მთავარი,სიახლეები

რუსეთმა გადამალა აზოვის პოლკის მეთაურობა – დენის პროკოპენკოს ცოლი

15.08.2022 • 1604
რუსეთმა გადამალა აზოვის პოლკის მეთაურობა – დენის პროკოპენკოს ცოლი

„აზოვის“ პოლკის მეთაურის ცოლი, ეკატერინა პროკოპენკო ამბობს, რომ დენის პროკოპენკო რუსეთშია გადაყვანილი. თუმცა ამ ინფორმაციას დღემდე ოფიციალურად არ ადასტურებენ სახელმწიფო სტრუქტურები და წითელი ჯვარი.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ რუსეთში ჰყავთ გადაყვანილი და ამასაც არ მიდასტურებენ. დენისის ადგილსამყოფლის შესახებ რუსული მედიასაშუალებებისგან შევიტყვე. სახელმწიფო სტრუქტურები ამ ინფორმაციას ბოლომდე ვერ ადასტურებენ, რადგან მართლა ძალიან რთულია ამ ვითარებაში რაიმეს დადასტურება. რუსეთმა გადამალა პოლკის მეთაურობა, მალავს ასევე სხვა ოფიცრებსაც და არ ამხელს, სად ჰყავს ისინი. ველოდებით, რა იქნება შემდეგ,“ – ამბობს ეკატერინა პროკოპენკო.

დენის პროკოპენკოს ცოლი აკრიტიკებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც მისი თქმით, ოჯახებს ტყვეებზე ინფორმაციას უნდა აწვდიდეს და რომლის გარანტიითაც მარიუპოლის დამცველები ტყვედ ჩაბარდნენ.

„ეს წითელი ჯვრის საქმეა – აღწეროს ყველაფერი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, სადაა ჩემი ქმარი. რუსეთშიც რომ იყოს, ხომ უნდა არსებობდეს კავშირი წითელი ჯვრის მოსკოვის ფილიალთან, მაგრამ არ არის. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ტყვეების ადგილსამყოფელი არ გაახმაურონ.“

დენის პროკოპენკოს ცოლი ეკატერინა პროკოპენკო/ფოტო: Суспільне

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც წითელმა ჯვარმა დაურეკა ახლობლებს და აცნობა, რომ მათი შვილები ან ქმრები ოლენოვკაში ან ნოვოაზოვსკში იყვნენ, თუმცა ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის, პირობებისა თუ წამების შესახებ არ მიუწოდებიათ.

„რატომ არ იყვნენ ოლენოვკაში წარმომადგენლები, რომლებიც ნახავდნენ, რომ სიებში არ იყო ის ხალხი, ვინც იმ საშინელ ბარაკში გადაიყვანეს? რატომ არ ადევნებდნენ თვალს, რომ იქ გარშემო საფლავებს თხრიდნენ? იმისთვის, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილი დაღუპულთა და დაჭრილთა სიები შემოწმდეს, საჭიროა, იქ რომელიმე დამოუკიდებელი ექსპერტული მხარე ჩავიდეს, ასეთი კი არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო წითელი ჯვარი ან გაერო, მაგრამ არ არის, ამიტომაც არ გვჯერა ამ სიების,“ – ამბობს ეკატერინა.

დენის პროკოპენკოს ცოლი აღნიშნავს, რომ ოლენოვკაში დაბრუნებულ ტყვეებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები არ უნახავთ, ისინი მხოლოდ „აზოვსტალიდან“ გასვლისას ნახეს.

________

მარიუპოლის დამცველებმა რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ „აზოვსტალი“ 16-17 მაისს დატოვეს და რუსეთს ჩაბარდნენ. მათი ნაწილი მაშინ დონეცკში, ოლენოვკაში გადაიყვანეს, ნაწილი კი ნოვოაზოვსკის კლინიკაში.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსების ტყვეობაში 2 500 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.

ივნისის ბოლოს უკრაინამ პირველი მასშტაბური გაცვლის ფარგლებში 144 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიბრუნა, მათ შორის 95 „აზოვსტალის“ მებრძოლი იყო.

ივნისში რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები მოსკოვში, ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან. იზოლატორი ოფიციალურად რუსეთის ფეესბეს ექვემდებარება. მედიას მეთაურების ვინაობა არ დაუზუსტებია.

28 ივლისის ღამით ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმის შედეგად რუსეთის თავდაცვის ინფორმაციით, 53 უკრაინელის სამხედრო ტყვე დაიღუპა და 75 დაიჭრა.

ამ სიებში არ იყვნენ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.

2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რა დაადგინა CNN-მა ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: