მთავარი,სიახლეები

რატომ არ ააფეთქებენ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ექსპერტის მოსაზრება

15.08.2022 • 1184
რატომ არ ააფეთქებენ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ექსპერტის მოსაზრება

რუსებმა იდეალური ინსტრუმენტი იპოვეს შანტაჟისთვის, რადგან ესმით, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეუძლიათ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება კი, თავად რუსეთისთვისაც დამღუპველი იქნება – ამის შესახებ 24-ე არხის ეთერში სამხედრო-პოლიტიკურმა მიმომხილველმა ალექსანდრ კოვალენკომ განაცხადა.

კოვალენკოს აზრით, რუსეთის მოქმედებები და ატომური სადგურის აფეთქების მუქარა ჰგავს პოკერის ცუდი მოთამაშის ქცევას, რომელიც სხვების მოტყუებას ცდილობს.

„რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს არ ააფეთქებენ? იმიტომ, რომ დღეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავმოყრილია რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები,“ – აღნიშნავს ალექსანდრ კოვალენკო. – „იქ ახლა კონცენტრირებულია მათი მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ბატალინოების დიდი ნაწილი. თუ ისინი ზაპოროჟიეს სადგურს ააფეთქებენ, რა შედეგს მიიღებენ?“

კოვალენკოს აზრით, თუ ასეთი რამ მოხდება, რუსეთი თავისი ხელით გაანადგურებს თავისივე არმიას, რაც მოსკოვს ძალიან კარგად ესმის, ამიტომაც მათი განცხადებები უბრალოდ ბლეფია.

ექსპერტის თქმით, რუსეთი ამით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაზე და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, „მოსკოვის მიზანია, თვითონ უკარნახოს ყველას მოლაპარაკების პირობები“.

„მოსკოვი ამ შანტაჟით ცდილობს შეაშინოს საერთაშორისო საზოგადოება. ეს ყველას კარგად ესმის. ისევე, როგორც ის, რომ რუსები არ ააფეთქებენ არც ჩერნობილის სადგურს; ისიც, რომ მუქარის მიუხედავად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ჩემი აზრით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თემა ახლა არის ძალიან ცუდი ბლეფით შეფუთული საფრთხობელა,“ – ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.

The New York Times-ის ცნობით, ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებებისა და სროლების გამო, ახლოს მდებარე დასახლებებსა და მეზობელ ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს.

როგორც ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი გამოცემას ეუბნება, ომის ხუთი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურის სულ მცირე 100 თანამშრომელი აწამეს. მისი თქმით, ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყოველდღიურად უარესდება. ბოლო კვირაში კი განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გარშემო დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაციას ცდილობს.

11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რის შემდეგაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

ზაპოროჟიეს სადგურზე საექსპერტო მისიის გაგზავნაზე ისაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს ამ მისიას, თუკი სააგენტოს ექსპერტებთან ორივე მხარე ითანამშრომლებს.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ, უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

„ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.

____

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დატოვებისკენ მოუწოდებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: