მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 22-ჯერ დარეკეს – რა გამოვლინდა

15.08.2022 • 2388
ბათუმის ნავთობტერმინალის წინააღმდეგ მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე 22-ჯერ დარეკეს – რა გამოვლინდა

ოფიციალური დოკუმენტებით, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა, ირკვევა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გარემოსდაცვით შეთანხმებებს ტოტალურად არღვევს.

შემოწმების აქტებში ჩამოთვლილია უამრავი დარღვევის შესახებ, რომლებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები წერენ. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ დარღვევებთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა – ეს გადაწყვეტილება დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კიდევ ერთი სარჩელი კი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა, დამრღვევის დაჯარიმებით დასრულდა. სასამართლომ 5000 ლარი დააკისრა ნავთობტერმინალს და გონივრული ვადა მისცა დარღვევის გამოსასწორებლად. გარემოს ზედამხედველობითი სამსახური ამ მიღწევით კმაყოფილი დარჩა და გადაწყვეტილება აღარ გაასაჩივრა.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან 8 ივლისამდე პერიოდში, მხოლოდ ცხელ ხაზზე, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით 22 შეტყობინება შევიდა.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, საქმიანობის განხორციელების პროცესში, სრულყოფილად არ ასრულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით გათვალისწინებულ პირობებს:

  • ტერმინალი არ ახორციელებს აირგამათანაბრებელი სისტემის აირების მერკაპტანებისგან და გოგირდწყალბადისაგან გამწმენდი ფილტრების ყოველდღიურ კონტროლს ნავმისადგომის უბანზე.
  • არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული რეზერვუარების დაბინძურებული პარკების გაწმენდის და რეაბილიტაციის გეგმა-გრაფიკი, რეზერვუარების პარკების ზვინულების შიდა ტერიტორიების ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული საწარმოო და სანიაღვრე ჩამდინარე წყლებით დატბორვასთან, დაკავშირებით აღმკვეთი ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი.
  •  არ აქვს განახლებულ საწარმოში ექსპლუატირებული ნავთობდამჭერების ექსპლუატაციების ინსტრუქციები.
  • არ აქვს შემუშავებული თხევადი გაზის უბნის ტერიტორიაზე არსებულ დაუმთავრებელ შენობაში სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების საწყობის მოწყობის პროექტი.
  •  არ გააჩნია 2021 წელს  საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განახლებული გეგმა.
  •  არ განუხორციელებია კაპრეშუმის უბანზე არსებული სატუმბი სადგურის შენობის დემონტაჟი და სატუმბი სადგურის ახალ შენობაში განთავსება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს ასევე, რომ კომპანია არ ახორციელებს ნარჩენების მართვის გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებს:

„უნაპირო ნავმისადგომის უბანზე, 2022 წლის 8 იანვარს განხორციელებული დათვალიერებისას, დაფიქსირდა არამარკირებული ნარჩენების შეგროვების კონტეინერები. ასევე, არ აქვს გაფორმებული შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე კომპანიებთან ხელშეკრულება სახიფათო ნარჩენების გადაცემის შესახებ.“

კომპანიას ასევე არ ქვს შემუშავებული სამინისტროსთან შეთანხმებული რეკულტივაციის გეგმა:

ინსინერატორის ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ნაცარი არ აქვს დასაწყობებული „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად (სარკოფაგი არ არის გადახურული). გზშ ანგარიშით გათვალისწინებული საქმიანობის, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყების, დასრულებისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ არ უცნობებია საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ასევე წერს, რომ კომპანიამ 2022 წლის 28 აპრილს, მაღალი მერკაპტანების შემცველობის „თენგიზის“ ნავთობის კაპრეშუმის უბნის რეზერვუარებში გადატვირთვა განახორციელა სარკინიგზო ესტაკადიდან (№2), რომელიც არ არის აღჭურვილი ჰერმეტული ჩამოცლის სისტემებით და გზშ ანგარიშის შესაბამისად, №2 ესტაკადა გათვალისწინებულია მაზუთის მიღება-გადატვირთვის ოპერაციებისთვის. ამ დროს  არ იყო დაცული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ გაფრქვევის ნორმების პროექტით დადგენილი ნორმები:

„ბათუმში, მაიაკოვსკის და გოგოლის ქუჩაზე, ჩატარებული გაზომვებით დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში გოგირდწყალბადის კონცენტრაციის (0,014 მგ/მ ) გადამეტება (ზდგ ნორმა – 0,006 მგ/მ ).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: