას იცავენ და ამ დროს, თვითონ არიან ამ ომის, პროვოკაციებისა და პრობლემების ხელშემწყობი. თვითონვე ატარებენ რუსულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი დავალებაა – შერბილებულად, ადვილად, ომის გარეშე ქვეყნის დაპყრობა. ნელ-ნელა ძირის გამოთხრით, ხალხის გაჩუმებით, რომ ადვილად გადასცენ ქვეყანა მტერს. აი, ასეთი პოლიტიკა აქვთ ამათ.

ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი სიტუაციაა. ძალიან გაბრაზებული ვარ და ვერ ვმალავ უკვე ამ სიბრაზეს იმის გამო, რაც ხდება ჩვენს თავს. ფაქტობრივად, ქვეყანას ვკარგავთ. მაშინ, როცა აგვისტოს ომი გადავიტანეთ, როცა ვნახეთ, როგორ ხოცავდა და აწამებდა რუსეთი ჩვენს ბიჭებს, დღეს კიდევ აქეთ შემოჰყავთ რუსები და კიდევ ჩვენ გველაპარაკებიან აგრესიულად. რაღაც ძალიან ცუდად ემთხვევა ეს „დიდი რუსობა“ აგვისტოს ომის დღეებს.

პროვოკაციულიც არის და ძალიან საშიშიც ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ტყვიის გარეშე დაწყებული ომია ჩვენთან. არც კი ვიცით, ვინ არიან შემოსული ქვეყანაში. მსგავსი პროვოკაციები დაიწყო 6 თვით ადრე უკრაინაშიც და გვაფრთხილებდა ეს ხალხი.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთს გაურიგდა ჩვენი ხელისუფლება. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ დაიწყებს რუსეთი ომს?

რუსებმა იციან ქართველი ხალხის ხასიათი, იციან, რომ ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობის უნარი და ამ ყველაფრისთვის სჭირდებათ პროვოკაციები. რუსებს ქართველების გარეშე უნდათ საქართველო, ეს ასე იყო ყოველთვის. ამაზე მეტყველებს გუშინდელი ამბები, აგვისტოს ომს მოგანატრებთო რომ გვწერდნენ, რომ უკრაინის შემდეგ ჩვენ ვართ, მედვედევის პოსტი გავიხსენოთ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია თურმე.

რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, რასაც ჩვენი ბიჭები შეეწირნენ, რასაც ჩვენი წინაპრები შეეწირნენ, იმ ყველაფრის შემდეგ, ისევ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობა ისევ დავკარგოთ ერთი ხელის მოსმით.

ამიტომ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ მშვიდად და წყნარად, ამას უნდა მოჰყვეს რეაქციებიც და პროტესტიც. საჭიროა ხალხის ძალა და ერთობა. სხვა შემთხვევაში, ქვეყანას დავკარგავთ. რუსები არასდროს დაგვინდობენ და არც უნდა ველოდეთ კარგს არაფერს მათგან.

ხელისუფლება ცდილობს ხალხისკენ მიმართოს ისრები და ხალხს დააბრალოს ის, რაც თვითონაა.

ქსენოფობია არ არის იმაზე კითხვების დასმა, რა საფრთხეების წინაც ვდგავართ რუსეთის ამდენი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლით. აბა, თვითონ ხომ არ იტყვის, რომ ქვეყანას რუსეთს ვაბარებთო. ამათი სტრატეგია არის მტრის ენით ბრძოლა და რასაც თვითონ აფუჭებს, იმას ჩვენ გვაბრალებს.

„ომი გინდათ“ ნიშნავს, რომ თვითონ არიან რუსული პოლიტიკის ხელშემწყობები და აქეთ გვემუქრებიან, თუ ამის წინააღმდეგ ხმას ამოვიღებთ. „ქართული ოცნება“ თვითონ გამოგვიცხადებს ომს. ჩვენ თუ წავალთ, ომი გექნებათ, რუსს შემოგიყვანთო და შემოგვიყვანეს კიდეც. იმიტომ, რომ გაგვაჩუმონ, შეგვზღუდონ. ქართველებს აიძულებენ ქვეყნიდან წავიდნენ, არ ჰქონდეთ საარსებო წყარო და რაც უფრო ნაკლები ქართველი იქნება სამართავი, მათთვის უკეთესია.

ივანიშვილმა თქვა, რომ „თუ არ მოგწონთ, წადითო“. ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. ჩემი აზრით, თავიდანვე ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ივანიშვილი თავიდანვე იყო ჩანერგილი რუსეთის მიერ, რადგან რაც მან ვერ შეძლო თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა აკეთებს, დასვა თავისი მთავრობა, თავისი მარიონეტული ხალხით და აკეთებს იმას, რაც უნდა.

ამას არ აქვს სხვა ლოგიკა და ახსნა, რადგან მართლა დამამცირებელია, როცა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება რუსული რიტორიკით გელაპარაკება. მაშინ, როცა ქართველი ხალხის და ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან, აკეთებენ პირიქით.

სამწუხაროდ, ისტორიულად ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როცა შიდა მტრების ხელით სულ რაღაც ფუჭდებოდა ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა ამ საფრთხესაც გადაურჩება, რადგან ჯერ კიდევ გვყავს პატრიოტები, გმირები, არსებობენ მებრძოლები, რომლებსაც დღემდე შესტკივათ ქვეყნისთვის გული და ისევ დაიცავენ საქართველოს კბილებით, ამის იმედი მაქვს.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ერთგვარი დუმილის შენარჩუნებით ცდილობს აარიდოს ქვეყანას რუსეთის აგრესია?

გაჩუმება-გაჩუმებაში ვკარგავთ სწორედ ქვეყანას. გაჩუმება არ არის დაცვა, საჭიროა ხმის ამაღლება, საჭიროა ძალა, რაც ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავა. არ ვფიქრობ, რომ გაჩუმებით მტერს შევაჩერებთ. საჭიროა ყველაფრისთვის ბრძოლა.

არავის გვინდა ომი, არავის უნდა სისხლი, ტყვიებისა და ბომბების ჩამოყრა, რადგან ვიცით, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, არ უნდა დავთმოთ ჩვენი ქვეყანა.

როცა რუსები აქ დამკვიდრდებიან, ააწყობენ ბიზნესებს, ექნებათ მეტი პრივილეგია, მეტი მოთხოვნები, აი, ეს შეგვიქმნის საფრთხეს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიაც ისაა, რომ ეს ყველაფერი უკან შემოგვიბრუნდეს. ამიტომ უნდა გაკონტროლდეს რუსეთის ყველა მოქალაქის შემოსვლა, ვინ არიან და რას წარმოადგენენ.

  • თქვენ ამბობთ, რომ ხალხშია ძალა, დღეს ამ ყველაფერზე კითხვებს სვამს კიდეც ხალხი, ქუჩაშიც გამოვიდა, როცა ქვეყნის ევროპული არჩევანი გახდა დასაცავი. კიდევ საითკენ უნდა მიმართოს ეს ძალა საზოგადოებამ?

აუცილებელია უწყვეტი აქციები, საჭიროა უფრო მკაცრი ტონი ხელისუფლების ქმედებებზე, არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. რაღაც სიტუაცია შეიძლება შევაჩეროთ, მაგრამ მიზნის მიღწევაა საჭირო. ეს მთავრობა კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ეს ყველაფერი უნდა შეძლოს ხალხმა. მართალია, ამ გზაზეც კონკრეტული ლიდერი არ გვყავს, მაგრამ არც ესაა პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა უნდა ვიყოთ ლიდერი.

აშშ-ში პროთეზები გაუკეთეს უკრაინელ დედა-შვილს – მათ კიდურები აფეთქებისას დაკარგეს

დედა-შვილს, რომლებსაც კრამატორსკის ვაგზლის დაბომბვის შემდეგ კიდურების ამპუტაცია დასჭირდათ, პროთეზები კალიფორნიაში გაუკეთეს.

რუსეთის ძალებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს 8 აპრილს დაარტყეს. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი მატარებლის ბაქანზე ჩაის რიგში იდგა. დედამ, ნატალია სტეპანენკომ, ერთი ფეხი დაკარგა, 11 წლის იანამ კი – ორივე. დაბომბვას გადაურჩა იანას ტყუპისცალი იაროსლავი, რომელიც  სადგურის შენობის შიგნით დარჩა ნივთების სადარაჯოდ.

ლვოვში ერთთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ დედა-შვილი შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. ისინი ახლა სიარულს ხელახლა სწავლობენ.

ნატალიასა და იანას ფოტოს ინსტაგრამზე ლვოვის მერი აქვეყნებს.

„პირველ ფოტოში სტეპანენკოების ოჯახია კრამატორსკის დაბომბვის შემდეგ, მეორეში – ნატალია და იანა უკვე პირველ ნაბიჯებს დგამენ. ამ ორ ფოტოს შორის იყო რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია“, – წერს ანდრეი სადოვი და იქვე იანას ექიმის, პიტერ ჰერშის ციტატასაც აქვეყნებს:

„ის ჯოჯოხეთში იყო და იქიდან დაბრუნდა. პუტინს სურს შეაჩეროს უკრაინა, მაგრამ მას 11 წლის გოგოს შეჩერებაც კი არ შეუძლია. შეხედეთ მას! ის ააფეთქეს, მაგრამ ის დაუმარცხებელი აღმოჩნდა“.

ნატალია და იანა აშშ-ში გამგზავრებამდე/ფოტო: ლვოვის მერის ინსტაგრამიდან

რეაბილიტაცია ხანგრძლივი იქნება. ოჯახს შეერთებულ შტატებში დარჩენა დაახლოებით ერთი წელი მოუწევს, პროთეზირების პროცესის დასრულების შემდეგ კი სტეპანენკოები უკრაინაში დაბრუნდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ამ დროისთვის მათ სამშობლოში ომი აღარ იქნება.

უკრაინისა და შეერთებული შტატების შეთანხმებით, უკრაინელი ბავშვები, რომლებმაც ომის დროს კიდურები დაკარგეს, მკურნალობას აშშ-ში გაივლიან.

მთავარი ფოტო: ლვოვის მერის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები

რუსები მარიუპოლში გალიებს აწყობენ და უკრაინის დამცველების გასამართლებას გეგმავენ – მერი

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუსები სექტემბერში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავენ. ბოიჩენკოს თქმით, ამ სასამართლოსთვის რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიებს აწყობენ.

ქალაქის მერი აქვეყნებს ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანს სცენაზე დადგმული რამდენიმე გალია და ის, რომ სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, გალიები აწყობილია არმატურით, რომლის დიამეტრიც 20 მილიმეტრია.

„რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების უგულებელყოფას. განაგრძობენ ომის დანაშაულებს და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს აბუჩად აგდებას. მივმართავ მსოფლიო საზოგადოებას, გაეროს, წითელ ჯვარს, ჩაერიონ ამ სიტუაციაში, რომ სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საერთაშორისო წესებმა იმუშაოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დამცველები უკრაინაში ცოცხლები დაბრუნდნენ და არ უნდა დავუშვათ მეორე ელენოვკა მარიუპოლში“, – წერს ვადიმ ბოიჩენკო.

მთავარი ფოტო: ვადიმ ბოიჩენკოს მიერ გავრცელებული ფოტოები

რატომ დახოცა რუსეთმა „აზოველები“ – ინტერვიუ პოლკის ყოფილ მეთაურთან

რუსეთმა „ჰაიმარსების“ წინააღმდეგ ომში ირანული დრონები ჩართო

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრანასთან ომში უკვე ჩართო ირანისგან მიღებული 46 დრონი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამერიკულ „ჰაიმარსებზე“ თავდასხმისთვის გამოიყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ ირანული დრონები უკვე დააფიქსირა.

„ირანული უპილოტო საფრენი აპარატი წინა თაობის მანქანაა, თუმცა თავისი ამოცანების ნაწილს ის მაინც ასრულებს, რადგან ამ ომში საბავშვო კვადროკოპტერებსაც კი შეუძლიათ რაღაც ამოცანების შესრულება,“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული დრონების ნაწილი ძველი თაობის Shahed 129-ებია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უცნობია, მხოლოდ ეს 46 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გათვალისწინებული თეირანისა და მოსკოვის შეთანხმებით, თუ ეს რაოდენობა მხოლოდ ნაწილია.

Shahed 129 ირანული წარმოების მძიმე საბრძოლო დრონია, რომელიც  ისრაელის Hermes 450-ისა და ამერიკული MQ-1 Predator-ის მიხედვითაა შექმნილი.

Shahed 129-ის კორპუსის სიგრძე 8 მეტრია, ფრთების შლა – 16 მეტრი, საბრძოლო ტვირთამწეობა 400 კგ. მწარმოებელთა მტკიცებით, ირანულ დრონს საათში 150 კმ-ს დაფარვა, ჰაერში 24 საათი გაჩერება და ფრთოსანი საავიაციო ყუმბარების გადატანა შეუძლია.

ცნობები, რომ რუსეთი ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას აპირებდა, ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გაჩნდა. რუსული პროსამთავრობო მედია იუწყებოდა, რომ  რუსეთში ტვირთის პირველი პარტია კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიდებს აფართოებენ – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მონაკვეთში შეფერხებულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ასრულებს.

კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გზის რეაბილიტაცია ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს. ფრიდონ ხალვაშის გამზირი კი, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 6.08.2022

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერის ფარგლებში, მდინარე ბატალიისწყალსა და მდინარე მეჯინისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელებიც გაფართოვდება.

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის 13 ივნისს გააფორმა 19 399 999 ლარზე.

ფრიდონ ხალვაშის გზის რეაბილიტაცია 7 თვეში, ანუ 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 6.08.2022

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით:

  • გზის სავალი ნაწილის სიგანე მუდმივია და შეადგენს 13.5 მეტრს;
  • ტროტუარები დაპროექტებულია არსებული სიტუაციის ოპტიმალურად გამოყენების პრინციპით;
  • ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები;
  • დამონტაჟდება 6 შუქნიშანი [მესხეთის, ხახულის, ბეთლემის, პკ.18+20 საქვეითო, მაჭახელას და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მიერთებასთან];
  • მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები;
  • ნაგვის ურნების დასადგმელად გათვალისწინებულია სათანადო ჯიბეების მოწყობა სავალი ნაწილის გარეთ;
  • სანიაღვრე ქსელს სჭირდება ხელახლა მოწყობა, გასაზრდელია სანიაღვრე ჭების საერთო რაოდენობა, მოსაწყობია ახალი სანიაღვრე მილები სათანადო დიამეტრებით;
  • სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტბეტონის რამდენიმე ფენით.
ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 6.08.2022

ამავე თემაზე:

ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი

სილქფესტი რჩეული პაკეტებით ბრუნდება

სილქნეტი 6 და 7 აგვისტოს სილქფესტის ყველაზე პოპულარულ პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს. ფიზიკურ და იურიდიულ პირ აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ მთელი თვით ჩაირთონ ერთი ან რამდენიმე პაკეტი: 

  • ულიმიტო მობილურ  ინტერნეტი  – 23 ლარად – აქტივაცია კოდით – *202*5#. პაკეტის ვადა 30 დღე.
  • 150 ადგილობრივი წუთი და 5 000 MB -10 ლარად – აქტივაცია კოდით – *202*2#. პაკეტის ვადა 30 დღე.
  • ულიმიტო სასაუბრო დრო  – 14 ლარად – აქტივაცია კოდით – *202*3#. პაკეტის ვადა 30 დღე.
  • 25 000 MB ინტერნეტი – 16 ლარად – აქტივაცია კოდით – *202*4#. პაკეტის ვადა 30 დღე.

სასურველი პირობის გააქტიურება შესაძლებელია, როგორც კოდით *202#, ისე  აპლიკაციით My Silknet ან სილქნეტის ვებ გვერდიდან. ასევე  შესაძლებელია მომხმარებელმა სილქფესტის შეთავაზებები საკუთარი ბალანსიდან სხვასაც გაუაქტიუროს. 

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრებისთვის ტენდერი 1,49 მილიონი ლარით გამოაცხადეს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 499 762 ლარია.

ორი კვირის წინ მერიაში  „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ 2022 წელს 200 ათასი ლარი ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვისათვის დაიხარჯებოდა.

მერიის სამმართველოში კი, ამჯერად გვითხრეს, რომ პროექტიც და ხარჯთაღრიცხვაც ახლა გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში მომზადდება გამარჯვებული კომპანიის მიერ. იგივე კომპანია კი, ამ პროექტის საფუძველზე ჩაატარებს სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც.

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „2022 წელს, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, ანაზღაურდება არაუმეტეს 200 000 ლარი, ამასთან, შემსყიდველი [მერიის სამმართველო] უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2022 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ“.

ტენდერში წინადადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს დასრულდება.

შენობის რეაბილიტაცია კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დამთავრდეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული იყო მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი.

შენობა ავარიულობის მიზეზით დაკეტეს, თუმცა 2 თვის განმავლობაში, ვერც მერიამ და ვერც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ, წიგნების განსათავსებლად ალტერნატიული შენობა ვერ გამოძებნეს.

ვინაიდან შენობის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, „ბათუმელები“ ბიბლიოთეკის დირექტორს ხელახლა დაუკავშირდა.

გამოინახა თუ არა ალტერნატიული ფართობი წიგნებისთვის და მთელი რეაბილიტაციის პერიოდში რაიმე ფორმით იმუშავებს თუ არა ბიბლიოთეკა? – ამ კითხვებზე პასუხი რომ მიგვეღო, ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ: „მოიწერეთ რა კითხვებიც გაქვთ და მიიღებთ პასუხებს“.

ამავე თემაზე:

შენობა ვერ ვიპოვეთ, წიგნები რომ გადავიტანოთ – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი

რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინის სამხრეთით. ისინი სავარაუდოდ, უკრაინელთა კონტრშეტევას ელოდებიან, ან თავად ემზადებიან ახალი შეტევისთვის.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კოლონები, სატვირთო მანქანებით, ტანკებით, არტილერიითა და სხვა შეიარაღებით, დონბასის რეგიონს ტოვებს და სამხრეთისკენ მიემართება. ტექნიკის გადაადგილება შეიმჩნევა ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან, მარიუპოლიდან და რუსეთიდან, ყირიმის ხიდის გავლით.

დიდი ბრიტანეთის 6 აგვისტოს რელიზის თანახმად, ყირიმში რუსეთმა ასევე გადაისროლა 800-1000 ადამიანისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხერსონში მყოფი რუსული არმიის დასამხარებლად გამოიყენებენ.

„უკრაინის ძალები კვლავაც განაგრძობენ ხიდების, საბრძოლო მასალების საწყობების და სარკინიგზო კვანძების მიზანში ამოღებას. უკრაინელთა შეტევების სიხშირე განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონში გაიზარდა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ უკრაინის არმია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ხელი შეუშალოს რუსეთს თავისი ძალების მომარაგებაში.

უწყების შეფასებით, „რუსეთის ომი უკრაინაში სადაცაა ახალ ფაზაში შევა. მძიმე ბრძოლები გადაინაცვლებს სამხრეთ აღმოსავლეთით, ზაპოროჟიედან ხერსონამდე, მდინარე დნეპრის გასწვრივ, 350 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე.“

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ რუსების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

სარფში პლაჟზე ლითონის ბოძები ჩააბეტონეს [ფოტო]

სარფის პლაჟზე, ე.წ. ქვაომხასთან ახლოს ლითონის ბოძებია ჩებეტონებული. ტერიტორია ხელვაჩაურის მერიას ეკუთვნის.

მერიაში განმარტეს, რომ პლაჟის ამ მონაკვეთზე რაიმე კონსტრუქციის მოწყობის ნებართვა გაცემული არ არის და ლითონის ბოძები უკანონოდ ჩააბეტონეს:

„მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა შეაჩერებინა და დააჯარიმა“ – გვითხრეს პრესსამსახურში, თუმცა, ვერ დაგვიზუსტეს როდის დააჯარიმეს მშენებელი და რას ითვალისწინებდა ჯარიმა.

სარფი
სარფი
სარფი
ამავე თემაზე:

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 802 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 4 051 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 955 ერთეული [+5]
  • MLRS – 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 127 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 744 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 970 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 85 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 263 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 693 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 259 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 789 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 270 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 739 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინის სამხრეთით. ისინი, სავარაუდოდ, უკრაინელთა კონტრშეტევას ელოდებიან, ან თავად ემზადებიან ახალი შეტევისთვის: რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის 

[yellow_box]საშკო – 27 წლის გმირი პილოტი უკრაინის ცის დაცვისას დაიღუპა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ჰაიმარსებმა გააჩერა რუსეთი, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა რაკეტებს მიიღებენ – ინტერვიუ

 

ჰაიმარსებმა გააჩერა რუსეთი, წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა რაკეტებს მიიღებენ – ინტერვიუ

ჰაიმარსი“ რაკეტას არ ისვრის, ისვრის რეაქტიულ ჭურვს. წარმოიდგინეთ, როცა რაკეტას მიიღებს, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„რუსებს აქვთ გათვლა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად ეს დაპირისპირება ზამთრამდე,“ – ეს აზრი უჩნდება გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ის რუსების სვლებს აკვირდება უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, რუსები ცდილობენ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას და დაპირისპირების გაჭიანურებას ზამთრამდე იმის მოლოდინით, რომ შესაძლოა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც რუსულ გაზზეა მიბმული, უკრაინას აიძულოს დათმობა.

„რეალურად მეჩვენება, რომ იქნება ჩიხი… შესაძლოა, ეს წლობით გაგრძელდეს,“ – ფიქრობს გადამდგარი გენერალი და დარწმუნებულია, რომ გარდატეხის შეტანა ამ ომში უკრაინას შეუძლია – დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობით. ვახტანგ კაპანაძე გვიხსნის: შეხედეთ, როგორ გააჩერა რუსები უკვე დასავლეთიდან მიღებულმა „ჰაიმარსებმა“, თანაც, ჯერ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია უკრაინაში შეყვანილიო.

„უკრაინა მალე ელოდება რაკეტებს, რომელიც მიფრინავს 300 კილომეტრზე. ჯერჯერობით, ეს „ჰაიმარსი“ რაკეტას არ ისვრის, ისვრის რეაქტიულ ჭურვს. წარმოიდგინეთ, როცა რაკეტას მიიღებს, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,“ – ოპტიმისტური მოლოდინი უფრო აქვს  გადამდგარ გენერალ-მაიორს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბრიტანეთის დაზვერვის დაკვირვებით, რუსეთი ცვლის დონბასზე შეტევის თავდაპირველ ოპერატიულ გეგმას, რადგან „აპრილის შემდეგ გადამწყვეტი გარდამტეხის მოხდენა ვერ შეძლო“. თქვენ რას ამჩნევთ ამჯერად ფრონტის წინა ხაზზე? 

ბოლომდე ვერ დავეთანხმები ბრიტანეთის დაზვერვას იმაში, რომ ოპერატიულ გეგმას ცვლიან, ვინაიდან ძალაში რჩება შეტევები, არის აქტიურობა სოლედარის და ბახმუტის მიმართულებაზე, რათა გავიდნენ სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონზე. იმის გამო, რომ უკრაინამ განაცხადა მზადება ხერსონზე კონტრშეტევისთვის, რუსებმა დაიწყეს გარკვეული ძალების გადანაწილება სამხრეთის მიმართულებაზე, კერძოდ კი, ზაპოროჟიედან სადესანტო ძალებით გააძლიერეს ხერსონის მიმართულება, დონბასის მიმართულებიდან აქეთ გამოიყვანეს გარკვეული ძალები. უპირატესობა, რაც ჰქონდათ დონბასში რუსებს შვიდი – ერთთან, რვა – ერთთან, ამჯერად აღარ არის ასე.

რუსები ცდილობენ დონბასიდან დაწყებული, ხერსონით დასრულებული გადანაწილდნენ ისე, რომ არ დატოვონ სუსტი მიმართულება. თანდათან, რუსები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ უკრაინა უფრო სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ვიდრე დონბასი.

  • ანუ ხერსონში თავდაცვის გაძლიერებით ჩაანაცვლეს დონბასის სრულად ოკუპაციის მცდელობა? 

ფაქტობრივად ასე ჩანს: თუ ხერსონს უკრაინელები აიღებენ, მაშინ უკვე რუსები კრივოი-როგის მიმართულებაზეც ალყაში ჩნდებიან – იქ მყოფი დანაყოფები რუსული თავდაცვის ძირითად ბირთვს მოწყდებიან. მერე უკვე მელიტოპოლის და მარიუპოლის მიმართულებებზე უკრაინელების შეტევა გაცილებით მარტივი იქნება. რუსები ხვდებიან, რომ უკრაინელების ამ მიმართულებით წარმატება გამოიწვევს მათ გასვლას აზოვის ზღვაზე.

ჩემი აზრით, რუსები ფიქრობენ ისევ პოტენციალის აღდგენასა და შეტევის გაგრძელებაზე ნიკოლაევის და ოდესის მიმართულებით. მათი სტრატეგიული მიზანია დნესტრისპირეთზე გასვლა და ამისთვის აუცილებელი იქნება საკომუნიკაციო ხაზები ხერსონთან. ანტონოვსკის ხიდების აფეთქების შემდეგ, უფრო შესაძლებელია კრივოი-როგიდან ლოჯისტიკური ხაზების ორგანიზება, რათა ოდესა-ნიკოლაევის მიმართულებით ეფექტური შეტევის განხორციელება შეძლონ მომავლისთვის. რუსეთი ცდილობს ამ მიმართულებით პლაცდარმი შექმნას.

  • ბევრს მიაჩნია, რომ უკრაინის კონტრშეტევის ტესტი ხერსონი იქნება. უკრაინელი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ აგვისტოში ხერსონს დაიბრუნებენ და გათვლები აქვთ ხერსონში პარტიზანულ მოძრაობაზე. წესით რთულია იმის ცოდნა, რამდენად ძლიერი პარტიზანული მოძრაობა ჩამოაყალიბა უკრაინამ ხერსონში, მაგრამ მაინც რომ გვითხრათ, რა ხდება ამ კონკრეტულ ქალაქში?

ფაქტია, რომ ხერსონში არის წინააღმდეგობის მოძრაობა. არ მაქვს ინფორმაცია, ეს მოძრაობა არის ორგანიზებული სპეცდანიშნულების დანაყოფების მიერ, თუ ადგილობრივი, ტერიტორიული ძალების მიერ, არ გამოირიცხება ორივეს ერთობლიობა. არ ჩანს, რომ ამ ეტაპზე გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს ეს პარტიზანული მოძრაობა ხერსონის ზურგში, იქ დიდი სიღრმე არ არის, სადაც მკვეთრად გამოიკვეთებოდა ეს აქტივობა.

  • უშვებთ იმის ალბათობას, რომ შეიძლება უკრაინამ ხერსონზე მიიტანოს კონტრიერიში და ვერ მოახერხოს ქალაქის გათავისუფლება. ეს შედეგი სავარაუდოდ დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის არმიაზე. ამ რისკის გათვალისწინებით, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ხერსონზე კონტრიერიში გადაიდოს?

დიახ, ფაქტობრივად ეს ხდება. როგორც ჩანს, ხერსონზე მიღებული გადაწყვეტილება დროში გაიწელა, არ ჩანს შესაბამისი გადაადგილება, დაჯგუფების ჩამოყალიბება, მოქმედება, რაც წინ უძღვის ხოლმე ფართომასშტაბიან შეტევას. ამას თან დაერთო ის აქტიური საცეცხლე, სარაკეტო დარტყმები, რაც რუსებმა გააქტიურეს ხერსონის მიმართულებაზე – ხვდებიან, რომ შესაძლებელია, იქ ხდებოდეს უკრაინული ჯარების თავმოყრა.

უკრაინელები სწრაფად ითვისებენ იმ აღჭურვილობას, რასაც აწვდის დასავლეთი, მაგრამ ჯერ არ არის შეიარაღების კონცენტრაცია ისე, რომ უკრაინას ჰქონდეს უპირატესობა ფართომასშტაბიან შეტევაზე გადასასვლელად. უკრაინას სჭირდება რაოდენობრივ-ხარისხობრივი უპირატესობა შეტევაზე გადასასვლელად. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, უკრაინა ვეღარ შექმნის ე.წ. მოულოდნელობის ეფექტს ამ მიმართულებით, თუმცა შესაძლოა, უკრაინის მიზანი ყოფილიყო წნეხის შემსუბუქება დონბასზე, რასაც მათ მიაღწიეს.

  • ანუ რუსეთის ყურადღება გადმოიტანეს დონბასიდან ხერსონზე, თუმცა თუ აქ უკრაინა კონტრშეტევას ვერ შეძლებს, რა შეიძლება იყოს რუსული არმიის მორიგი სვლა? 

რუსებს არ ჰყავთ ამ ეტაპზე ის ძალები, რაც ჰყავდათ უკრაინაში შემოჭრამდე, მათ სჭირდებათ დრო, რომ დამატებით დიდი რეზერვები შექმნან, გააძლიერონ დონბასის მიმართულება. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა დონბასის სრულად ოკუპირება შეძლონ. საუბარია მხოლოდ კრამატორსკის და სლავიანსკის აღებაზე, რომ სიმბოლურად მაინც დაადგან ფეხი დონეცკის საზღვარს.

  • თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ რუსები ცდილობდნენ მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას, თუმცა უკრაინელი ტყვეების მკვლელობით ხომ ამის შანსი კიდევ უფრო შემცირდა? 

ჩემი აზრით, რუსებს აქვთ გათვლა, რომ გაიწელოს მაქსიმალურად ეს დაპირისპირება ზამთრამდე, რომ ზამთრისთვის რუსეთმა თავისი ენერგორესურსების მნიშვნელობა გაააქტიუროს და ევროპა აიძულოს, უკრაინა გარკვეულ შეთანხმებაზე წამოიყვანოს. ეს პერიოდი უკრაინის მოსახლეობისთვის თავისთავად იქნება ძალიან მძიმე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზამთარი ზოგადად შეტევისთვის უფრო რთული პერიოდია, ვიდრე თავდაცვაში მყოფი დანაყოფისთვის.

  • სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოსის, ელიოტ კოენის შეფასებით: „ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით წავა ეს ომი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება. და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა. ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა…“ თქვენ გამოცდილება რას გეუბნებათ, საითკენ მიდის ეს პროცესი?

ჩემი აზრით, მოკლევადიანი პერსპექტივით, რეალურად მეჩვენება ჩიხი: გარკვეული მიმართულებით რუსებს ექნებათ რაღაც წარმატება, რაღაც მიმართულებით უკრაინას ექნება წარმატება. ეს გადავა პოზიციურ დაპირისპირებაში, რაც შესაძლოა გაგრძელდეს გარკვეული ვადით. ვფიქრობ, რომ ზამთრის შემდეგაც გაგრძელდება ეს დაპირისპირება. ლაპარაკია რამდენიმე წელზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ათეული წელი არ გაგრძელდება.

  • რა შეიძლება აღმოჩნდეს ამ ჩიხიდან გამოსავალი, გარდატეხას რა შეძლებს? 

გარდატეხა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერება, წარმატება, პირველ რიგში, სამხრეთ მიმართულებაზე და პოლიტიკური ცვლილებები თვითონ რუსეთში.

  • ხედავთ რუსეთში ამის ნიშნებს? 

თავიდან არსებობდა ამის იმედი, მაგრამ ამ ეტაპზე გაუგებარია. სამხედრო წრეებიც არ აღმოჩნდნენ აქტიურები, მაინც მიჩვეული უბედურება არჩიეს…

ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ შემდეგმა წარუმატებლობამ სამხედრო ველზე შესაძლოა ეს გამოიწვიოს. ეს წარუმატებლობა კი, ალბათ იქნება სამხრეთ მიმართულებაზე.

  • ამასობაში, უკრაინის სამხედრო რესურსი რამდენად გაიზარდა? 

უკრაინა იღებს აღჭურვილობას და ეს პროცესი გრძელდება. გარკვეულწილად, ევროპის ქვეყნებს აქვთ თავიანთი ლიმიტი: ისინი ვერ გადასცემენ იმ შეიარაღებას უკრაინას, რაც მათი ქვეყნის თავდაცვის მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს. შესაძლოა, ამოქმედდეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, სადაც აწარმოებენ იარაღს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. უკრაინას მიაწოდეს 100 „ჰაუბიცა“ პოლონეთიდან, 100 – გერმანიიდან, 30 ტანკი ჩრდილოეთ მაკედონიამ გაუგზავნა.

არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს ამბავი, მაგრამ იყო ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა, მაგალითად, 32 მართვადი ბომბი გადასცა SU 25-თვის, ამის არც დადასტურება ყოფილა და არც უარყოფა.

  • „ჩუმად მხარს უკრაინას უჭერენ, მათ არ უნდათ დაუშვან რუსეთის იმპერიული საზღვრების დაკანონების პრეცედენტი“ – „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ეს აღნიშნა სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოსმა, ელიოტ კოენმა აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან დაკავშირებით. თქვენ რას ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთზე რეგიონის ქვეყნების თუნდაც „ჩუმ მხარდაჭერას“? 

ჩემი აზრით, ერთსაც და მეორესაც აწყობს რუსეთის დასუსტება და სურთ, რომ აირიდონ რუსეთის მხრიდან აგრესია. აზერბაიჯანისთვის ეს არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს აღარ ეცლება ყარაბაღისა და სომხეთისთვის, ყაზახეთი კი, არ ვიცი, რამდენად ეხმარება უკრაინას, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურად მხარს უჭერს უკრაინას. ყაზახეთი გარკვეულწილად რუსეთისთვის სამიზნე არეალშია, მაგრამ ყაზახეთი ხედავს, რომ რუსეთს მისთვის არ სცალია.

ეს მნიშვნელოვანი ზიანია პოლიტიკურად რუსეთისთვის, ამიტომაც იყო, რომ ყაზახეთს ნოვოროსიისკის პორტი დაუკეტეს. ყაზახეთი აქტიურად ცდილობს, ნავთობის მიწოდება გადმოიტანოს საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის გავლით, ანუ სამხრეთით.

  • თქვენი აზრით, რამდენად გაჩნდა ხელახლა ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის შესაძლებლობა? ბელარუსის არმია უკრაინის საზღვართან მანევრებს განაგრძობს და უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის დაცვა ბრესტისა და გომელის ოლქებში გააძლიერეს.

იქ არის 6, ან 7 ტაქტიკურ-საბატალიონო ჯგუფი, რომელიც ამაგრებს საზღვარს. ამჯერად თითქოს შეიცვალა მოწინააღმდეგე და პოლონეთიდან ელიან თავდასხმას. ლუკაშენკომ უკვე მერამდენე გამოაცხადა რიგგარეშე, მოულოდნელი შემოწმება ჯარების მზადყოფნის, ეს შემოწმება უნდა დასრულდეს აგვისტოში და მოხდეს ანგარიშგება. ლუკაშენკო ყველაფერს აკეთებს, რომ რუსებს უთხრას: მხარს გიჭერთ, მაგრამ ომში ვერ წამოვალ – ვერ ვიომებთ, ეს არ შეგვიძლიაო.

რუსეთი ბელარუსის მხრიდან ამ ვირეშმაკობას ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თვალს ხუჭავს. ეს აწყობს რუსეთს, რადგან ბელარუსის ტერიტორიას იყენებს, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს, საწყობებს, ამ უპირატესობაზე უარის თქმა არ სურს რუსეთს.

  • რა გავლენა აქვს ომის ამ ეტაპზე უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმას რუსეთის სამხედრო პუნქტებზე, ლოჯისტიკურ ბაზებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე?

ფაქტია, რომ უკრაინაში „ჰაიმარსების“ და დასავლური არტილერიის შესვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა ომის მიმდინარეობა, დარტყმის ქვეშ არის რუსების ტაქტიკურ სიღრმეებში განლაგებული საცავები, რაც აქამდე მათ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას უადვილებდა. ახლა რუსები იძულებული არიან უფრო მეტ სიღრმეში გადაიტანონ ეს საწყობები, მართვის პუნქტები და იქიდან განახორციელონ მიწოდება, რაც ართულებს ვითარებას.

  • რამდენად გაურთულდა საქმე რუსებს? 

რუსები მნიშვნელოვნად შეაფერხა უკრაინისთვის მიწოდებული აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენებამ. წარმოიდგინეთ, რომ ლისიჩანსკის მერე გაჩერებული არიან ბახმუტსა და სოლედართან, ანუ მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია შედის რაღაც სოფელში, ნახევარს იღებს, მერე უკან გამოდის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს აღჭურვილობა აღმოჩნდა „თამაშის შემცველი“.

უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ „ჰაიმარსებს“ – ამ ეტაპზე თითზე ჩამოსათვლელია და კონცენტრირებულია მხოლოდ ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებზე.

უკრაინა მალე ელოდება რაკეტებს, რომელიც მიფრინავს 300 კილომეტრზე. ჯერჯერობით, ეს „ჰაიმარსი“ რაკეტას არ ისვრის, ისვრის რეაქტიულ ჭურვს. წარმოიდგინეთ, როცა რაკეტას მიიღებს, რომელიც 300 კილომეტრზე მიფრინავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რუსები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

უკრაინის 27 წლის გმირი პილოტი, რომელმაც სამხედრო ლიცეუმში ნასესხები ფულით ჩააბარა

27 წლის ალექსანდრ კუკურბა უკრაინელი პილოტი იყო. ახალგაზრდა გმირი. ბოგდან ხმელნიცკის ორი ორდენის კავალერი.

კუკურბა 26 ივლისს დაიღუპა. პილოტმა უკრაინის ცის დაცვას შესწირა სიცოცხლე.

ომის პირველივე დღეებიდან ასზე მეტი ფრენა შეასრულა ალექსანდრეს თვითმფრინავმა. უკრაინის გმირების შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” ამზადებს მასალებს სამხედრო ჩანაწერებსა და ფრონტის მებრძოლების მონათხრობზე დაყრდნობით.

როგორც გმირი პილოტის ფრონტის მეგობრები იხსენებენ, ყოველ დილას გაღვიძებისას კითხვას სვამდა: „დღეს გვექნება სამუშაო?“ და იწყენდა, თუ ფრენა არ იყო დაგეგმილი.

ბევრი სხვა პილოტის მსგავსად ცის სიყვარულზე არ საუბრობდა, მაგრამ ბევრს საუბრობდა მოიერიშე თვითმფრინავების მნიშვნელობაზე, გადაიარაღების აუცილებლობაზე,

გარდა მუდმივი ფრენებისა, რომლის დროსაც ალექსანდრე წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებდა, ის ასევე ტექნიკის გაუმჯობესების პროცესში იყო ჩართული.

„დამპყრობლების განადგურების ასეთი ენთუზიაზმი იშვიათია“, – ამბობენ ალექსანდრეს თანამებრძოლები და იხსენებენ:

„ვუყურებდით რამდენს, როგორ დაფრინავდა და ერთმანეთს ვეუბნებოდით ხუმრობით, რომ ალექსანდროს მეორედაც უნდა გმირის წოდების მოპოვება“.

ავიაციის გუნდში ალექსანდროს საბრძოლო ზედმეტსახელი ჰქონდა: „ცეცხლფარეში“. სულ ფრენის დროს ბრძოლაზე ოცნებობდა.

„როგორც ცეცხლფარეში ამარაგებს მუდმივად ღუმელს საწვავით, ასე არ აკლებდა რაკეტებს და ბომბებს ალექსანდრო ოკუპანტებს. სადაც საჭირო იყო, ყოველთვის იქ ჩნდებოდა. დეტალურად სწავლობდა თვითმფრინავებს, მის შეიარაღებას, აღჭურვილობის გამოყენების წესებს, ზუსტად ახსოვდა და იცოდა საბრძოლო მასალების მახასიათებლები. საბრძოლო მასალების ცოცხალი, მოსიარულე ენციკლოპედია იყო“, – იხსენებს ალექსანდრეს თანამებრძოლი ფრონტიდან.

მოიერიშე თვითმფრინავების პილოტები გამოცემა „Armyinform”- თან საუბრისას ამბობენ, რომ ალექსანდრეს არასდროს იზიდავდა წოდებები და მაღალი სამხედრო პოზიციები. მისთვის ყველაზე დიდი ფასი კარგ თვითმფრინავს და ბევრ რაკეტას ჰქონდა.

თანამებრძოლების მონათხრობის მიხედვით, საშკო სამხედრო ფრენებზე უარს არასდროს ამბობდა. შეეძლო მდგომარეობის სწრაფად, რეალურად შეფასება. იხსენებენ, რომ მას ყველაზე რთულ დავალებებს ანდობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ მეთაურები, რომ საშკო ყველაფერს გაართმევდა თავს.

უკრაინისთვის სამხედრო გადაიარაღების მნიშვნელობაზე არამხოლოდ კოლეგებთან საუბრობდა მუდმივად უკრაინის გმირი. ვაშინგტონშიც, როცა სამხედრო მივლინებით გაემგზავრა, ამერიკულ მხარესთანაც უწყვეტად ამაზე საუბრობდა.

ალექსანდრე კუკურბასგან პოლკოვნიკებიც სწავლობდნენ საბრძოლო ტექნიკას. იხსენებენ, რომ შეუძლებელი იყო მისი „გაგდება“ თვითმფრინავის სალონიდან.

საშკოს დედა გამოცემა „Armyinform”-ს უყვება, რომ სამხედრო ლიცეუმში ჩასაბარებლად ბიჭმა 3000 გრივნა ისესხა და დედაქალაქში წავიდა.

ნულიდან დაიწყო ინგლისური სწავლა, რადგან მის სკოლაში მხოლოდ გერმანულს ასწავლიდნენ. ყოველთვის იმეორებდა, რომ პროფესიონალი მებრძოლი გახდებოდა. სამხედრო მედიცინის მიმართულებაზეც ისწავლა, მაგრამ მისი მთავარი სურვილი სამხედრო მფრინაობა იყო. გმირის დედა ჰყვება, რომ საშკო ყოველთვის ,,ცნობიერ არჩევანსა“ და უკრაინის ცის დაცვის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა.

როგორც დედა იხსენებს 24 თებერვლის მერე ალექსანდრე ხმას აღარ იღებდა, ისეც არ ახასიათებდა მრავალსიტყვაობა.

„ფრონტიდან ერთ „სმაილსაც“ თუ გამომიგზავნიდა ბედნიერი ვიყავი, რაც დრო გადიოდა მით უფრო ნაკლები დრო ჰქონდა ტელეფონზე სასაუბროდ. არ ინერვიულო, ცოცხალი ვარ! ამ სიტყვებით მირეკავდა ხოლმე“ – იხსენებს საშკოს დედა. შვილი რომ უკრაინის გმირი გახდა მეზობლებისგან შეიტყო.

„მოვიდა რძის დამტარებელი ჩვენი მეზობელი ქალი და მითხრა, გადადე ტელეფონი, რაღაც უნდა გითხრაო. თავად საშკოს გმირობის შესახებ არაფერი უთქვამს, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მოვიდა სახლში. როცა ფრონტიდან მოსვლას ახერხებდა, ჩემთვის მთავარი იყო მისი საყვარელი დელიკატესები მომემზადებინა, გაესინჯა და დაესვენა. ომი ჩვენთვის ტაბუდადებული თემა იყო, არ მინდოდა სულში ჩავძრომოდი“, – იხსენებს საშკოს დედა.

26 ივლისს ალექსანდრე კუკურბა უკრაინის ცის დაცვის დროს დაიღუპა.

უკრაინის გმირის, ალექსანდრ კუკურბას ჩამოსვენება

წყარო: Armyinform

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გონიო-კვარიათის სანაპიროზე 99 სხვადასხვა ზომის ნაკვეთი გაიტანა. შესაბამისად, „ბათუმელები“ გასული კვირის განმავლობაში არკვევდა, ვის აძლევს ბათუმის მერია უფლებას ყველაზე კომერციული ადგილებით ისარგებლოს, ვინ გადაიხდის გადასახადს და ვინ არ გადაიხდის? რატომ არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა იმ კომპანიებმა, რომლებიც სანაპიროზე უკვე ფლობენ კაფე-ბარებს ან კიდევ სხვა საქმიანობას ეწევიან?

აღსანიშნავია, რომ პლაჟებზე განთავსებული ინფრასტრუქტურა ესკიზის დონეზეც არ არის მერიასთან შეთანხმებული. საკუთარ კომერციულ ფართობს ყველა მეწარმე აქ ისე აწყობს, როგორც მას მოსწონს, ან შეუძლია. შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბათუმის სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელ ნაწილში საპლაჟო ინფრასტრუქტურას მოაწყობენ.

  • რა ხდება გონიოს პლაჟზე

მერიაში გვითხრეს, რომ პირველი აუქციონის შემდეგ 15 ხელშეკრულება გააფორმეს. განმეორებით აუქციონზე კი, რომელიც – 28 ივლისს დასრულდა, მერიას აუქციონზე ჯამში 7 500 კვ.მეტრამდე ფართობი ჰქონდა გატანილი, მხოლოდ ორი აუქციონი შედგა – გასხვისდა 102 კვ.მეტრი.

 

კვარიათი
კვარიათი

გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში დასაქმებულების უმრავლესობა აუქციონთან დაკავშირებულ პრობლემებზე მედიასთან საუბრობს, თუმცა თითქმის ყველა მათგან ითხოვს, რომ ვინაობა არ დავასახელოთ.

სოფო ნამგალაძე კი იმათ შორისაა, ვინც აუქციონთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ თავისი შეხედულება ღიად გაუზიარა. „ვერ გავწვდებოდით, მთელი ივნისი წვიმდა და აუქციონში მონაწილეობა ვეღარ გავრისკეთ. ძალიან ცუდი სეზონია, ნორმალური შეზლონგი 150 ლარამდე ღირს, ხალხმა მათი ფასიც ვერ დაფარა. ბევრს სესხით გვაქვს ნაყიდი“, – ამბობს სოფიო ნამგალაძე.

სანაპიროზე დასაქმებულები ამბობენ, რომ აუქციონებში ძირითადად იმ პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც აქ კაფეები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა აქვთ, მართავენ კონცერტებს, ჰყავთ ბევრი მომხმარებელი და გადახდა არ უჭირთ. შეზლონგებისა და ქოლგების გამქირავებლებისთვის საქმე გაცილებით რთულადაა.

ტუალეტი პლაჟზე

კაფეების მეპატრონეები კი მიიჩნევენ, რომ მერიამ გარკვეული ნაკვეთები გრძელვადიანი იჯარებითაც უნდა გაასხვისოს. ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან აიღონ ვალდებულებები და პლაჟი მოაწესრიგონ მერიის მიერ მითითებული სტანდარტის შესაბამისად. თუმცა მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟის მოსაწესრიგებლად ერთიანი სტანდარტის შემუშავება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

„ხომ ხედავთ ამ კონსტრუქციას – მასალის შეძენა, შემდეგ მისი გამართვა, გადახურვა, საკმაოდ ძვირი მიჯდება, სეზონის ბოლოს ეს უნდა დაშალოთო. მე უნდა დავშალო, სხვამ არა. რატომ? – თუ მომცემენ უფლებას, რომ შევინარჩუნო, დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს, რაც მერიას ექნება, შესაბამისად მოვაწყობ და მოვუვლი. ისიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ ადამიანები უნდა დავასაქმო, სამი მიმტანი დამჭირდება, მზარეული, მისი დამხმარე. მუსიკოსებისთვის კუთხეს ვაწყობ. ეს თუ დავშალე, მომავალ წელს იგივე თანხა უნდა დავხარჯო, ასე გამოდის“, – ამბობს ერთ-ერთი კაფეს მესაკუთრე.

პლაჟის კონკრეტული მონაკვეთების მესაკუთრეები ბოლო წლებში ძირითადად არ იცვლებიან. შესაბამისად, მათ აქვთ განცდა, რომ მომავალ სეზონზეც იგივე ადგილზე იმუშავებენ. ამიტომაც ისინი, ვისაც დააშლევინეს, მიიჩნევენ, რომ კონსტრუქციის დაშლის მოთხოვნა მერიის მხრიდან, თანაც ისე, რომ ზოგი მათ შენარჩუნებას მაინც ახერხებს, უსამართლოა.

  • რატომ ვერ ახერხებს მერია ერთიანი სტანდარტის შეთავაზებას და საერთოდ, პრობლემის მოგვარების რა ხედვა აქვს?
  • რატომ მოხდა, რომ რამდენიმე მესაკუთრეს კონსტრუქცია დააშლევინეს, რამდენიმე მესაკუთრემ კი, შეინარჩუნა? – ამ კითხვებზე მერიისგან პასუხები ვერ მივიღეთ: „მოგვწერთ და გიპასუხებთო“.
4 აგვისტო. გონიო-კვარიათის პლაჟი. პლაჟზე ერთი შეზლონგის დაქირავება 5 ლარი, ქოლგის დაქირავება კი 3 ლარი ღირს.
გონიო-კვარიათის პლაჟი, 4 აგვისტო

სოფიო ნამგალაძე „ბათუმელებთან “ იმ პერიოდს იხსენებს, როცა მერიამ ერთ შეზლონგზე 5 ლარი გადაახდევინა სეზონურად: „2 წლის წინ იყო თუ სწორად მახსოვს, ჩამოიარეს მერიის წარმომადგენლებმა და  გადავიხადეთ. ქვითარი რომ ამოგვიწერეს, ახლაც მაქვს. თუ დაგვიწესებენ ამ გადასახადს, გადავიხდით. მთავრობას ვერავინ გაექცევა, მე მივესალმები ერთიანი წესის შემოღებას და კანონიერებას, უკანონო საქმე არ მიყვარს. უნდა დარეგულირდეს.“

  •  „მერია კვარიათში ყველგან ვერც კი შედის“ 

„ზოგისთვის ეს მუქთა ფულია“, – გვიყვება პირი, რომელსაც გონიო-კვარიათის სანაპიროს ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე კომერციული აქტივობა თავადაც აქვს წამოწყებული. გონიო-კვარიათის პლაჟის ათვისების ამბებს გვიყვება იმ პირობით, რომ მის სახელსა და გვარს არ დავწერთ „მერიასთან პრობლემები რომ არ შეექმნას“.

რამაზი [სახელი შეცვლილია] ამბობს, რომ პრობლემები აქ, განსაკუთრებით კი კვარიათის სანაპირო ზოლზე მერიასაც აქვს. ის ირწმუნება, რომ „მერია ყველგან ვერც კი შედის“.

რას ნიშნავს „მერია ყველგან ვერ შედის?“ – ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ „ზოგი ისეთი კაცისაა, ზოგს ასეთი პატრონი ჰყავს“.

რამაზი ირწმუნება, რომ კვარიათში „გარედან ვერავინ შევა“: „გონიოში ალბათ არის რაღაც ადგილები, რასაც მერია აკონტროლებს, კვარიათში – არა, აქ ადგილები თავად ხალხს აქვს განაწილებულიო“. ამის დასადასტურებლად მაგალითებიც მოჰყავს: „ორი თვის წინ იყო აქ მერიის ხალხი გამოსული, პოლიციაც ახლდათ. მხოლოდ ერთ-ორს დაანგრევინეს… გაყევით ამ სანაპიროს, მასეთი რამდენია“.

როგორ ხდება, რომ ერთ მონაკვეთში მუნიციპალური ინსპექცია დაჟინებით ითხოვს დემონტაჟს და ამას აღწევს კიდეც, სხვაგან კი მესაკუთრე შენობას ინარჩუნებს? „ეს თქვენ გეცოდინებათ და მე ნუ მეკითხებითო“, – გვპასუხობს რამაზი.

გონიო-კვარიათის ზოლში გაფრთხილებასა და დემონტაჟზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჯერ მარტში, შემდეგ კი მაისში წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მარტში, მაისშიც და შემდეგაც, რამდენიმე შენობის დემონტაჟი მართლაც დაიწყეს, რამდენიმე კი გადარჩა.

„გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგს. ყველა სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება“, – ეს არის ზოგადი პასუხი, რაც მუნიციპალური ინსპექციიდან წერილობით მოგვაწოდეს.

კონკრეტულ პასუხისმგებელ პირზე კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.

  • აუქციონის ფასები

გონიო-კვარიათის პლაჟზე დასაქმებულები, ვინც მედიასთან აცხადებს, რომ ლეგალურად სურს მუშაობა, მიაჩნიათ, რომ წელს განსაკუთრებით ძვირი ფასი დაადო მერიამ სანაპიროს.

თუმცა, ყველაზე მცირე ზომის – 14 კვ.მეტრი ნაკვეთი ბათუმის მერიას 175 ლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, ვაჭრობის ბიჯი 10 ლარი იყო. თუ ამ ნაკვეთის შეძენას დაინტერესებული პირი ერთი ბიჯით მოახერხებდა, მას 185 ლარის გადახდა მოუწევდა – კვადრატულ მეტრზე 13 ლარი. ამ თანხის გადახდა მოუწევდა აუქციონში გამარჯვებულს ერთჯერადად, პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გონიო-კვარიათში ზღვაზე აქტიური სეზონი აგვისტოს ბოლომდეა, შედარებით პასიური სეზონი კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, შეიძლება 15 სექტემბრამდე გაგრძელდეს.

თითქმის იგივე პირობებით ჰქონდა მერიას აუქციონზე გატანილი შედარებით დიდი ზომის ნაკვეთებიც – 1 კვ.მეტრი 12.80 ლარად.

გასახდელებს ბათუმის პლაჟზე ხალხი ტუალეტებად იყენებს

ბათუმის პლაჟზე განთავსებულ გასახდელებს ხალხი ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებს, რის გამოც გასახდელების დიდ ნაწილში შარდის სუნია, ზოგან დაფრინავენ ბუზებიც. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, გასახდელები სისტემატურად ირეცხება წყლითა და ქლორით, თუმცა მაინც არის პრობლემები.

ბათუმის ბულვარის მოვლა-პატრონობაში ბულვარის გასწვრივ, სანაპირო ზოლზე, განთავსებული 33  გასახდელია. რამდენიმე გასახდელს აქვს კონკრეტული მოიჯარის ლოგო, მათი მოვლა-პატრონობა ამ მოიჯარეს ევალება.

„მიუხედავად იმისა, რომ გასახდელებს ჩვენ ყოველ დილით ვრეცხავთ, მათ შორის, ქლორის გამოყენებით, მაინც არის პრობლემები, რადგან დიდია ხალხის ნაკადი ზღვაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე იქცევიან და ამ დანიშნულებით იყენებენ გასახდელებს,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ტურისტულ სეზონზე ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი ბათუმის სანაპიროზე მოდის, რის გამოც საგანგებო რეჟიმში მუშაობს სანდასუფთავებაც.

ბათუმის ბულვარში სულ 6 ტუალეტია (ახალ ბულვარში, დელფინარიუმთან, მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ, ვეტერანთა კლუბთან, კაფე „ტყუპებთან“ და „ეშმაკის ბორბალთან“). ყველა მათგანი ფასიანია. ტუალეტით სარგებლობის ფასი 1 ლარია.

ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ მომავალი წლისთვის ბათუმის ბულვარს სულ ცოტა ერთი ტუალეტი მაინც დაემატება. იგი სავარაუდოდ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება – “ამჟამად ვარჩევთ ადგილს“.

 

ამავე თემაზე:

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

რა წერია UNICEF-ის ანგარიშში – საქართველოში ტუალეტების პრობლემა

არის თუ არა მემკვიდრე არარეგისტრირებული ცოლი? – რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ

„მადლობელი ვარ უზენაესი სასამართლოსი, მაგრამ მე სტრასბურგის სასამართლოში მივდივარ,“ – ამბობს 81 წლის ციალა პერტია. ის 29 წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის მემკვიდრეობით გადაცემას ითხოვს.

ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყოლია.

ციალას მოდავე გარდაცვლილი ქმრის დისშვილია, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბინა ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე ციალა პერტია ცხოვრობს.

იმის გამო, რომ ქორწინება რეგისტრირებული არ იყო, ციალა პერტიას სარჩელი არ დააკმაყოფილა ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. უზენაესმა სასამართლომ კი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ბინის ზუსტად ნახევარი ციალა პერტაიას საკუთრება უნდა იყოს.

„აი, საჯარო რეესტრის ამონაწერიც, ბინის ნახევარი უკვე ჩემს სახელზეა,“ – რეესტრის ამონაწერიც გვაჩვენა ციალა პერტიამ.

„ეს არის უპრეცედენტო და პროგრესული გადაწყვეტილება, ჩვენ ცნობილი იურისტები და პროფესორებიც გვეუბნებოდნენ, რაღას დაობთ, სამართლებრივ შედეგს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობსო, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა ევროპის ქვეყნების პრაქტიკა და მიიჩნია, რომ ფაქტობრივი ქორწინებაც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს,“ – განმარტავს ადვოკატი დავით დიდმანიძე, ის ციალა პერტიას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

მხარეს ჯერ სრულად არ ჩაჰბარებია უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, უცნობია, რა დასაბუთებით მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო ინსტანციის სასამართლომ.

ციალა პერტიამ ამ საქმეზე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოსაც და მოითხოვა იმ სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივი შედეგის დადგომას მხოლოდ რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინების შემთხვევაში.

„2020 წელს დაასრულეს ჩემი საქმის განხილვა, მაგრამ ამ დრომდე არ იღებენ გადაწყვეტილებას,“ – დასძინა ციალა პერტიამ „ბათუმელებთან“.

81 წლის ქალი ახლა აპირებს მიმართოს ევროსასამართლოს ევროკონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს „პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას“. ცილა პერტია ითხოვს, რომ საცხოვრებელი ბინა, სადაც ის ქმართან ერთად 29 წელი ცხოვრობდა, მთლიანად მისი საკუთრება გახდეს.

„იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო მთლიანად შეცვლის არსებულ პრაქტიკას საქართველოში“, – აღნიშნავს იურისტი დავით დიდმანიძე.

ციალა პერტია კი ამბობს, რომ ამჯერად მისი ბინიდან გამოსახლებას გარდაცვლილი ქმრის ახლობლები აღარ ითხოვენ და საუბარია გამოსყიდვაზე, თუმცა მხარეები ვერ შეჯერდნენ, რომელმა მხარემ გამოისყიდოს ბინა.

ბინა, სადაც ხანდაზმული ქალი ცხოვრობს, სულ 34 კვადრატული მეტრია.

„მითხრეს, რომ გადაგიხდით ფულს და გამოვისყიდითo, მაგრამ მე არ ვარ თანახმა, როგორც სასამართლო გადაწყვეტს, ისე იყოს,“ – ამბობს ციალა პერტია.

