ბაიდენი უკრაინისთვის კიდევ 800 მლნ-ის სამხედრო დახმარებას გეგმავს – Reuters

პრეზიდენტ ჯო ბაიდანის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს დღეებში გაფორმდეს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დახმარების გასაცემად გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, რომელიც მას უფლებას აძლევს გასცეს ჭარბი იარაღი შეერთებული შტატების მარაგებიდან.

თეთრ სახლს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ ესტონეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარების ფარგლებში, ესტონეთი უკრაინაში ტყვიამფრქვევებსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს გაგზავნის.

როგორც გამოცემა Politico გუშინდელ სტატიაში აღნიშნავდა, აპრილის შემდეგ ევროპიდან სამხედრო დახმარების კლება შეინიშნება.

„ივლისის განმავლობაში ევროპის ექვს უდიდეს ქვეყანას უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები არ აუღია – მსგავსი რამ თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს მიუთითებს, რომ ევროპის სამხედრო დახმარება შესაძლოა მნიშნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს – წერს გამოცემა Politico კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით.

უკრაინაში დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი – რუსეთის თავდასხმების შედეგი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დოკუმენტურად დადასტურდა და აღირიცხა ომის 29 184 დანაშაული, ასევე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 13 593 დანაშაული.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაზარალდა 1078 ბავშვი, მათ შორის დაიღუპა 362 და დაიჭრა 716 ბავშვი.
ეს რიცხვი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს, რადგან ყოველდღიურად დგინდება ომის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი ცხელ წერტილებსა და ოკუპირებულ, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი, 376 ბავშვი, დონეცკის რეგიონში დაზარალდა, 202 – ხარკოვში, კიევში – 116, ჩერნიგოვში, – 68, ლუგანსკში – 61, ნიკოლაევში – 60, ხერსონში – 55, ზაპოროჟიეში კი – 40.

როგორც ცნობილია, 17 აგვისტოს ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის  აფეთქების შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, დაშავდა 12 და 13 წლის კიდევ ორი ბავშვი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვების შედეგად უკრაინაში დაზიანდა 2328 სასწავლო დაწესებულება, მათგან 289 სრულადაა განადგურებული.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აგვისტოს 21 საათიდან 20 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღამით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი; დღისით კი, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა კვლავ +28 გრადუსია.

 

ბეშუმი და მწვანე ტბა – დანაგვიანებული კურორტები

კურორტ „ბეშუმის“ და მწვანე ტბის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიების დაბინძურებაზე საუბრობს. მათი თქმით, გარშემო ყველაფერი დანაგვიანებულია განსაკუთრებით სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ – ამ დღეებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ნაგავს კი იქვე ყრიან, სადაც მოესურვებათ.

თორნიკე აბულაძე აქტივისტია. ის ბეშუმში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბეშუმში კიდევ უფრო მეტადაა დაბინძურებული კურორტის ცენტრალური ნაწილები.

მისი თქმით, მდინარე, რომელიც ბეშუმის ცენტრთან ახლოს ჩამოდის, უკვე წლებია დაბინძურებულია პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებით თუ სხვა ნარჩენებით. ის ამბობს, რომ ბეშუმში არასდროს შეუნიშნავს დასუფთავების სამსახურს ხულოში მდინარის გაწმენდაზე ეზრუნოს.

„ბეშუმის ცენტრში არ არის პატარა ბუნკერები, რომლებიც სეირნობისას შეიძლება გამოიყენოს აქაურმა დამსვენებელმა.

ბეშუმის ცენტრალურ ნაწილს ასუფთავებენ, თუმცა შუამთობის დროს ბევრი ხალხია და დანაგვიანებაც მაღალია. ნაგვის ურნებთან კი კიდევ უფრო მეტი ნაგავი გროვდება. [ნაგავი] არ ეტეოდა ურნებში და გატანასაც ვერ ახერხებდა დასუფთავების სამსახური“, – გვითხრა თორნიკემ.

თორნიკემ ისიც გვითხრა, რომ დაბინძურებულია გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე იაილებთან ჩამომავალი მდინარეებიც. ფიქრობს, რომ ამას იაილებში  ნაგვის ურნების არარსებობა იწვევს.

„პრობლემაა ისიც, რომ ხულოდან მომავალ გზაზე ბეშუმამდე საერთოდ არსადაა ნაგვის ურნა, რომ ტურისტმა გააჩეროს [მანქანა] და ნაგავი სანაგვე ურნაში ჩაყაროს“.

მდინარე ბეშუმთან. ფოტო/თორნიკე აბულაძე
კურორტი ბეშუმი. ფოტო/თორნიკე აბულაძე
ბეშუმის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო/თორნიკე აბულაძე.
მდინარე ბეშუმთან. ფოტო/თორნიკე აბულაძე

ხატია კოჩალიძე ლეკიძირში ცხოვრობს. ეს იაილა მწვანე ტბასთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ხატია და ლეკიძირის მოსახლეობა ხშირად გადადის ტბაზე.

ხატიამ გვითხრა, რომ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია ძირითადად დანაგვიანებულია.

„იქ [მწვანე ტბაზე]  ნაგვის 4 ურნა დგას, მაგრამ თვეში ერთხელ ან ორჯერ მოდის მანქანა ნაგვის გასატანად. სამწუხაროდ, ურნები არ არის საკმარისი და ყველგან ნაგავია დაყრილი“, – გვიყვება ხატია.

„სადაც სპორტული შეჯიბრებები ეწყობა [ფეხბურთის მოედანზე], იქ აწყობენ გარე ვაჭრობასაც და რახან ნაგვის ურნები არ არის, ნაგავს ძირში ყრიან.

[შუამთობაზე] ერთ გოგოსთან კამათიც კი მომივიდა. ვუთხარი, რომ ქვებში არ ჩაყაროთ ნაგავი-მეთქი და აი, აბა სად წავიღოო?

შუამთობამდეც და მანამდეც იყო დანაგვიანების პრობლემა მწვანე ტბაზე და მიმდებარედ. შუამთობაზე კი გარევაჭრობები მოეწყო და უარესად დანაგვიანდა იქაურობა“, – ამბობს ხატია.

ხატიამ გვითხრა, რომ მეზობლებს შუამთობის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მოედნისა და მწვანე ტბის ტერიტორიების ერთად დასუფთავება შესთავაზა: „[შუამთობაზე] ყოველ წელს ყრიან ნაგავს და აი, მობეზრდა მოსახლეობასაც. ყოველ წელს მოდიან, ანაგვიანებენ და თავიანთი ნაგავი არ გააქვთ“.

ხატია ფიქრობს, რომ საჭიროა ნაგვის ურნების დამატება და ასევე, ნარჩენების ოპერატიულად გატანა.

„საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის დანაგვიანება. პირუტყვი ამ ნაგავს ჭამს და ეს ძალიან ცუდია.

შუამთობის პერიოდში ყოველ წელსაა ეს პრობლემა. ადრე არ იყო ნაგვის ურნები. ახლა არის და მაინც იგივე პრობლემაა“.

მწვანე ტბა. ფოტო/ხატია კოჩალიძე.
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია. ფოტო/ხატია კოჩალიძე.
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია.
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ხულოს მუნიციპალური სერვისის დირექტორი, დიმიტრი შავაძე, ამბობს, რომ მთაში საზაფხულო სეზონის დაწყებისას ნაგავი დაახლოებით 3-4 დღეში ერთხელ გააქვთ. „ახლა, აქტიურ სეზონზე, ყოველ მეორე დღეს დავდივართ და გაგვაქვს ნაგავი. გუშინ გვყავდა სანდასუფთავების მანქანა ბეშუმში და მწვანე ტბაზე“.

დიმიტრი შავაძის თქმით, ბეშუმის დასუფთავებას კურორტის დირექცია უზრუნველყოფს, ხოლო მწვანე ტბისა და გოდერძის უღელტეხილის დასუფთავებაზე ხულოს მუნიციპალური სერვისი ზრუნავს.

„ერთი თანამშრომელი მწვანე ტბაზეა, ერთი გოდერძის უღელტეხილზე. ისინი ყოველდღიურად ასუფთავებენ ცენტრებს [მწვანე ტბის და გოდერძის უღელტეხილის] დილის საათებში“, – გვითხრა დიმიტრი შავაძემ.

„აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი ცოცხალია

დმიტრო კოზაცკი, მეტსახელად „ორესტი“, რომელიც მთელმა მსოფლიომ „აზოვსტალში“ გადაღებული ფოტოებით გაიცნო, მაისის შემდეგ რუსების ტყვეობაშია.

ბოლო თვეების განმავლობაში ახლობლებს მის შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ. დმიტრომ ოჯახს ოლენოვკაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაურეკა და მთავარი ამბის თქმა მოასწრო – რომ ცოცხალია.

მისი და, დარია იურჩენკო, იხსენებს, რომ 2 აგვისტოს მის მობილურზე რუსული ნომრიდან დარეკეს. თავიდან იფიქრა, რომ ისევ „კეთილისმსურველი“ რუსები იქნებოდნენ, თუმცა შორიდან ნაცნობი ხმა გაისმა.

„ალო, დიმა ვარ“, „რა?“ „დიმა ვარ“ – შოკში ვიყავი. ვეკითხები, დიმა როგორ ხარ, ცოცხალი ხარ? ჯანმრთელად ხარ?“  – იხსენებს დარია.

ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვის შემდეგ, ოჯახი განსაკუთრებულად ღელავდა. დმიტრომ დას უთხრა, რომ ჯანმრთელადაა და დონეცკის ოლქში იმყოფება.

„როცა დარეკა, იქვე „გამომძიებელი“ ედგა, როგორც ჩანს დარეკვის უფლება მისცეს,“ – ამბობს დარია.

საუბარი მოკლე იყო, ზუსტად ისეთივე რამდენიმეწამიანი, როგორც თვეების წინ, როდესაც დმიტრომ ოჯახთან დარეკვა პირველად მოახერხა.

„მე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს, მიპასუხა, რომ მასაც და ტირილი დაიწყო. ორივე ავტირდით,“ – დარიას თქმით, იმ დღეს დიმას დედასთან დარეკვის უფლებაც მისცეს.

_________

დმიტრო კოზაცკი 2014 წელს უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ მონაწილე იყო, 2015 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, 2017 წლიდან კი  – „აზოვს“.

2022 წლის პირველი მარტიდან დმიტრო, მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფებოდა, მაისში კი ტყვედ ჩაბარდა.

დმიტრო კოზაცკის შესახებ მსოფლიომ ტყვეობამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 მაისს შეიტყო, როდესაც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა მედიაში.

26 წლის დმიტრო კოზაცკი, რომელსაც მარიუპოლში „აზოვსტალის თვალს“ ეძახდნენ, ამ ფოტოსესიისთვის პრესტიჟულ პოლონურ კონკურსზე, Grand Press Photo 2022-ზე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

ისარგებლე სილქნეტის ახალი სერვისით ,,შენი ოთხეული“ და ისაუბრე მობილურზე ულიმიტოდ

თუ ხარ სილქნეტის ოპტიკური მომსახურების ნებისმიერი კომბინაციის მომხმარებელი, შენთვის განსაკუთრებული შეთავაზება იწყება! დღეიდან, სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული ნომრებით რჩეული ოთხეულის შექმნა და ერთმანეთთან ულიმიტო საუბარი შეგიძლია.

ჩართე შენი ოთხეული, მინიმუმ 2 ნომრით. 2 ან 3 ნომრის არჩევის შემთხვევაში, გადაიხადე მხოლოდ 3₾, 4 ფავორიტი ნომრის ჩართვისას კი – 4₾.

გაიაქტიურე სერვისი ცხელი ხაზის (032)2100100 მეშვეობით ან ამისთვის, გვეწვიე ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში.

*თუ უკვე სარგებლობ სილქნეტის ოპტიკური სერვისებით, მაგრამ ჯერაც არ ხარ სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული, საშუალება გაქვს სულ რამდენიმე წუთში დაპორტირდე ონლაინ საკუთარი ნომრით, მიიღო საჩუქრები სილქნეტისგან და გაიაქტიურო სერვისი შენი ოთხეული

* ხოლო თუ, უკვე სარგებლობ სილქნეტის მობილური ქსელით, თუმცა არა ოპტიკური სერვისებით, დარეგისტრირდი დღესვე, შეარჩიე შენზე მორგებული ნებისმიერი ოპტიკური სერვისი, შეუკვეთე მარტივად ონლაინ,  დარეკე ცხელი ხაზზე ან ეწვიე ნებისმიერ სერვის ცენტრს. ამის შემდეგ, გაიქტიურე შეთავაზება- შენი ოთხეული

გაიგე მეტი შენი ოთხეულის შესახებ.

რატომ განაგრძობს რუსეთი ხარკოვზე თავდასხმებს – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ხარკოვზე რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე მაისის შემდეგ ვითარება თითქმის არ შეცვლილა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი იყო ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამუდმებით იბომბებოდა.

ხარკოვი, რომელიც რუსეთის ფრონტის ხაზიდან მხოლოდ 15 კილომეტრითაა დაშორებული, დაზარალდა, რადგან ის რუსეთის არტილერიის ნებისმიერი ტიპისთვის მისაწვდომი ზონაა. ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა დანადგარებმა და არაზუსტმა ზონალურმა შეიარაღებამ გამანადგურებელი ზიანი მიაყენა ქალაქის უდიდეს ნაწილს,“ – წერს დაზვერვა 19 აგვისტოს რელიზში.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმია ხარკოვის სექტორზე ლოკალურ თავდასხმებს განაგრძობს და ამით ცდილობს, აიძულოს უკრაინა, ამ სექტორზე დატოვოს თავისი ძალების დიდი ნაწილი, რათა სხვა ტერიტორიებზე კონტრშეტევებისთვის ვეღარ გამოიყენოს.

უკრაინული მედიის ცნობით, 17 აგვისტოს რუსეთმა ხარკოვში სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დაარტყა. 18 აგვისტოს ღამით კი რუსეთმა ბელგორადიდან ხარკოვისკენ 8 რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთი მათგანი 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის თანახმად, რუსეთის ძირითადი საბრძოლო ტანკების მწყობრიდან გამოსვლის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის არმია სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იყენებს ტანკების დინამიკური დაცვის სისტემას (ERA).

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე აფეთქების შემთხვევაში ყუბანში ნიადაგი 300 წელი გამოუსადეგარი გახდება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარია ზიანს მიაყენებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მის მეზობელ სახელწიდოებს, მათ შორის რუსეთსაც, რომლის გარკვეული ტერიტორიაც შესაძლოა ასობით წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი გახდეს – ამბობს ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტი ოლგა კოშარნა.

როგორც მან 24-ე არხს უთხრა, მეცნიერებმა გააკეთეს მოდელირება, თუ სად და როგორ გავრცელდება რადიონუკლიდები მძიმე ავარიის – აქტიური ზონის გადნობის შემთხვევაში.

მეცნიერების გათვლებით, ყველაზე საშიში ზონა 50-100 კილომეტრის რადიუსი იქნება, ყველა მიმართულებით ატომური ელექტროსადგურიდან. რადიონუკლიდების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია მიაღწევს კიევამდე. გარდა ამისა,  ჰაერის დაბინძურება შესაძლებელია მეზობელ სახელმწიფოებში – ბელარუსის აღმოსავლეთ ნაწილში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

„ეს სრულიად რეალისტური სცენარია, ეს მონაცემები დადასტურებულია, მათ უნდა ვენდოთ“, – ამბობს ოლგა კოშარნა და დასძენს, რომ ერთი ზონის გადნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) საზომით – მე-7 დონეა, რაც  ფუკუშიმა 1-ზე მომხდარ ავარიის შედეგებს უტოლდება. – „თუ დასავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქნება, რადიონუკლიდებს რუსეთის ტერიტორიაზე წაიღებს. კრასნოდარის მხარე და ყუბანი სოფლის მეურნეობისთვის მომდევნო 300 წელი გამოუსადეგარი იქნება.“

რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე – მოკლედ:

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნება, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავს. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევაა, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაადანაშაულონ.
  • ანტონიუ გუტიერეშის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება იქნება. გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში გუშინ ჩავიდა და 19 აგვისტომდე დარჩება.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კი განაცხადა, რომ, მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
  • უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
  • დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა შეიყვანეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
  • „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
  • მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს,  გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
  • ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
  • რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.

___

რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ კიევი ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნება.

კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს რომ რუსეთს დააბრალოს – რუსეთის თავდაცვა

კერძო ექსპერტ-შემფასებელი ყალბი დასკვნის მომზადებისთვის პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ფეიკ თავდასხმას ამზადებს, რათა უკრაინას დააბრალოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი სავარაუდოდ ქმნის საინფორმაციო საფუძველს ე.წ. False-flag ოპერაციისთვის*, რათა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაცია უკრაინულ მხარეს დააბრალოს.

გუშინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დღეს, 19 აგვისტოს, უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციისთვის ემზადება, რათა ბირთვულ კატასტროფაში შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს.

„ამავე დროს, „როსატომმა“ 19 აგვისტო მოულოდნელად დასვენების დღედ გამოაცხადა ზაპოროჟიეს სადგურზე მყოფი თანამშრომლებისთვის. სადგურის კადრებში, რომლებიც ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გაჩნდა, ჩანს ხუთი რუსული სატვირთო მანქანა ერთ-ერთ რეაქტორთან.

ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთის ძალების ამზადებენ წინაპირობებს, რომ სადგურზე პროვოკაცია მოაწყონ და სადგურზე მომხდარ ნებისმიერ მოვლენაში უკრაინული მხარე დაადანაშაულონ,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW ყირიმში გუშინ მომხდარ აფეთქებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მის ანალიტიკოსებს მიზეზებისა და ზიანის დამოუკიდებლად შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 18 აგვისტოს, სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა სევასტოპოლთან, ბელბეკის ავიაბაზაზე.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებს, ISW-ის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის არმია განაგრძობდა წარუმატებელ შეტევებს აღმოსავლეთის მიმართულებაზე, თუმცა 18 აგვისტოს, პირველად 6 ივლისის შემდეგ, რუსეთს არანაირი ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევია.

*False-flag ოპერაცია – იმგვარად მოწყობილ სამხედრო ქმედებაა, რომ კონფლიქტის მეორე მხარეს დაჰბრალდეს.

____

რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ კიევი ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნება.

კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს რომ რუსეთს დააბრალოს – რუსეთის თავდაცვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 1 899 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 4 195 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1016 ერთეული [+6]
  • MLRS – 266 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 197 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 795 ერთეული [+21]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 130 ერთეული [+69]
  • სპეცტექნიკა – 94 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 770 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 366 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 347 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 807 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 315 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 958 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პრიტულას თქმით, 3 ბაირაქტარისთვის შეგროვილი 17 მილიონით ჯარს თანამგზავრი უყიდა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

90-დან 26 გადავრჩით – „აზოვის“ ყაზახმა მებრძოლმა უკრაინის დაცვისთვის სიმამაცის ორდენი მიიღო

„საჭმლის ფულს ვიკლებ და წამალს ვყიდულობ”- მარტოხელა შშმ ქალი ხულოდან

40 წლის შორენა ძირკვაძე ხულოდანაა. შორენას სმენისა და მხედველობის უნარები აქვს დაქვეითებული. მარტო ცხოვრობს.

შორენას ექიმებთან სიარული ბათუმში უწევს. დამოუკიდებლად გადაადგილება მისთვის რთულია. ესეც რომ არა, ხულოდან ბათუმამდე და უკან, ყოველი გადაადგილებისას 20 ლარი სჭირდება.

„დიდი ხანია ვითხოვ და მივმართავ მერიას, რომ შშმ პირებს გვჭირდება სპეციალური ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი, შესაძლებელია ხელმოწერებით გაკეთდესო მითხრეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს“.

გარდა შეზღუდული შესაძლებლობებისა, რის გამოც შორენას შშმ პირის სტატუსი აქვს, ონკოლოგიური პრობლემებიც დაეწყო.

რახან ბათუმის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ონკოჰემატოლოგი არ ჰყავთ, შორენას თბილისის ერთ-ერთ კლნიკაში უწევს ხშირად წასვლა.

„ონკოდაავადების დაზღვევა არ მაქვს, შშმ პირის დაზღვევაში ეს არ შედის. არ მეხება ეს დაზღვევა და ყველაფერს ჩემით ვიხდი. მერე კალკულაციას ვაკეთებთ და მერია, დეპუტატები და ჯანდაცვის სამინისტრო მეხმარება.

კვლევები როცა მჭირდება, ჯერ მე უნდა გადავიხადო და მერე ჯანდაცვა მიფინანსებს“, – ამბობს შორენა.

შორენას, როგორც თავად ამბობს, მხედველობა მხოლოდ 1 პროცენტი აქვს. 11 ოპერაცია დასჭირდა, რომ შეჩერებულიყო თვალის ჩინის დაკარგვის პროცესი, მაგრამ ოპერაციები უშედეგო აღმოჩნდა.

„დავქორწინდი წლების წინ და მაშინ დამეწყო მხედველობის დაქვეითება. ჩემამდე ოჯახის რესურსმა არ მოაღწია. მკურნალობდნენ ოჯახის სხვა წევრს, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ჩემი ქმრის ოჯახისთვის ჩემი ჯანმრთელობა არ იყო პრიორიტეტი“, – ამბობს შორენა.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, შორენამ სკოლაც დაასრულა და ფარმაცევტის კურსიც. ახლა წყალკანალში მუშაობს დამხმარე ლაბორანტად. მუშაობა მისთვის მარტივი არ არის, მაგრამ სათვალის დახმარებით ართმევს თავს მოვალეობას.

„ყურებში სმენის აპარატი მაქვს და ამით ვიგებ, რომ მანქანა მოდის ქუჩაში და უნდა გავჩერდე. სამსახურში სათვალე მეხმარება და ასე ვცხოვრობ.

ჩემი და-ძმა შორს არიან – ერთი წალკაშია, ერთი – პოლონეთში, როგორ დამეხმარებიან შორიდან.

ქორწინებაში დიდხანს ვერ გავძელი, ძალადობდნენ ჩემზე და გავეყარე“, – ამბობს შშმ ქალი.

წამლები რომ იყიდოს, შორენა ამისთვის სოციალური დახმარების ფულს იყენებს ხშირად. როგორც გვეუბნება, წამლების 300-ლარიანი ლიმიტი აქვს წლიურად, რაც კარგა ხანია ამოეწურა და ივლისიდან მოყოლებული თავად ყიდულობს მედიკამენტებს.

„300 ლარი მხოლოდ ონკოწამლებში მჭირდება ყოველ თვეში. გარდა ამისა, ბევრი სხვა რამის წამალიც მჭირდება. შშმ პირის პენსიის გარდა 60-ლარიანი სოციალური დახმარებაც მაქვს, საჭმლის ფულს ვაკლებ და წამლებს ვყიდულობ“, – ამბობს შორენა ძირკვაძე.

90-დან 26 გადავრჩით – „აზოვის“ ყაზახმა მებრძოლმა უკრაინის დაცვისთვის სიმამაცის ორდენი მიიღო

ყაზახეთის მოქალაქე დიუსემბინ ჟასულანი, საბრძოლო მეტსახელით „ჯაზი“, „აზოვის“ წევრია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2021 წელს შეუერთდა, ჯერ საარტილერიო დივიზიონში იბრძოდა, შემდეგ უკვე „აზოვში“.

თუკი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ყველასთვის 24 თებერვალს დაიწყო, მისთვის ეს 17 თებერვალს მოხდა, როდესაც რუსებმა დონეცკში განლაგებულ მის დანაყოფს ცეცხლი „გრადებიდან“ გაუხსნეს.

დიუსემბინ ჟასულანი, რომელმაც ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის უკრაინის სახელმწიფო ჯილდო მიიღო, თავის ისტორიას 24-ე არხს უყვება.

გზა ომისკენ

ჯერ კიდევ ყაზახეთში ვიყავი პროპაგანდის მსხვერპლი. არის გააზრებული პატრიოტიზმი და არის გულუბრყვილოც. 2011 წელს, როდესაც ხალხი ფულს იხდიდა, რომ არმიაში არ წაეყვანათ, მე პირიქით, ვიხვეწებოდი, რომ იქ მოვხვედრილიყავი. სამხედრო კომისარიატში გაოგნებულები მიყურებდნენ, რადგან კანონით მქონდა უფლება, არ მემსახურა – ოჯახში შემოსავლის ერთადერთი შემომტანი ვიყავი.

მოვახერხე და ყველაზე ელიტარულ დანაყოფში მოვხვდი – ყაზახეთის საზღვაო ქვეითთა ერთადერთ ბრიგადაში. ერთი წელი ვიმსახურე და მივხვდი, რომ „სამხედრო ფორმის“ გახდა არ მინდოდა, თუმცა ყაზახეთში სამხედრო სამსახურიც არ მომწონდა.

2015 წლიდან რამდენჯერმე მოვხვდი უკრაინაში და სულ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ეს ქვეყანა და გადავწყვიტე, თუ მას საფრთხე დაემუქრებოდა, მზად ვიქნებოდი, საკუთარი სიცოცხლე გამეწირა.

„ყაზახეთში ისეთი სისტემაა, მუდმივად მონობაში იქნები“

მივხვდი, რომ ყაზახეთში მომავალი ვერ მექნებოდა. საკუთარ სამშობლოში თავს უცხოდ ვგრძნობდი. ვგრძნობდი, რომ თავისუფლად სუნთქვა არ შემეძლო. იქ სადაც ვმსახურობდი, დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ ყაზახეთში ისეთი სისტემაა, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყო მონა, რომელსაც არანაირი თავისუფლება არ აქვს.

და თუ ამ თავისუფლებას მოინდომებ, ან უკვალოდ გაქრები, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე, ან უბრალოდ ციხეში ამოყოფ თავს.

მე ასეთი არჩევანი მქონდა – დამეწყო თავისუფლებისთვის ბრძოლა იქ და უკვალოდ გავმქრალიყავი სხვებივით ან მეცხოვრა რაღაც მეტისთვის და თავისუფლების ჰაერით მესუნთქა.

2014 წელს პირველად დავინტერესდი უკრაინით. მანამდე უბრალოდ გეოგრაფია ვიცოდი, ვიცოდი, რომ იყო რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და სხვა სლავური სახელმწიფოები.

დიუსემბინ ჟასულანი/ფოტო: 24tv.ua

2015 წელს პირველად დავიწყე თავისუფლად ფიქრი

ყაზახეთში ძალიან ძლიერია რუსული მედიის გავლენა. მეც ვუყურებდი ამ მედიას და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში საშინელებაა ცხოვრება, რომ აქ სისტემა კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ყაზახეთში და რომ აქ სასტიკი ხალხი ცხოვრობს.

მე თვითონ ისეთ რეგიონში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ყველა რუსულად ლაპარაკობს და მეც პრინციპულად არ ვლაპარაკობდი ყაზახურად. ასე მიიჩნეოდა და ასე იყო მიღებული, რომ თუ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობ, „კოლმეურნე გლეხი“ ხარ. მაშინ, პროპაგანდის გავლენით, მეც ვფიქრობდი: „ეს ხომ დაუშვებელია, რომ ადამიანებს უკრაინაში რუსულად ლაპარაკს უკრძალავენ?“

როცა მაიდანი დასრულდა, ბილეთი ვიყიდე და გადავწყვიტე, ეს ქვეყანა ჩემი თვალით მენახა. ჩამოვედი და შემიყვარდა. მივხვდი, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ვიყავი, რომ ძალიან სასტიკად მომარტყეს და მაშინ, 2015 წელს, ალბათ პირველად დავიწყე თავისუფლად ფიქრი.

შოვინიზმი და იმპერიალისტური სული

„სხვისი ჭირი“ ჩვენი ყველას საერთო პრობლემაა, როდესაც მთავარია შენ იყო კარგად და სულერთია, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში.

რუსეთი მხოლოდ აგრესორი ან ტერორისტი ქვეყანა არაა. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში რუსეთი შოვინიზმითა და იმპერიალისტური სულით იტანჯება. კი გადაწერეს საკუთარი ისტორია და მთელი ქვეყანაც სხვებისგან მითვისებულ მიწებზეა აშენებული: ყუბანი და ბელგოროდი – უკრაინის მიწები იყო, ასტრახანი, ომსკი, ორენბურგი – ყაზახეთის, არის კიდევ იაპონიის, საქართველოსა და კიდევ სხვათა ტერიტორიები.

ჩემი დაკვირვებით, რუსებმა კარგად იმუშავეს უკრაინაში, რათა ის „დასავლეთად“ და „აღმოსავლეთად“ დაეყოთ. ასეთივე სამუშაო გაწიეს სპეცსამსახურებმა ყაზახეთშიც. დიახ, ჩვენც მსხვერპლი ვართ, თუმცა თუ ჩვენ კვლავაც „სხვისი ჭირის“ პრინციპით გავაგრძელებთ ცხოვრებას, ეს ომი ვერაფერსაც ვერ შეცვლის.

არის ასეთი გამოთქმა „ჩემოდანი-ვაგზალი-რუსეთი“ – ყველას, ვინც „რუსულ სამყაროს“ უჭერს მხარს, მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას.

ყაზახეთში ბევრი რუსია, ვისაც მართლა უყვარს ჩვენი კულტურა და თავს ყაზახად მიიჩნევს, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც იმპერიალისტური იდეებითაა შეპყრობილი და მიიჩნევს, რომ ეს ჩვენ ვართ სტუმრები საკუთარ სამშობლოში.

ამ არაჯანსაღ ხალხს რომ უსმინო, მიხვდები, რომ ეს მთელი სახელმწიფოს ავადმყოფობაა და ეს ავადმყოფობა რუსეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელებულია.

„90-დან 26 გადარჩა, მაგრამ ბრძანება შეასრულეს“

ბევრი ისეთი მომენტია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ვოლნოვახის გარშემო პოზიციებს ვამაგრებდით, მაგრამ რუსებმა ჩვენი პოზიცია ერთი მხრიდან გაარღვიეს. მტერი შიგნით შემოვიდა და შიგნიდან დაიწყო ჩვენი განადგურება. წამებში იღუპებოდნენ მებრძოლები. უკან უნდა დაგვეხია, სხვა გზა არ იყო.

ერთადერთი დერეფანი გვქონდა და იმასაც გამუდმებით ესროდნენ. ექვსი ტყვიამფრქვევიდან გვიშენდნენ ცეცხლს. რკინიგზაზე როცა გადავირბინეთ, დავინახე, რომ იქაც მეტყვიამფრქვევე იჯდა და როგორც ტირში ესვრიან ხოლმე სამიზნეებს, ისე გვესროდა.

ჯერ კვაზირესპუბლიკების სამხედროები მოდიოდნენ, იმათ უკან კი – კადიროველები. საშინელი ბრძოლა იყო. მძიმე შეიარაღებაც არ გვქონდა.

90-დან 26 გადავრჩით, მაგრამ ბრძანება შევასრულეთ „მუშტებით ტანკების წინააღმდეგ“, ვლადიმიროვკის იქით მტერმა ვეღარ წაიწია.

ამ ბრძოლაში დავიჭერი, სამი ნამსხვრევი მომხვდა და ჰოსპიტალში მოვხვდი, თუმცა ჭრილობებზე უარესი ძლიერი ტვინის შერყევა იყო. იმ ბრძოლის გახსენებისაც კი მეშინოდა, მარჯვენა ყურიდან ორი დღე მდიოდა სისხლი და ერთი კვირა ყურებში ხმაური არ გაჩერდა.

11 დღის შემდეგ ომში დავბრუნდი.

დიუსემბინ ჟასულანი/ფოტო: 24tv.ua

„იურიდიულად დაუცველი ვარ“

ყაზახეთში ხალხი მუდმივად ხედავს რუსულ კლიპებს, როგორ მიდიან რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ყაზახები უკრაინაში საომრად. ისინი პუტინის ხელისუფლების პერიოდში გაიზარდნენ და ზომბირებულები არიან, თუმცა სოციალურ ქსელებში ხედავენ იმასაც, რომ არიან ყაზახები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

ჩემი ვიდეოებიც გაჩნდა სოციალურ ქსელებში და ბევრ ყაზახს მოსწონს ისინი.

სპეცსამსახურების ყურადღებაც მივიქციე და ბოლოს ერთ-ერთი უწყების საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საქმე აღიძრა ყაზახეთის მოქალაქეზე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის. მედიასაშუალებებმა ჩემი ფოტოებიც გამოაქვეყნეს. თუმცა საქმე ისაა, რომ მათ საქმის აღძვრა ოფიციალურად არ შეუძლიათ მანამდე, ვიდრე პირადად იქ არ ვიქნები.

ყაზახეთში მელოდებიან და მეძებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც შევიტყვე, უკრაინაში ყაზახეთის საელჩოში არ მიმესვლება, რადგან აქ არის ხალხი, ვინც ჩემს ყაზახეთში დაბრუნებას ეცდება და თუ დამაბრუნებენ, 10 წელი პატიმრობა მემუქრება.

ნამდვილად ვაპირებ უკრაინის მოქალაქეობის მოთხოვნას. ამისთვის საჭიროა, უარი ვთქვა ყაზახეთის მოქალაქეობაზე – ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს და სისხლითაც დავამტკიცე, რომ ფიცი სწორედ უკრაინას მივეცი.

თუმცა არის სამართლებრივი ნიუანსები – უკრაინის მოქალაქეობა რომ მივიღო, საერთაშორისო პასპორტი მჭირდება (ჩემი დოკუმენტები ერთ-ერთი აფეთქებისას დაიწვა). ამისთვის უნდა მივიდე ყაზახეთის საელჩოში, სადაც ვერ მივალ.

რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება?

ფილოსოფიური საკითხია. ყაზახეთის სისტემაში როდესაც ცხოვრობ, ასე ფიქრის უფლება არ გაქვს, რადგან ამ ფიქრებს მერე კითხვების დასმამდე მიჰყავხარ.

ჩემთვის თავისუფლებაა, როდესაც მე არჩევანის უფლება მაქვს.

თავისუფლება ნიშნავს – ყოველდღე მინდოდეს სიცოცხლე.

ახლა ომში ვარ და მაშინაც კი, თუ ჩემი სიცოცხლე შეწყდება, მეცოდინება, რომ ადამიანებს თავისუფლად სუნთქვა შეუძლიათ.

რადგან ეს ომი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეცვლის სიტუაციას.

მთავარია – როგორმე ეს იმპერია დავანგრიოთ, რომელიც არავის აძლევს თავისუფლების შანსს, არც უკრაინელებს, არც ყაზახებს, არც ბელარუსებს.

უკრაინის გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის გახდება ბრწყინვალე მაგალითი და მტკიცებულება, რომ დიდებას შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლით მიაღწიო.

მჯერა, რომ ყაზახეთის ხალხი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთთან კავშირს გაწყვეტს.

მთავარი ფოტო: დიუსემბინ ჟასულანი/ფოტო: 24tv.ua

„მინდა, ქართველებს ქართულად ვესაუბრო” – უკრაინელები ბათუმში ქართულს სწავლობენ

„მე ვარ, შენ  ხარ, ის არის. აი წიგნი, აი რვეული, აი კარადა… დარია, აბა გაიმეორე“, – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეჩვიდმეტე აუდიტორიაში ქართული ენის გაკვეთილი ტარდება. ომს გამოქცეული უკრაინელები ქართულს უკვე ერთი თვეა სწავლობენ. გაკვეთილს ესწრება ცოლ-ქმარიც ჩვილ ბავშვთან ერთად.

უკრაინელებისთვის კურსი ოთხთვიანია. ქართულ ენას ახლა 12 ზრდასრული მოსწავლისგან შემდგარი უკრაინელების 4 ჯგუფი სწავლობს.

უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი მაია კიკვაძე უკრაინელების მსგავსად სხვა არაქართულენოვან ჯგუფებსაც ასწავლის სახელმწიფო ენას, მათ შორის თურქებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს:

„ბოლო დროს განსაკუთრებით მოიმატა ქართული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვმა. უკრაინელების ოთხ ჯგუფს ვასწავლით ქართულს და როგორც ჩემთვის ცნობილია, კიდევ ბევრი ელოდება საკუთარ რიგს კურსებზე ჩასაწერად.

ქართული ენის ფილოლოგი, პროფესორი მაია კიკვაძე უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად ქართულის გაკვეთილზე

8 აგვისტოს დავიწყეთ ენის კურსი და ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ. ამ პერიოდში ქართული ენის საკომუნიკაციო დონეზე შესწავლა შესაძლებელია. ძალიან მობილიზებული და აქტიური ჯგუფებია. ცხადია, ჩემი მოსწავლეები არიან სწორედ ამ ომის დროს უკრაინიდან წამოსული მოქალაქეები. რასაც ვაკვირდები ძირითადად ხერსონიდან და ხარკოვიდან ჩამოსული რუსულენოვანი უკრაინელები არიან“, – ამბობს ქართული ენის პროფესორი.

უკრაინის მოქალაქეები ქართული ენის გაკვეთილზე

კატერინა შვეციც ქართული ენის კურსს ესწრება, პროფესიით რეანიმატოლოგია. ამბობს, რომ უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მცირეწლოვანი შვილის გამო მიიღო.

„როცა შვილი გყავს, გონება სხვანაირად ალაგებს პრიორიტეტებს. სადაც საფრთხეა, იქიდან ინსტინქტურად გარბიხარ, სულერთია სად. მთავარია, საფრთხეს გაარიდო პატარა ადამიანი. პატარა შვილი რომ არ მყოლოდა, აუცილებლად დავრჩებოდი უკრაინაში, მაგრამ ასე მოხდა, რომ საქართველოში ჩამოვედი.

ენის სწავლის გადაწყვეტილები მარტივი მიზეზით მივიღე: როცა ქვეყანაში ცხოვრობ, იმ ქვეყნის ენა უნდა გესმოდეს, ეს მისი მოქალაქეების და ამ ქვეყნის ელემენტარული პატივისცემაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენვე გვჭირდება კომუნიკაცია და ადაპტაცია ადგილობრივებთან.

ვინ იცის, როდის დავბრუნდებით უკრაინაში. ვინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რომც დასრულდეს, რამდენი დრო დასჭირდება განადგურებული ქვეყნის აღდგენას და განაღმვას? ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ქართული აუცილებლად უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს კატერინა შვეცი.

კატერინა შვეცი

დარია დანელია მეუღლესთან და რამდენიმე თვის შვილთან ერთად ესწრება ქართული ენის გაკვეთილს. მესამე შვილი დარიამ საქართველოში გააჩინა:

„მინდა რუსულად საუბარი ავირიდო თავიდან. არ მინდა, ქართველებს საქართველოში რუსულად ვესაუბრო. ენას რუსები იარაღად იყენებენ. თუ მე ვიცხოვრებ საქართველოში, მეც და ჩემს შვილებს გვეცოდინება ქართული და ქართველებთან ქართულად ვისაუბრებთ. ჩემი მეუღლე აფხაზეთიდანაა, ქართველია. მას აფხაზეთში საკუთარი მშობლების საფლავი არ აქვს ნანახი.

რუსებმა მოაწყვეს ჯოჯოხეთი, რომელშიც ყველა უკრაინელი ვცხოვრობთ ახლა: დავდივართ, თითქოს ბათუმში ვართ, აქ ზღვაა, ზაფხულია, მშვენიერი, დასასვენებელი ადგილებია, მაგრამ გაშეშებულები დავდივართ. ჩვენს თვალებში ისევ ომის კადრებია, ეს დღეები არ დაგვავიწყდება. ხანდახან გვეუბნებიან: ნახეთ, რა ლამაზ ქალაქში ხართ, გაისეირნეთ, დატკბით…

დარია დანელია

ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ომი ისევ ჩვენშია და ამას ვეღარაფერი უშველის. როგორც ჩვენი ბებიები ტიროდნენ დღემდე მეორე მსოფლიო ომის საშინელებების გახსენებისას, ასე ვიტირებთ ჩვენც, სამუდამოდ.

ხანდახან ფეიერვერკების ხმისას შვილი მეკითხება ხოლმე: დედა, ბომბები ფეთქდება? არა, ფეიერვერკია-მეთქი, რომ ვუხსნი, არ იჯერებს, აბა მაჩვენეო, მპასუხობს“, – ამბობს დარია დანელია.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ბათუმის ოფისში ივლისიდან ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ბათუმში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერაა.

ქართული ენის გაკვეთილი უკრაინელებისთვის

დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, აქტივობები, რომლებიც ომით დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარება სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შეტყობინების წესის და რეაგირების მექანიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

ამავე პროექტის ფარგლები ტარდება არტთერაპიისა და ქართული ენის კურსები, როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულებისთვის. კურსები უფასოა.

ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ პროექტის ფარგლებში: „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის“ და „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ თანამშრომლობით.

უკრაინელები ქართული ენის გაკვეთილზე

როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თეონა დიასამიძე გვეუბნება, ქართული ენის გაკვეთილები ტარდება „ენის ამერიკულ ცენტრთან“ [American Language Center] თანამშრომლობით.

პროექტის ქართული ენის სწავლების კონცეფცია ეფუძნება ცნობილი ქართველოლოგის, ტარიელ ფუტკარაძის მიერ შემუშავებულ ქართული ენის სწავლების პრინციპებს.

პროგრამას წინ უძღოდა ჩვენი ცენტრების ქსელის მიერ ივლისში ჩატარებული  საჭიროების კვლევა უკრაინის მოქალაქეებს შორის. გამოვლინდა ენის კურსების საჭიროება. გარდა ზრდასრული უკრაინელებისა, 13 წლამდე არასრულწლოვნებისთვისაც ვატარებთ ქართული ენის კურსებს ჩვენს ცენტრში.

პროექტში საბოლოოდ უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე იქნება ჩართული“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

ქართული ენის გაკვეთილები

პროექტი ნაწილია პროგრამისა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის მხარდაჭერით.

იდუმალი სტუმარი – რამდენ რესტორანს შეამოწმებენ აჭარაში

აჭარაში მდებარე კაფეებსა და რესტორნებს იდუმალი სტუმრის დახმარებით შეამოწმებენ.

ბათუმში და აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში: ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სულ 100 კვების ობიექტი შემოწმდება იდუმალი სტუმრის მეთოდით.

ეს ნიშნავს, რომ წინასწარ შერჩეულ კვების 100 ობიექტზე მივა სტუმარი, დაათვალიერებს რესტორნის ან კაფეს ინტერიერს (მათ შორის, ჰიგიენის წერტილებს) და შეუკვეთავს კერძებს. შემდეგ, წინასწარ შედგენილი კითხვარის საფუძველზე, შეაფასებს როგორც კერძების, ისე მომსახურების ხარისხს.

„წლების განმავლობაში ვიკვლევთ კვებისა და განთავსების ობიექტებს. თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ კვების ობიექტებზე გაგვეკეთებინა კვლევა, რადგან პანდემიამ ძალიან დააზარალა ეს მიმართულება. გვსურდა ზუსტად გამოგვეკვლია, თუ რა გამოწვევები აქვს ამ სექტორს.

პანდემიის დროს დიდი ოდენობით პროფესიული კადრები გაედინა სექტორიდან. ბიზნესმა აიყვანა ახალი. გვაინტერესებს, ამ ახალი კადრების პირობებში რა გამოწვევების წინაშე დგას სექტორი. რადგან ჩვენი სურვილია როგორც ახალი, ისე ის კადრები, რომლებიც დარჩა და აგრძელებს მუშაობას, კიდევ უფრო უკეთესები გავხადოთ, გადავამზადოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი

მისივე თქმით, გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტმა ანალოგიური კვლევა სოფლად და მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო სასტუმროებში ჩაატარა.

„პროექტი იდუმალი სტუმარი არის შემუშავებული იმისათვის, რომ გავიგოთ სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სად აქვთ  სუსტი რგოლი, რა სეგმენტში სჭირდებათჩვენი (დეპარტამენტის) დახმარება.

ასევე, ვაფასებთ რამდენად შეიცვალა სურათი. რამდენად გაუმჯობესდა, იმავე პოზიციაზე ან განიცადა უკუსვლა. ჩვენი გამოცდილებით სერვისის მიმართულებით გვაქვს წინსვლა, ზოგან ეს შეიძლება იყოს თვალსაჩინო, ზოგან კი მცირე პროგრესია,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია „ბი-სი-ჯი“ ჩაატარებს. ამ კომპანიამ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

კვლევა სამი თვის განმავლობაში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) ჩატარდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 21 670 ლარი დაიხარჯება.

თამარ კაიკაციშვილის განმარტებით, წლის ეს დრო საგანგებოდ შეირჩა, რადგან შეემოწმებინათ, სარესტორნო ბიზნესი როგორ ართმევს თავს დატვირთულ სეზონს.

„ახლა არის ცხელი სეზონი, ამიტომ გვაინტერესებს, როდესაც დატვირთვა მეტია, კრიტიკული სიტუაციაა, ამ დროს როგორ ართმევს სექტორი თავს.  ასევე გვაინტერესებს მილევად, პასიურ და გარდამავალ პერიოდშიც სექტორის შესაძლებლობები.

კარგი იქნებოდა, მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდეთ სექტორს, მაგრამ ამას ფინანსები სჭირდება. იმ ფინანსების გათვალისწინებით, რაც ამ პროგრამისთვის არის გამოყოფილი, სწორი დრო უნდა შევარჩიოთ. სწორი დრო არის ის დრო, როცა სექტორის განწყობები, ქცევები და სერვისის ხარისხის დონე უფრო უკეთესად შეგვიძლია დავინახოთ,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

მომსახურების სექტორში კვლევას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2014 წლიდან ატარებს. როგორც დეპარტამენტში ამბობენ, კვლევას წლების განმავლობაში დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა არის გამოწვევები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.

„2014 წლიდან დღემდე პროგრესი ნამდვილად არის, მაგრამ ჯერ არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს და გვინდა, რომ იყოს.

თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩამოვრჩებით პროცესებს. იმ ტენდენციებს, რა ტენდენციებიც არის სერვისის მიმართულებით, მივსდევთ. ეს პროექტი ჩვენთვის არის სახელმძღვანელო. რადგან აქედან მიღებული შედეგების განზოგადების შემდგომ ვგეგმავთ ჩვენს სატრენინგო და საგანმანათლებლო აქტივობებს მთელი წლის განმავლობაში.

ასე იყო, მაგალითად, სოფლის გესთჰაუსების კვლევის შემთხვევაში, აქ ამოვიდა მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ჩვენ მყისიერად იმავე წელსვე დავიწყეთ მოქმედებები. ხუთივე მუნიციპალიტეტის 26 სოფელში ჩავატარეთ ტრენინგები კვლევის შემდგომ,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

პრიტულას თქმით, 3 ბაირაქტარისთვის შეგროვილი 17 მილიონით ჯარს თანამგზავრი უყიდა

უკრაინელი ტელეწამყვანის, სერგი პრიტულას ფონდის მიერ მოწყობილი აქციის – „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვებული 600 მილიონი გრივნა (დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარი) კოსმოსური თანამგზავრის შეძენაზე დაიხარჯა.

როგორც „უნიანი“ იტყობინება, ფონდმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შეგროვებული თანხით სამი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონი ეყიდათ, თუმცა კომპანიამ ისინი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინას.

პრიტულას ფონდმა „ბაირაქტარების“ ნაცვლად ფინური დისტანციური ზონდირების კოსმოსური თანამგზავრის სრული მომსახურების პაკეტი შეიძინა. ეს, პრიტულას თქმით, დაეხმარება უკრაინის ჯარს „მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს მაღალი ხარისხის თანამგზავრული ფოტოები, რაც [მათ] დაეხმარება ოპერაციების ოპერატიულ დაგეგმარებაში“.

„შევიძინე თანამგზავრი. ეს არ არის უბრალოდ ერთი თანამგზავრი. ის გვაძლევს წვდომას ICEYE-ის [თანამგზავრის მწარმოებელი კომპანია – რედ.] თანამგზავრების ფოტოების ბაზაზე. მომსახურების ერთ წელიწადზე მეტის ღირებულება დავფარეთ. სროლის ხმა ხშირი იქნება“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

„უნიანის“ ცნობით, ICEYE-ის ჯგუფის აპარატები თვალს ადევნებენ დედამიწას მიკროტალღურ დიაპაზონში, რაც საშუალებას იძლევა, ფოტოები გადაღებული იყოს ამინდის პირობების ან დღის მონაკვეთის მიუხედავად. მონაცემები, როგორც წესი, ყოველ რამდენიმე საათში ახლდება.

ფოტოებზე, რომლებსაც ამ ჯგუფის თანამგზავრები იღებენ, ცალკეული ადამიანების სახის გარჩევაც კი შეიძლება.

ყირიმში დააკავეს დიჯეი, რომელმაც კარაოკეში უკრაინული სიმღერა ჩართო, შემკვეთი დააჯარიმეს

ლენინის რაიონის სასამართლომ ოკუპირებულ ყირიმში, „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის“ კარაოკე ბარის სტუმარი დიმიტრი გაინი დააჯარიმა, დიჯეი იური როდიონოვი კი 10 დღით დააკავა.

ინციდენტი დასახლება შელკინოში, კარაოკე-ბარ „კრაბში“ მოხდა.

„სასამართლოზე გაირკვა, რომ 12 აგვისტოს მოქალაქემ დიჯეის უკრაინული ნაციონალური სიმღერა „დიკოე პოლე“ შეუკვეთა. ამასთან, პროექტორზე გადიოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მადისკრედიტირებელი ვიდეოგამოსახულება და რუსეთში აკრძალული ნაცბატალიონის, „აზოვის“ სიმბოლია. ბოროტმოქმედმა ბრალი სრულად აღიარა და განმარტა, რომ ძალიან მთვრალი იყო“, – წერს გამოცემა „კომერსანტი“.

„ბოროტმოქმედი“ მოქალაქე სასამართლომ 50 ათასი რუბლით (850 დოლარი) დააჯარიმა.

რაც შეეხება დიჯეის, „კრიმ რეალიის“ ცნობით, მან ბრალი მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა. როდიონოვის თქმით, ის დიჯეის მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქისგან შეკვეთა მიიღო, თუმცა მისთვის უცნობი იყო როგორც სიმღერის, ისე მის კლიპში გამოყენებული ვიდეოს შინაარსი.

როგორც უკრაინული მედია წერს, ოკუპირებული ყირიმის ბარში რეპერ YARMAK-ის 2022 წლის მაისში გამოსული ეს სიმღერა ჟღერდა.

YARMAK FT. ALISA - ДИКЕ ПОЛЕ(ANIMATION CLIP)

 

კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს რომ რუსეთს დააბრალოს – რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე პროვოკაციას გეგმავს 19 აგვისტოს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში იქნება.

უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევაა, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაადანაშაულონ.

როგორც რუსეთის თავდაცვა ტელეგრამ არხზე წერს, პროვოკაციისთვის ემზადება ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „დნეპრი“ და ასევე, 44-ე საარტილერიო ბრიგადა, რომელიც უწყების ცნობით, 19 აგვისტოს სადგურისთვის ცეცხლის გახსნას ქალაქ ნიკოპოლიდან აპირებს.

„უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ გაავრცელა ჭორები, თითქოს რუსეთის არმიამ ატომური ელექტორსადგურის ოკუპაცია მოახდინა და სადგურის ტერიტორიიდან უხსნის ცეცხლს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის არმიას არ აქვს მძიმე შეიარაღება არც სადგურის ტერიტორიაზე და არც მის მიმდებარე რაიონებში. იქ მხოლოდ დაცვის დანაყოფები იმყოფებიან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს, რათა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უსაფრთხოება უზრუნველყონ,“ – ნათქვამია გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვის განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვა დასძენს, რომ მზადაა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარუდგინოს ფოტომტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ასეთი შეიარაღება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მყოფ რუსულ არმიას არ აქვს.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში უკრაინაში 17 აგვისტოს ჩავიდა. ის დღეს ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად სამმხრივ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 19 აგვისტოს ოდესის პორტს ეწვევა. ცნობილია, რომ გაეროს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი იქნება.

________

რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს.

როგორც ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვმა The New York Times-ს უთხრა, ომის ხუთი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ელექტროსადგურის სულ მცირე 100 თანამშრომელი აწამეს. მისი თქმით, ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყოველდღიურად უარესდება. ბოლო კვირაში კი განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გარშემო დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაციას ცდილობს.

უკრაინული მხარე მუდმივად საუბრობს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების დარღვევის საფრთხეზე. მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს,  გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა კი განაცხადა, რომ, მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.

დასავლური მედია ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ,  უკრაინის უშიშროების ცნობით კი, სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

„ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.

რუსეთი ძლიერი შეტევისთვის ემზადება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს – სტრატკომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტარტკომის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა შეიარაღების განსაკუთრებული რაოდენობა განალაგა. ძირითადად, სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერები რუსული წარმოების შორსმოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, C 300-ის მართვადი რაკეტებით.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი 24 აგვისტოს უკრაინის ტერიტორიაზე ძლიერი შეტევისთვის ემზადება.

სტრატკომი წერს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის ქალაქ ულან-უდედან გამოვიდა საბრძოლო მასალებით დატვირთული 28-ვაგონიანი ეშელონი. ამ ვაგონებით რუსებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სულ მცირე 32 რაკეტა გადაჰქონდათ. ეშელონი უკრაინის საზღვარს აგვისტოს 20 რიცხვის შემდეგ მიაღწევს, სწორედ ამიტომ ვარაუდობს უკრაინის სარდლობა, რომ შეტევა ამ რიცხვებშია მოსალოდნელი.

გარდა ამისა, სტრატკომის ცნობით, რუსეთის ქალაქ კოტოვოში არსებული სამხედრო საწყობიდან, ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში, რუსებმა C-300-ის რაკეტების 120 კონტეინერი გამოიტანეს.

უწყება აღიშნავს, რომ ასეთივე საწყობი ჰქონდათ მოწყობილი რუსებს ყირიმში, ჯანკოიში, სადაც წინასწარი შეფასებით, C-300-ის დაახლოებით 400-მდე სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი ინახებოდა.

„ჯანკოიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რთული სათქმელია, განადგურდა თუ არა ეს კომპლექსები,“ – წერს სტრატკომი.

შეიარაღების რაოდენობის ზრდა შეინიშნება ზიაბროვკაშიც, ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 22 კილომეტრში. პარალელურად, საზღვრებთან გრძელდება ბელარუსის სამხედრო წვრთნები.

მთავარი ფოტო: C-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემა/ფოტო: TACC

ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – Politico

ივლისის განმავლობაში ევროპის ექვს უდიდეს ქვეყანას უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები არ აუღია – მსგავსი რამ თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს მიუთითებს, რომ ევროპის სამხედრო დახმარება შესაძლოა მნიშნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს – წერს გამოცემა Politico კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინსტიტუტი ომის დაწყების პირველი დღიდან აწარმოებს უკრაინის სამხედრო დახმარების თრექერს, რომლის უახლესი მონაცემებიც დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთის, იტალიასა და პოლონეთს მოიცავს.

როგორც Politico აღნიშნავს, ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რასაც უკრაინის სამხედრო პირები და პოლიტიკოსები გამუდმებით იმეორებენ, რომ მთავარი ევროპული სახელმწიფოები ვერც კი უახლოვდებიან აშშ-ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში.

კრისტოფერ ტრებეში, იმ გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას თვალყურს ადევნებს, ამბობს, რომ მონაცემების მიხედვით, აპრილის შემდეგ ევროპის სამხედრო დახმარების კლება შეინიშნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, დახმარების ინიციატივები მცირდება“, – ამბობს ის.

მისი თქმით, გასულ კვირას კოპენჰაგენის შეხვედრაზე უკრაინისთვის განსაზღვრული 1,5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება „მიზერულია იმასთან შედარებით, რაც ომის საწყის ეტაპზე გამოიყოფოდა“.

„მე ვიტყოდი, რომ ეს გასაოცრად ცოტაა იმასთან შედარებით, რაც სასწორზე დევს“, – ამბობს ტრებეში.

ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი Politico-ს ეუბნება, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც საფრანგეთი და გერმანიაა, მეტს უნდა აკეთებდნენ უკრაინის დასახმარებლად.

„თუ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, აკეთებენ კი საკმარისს ამისთვის“, – ამბობს პაბრიკსი.

„ევროპამ უნდა გამოიღვიძოს“, – ამბობს ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რიჰო ტერასი. – „ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვდება, არამხოლოდ ჯარისკაცები, ქალები და ბავშვები. ხალხს რეალურად არ ესმის, რომ ჩვენ ომში ვართ.“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, 19 აგვისტოს, ღამით, მოსალოდნელია წვიმა. 20 აგვისტოს დღისით და მომდევნო 2 დღეს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს – მედია

უკრაინაში დღეს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ელოდებიან. ლვოვში გუშინ საღამოს უკვე ჩავიდა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში. ორივე ლიდერი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, სამმხრივ სამიტში მონაწილეობს.

„მოსალოდნელია, რომ ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს“, – დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება თურქული ტელეკომპანია A Haber-ის კორესპონდენტი ლვოვიდან.

„იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც ჩვენ რუსული წყაროებიდან მივიღეთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა შეხვედეს ვოლოდიმირ ზელენსკის. რუსული მხარე აცხადებს, რომ ლიდერებმა შესაძლოა განიხილონ და განსაზღვრონ ომის ე.წ. „საგზაო რუკა“ და შემდეგ მხარეებმა ამ რუკის განხორციელებაზე მუშაობა დაიწყონ“, – ამბობს CNN Turk-ი

დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ზელენსკის, ერდოღანსა და გუტიერეშს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია მითითებული, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა უკრაინას.

„მოლაპარაკების ფარგლებში, ლიდერები ისაუბრებენ თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტზე. ასევე, სამმხრივ სამიტზე განიხილავენ იმ პოტენციურ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული ექსპორტის მხარდასაჭერად და რუსეთ-უკრაინის ომის „დიპლომატიური გზებით“ დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტი 5 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა.

„სასწაული ამბავი მოვისმინეთ“ – რიჟვაძის თავდასხმა სახალხო დამცველზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ „ავარიული სახლების“ პროგრამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს გამოეხმაურა, ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ნაცების სახალხო დამცველი“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან შეზრდილი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

„როგორც მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის არის ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3000 ოჯახის მდგომარეობა და სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მხარდაჭერა გამოგვიხატა.

სახალხო დამცველმა, ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაცია – ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ და რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე მიიტანეს იერიში. საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ჩვენ აუცილებლად დავიცავთ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, ქალაქისთვის ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამის დაზიანების დისკრედიტაციის და მით უმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 18 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე.

რიჟვაძის ინფორმაციით, „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერიამ უკვე დაიწყო ოთხი სახლის ჩანაცვლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ გამოყოფილ ფართობში მიიღებს საცხოვრისს.

„მე მინდა ვთხოვო დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება“.

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით, მხოლოდ ერთი საკითხი იყო გათვალისწინებული და ის „ემ სი ქონსტრაქშენის მიმართ“ გარკვეული შეღავათების გაწევას, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობდა.

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1 907.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია [ეს მონაცემები 2022 წლის ივნისის შემდეგ არ შეცვლილა].

2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებული იყო 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105.

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის [18 აგვისტო] გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.“

„ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

ბათუმი-ახალციხის გზა გოდერძიზე გადაკეტილია – არის კლდის ჩამოშლის საშიშროება

 

მთავარი ფოტო: მაგისტრალის მონაკვეთი სადაც ცალმხრივი მოძრაობაა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

სახალხო დამცველმა  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს აძლევს უფლებას შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

„განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო,“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

წესი, რომელიც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, ასევე დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.

„წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისთვის აუცილებლია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს. განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.

მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დაჩქარებული წესით შეიტანა.

ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 44 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 889 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 179 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 1010 ერთეული [+17]
  • MLRS – 265 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 197 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 793 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 190 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 061 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 93 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 267 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 757 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 366 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 800 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 312 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 938 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმას პარტნიორებთან შეთანხმება არ გვიკრძალავს – რეზნიკოვი

რუსეთმა საბრძოლო კულტურა ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ვერ გააუმჯობესა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძირითადი საბრძოლო ტანკების მწყობრიდან გამოსვლის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის არმია სათანადოდ და ადეკვატურად ვერ იყენებს ტანკების დინამიკური დაცვის სისტემას (ERA).

„სწორად გამოყენების შემთხვევაში, დინამიკური ჯავშანი ამცირებს ჭურვის ეფექტიანობას ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ის ტანკს მოხვდება,“ – წერს უწყება 18 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ რუსეთის არმიამ თავისი საბრძოლო კულტურა ვერ გააუმჯობესა 1994 წლის ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როდესაც ჩეჩენმა მებრძოლებმა ხელის ტანსკაწინააღმდეგო ხელყუმბარებით ათობით რუსული ტანკი ააფეთქეს და დააზიანეს იმის გამო, რომ რუსულ ტანკებს ან არ ჰქონდათ დინამიკური დაცვის კონტეინერები, ან სხვადასხვა მიზეზით ვერ იყენებდნენ მათ.

„რუსული ტანკების ეკიპაჟებს აკლიათ მომზადება და დინამიკური ჯავშნის გამოყენების ტრენინგი, რის გამოც ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აუვნებელყოფენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ან საერთოდაც ვერ ახერხებენ ამას.“

დაზვერვის შეფასებით, ეს ომი არის რუსეთი სამხედრო სარდლობის წარუმატებლობის დადასტურება და ცხადად აჩვენებს, რომ მეთაურები სამხედრო დისციპლინის დაცვას ვერ ახერხებენ – სწორედ ესაა რუსეთის ძალების დაბალი ეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი.

ERA – დინამიკური ჯავშანი, საბრძოლო ჯავშანმანქანების დაცვის სისტემაა და შედგება მეტალის კონტეინერებისგან, რომლებიც ტანკის ძირითადი ჯავშნის ზედაპირზეა განლაგებული. ERA იყენებს ასაფეთქებელ ელემენტებს, რათა ტანკზე მოხვედრილი ჭურვის კუმულაციური ჭავლი და ჭურვის ეფექტიანობა შეამციროს და ხელი შეუშალოს ჯავშნის გარღვევას.

კონტრაფეთქების იდეა, რომელიც საფუძვლად დაედო დინამიკური ჯავშნის სისტემას, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებით, 1940-იანი წლების ბოლოს გაჩნდა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე დაკარგა 1 886 ტანკი და 4 162 ერთეული ჯავშანტექნიკა.

4 წლის ვლადიკი ყოველდღე უყვება ბათუმელ მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია

ბათუმში, ხმაურიან ეზოში, ბავშვებთან თამაშისას 4 წლის უკრაინელი ბიჭი – ვლადიკი, ყოველდღე უყვება მეგობრებს, რომ უკრაინაში ომია.

უკრაინულად იწყებს საუბარს.

  • რუსულად მოგვიყვები? – ვეკითხებით
  • არა – გვპასუხობს ბიჭი და გვიყვება, რომ მოვიდნენ „ორკები“ და თავს დაესხნენ უკრაინას.

„გავრბოდით, გავრბოდით და ისინი თავს გვესხმოდნენ. უკრაინაში ახლა ომია, იქ ყველას კლავენ. ჩვენები რომ გაიმარჯვებენ, ომი მერე დამთავრდება“, – ამბობს 4 წლის ბიჭი.

ვლადიკის დედა, მილა, ყველაფერს ეცადა, პატარა ვლადიკს არაფერი გაეგო უკრაინის ომის შესახებ. არწმუნებდა შვილს, რომ ზაპოროჟიედან ლვოვში, ლვოვიდან პოლონეთში, მერე კი პოლონეთიდან ბათუმში ჩამოფრენა მოგზაურობა იყო და არა მშობლიური ქალაქიდან გამოქცევა.

ომი დაიწყო? – რა სისულელეა!

 

ვლადისლავ ნაზიმოკი. ის ორი თვის წინ ჩამოვიდა ბათუმში დედასთან ერთად.

მილას არ გამოუვიდა. ვლადიკმა ყველაფერი გაიგო. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

24 თებერვალს, დილის 5:40 საათზე, მილას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. მილას და, მაშა, რეკავდა კარპატებიდან.

  • ომი დაიწყო, მოემზადეთ და წადით – ამბობდა მაშას ხმა
  • მაშა, რეებს იგონებ? დამაცადე დილამდე და მერე ვისაუბროთ – უპასუხა მილამ დას და ყურმილი დაკიდა.
  • ვინ იყო? – ჰკითხა მილას მძინარე ქმარმა.
  • მაშა იყო, ომი დაიწყოო
  • რა სისულელეა – თქვა მაშას ქმარმა და ძილი შეიბრუნა.

ასე დაიწყო მილა ნაზიმოკისთვის ომის პირველი დღე. არც მას და არც მის მეუღლეს რეალობის დანახვა არ სურდათ მანამ, სანამ დილით ტელევიზორი არ ჩართეს და ახალი ამბებიდან არ შეიტყვეს, რომ თავდასხმის კადრები ნამდვილი იყო და ომიც მართლა დაიწყო:

„ფართოდ გახელილი თვალებით და პირდაღებულები შევცქეროდით ტელევიზორს. ვერ ვიჯერებდით. შოკი გვქონდა. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში?

მერე გვეგონა, რომ ყველაფერი ორ დღეში დამთავრდებოდა, მაგრამ ომი გაგრძელდა და გაგრძელდა…

ჩავერთეთ მოხალისეობრივ საქმეებში, ორი კვირა არ მეძინა, ხალხს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევდი, მოხუცებს საკვებით ვამარაგებდით, ვაგროვებდით ინფორმაციას, სად და რა იყო საჭირო…

მამა ფარულად ჩაეწერა ტერიტორიული თავდაცვის ძალებში. მხოლოდ მას შემდეგ დარეკა, რაც მიიღეს. წვრთნებიდან დაურეკა დედას: „წავედი და აღარ დავბრუნდები, ომში მივდივარო, უთხრა“, – იხსენებს მილა ნაზიმოკი. ის ახლა 4 წლის შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

დედამისი, მამა, მეუღლე და ნათესავ-მეგობრები უკრაინაში რჩებიან. ამბობს, რომ თავადაც დარჩებოდა, რომ არა პატარა ვლადიკი.

„უკრაინაში დარჩენით გაცილებით მეტს გავაკეთებდი ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ვლადის გამო მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ მე შვილთან ერთად წავსულიყავი უკრაინიდან მას შემდეგ, რაც ჩვენს ქალაქში, ზაპოროჟიეში რუსებმა თავდასხმები დაიწყეს“, – იხსენებს მილა.

მინდოდა, ჩემს შვილს გაქცევა მოგზაურობად აღექვა და ვერ მიმხვდარიყო, რომ ომს გავურბოდით

მამასთან კავშირი აღარ აქვს. ის ახლა ცხელ წერტილებში იბრძვის და მხოლოდ მილას დედას ურეკავს იშვიათად. მილა მამის ამბებს დედისგან იგებს. მილას მამა ორჯერ მოხვდა ჰოსპიტალში: ერთხელ მხარში მძიმედ დაიჭრა, მეორედ სუსხიან დღეებში სანგრებში ყოფნის და სტრესისგან ტვინის შერყევა დაემართა.

„მამას ჰოსპიტალში რომ მივაკითხე სანახავად, მითხრა: შვილო, მოემზადე და წადი. ამის შემდეგ ყველაფერი მხოლოდ გართულდება, ეს მხოლოდ ომის დასაწყისია და დიდხანს არ დამთავრდებაო.

ჩავალაგეთ და წავედით. შვილს ვუთხარით, რომ ეს იყო მხოლოდ მოგზაურობა და დასასვენებლად მივდიოდით ლვოვში. იქ ვსეირნობდით, ვლადიკი ყველგან დამყავდა, თუკი სადმე გასართობი ადგილი იყო, მინდოდა გაქცევა მოგზაურობად აღექვა და ვერ მიმხვდარიყო, რომ ომს გავურბოდით ჩვენი ქალაქიდან.

თუმცა მალე ლვოვშიც აღარ დაგვედგომებოდა, განგაშის ხმები ძალიან გახშირდა და პოლონეთში წავედით ჩემს დასთან.

პოლონეთში ამ დროს უკვე ბევრი უკრაინელი იყო, გართულდა სამსახურის შოვნა, ბევრი ფორმალური საკითხი იყო მოსაგვარებელი, შეწყდა ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარება და მივხვდი, არც ერთი ქვეყანა არაა ვალდებული „გამიტანოს“.

საქართველოში წამოსვლა გადავწყვიტე, რადგან აქ ბევრი ტურისტია და ჩემი ერთ-ერთი პროფესიაც ტურიზმი, სასტუმრო და სარესტორნო საქმეა. ვიფიქრე, რომ ამ პროფესიით საქართველოში დასაქმებას ადვილად შევძლებდი და შევძლებდი საკუთარი თავის და შვილის უზრუნველყოფას“, – ამბობს მილა.

          ომის კრიზისიდან გამოქცეული მილა ბათუმში კრიზისმენეჯერად დასაქმდა

ქართველი მეგობრების დახმარებით მილა ბათუმში ჩამოვიდა. თავიდან ერთმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა, მერე კი უკრაინელთა დახმარების ცენტრიდან ის ბინა გამოუყვეს, სადაც ახლა ცხოვრობს სექტემბრამდე. ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ომიდან გამოქცეულმა მილამ კრიზისმენეჯერად დაიწყო მუშაობა. სამომავლოდ გეგმავს ბათუმში სარესტორნო და სასტუმრო სფეროში დასაქმებულებისთვის მომსახურების სერვისის სასემინარო კურსი შეიმუშაოს და ტრენერი გახდეს.

მანამდე კი იხსენებს საკუთარ ხალხს და უკრაინას, ახლობლებს, მეგობრებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კავშირი გაეწყვიტათ:

„ყოველი უკრაინელისთვის ეს ომი დიდი დარტყმა იყო. ჩვენ მართლა მიგვაჩნდა, რომ სლავი ხალხები დები და ძმები ვართ.

უკრაინელები სულიერად ძლიერი და მშვიდობის, სიცოცხლისმოყვარე ხალხია, ყველასთვის მხოლოდ სიყვარულის მოსურნე. სანაცვლოდ ისეთი ნეგატიური პასუხი მივიღეთ რუსეთისა და ბელარუსისგან.

ჩემმა ბევრმა ახლობელმა საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან. რუსეთში მცხოვრები მამა უკრაინაში მცხოვრებ ქალიშვილს ურეკავს და ეუბნება: ბანდეროველი ხარ, საკუთარ შვილებს ჭამთ თქვენ მანდო. შვილი ორი დღის წინაც ესაუბრებოდა მამას და ის ასე არ ფიქრობდა. რა ჩაუდეს მათ თავში ამ მცირე დროში? რა მოხდა?

მესმის, ომი ომია, მაგრამ რატომ აუპატიურებენ ორი თვის ბავშვებს და ქალებს? იპარავენ ქვაბებს, სარეცხ მანქანებსა და საცვლებს… ამასაც ვინმე უბრძანებთ, რომ ასე მოიქცნენ? ეს საშინელებაა და მტკივნეულია. საშინელებაა, რაც მოხდა ბუჩაში, ირპენსა და ხარკოვში. რატომ უნდა მოიქცე ასე არაადამიანურად, რატომ?

ყოველთვის იყოფოდა უკრაინა თითქოს დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად, ახლა ასეთი რამ აღარ არსებობს, ახლა ჩვენ ერთნი ვართ და ძალიან რთული იქნება ამ ერთობის გახლეჩა. ეს ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს.

მე არ მაქვს უფლება, მოვიდე და გითხრა: გასახლდი ამ ბინიდან, რადგან მე მინდა აქ ცხოვრება-მეთქი. ხომ მიპასუხებ შენ: ვინ ხარ, რას მოდიხარ ჩემთან, არ გაქვს უფლება, დაიკავო ჩემი სახლი, ბინა, გააბრაზო ჩემი შვილები და წაიღო ყველაფერი, რაც მაქვსო.

ეს საშინელებაა, არავის აქვს ამის უფლება“, – ამბობს მილა.

მილა და ვლადიკი ბათუმში

რამდენად რეალურია ატომური სადგურის აფეთქება და რა საფრთხეა საქართველოსთვის? – ინტერვიუ 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი „რადიაციული ინციდენტი“ საფრთხე იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის, თურქეთისა და უფრო მოშორებით მდებარე ქვეყნებისთვისაც. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. ის რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა.

რამდენად რეალურია ატომური ობიექტის აფეთქება და რა საფრთხე ელის საქართველოს?

„ბათუმელების“ კითხვებს ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,  გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ღონღაძე პასუხობს.

  • ბატონო ალექსანდრე, დავიწყოთ იმაზე საუბრით, თუ რა მასშტაბისაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მისი დაზიანება?    

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ჩერნობილის მერე ააშენეს (1984-1995 წლებში). დიდი სიმძლავრე აქვს. ყველაზე მეტი ატომური, ბირთვული საწვავია რეაქტორებში და ყველაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ.

რადგან ჩერნობილის მერე აშენდა, ყველა შეცდომა, რომელიც ჩერნობილში დაუშვეს, აქ იყო გათვალისწინებული. გაჟონვის შემთხვევაში, დაცვის სისტემაში შევიდოდა სარკოფაგი, რომელიც გადაეფარებოდა ამ ატომურ ელექტროსადგურს და არაფერი არ გაჟონავდა იქიდან.

ასე იყო აქამდე ცნობილი.

ახლა არანაირი ინფორმაცია არ არის, ეს სარკოფაგი ამოქმედდა თუ არა. არც რუსეთის და არც უკრაინის მხარე ამაზე არ ლაპარაკობს.

თუ რაკეტა მოხვდება, სარკოფაგი ვერ გაუძლებს. სარკოფაგი იმისთვის იყო, რომ გაჟონვა არ მომხდარიყო. რუსებმა დაიკავეს ელექტროსადგური და ახლა აბრალებენ უკრაინელებს, რომ ისინი ბომბავენ. ეს ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, რადგან თუ დაბომბეს და აფეთქება მოხდა ატომურ ობიექტზე, ფაქტობრივად, მთელი ევროპა და, პირველ რიგში, უკრაინა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.

ალექსანდრე ღონღაძე

საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება რუსეთიც და ბელარუსიც. მაგალითად, ჩერნობილის აფეთქების შემდეგ ბელარუსი უფრო დაზარალდა, ვიდრე უკრაინა. მანდ რომ მოხდეს რამე, ცხადია უკრაინა საფრთხეშია, მაგრამ რუსეთიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ჩვენც გვემუქრება საფრთხე, მაგრამ უფრო ნაკლებად. რატომ? ქარი მოძრაობს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

ჩვენ ჩერნობილისგან პირდაპირი ზემოქმედებით არ დავზარალებულვართ. დავზარალდით იმის გამო, რომ რადიოაქტიური ნივთიერებებით სავსე ღრუბელი წამოვიდა ჯერ ევროპისკენ, შემდეგ თურქეთში, სადაც დატრიალდა, წამოვიდა საქართველოსკენ და  ჩამოიცალა ჩვენთან.

  • რა საფრთხე ელის უკრაინას და ევროპას, თუკი ატომურ ელექტროსადგურს ააფეთქებენ? კიდევ რომელი ქვეყნები მოხვდებიან საფრთხის არეალში?

რუმინეთი, ბულგარეთი, მთელი ბალკანეთი იქნება საფრთხის ქვეშ. რუსეთი და ბელარუსი თავისთავად. თუმცა მაინც ყველაფერი ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული. ჩერნობილის ამბავი გავიხსენოთ – შვედეთმა აღმოაჩინა რადიაციული ფონის მატება. განგაშის ზარი რომ შემოკრა, მერე თქვეს მხოლოდ რუსებმა, ჩვენთან აფეთქდაო.

საქართველოსთვის საფრთხე იქნება – თუ აფეთქება მოხდა, ჩვენც დავზარალდებით, რაღაცა ნაწილი აუცილებლად მოვა. გამორიცხულია, რომ არ შეგვეხოს. პირველ ეტაპზე, რადიაციული ღრუბლის მიმართულება უნდა დადგინდეს, ჩვენკენ ხომ არ მოდის. როგორია ალბათობა იმის, რომ ისევ ჩვენკენ წამოვა, არ ვიცი.

უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ დავიცვათ წესები.

ჩერნობილი 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. პირველ მაისს ბავშვები გამოიყვანეს დემონსტრაციაზე და აწერინეს  ასფალტზე – მშვიდობა მსოფლიოს. ყველაზე დიდი კონცენტრაციით რადიაციული ნარჩენები გვხვდება ნიადაგში, ასფალტზე. ამის გამო ბავშვებმა მიიღეს რადიაცია, ამან მერე გამოიწვია სწორედ ის, რომ ბავშვები სისხლს აღებინებდნენ. რადიაციული ფონის დროს, წვიმაში არ უნდა გახვიდე გარეთ. ასევე, ბავშვები სახლში უნდა იყვნენ, რათა ნიადაგს არ შეეხონ.

ჩერნობილის დროს კახეთში, გურჯაანში, ვაზის ფოთოლზეც კი აღმოვაჩინეთ რადიაცია.

როცა რუსეთთან გაქვს საქმე, ძნელია პროგნოზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დიდ აფეთქებაზე ვერ წავლენ. არა იმიტომ, რომ ჰუმანურები არიან, არამედ თვითონაც ძალიან დაზარალდებიან.

  • რამდენიმე დღის წინ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ჭურვი ჩამოვარდა, რომელმაც რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი დააზიანა. ეს რას ნიშნავს? სამი დეტექტორის დაზიანება რამდენად სახიფათოა?

რადიაციის მონიტორინგის დეტექტორები ზომავს რადიაციის დონეს. სამი დაზიანდა, მაგრამ იქ ათი იქნება. ე.ი. 7 მუშაობს. პრობლემა  ეგ არ არის. კარგია, რომ რეაქტორს არ მოხვდა და მხოლოდ დეტექტორები დააზიანა. ეს იმდენად საფრთხეს არ ქმნის.

  • უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება გადაწყვიტოს. რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება ტექნიკურად?

