ნეტგაზეთი • RU

ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო – პირველი დღის ქრონიკა

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 12 აგვისტოს ორი ჯგუფის კონცერტით გაიხსნა. ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩეხური ბენდი Boris Band Combination-ი და The Next Moovement-ი უკრავდა.

Boris Band Combination-ს, ძალიან საინტერესო ჩეხურ კვარტეტს, წლევანდელ ჯაზფესტივალზე საპასუხისმგებლო მისია ჰქონდა – ფესტივალი სწორედ ამ ბენდის კონცერტით გაიხსნა.

კვარტეტი მუსიკას კლავიშის, გიტარის, დრამისა და საქსოფონის საშუალებით ქმნის.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფესტივალის პირველ კონცერტზე კრისტინა სიბინსკას დრამი იყო, მოზომილი პარტიებით, რაც იდეალურად ეხამებოდა ბენდის წამყვან ინსტრუმენტს – საქსოფონს.

Boris Band Combination-ის შემდეგ მსმენელის წინაშე შვეიცარიული ფანკჯგუფი, Next Movement-ი წარსდგა. ბენდის მუსიკა ფანკის გარდა სოულის და გრუვ-პოპის ელემენტებითაა გაჯერებული.

ჯგუფის ფრონტმენი ვოკალისტი და ამავდროულად დრამერი J.J. Flueck-ია, სინთეზატორსა და ბასგიტარაზე ბენდში Pascal Kaeser-ი /პასკალ კეზერი უკრავს, ტრიოს მესამე წევრი კი ვირტუოზი გიტარისტი, სემ ზიგენტალერია.

ტრიოს წევრები ათ წელზე მეტია ერთად უკრავენ. მათი საზაფხულო სინგლი Superfly, რომლის ფანკვერსიაც არსებობს, სახელწოდებით – Voodoo, ამერიკული მუსიკალური ბლოგების რელიზებში მოხვდა.

ჯგუფ The Next Movement-ის კიდევ ერთი ცნობილი სინგლია  I Wanna See You Move, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო დარბაზებს ავსებს.

ბენდს ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტურნე, სახელწოდებით – No Sleep Till Paradiso, 2019 წელს ჰქონდა, ამ ტურნეს ფარგლებში მათ 30 კონცერტი გამართეს შვეიცარიაში.

The Next Movement-ს ბათუმის ჯაზფესტივალზე შეკრებილი მსმენელი პირველივე კომპოზიციებიდან დიდი მოწონებით შეხვდა.

ბენდი ექსპრესიულ, მრავალფეროვან და შინაარსითაც დატვირთულ მუსიკას ქმნის, რომელშიც ტექსტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკაზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე გვიან ღამით დასრულდა, რის შემდეგაც ღამე  ჯემსეიშენებით გაგრძელდა.

დღეს, 13 აგვისტოს, ფესტივალის სცენაზე 70-იანი წლების მსმენელისთვის კარგად ნაცნობ Earth, Wind and Fire Experience-ს ვიხილავთ.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 14 აგვისტომდე გასტანს. ეს რიგით მე-15 ჯაზფესტივალია, რომელიც ბათუმში იმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.