___

მთავარი ფოტო: ციალა პერტაია

„ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო“ – შიში სახელმწიფო უსაფრთხოებაზე

საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებია აკრიტიკებენ იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, ვისაც აშინებთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში „უკონტროლო შემოსვლა“. ხელისუფლება ამ შიშს აფასებს როგორც ქსენოფობიას და შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებასაც გეგმავს. ბოლო წლებში ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიის წყარო, განსაკუთრებით აზიური ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, არაერთხელ გამხდარა თავად ხელისუფლება.

რა შეიცვალა ახლა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რუსეთის მოქალაქეების სიძულვილში, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობოებიც დაადანაშაულა. მისი აზრით, „ზოგიერთი NGO ქსენოფობიას ახალისებს“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მატება არ უკავშირდება ოკუპაციის საფრთხეს და აქ რუსეთის მოქალაქეები „სტაბილურობისა და დემოკრატიის გამო მოდიან“.

4 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება და თქვა, რომ დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილება, რაც „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული“.

დღეს, 5 აგვისტოს, ის კიდევ გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქეების თემას და თქვა, რომ „საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია“. მან საქართველოს მოქალაქეების შიშს უსაფრთხოებაზე ისევ შოვინისტური კამპანია უწოდა.

„ბათუმელებმა“ გადახედა რა წერია საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში საქართველოში „ქსენოფობიისა და რასიზმის შესახებ“. აღმოჩნდა, რომ წინა წლებში ანგარიშებში ხშირად ახსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ქსენოფობიის წყაროს.

მაგალითად, ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში მოხვდა ახლანდელი კულტურის და მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელიც ქსენოფობიად შეფასდა.

წულუკიანმა ქსენოფობიური კონოტაციით ისაუბრა ირანის, ერაყის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. მაშინ წულუკიანი ამბობდა, რომ „ტურიზმის სააგენტო ვერ იქნება ბედნიერი ამ მასშტაბის (საიმიგრაციო) რეფორმის გამო“, რადგან ჩვენ 2014 წელს 42 000-ით შევამცირეთ ტურისტების ნაკადი. საუბარი იყო ჩინელების, ერაყელების, ირანელებისა და ეგვიპტელების საქართველოში შემოსვლაზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მაშინ გამოეხმაურა კიდეც წულუკიანის ამ განცხადებას და დისკრიმინაციული უწოდა, რადგან წულუკიანმა თქვა: „ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია”.

უფრო ადრე, 2014 წელს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თამაზ ავდალიანმა, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც იყო, თქვა: „ამ კანონპროექტის [მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები] არსი და მიზანია, რომ საქართველოში დაბადებულმა ადამიანებმა, მათმა შთამომავლებმა მიიღონ მოქალაქეობა გართულებებისა და პრობლემების გარეშე. ხოლო დანარჩენები, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება საქართველოსთან, მაგალითად, ვინც აფრიკიდან ჩამოვიდა, მათ უკვე სულ სხვა კრიტერიუმები ექნებათ… იმის ფონზე, რომ ჩვენ ვვითარდებით, ზედმეტი მუქთახორები ნამდვილად არ გვჭირდება“.

2012 წლის ოქტომბერში ასევე საჯაროდ გავრცელდა ვიდეო, სადაც „ქართული ოცნების“ წევრმა დავით დარახველიძემ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დანიშნეს თქვა, რომ „ყველა ზანგი, რომელსაც თბილისში შეხვდებით, მოქალაქეა. ასე არიან ინდოელები და ჩინელებიც“.

საზოგადოების მხრიდან პროტესტის მიუხედავად, ეს ადამიანი მაინც დანიშნა „ოცნებამ“ მინისტრად.

მაგალითად, 2018 წელს ქვეყანაში შემოშვებაზე უარი უთხრეს რეპატრირებული მესხების შვილს, 28 წლის ხალილ სარვაროვს, რომელსაც საქართველოში სტუდენტის სტატუსი აქვს.

ხალილი სახლში, ბაქოში, აზერბაიჯანში დაბრუნდა. შემოდგომაზე, 7 ოქტომბერს, სწავლის დასრულების მიზნით თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც ქართულმა მხარემ უარი უთხრა საზღვრის კვეთაზე. ამბობს, რომ ადგილზე მიზეზი არ დაუსახელებიათ – უბრალოდ უთხრეს, რომ მის „შეშვებაზე უარი იყო“. ხალილს ორჯერ, დაუსაბუთებელი მიზეზით, უთხრეს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე.

2017 წლის (MDF/USAID/UNAG) ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასა და ქსენოფობიასაც შეეხებოდა,  დისკრიმინაციული შინაარსის 1926 კომენტარი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი – 49,1% ქსენოფობიაზე მოდის.

პარტიების ათეულში, რომლებიც ყველაზე ხშირად აღვივებდნენ სიძულვილის ენას, იყო „ქართული ოცნებაც“. ანგარიშის თანახმად, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ქსენოფობიის 45 შემთხვევა გამოვლინდა.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯავახელ სომხებს უთხრა, რომ „ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. რაც ასევე დისკრიმინაციად შეფასდა.

2019 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მეტჯერ უთხრა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე აზიური ქვეყნების მოქალაქეებს. მაგალითად:

  • ირანის (576)
  • ინდოეთის (366)
  • აზერბაიჯანის (124) მოქალაქეს.

2019 წლის თებერვალში:

  • ირანის (564),
  • ინდოეთის (428),
  • აზერბაიჯანის (141) მოქალაქეს.

2019 წლის მარტში:

  • ირანის (1815),
  • ინდოეთის (404),
  • აზერბაიჯანის (228) მოქალაქეს.

2019 წელს იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებელი მოტივით უარს ეუბნებოდა ერაყის მოქალაქეს ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო კომპანიაში შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა.

რატომ შიშობენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოსვლით“? – რუსეთის ფედერაციას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დარღვეული აქვს, ქვეყნის 20 პროცენტი კი – ოკუპირებული. საოკუპაციო ზოლიდან პერმანენტულად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს. რუსეთი ყოველგვარი „პროვოკაციის“ გარეშე შეიჭრა უკრაინაში და უკვე დახოცა ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კი, ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებმა პეტიციაც შეადგინეს, სადაც ხელისუფლებას სთხოვენ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას.

დღეს, 5 აგვისტოს, 16:00 საათზე, პეტიციას 18 505 ადამიანი აწერდა ხელს.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ სავიზო რეჟიმის შემოღების პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებს არ მიეცეთ საქართველოში 3 თვეზე მეტი დროით ყოფნის უფლება და ისიც მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, რუსეთის მოქალაქეები მიდიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 247 000 ვიზიტორია შემოსული. ირაკლი კობახიძის თქმით კი, „რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 000-ზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3%-საც კი არ შეადგენს“.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში არეგისტრირებენ კერძო კომპანიებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხსნიან გასართობ და კვების ობიექტებსაც, სადაც მომხმარებლებთან ურთიერთობისას არ იყენებენ საქართველოს სახელმწიფო ენას.

„ქსენოფობია არის დაუშვებელი, რომელი ქვეყნის წარმომადგენლის მისამართითაც არ უნდა იყოს. თუმცა საქართველოს მოქალაქეებში არსებული შიშები საფუძვლიანია, რადგან გვაქვს მიმდინარე ოკუპაცია, მიმდინარე ომი უკრაინაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ შეაფასა როგორც ჩვენი ომი, ასევე, ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეეხება. ამიტომ კითხვები და შიშები არის ლეგიტიმური“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაკო ღავთაძე „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

მაკო ღავთაძე

მისი თქმით, დღეს, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე უწევთ ადამიანებს გავლა, რომ ემოციები არასწორად არ მიმართონ: „ხელისუფლებამ ქსენოფობიით სპეკულირება დაიწყო, რადგან მე არ მახსენდება შემთხვევა, ოდესმე სწორი შეფასებები გაეკეთებინა მაშინ, როცა მართლა არსებობდა ქსენოფობიის არაერთი შემთხვევა ქვეყანაში. ეს განცხადება ხელისუფლებამ გააკეთა რუსებისთვის სავიზო რეჟიმის მოთხოვნის საპასუხოდ, ხომ?

ეს მოთხოვნა ვერ შეფასდება ქსენოფობიად ამ კონკრეტულ სიტუაციაში. სხვა დროს, ვთქვათ, მოწმენდილ ცაზე, მშვიდობიან სიტუაციაში რომ ამოერჩია რომელიმე ქვეყანა რაიმე ნიშნით და დაეწესებინა სავიზო რეჟიმი, მაშინ შესაძლოა ასე გვემსჯელა. მაგრამ ახლა უკრაინასთან ერთად ვართ ჩვენც ომში, რადგან ვართ ოკუპაციაში და ახლაა ლაპარაკი იმაზე, რომ სანქციების არიდების ერთ-ერთი გზა რუსების მხრიდან შეიძლება იყოს საქართველო.

სასაზღვრო და საემიგრაციო კონტროლი ქსენოფობიად ვერ შეფასდება, რადგან ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რასაც მოქალაქეები კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკონტროლებდეს.

მე უფრო დიდ საფრთხეებსაც ვხედავ, რადგან ხელისუფლება ღიად უპირისპირდება დასავლეთს, სტრატეგიულ პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს. მთელი პოლიტიკა ამაზეა აგებული, ამიტომ არ ვიცი, რამდენად საკმარისი იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის დაწესება“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, მოქალაქეების კითხვებიც და შიშიც ლეგიტიმურია, რადგან ჩვენი სახელმწიფო წლებია ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს: „შესაძლოა, ხელისუფლებას უფრო აწყობდეს, რომ ჩვენი, მოქალაქეების ემოციები ამაზე იხარჯებოდეს და ნაკლებად იმაზე, ვთქვათ, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვაქვს ევროკომისიისგან დაწესებული, როგორ სრულდება. ფაქტობრივად, დღეები გვაქვს დაწესებული ამ პუნქტების შესრულებისთვის და ჩვენ ყურადღება და ემოცია კი სავიზო რეჟიმზე გადაგვატანინეს. რეალურად, ჩვენი მოთხოვნების ადრესატი არის ხელისუფლება. რუსს კი არ უნდა ვუთხრათ – რატომ შემოხვედი აქ? ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა, მაგალითად, შეამოწმა თუ არა, ხომ არ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული რუსეთის მოქალაქეებს?

შესაძლოა ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც, რომ ჩვენ ამ ყოფითი საკითხების ირგვლივ ვტრიალებდეთ“.

მაკო ღავთაძის თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიები ყოველთვის ქსენოფობიაზე, თურქოფობიაზე იყო აგებული და წესით, კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქსენოფობია.

„აბსურდია, საქართველოს მოქალაქეების რეაქციები ქსენოფობიად შეაფასო, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების და სასაზღვრო რეგულაციების მოთხოვნები, რასაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ დაცულობის განცდა, ამიტომ სვამენ ამ კითხვებს და ხელისუფლების რეაგირებას ითხოვენ“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

რას ამბობს მთავარსარდალი ზალუჟნი უკრაინის არმიის მებრძოლ ქალებზე

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა ქალებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ზალუჟნიმ ასევე გაავრცელა ვიდეო, თუ რა სახის დავალებების შესრულება უწევთ ქალებს გამარჯვებისთვის.

ვიდეოში, რომელიც ზალუჟნიმ გაავრცელა, ომში მყოფი ჯარისქალები რუს ოკუპანტებს აფრთხილებენ, რომ ისინი აუცილებლად დაიღუპებიან უკრაინის მიწაზე.

ზალუჟნის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალები ასევე საუბრობენ ომში გადატანილ სახიფათო და მძიმე წუთებზე, გადარჩენაზე.

მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის მიაჩნია, რომ ამ ომში ქალების წვლილი ფასდაუდებელია.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ათასობით ქალი მსახურობს.

„ათასობით ქალს, რომლებიც დღეს მსახურობენ და მუშაობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში. პატივისცემა და მადლიერება თითოეულ მათგანს“, – წერს ზალუჟნი.

„ჩვენი ქალი მეომრები ნამდვილ ამორძალებს ჰგვანან. მათმა გამბედაობამ შეიძლება მხოლოდ აღგაფრთოვანოთ ან მათი შეგშურდეთ“, – ასე აფასებს უკრაინული მედია ომში მყოფი ჯარისქალების ბრძოლას.

უკრაინის არმიის მებრძოლი ქალი
უკრაინის არმიის მებრძოლი ქალი

2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გარკვეული სპეციალობების, პროფესიის ქალების სავალდებულო სამხედრო აღიცხვა დაიწყება უკრაინაში. ამან საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. გენერალურ შტაბში დააზუსტეს, რომ ქალები სამხედრო სამსახურში მხოლოდ ნებაყოფლობით დარეგისტრირდებიან.

ამასთან, უცნობია, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ ქალებს შორის პირველ რიგში ვის შეეხება მობილიზაცია. ეს დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე: კერძოდ, თითოეულ რეგიონში გენერალური შტაბის სამობილიზაციო დავალებასა და იმაზე, თუ რა სახის სპეციალისტები სჭირდება ჯარს.

ქალებს შეუძლიათ მობილიზაციის გადავადება იმავე მიზეზით, როგორც კაცებს, ვისაც  ეხება სამხედრო სავალდებულო სამსახური.

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ ქალებს შესაძლოა შეეზღუდოთ უკრაინის დატოვება. სავარაუდოდ, ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ მხოლოდ ის ქალები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მობილიზაციის დროს ჯარში გაწვევას.

ჩვენი ქვეყნის მტრებს ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რა „მიზანმიმართულ კამპანიას“ გულისხმობს თორნიკე რიჟვაძე.

სავარაუდოდ მისი განცხადებაც, ისე როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, უკავშირდება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში.

ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების „უკონტროლო შემოსვლას“ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

გარდა ამისა, ბათუმში, ქვეყნის ყველაზე დიდ ტურისტულ ქალაქში, რამდენიმე ბარია, სადაც მომსახურებას მხოლოდ რუსულ ენაზე ან ინგლისურად გთავაზობენ, შესაბამისად, აქ ქართულ ენაზე მომსახურებას ვერ მიიღებთ. კაფე-ბარებს არ ჰყავთ ქართულენოვანი პერსონალი.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის თანახმად, „სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“

აუქციონი “აჭარაბეთ არენას” კომერციული დანიშნულების ფართების იჯარაზე

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე – „აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონები მიმდინარეობს.

300-იდან 900 კვ/მ-მდე კომერციული ფართების, პანორამული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა ამჯერად 20%-იდან 40%-მდე ფასდაკლებით მოხდება.

რესტორანი
რესტორანი

სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის ფართობი 221,19 კვ. მ-ია. მისი პანორამული ხედი უშუალოდ სათამაშო მოედანზე იშლება და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს. რაც შეეხება საპარკინგე სივრცეს 19 375კვ.მ მოიცავს და სტადიონის ირგვლივ 800-მდე ავტომანქანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.

ლედეკრანი
ლედეკრანი

ელექტრონული აუქციონები 8 სხვადასხვა კომერციულ ობიექტზეა გამოცხადებული. ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: Eauction.ge.

აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eauction.ge/Home/Search/W3sia2V5IjoiQ2F0ZWdvcnlJRCIsInZhbHVlIjowfSx7ImtleSI6Ik9yZ2FuaXphdGlvbklkQWR2YyIsInZhbHVlIjoiMjE0NzEifV0=/1

ავტოსადგომი
ავტოსადგომი
კომერციული ფართი
კომერციული ფართი
კომერციული ფართი
კომერციული ფართი

უცნობია, როდის აღდგება სატელეფონო კავშირი „ბილაინის“ ქსელში – კომპანია

დაახლოებით 2 საათია „ბილაინის“ ქსელი არ მუშაობს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ აბონენტებს სატელეფონო ზარების განხორციელება შეზღუდული აქვთ, ხოლო ინტერნეტკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შეწყვეტილი. ხარვეზი ქსელში დღეს, 5 აგვისტოს, დილას დაფიქსირდა.

ქსელში არსებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად კომპანიამ.

„ძვირფასო მომხმარებლებო, დაზიანდა სერვისის მომწოდებლის ორი დამოუკიდებელი კაბელი, რის შედეგადაც ჩვენს მომხმარებლებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზარებზეც. გვატყობინებენ, რომ პრობლემის მოგვარების დრო 30 წუთს შეადგენს. გიხდით დიდ ბოდიშს და მადლობა მოთმინებისთვის,“ – ნათქვამია ბილაინის განცხადებაში.

განცხადების გავრცელებიდან 1 საათის შემდეგ კომპანიამ ინფორმაცია განაახლა და დაწერა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება ინტერნეტ და სატელეფონო კავშირი.

„დამატებით მოგაწოდებთ განახლებულ ინფორმაციას სერვისის აღდგენის დროსთან დაკავშირებით, როგორც კი ის შემოგვივა. მოგეხსენებათ, დაზიანება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, მიმწოდებლის კაბელზე. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,“ – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ზარებს არ პასუხობენ არც „ბილაინის“ ცხელ ხაზზე.  უცნობია, როდის ჩაირთვება ქსელი.

5 წელი მიუსაჯეს მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილზე პუტინს აკრიტიკებდა და ბავშვებმა ჩაწერეს

ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინა გენს, რუსეთში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ. გენი პენზას ოლქის სკოლაში ასწავლიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ირინა გენი „მტრულად იყო განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ავრცელებდა აშკარად ცრუ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ“.

ბრალდების საფუძვლად იქცა მოსწავლეებისა და მასწავლებლის საუბარი. გენი მოსწავლეებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ესაუბრებოდა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დაბომბეს სამშობიარო სახლი მარიუპოლში, გეგმავდნენ უკრაინის პრეზიდენტის გადაგდებას, რომ 2014 წელს ჩამოაგდეს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი და სხვის ტერიტორიებს იტაცებდნენ.

მასწავლებლის საუბარი რამდენიმე მოსწავლემ დიქტოფონზე ჩაწერა. აუდიოჩანაწერები პოლიციის ხელში აღმოჩნდა და მალევე მასწავლებელი სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლეს.

ირინა გენს, გარდა იმისა, რომ სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აეკრძალა მასწავლებლობაც, სამი წლით.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საუბარი სპეციალურად წამოიწყეს მოსწავლეებმა და ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ირინა გენის ადვოკატის განმარტებით, ხუთ მერვეკლასელ მოსწავლეს აზრად არ მოუვიდოდა დამოუკიდებლად მასწავლებლის საუბარი ჩაეწერა დიქტოფონზე და ფსბ-სთვის გადაეცა ჩანაწერები.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ფსბ-ს თანამშრომელია.

შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთში 15 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ამ მუხლით რუსეთში ერთი თვის წინ დააპატიმრეს პირველი ბრალდებული.

___

ფოტო: ირინა გენის ფეისბუქგვერდიდან

ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მისი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

ჩინური სახელმწიფო მედია CGTN-ი იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერს, ნენსი პელოსის და მისი ოჯახის წევრებს ჩინეთი სანქციებს უწესებს. CGTN-ის ცნობით, ამის შესახებ 5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

ნენსი პელოსი 2 აგვისტოს ეწვია ტაივანის თვითმმართველ კუნძულს, რომელიც თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს. პელოსის ვიზიტს ჩინეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა უძღოდა წინ, მათ შორის, მუქარის შემცველი, რომ „დაისჯება ყველა, ვინც ჩინეთს შეურაცხყოფს“.

ჩინეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, როგორც ქვეყნის მესამე პირის სამხედრო თვითმფრინავით ვიზიტი ტაივანში, ჩინეთის სუვერენიტეტის ხელყოფაა.

5 აგვისტოს თავად სპიკერი პელოსი გამოეხმაურა ჩინეთის რეაქციას და განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკას და ტაივანის მეგობრებს „ვერ დაუგეგმავს შეხვედრების განრიგს“ და ამ გზით „ვერ მოაქცევს ტაივანს იზოლაციაში”.

პელოსიმ ასევე განაცხადა, რომ მათი ვიზიტი მიზნად არ ისახავდა სტატუსკვოს შეცვლას და ასევე ის, რომ ჩინეთმა „თავისი თავდასხმების საბაბად, ალბათ, ჩვენი ვიზიტი გამოიყენა“.

თავად აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდი შვიდიანის წევრმა ქვეყნებმა და ავსტრალიამ ჩინეთის რეაქციას – სამხედრო წვრთნებს ტაივანის გარშემო, „არასაჭირო“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ პელოსის ვიზიტი არ ცვლიდა ჩინეთის პოლიტიკას, არამედ მეგობრული ვიზიტი იყო საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობისთვის.

_________

ამავე თემაზე: 

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 აგვისტოს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +28 გრადუსია.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“

რუსები ჯარისკაცებს ღამით ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში ასვენებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური 5 აგვისტოს მონაცემებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. დაზვერვის ცნობით, ოკუპაციის 5 თვის შემდეგაც გაურკვეველია, თუ რა განზრახვები აქვთ რუსებს ამ სადგურთან.

როგორც განახლებულ მონაცემებში ვკითხულობთ, სავარაუდოდ, რუსების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა შეარყია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა.

რუსები, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცულ სტატუსს იყენებდნენ, რათა სამხედროები უსაფრთხოდ მოესვენებინათ ღამის განმავლობაში, ხოლო მიმდებარე რეგიონებიდან მიზანში იღებდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე უკრაინულ ტერიტორიებს.

„რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მოქმედებენ ელექტროსადგურის მიმდებარე რეგიონებში და ამ ტერიტორიებზე განლაგებულ სამხედრო დანაყოფებს იყენებენ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე უკრაინული ტერიტორიების მიზანში ამოსაღებად.

რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ გამოიყენეს ობიექტის კიდევ უფრო ფართო არეალი, კერძოდ მიმდებარე ქალაქი ენერგოდარი, რათა დაცული სტატუსის გამოყენებით, მათ აღჭურვილობასა და პერსონალზე ღამით უკრაინელთა თავდასხმების რისკი შეემცირებინათ და დაესვენებინათ სამხედროები“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის მონაცემებში.

კოვიდით ხელახლა ინფიცირების მინიმალური ვადა 60 დღეა – NCDC

2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე საქართველოში აღირიცხა COVID 19-ით რეინფიცირების ანუ ხელახლა ინფიცირების 138 331 შემთხვევა. საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური – 60, მაქსიმალური კი – 767 დღე. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] უახლეს ანგარიშში წერია.

წინა ანგარიშის მიხედვით, COVID 19-ის პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო.

138 331 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან 101 306 [73%] შემთხვევაში რეინფიცირება დადგა აუცრელ პირებში. „კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის ჩაუტარდა 37 025 [27%] ადამიანს: მათ შორის ერთი ბუსტერ დოზა მიღებული ჰქონდა რეინფიცირებულთა 2.3%-ს [3 213], ხოლო ოთხი დოზა – 0.035%-ს [49]“, – წერია ანგარიშში.

2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია, მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური – 18 წელი, ხოლო მაქსიმალური – 89 წელი.

ანგარიშის მიხედვით, რეინფიცირებულთა შორის კაცი იყო 53 194 [38%], ხოლო ქალი – 85 137 [62%]. COVID 19-ის შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში.

მსოფლიო მასშტაბით, ამ ეტაპზე სახეზეა SARS-CoV-2-ის სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირებისა და COVID 19-ით რამდენჯერმე დაავადების სურათი.

საანგარიშო პერიოდში აღრიცხული რეინფიცირების სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების 92% საქართველოში SARS-CoV-2-ის ომიკრონის ვარიანტების [უპირატესად BA 1, BA 2] გავრცელებას უკავშირდება.

ამავე თემაზე:

რეგიონებში ყველაზე მეტი მედმუშაკი იმერეთსა და აჭარაში დაინფიცირდა – კოვიდი 6 თვეში

როგორ შეცვალა 57 წლის ქალმა ქედის ერთ სოფელში თანასოფლელების ცხოვრება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ციური კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ შესახებ ინფორმაცია კარდაკარ კამპანიით მიიღო და გადაწყვიტა მეზობლებთან ერთად სოფელში სკვერი მოეწყო.

„სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის გართობის ერთადერთი საშუალება ინტერნეტი და მობილური თამაშებია. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში არაა გართობის საშუალება, გადავწყვიტეთ „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამით შეგვექმნა ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის, სივრცე სადაც ისინი თამაშს, გართობას და ერთმანეთთან უკეთეს კომუნიკაციას შეძლებდნენ. პროექტი სკვერის მოწყობაზე დავწერე, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სათამაშო და გასართობი ატრაქციონების მოწყობას, ასევე სოფელში მცხოვრები ადგილობრივებისთვის მოსასვენებელ, რეკრეაციულ სივრცეს“.

ციური კეკელიძე
ციური კეკელიძე

57 წლის ციური კეკელიძეს 2 შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს და იმედოვნებს, რომ გასართობ – შემეცნებითი სივრცე ახალ თაობას მნიშვნელოვნად წაადგება.

ციური კეკელიძის თქმით, რეკრეაციულ სივრცეში განთავსდება ძელსკამები და ფანჩატური, სადაც ადგილობრივები თავშეყრას შეძლებენ.

პროექტის განხორციელებისთვის ქედის მერიის ბიუჯეტიდან 24 100 ლარია გათვალისწინებული, სწორედ ამდენივე თანხა იყო გამოყოფილი სოფლისთვის. პროექტის ავტორი ამბობს, რომ სკვერი სოფლის ცენტრში განთავსდება.

„ სოფლის ცენტრში, შემოსასვლელი ადგილი ამჟამად ძალიან მოუწესრიგებელია. შემოსული სტუმრისთვისაც სივრცე არაესთეტიკურია. ამ პროექტით კი ტერიტორია სტუმრისა  თუ ტურისტისთვის გაცილებით მიმზიდველი გახდება“.

ციური კეკელიძის იდეამ არჩევნებზე 69 ხმა მიიღო და გაიმარჯვა. დიასახლისი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებას ადგილობრივები მხარს უჭერდნენ და საინფორმაციო კამპანია არ გასჭირვებია. მისი იდეის გარდა, კიდევ ოთხი იდეა იყო რეგისტრირებული. კონკურენტი პროექტები ითვალისწინებდა პრობლემურ მონაკვეთებზე მზა ბეტონის დაგებას, ფანჩატურის მშენებლობას, wifi მოდემის შეძენასა და მინისტადიონის მოწყობას.

„ძალიან მიხარია რომ ასეთი სოფლისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდება სოფელში. „მონაწილეობითი ბიუჯეტი“ საშუალებას გვაძლევს, ჩვენ ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით და  დემოკრატიულად გადავწყვიტოთ ჩვენს სოფელში განსახორციელებელი პროექტები. ეს მეტ სტიმულს გვაძლევს ადგილობრივებს, რომ ვაკეთოთ საზოგადოებისათვის საჭირო საქმეები და ჩვენ თვითონ ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი. როგორც ვიცი პროექტის განხორციელებამდე ჯერ პროექტი უნდა შედგეს და ამისთვის ტენდერი ცხადდება. ვაპირებ, რომ დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ჩავერთო. მინდა ზუსტად ისეთი პროექტი გაკეთდეს, როგორიც ჩვენ, ადგილობრივებს გვსურს“.

მონაწილეობითი ბიუჯეტით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 222 იდეა დარეგისტრირდა, მათგან არჩევნების ეტაპზე 205 იდეა გადავიდა. კენჭის ყრის შედეგად, რომელშიც 5000 მდე მოქალაქე მონაწილეობდა, 72 პროექტი დაფინანსდა.

სოფელ ჯალაბაშვილები
სოფელ ჯალაბაშვილები

„გამარჯვებულ პროექტებს შორისაა გარეგანათების მოწყობა, ბეტონის შეძენა, წისქვილების, სოფლის სახლებისა და ბილიკების რეაბილიტაცია, მოსაცდელების მშენებლობა, თხილის სარჩევი და სხვადასხვა სამეურნეო დანადგარების შეძენა. პროექტების ჯამური ღირებულება 1 427 400 ლარია. გარეგანათებებისა და ბეტონის საფარის მოწყობისთვის ტენდერები უკვე გამოვაცხადეთ. დანარჩენზე კი საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. როგორც კი პროექტები გვექნება მოხდება აღნიშნული სამუშაოების დაწყებაც. ვფიქრობ, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტის სამუშაოებს ნოემბრის დასაწყისშივე დავასრულებთ“, – ამბობს ქედის მერი, როლანდ ბერიძე.

„მონაწილეობითი ბიუჯეტით შესაძლებელია ისეთი პროექტები დაფინანსდეს, რომელიც სხვა პროგრამებით ვერ ფინანსდება, მაგალითად ასეთია სოფლისთვის ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდების შეძენა. ასევე თხილის სარჩევი და თამბაქოს საჭრელი დანადგარის შეძენა. მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო პირველივე წელს, ამიტომაც მოსახლეობის მაღალი ინტერესი საშუალებას გვაძლევს პროგრამის ბიუჯეტი გავზარდოთ და თანხას მომავალი წლისთვისაც დავამატებთ“.

სარეკლამო აბრა მხოლოდ რუსულად ბათუმის პარკის შესასვლელში

სარეკლამო აბრა რუსულ ენაზე ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში კომპანია „სინევოს“ აქვს განთავსებული, გამოსასვლელთან კი – მხოლოდ ინგლისურად. იმის მიუხედავად, რომ კანონი ითხოვს სარეკლამო ბანერზე ინფორმაცია აუცილებლად იყოს განთავსებული სახელმწიფო ენაზე, ანუ ქართულ ენაზეც, ბათუმის ცენტრში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან, ამ სამართალდარღვევაზე ბათუმის მერიამ რეაგირება დღეს, 4 აგვისტოს, მას შემდეგ მოახდინა, როცა ჩვენ მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას.

თუმცა რუსულენოვნი სარეკლამო აბრისთვის დღესაც ხელი არავის უხლია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აბრა ნებართვის გარეშეა განთავსებული და კომპანიას აბრის დემონტაჟი მოსთხოვეს. მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ „გონივრული ვადის“ გასვლის შემდეგ თავად მოხსნიან აბრას, თუკი კომპანია ამას არ გააკეთებს და დააჯარიმებენ.

ბათუმის ცენტრალური პარკი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. გამოდის, რომ მერია არ  იმჩნევდა უნებართვო, რუსულენოვანი აბრის განთავსებას ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში, სადაც ქართულ ენაზე საერთოდ არაფერი წერია.

სარეკლამო აბრებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ ცენტრალური პარკის შესასვლელთან და გამოსასვლელთან ნახა, ქართულად მხოლოდ კომპანიის სახელწოდებას წაიკითხავთ, რაც ლოგოს ნაწილია. კომპანიას სარეკლამო შეთავაზება მხოლოდ ორ ენაზე – რუსულად და ინგლისურად აქვს ორ სხვადასხვა ბანერზე.

„ბევრი ტურისტია ბათუმში… ეს არის ტურისტებისთვის დადებული, ხოლო საიტზე ქართულ ენაზეც გვაქვს ინფორმაცია, რუსულად და ინგლისურადაც,“ – გვითხრა კომპანია „სინევოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ნოზაძემ. მას შევახსენეთ, რომ კანონმდებლობით სარეკლამო აბრებზე ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა.

„ეს გამოგვიგზავნეს ცენტრალურიდან და ჩვენ მხოლოდ განვათავსეთ. მე ამ შენიშვნის შესახებ გადავცემ მათ და იქნებ გამოასწორონ,“ – აღნიშნა ნინო ნოზაძემ „ბათუმელებთან“.

ნინო ნოზაძე ამბობს, რომ მერიას ის დღეს არ გაუფრთხილებია და მუნიციპალური ინსპექციიდან მის ორგანიზაციაში შეტყობინება არ შესულა. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მას მერიის მისაღებში უთხრეს, რომ აბრის განთავსებას ნებართვა არ სჭირდებოდა.

„მე ვიყავი მერიაში ლუკა ასათიანზე და ორბელიანის ქუჩაზეც. მისაღებში მითხრეს, რომ ჩვენი ოფისის წინ არ გვჭირდებოდა ნებართვა, პარკის შესასვლელთანაც მითხრეს, რომ ძირს არ შემეძლო დამედგა, მაგრამ თუ იქვე მივამაგრებდი, არ იქნებოდა პრობლემა… არ ვიცი, ვის ვესაუბრე მერიაში,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნინო ნოზაძემ.

საია-ს იურისტის, თამარ წულუკიძის განმარტებით, სარეკლამო აბრა მხოლოდ უცხო ენაზე სამართალდარღვევაა და ამაზე რეაგირებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნდა ახდენდეს.

„თუ დადასტურდება სამართალდარღვევა,  კომპანია უნდა დაჯარიმდეს სანებართვო პირობების დარღვევის გამო 300 ლარით,“ – ამბობს იურისტი თამარ წულუკიძე.

შენიშვნა: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, უცხოენოვანი აბრები ბათუმის პარკის შესასვლელთან დღეს, 5 აგვისტოს ჩამოხსნეს.

დღეს, 12 აგვისტოს კი, „ბათუმელებს“ კომპანია „სინევოდან“ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ყველა უცხოენოვანი ბანერი გამოცვალეს და სარეკლამო ინფორმაცია ქართულ ენაზეც ექნებათ.

ოქროს ჯართის საქართველოდან გატანის მცდელობისთვის მოქალაქეს პატიმრობა ელის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“-ს გავლით, შეეცადა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351,74 ლარის საბაჟო ღირებულების 871,53 გრამი ოქროს ჯართი. “ – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 5 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 792 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 032 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 950 ერთეული [+4]
  • MLRS – 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 123 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 191 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 742 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+02]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 964 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 83 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 685 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 254 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 789 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 267 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 716 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პუტინის მილიარდერი მეგობარი ხერსონში ხიდის აღდგენაზე უარს ამბობს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, 2 კორპუსის ასაშენებლად 33 მილიონია გამოყოფილი

ბათუმში, „შანხაის დასახლებაში“, მერია ორ 8-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. კორპუსების მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 33 მილიონი ლარით გამოაცხადა.

ეგრეთ წოდებული „შანხაის დასახლება“ ბათუმში, რაფიელ ერისთავისა და ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩებს შორის მდებარეობს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და ხუთ დღეში, 5 სექტემბერს, დასრულდება. შესყიდვის სატენდერო თანხა 33 097 204 ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით, საცხოვრებელი კორპუსები 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა აშენდეს.

ახალი კორპუსები „შანხაის დასახლებაში“ / რენდერი პროექტიდან

ზოგიერთი მონაცემი პროექტიდან:

„საპროექტო ობიექტი განთავსებულია ბათუმში, ა. ჩხაიძის ქ. №7-ში; სანებართვო ფაქტობრივი ფართობი შეადგენს 11 900.0 კვმ-ს. დღეისათვის ნაკვეთზე განთავსებულია გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში აშენებული 1-3-სართულიანი ბარაკული ტიპის ნაგებობები.

ნაკვეთს ორი მხრით ემიჯნება საზოგადოებრივი სივრცე ერისთავისა და ჩხაიძის ქუჩის სახით, ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან ემიჯნება სამეზობლო საზღვარს. დასავლეთიდან ემიჯნება საბითუმო ბაზრის ნაკვეთი, ხოლო აღმოსავლეთიდან – კერძო მფლობელობის საცხოვრებელი სახლი.

ნაკვეთზე შენობათა განთავსების რეგულაციის წესის გათვალისწინებით მოეწყო ორი სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი „ა“ და „ბ“ კორპუსი.

დავალების თანახმად, განთავსების პრინციპი ასევე ითვალისწინებს შენობების რიგითობით მშენებლობას. „ა“ კორპუსის პირველ რიგში მშენებლობის დაწყების შემთხვევაში მინიზირებულია ასათვისებელი შენობების წილი, რაც იძლევა „ა“ კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ყველა მობინადრის ბინებით დაკმაყოფილებას და ბარაკების ერთიანად დაშლის შესაძლებლობას.

შენობები არის რვასართულიანი. პირველ სართულზე გათვალისწინებულია სავაჭრო-კომერციული დანიშნულების სივრცეები, ხოლო დანარჩენ შვიდ სართულზე მოეწყო ერთი, ორი, სამი და ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინები.

ავტომანქანით ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ჩხაიძის ქუჩის მხრიდან, ხოლო ფეხმავალი – ასევე ერისთავის ქუჩიდან. ეზოს აღმოსავლეთი მხრიდან მოეწყო უნივერსალური სპორტული მოედანი. „ა“ და „ბ“ კორპუსებს შორის ეზოში მოეწყო მცირე გამწვანებული სკვერი საბავშვო მოედნით.

კორპუსები მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირებზე და ითვალისწინებს ყველა სივრცეში გადადგილების შესაძლებლობას…“

„შანხაის დასახლება“ ბათუმში / საპროექტო ტერიტორია

„შანხაის“ დასახლებაში ამბობენ, რომ აქ  150-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„ნეტა, აქედან წავიდოდე“ – ადამიანები ბათუმის „შანხაიდან“

ვითარება დაძაბულია – ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები ისროლა

ჩინეთის არმია ტაივანის სრუტეში ექვს ლოკაციაზე ატარებს უპრეცედენტო საზღვაო და საჰაერო სამხედრო წვრთნებს საცეცხლე სისტემებიდან სროლით. ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით არაერთი რაკეტა გაუშვა.

ტაივანის თვითმმართველი კუნძულის თავდაცვის მინისტრმა, 4 აგვისტოს განაცხადა, რომ ტაივანმა გააქტიურა საფრენი აპარატები, რათა მისი თავდაცვის ზონაში, ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზს [ტაივანისა და ჩინეთის თავდაცვის ზონებს შორის არეალი] მიღმა გადმოსული 22 ჩინური საბრძოლო ვერტმფრენი გაეფრთხილებინა, რომ უკან დაეხიათ.

ასევე, ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, მათმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს ოთხი მფრინავი აპარატის, სავარაუდოდ, დრონებს მოსაგერიებლად, რომლებიც ტაივანის კუნძულების თავზე დაფრინავდა.

თვითმმართველმა კუნძულმა განაცხადა, რომ „ემზადება ომისთვის, თუმცა არ სურს ის“. ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინ-ვენმა მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ტაივანი არ მოახდენს კონფლიქტების პროვოცირებას, მაგრამ მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ჩვენ ვართ მშვიდი და არა იმპულსური, ჩვენ ვართ რაციონალური და არა პროვოკაციული, მაგრამ ჩვენ ასევე ვიქნებით მტკიცე და თავს არ ავარიდებთ“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.

იაპონიამ განაცხადა, რომ წვრთნების შედეგად მისი ექსკლუზიური სავაჭრო ზონის წყლებში 5 რაკეტა დააფიქსირა, რის გამოც შეშფოთება გამოხატა.

ჩინეთის არმიამ ტაივანის წყლებში საბრძოლო რაკეტების გასროლა დაადასტურა, როგორც დაგეგმილი საბრძოლო წვრთნების ნაწილი. როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია CCTV იუწყება, ჩინეთმა გააქტიურა ასზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები, ბომბდამშენები და ათი საბრძოლო ხომალდი.

ფოტო: პეკინის ქუჩაში ხალხი გადაადგილდება, საჯაროდ დამონტაჟებულ მონიტორზე კი გადასცემენ ჩინეთის მიერ ტაივანის მიმართულებით საბრძოლო რაკეტის გაშვება. 4 აგვისტო, 2022. ავტ: თომას პიტერი/ “როიტერსი”

ჩინეთის საბრძოლო წვრთნები, რომელიც ტაივანმა უკვე გამოაცხადა ბლოკადის ტოლფასად, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ამ ვიზიტს ჩინეთი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და მისი სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებდა. პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ღამით ეწვია და 3 აგვისტოს დატოვა.

4 აგვისტოს, „დიდი შვიდიანის“ წევრმა სახელმწიფოებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში განცხადება გაავრცელეს. მათ შეშფოთება გამოხატეს „ჩინეთის მუქარის შემცველ ქმედებებზე“ და წვრთნებს რეგიონში უსაფრთხოებისთვის „არასაჭირო რისკის შემცველი“ უწოდეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც საგარეო პოლიტიკაზე გავლენა არ აქვს და „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ კვლავაც უცვლელი რჩება.

ამ განცხადებას ჩინეთმა „სამარცხვინო“ და „თეთრისთვის შავის დარქმევა“ უწოდა.

ფოტო: CNN; ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო

„ტაივანის სრუტის გარშემო არსებული დაძაბულობის ფუნდამენტური მიზეზი არის აშშ-ი, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია ჩინეთის მკაცრ წინააღმდეგობასა და ოფიციალურ წარმომადგენლობას, ხელი შეუწყო შეერთებული შტატების მთავრობის ნომერ მესამე ოფიციალურ პირს ჩინეთის ტაივანის რეგიონში ჩასულიყო აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ისა და ტაივანს შორის დამოუკიდებელი ურთიერთობების აღმასვლაში, რაც ერთი ჩინეთის პრინციპის, ისევე როგორც ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული უგულებელყოფაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, 4 აგვისტოს.

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ 4 აგვისტოს, NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ „ძალიან, ძალიან ახლოს აკვირდება“ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის სიახლოვეს.

„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს… ეს შემაშფოთებელია. ეს შემაშფოთებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, რა თქმა უნდა, ტაივანის ხალხისთვის. ეს შემაშფოთებელია ჩვენი მოკავშირეებისთვის რეგიონში, განსაკუთრებით იაპონიისთვის“, განაცხადა კირბიმ შეკითხვის პასუხად – იყო თუ არა პროვოკაცია პელოსის ვიზიტი ტაივანში. კირბის თქმით, „პროვოკაციულად თავად ჩინეთი იქცევა“.

„აქ პროვოკატორი პეკინია. მათ არ უნდა ჰქონოდათ ასეთი რეაქცია იმაზე, რაც კონგრესის წევრების ტაივანში სრულიად ნორმალური მგზავრობაა… ჩინელები არიან ისინი, ვინც ამას ამწვავებენ“.

კირბიმ ასევე ხაზი გაუსვა წვრთნების გაანგარიშების რისკს და თქვა: „ერთ-ერთი პრობლემა, რაც მსგავს წვრთნებს ან რაკეტების გაშვებას ახლავს, არის გაანგარიშების რისკი, შეცდომის რისკი, რომელმაც რეალურად შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის კონფლიქტი“.

ჩინეთის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სამხედრო წვრთნები 7 აგვისტოს შუადღემდე გაგრძელდება.

_____________

ტაივანის თვითმმართველ კუნძულს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მშვიდობიანი გზით მის „სამშობლოსთან დაბრუნებას ისტორიულ მიზნად“ ასახელებს, თუმცა არც ძალისმიერ მეთოდებს გამორიცხავს, აუცილებლობის შემთხვევაში.

თავის მხრივ, ტაივანი თავს ჩინეთის რესპუბლიკად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აცხადებს. გაერო ჩინეთის რესპუბლიკას არ აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოდ. ტაივანის დამოუკიდებლობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, მათ შორის არ არის აშშ, დანარჩენი მსოფლიო კი „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ ხელმომწერია.

მას შემდეგ რაც 1949 წელს კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, ჩინეთის მთავრობა და ნაციონალისტური პარტია, მომხრეებთან ერთად, ტაივანში გაიქცა, სადაც ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა. ტაივანს [ჩინეთის რესპუბლიკას] ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აქვს  კონსტიტუცია და წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები. იგი არასდროს ყოფილა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ.

თავის მხრივ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კომუნისტური პარტიის მეთაურობით, თავის ისტორიულ მიზნად მიიჩნევს, ტაივანის დაბრუნებას, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდებით.

_____________

ამავე თემაზე: 

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთისა და ტაივანის დაპირისპირებაზე – მოკლედ

 

ქედაში ძენწმანის მეჩეთს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

ქედის სოფელ ძენწმანში ხის მეჩეთის [ჯამეს] რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 188 ათასი ლარით გამოაცხადა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ტენდერში გამარჯვებულმა მეჩეთზე სამუშაოები უნდა განახორციელოს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს თან.

ძენწმანის მეჩეთის ინტერიერი / წყარო: ტენდერი

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს დასრულდება.

მეჩეთის რეაბილიტაცია 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

პირობის მიხედვით: „განხორციელებულ სამუშაოებზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდი 10 წელი. საგარანტიო პერიოდის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან“.

რეგიონებში ყველაზე მეტი მედმუშაკი იმერეთსა და აჭარაში დაინფიცირდა – კოვიდი 6 თვეში

NCDC-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2020-2022 წლების პერიოდში, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში კოვიდით ინფიცირების 65 301 შემთხვევა დაფიქსირდა.

მედპერსონალის COVID 19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი (%) დაფიქსირდა თბილისში (34 850), იმერეთისა (8 538) და აჭარის (5 477) რეგიონებში.

2022 წლის 6 თვის განმავლობაში, რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან ყველაზე მეტი – 3 395 იმერეთში დაინფიცირდა, ინფიცირებული მედმუშაკების მაჩვენებლით შემდეგია აჭარის რეგიონი, სადაც 2 058 პერსონალი დაინფიცირდა.

2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში COVID 19-ით ინფიცირებულთა წილი 49.7%-ია, მათ შორის ექიმებში დაინფიცირებულთა წილი 42% იყო, ექთნებსა და სანიტრებში – 53%-53%, არასამედიცინო პერსონალში კი 28%.

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა COVID 19- ით განპირობებული გარდაცვალების 153 შემთხვევა. აქედან 92 ქალი იყო, 61 კი – კაცი.

2020-2022 წლებში სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში ინფიცირებულების 80% 30-70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.

„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ

„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს.

ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის საცხოვრებელი ბინა ზღვისპირა ზოლში, „ორბის“ ახალი მშენებლობის შედეგად.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა უკვე პერმანენტულად აპროტესტებს კომპანია „ორბის“ მშენებლობას. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ აქ ნებართვის გარეშე დაიწყო მშენებლობა, მოსახლეობამ ეს გააპროტესტა, ხოლო მერიამ „ორბის“ მშენებლობა შეაჩერა და დააჯარიმა კიდეც.

ვრცლად ამ თემაზე, მათ შორის, კომპანია „ორბის“ განმარტება, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამჯერად აქციის მონაწილეები ითხოვენ კვალიფიციური და სანდო სპეციალისტის ჩართვას პროცესში, ვინც ტოპოგრაფიულ მონაცემს აიღებს „ორბის“ მშენებარე და სადავო ობიექტის შიგნით და გარეთ.

„ეს მონაცემი შეადარონ შემდეგ იმ პარამეტრებს, რაც 2014 წლის არქიტექტურულ პროექტშია მოცემული. ჩვენს ამ მოთხოვნას მუნიციპალურ ინსპექციაში საერთოდ არ უპასუხეს,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც პროფესიით იურისტია და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მუნიციპალური ინსპექცია, გარდა იმისა, რომ უარს ამბობს ტოპოგრაფიული წესით შენობის შემოწმებაზე, კომპანიას მკაფიოდ არ სთხოვს, დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორებას.

„ის, რაც აშენებეულია, მნიშვნელოვნად სცდება იმ პარამეტრებს, რაც თავდაპირველ [2014 წლის] არქიტექტურულ პროექტშია მოცემული… პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის დავალდებულებაც ზოგადად არის მითითებული და ბუნდოვნად, დიაფრაგმაზეა საუბარი და არაა განმარტებული კონკრეტულად. ამ საქმეში შავით თეთრზე იკვეთება, რომ მერია და მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებენ ბიზნესთან ერთად. პირველ რიგში, ამ დროს, რაც გაფიქრდება, არის კორუფცია,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

აქციის მონაწილეებმა უკვე მიმართეს სასამართლოს, თუმცა მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი თქვა არსებითი განხილვის დასრულებამდე „ორბის“ მშენებლობის შეჩერებაზე. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები აპირებენ, შემდეგი აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართონ.

„გვესმის, რომ ეს არაა თორნიკე რიჟვაძის კომპეტენციის საკითხი, მაგრამ გვახსოვს მისი განცხადება უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე, როცა ეს აზარალებდა სხვა ადამიანების ინტერესებს. ჩვენ ვეტყვით თორნიკე რიჟვაძეს, რომ იყოს თანმიმდევრული და ის არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს იმის მიხედვით, თუ ვინაა მშენებელი კომპანია,“ – დასძინა მირზა მამულაძემ „ბათუმელებთან“.

მირზა მამულაძე თორნიკე რიჟვაძეს ამ შემთხვევას ახსენებს: არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

ამ თემაზე:

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

ნარჩენების მართვა და ამ კუთხით მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება

ავტორი: თამარ ნინიძე

დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის პარალელურად იზრდება ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები. დღესდღეობით, მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა.

შეგვიძლია გამოვყოთ ის ნაწილი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის საერთოა და ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ კონკრეტული რეგიონის თუ ტერიტორიისათვის. ამ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად წამყვანი ქვეყნები მუდმივად ახალი ტექნოლოგიების შემოთავაზებას ცდილობენ.

აღსანიშნავია 3R-ის ინიციატივა, რომელიც იაპონიაში ჯერ კიდევ ოფიციალურად 2005 წელს გავრცელდა. ტერმინი -3R შესაბამისი 3 ქმედების აბრივიატურაა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce (შემცირება), Reuse (ხელახალი გამოყენება), Recycle (რეციკლირება ანუ გადამუშავება).

საქართველო ორიენტირებულია ევროკავშირის საერთო ეკონომიკურ გარემოში ინტეგრაციაზე, რაც შეუძლებელია მისთვის ევროკავშირში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და შესაბამისი კონვენციების პრინციპების დაცვის გარეშე. ამიტომ აქტუალურია და დიდი პრობლემაა ნარჩენების მართვის ისეთი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული სისტემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნებს, მიმართული იქნება, როგორც ნარჩენების მართვის საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებაზე, ასევე შემდეგ პროცესებზე:

ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება,  სეპარირება, რეციკლირება, უტილიზაცია, ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება, რისკების შეფასება და მართვა, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ორგანიზაციების ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსის შემუშავებაზე.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით უმთავრესი პრობლემაა, მოსახლეობამ გაითავისოს, რომ საწყის ეტაპზევე დაასეპარიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და განათავსოს სწორ ადგილას.

ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეციკლირებისათვის.

ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა. თანამედროვე მიდგომამ მოიტანა კიდევ ერთი მეოთხე ეტაპი – შეცვლა (Replace), რომელიც გვთავაზობს შევცვალოთ პლასტმასის ბოთლი მინის ბოთლით, პოლიეთილენის პარკები ქაღალდით და სხვა.

ეს ოთხივე ეტაპი მოითხოვს ადამიანების თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც ჩვენ შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ.

პრობლემიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამეტარებინა საქართველოს მოსახლეობაში გამოკითხვა (კვლევა)  ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პირველ რიგში გავესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და მუშაობენ ნარჩენების მართვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ ინტერვიუ ჩავწერე ქალაქ ბათუმის სანდასუფთავების ეკონომისტთან ბატონ გოჩა ვარშალომიძესთან და ქალაქ თბილისის „თბილსერვისის“ იურისტთან – დავით ჩანქსელიანთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ეხებოდა არსებულ პრობლემას, მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს:

[checklist]

  • ბაღებსა და სკოლებში გაკვეთილები

[/checklist]

ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ სწავლება ნარჩენების სეპარაციასთან დაკავშირებით. ამერიკაში, კალიფორნიაში საბავშვო ბაღების პროგრამაში ჩასმული აქვთ ნარჩენების სეპარირების სწავლება. იქ ბავშვებს აჭმევენ სპეციალური შეფუთვებით მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერებით. საჭმლის მიღების შემდეგ ბავშვები თავად ახარისხებენ ნარჩენებს.

სკოლებში უნდა ჩატარდეს გაკვეთილები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.  ბავშვები სწავლობენ სამოქალაქო განათლებას, შესაძლოა ამ საგნის ერთი გაკვეთილი დაეთმოს ნარჩენების სეპარირებაზე ინფორმაციის მიღებას და სკოლებში მოეწყოს გარემოსდაცვითი  გასვლითი ღონისძიება.

[checklist]

  • სოციალური მედიის საშუალებით ნარჩენების მართვის სარგებლიანობაზე ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის

[/checklist]

ერთ-ერთი გზა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით არის სტენდები. აუცილებელია ისინი დაიდგას ხალხმრავალ ადგილებში: უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ტურისტულ ზონებთან, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობა. ასევე საჭიროა სოციალური მედიის საშუალებით მუდმივად ინფორმაციის მიწოდება.

[checklist]

  • მოსახლეობის დაინტერესება ფინანსურად

[/checklist]

ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგის საფუძველზე მიღებული მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მატერიალური დაინტერესება, კერძოდ, სეპარირებული ნარჩენების სანაცვლოდ დასუფთავების  მოსაკრებლის ტარიფის შემცირება.

[checklist]

  • „კარდაკარ“-ის პრინციპი

[/checklist]

შვედეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გამოცდილებით,  დასუფთავების კომპანიებმა, სამსახურებმა და მუნიციპალიტეტმა  მოახერხეს გადასვლა სეპარირებულ შეგროვებაზე „კარდაკარის“ პრინციპით. ოჯახებში მივიდნენ, ყველა კარზე დააკაკუნეს, მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო სეპარირებული ნაგვის ურნების მოხმარების წესები.  გარდამტეხი გზა აღმოჩნდა შვედეთისთვის „კარდაკარის“ პრინციპი.

რაც შეეხება ონლაინ გამოკითხვის შედეგებს. წარმოგიდგენთ რესპონდენტების პასუხებს და მოსაზრებებს თუ რა ღონისძიებებით უნდა ამაღლდეს მოსახლეობაში ცნობადობა ნარჩენების მართვის კუთხით.

[checklist]

  • სასურველია ნაგვის გადამუშავება იქცეს ბიზნესად. კომპანიებმა მოსახლეობას შესთავაზონ თანხა სეპარირებული ნარჩენის სანაცვლოდ;
  • მნიშვნელოვანი ხერხია განცალკევებული ურნები (შუშა, პეტი, ქაღალდი) ინსტრუქციებით;
  • მოსახლეობის წახალისების მიზნით სამოტივაციო პროექტები;
  • მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მედია საშუალებებით: სატელევიზიო რეკლამები, სხვადასხვა შოუებში ნარჩენების დახარისხებაზე პრეზენტაციები, რადიოთი მოსახლეობისთვის სხვა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სოციალურ გვერდებზე რეკლამები, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება უბნებში, საჯარო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, ახსნა თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების დახარისხება, რა დიდ ზიანს აყენებს ნარჩენები დედამიწას და მათი შემცირება რამდენად მნიშვნელოვანია. პოსტერების განთავსება ქუჩებში, სტატიები ჟურნალ-გაზეთებში დეტალური ინფორმაცია თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ნარჩენების მეორადმა გადამუშავებამ;
  • გადამუშავებული ნარჩენებისაგან დამზადებული პროდუქტების ჩვენება, სხვადასხვა უბნებში ნარჩენებისაგან დამზადებული საგნების კონკურსის მოწყობა;
  • ნარჩენების შეგროვება-დახარისხებასთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებშიც თავად მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას;

[/checklist]

ამრიგად, რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ის ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც ავამაღლებთ ცნობადობას ნარჩენების მართვის პროცესთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ბაღის ასაკიდან ბავშვების მიჩვევა, რომ დაახარისხონ ნარჩენი, საჭიროა წამახალისებელი აქტივობები, იმისათვის, რომ გავზარდოთ მოტივაცია. აუცილებელია უბნებში მეტი განცალკევებული ურნის განთავსება და სტენდები სადაც მითითებული იქნება ინსტრუქცია თუ რომელ ურნაში მოათავსონ კონკრეტული ნარჩენი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ რთული პროცესის (ნარჩენების მართვა) წარმატებულ განხორციელებაში მაქსიმალურად იყოს ჩართული როგორც ქვეყნის მთავრობა ასევე მოსახლეობა. ჩამოთვლილი ყველა ღონისძიებებისა და აქტივობების გავლენით შევძლებთ გადავჭრათ თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემა – ნარჩენების მართვა და დროთა განმავლობაში მოსახლეობას ნარჩენების დახარისხება ჩვევად გადაექცევა.

 

მთავარი ფოტო: თამარ ნინიძე, GAU-ს დოქტორანტი

ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს

იანა სკროცკაიას საქმრო 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის სამხედროა. 17 მაისამდე ის „აზოვსტალში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი ტყვეობაში მოხვდა. იანა, სხვა სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებთან ერთად, ახლა თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, ტყვეები ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიყვანოს.

ოლენოვკაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ტყვეების ნათესავებმა „უკრაინის საზღვაო ქვეითთა მხარდაჭერის შტაბი“ შექმნეს. იანა ამ შტაბის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ წითელი ჯვრის საქმიანობით იმედგაცრუებულია და ახლა სხვა ქვეყნების თანაგრძნობის იმედი აქვს.

„ვხედავთ, რომ გარანტიები არ არსებობს, ოლენოვკაში მომხდარმა დაგვარწმუნა, რომ იქ ვერავინ ვერაფერს ვერ აკონტროლებს და არავინ არანაირ შეთანხმებას არ ასრულებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან“, – ამბობს იანა.

ის ტყვეობიდან დაბრუნებულთა მონაყოლს იხსენებს იმის შესახებ, თუ რა პირობებში არიან უკრაინელები ოლენოვკაში – 10 ადამიანი 2-კაციან საკანში, მცირე საკვები და წყალი, არასათანადო მოპყრობა.

ამ პირობებს ტყვეების ნათესავები ჟენევის კონვენციის დარღვევად აფასებენ და სწორედ ამ არგუმენტით ითხოვენ მათ ნეიტრალურ ქვეყანაში გადაყვანას. პეტიციაში ისინი ამ თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავენ.

„თურქეთი მზად იყო „აზოვსტალის“ მთელი გარნიზონის ევაკუაციისთვის. მათ აქვთ რესურსი და შესაძლებლობა. ამიტომაც მივმართავთ თურქეთს, რომ მან მიიღოს უკრაინელი სამხედრო ტყვეები,“ – ამბობს იანა.

ის ხაზს უსვამს, რომ ბევრ ტყვეს კიდურები არ აქვს, ზოგს ტყვია ჯერ კიდევ სხეულში აქვს ჩარჩენილი, თუ მათ დროულად არ ჩაუტარდებათ ოპერაცია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები ერდოღანს მიმართავენ

პეტიციას, რომელსაც 15 ათასი ხმა სჭირდება, უკვე 11 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მთავარი ფოტო: უკრაინელი ტყვეების ნათესავების აქცია/ფოტო: informator.ua

Exit mobile version