მთავარი,სიახლეები

რუსმა სამხედრომ ჟურნალისტს უამბო, როგორ დახოცეს უკრაინელები ანდრეევკაში

15.08.2022 • 1588
რუსმა სამხედრომ ჟურნალისტს უამბო, როგორ დახოცეს უკრაინელები ანდრეევკაში

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იმ რუსი სამხედროების ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ დღეებში კიევის ოლქის სოფელ ანდრეევკაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა სამხედრომ ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივი მოქალაქის მკვლელობაც აღიარა.

Важные истории-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თებერვლის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ანდრეევკაში რუსეთის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა იდგა.

სამხედროების იდენტიფიცირება იმ ტელეფონის დახმარებით მოხერხდა, რომელიც მათ ადგილობრივ მცხოვრებს წაართვეს. ტელეფონი ჯარისკაცებმა სოფლიდან გასვლის შემდეგ დატოვეს, თუმცა მასში ფოტოებიც დარჩა – როგორ პოზირებდა ოთხი სამხედრო ავტომატებითა და მოპარული მედლებით.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ისინი იყვნენ 64-ე მოტორმსროლელი ბრიგადის სამხედროები: დანიილ ფროლკინი, დიმიტრი დანილოვი, რუსლან გლოტოვი და ივან შეპელენკო.

ამ ფოტოებში ანდრეევკის მცხოვრებლებმაც ამოიცნეს სამხედროები, რომლებიც მათ სახლებს ძარცვავდნენ და მათ თანასოფლელებს ესროდნენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დასახლებულ პუნქტში შესვლის შემდეგ რუსი სამხედროები სახლებში დადიოდნენ, გაჰქონდათ პირადი ნივთები, პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტყვედ აჰყავდათ კაცები, რომლებსაც შემდეგ ხელებშეკრულებსა და დახვრეტილებს პოულობდნენ.

სასაფლაო ანდრეევკაში, სადაც ოკუპაციის დროს დახოცილი მოქალაქეები დაკრძალეს

რუს ჟურნალისტებთან ლაპარაკს ოთხი სამხედროდან ორი დათანხმდა – დანილოვი და ფროლკინი.

დანილოვი იხსნებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები ჯერ კიდევ იანვარში გაგზავნეს „წვრთნებზე“ ბელარუსში:

„გვითხრეს, რომ სამი დღით მათ შესაშინებლად წავიდოდით. სპეცოპერაცია დაიწყება, ლუგანსკსა და დონეცკს აღიარებენ სახალხო რესპუბლიკებად, შეიყვანენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და თქვენ მალე გამოხვალთო“.

დიმიტრი დანილოვი ჟურნალისტებს უყვება, რომ მაროდიორობდა და სოფლის მცხოვრებლებს ძარცვავდა, რადგან ჯარისკაცებს მხოლოდ სამი დღის მარაგი მისცეს. დანილოვი ამტკიცებს, რომ მას მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.

ჟურნალისტები ორჯერ ელაპარაკნენ მეორე სამხედროს, დანიილ ფროლკინს. პირველი ინტერვიუს დროს ის ვინმეს მკვლელობას უარყოფდა, თუმცა ინტერვიუდან რამდენიმე საათის შემდეგ ჟურნალისტებს მესინჯერით დაკავშირება და საუბრის ჩაწერა სთხოვა.

„მე, 51460 სამხედრო ნაწილის მოსამსახურე, გვარდიის ეფრეიტორი, დანიილ ადნრეევიჩ ფროლკინი, ვაღიარებ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ანდრეევკაში ჩავიდინე, სამოქალაქო პირების დახვრეტას, მოსახლეობის ძარცვას, მათთვის ტელეფონების წართმევას და ასევე იმას, რომ ჩვენს მეთაურობას ყ***ზე ჰკიდია ჩვენი მებრძოლები, მთელი ქვეითი ჯარი, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის,“ – უთხრა ფროლკინმა ჟურნალისტებს.

ის იხსენებს, რომ მარტში მეთაურებმა ის და კიდევ რამდენიმე რიგითი ანდრეევკის სამი მცხოვრების სახლების გასაჩხრეკად წაიყვანეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანი დახვრიტა ფროლკინმა.

„პოდპოლკოვნიკმა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ალექსანდ პროკურატმა, ფული თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი, დოკუმენტები და ტელეფონები ჩვენ მოგვცა და გვითხრა ისინი დაგვეხვრიტა. მეც ავდექი და ერთს ვერსროლე,“ – ჰყვება დანიილ ფროლკინი.

„იმ დეტალების მიხედვით, რასაც ფროლკინი ჰყვება, ლაპარაკია 12 მარტს ვადიმ განიუკის, ვიტალი კიბუკევიჩისა და რუსლან იარემჩუკის მკვლელობაზე. დანიილმა სავარაუდოდ რუსლან იარემჩუკს ესროლა, თუმცა მოკლული ფოტოზე ვერ იცნო, ამბობს, რომ შესაძლოა შოკის გამო ბევრი რამ დაავიწყდა. მოგვიანებით დანიილმა მოკლული იარემჩუკის ფოტო აჩვენა თავის თანამებრძოლს, რომელიც ჩხრეკისას იქ იმყოფებოდა და მან დაუდასტურა, რომ ფროლკინმა სწორედ ამ კაცს ესროლა,“ – ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ფროლკინმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ საბოლოოდ ვერ გაიგო, რატომ და რისთვის იბრძოდა.

რუსლან იარემჩუკი/ფოტო: ოჯახის არქივიდან

სოფელი ანდრეევკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აპრილში გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ოკუპაციის განმავლობაში იქ 13 ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა იმყოფბოდა ბუჩაშიც, სადაც რუსმა სამხედროებმა მასობრივად აწამეს და დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები.

რუსი სამხედროები ანდრეევკაში, ფოტო ტელეფონიდან/სააგენტო: Unian

მთავარი ფოტო: რუსი სამხედროები, რომელთა ვინაობაც ჟურნალისტებმა დაადგინეს/ფოტო: Важные истории

გადაბეჭდვის წესი


ასევე: