მთავარი,სიახლეები

წელს აჭარაში 7 წლის ასაკის 600-მდე ბავშვს შეამოწმებენ ტყვიაზე

13.08.2022 • 815
წელს აჭარაში 7 წლის ასაკის 600-მდე ბავშვს შეამოწმებენ ტყვიაზე

მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარაში მცხოვრები 7 წლის [8 წლამდე] ასაკის ბავშვების გამოკვლევა იგეგმება სისხლში ტყვიის შემცველობაზე. კვლევისთვის ბავშვებს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმის და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე შეარჩევენ.

პირველადი დიაგნოსტიკის ბენეფიციართა რაოდენობა პროგნოზულად არის 450 ბავშვი, არაუმეტეს 600 ბავშვისა. საჭიროების მიხედვით კი, ბავშვებს შემდგომში დამატებით კვლევებსაც ჩაუტარებენ.

7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე ტენდერი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და 15 აგვისტოს დასრულდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში.

სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, ტენდერის პირობაა, რომ „ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნას ტყვიის აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით“, შესაბამისად, „პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს იმ ტყვიის ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას.“

პირობა ითვალისწინებს ასევე დამატებით დიაგნოსტიკურ კვლევებს იმ ბავშვებისათვის, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 5 და მეტი მკგ/დლ. დამატებითი კვლევები ჩატარდება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და მართვის“ პროტოკოლის შესაბამისად, კერძოდ:

  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 5 დან-10-მდე მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ ორჯერ, 3 და 4 თვის განმავლობაში;
  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 10 -34 მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ სამჯერ: პირველად 1-4 კვირის განმავლობაში, მომდევნო – კვარტალურად;
  • ბავშვებს, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობის დონე იქნება 35 და მეტი მკგ/დლ, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ მომდევნო შედეგების მიხედვით დაახლოებით სამჯერ: პირველად 48 საათის განმავლობაში, მომდევნო მკურნალობის დასრულების შემდეგ და შედეგების მიხედვით.

NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.

ამავე თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ სტატია:

რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: