აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ასახელებს რუსული არმიის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც ახლა ყველაზე აქტიური ბრძოლები მიდის.
როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, ბრძოლები გრძელდება შემდეგ მიმართულებებზე: ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იზიუმ-სლოვიანსკის ხაზზე; სივერსკ-ლისიჩანსკის რაიონი; ბახმუტი; ავდეევკა-დონეცკის რაიონი და უკრაინის სამხრეთი.
ISW-ის ცნობით, ძალთა ასეთი გადანაწილება მიუთითებს, რომ კრემლი თავისი ჯარებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს ბახმუტს და სავარაუდოდ სივერსკამდე ტერიტორიას, ავდეევკის მიმართულებაზე კი აქტიურად იყენებს ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ძალებს და ცდილობს მათი დახმარებით დაიკავოს ტერიტორიები, რომელთა დაპყრობაც 2014 წელს ვერ შეძლო.
„იზიუმისა და სლოვიანკის გარშემო მოხალისეთა ბატალიონების მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ყურადღების ცენტრში არ არის და შესაძლოა, ძალიან დაუცველი აღმოჩნდეს უკრაინელთა კონტრშეტევების წინააღმდეგ,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევები რუსეთის სარდლობას სერიოზულ სირთულეებს უქმნის.






