რუსეთის შეიარაღება ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს – პუტინი ფორუმზე 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა პოდმოსკოვიეში გამართულ ფორუმზე – „არმია 2022“, სადაც რუსეთის „საუკეთესო შეიარაღებაზე“ „ბევრ პარტნიორზე“ და „უკრაინაში რუსეთის არმიის წარმატებებზე“ ისაუბრა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის და მშვიდობისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზუსტად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის გამოსვლის დეტალებს ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო მედია, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში შემდეგ მთავარ აქცენტებს გამოყოფს და ეს აქცენტები ძირითადად რუსეთის არმიის „სიდიადეს“ უკავშირდება:

  • რუსი ხალხი ამაყობს თავისი არმიითა და ფლოტით;
  • რუსეთის ფედერაციისა და დონბასის მებრძოლები ღირსებულად ასრულებენ თავის მოვალეობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში;
  • რუსეთს ბევრი მოკავშირე და თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებიც თავს არ უხრიან ე.წ. ჰეგემონიას;
  • რუსეთი მზადაა, თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შესთავაზოს სხვადასხვა შეიარაღება, ჯავშანტექნიკა, ავიაცია, არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები;
  • რუსეთის შეიარაღება წლებითა და ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს და მნიშვნელოვნად აღემატება მათ;
  • უცხოელ სამხედროებს რუსეთის ფედერაციაში გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დიდი პერსპექტივა აქვთ;
  • აუცილებელია მკაცრი პასუხი გაეცეს ისტორიის გაყალბებას, ნეონაციზმს, რუსოფობიასა და რასიზმს.

______

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინის დედაქალაქის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფრონტის ხაზმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში გადაინაცვლა. ომის მეექვსე თვეს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში 43 800 სამხედროა.

მთავარი ფოტო: ვლადიმერ პუტინი ფორუმზე გამოსვლისას/ფოტო: kremlin.ru

რუსმა სამხედრომ ჟურნალისტს უამბო, როგორ დახოცეს უკრაინელები ანდრეევკაში

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იმ რუსი სამხედროების ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ დღეებში კიევის ოლქის სოფელ ანდრეევკაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა სამხედრომ ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივი მოქალაქის მკვლელობაც აღიარა.

Важные истории-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ანდრეევკაში რუსეთის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა იდგა.

სამხედროების იდენტიფიცირება იმ ტელეფონის დახმარებით მოხერხდა, რომელიც მათ ადგილობრივ მცხოვრებს წაართვეს. ტელეფონი ჯარისკაცებმა სოფლიდან გასვლის შემდეგ დატოვეს, თუმცა მასში ფოტოებიც დარჩა – როგორ პოზირებდა ოთხი სამხედრო ავტომატებითა და მოპარული მედლებით.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ისინი იყვნენ 64-ე მოტორმსროლელი ბრიგადის სამხედროები: დანიილ ფროლკინი, დიმიტრი დანილოვი, რუსლან გლოტოვი და ივან შეპელენკო.

ამ ფოტოებში ანდრეევკის მცხოვრებლებმაც ამოიცნეს სამხედროები, რომლებიც მათ სახლებს ძარცვავდნენ და მათ თანასოფლელებს ესროდნენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დასახლებულ პუნქტში შესვლის შემდეგ რუსი სამხედროები სახლებში დადიოდნენ, გაჰქონდათ პირადი ნივთები, პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტყვედ აჰყავდათ კაცები, რომლებსაც შემდეგ ხელებშეკრულებსა და დახვრეტილებს პოულობდნენ.

სასაფლაო ანდრეევკაში, სადაც ოკუპაციის დროს დახოცილი მოქალაქეები დაკრძალეს

რუს ჟურნალისტებთან ლაპარაკს ოთხი სამხედროდან ორი დათანხმდა – დანილოვი და ფროლკინი.

დანილოვი იხსნებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები ჯერ კიდევ იანვარში გაგზავნეს „წვრთნებზე“ ბელარუსში:

„გვითხრეს, რომ სამი დღით მათ შესაშინებლად წავიდოდით. სპეცოპერაცია დაიწყება, ლუგანსკსა და დონეცკს აღიარებენ სახალხო რესპუბლიკებად, შეიყვანენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და თქვენ მალე გამოხვალთო“.

დიმიტრი დანილოვი ჟურნალისტებს უყვება, რომ მაროდიორობდა და სოფლის მცხოვრებლებს ძარცვავდა, რადგან ჯარისკაცებს მხოლოდ სამი დღის მარაგი მისცეს. დანილოვი ამტკიცებს, რომ მას მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ჟურნალისტები ორჯერ ელაპარაკნენ მეორე სამხედროს, დანიილ ფროლკინს. პირველი ინტერვიუს დროს ის ვინმეს მკვლელობას უარყოფდა, თუმცა ინტერვიუდან რამდენიმე საათის შემდეგ ჟურნალისტებს მესინჯერით დაკავშირება და საუბრის ჩაწერა სთხოვა.

„მე, 51460 სამხედრო ნაწილის მოსამსახურე, გვარდიის ეფრეიტორი, დანიილ ადნრეევიჩ ფროლკინი, ვაღიარებ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ანდრეევკაში ჩავიდინე, სამოქალაქო პირების დახვრეტას, მოსახლეობის ძარცვას, მათთვის ტელეფონების წართმევას და ასევე იმას, რომ ჩვენს მეთაურობას ყ***ზე ჰკიდია ჩვენი მებრძოლები, მთელი ქვეითი ჯარი, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის,“ – უთხრა ფროლკინმა ჟურნალისტებს.

ის იხსენებს, რომ მარტში მეთაურებმა ის და კიდევ რამდენიმე რიგითი ანდრეევკის სამი მცხოვრების სახლების გასაჩხრეკად წაიყვანეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახვრიტა ფროლკინმა.

„პოდპოლკოვნიკმა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ალექსანდ პროკურატმა, ფული თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი, დოკუმენტები და ტელეფონები ჩვენ მოგვცა და გვითხრა ისინი დაგვეხვრიტა. მეც ავდექი და ერთს ვერსროლე,“ – ჰყვება დანიილ ფროლკინი.

„იმ დეტალების მიხედვით, რასაც ფროლკინი ჰყვება, ლაპარაკია 12 მარტს ვადიმ განიუკის, ვიტალი კიბუკევიჩისა და რუსლან იარემჩუკის მკვლელობაზე. დანიილმა სავარაუდოდ რუსლან იარემჩუკს ესროლა, თუმცა მოკლული ფოტოზე ვერ იცნო, ამბობს, რომ შესაძლოა შოკის გამო ბევრი რამ დაავიწყდა. მოგვიანებით დანიილმა მოკლული იარემჩუკის ფოტო აჩვენა თავის თანამებრძოლს, რომელიც ჩხრეკისას იქ იმყოფებოდა და მან დაუდასტურა, რომ ფროლკინმა სწორედ ამ კაცს ესროლა,“ – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ფროლკინმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ საბოლოოდ ვერ გაიგო, რატომ და რისთვის იბრძოდა.

რუსლან იარემჩუკი/ფოტო: ოჯახის არქივიდან

სოფელი ანდრეევკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აპრილში გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ოკუპაციის განმავლობაში იქ 13 ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა იმყოფბოდა ბუჩაშიც, სადაც რუსმა სამხედროებმა მასობრივად აწამეს და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები.

რუსი სამხედროები ანდრეევკაში, ფოტო ტელეფონიდან/სააგენტო: Unian

მთავარი ფოტო: რუსი სამხედროები, რომელთა ვინაობაც ჟურნალისტებმა დაადგინეს/ფოტო: Важные истории

მოკლულია „ვაგნერის“ 100-ზე მეტი წევრი – სერგეი გაიდაი დაჯგუფების შტაბზე თავდასხმაზე

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პოპასნაში „ვაგნერის“ ბაზაზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად სამხედრო დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრია ლიკვიდირებული, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, სერგეი პრიგოჟინის მოადგილეები.

ტელემარათონის ეთერში სერგეი გაიდაიმ უარყო ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის თავად ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიცაა.

„სამწუხაროდ, „პუტინის მზარეულთან“ დაკავშირებით სასიხარულო ამბავი არ არის, თუმცა მისი მოადგილეები და დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრია ლიკვიდირებული“, – განაცხადა გაიდაიმ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ვაგნერის“ შტაბს ოკუპირებულ პოპასნაში 14 აგვისტოს დაარტყეს.

თავდასხმის შესახებ პირველი ინფორმაცია ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ გაავრცელა.

„სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შტაბი „ჰაიმარსის“ ზუსტმა დარტყმამ გაანადგურა. „ვაგნერელების“ დისლოკაციის ადგილი გაამჟღავნა რუსმა სამხედრო კორესპონდენტ-დეგენერატმა, რომელმაც თავის ტელეგრამ არხზე ფოტოები გამოაქვეყნა,“ – დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქზე.

8 აგვისტოს რუსი სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები და პოსტი, რომლის თანახმადაც ის “ვაგნერის” ერთ-ერთ დანაყოფს სტუმრობდა.

სრედას ფოტოებზე შენობის მისამართიც ჩანდა – მირონოვსკაიას #12. გამოცემა “უკრაინაისკა პრავდას” ცნობით, მოგვიანებით ჟურნალისტმა პოსტი წაშალა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ მისამართი თავად “ვაგნერის”თანხმობით გაამხილა.

ვაგნერელები პოპასნას შტაბის წინ /ფოტო: სერგეი სრედას ტელეგრამარხიდან. უკრაინამ სწორედ ამ ფოტოს გამოქვეყნების შედეგად დაადგინა „ვაგნერის“ დანაყოფის ადგილსამყოფელი.

მთავარი ფოტო: ვაგნერელების შტაბი პოპასნაში, რომელსაც ჯერ კიდევ კვამლი ასდის

სიცხის გამო მთაში ტყის ხანძრის გაჩენის საფრთხე იზრდება

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურისა ( 34C – 39C) და უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

ტყის ხანძართან დაკავშირებული შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს:

„არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

მთიან რეგიონებში დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.

აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში აჭარის რეგიონში საგანგაშოდ მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელი არ არის.

ქობულეთში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 15 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში, 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მოზარდი ქობულეთში ქუთაისიდან იყო ჩასული. შემთხვევა დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა.

დღეს ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალული არ არის.

გომისმთაზე მიწების თაღლითურად დაუფლების 5 ფაქტი გამოავლინეს

გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ 5 ფაქტი გამოავლინეს – იუწყება პორკურატურა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

სასამართლოს განაჩენით, სახელმწიფოს სასარგებლოდ მსჯავრდებულებს  თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ.

პროკურატურის ცნობით, დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე მსჯავრდებულია 28 პირი და სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.

ომის კვლევის ინსტიტუტი ფრონტზე რუსეთის ძირითად მიმართულებებს ასახელებს

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ასახელებს რუსული არმიის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც ახლა ყველაზე აქტიური ბრძოლები მიდის.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ბრძოლები გრძელდება შემდეგ მიმართულებებზე: ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იზიუმ-სლოვიანსკის ხაზზე; სივერსკ-ლისიჩანსკის რაიონი; ბახმუტი; ავდეევკა-დონეცკის რაიონი და უკრაინის სამხრეთი.

ISW-ის ცნობით, ძალთა ასეთი გადანაწილება მიუთითებს, რომ კრემლი თავისი ჯარებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს ბახმუტს და სავარაუდოდ სივერსკამდე ტერიტორიას, ავდეევკის მიმართულებაზე კი აქტიურად იყენებს ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ძალებს და ცდილობს მათი დახმარებით დაიკავოს ტერიტორიები, რომელთა დაპყრობაც 2014 წელს ვერ შეძლო.

„იზიუმისა და სლოვიანკის გარშემო მოხალისეთა ბატალიონების მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ყურადღების ცენტრში არ არის და შესაძლოა, ძალიან დაუცველი აღმოჩნდეს უკრაინელთა კონტრშეტევების წინააღმდეგ,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევები რუსეთის სარდლობას სერიოზულ სირთულეებს უქმნის.

ავარია ჩაქვის გვირაბში – დაშავდა 3 ადამიანი

დღეს, 15 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის შემოსასვლელში, ჩაქვის გვირაბში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ორი დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, ხოლო ერთი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ბათუმის შემოსასვლელში, მათ შორის, გვირაბშიც საცობია, სადაც ადამიანებს დიდი ხნით უწევთ დგომა.

„ზღვა გასწავლის თავისუფლებას” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

19 აგვისტოს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გამოფენა გაიმართება სახელწოდებით – „ზღვა გასწავლის თავისუფლებას”.

გამოფენის დამთვალიერებელი ნახავს ანი გემაზაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, ლიზი აფაქიძისა და ანა დედაბრიშვილის ნამუშევრებს.

„მოისმენთ ვიდეოარტს, რომელიც მედიტაციურ განწყობაზე დაგაყენებთ. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა კი ისევ და ისევ ზღვის ხმას გაგახსენებთ,“ – ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში.

გამოფენა 19 აგვისტოს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიხსნება და 21 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.

რატომ არ ააფეთქებენ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ექსპერტის მოსაზრება

რუსებმა იდეალური ინსტრუმენტი იპოვეს შანტაჟისთვის, რადგან ესმით, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეუძლიათ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება კი, თავად რუსეთისთვისაც დამღუპველი იქნება – ამის შესახებ 24-ე არხის ეთერში სამხედრო-პოლიტიკურმა მიმომხილველმა ალექსანდრ კოვალენკომ განაცხადა.

კოვალენკოს აზრით, რუსეთის მოქმედებები და ატომური სადგურის აფეთქების მუქარა ჰგავს პოკერის ცუდი მოთამაშის ქცევას, რომელიც სხვების მოტყუებას ცდილობს.

„რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს არ ააფეთქებენ? იმიტომ, რომ დღეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავმოყრილია რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები,“ – აღნიშნავს ალექსანდრ კოვალენკო. – „იქ ახლა კონცენტრირებულია მათი მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ბატალინოების დიდი ნაწილი. თუ ისინი ზაპოროჟიეს სადგურს ააფეთქებენ, რა შედეგს მიიღებენ?“

კოვალენკოს აზრით, თუ ასეთი რამ მოხდება, რუსეთი თავისი ხელით გაანადგურებს თავისივე არმიას, რაც მოსკოვს ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც მათი განცხადებები უბრალოდ ბლეფია.

ექსპერტის თქმით, რუსეთი ამით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაზე და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, „მოსკოვის მიზანია, თვითონ უკარნახოს ყველას მოლაპარაკების პირობები“.

„მოსკოვი ამ შანტაჟით ცდილობს შეაშინოს საერთაშორისო საზოგადოება. ეს ყველას კარგად ესმის. ისევე, როგორც ის, რომ რუსები არ ააფეთქებენ არც ჩერნობილის სადგურს; ისიც, რომ მუქარის მიუხედავად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ჩემი აზრით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თემა ახლა არის ძალიან ცუდი ბლეფით შეფუთული საფრთხობელა,“ – ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.

The New York Times-ის ცნობით, ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებებისა და სროლების გამო, ახლოს მდებარე დასახლებებსა და მეზობელ ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს.

როგორც ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი გამოცემას ეუბნება, ომის ხუთი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურის სულ მცირე 100 თანამშრომელი აწამეს. მისი თქმით, ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყოველდღიურად უარესდება. ბოლო კვირაში კი განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გარშემო დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაციას ცდილობს.

11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რის შემდეგაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

ზაპოროჟიეს სადგურზე საექსპერტო მისიის გაგზავნაზე ისაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს ამ მისიას, თუკი სააგენტოს ექსპერტებთან ორივე მხარე ითანამშრომლებს.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ, უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

„ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.

____

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დატოვებისკენ მოუწოდებს

ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანიამ 5 მილიონამდე ლარი მიიღო ბიუჯეტიდან – TI-ის კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიების საქმიანობასა და მილიობით ლარის სარგებლის სახით მიღებაზე ახალ კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო სამსახურები უნდა დაინტერესდნენ  ხელშეკრულებებით,  რომლებიც  ხულოს მუნიციპალიტეტმა ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია „როდასთან“ გაცილებით დიდ თანხაზე გააფორმა, ვიდრე თავად კომპანია სთავაზობდა.

„ამგვარი პრაქტიკა და შემთხვევათა სიხშირე გვაეჭვებს ე.წ. უკუგორების კორუფციული სქემის არსებობაზე“ – წერს „გამჭვირვალობა“. 

კვლევის თანახმად, შპს „როდამ“ დაფუძნებიდან – 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 5 მილიონამდე ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი, 2 მილიონ 611 087 ლარი გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.

101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ ორჯერაა შემსყიდველი წალკის მუნიციპალიტეტი.

მხოლოდ წელს, პირველ აგვისტომდე, შპს „როდამ“ მიიღო 1 მილიონ 73 ათას 537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.

„როდა“ ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, ავთანდილ ბოლქვაძის შვილის, დავით ბოლქვაძის კომპანიაა. დავით ბოლქვაძე კომპანიის დაფუძნების დღიდან – 2013 წლის 16 მაისიდან ფლობს 100% წილს და მისი დირექტორია.

გამოუცდელმა კომპანიამ 117 610 ლარის ღირებულების პირველი სახელმწიფო შესყიდვა რეგისტრაციიდან 2 კვირაში, 2013 წლის 29 მაისს, აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისგან მიიღო. ასეთივე დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გაიმარჯვა „როდამ“ ამავე დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ მეორე, მრავალათასიან შესყიდვაში.

„როდამ“  სულ ამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 7 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამურად 510 173 ლარი მიიღო. ამ პერიოდში დეპარტამენტის ლოჯისტიკა-ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრი ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე იყო. დღეს როლანდ ბოლქვაძე აჭარის  საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა და ისევ არის დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ  ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში შპს „როდას“ მონაწილეობა კორუფციულ რისკებს წარმოაჩენს.

კომპანიამ მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში 52-ჯერ გაიმარჯვა, მათ შორის, 14 შემთხვევაში – უკონკურენტოდ და 4-ჯერ – კონკურენტების დისკვალიფიკაციით. ხულოს მუნიციპალიტეტმა „როდას“ 31-ჯერ ხელშეკრულება იმაზე მეტ თანხაზე გაუფორმა, ვიდრე კომპანიამ თავიდან შესთავაზა.

„როდას“ გაზრდილი ფასით ხელშეკრულებას უფორმებენ მაშინაც, როცა ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე დაბალი ფასით და მაშინაც, როცა „როდას“ კონკურენტი კომპანია შემსყიდველს მეტოქეზე დაბალ ფასს სთავაზობს, თუმცა საბოლოოდ დისკვალიფიცირდება, „როდასთან” კი ხელშეკრულებას რამდენიმე ათასი ლარით გაზრდილ თანხაზე აფორმებენ.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობა თანხებს შორის დიდი მოცულობის არ არის, შემთხვევათა რაოდენობა და ერთნაირი მიდგომა ეჭვებს იწვევს მუნიციპალური საბიუჯეტო თანხის სახელმწიფო შესყიდვების გზით „უკუგორებასთან” დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის ოქმებში არ ასაბუთებენ, თუ რატომ უფორმებენ „როდას” ხელშეკრულებებს არათუ მის მიერ შეთავაზებულ ფასად, არამედ ტენდერების სავარაუდო ღირებულებაზე ძვირადაც.

  • „როდას“ კავშირები ანზორ ბოლქვაძის სხვა ბიზნესმენ ნათესავებთან

კომპანია „როდა“ უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვა სამეწარმეო ჯგუფს, რომელიც ასევე ანზორ ბოლქვაძის ნათესავებმა შექმნეს: აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცხადებულ ერთ-ერთ შესყიდვაში გამარჯვებულმა „როდამ“ ბეტონის მიწოდების სამუშაოების გარანტიად რომან ბოლქვაძესთან სატვირთო თვითმცლელის იჯარის ხელშეკრულება წარადგინა. რომან ბოლქვაძე შპს „გიგა 2015“-ის დირექტორია და სახელმწიფო შესყიდვებიდან მას 4 მილიონზე  მეტი ლარი აქვს მიღებული. ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ რეგისტრაციაში შპს „როდას“ ელექტრონული ფოსტის მისამართად r.ananidze@mail.ru აქვს მითითებული. ამ მისამართით არის რეგისტრირებული ანზორ ბოლქვაძის ცოლის საკუთრებაში არსებული კომპანია „ჰორიზონტი“ – მისამართი რეზო ანანიძეს ეკუთვნის, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია.

საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს კომპანიის დამფუძნებელმა, მეწილემ და დირექტორმა დავით ბოლქვაძემ კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მიუთითა bolqvadze-rolandi@mail.ru. როლანდ ბოლქვაძე კი, როგორც ზევით ვახსენეთ, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის შვილი და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.

დროა, წითელ ჯვარში გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ რეპუტაციაზე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დემონსტრაციული გასამართლების საკითხზე.

მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის, აზოვსტალის დამცველები, ლეგალურად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და „მარიუპოლის გალიები“ ოფიციალური რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულია.

6 აგვისტოს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სექტემბერში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავენ. ბოიჩენკოს თქმით, ამ სასამართლოსთვის რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიებს აწყობენ.

„ყველა სამხედრო ტყვე და განსაკუთრებით „აზოვსტალის“ დამცველები არიან მებრძოლები, რომლებიც კანონიერად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას. მაშასადამე, „მარიუპოლის გალიები“ რუსეთის ომის დანაშაულია ოფიციალურად. დროა, წითელმა ჯვარმა და მისმა პრეზიდენტმა, პეტერ მაურერიმ, გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ საკუთარ რეპუტაციაზე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

რუსეთი აპირებს აზოვსტალის დატყვევებული მებრძოლების გასამართლებას. „აზოვის პოლკი“ რუსეთმა  ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

როდის დასრულდება სამუშაოები ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ქვაფენილი აყარეს

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ქვაფენილი აყარეს, ასფალტის დაგება 2022 წლის 11 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბონდი 2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცდილობენ სამუშაოები გრაფიკით დადგენილ ვადაზე ადრე დაასრულონ.

„ჩვენთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა ქუჩის პერიმეტრი მთლიანად გადაგვეკეტა და ერთიანად დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, სამუშაოებს, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ვასრულებთ, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ქუჩაზე მთლიანად არ აკრძალულიყო [რომელი მონაკვეთები გადაიკეტოს, ეს მუნიციპალიტეტთან და საპატრულოსთანაა შეთანხმებული]. ჯერ გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან დავიწყეთ, მოასფალტებულია და მოძრაობა გახსნილია ქუჩის გარკვეულ ნაწილზე; ახლა ასფალტის დაგება ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან დავიწყეთ“, – გვითხრეს კომპანიაში.

ფარნავაზ მეფის ქუჩა / 14.08.2022

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ამ ეტაპზე გრიბოედოვისა და ბარათაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტს ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე დააგებენ. სამუშაოებში ბათუმის ბიუჯეტიდან 3.6 მილიონი ლარი იხარჯება.

ფარნავაზ მეფის ქუჩა / 14.08.2022

ქვაფენილებს ასევე აყრიან ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის, აგრეთვე, ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებს შორის არსებული ქუჩების მონაკვეთებშიც.

პირველ ეტაპზე ქვაფენილების აყრა მხოლოდ ფარნავაზ მეფისა და გორგილაძის ქუჩებს შორის იყო დაგეგმილი, თუმცა კომპანია „ბონდი 2009“-ში, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქვაფენილს „წინსწრებად ყრიან ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებს შორის იმ მონაკვეთებშიც, სადაც ამის საშუალება ეძლევათ“.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა / 14.08.2022

მთლიანი სამუშაოები [ორივე ქუჩაზე და მათ მიერთებებზე], კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ვაჟა-ფშაველას და გორგილაძის კვეთა / 14.08.2022
ვაჟა-ფშაველას ქუჩა / 14.08.2022

ამავე თემაზე:

რატომ აყარეს ქვაფენილი ბათუმის მერიის წინ – აქ ისევ ასფალტს აგებენ

კომპანია ჯეო-ენერჯიმ ბათუმში პირველი კომერციული მზის სადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბაზარზე ორ წლიანი მოღვაწეობის და განახლებული ენერგიების მიმართ კომერციული სექტორის მზარდი ინტერესის კვალდაკვალ კომპანია ჯეო-ენერჯიმ პირველი წარმატებული პრეცედენტი შექმნა აჭარის რეგიონში: თანამედროვე პანელებით აღჭურვილი მზის მიკროელექტრო სადგური კომპანიამ ქალაქ ბათუმში დაამონტაჟა, რომლის დადგმული სიმძლავრე 120 კვტ-ია.

ლევან აბაშიძე, ჯეოენერჯის CEO:

„კომპანია ემ ბი კომპანი -თვის დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური წელიწადში გამოიმუშავებს 124 000 კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი საინვესტიციო ღირებულების უკუგების პერიოდი 5 წელზე ოდნავ მეტია.

მზის სადგურის პროექტი პროკრედიტ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გერმანული ბანკი მწვანე ინვესტიციით დაინტერესებული ორგანიზაციებს, განსაკუთრებულ სასესხო პირობებს სთავაზობს.

დადგმული მზის მიკროელექტროსადგური კომპანია ემ ბი კომპანი-ს საშუალებას მისცეს 75%-ით დაზოგოს დახარჯული ელექტროენერგია.“

mzis-paneli

თავის მხრივ, კომპანია ჯეო-ენერჯი არის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის ჩინური Seraphim-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. Seraphim-ის მაღალი ხარისხის პანელების დაყენებისას, პროკრედიტ ბანკის დაფინანსების ფარგლებში  კომპანიებს საშუალება აქვთ ისარგებლონ  EBRD-ის ქეშბექ პროგრამით,  და შედეგად, 10%-ით შეამცირონ მზის სადგურის საინვესტიციო ღირებულება.

ჯეო-ენერჯი ახორციელებს მზის ელექტროსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟს და საგარანტიო მომსახურობას. მსოფლიო ათეულში შემავალი ჩინური კომპანია Seraphim-ის მაღალი ხარისხის პანელები აღიარებულია Bloomberg-ის მიერ და შეტანილია საუკეთესო პირველ კატეგორიაში.

ჯეოენერჯი გთავაზობთ:

მზის ენერგოსადგურების მშენებლობის სრულს სერვისს:

  • პროექტირება-დიზაინს
  • მშენებლობა მონტაჟს (რაც მოიცავს მზის პანელებს, ინვერტორს, კაბელებს და სამონტაჟო მასალას)
  • სადგურის ტესტირებას და პროექტის სრულფასოვნად ჩაბარებას
  • მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში
  • გამომუშავებული სიმძლავრის (ე.წ. Performance Guarantee) გარანტიას 12 თვის განმავლობაში, რაც გულისხმობს შემდეგს: იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკროელექტრო სადგურმა ვერ უზრუნველყო დათვლილი ელექტრო ენერგიის გამომუშავება და დათვლილი გამომუშავება აცდა მიღებულ შედეგს, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს დადგმული სიმძლავრის გაზრდას და მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. 

გარანტია

  • მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია
  • ინვერტორზე ვრცელდება 5 წლიანი ქარხნული გარანტია. შესაძლებელია გარანტიის გახანგრძლივება 10 წლამდე ვადით.
  • გამომუშავებული სიმძლავრის (.. Performance Guarantee) პირველი წლის განმავლობაში,

მზის სადგურის უპირატესობები:

  • საშუალოდ 5 წლიანი უკუგების პერიოდი
  • საშუალო ხარჯი 8 თეთრი კვტ/საათზე 25 წლის განმავლობაში
  • 75%-ით ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯი
  • ელექტროენერგიის ხარჯის ჩანაცვლება სესხის გადასახადით
  • დამატებითი შემოსავალი ჭარბად გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე
  • ელექტროენერგიის დაბალი და სტაბილური ტარიფი

რუსეთმა გადამალა აზოვის პოლკის მეთაურობა – დენის პროკოპენკოს ცოლი

„აზოვის“ პოლკის მეთაურის ცოლი, ეკატერინა პროკოპენკო ამბობს, რომ დენის პროკოპენკო რუსეთშია გადაყვანილი. თუმცა ამ ინფორმაციას დღემდე ოფიციალურად არ ადასტურებენ სახელმწიფო სტრუქტურები და წითელი ჯვარი.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთში ჰყავთ გადაყვანილი და ამასაც არ მიდასტურებენ. დენისის ადგილსამყოფლის შესახებ რუსული მედიასაშუალებებისგან შევიტყვე. სახელმწიფო სტრუქტურები ამ ინფორმაციას ბოლომდე ვერ ადასტურებენ, რადგან მართლა ძალიან რთულია ამ ვითარებაში რაიმეს დადასტურება. რუსეთმა გადამალა პოლკის მეთაურობა, მალავს ასევე სხვა ოფიცრებსაც და არ ამხელს, სად ჰყავს ისინი. ველოდებით, რა იქნება შემდეგ,“ – ამბობს ეკატერინა პროკოპენკო.

დენის პროკოპენკოს ცოლი აკრიტიკებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც მისი თქმით, ოჯახებს ტყვეებზე ინფორმაციას უნდა აწვდიდეს და რომლის გარანტიითაც მარიუპოლის დამცველები ტყვედ ჩაბარდნენ.

„ეს წითელი ჯვრის საქმეა – აღწეროს ყველაფერი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, სადაა ჩემი ქმარი. რუსეთშიც რომ იყოს, ხომ უნდა არსებობდეს კავშირი წითელი ჯვრის მოსკოვის ფილიალთან, მაგრამ არ არის. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ტყვეების ადგილსამყოფელი არ გაახმაურონ.“

დენის პროკოპენკოს ცოლი ეკატერინა პროკოპენკო/ფოტო: Суспільне

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც წითელმა ჯვარმა დაურეკა ახლობლებს და აცნობა, რომ მათი შვილები ან ქმრები ოლენოვკაში ან ნოვოაზოვსკში იყვნენ, თუმცა ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის, პირობებისა თუ წამების შესახებ არ მიუწოდებიათ.

„რატომ არ იყვნენ ოლენოვკაში წარმომადგენლები, რომლებიც ნახავდნენ, რომ სიებში არ იყო ის ხალხი, ვინც იმ საშინელ ბარაკში გადაიყვანეს? რატომ არ ადევნებდნენ თვალს, რომ იქ გარშემო საფლავებს თხრიდნენ? იმისთვის, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილი დაღუპულთა და დაჭრილთა სიები შემოწმდეს, საჭიროა, იქ რომელიმე დამოუკიდებელი ექსპერტული მხარე ჩავიდეს, ასეთი კი არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო წითელი ჯვარი ან გაერო, მაგრამ არ არის, ამიტომაც არ გვჯერა ამ სიების,“ – ამბობს ეკატერინა.

დენის პროკოპენკოს ცოლი აღნიშნავს, რომ ოლენოვკაში დაბრუნებულ ტყვეებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები არ უნახავთ, ისინი მხოლოდ „აზოვსტალიდან“ გასვლისას ნახეს.

________

მარიუპოლის დამცველებმა რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ „აზოვსტალი“ 16-17 მაისს დატოვეს და რუსეთს ჩაბარდნენ. მათი ნაწილი მაშინ დონეცკში, ოლენოვკაში გადაიყვანეს, ნაწილი კი ნოვოაზოვსკის კლინიკაში.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსების ტყვეობაში 2 500 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.

ივნისის ბოლოს უკრაინამ პირველი მასშტაბური გაცვლის ფარგლებში 144 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიბრუნა, მათ შორის 95 „აზოვსტალის“ მებრძოლი იყო.

ივნისში რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები მოსკოვში, ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან. იზოლატორი ოფიციალურად რუსეთის ფეესბეს ექვემდებარება. მედიას მეთაურების ვინაობა არ დაუზუსტებია.

28 ივლისის ღამით ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმის შედეგად რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, 53 უკრაინელის სამხედრო ტყვე დაიღუპა და 75 დაიჭრა.

ამ სიებში არ იყვნენ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რა დაადგინა CNN-მა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე

ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 22-ჯერ დარეკეს – რა გამოვლინდა

ოფიციალური დოკუმენტებით, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა, ირკვევა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გარემოსდაცვით შეთანხმებებს ტოტალურად არღვევს.

შემოწმების აქტებში ჩამოთვლილია უამრავი დარღვევის შესახებ, რომლებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები წერენ. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ დარღვევებთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა – ეს გადაწყვეტილება დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კიდევ ერთი სარჩელი კი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა, დამრღვევის დაჯარიმებით დასრულდა. სასამართლომ 5000 ლარი დააკისრა ნავთობტერმინალს და გონივრული ვადა მისცა დარღვევის გამოსასწორებლად. გარემოს ზედამხედველობითი სამსახური ამ მიღწევით კმაყოფილი დარჩა და გადაწყვეტილება აღარ გაასაჩივრა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 8 ივლისამდე პერიოდში, მხოლოდ ცხელ ხაზზე, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით 22 შეტყობინება შევიდა.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, საქმიანობის განხორციელების პროცესში, სრულყოფილად არ ასრულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებულ პირობებს:

  • ტერმინალი არ ახორციელებს აირგამათანაბრებელი სისტემის აირების მერკაპტანებისგან და გოგირდწყალბადისაგან გამწმენდი ფილტრების ყოველდღიურ კონტროლს ნავმისადგომის უბანზე.
  • არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული რეზერვუარების დაბინძურებული პარკების გაწმენდის და რეაბილიტაციის გეგმა-გრაფიკი, რეზერვუარების პარკების ზვინულების შიდა ტერიტორიების ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული საწარმოო და სანიაღვრე ჩამდინარე წყლებით დატბორვასთან, დაკავშირებით აღმკვეთი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი.
  •  არ აქვს განახლებულ საწარმოში ექსპლუატირებული ნავთობდამჭერების ექსპლუატაციების ინსტრუქციები.
  • არ აქვს შემუშავებული თხევადი გაზის უბნის ტერიტორიაზე არსებულ დაუმთავრებელ შენობაში სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების საწყობის მოწყობის პროექტი.
  •  არ გააჩნია 2021 წელს  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განახლებული გეგმა.
  •  არ განუხორციელებია კაპრეშუმის უბანზე არსებული სატუმბი სადგურის შენობის დემონტაჟი და სატუმბი სადგურის ახალ შენობაში განთავსება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს ასევე, რომ კომპანია არ ახორციელებს ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს:

„უნაპირო ნავმისადგომის უბანზე, 2022 წლის 8 იანვარს განხორციელებული დათვალიერებისას, დაფიქსირდა არამარკირებული ნარჩენების შეგროვების კონტეინერები. ასევე, არ აქვს გაფორმებული შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე კომპანიებთან ხელშეკრულება სახიფათო ნარჩენების გადაცემის შესახებ.“

კომპანიას ასევე არ ქვს შემუშავებული სამინისტროსთან შეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა:

ინსინერატორის ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნაცარი არ აქვს დასაწყობებული „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად (სარკოფაგი არ არის გადახურული). გზშ ანგარიშით გათვალისწინებული საქმიანობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყების, დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ არ უცნობებია საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ასევე წერს, რომ კომპანიამ 2022 წლის 28 აპრილს, მაღალი მერკაპტანების შემცველობის „თენგიზის“ ნავთობის კაპრეშუმის უბნის რეზერვუარებში გადატვირთვა განახორციელა სარკინიგზო ესტაკადიდან (№2), რომელიც არ არის აღჭურვილი ჰერმეტული ჩამოცლის სისტემებით და გზშ ანგარიშის შესაბამისად, №2 ესტაკადა გათვალისწინებულია მაზუთის მიღება-გადატვირთვის ოპერაციებისთვის. ამ დროს  არ იყო დაცული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ გაფრქვევის ნორმების პროექტით დადგენილი ნორმები:

„ბათუმში, მაიაკოვსკის და გოგოლის ქუჩაზე, ჩატარებული გაზომვებით დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში გოგირდწყალბადის კონცენტრაციის (0,014 მგ/მ ) გადამეტება (ზდგ ნორმა – 0,006 მგ/მ ).

რუსეთის არმიის მეთაურობა ხერსონიდან გარბის – საოლქო საბჭო

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ Новое Время-ს უთხრა, რომ რუსეთის არმიის მეთაურობა ხერსონს ტოვებს.

სობოლევსკი ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლქში რუსების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი გაანადგურეს.

„რეალურად, დღეს ორკებს აღარ დარჩათ აღარცერთი უსაფრთხო ან ისეთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც ხერსონთან განლაგებული მათი საჯარისო დაჯგუფებების მომარაგების საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი, რომ სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან წავიდა. მათმა უმრავლესობამ უკვე დატოვა ხერსონი,“ –  ამბობს სობოლევსკი.

გუშინ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა, ტელეგრამში დაწერა, რომ ხიდების აფეთქების შემდეგ ოკუპანტები ხერსონიდან მელიტოპოლში გადადიან.

14 აგვისტოს ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ დაარტყეს ანტონოვსკის ხიდს. 10 აგვისტოს უკრაინელთა თავდასხმამ მწყობრიდან გამოიყვანა ნოვა-კახოვკის ხიდიც, რომელიც ხერსონის ოლქში რუსებისთვის უკანასკნელი სატრანსპორტო არტერია იყო.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხიდების დაზიანების შემდეგ რუსებს დნეპრზე საკმარისი რაოდენობის შეიარაღებისა და ტექნიკის გადატანა აღარ შეუძლიათ.

საავტომობილო ხიდების დაზიანებას 13 აგვისტოს ადასტურებდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ  ორი ძირითადი საავტომობილო ხიდი, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთის ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება, სავარაუდოდ, გამოუსადეგარია და სამხედრო მარაგების გადასატანად ვეღარ გამოიყენება.

უწყების ცნობით, საავტომობილოების გარდა, დაზიანებულია ხერსონთან მდებარე ძირითადი სარკინიგზო ხიდიც. დაზვერვა წერდა, რომ რუსი სამხედროები დნეპრზე მოწყობილი ბორნებით სარგებლობენ.

რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი

რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინელი მფრინავი ანტონ ლისტოპადი, რომელიც 2019 წელს უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარეს.

„მილიონობით უკრაინელი აღფრთოვანებითა და სიამაყით ადევნებდა თვალს საავიაციო კოლონას დამოუკიდებლობის 30 წლის აღსანიშნავ აღლუმზე. ამ კოლონას სათავეში ჩვენი ანტონი ედგა,“ – წერს ფეისბუქის გვერდზე ივანო-ფრანკოვსკის ლიცეუმი, რომლის კურსდამთავრებულიც ანტონ ლისტოპადი იყო.

ანტონ ლისტოპადი/ფოტო: ლიცეუმის ფეისბუქგვერდიდან

„ანტონის გზა გამანადგურებელი თვითმფრინავის პილოტობამდე მარტივი არ ყოფილა, თუმცა ახალგაზრდა კაცი ჯიუტად მიიწევდა თავისი ოცნებისკენ – გამხდარიყო პილოტი,“ – იხსენებენ ანტონის ლიცეუმში და აღნიშნავენ, რომ ის სასწავლებლის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული სტუდენტი იყო.

ანტონ ლისტოპადი უკრაინის აღმოსავლეთში 2019 წლიდან იბრძოდა, რუსეთთან ომში ის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირველი დღიდანვე ჩაერთო.

დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 აგვისტოს, უკრაინის საჰაერო ძალების დღეს, ანტონ ლისტოპადი პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აჯილდოებს ანტონ ლისტოპადს/ფოტო: ლიცეუმის ფეისბუქგვერდიდან

ანტონ ლისტოპადს ივანო-ფრანკოვსკში დღეს დაკრძალავენ. 17 სექტემბერს ის 31 წლის გახდებოდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 876 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 4 141 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 985 ერთეული [+5]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 195 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 787 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 187 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 044 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 92ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 741 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 311 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 799 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 304 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 891 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთთან ომში დაიღუპა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი[/yellow_box]

ამ თემაზე:

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაა, რომ დონეცკი მთლიანად ვერ დაიკავა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვევრის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მომავალი რეფერენდუმია.

„რუსული მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმი დონეცკის „სრული გათავისუფლების“ შემდეგ გაიმართება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და იხსენებს, რომ მანამდე, ჯერ კიდევ ივნისში, „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელისუფლება რეფერენდუმის სტრატეგიაზე მუშაობდა და გეგმავდა, რომ რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ, ხმების 70 % მიეღო.

„როგორც ჩანს, რუსეთი უკვე რეფერენდუმის დაგეგმვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა მოსკოვმა საბოლოო გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, იმ ფაქტს, რომ რუსეთის არმიამ ამ დრომდე ვერ შეძლო დონეცკის ოლქის სრულად დაპყრობა, კრემლი უკრაინაში თავისი მაქსიმალური მიზნების შესრულებაში წარუმატებლობად შეაფასებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება მიუთითებდა, რომ რუსეთის ცდილობს თავისი არმიის გაძლიერებას უკრაინის სამხრეთში, პარალელურად კი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალები ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით შეტევებს განაგრძობენ.

გაიაქტიურე სილქფესტის პაკეტები და ისარგებლე მთელი თვე სასურველი პირობით

სილქფესტი 15 აგვისტოს სამ პაკეტს სთავაზობს მომხმარებლებს:

  • 1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 250 ადგილობრივი წუთი და 8 000 MB ინტერნეტი – 14₾
  • 50 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 20₾

პაკეტის შეძენა შესაძლებელია კომბინაციით  *202# , ან აპლიკაციდან „My Silknet” ან სილქნეტის ვებ გვერდიდან.  

 სხვა ნომრისთვის პირობის გასააქტიურებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე კომბინაცია  *202# და საკუთარი ბალანსიდან ჩაურთოთ სილქფესტის შეთავაზება.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

აქციაში ჩართვა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

სილქფესტის შესახებ.

რა ფასად იბარებენ თხილს? – მოსავლის აღება დაიწყო

საქართველოში თხილის მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. გახსნილია თხილის ჩაბარების პუნქტებიც.

წელს კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასი 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ღირებულება მოიმატებს.

„დაახლოებით მოსავლის 20%-ის აღება დაწყებულია. ძირითად ნაწილს 10 დღე მაინც დასჭირდება; კრეფის დაწყება უხვი ნალექების გამო გადაიწია.

რაც შეეხება ფასს, ის მერყეობს. თხილი ჯერ არ არის მშრალი, ტენიანია. ახალი დაკრეფილი თხილის ფასი არის დაახლოებით 3 ლარამდე. ხოლო გამშრალის – 4 ლარი. თუმცა ეს პირველი დღეებია და ველოდებით ფასის მომატებას. ზუსტად რა თქმა უნდა არ ვიცით, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში მომატების მოლოდინი უფრო გვაქვს, ვიდრე დაკლების,“ – ამბობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა „ბათუმელებთან“ საუბარში.

გიორგი თოდუას თქმით, წელს თხილის შარშანდელზე უკეთესი მოსავალია.

„მოსავლის 20%-ზე დაყრდნობით, რომელიც უკვე აღებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცუდი ნამდვილად არაა. ფერმერებმა, რომლებმაც ჩაატარეს აგროღონისძიებები მათი მოსავალი არის ძალიან კარგი. ვინც არ ჩაატარა, სასუქები არ შეიტანა, წამლობები არ ჩაუტარა, მათ საშუალო ხარისხის მოსავალი აქვთ,“ – განმარტავს გიორგი თოდუა.

მისივე თქმით, ჩაბარების პუნქტების ნაწილი უკვე გახსნილია. აგვისტოს ბოლომდე, სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება მოსავლის აღების, გარჩევის, შრობის და დასაწყობების პროცესი.

ამავე თემაზე:

რა ეღირება თხილი და როგორ მოსავალს ელიან საქართველოში

საქართველოში 1.4 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 120 ათასი – აჭარაში

საქართველოში, 2022 წლის დასაწყისისთვის, სულ რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტომობილი. აქედან: 1 254 900 მსუბუქი, 108 ათასი – სატვირთო, 59 800 – სპეციალური დანიშნულების და 54 700 – სამგზავრო [ავტობუსი და მიკროავტობუსი].

ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან, აბსოლუტური უმრავლესობა – 1 315 800 – ფიზიკური პირების მფლობელობაშია, ხოლო დანარჩენი, იურიდიული პირების მფლობელობაში.

რეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობიდან 359 700-ის საწვავის ტიპი ოფიციალურად უცნობია, 1000 ავტომობილი აირზე მუშაობს, 598 ათასი ავტომობილი – ბენზინზე, 142 700 ავტომობილი – ბენზინსა და აირზე, 273 ათასი – დიზელზე, 2 400 – ელექტროავტომობილია, ხოლო 100 400 – ჰიბრიდი.

მონაცემები რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით აჭარაში სულ რეგისტრირებულია 120 400 ავტომობილი, საიდანაც 101 700 არის მსუბუქი. აჭარაში ფიზიკური პირების მფლობელობაში 110 500 ავტომობილია.

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

მთავარი ფოტო: საცობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე/ფოტო: „ბათუმელები“, 3.08.2022

ქობულეთში 21 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ – შსს

გუშინ, 13 აგვისტოს, შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 21 წლის ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

გარემოს სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის – გამოყოფილია 1.2 მილიონი ლარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრის მონიტორინგის სისტემებს შეისყიდის, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით 11 ადგილზე, მათ შორის აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდში დაამონტაჟებენ.

მონიტორინგის ერთ-ერთი მიზანი – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილებაა.

მეწყრის მონიტორინგის სისტემების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი სააგენტომ 1 247 465 ლარით გამოაცხადა.

სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული სისტემის შესყიდვა მწვანე კლიმატის ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს მონიტორინგის სისტემების ტექნიკური მახასიათებლებიც. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 8 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 13 სექტემბერს დასრულდება.

„კონტრაქტორის მიერ მონტაჟისა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარების შემდეგ, მეწყერის მონიტორინგის სისტემების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) გეოლოგიის დეპარტამენტმა.

მონიტორინგის აღჭურვილობის მიწოდების და სამონტაჟო [ინსტალაციის] მომსახურების დასრულების მაქსიმალური ვადაა 150 დღე. ამავე ვადაში ნებადართულია ეტაპობრივი მიწოდება. პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს მიწოდების სავარაუდო პროგრამა, მიწოდების და მონტაჟის დღეების მითითებით (თითოეული კომპლექტისთვის), კალენდარული წესით. მიმწოდებელმა უნდა აცნობოს მყიდველს მიწოდება-მონტაჟამდე სულ ცოტა 2 კვირით ადრე.“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

შესასყიდ კომპლექსს თან ახლავს მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის სისტემებიც, რომლებიც „უნდა დამონტაჟდეს შერჩეულ მეწყრულ სხეულებზე არსებულ ჭებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის შერჩეულია 11 ჭა, საბოლოო რაოდენობის/ლოკაცია შეფასება შესაძლოა მოხდეს უშუალოდ ინსტალაციამდე [ხელშეკრულების
გაფორმების ეტაპის შემდეგ]), რადგან ჭების არსებული მდგომარეობა არ არის ცნობილი.“ – აღნიშნულია ტენდერში.

მეწყერის მონიტორინგის საინსტალაციო ადგილები. წყარო: ტენდერი

სააგენტოს ინფორმაციით, მეწყრული მონიტორინგის კონცეფცია მიზნად ისახავს შემდეგი ძირითადი მიზნების შესრულებას:

  • „უზრუნველყოს მეწყერსაშიშ ზონებში მდებარე შერჩეული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი რეალურ დროში (მაგ. ტილტმეტრები);
  • უზრუნველყოს პიეზომეტრიული დონის რეალურ დროში მონიტორინგი არსებულ 11 ჭაში;
  • უზრუნველყოს გადაადგილების გაზომვები რეალური დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ადგილზე (მაგ. ტახომეტრის და ჭის მონიტორინგი);
  • უზრუნველყოფს პერიოდული გაზომვები RTK GNSS გაზომვების სისტემის გამოყენებით 10 მეწყერზე.
  • მიღებული მონაცემების საშუალებით უნდა მოხდეს რამდენიმე აპლიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ:
    – მეწყრის ქცევითი ანალიზი,
    – მეწყრის საფრთხის რუკის შედგენა,
    – მეწყრის რიცხვითი მოდელირება,
    – მრავალმხრივი საფრთხის რისკისა და მოწყვლადობის შეფასება,
    – მეწყრის შესახებ კვლევები,
    – მეწყრის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილება.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16 და 17 აგვისტოს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, 15 აგვისტოს საქართველოს „მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის“.

 

მთავარი ფოტო: კვარიათი-გონიოს პლაჟი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელები“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 864 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 4 126 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 980 ერთეული [+2]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 194 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 784 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 187 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 039 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 91 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 738 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 303 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 798 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 298 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 888 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

წელს აჭარაში 7 წლის ასაკის 600-მდე ბავშვს შეამოწმებენ ტყვიაზე

მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარაში მცხოვრები 7 წლის [8 წლამდე] ასაკის ბავშვების გამოკვლევა იგეგმება სისხლში ტყვიის შემცველობაზე. კვლევისთვის ბავშვებს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე შეარჩევენ.

პირველადი დიაგნოსტიკის ბენეფიციართა რაოდენობა პროგნოზულად არის 450 ბავშვი, არაუმეტეს 600 ბავშვისა. საჭიროების მიხედვით კი, ბავშვებს შემდგომში დამატებით კვლევებსაც ჩაუტარებენ.

7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე ტენდერი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და 15 აგვისტოს დასრულდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში.

სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, ტენდერის პირობაა, რომ „ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნას ტყვიის აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით“, შესაბამისად, „პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს იმ ტყვიის ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას.“

პირობა ითვალისწინებს ასევე დამატებით დიაგნოსტიკურ კვლევებს იმ ბავშვებისათვის, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 5 და მეტი მკგ/დლ. დამატებითი კვლევები ჩატარდება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და მართვის“ პროტოკოლის შესაბამისად, კერძოდ:

  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 5 დან-10-მდე მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ ორჯერ, 3 და 4 თვის განმავლობაში;
  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 10 -34 მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ სამჯერ: პირველად 1-4 კვირის განმავლობაში, მომდევნო – კვარტალურად;
  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 35 და მეტი მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ მომდევნო შედეგების მიხედვით დაახლოებით სამჯერ: პირველად 48 საათის განმავლობაში, მომდევნო მკურნალობის დასრულების შემდეგ და შედეგების მიხედვით.

NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

ამავე თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ სტატია:

რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო – პირველი დღის ქრონიკა

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 12 აგვისტოს ორი ჯგუფის კონცერტით გაიხსნა. ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩეხური ბენდი Boris Band Combination-ი და The Next Moovement-ი უკრავდა.

Boris Band Combination-ს, ძალიან საინტერესო ჩეხურ კვარტეტს, წლევანდელ ჯაზფესტივალზე საპასუხისმგებლო მისია ჰქონდა – ფესტივალი სწორედ ამ ბენდის კონცერტით გაიხსნა.

კვარტეტი მუსიკას კლავიშის, გიტარის, დრამისა და საქსოფონის საშუალებით ქმნის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფესტივალის პირველ კონცერტზე კრისტინა სიბინსკას დრამი იყო, მოზომილი პარტიებით, რაც იდეალურად ეხამებოდა ბენდის წამყვან ინსტრუმენტს – საქსოფონს.

Boris Band Combination-ის შემდეგ მსმენელის წინაშე შვეიცარიული ფანკჯგუფი, Next Movement-ი წარსდგა. ბენდის მუსიკა ფანკის გარდა სოულის და გრუვ-პოპის ელემენტებითაა გაჯერებული.

ჯგუფის ფრონტმენი ვოკალისტი და ამავდროულად დრამერი J.J. Flueck-ია, სინთეზატორსა და ბასგიტარაზე ბენდში Pascal Kaeser-ი /პასკალ კეზერი უკრავს, ტრიოს მესამე წევრი კი ვირტუოზი გიტარისტი, სემ ზიგენტალერია.

ტრიოს წევრები ათ წელზე მეტია ერთად უკრავენ. მათი საზაფხულო სინგლი Superfly, რომლის ფანკვერსიაც არსებობს, სახელწოდებით – Voodoo, ამერიკული მუსიკალური ბლოგების რელიზებში მოხვდა.

ჯგუფ The Next Movement-ის კიდევ ერთი ცნობილი სინგლია  I Wanna See You Move, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო დარბაზებს ავსებს.

ბენდს ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტურნე, სახელწოდებით – No Sleep Till Paradiso, 2019 წელს ჰქონდა, ამ ტურნეს ფარგლებში მათ 30 კონცერტი გამართეს შვეიცარიაში.

The Next Movement-ს ბათუმის ჯაზფესტივალზე შეკრებილი მსმენელი პირველივე კომპოზიციებიდან დიდი მოწონებით შეხვდა.

ბენდი ექსპრესიულ, მრავალფეროვან და შინაარსითაც დატვირთულ მუსიკას ქმნის, რომელშიც ტექსტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკაზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე გვიან ღამით დასრულდა, რის შემდეგაც ღამე  ჯემსეიშენებით გაგრძელდა.

დღეს, 13 აგვისტოს, ფესტივალის სცენაზე 70-იანი წლების მსმენელისთვის კარგად ნაცნობ Earth, Wind and Fire Experience-ს ვიხილავთ.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 14 აგვისტომდე გასტანს. ეს რიგით მე-15 ჯაზფესტივალია, რომელიც ბათუმში იმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი

„ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ ჩაკეტა, ბულვარმა გაახსნევინა

ბათუმის სანაპიროზე, ალი და ნინოს სკულპტურასთან ახლოს „ივერია ბიჩმა“ პლაჟი უნებართვოდ შეღობა. დღეს, 13 აგვისტოს დილას, პლაჟზე რკინის ჯებირები იყო განთავსებული და გადაადგილება შეზღუდული. მოქალაქეები, რომლებსაც სანაპიროზე გავლა სურდათ ზღვაში შედიოდნენ და ისე სძლევდნენ ბარიერს.

ასე გამოიყურებოდა ბათუმის სანაპიროს ერთი მონაკვეთი 13 აგვისტოს დილას

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ბულვარის მონიტორებმა შეღობილი პლაჟი აღმოაჩინეს, „ივერია ბიჩს“ მისი გახსნა მოსთხოვეს. ამ დროისთვის პლაჟზე ღობე მოხსნილია.

„ბათუმელებმა“ სცადა კომენტარის მიღება „ივერია ბიჩის“ მენეჯმენტისგან თუ რატომ ჩაკეტეს სანაპირო დამსვენებლებისთვის.

კლუბში გვითხრეს რომ პასუხისმგებელი პირი მოცემულ მომენტში ადგილზე არ იყო. ხოლო თუ ჩაკეტილი სანაპიროს შესახებ კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტდნენ, მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდნენ.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია პლაჟი დროებით, სამი დღითაა შეღობილი. მიზეზი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალია. საღამოობით კლუბი ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორებს აქვთ დაჯავშნილი და იქ ღონისძიებას მართავენ.

ნაკვეთი პლაჟის მიმდებარედ „რივიერა ბიჩს“ აჭარის მთავრობამ 2037 წლამდე იჯარით გადასცა. შესაბამისი ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 2020 წლის ნოემბერშია გაფორმებული.

„რივიერა ბიჩი“ „სილქროუდის“ შვილობილი კომპანიაა. პლაჟით სარგებლობისთვის სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ მფლობელი კომპანია ბიუჯეტში 2022 – 2037 წლებში, ყოველწლიურად 24 960 ლარს  გადაიხდის.

რა პირობით გადასცეს „რივიერა ბიჩს“ ბათუმში პლაჟი 17 წლით

როდის დასრულდება სამუშაოები გმირთა ხეივანში, სადაც საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში გმირთა ხეივანში და მის გაგრძელებაზე, ბაგრატიონის ქუჩამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ხეივნები რამდენიმე თვეა გადაკეტილია.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს.

გმირთა ხეივანი [ჟიული შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთა], ბათუმი / 13.08.2022
ძირითადი სამუშაო, რაც აქ გაკეთდა/კეთდება არის ის, რომ არსებული ბეტონის საფარი აყარეს და ახლით ცვლიან. ჩაანაცვლებენ მცენარეების ნაწილსაც [ხეივნის მთელ სიგრძეზე, მაგალითად, ტყემლის და სხვა ხეები ამოთხარეს და სხვაგან გადარგეს], ახალ ნერგებს კი, ბეტონით გაკეთებულ, ასე ვთქვათ, ქოთნებში ჩარგავენ.

ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია გმირთა ხეივნის ერთ მონაკვეთზე [ფიროსმანისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთი], სადაც ახალ ხე-მცენარეებს უკვე რგავენ:

გმირთა ხეივანი ბათუმში / ბეტონის „ქოთნები“, რომელშიც ნერგებს რგავენ / 13.08.2022
გმირთა ხეივანი ბათუმში / 13.08.2022

გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბაზე გადასასვლელი ხიდებიც უნდა მოეწყოს [ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ], თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხიდების მშენებლობაზე ცალკე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან აკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

 

ტენდერი ფონდს 679 193 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ვრცლად ნახეთ ბმულზე:

კიდევ ერთ საფეხმავლო ხიდს აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთაში ააშენებენ. ხიდი, ესკიზის მიხედვით, რკინის თაღში გაივლის და ის „საბა კონსტრაქშენმა“ უნდა ააშენოს. „ბათუმელები“ კომპანიას ვერ დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს ამ საფეხმავლო ხიდის მშენებლობა.

აბუსერიძისა და შარტავას ქუჩების კვეთა / საფეხმავლო ხიდი / რენდერი ტენდერიდან
რკინის თაღი, ბათუმი / შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 31.07.2022
ხეივანი შარტავას გამზირზე, სადაც საფეხმავლო ხიდი უნდა აშენდეს / ბათუმი / შარტავას და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 31.07.2022

 

დღეიდან ბათუმის სასწრაფოს 7 მოტომედიკოსი დაემატა

დღეიდან, 13 აგვისტოდან, ბათუმში მოტომედიკოსები გამოჩნდებიან. მოტომედიკოსები სასწრაფო დახმარების სამსახურში იმუშავებენ. მათი მიზანი გამოძახებაზე სწრაფად მისვლა იქნება.

პროექტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს.

„იქნება ეფექტური, ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში გადაუდებელი დახმარების შემთხვევებზე გაიზრდება ოპერატიულობა.

მოტომედიკოსის ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს,“- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ რელიზში.

პირველ ეტაპზე ბათუმში 7 მოტომედიკოსი იმუშავებს. სამედიცინო მოტოციკლები მსოფლიო ბანკის დახმარებით შეიძინეს. მოტომედიკოსები კი სასწავლო ცენტრსი გადაამზადეს.

59 წლის აზოველის, „ვაზის“ შვილი – „არ ვიცი სად არის მამაჩემი და თუ არის ცოცხალი“

29 ივლისს ოკუპირებულ ოლენოვკას კოლონიაში ბარაკი ააფეთქეს ბანაკი, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლებიც. უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოჯახებმა დღემდე არ იციან, ვინ იმყოფებოდა იქ, სადაც აფეთქება მოხდა.

უკრაინული მედიაგამოცემა hromadske ესაუბრა აზოვის პოლკის მაიორის, ვიქტორ მუზიკას შვილს, ალენას, რომელმაც არ იცის, ცოცხალია თუ არა მამამისი.

  • „54 წლის იყო, აზოვში რომ წავიდა“

მამაჩემი, ვიქტორ მუზიკა ამ წლის ზამთარში 60 წლის გახდება. მამამ ხარკოვის სატანკო სასწავლებელი დაამთავრა და საბჭოთა არმიაში მსახურობდა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, სამსახურს თავი დაანება და ბიზნესით იყო დაკავებული. 2016 წლამდე პრიმორსკის საკრებულოს წევრი იყო.

სამოქალაქო ცხოვრებაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა, ამიტომ დეპუტატობის ვადა ამოეწურა თუ არა, აზოვის პოლში შევიდა.

როცა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გვითხრა, მხარი დავუჭირეთ.

ბევრი რამ მსმენოდა აზოვზე, ვიცოდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფია, ვიცოდი, როგორი ურთიერთობა იყო მებრძოლებს შორის, როგორი მოტივირებულები იყვნენ ქვეყნის დასაცავად, როგორი იყვნენ გამარჯვებისთვის დამუხტული, როგორ ცხოვრობდნენ.  და ის, რომ აზოველები მარიუპოლში იყვნენ, ვფიქრობ, იმას ადასტურებს, რომ მათ ესმოდათ, რომ ეს ომი ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო.

  • მეტსახელი – „ვაზი“

როცა მამა „აზოვში“ მივიდა, მეტსახელი უნდა აერჩია. მან მაშინვე თქვა: „Лоза“ [ვაზი].

ჩემთვის და დედაჩემისთვის ეს სრულიად გასაგები იყო. მამას ძალიან უყვარს ვაზის მოვლა. ბებიაჩემი პრიმორსკის რაიონში ცხოვრობს, რომელიც ახლა ოკუპირებულია. იქ პატარა ბაღია, სადაც ვაზი იზრდება. მამა ყოველ წელს, გაზაფხულზე მოდიოდა, ვაზს უვლიდა, ახალი მოსავლისთვის ამზადებდა.

სწორედ ამიტომ აირჩია ეს მეტსახელი. ვაზი ძალიან ძლიერია, მამაჩემის მსგავსად. ის მთელი ცხოვრება სპორტითაა დაკავებული. როდესაც „აზოვში“ აბარებდა შიდა გამოცდებს ფიზიკურ მომზადებაში და მეორე ან მესამე იყო სირბილისას, ნერვიულობდა.

ვიცი, რომ მამას ძალიან მოსწონდა, რომ მასთან ერთად ბევრი ახალგაზრდა მსახურობდა. ის აღფრთოვანებული იყო, როგორ მოდიან ასეთი ახალგაზრდა ბიჭები ქვეყნის დასაცავად, დაკავებული არიან სპორტით, ბევრი მებრძოლი პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობდა. ისიც მათთან ერთად განვითარებას ცდილობდა.

მამა ჰყვებოდა, რომ უკრაინის ისტორიაზე ბევრი გაკვეთილი ჰქონდათ: განიხილავდნენ ომებს, ბრძოლებს, უპირატესობებსა და უარყოფით მხარეებს.

ერთხელ მამამ დედასთან ერთად დაღუპული აზოველის ხსოვნის დღეზე მიგვიწვია. იქ იყვნენ მოქმედი და ყოფილი მეთაურები, ყველა ჩირაღდნებით, თანამებრძოლები დაღუპულის მეტსახელს იძახდნენ და ამბობდნენ: „გვახსოვს, შურს ვიძიებთ!“. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  • „ჩვენ მოგვიწევს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“ 

მამა აზოვში მივიდა როგორც კაპიტანი, მოგვიანებით კი მაიორის წოდება მიიღო. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ის საზენიტო-სარაკეტო სამმართველოს შტაბში იყო.

მე და დედაჩემს ბევრს არაფერს გვიყვებოდა სამსახურზე. შეიძლება ერთი კვირა საერთოდ არ ყოფილიყო კავშირზე.

ჩვენ ვიცით, რომ კონტუზია ჰქონდა, მარიუპოლის საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ მამა დეტალებს არ ჰყვებოდა, გვიფრთხილდებოდა.

ვიქტორი შვილთან და ძაღლთან ერთად

ასევე, მამა ყოველთვის ამბობდა, რომ 1991 წელს უკრაინამ ადვილად მოიპოვა დამოუკიდებლობა და ჩვენ მოგვიწევდა ამისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, მასაც არ სჯეროდა, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. იცოდა, მაგრამ არ სჯეროდა.

24 თებერვალს დედა ესაუბრა და ჰკითხა: “რა მოუვა მარიუპოლს?”

მამაჩემმა უპასუხა, მარიუპოლს ასე არ დაბომბავენ, იქ ხომ საბავშვო ბაღები და სკოლებიაო. “როგორ წარმოგიდგენია?”

მგონია, მას არ წარმოედგინა, რომ ეს ომი ასეთი შემზარავი და სასტიკი იქნებოდა.

  • „ბიჭები ისე იბრძვიან, რომ ჰოლივუდური ფილმების გადაღება შეიძლება“

ბოლოს მამა 12 თებერვალს ვნახე, კვირა დღეს. ზაპოროჟიედან პრიმორსკში ჩავედი. ყოველთვის, როცა მივლინებაში მიდის, მამა მთხოვს, რომ ძაღლი ჩავუყვანო. ამჯერადაც ასე იყო.

მშობლებთან ნახევარი საათი დავრჩი. ვისაუბრეთ, მამა გარეთ გამოვიდა ჩემს გასაცილებლად ზედა ტანსაცმლის გარეშე, ამიტომ სწრაფად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, მამამ ხელი დამიქნია და მე წამოვედი. ძალიან ციოდა, ამიტომ ვჩქარობდით.

ერთი კვირის შემდეგ, 19 თებერვალს, მამა პოლკში წავიდა, თუმცა მას შეეძლო სახლში დარჩენა, რადგან წინა დღით თირკმელების ოპერაცია გაიკეთა. მაგრამ ის ამბობდა, რომ სიტუაცია გაურკვეველი იყო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიცოდით, რომ მამა მარიუპოლში იყო, მაგრამ არ გვეუბნებოდა, სად. როდესაც კავშირზე გამოვიდა, ზოგადი ფრაზებით ლაპარაკობდა – „როგორაა საქმე? – ყველაფერი ნორმალურადაა“. ერთხელ მან თქვა, რომ ქარხანაში არიან. და მხოლოდ ახალი ამბებიდან მივხვდი, რომ „აზოვსტალზეა“ საუბარი. 

პირველად კავშირი გაქრა მარტის დასაწყისში. მამასგან არავითარი სიახლე არ იყო. მარიუპოლში მყოფ ჩემს აზოველ ნაცნობს მივწერე, ხომ არ უნახავს. ერთი-ორი დღის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ მამა ცოცხალი იყო და მარიუპოლში იმყოფებოდა. კიდევ ხუთი დღე გავიდა და მამამ დედას მისწერა.

„აზოვსტალში“ იყო პერიოდი, როცა მამას ინტერნეტი არ ჰქონდა. 7-10 დღე არ გამოდიოდა ხაზზე. მერე ღამით დაგვირეკა – ცოცხალი ვარო.

ხანდახან მამა მწერდა და მთხოვდა უკრაინული ამბების გაგზავნას.

მთელი ცხოვრება ოჯახში რუსულად ვლაპარაკობდით, მაგრამ ომის დაწყებისთანავე შეტყობინებებს მხოლოდ უკრაინულ ენაზე მიგზავნიდა. მწერდა იმაზე, თუ როგორ იბრძვიან ბიჭები, ისე იბრძვიან, ჰოლივუდური ფილმების გადაღება შეიძლებაო. აღფრთოვანებული იყო თავისი დანაყოფით.

მამაჩემის განწყობა მარიუპოლში იყო იცვლებოდა – ახლა უკვე ხვდები, როცა მის შეტყობინებებს განვითარებულ მოვლენებს ვადარებ. კარგი განწყობა ჰქონდა, როცა მათთან ვერტმფრენებმა მიაღწიეს, დაჭრილების ევაკუაცია მოხდა და საბრძოლო კომპლექტები მიუტანეს. მაშინ მწერდა – „ყველაფერი კარგად იქნება, ვუძლებთ“. ზოგჯერ კი პირიქით – „მხოლოდ ღმერთის იმედი გვაქვს“.