ეგ შეიძლება, მაგრამ იქნება სისულელე. ძალიან დაზარალდება რუსეთიც. რუსეთს დაადანაშაულებენ ატომურ-ბირთვულ ტერორიზმში. თუ მან ეს ჩაიდინა, ეს იქნება ცალსახა, რომ ბირთვული ტერორისტია რუსეთი.

იგივეა, რომ ატომური ბომბი ისროლოს. პირველ რიგში, თვითონ დაზარალდებიან. არ მგონია, რომ მაგაზე წავიდნენ.

  • უკრაინის ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ეს რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს და რა ტიპის საფრთხეებს შეიცავს?

ეგ მგონია, რომ რეალურია. მოსალოდნელია რუსეთისგან მსგავსი ქცევა. თუკი გასვლა მოუწევთ, დანაღმავენ და მერე შეეცდებიან უკრაინელებს დააბრალონ. საფრთხე იქნება. მაგრამ ვფიქრობ, სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან დაეხმარებიან უკრაინას ამ საფრთხის განეიტრალებაში. ეს მსოფლიოსთვისაა საფრთხე. არ დატოვებენ მარტო უკრაინას.

  • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი აბი კალიუმის იოდიდი გადასცა. როგორ იცავს ეს პრეპარატი ადამიანს რადიაციისგან? რამდენად რეკომენდებულია მისი მიღება?

როცა ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვა ხდება, პირველად დიდი ოდენობით მოდის რადიაციული იოდი. ამ დროს ჩვეულებრივ იოდს იღებენ მცირე რაოდენობით, რომ ადამიანს ჰქონდეს იმუნიტეტი და დიდი რადიაციული იოდი არ მიიღოს.

მაგრამ იოდის მიღება სახიფათოა, რადგან მეორე მხრივ, თვითონ ეს იოდია საწამლავი. ექიმის დანიშნულების გარეშე მისი მიღება არ შეიძლება.

  • უკრაინული მხარე პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაპოროჟიეს სადგურისკენ რუსები ისვრიან. ასევე იმის შესახებ, რომ ამ სადგურის 100-მდე თანამშრომელი აწამეს. პროფესიულ წრეებში თუ ვრცელდება ამაზე ინფორმაცია და რა არის თქვენთვის ცნობილი?

არ ვიცი, არის კი რუსების ინტერესში რომ აწამონ? მეორე მხრივ, ატომურ ელექტროსადგურში ჰყავთ და არ უშვებენ გარეთ. ეს წამებაა, აბა რა არის? პროფესიულ წრეებში სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. მსგავსი არაფერი ჩვენ არ ვიცით.

  • უკრაინული ენერგოოპერატორის, ენერგოატომის განცხადებით, რუსეთი გეგმავს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანექსირებული ყირიმის ქსელს დაუერთოს, პროცესში კი სადგურს აზიანებენ. ეს რამდენად რეალურია?

ძალიან რთული იქნება. ვერც წარმომიდგენია… ცხადია, რუსეთს უნდა ატომურ სადგურზე არსებული ენერგია წავიდეს ყირიმში.  ამის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული იქნება. ელექტროენერგიის გადაცემას ხომ მავთული სჭირდება?  წარმოიდგინეთ ზაპოროჟიედან ყირიმამდე მავთულის გაჭიმვა. უკრაინელები უქმად ხომ არ იქნებიან? ამის წინააღმდეგი იქნება უკრაინა, ჩვეულებრივ საბრძოლო წინააღმდეგობას გაუწევს და მართალიც იქნება.

თან რუსეთს ეს მავთულიც არ აქვს. ირანს სთხოვს რაღაცებს. რომც მიიღონ, ხომ უნდა დაამონტაჟონ? უკრაინა გულხელდაკრეფილი არ იჯდება ამ დროს.

  • მსოფლიოს 42-მა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვებისაკენ. „რუსეთის სამხედროთა ყოფნა ხელს უშლის უკრაინას, დაიცვას ბირთვული უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კი – ობიექტზე თავისი უფლებამოსილებების შესრულებაში“ – ეწერა მათ მიმართვაში. რისი გაკეთება შეუძლია ამ პირობებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA)?

ეგ ძალიან დიდი ორგანიზაციაა და მაგის წინააღმდეგ ვერ წავა რუსეთი. თუ გაგიჟდა პუტინი, მაშინ… ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არის ძალიან ძლიერი ორგანიზაცია და მაგის წინააღმდეგ არც ერთი ქვეყანა ჯერ არ წასულა. რუსეთი ერიდება სააგენტოსთან კონფლიქტს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუვა საკუთარი ქცევის გამო.

საქონელს ნადირი რომ არ შეხვდეს, სულ თან დაჰყვები – რა გამოცდილებას აგროვებს მოზარდი მთაში

ხულოს მთა ლოდიძირში ორ ბოძზე გაბმულ დაგრეხილ თოკთან, შედარებით ვაკე ადგილზე, ახალგაზრდები ფრენბურთის სათამაშოდ იკრიბებიან. ლოდიძირში ხულოს რამდენიმე სოფლის მოიალაღეები ცხოვრობენ ზაფხულობით. შეკრებილი ახალგაზრდებიც სხვადასხვა სოფლიდან, სხვადასხვა ასაკის არიან. თბილი ჰუდი, ჟაკეტი აცვია ყველას, ცივა.

ის დროა, როცა საძოვარზე გარეკილი პირუტყვი სახლებში ბრუნდება, მემთეურები კი მათ დასაბინავებლად პატარ-პატარა ქოხებიდან, ხის რამდენიმესაფეხურიანი კიბის თავში, ხელში ვედროებით ჩნდებიან და სანამ თბილწინდებამოცმულ ფეხებს კალოშებში შეყოფენ, საქონელს ეძახიან – „მოდით, მოდით“.

ფრენბურთის სათამაშოდ შეკრებილი ახალგაზრდების რიცხვი თხელდება. მთებში მემთეურებად მხოლოდ შუახნის თუ უფრო ასაკოვანი ქალები არ დადიან. მემთეურობენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტი გოგონებიც.

როგორია 16-17 წლის მემთეურის ცხოვრება? – ამის გარკვევა ყვითელქურთუკიან გოგოსთან ვცადეთ. ის ფრენბურთს თამაშობდა და ალბათ, კიდევ რამდენიმე ბურთის ჩაწოდებას თუ აღებას მოასწრებდა მხოლოდ. მემთეურია. ინტერვიუზე უარი თქვა.

„ვისურვებდი, ყველაფერი იყოს სოფელში, რაც ქალაქშია“

ლიზი, ტყუპისცალთან ერთად, ნათესავებთან ცხოვრობს. იალაღზე 2 კვირით ავიდა დასასვენებლად.

ლიზი პაქსაძე 15 წლისაა, ხულოს სოფელ დანისპარაულიდან. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ იალაღზე პირველადაა. უხარია, რომ ბევრი ახალგაზრდა იკრიბება იაილების ცენტრში და შეუძლია მთელი დღე მათთან ერთად გაერთოს – ბურთი ითამაშოს. ამბობს, რომ ლოდიძირში არც ერთი დღე არ მოუწყენია.

დანისპარაული ხულოს ბოლო სოფელია, კურორტ გოდერძის მეზობლად. ლიზის თქმით, სწორედ ამიტომ ზამთარში მის სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები არ იწყენენ, მაგრამ ზაფხულში ჭირს გართობა.

ლიზი გვიყვება, რომ მის სოფელში არ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ცეკვა, კალათბურთი ან სპორტის სხვა სახეობა, რადგან არც მასწავლებლები ჰყავთ და არც შესაბამისი დარბაზები აქვთ. გვითხრა, რომ მეგობრებმა მხოლოდ ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაში იციან და ძალიან უნდათ, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ სპორტის ეს ან სხვა რომელიმე სახეობა.

„[სოფელში] ბავშვებისთვის გავაკეთებდი ბევრ გასართობ ადგილს, სადაც დროს გაატარებდნენ, გაერთობოდნენ და მოწყენილიც არავინ იქნებოდა“, – ამბობს ლიზი.

ლიზი ფიქრობს, რომ მისი სოფლის ახალგაზრდებს ძალიან გაუხარდებათ, სოფელში შესაკრები სივრცე რომ ჰქონდეთ. „ვისურვებდი, ყველაფერი იყოს სოფელში, რაც ქალაქშია“.

ლიზი გვიყვება, რომ დანისპარაულიდან დაბა ხულომდე მანქანით ერთი საათის სავალია. ეს კი სოფლის გოგო-ბიჭებს ხელს უშლის მუნიციპალიტეტში მოწყობილ სხვადასხვა შეხვედრას დაესწრონ. თუნდაც თეატრში წავიდნენ.

„საკუთარი მანქანა თუ გექნება, თორემ ისეა „მარშუტკით“ რომ ჩახვიდე, სახლში დაბრუნება დაგაგვიანდება“.

ლიზი პაქსაძე

„როცა სკოლა დამთავრდა, ეგრევე წამოვედი უკან, მთაში“

გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე გზა ბოლომდე მოასფალტებულია და ავტომანქანით 15-20 წუთში მიხვალ. მწვანე ტბამდე, გზად, იაილა – ლეკიძირი უნდა გაიარო. ზაფხულობით აქ ხულოს სოფელ რიყეთის მოსახლეობა მიერეკება პირუტყვს საძოვრებზე.

ლეკიძირის დასახლების ზევით, ფერდობზე, მინდორი იშლება – ადგილობრივებს ფეხბურთის მოედანი მოუწყვიათ. „შუამთობის დღეებში“ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ხულოს სხვადასხვა იაილის ახალგაზრდები ფეხბურთში უპირისპირდებიან ერთმანეთს. შეჯიბრს ბევრი მაყურებელი ჰყავს – მწვანე ტბაზე მიმავალი ყველა მგზავრი ჩერდება გზად.

აქ არის კახა გორგაძეც.

15 წლის კახა გორგაძე სოფელ რიყეთიდანაა და ლეკიძირში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უკვე 2 თვეა, რაც ლეკიძირშია. ჯერ პირუტყვი გადარეკა იალაღზე ბიძასთან ერთად. ოჯახის წევრებს იაილაში გადატანილი ბარგის დალაგებაში დაეხმარა და უკან, სოფელში დაბრუნდა. როცა სკოლა დამთავრდა, ეგრევე წამოვედი მთაშიო – გვითხრა.

კახა ცდილობს, მემთეურ დედას დაეხმაროს.

„ვეხმარები, მაგალითად, პირუტყვის გადენაში, მოყვანაში, დაბმაში. მერე, რძის ატანაში [სადგომიდან], პირუტყვის გამოკვებაში, ხბოს მოვლაში და ა.შ. ხანდახან, როცა არ მოდიან [ძროხები], ღამეების გათევა გვიწევს, პირუტყვს ვეძებთ, რაიმემ რომ არ დაგვიზიანოს“.

იაილებზე, მეგობრებთან ერთად, კახაც ახერხებს გართობას. გვითხრა, რომ ძირითადად ფეხბურთს თამაშობენ. „ზოგი მეგობარი ან ბათუმში იყო, ან თბილისში, ან სხვაგან და შუამთობაზე ამოვიდნენ“.

კახა გორგაძე
  • მე მწვანე ტბაზე ნაგვის ურნებს დავამატებდი, ნაგავი ყველგან რომ არ დაყარონ

თითქმის კახას თანატოლია ლუკა კოჩალიძეც. ის რიყეთის საჯარო სკოლაში მე-8 კლასამდე სწავლობდა. დიდი ხანი არ არის, რაც ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლასაც იქ აგრძელებს.

ლუკა შუამთობამდე რამდენიმე დღით ავიდა მთაში.

ლუკას თავისი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით ერთგვარი ხედვაც აქვს: გვითხრა, რიყეთში ტრენაჟორებს გავაკეთებდი და ატრაქციონებსაც მოვაწყობდიო. ფიქრობს, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომლებიც მის სოფელში ცხოვრობენ, ვერ ახერხებს გართობას.

„ბევრს ველოსიპედი, ბურთიც კი არ აქვს. ბათუმში როგორცაა გასაქირავებელი ველოსიპედი, აქაც ისე მოვაწყობდი. ველობილიკებს, წესიერ მოედანს, სავარჯიშოებს გავაკეთებდი. აქ ყველგან ქვები ყრია, უცებ ბავშვი რომ წაიქცეს, დაშავდება.

კალათბურთის, ფრენბურთის მოედანს გავაკეთებდი – [მოედანზე] ჯგუფი რომ შედის ფეხბურთის სათამაშოდ, ვისაც ფრენბურთის თამაში უნდა, ლოდინი უწევს“.

ლუკამ გვითხრა, რომ ლეკიძირში ბევრს ეშინია „საქონელს ნადირი არ შეხვდეს და სულ თან დაჰყვებიან პირუტყვს“ და ასე გადის დრო.

ლუკა კიდევ ერთ საკითხზე წუხს – მწვანე ტბის დაბინძურებაზე, რაც ბოლო წლებში ვიზიტორების რაოდენობის მატებას ახლავს თან. ტბა უკვე ძალიან დაბინძურებულიაო.

„მაღალმთიანში [აჭარაში] იმიტომ ამოდიან, რომ სუფთა ჰაერი ჩაყლაპონ და დაისვენონ ადამიანებმა. ასე თუ გაგრძელდა, აქ შეიძლება საერთოდ აღარ ამოვიდეს ხალხი. მე მწვანე ტბაზე ნაგვის ურნებს დავამატებდი, ნაგავი ყველგან რომ არ დაყარონ“.

ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იალაღებზე შუამთობას თვეობით ელიან – ამ დღეებში ენთება კოცონი, ისმის ხმამაღალი მუსიკა… მათ მთელი წლის განმავლობაში გასართობად მხოლოდ ეს რამდენიმე დღე აქვთ.

წელს შუამთობა 6-7 აგვისტოს გაიმართა.

ლუკა კოჩალიძე

ბათუმის აკვარიუმი – ტურისტული ობიექტი, რომელსაც ათწლეულებია არავინ არემონტებს

პლასტიკატის ფირფიტები ჭერში, რომელთა ნაწილიც დეფორმირებულია, ჰალოგენის ნათურების სუსტი განათება, ფარდები თოკებზე და გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილებით შემოსაზღვრული ძველი შუშის აკვარიუმები – დაახლოებით ასე გამოიყურება ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმის ინტერიერი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად მიიჩნევა.

ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წელს გაიხსნა. მას შემდეგ შენობაში არც აკვარიუმის ფორმის და არც ინტერიერის განახლების მხრივ, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. შენობა, რომელშიც ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმია განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აკვარიუმის განყოფილების უფროსის, ნაზიმ მგელაძის თქმით, შენობაში სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას სწორედ ეს ფაქტი აფერხებს.

„შენობა მოძველებულია, რა თქმა უნდა. ჭერში ადრე იყო ე.წ. დრანკა, ბათქაში ძალიან მოძველებული იყო, გამოსული იყო მწყობრიდან და დაახლოებით 2006 წელს მაქ პლასტიკატი აიკრა, უბრალო რემონტი, ასე რომ ვთქვათ. დიდი სამუშაოები არ ჩატარებულა ბოლო 25-30 წელია“, – განმარტავს ნაზიმ მგელაძე, აკვარიუმის განყოფილების უფროსი.

აკვარიუმის შესასვლელი

ასეთი ფორმის სადემონსტრაციო აკვარიუმები ახლა აღარ არსებობს მსოფლიოში, ძალიან მოძველებულია ფორმით. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს თევზები უკეთესი პირობებით წარმოგვედგინა, მაგრამ აკვარიუმის პროექტი მოძველებულია, პროექტი საჭიროებს განახლებას“, – ამბობს ნაზიმ მგელაძე.

თოკებით დამაგრებული ფარდები

თავდაპირველად აკვარიუმი „ზღვის თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების” ბაზაზე შეიქმნა. 2008 წლიდან ის ბათუმის ა(ა)იპ „6 მაისის პარკის“ დაქვემდებარებაში გადავიდა, 2011 წლიდან კი შს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ობიექტი გახდა. ორგანიზაციის მფლობელი ბათუმის მერიაა, შენობაც ბათუმის მერიის ბალანსზეა.

შენობას რომ რეაბილიტაცია სჭირდება, ამის შესახებ შენობაში განთავსებული სამსახურები, ქალაქის მერიაც და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც ინფორმირებულია. „შენობის მხატვრული იერ-სახე და ტექნიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. შენობა მოითხოვს რესტავრაცია/რეკონსტრუქციას“, – ეს დასკვნა დამცავი ზონების საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“, ჯერ კიდევ 2016 წელს მოამზადა, როცა მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები შეისწავლა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ქალაქის მერიამ 2019 წელს მიმართა [ქალაქის მერი ლაშა კომახიძე იყო], „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის” სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (აკვარიუმი) მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შემუშავების მიზნით. თუმცა ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ აქედან მალევე კოვიდპანდემია დაიწყო. ბიუჯეტი შემცირდა, რის გამოც პროცესი შეჩერდა და ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სააგენტოში განმარტავენ, რომ საკითხის გასაახლებლად ხელახალი მიმართვაა საჭირო, მას შემდეგ კი ახალი მიმართვა არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ ძეგლის რეაბილიტაციისთვის არაფერია გათვალისწინებული.

ბათუმის აკვარიუმი შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილისაგან. აკვარიუმის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ აკვარიუმის ტექნიკურ ნაწილს განახლება არ სჭირდება. „მოცულობებს დამონტაჟებული აქვთ ინდივიდუალური საფილტრაციო, სააირაციო დანადგარები, რომლებიც გათვალისწინებულია კონკრეტული სახეობის თევზებისთვის“.

აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა დაახლოებით 200 000 ლიტრია. აკვარიუმის ცნობით, წყალმომარაგების სისტემა აირაციისა (ჟანგბადით გამდიდრებისა) და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. „სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის შედეგად აკვარიუმებში იქმნება ჩაკეტილი სისტემა, მყარდება ბიოლოგიური ბალანსი. ბათუმის აკვარიუმში არსებული თევზების უმრავლესობა ადგილობრივად არის გამოყვანილი და გამრავლებული“.

ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა, ზღვის მელა, ცხენთევზა და სხვა. ეგზოტიკური სახეობებიდან აკვარიუმში შეხვდებით ამაზონის ბინადარ პირანიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თევზებს – ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და დისკუსები.

აკვარიუმის მოვლა-პატრონობის ხარჯი სეზონის მიხედვით მერყეობს. „კომუნალური ხარჯები ზაფხულობით ნაკლებია, გათბობა არ სჭირდება ტროპიკულ თევზებს, ზამთარში ხარჯი მეტია, საორიენტაციოდ დაახლოებით 5000 ლარი თვეში“, – ამბობს ნაზიმ მგელაძე.

მისივე თქმით, აკვარიუმი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია.

დაახლოებით ოთხი წლის წინ აკვარიუმის შენობის მახლობლად, გარე ოვალურ აუზებთან, საინკუბაციო ბაზა მოეწყო, დამხმარე ნაგებობების სახით, სადაც თევზებს ამრავლებენ. ბათუმის აკვარიუმი დამატებითი შემოსავლის სახით, გამოყვანილი თევზების რეალიზაციასაც ეწევა.

სახელდახელოდ დამზადებული აბრები თევზის სახეობის დასახელებით
დეფორმირებული პლასტიკატის ჭერი
აკვარიუმის ძგიდე ძველი წებოთი და ფილებით
ზოგიერთი შუშის სიძველის გამო დაბალია ხილვადობა

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობაში, რომელიც რუსთაველის №51-ში მდებარეობს, ასევე განთავსებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ცენტრი.

 

დღეს ბათუმში ტროტუარზე დგომისთვის 112 მძღოლი დაჯარიმდა

დღეს, 17 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 378 მძღოლი დაჯარიმეს. მათგან ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმდა 112 მძღოლი, 11 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის, 20 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 14 – ნიშანში დგომისთვის, 5 – ველობილიკზე პარკირებისთვის და 216 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი დღის განმავლობაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმას პარტნიორებთან შეთანხმება არ გვიკრძალავს – რეზნიკოვი

უკრაინამ აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე. არ არსებობს რაიმე პირობა პარტნიორებისგან, რომ უკრაინას არ შეუძლია ამ შეიარაღების გამოყენება ოკუპირებულ ყირიმში – განმარტავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, აქვს თუ არა უკრაინას ისეთი შეიარაღება, რომელსაც სამიზნეების განადგურება ყირიმშიც შეუძლია და არის თუ არა რაიმე შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ამგვარი თავდასხმების ლეგიტიმურობაზე.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ მათგან მიღებულ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, იმ ადგილებზე, სადაც ახლა მტერი იმყოფება, არა, ასეთი შეზღუდვა არ გვაქვს.

რაც შეეხება იარაღს, ნებისმიერ შეიარაღებას აქვს მოქმედების შესაბამისი მანძილი. იმის გათვალისწინებით, რა წერტილიდან, რა ადგილიდან ხდება ან იგეგმება დარტყმა, განვსაზღვრავთ, შეგვიძლია თუ არა მივწვდეთ ამა თუ იმ სამიზნეს,“ – ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.

ოკუპირებულ ყირიმში ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 9 აგვისტოს „საბრძოლო მასალების საწყობი“ აფეთქდა „საკის“ სამხედრო აეროდრომზე. სხვადასხვა წყაროს ცნობით, განადგურდა სულ მცირე 8 რუსული თვითმფრინავი.

აფეთქებები მოხდა 16 აგვისტოსაც, ჯანკოიში და გვარდეისკოეს სამხედრო ბაზაზე. ზიანის შესახებ რუსეთის თავდაცვას ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ ჯანკოიში დაზიანდა სარკინიგზო მონაკვეთი და ელექტროსადგური.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უწყებების შეფასებით, „ინციდენტებმა“ სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის საბრძოლო რესურსებს.

„თანამედროვე ომი, ეს რესურსების ომია. რესურსები კი, ბუნებრივია, იწურება ორივე მხარისთვის. შესაბამისად, თითოეულ მხარეს აღსადგენად დრო სჭირდება,“ – უთხრა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ ბიუროს.

რეზნიკოვის ცნობით, რუსეთის არმიამ, უკრაინაში გამოყენებული თავისი საბრძოლო პოტენციალის უკვე, სულ მცირე, მესამედი დაკარგა. კერძოდ, თავისი ელიტარული კორპუსის 30% – მედესანტეები, ქვეითები, სპეცრაზმელები, მათ შორის, ოფიცრები და სერჟანტები.

მინისტრის თქმით, განადგურებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა მოწმობს, რომ რუსეთმა უკრაინაში დაკარგა „სხვადასხვა კვალიფიკაციის ათასამდე პილოტი, საუკეთესო მფრინავები, რომლებსაც ღამით ფრენა და გარკვეული მანევრების შესრულება შეეძლოთ“.

„ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, სიტუაციის „გაციება“ შესაძლებელია, მაგრამ „გაყინვა“ იმის, რასაც ადამიანები „კონფლიქტს“ უწოდებენ – არა, რადგან ეს კონფლიქტი არ არის, ეს ომია. ომი გადარჩენისთვის და ჩვენ დავიცავთ თავს, რომ გადავრჩეთ,“ – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის გენშტაბის დღევანდელი ინფორმაციით, უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგი 44 100 სამხედრო, 1 886 ტანკი, 4 000-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 200-ზე მეტი თვითმფრინავი და ასობით საარტილერიო და საზენიტო სისტემაა.

მთავარი ფოტო: pravda.com.ua

ბათუმის მერია 4.9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ასხვისებს სამრეწველო ზონაში

ბათუმის მერია კახაბრის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიის საიჯარო წესით გასხვისებას გეგმავს. ნაკვეთი ოთხ საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი [49 651 კვ. მეტრი]. სავარაუდოდ მერია ოთხივე ნაკვეთს ერთ ლოტად გაასხვისებს, რადგან საკრებულოსთვის გადაგზავნილ დოკუმენტებში ოთხივე ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური ერთობლივად არის   განსაზღვრული და ჯამში 300 000 ლარია.

შესაძლოა, ეს ფასი აუქციონის პირობებში გაიზარდოს.

მონიშნულია გასასხვისებელი ფართობი

გასასხვისებელ ფართობთან ახლოს დიდ ტერიტორიას შპს „ალიანსი“ განკარგავს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ  გაფართოების ინტერესი სწორედ ამ კომპანიას ჰქონდეს.

ნაკვეთების აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა საკრებულოს თანხმობა 22 აგვისტოს სხდომაზე უნდა მიიღოს, განკარგულების პროექტი ამის თაობაზე საკრებულოს დღის წესრიგში ჩასვეს.

ჩინეთი სამხედროებს გაგზავნის რუსეთში „ვოსტოკის“ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად

ჩინეთის „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ ძალები გაემგზავრებიან რუსეთში და მონაწილეობას მიიღებენ საერთო სამხედრო წვრთნებში – „ვოსტოკ – 2022“. ინფორმაცია დღეს, 17 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებს რუსეთი უმასპინძლებს და მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთის, ბელორუსის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნებში მონაწილეობა ჩინეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილია და „არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ მდგომარეობასთან“.

როგორც გამოცემა „როიტერსი“ წერს, ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ვოსტოკი“ [აღმოსავლეთი], მოსკოვმა გასულ თვეში დააანონსა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე შუალედში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებენ უცხოური სამხედრო ძალებიც, თუმცა ქვეყნები დასახელებული არ ყოფილა.

რუსეთმა ბოლო მსგავსი სამხედრო წვრთნები 2018 წელს ჩაატარა და ჩინეთი პირველად მონაწილეობდა მასში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წვრთნების „მიზანია მონაწილე ქვეყნების ჯარებს შორის პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება, სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოების სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირების უნარის გაძლიერება“.

_________

მთავარი ფოტო: ჩინელი და რუსი საზღვაო საზღვაო ქვეითები. 2016 წელი, აგვისტო. ჩინეთის პროვინცია გუანგდონში რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები. ჩინეთის სამთავრობო მედია Xinhua

_________

ამავე თემაზე: 

რუსეთი ეძებს მხარდაჭერას, მაგრამ ჩინეთი პრაქტიკულ დონეზე ნეიტრალურია – კულება

Exit mobile version