  • „აუცილებლად შევხვდებით, მაგრამ უცნობია, როდის“ 

ბოლოს მამისგან ხმოვანი შეტყობინება 19 მაისს მივიღეთ. თქვა, რომ დღეს გადის აზოვსტალიდან და ოლენოვკაში გადაჰყავთ, რომ ვუყვარვართ, გვკოცნის, რომ ველოდოთ, აუცილებლად შევხდებით, მაგრამ უცნობია, როდის.

დაახლოებით 10 ივნისს დედას „წითელი ჯვრიდან“ დაურეკა გოგომ და უთხრა- „თქვენი ქმრის ანკეტა მიჭირავს ხელში, რომელიც მან „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას შეავსო. მე ასობით ანკეტა ვნახე, მაგრამ ასეთი – პირველად“.

აღმოჩნდა, რომ ანკეტაში გრაფა იყო: „ახლო ნათესავები, რომელსაც უნდა აცნობოთ, რომ თქვენ გახვედით აზოვსტალიდან და ტყვედ ჩავარდით“. მამა დაწერა: „ელენა მუზიკა“ და ფრჩხილებში – „საყვარელი ცოლი“.

დედა ატირდა.

ტყვეობიდან მამამ ორჯერ დაგვირეკა. თითო ზარი ნახევარწუთიანი იყო.

გვითხრა, რომ შეავსო „წითელი ჯვრის“ ანკეტა. დედამ ჯანმრთელობაზე ჰკითხა. უპასუხა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.

მე ვკითხე, იყო თუ არა იქ „წითელი ჯვარი“. თქვა, რომ არა. ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ქარხნიდან გადიოდნენ.

მან ასევე გვითხრა, რომ ტელეფონი აღარ აქვს, „აზოვსტალიდან“ გამოსვლამდე გაანადგურა.

მოგვიანებით დედაჩემს გაახსენდა, რომ ადრე მამას ანგარიში შეუქმნა Google-ში. დედამ იცოდა მომხმარებლის სახელი და პაროლი. ანგარიშის დისკზე რომ შევედით, ვნახეთ, რომ ყველა ფოტო ტელეფონიდან იქ იყო ატვირთული, მათ შორის აზოვსტალში გადაღებული ფოტოები.

ფოტოზე ჩანს, როგორ ნადგურდება ქალაქი, როგორ ბერდება მამა, როგორ ჭაღარავდება.

ასევე არის ფოტოების სერია ერთი წერტილიდან. როგორც მივხვდი, მამა პერიოდულად ამოდიოდა ბუნკერიდან და ერთსა და იმავე ადგილს იღებდა ფოტოზე.

„აზოვსტალში“ გადაღებული ფოტო
  • „არ ვიცი სად არის მამაჩემი: ოლენოვკაში, დონეცკში და საერთოდ, ცოცხალია თუ არა“ 

მამის დღეს ფეისბუქზე პოსტი დავწერე. ხალხმა მისი გავრცელება დაიწყო და ერთმა ბიჭმა მომწერა, რომელიც 29 ივნისს გაცვალეს რუს ტყვეებში.

აღმოჩნდა, რომ მთელი ეს დრო „აზოვსტალში“ მამაჩემთან ერთად იყო, შემდეგ კი – ოლენოვკას კოლონიაში. დამირეკა და მითხრა, რომ მამა კარგადაა.

თუმცა ახლა აღარ ვიცი როგორ არის მამაჩემი.

26 ივნისს ჩვენ გვითხრეს, რომ მამა სადღაც გადაიყვანეს. ზუსტად სად – სხვა ბარაკში თუ დონეცკში – გაუგებარია. შემდეგ ერთი სამხედრო ტყვის ცოლმა დაადასტურა, რომ მამა გადაიყვანეს ყაზარმაში, სადაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების დროს ყაზარმებში 193 ადამიანი იყო. სიებში, რომელსაც ახლა რუსები ავრცელებენ, საუბარია 50 დაღუპულზე და 73 დაშავებულზე. მაგრამ რა დაემართა ორმოცდაათზე მეტ ადამიანს? ეს ადამიანები დაიღუპნენ და ვერ ამოიცნეს? თუ მათთან ყველაფერი რიგზეა და სხვა ბარაკში გადაიყვანეს? ვერ ვხვდები სად არის მამაჩემი: დონეცკში თუ ოლენოვკაში და საერთოდ, ცოცხალია თუ არა?

ტერაქტის შემდეგ ისევ დავურეკე „წითელ ჯვარს“, დავტოვე განცხადება ძებნაზე, ვკითხე, ჰქონდათ თუ არა მათ კოლონიაში წვდომა. მითხრეს, რომ ახლახან გაგზავნეს მოთხოვნა და პასუხს ელოდებიან. ახლა ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომ „წითელ ჯვარს“ არ უშვებენ აფეთქების ადგილზე და რომ მათ არანაირი ვალდებულება არ აუღიათ.

ჩვენ ასევე დახურულ ჯგუფებში გვაქვს ურთიერთობა სამხედრო ტყვეების ნათესავებთან. იქ არიან ადამიანები, რომელთა ახლობლები დაჭრილთა და დაღუპულთა სიებში არიან. რა თქმა უნდა, ახლობლებს ეს არ სჯერათ.

დედამ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს მისწერა, არის თუ არა რაიმე ახალი ინფორმაცია ვიქტორ მუზიკაზე. 3 აგვისტოს გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით იგი არ არის დაღუპულთა და დაჭრილთა სიაში.

როცა მამა გამოვიდა „აზოვსტალიდან“, მე იმედი გამიჩნდა. კი, მესმოდა, რომ ДНР-ის [დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა] და რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა. ოლენოვკაში ტერაქტის შემდეგ ისევ ვამზადებ თავს ცუდი ამბებისთვის.

მათ უნდათ სულიერად გაგვტეხონ, რომ ხელისუფლებაზე გვქონდეს ზეწოლა. მე მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მამაჩემი და მისი თანამებრძოლები სახლში დაბრუნდნენ.

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ახლა ცხოვრება, იმედია.

_______________

ტექსტი, ფოტო: hromadske. სტატიის ქართული თარგმანი ქვეყნდება შემოკლებით.

ვისაც იარაღი შენახვის უფლებით აქვს, მას ტირში და სასროლეთშიც გადაიტანს – ახალი წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ პირებს, ვისაც შენახვის უფლებით აქვთ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, დროებითი მოწმობის საფუძველზე, იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის უფლება მიენიჭათ.

„დაინტერესებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეძლებენ დროებითი მოწმობის მიღებას, რომლის საფუძველზეც უფლება ექნებათ, იარაღი ტირში ან სასროლეთში გადაიტანონ და შენახვის ადგილზე დააბრუნონ, არაუმეტეს კვირაში ერთხელ. ამ დრომდე, ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის შესაძლებლობა მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობდა, რაც იარაღის მესაკუთრეთა უკმაყოფილებას იწვევდა.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელი იქნება შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა, ხოლო ტირის ან სასროლეთის მფლობელის თანხმობის შემთხვევაში − გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) გადატანა ტირში ან სასროლეთში. იარაღის გადატანისას პირმა თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.

  • „იარაღის დროებითი მოწმობის მისაღებად მესაკუთრემ წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.
  • მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.
  • ტირში ან სასროლეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ტირის ან სასროლეთის მესაკუთრე იარაღის დროებით მოწმობაში უთითებს ვიზიტის დასრულების დროს. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, არაუგვიანეს მოწმობით განსაზღვრული დროისა, იარაღი და გამოუყენებელი ვაზნები დააბრუნოს შენახვის ადგილზე.
  • დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.“

„ამასთანავე, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს ელექტრონული პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება და შესაძლებელი გახდება იარაღის დროებითი მოწმობის ელექტრონულად გაცემა, ასევე, იარაღის გადატანის ეფექტიანი მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ უკვე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდა ღია ტიპის ტირების, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღების პირობები და პროცედურა. მიღებული ცვლილებების თანახმად დადგინდა ნებართვის მიღების უფრო მოქნილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობები და პროცედურები. ცვლილებებით გათვალისწინებულია ყველა ის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია პრევენციისა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დასანერგად.“ – აცხადებს შსს.

რუსეთი ხერსონთან დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდებს ვეღარ იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ორი ძირითადი საავტომობილო ხიდი, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთის ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება, სავარაუდოდ, გამოუსადეგარია და სამხედრო მარაგების გადასატანად ვეღარ გამოიყენება.

უწყების ცნობით, 10 აგვისტოს უკრაინელთა ზუსტმა დარტყმებმა შეუძლებელი გახადა მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ნოვა კახოვკის ხიდზე, დაზიანებულ ანტონოვსკის ხიდზე კი რუსეთმა მხოლოდ ზედაპირული რემონტის ჩატარება მოახერხა.

საავტომობილოების გარდა, დაზიანებულია ხერსონთან მდებარე ძირითადი სარკინიგზო ხიდიც.

„2022 წლის ივლისის შემდეგ, ამ ხიდთან რუსეთი პონტონის ბორანს იყენებს, როგორც თავის ძირითად სამხედრო გზას.

მაშინაც კი, თუ რუსეთი ამ ხიდების საფუძვლიანად შეკეთებას მოახერხებს, ისინი მაინც დაუცველი დარჩება. დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსეთის რამდენიმე ათასიანი არმიის მომარაგება პონტონის ორ ბორანის იმედზეა,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 13 აგვისტოს განახლებაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება „საკის“ ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებებზე წერდა და აღნიშნავდა, ყირიმი რუსეთისთვის უსაფრთხო აღარაა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 43 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 856 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 115 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 978 ერთეული [+3]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 233 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 193 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 779 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 187 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 036 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 91 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 736 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 365 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 798 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 295 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 858 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„არ შეიძლება ევროპა სუპერმარკეტად გადაიქცეს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ შევა“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები დაუწესოს.

ამავე თემაზე:

ატომური სადგური, ძველი იარაღი და „გენერალი“ ზამთარი – კიდევ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს

Exit mobile version